ქრისტიანობა - ცხოვრებისეული გმირობაა, ჯვრის ტვირთვაა, ღვაწლია
არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) (წერილები)
უფლისმიერ ძვირფასო ტ!
ის, რომ ჯერ არ გაყრილხართ კანონიერ და უფლის მიერ კურთხეულ ქმარს, იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი ქრისტიანული სინდისი ცოცხალია და უფლებას არ გაძლევთ, ავადმყოფი მეუღლე სულიერად მოკლათ.
როცა მეუღლეთაგან ერთ-ერთი უკურნებელი სნეულებით ავადდება, მას ხომ დიდი მოვლა სჭირდება? კაცს სიკვდილამდე ხომ არ წავასვენებთ სასაფლაოზე? თქვენ ხომ ჯვარდაწერილები ხართ, ის კი, თქვენი ქმარი, ცდილობს, შეეწინააღმდეგოს სულიერ ავადმყოფობას. მისი მდგომარეობა მტრის შურისგებაა. თქვენ კი გაყრაზე ფიქრობთ. თუ თქვენგან მიტოვებული დაიღუპება, სიცოცხლის ბოლომდე ვერ პოვებთ სულის სიმშვიდეს.
ქრისტიანობა - ცხოვრებისეული გმირობაა, ჯვრის ტვირთვაა, ღვაწლია. დღეს ბევრ კაცს, სანამ თავზე უღრუბლო ცა დაჰყურებს, ქრისტიანობა მხოლოდ ენის წვერზე აკერია. მოთმინებით უნდა ილოცოთ და უფრო მეტი მოთმინებით იტვირთოთ სიმძიმილი მისი სნეულებისა. თქვენ ორნი ერთი სხეული ხართ. ავადმყოფობს ქმარი - იტანჯება ცოლი.
განგაბრძნოთ ღმერთმა და განგაძლიეროთ!
უფლის მიერ ძვირფასო ა!
ცხოვრებისეული გზის არჩევისას შენი გამბედაობა და სიმტკიცეა საჭირო. შენი გული ოჯახური ცხოვრებისკენ იხრება - მონაზვნობასავით, ესეც ღვაწლია, თუ უფრო რთული არა. ოჯახში ხომ არა მარტო საკუთარ თავზე ხარ პასუხისმგებელი, არამედ ცოლსა და შვილებზე. მაგრამ უნდა გადაწყვიტო. ღვაწლის გარეშე ვერ ვცხონდებით.
მეგობრად კი შენი გულის მიხედვით უნდა აირჩიო და კარგად უწყოდე, ცხოვრებისეული ღვაწლისთვის თუ როგორ თანაშემწეს ირჩევ. ხოლო თუ დაქორწინდები და ის წინ გადაგეღობება, მაშინ ეს დაქცევაა მღვდლისთვის.
ევედრე უფალს და სთხოვე, რომ ცხოვრებაში და ეკლესიის მსახურებისთვის შესაფერისი თანაშემწე გიბოძოს.
მეუფის კურთხევა კი უნდა შეასრულო. განგაბრძნოს ღმერთმა!
ძვირფასო რ!
აი, დგახართ პირველი სერიოზული გამოცდისა და არჩევანის წინაშე. უნდა შეამოწმოთ, რამდენად სერიოზულია თქვენი განზრახვა - ემსახურო ღმერთსა და ადამიანებს სამღვდელო ხარისხში. არჩევანის გაკეთება თქვენ თვითონ მოგიწევთ. მე ვალდებული ვარ, დაგიმოწმოთ, რომ ღმერთს უბიწო მსხვერპლი სჭირდება და მომავალი ღვთისმსახურის სარძლო ქალწული უნდა იყოს, ისევე როგორც ქალწული უნდა იყოს ისიც, ვინც სამღვდელო ხარისხს იღებს.
მრავალი კატასტროფა მინახავს, როცა არღვევენ მოქმედ საეკლესიო კანონებს. საბოლოოდ კი ასე მიღებული მღვდლობა ცხოვნებად კი არა, წარსაწყმედლად გექცევა.
ჰოდა, იფიქრეთ, აწონეთ ყველაფერი: ან მღვდლობით ღვთისმსახურება, ან ნ-ზე დაქორწინება. მაშინ კი მღვდლად კურთხევის ხსენებასაც ვერ შეძლებ.
ძვირფასო მამაო ა!
მივიღე თქვენი სასოწარკვეთილი წერილი და დამამწუხრა იმან, თუ ვინ მოგცათ ლოცვა-კურთხევა მღვდლად კურთხევისა. კანონიკურ წინააღმდეგობებს, რომლითაც შეკრული ხართ, ადამიანური გადაწყვეტილებით ვერ გახსნით. ამიტომაც იტანჯებით. თქვენი დაზიანებული ნება კი ვერ მიეჩვია, ყური უგდოს გონების ძახილს ან გულის ტკივილს. ღვთის შიშს - ამ საგანძურს დღეს ასე ადვილად ვერ მოძებნი, რამეთუ რწმენა უფრო გონებაში აქვთ, ვიდრე გულში.
ვწუხვარ თქვენზე. ეს არის ჩემი ლოცვა და მეტის გაკეთება არ ძალმიძს. თუ სიმტკიცეს არ გამოიჩენთ, რომ ცოდვას სიკვდილამდე შეეწინააღმდეგოთ, გაუმჯობესებას ძნელად უნდა ველოდოთ. პირველ რიგში არა მარტო ალკოჰოლური უგუნურების წინააღმდეგ უნდა იბრძოლოთ, არამედ ყველაფრის მიმართ, რაც მისკენ გიბიძგებთ - თავი უნდა ანებოთ ყოველგვარ ვიდეოს და სხვა გასართობს. ეს თვითონაც კარგად გესმის და ამ ცოდნას საქმისკენ სწრაფვაც უნდა შეუერთოთ.
ეშმაკის შეპყრობა მაშინ შეგემთხვათ, როცა როკ-მუსიკით იყავით გატაცებული. ახლა რა უნდა ქნათ? თუ ძალას ვერ პოულობთ, წინ აღუდგეთ მტრის ძალადობას, დროებით მაინც თავი ანებეთ წმინდა ტრაპეზის წინ მსახურებას. ხელი მოჰკიდეთ მშენებლობას, მიეხმარეთ ეკლესიას, ოღონდ ტრაპეზს მოშორდით, თორემ მტერი როგორც ამ ცხოვრებაში, ისე მარადისობისთვის დაგღუპავს. თავი შეიცოდეთ. ზეთი იცხეთ, დაუჯერეთ ღმერთს, რომ რეალურად იგრძნოთ მისი შეწევნა. ჩვენ კი თქვენთვის ყოველთვის ვილოცებთ.
თქვენი ცხოვრების ეს საშინელი მაგალითი კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ კანონების ფეხქვეშ გათელვა არ შეიძლება. მაშინ ადამიანი დაიღუპება. ჯერ სულიერად უნდა განცხოველდეთ და გაძლიერდეთ, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაუბრუნდეთ ღვთის მსახურებას.
გემშვიდობებით გულწრფელი სიყვარულით და თქვენი ცხოვნებისთვის მზრუნველი.
უფლის მიერ ძვირფასო ა!
შეუძლებელია ჩემთვის თქვენი თხოვნის შესრულება. არ ვიცნობ მოძღვარს, რომელიც დააკმაყოფილებდა თქვენს სურვილს. სამღვდელო ხარისხის მიღებასთან დაკავშირებით თქვენ და თქვენმა მეუღლემ თვითონვე უპასუხეთ ამ კითხვას: ამისთვის არც შინაგანი წინაპირობა გაქვთ და არც გარეგნული, არც სურვილია მოწამეობისა, რამეთუ ნამდვილი მღვდლობა მოწამეობაა.
დამშვიდდით, თქვენი სახლის ეკლესია, ოჯახი - თქვენგან ბევრ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს. ასე რომ, იზრუნეთ ოჯახზე.
მონა ღვთისა ს!
შეიძლება თუ არა მღვდლად კურთხევა, ამ შეკითხვას ჩვეულებისამებრ პასუხი აღსარების ჟამს გაეცემა ხოლმე. არადა ხომ არსებობს ისეთი ცოდვები, რომლებიც მის ჩამდენს სამუდამოდ გადაეღობება ტრაპეზის წინ ღვთისმსახურებაში. მე თქვენ არ გიცნობთ, ამიტომ ასეთი მნიშვენელოვანი საკითხის გადაჭრა არ შემიძლია. მაგრამ ვიცი ზოგიერთი მღვდელი, რომლებმაც ქიროტონიის წინ თავიანთი საიდუმლო მღვდელმთავარს არ გაუმხილეს, ეკურთხნენ მღვდლად. მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივდნენ და მიხვდნენ, რომ ღვთისმსახურება აღარ შეუძლიათ. ამიტომ ეს საკითხი თქვენს მოძღვართან გადაწყვიტეთ, მაგრამ მანამდე საკუთარ სინდისს დაეკითხეთ.
უფლის მიერ ძვირფასო ო!
პირდაპირ გეტყვით - ხელდასხმაზე ფიქრი სამუდამოდ ამოიგდეთ თავიდან, თუნდაც შეეცადონ ამგვარი წინადადებით თქვენს მოხიბვლას. გამოცდილება აჩვენებს, რომ როკ-მუსიკიდან მოსულებს წმინდა ტრაპეზის წინ საცხოვნებლად მსახურება არ შეუძლიათ. უამრავ წერილს ვიღებ ამგვარ საცოდავ ადამიანთაგან, მაგრამ ისინი შეწევნას მხოლოდ მაშინ იღებენ, როცა მღვდლობაზე უარს ამბობენ. ზოგიერთს საერთოდ არ ძალუძს წმინდა ტრაპეზის წინ დგომა, ზოგი ისეთი უსჯულოების უფსკრულში ეშვება, რომელსაც მღვდლობამდე არ აკეთებდა. ასე რომ, ეს გაითვალისწინე.
ცოლთან ერთად ისედაც მძიმე ჯვრის ტვირთვა გიწევთ, იცხოვრეთ ასე, ჯერჯერობით ნურაფერს შეცვლით მასში. ქალიშვილი ხომ ხელით უნდა ატაროთ. განგაძლიეროთ უფალმა საკუთარი მაცხოვნებელი ჯვრის ტვირთვაში.
უფლის მიერ ძვირფასო ვ!
ცხოვრება - ხელოვნებაა. ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის საერთო რეცეპტი არ გამოიწერება. ერთია მხოლოდ უეჭველი - აღთქმები უნდა შეასრულოთ. თქვენ, რომელსაც მიგიყვანიათ მეუღლე უფლის საკურთხეველთან, ღვთის წინაშე დაჰპირებიხართ სიყვარულს, ერთგულებას და მორჩილებას, ახლა არღვევთ მოვალეობებს. არადა, მოთმინებით უნდა უცადოთ, მეუღლესაც გაუჩნდეს რელიგიური გააზრების საწყისი და სანამ მასში ეს არ არის, უნდა დაუთმოთ. როცა დაქორწინდით, ერთნაირად შეხვდით მომავალ ცხოვრებას, ახლაც მეტისმეტად წინ ნუ გაიქცევით.
ისწავლეთ, როგორ შეინარჩუნოთ ოჯახი. სიყვარულით, თანაგრძნობით და გაგებით დაბრუნდით ქმრის მორჩილების ქვეშ.
უფლის მიერ ძვირფასო მ!
ბევრი რამე დაგითმენიათ და საჭირო იყო თქვენი ჯვარი მოთმინებით გეტარებინათ. წაიკითხეთ კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე, მეშვიდე თავი.
თუ დატოვებთ საკუთარ ვაჟს, ჯერ კიდევ ფეხზე რომ ვერ დამდგარა, თქვენი, როგორც დედის გული, სიმშვიდეს ვერ პოვებს და ვერც ერთი მონასტერი ნუგეშს ვერ მისცემს. ვაჟზე ფიქრში განლევთ ცხოვრებას. თანაც ჯვარი დაწერილი გაქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ნათლობისას აღებული აღთქმების გარდა, სხვა აღთქმაც დადეთ.
როცა ურწმუნო არღვევს აღთქმას, ეს ნახევარი უბედურებაა, მორწმუნეთათვის კი საშინელებაა ფიცის დარღვევა. ნუთუ ფიქრობთ, რომ უფალი ვერ ხედავს და არ იცის თქვენი ოჯახური ცხოვრების შეჭირვებები?
ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის, მაგრამ ჯვრიდან თქვენს ჩამოხსნას არ ჩქარობს. თქვენც დაითმინეთ, მეუღლისთვის კი გულითადად ილოცეთ, ის ხომ თავისით არ არის ღვთისმგმობელი. მას ბოროტი სტანჯავს. სხვას ვერაფერს გეტყვით.
გაიხსენეთ, რომ თქვენც ურწმუნოების მერე მიიღეთ რწმენის ნიჭი. რწმენა კი ღვთის საჩუქარია, ღვთის წყალობაა. იღვაწეთ მეუღლისთვის, შეიწყალეთ იგი, თქვენ ხომ ორნი ერთ ხორც ხართ.
ძვირფასო მ!
არ ვიცი, ჩემგან პასუხად რისი მოსმენა გნებავთ. მხოლოდ ერთი შემიძლია დავამოწმო: არც თქვენ და არც თქვენი ცოლი არ ფიქრობთ მომავალზე, იმაზე, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, წინ კი მარადისობაა.
თქვენ და მას ურთიერთობა გქონდათ სხვებთანაც, ამას კი მშვიდად მეუბნებით, უშფოთველად და უსინანულოდ. მე კი გეტყოდით, დროა, გამოიღვიძოთ ცოდვის ძილიდან, დროა, ჩაუფიქრდეთ საკუთარ თავს. თუ ცოლი ოჯახის აღდგენას აღარ ფიქრობს, გაეყარეთ. წინ ნუ აღუდგებით და საეკლესიო ქორწინება მღვდელმთავართან გააუქმეთ.
მხოლოდ მაშინ, როცა თავისუფალი იქნებით, შეგიძლიათ იფიქროთ ახალი ოჯახის შექმნაზე, მაგრამ სანამ არ გაყრილხართ, ნუ დაიღუპავთ სიცოცხლეს სასიკვდინე ლოცვებით. წმინდა მამათა კანონების მიხედვით, ის, ვინც ინიციატორია ოჯახის დანგრევისა, მარტო უნდა დარჩეს, ხოლო ვინც განაწყენებულია მეუღლისგან, მას ხელახლა შეუძლია შექმნას ოჯახი.
ქალიშვილისთვის ილოცეთ. ის ისეთ სკოლაში მიაბარეთ სასწავლებლად, არავის რომ არ ვუსურვებ. მას ამის მერე ცხოვნების გზაზე დადგომა გაუჭირდება, ან შეძლებს კია ამას?
ძვირფასო ნ!
ოცი წელი იცხოვრეთ ქმართან ერთად. ამ პერიოდში გქონდათ სიხარულიც და მწუხარებაც. ახლა კი მწუხარების ხანა დაგიდგათ. მაშ, როგორ ფიქრობთ მათგან გაქცევას, თუ ჯვრისწერისას მეუღლეები ბოლომდე სვამენ ფიალას ცხოვრებისეული სიხარულისა და მწუხარებისას? შეიძლება ასე ფიქრი, როგორც თქვენ იქცევით?
ქირურგიული ოპერაცია მძიმე ავადმყოფობათა მკურნალობის ბოლო საშუალებაა. თქვენ კი ჯერაც არ გიზრუნიათ, თქვენს გატანჯულ ქმარს დახმარებოდით - მისთვის უნდა ილოცოთ, უნდა შეევედროთ ღმერთს და მის წმინდანებს. წაიკითხეთ ღვთისმშობლის აკათისტო "შეუსმელი ბარძიმი", ევედრეთ წმინდა მოწამე ბონიფანტეს და მოთმინებით ატარეთ თქვენი ჯვარი. რაც მთავარია, თქვენს გულისზრახვებს გადახედეთ. ცოლ-ქმარი ერთ ხორცია. თუ იტანჯება ერთი - აუცლებლად სტკივა მეორესაც, ხოლო ვინც ღმერთმა შეაერთა, კაცი ნუ განაშორებს.
"მოთმინებითა თქვენითა აცხოვნეთ სულნი თქვენნი". რომ გაექცე ჯვარს, ადვილია, მაგრამ მაშინ კაცის ცხონება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
ძვირფასო ტ!
ცოდვებს, რომელთაც ჩვენ მოვინანიებთ ღვთის გულმოწყალებით, უფალი გვპატიობს. ღვთის ტრაპეზის მსახურებს კი უფალი განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს: პირველი - სანამ სასურველ ადამიანზე დაქორწინდება, ქალწული უნდა იყოს. ასევე ის, ვინც მომავალში მღვდლის ცოლი გახდება, ქალწული უნდა იყოს, მათ არ უნდა ედოთ სულზე ტვირთად სასიკვდინე ცოდვა, თუნდაც უკვე მონანიებული ჰქონდეთ.