წმინდა ნიკოლოზ სერბი - წერილები
ამონარიდები ოქრიდული პროლოგიდან
სანამ მიწაზე ხარ, თავი სტუმრად ჩათვალე ქრისტე ბატონის სახლში. თუკი ტრაპეზობ, იგი გიმასპინძლდება. თუკი ჰაერს სუნთქავ - მისსავე ჰაერს ყლაპავ.
თუკი ბანაობ - მის წყალში ბანაობ. თუკი მოგზაურობ - მის მიწაზე მოგზაურობ. თუკი ქონებას აგროვებ, ეს მის სიმდირეს იუნჯებ, ხოლო თუ ფლანგავ - იმას ფლანგავ, რაც მას ეკუთვნის. თუ ძლიერი ხარ - იგი გაძლევს ნებას - ძალას ფლობდე. თუ კაცთა საზოგადოებაში იმყოფები - შენნაირ სტუმრებს შორის ხარ, თუკი ბუნებაში გაისეირნე - მის ბაღში შეხვედი. თუ განმარტოვდი - ის შენს გვერდით იმყოფება. სადაც არ უნდა წახვიდე - ის ყველგან გხედავს. რაც არ უნდა გააკეთო - მას იგი ახსოვს. ის ყველაზე ყურადღებიანი მასპინძელია, თუკი ოდესმე ვინმეს სტუმრებიხარ. იყავ პატივისმცემელი მისი. კეთილ მასპინძელს სტუმარიც კეთილი უნდა ჰყავდეს. ეს უბრალო სიტყვებია, მაგრამ უდიდეს ჭეშმარიტებას გაუწყებენ. წმინდანებმა იცოდნენ ეს ჭეშმარიტება და ამის მიხედვით მართავდნენ თავიანთ ცხოვრებას. ამიტომაც დააჯილდოვა უკვდავმა პატრონმა ზეცაში საუკუნო ცხოვრებით, მიწაზე კი სახლითა და დიდებით. ერთხელ მონაზვნებმა დიდ ამბას, ისქირიონს ჰკითხეს:
- რას ვაკეთებდით?
- ღვთის მცნებებს აღვასრულებდით, - უპასუხა ისქირიონმა.
- ვინც შემდგომ იქნება, ისინი რაღას გააკეთებენ?
- იმასვე, რასაც ჩვენ, ოღონდ ნახევრით ნაკლებს.
- ვინც მათ შემდეგ მოვა?
- იმ ჟამს, ქვეყნის აღსასრულისას, მონაზვნურად აღარ იმოსაგრევებენ, მათზე მოიწევა სულიერი თავდასხმები და დიდი განსაცდელები, რომ დაითმინონ ყველა ეს მწუხარება, უბედურების დათმენის შემდეგ სასუფეველში შევიდნენ და მაშინ ჩვენს მამებზე მაღლა გამოჩნდებიან, - ბრძანა წმინდა ბერმა.
წმინდა სოფიის ტაძრის ერთ-ერთ ფილაზე ამოკვეთილია: "არა მარტო პირი შენი, ცოდვებიც განბანე". ყველა, ვინც ამ სახელგანთქმულ ტაძარში შედიოდა, კითხულობდა ამ სიტყვებს და იხსენებდა, რომ ქრისტიანული სარწმუნოება მისგან მოითხოვს ზნეობრივ სიწმინდეს, სიწმინდეს სულისა, გულისა და გონებისა. უფალი ბრძანებს: ნეტარ არიან წმინდანი გულითა. გარეგნული სიწმინდე ვერაფრით ეხმარება კაცს ზეციური სასუფევლის დამკვიდრებაში. ჰოი, რა იქნებოდა, ჩვენ იმდენს რომ ვშრომობდეთ ცოდვათაგან განსაწმენდად, რამდენსაც პირის დაბანას ვახმართ ყოველდღიურად! მაშინ ჩვენს გულში, როგორც სარკეში, ღმერთს ვიხილავდით.
"ჩვენ ვჭვრეტთ არა ხილულს, არამედ უხილავს" (2 კორ. 4,18).
ჩვენ ვხედავთ ამ მატერიალურ და წარმავალ სამყაროს და სხვა ქვეყანასაც - სულიერსა და უკვდავს.
ვხედავთ მიწიერ სიხარულს, რომელსაც კაცს არცთუ იშვიათად ტირილი და ამოოხვრანი აწყვეტინებს და, ბოლოს და ბოლოს, ყოველივე მთავრდება, მაგრამ ასევე ვუცქერთ ზეცაში ანგელოზთა და ღვთის წმინდანთა შორის დაუსრულებელსა და საუკუნო სულიერ სიხარულს.
ვხედავთ მიწაზე, ამ ცხოვრებაში, მართალთა ტანჯვას და მარცხს, ასევე ვჭვრეტთ მათ დიდებას და ზეიმს სხვა ქვეყანაში.
ვხედავთ ამ ცხოვრებაში ცოდვილთა შესაშურ წარმატებებს, დიდებას და პატივს, მაგრამ ასევე ვუცქერით მათ დამარცხებას, განკითხვასა და გამოუთქმელ საუკუნო ტანჯვას.
ვუცქერთ ღვთის ეკლესიას, ხშირად ამ სოფელში დამდაბლებულსა და დევნილს, მაგრამ ვხედავთ ასევე მის საბოლოო გამარჯვებას ყველა მოწინააღმდეგესა და ხილულ თუ უხილავ სუპოსტაზებზე.
ხშირად ვხედავთ, ძმანო, რომ ამ სოფელში სიმდიდრით ხშირად ბატონობენ მოძალადენი და მძარცველნი, მაშინ როცა აქვე მყოფი წმინდანები დამცირებულნი, ღატაკნი და მივიწყებულნი არიან, მაგრამ ვჭვრეტთ ასევე სხვა სამეფოს, რომელშიც იმეფებენ მხოლოდ ეს წმინდანები და არა მძარცველნი და მოძალადენი: სასუფეველი ღვთისა საუკუნოდ უცოდველია და უკვდავია.
ჰოი, უფალო მრავლისდამთმენო და მრავალმოწყალეო, აგვიხილე სულიერი თვალნი: რათა იხილონ მათ, თუ რა გველოდება ამ მცირეჟამის ცხოვრების მერე, რათა ვიღვაწოთ, რომ შენი სჯული აღვასრულოთ. დიდება და ქება შენ, უკუნისამდე, ამინ.
"ყოველი თმის ღერი დათვლილია თავზე" (მათე 10,30).
ყოველი თმის ღერი დათვლილია თქვენს თავზე, ძმანო, მით უმეტეს - თქვენი ცხოვრების დღენი. ასე რომ, ნუ გეშინიათ, რომ განსაზღვრულ დრომდე მოკვდებით და ნუ დაიმედდებით, რომ მისი ნების გარეშე, ვინც აღრიცხავს და ზომავს, გაიგრძელებთ სიცოცხლეს თუნდაც ერთი დღით. შეგრძნება ამისა სიმდაბლესა და ღვთის შიშს გასწავლით.
ყოველი თმის ღერი დათვლილია თქვენს თავზე და მით უმეტეს აღრიცხულია მიწაზე თქვენი განცდილი სატანჯველი! ასე რომ, ნუ გეშინიათ ზომაზე მეტი ტანჯვისა. უფრო ნაკლებად გეშინოდეთ იმისა, თითქოს თქვენს მწუხარებას დაივიწყებს და არად მიიჩნევს ის, ვინც ყველაფერს ხედავს. ყოველივე ამის შეცნობა გასწავლით მოთმინებასა და რწმენას თქვენი შემოქმედისა.
ყოველი თმის ღერი დათვლილია თქვენს თავზე და მით უმეტეს აღრიცხულია თქვენი ყოველი მეგობარი თუ მტერი დედამიწაზე! ამიტომაც ნუ შეგეშინდებათ ბევრი მეგობრის თუ მტრის ყოლისა: ნუ წუხხართ იმაზე, რომ მტერი დაგამარცხებთ, გეიმედებოდეთ, რომ მეგობრები დაგიცავენ. ეცადეთ, რომ მხოლოდ ღმერთი გყავდეთ მეგობრად და აღარაფრის გეშინოდეთ, იგი ერთადერთი თქვენი მეგობარია, რომელსაც მუდამ ძლიერ უყვარხართ.
ჰოი, უფალო სახიერო, ბრძნულად განმსჯელო, ყოველივესთვის რიცხვის, ზომის და დროის მიმცემო, განაგდე ჩვენგან ყველანაირი შიში, გარნა შენდამი მოშიშებისა, რამეთუ ამ შიშის მიერ შენდამი, ჩვენი შემოქმედისა და კეთილისმყოფელის მიმართ, უბიწო და წმინდა სიყვარულში შემოვიდეთ.