წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
თავი VIII
(გაგრძელება)
თავი VIII
(გაგრძელება)
გრიგოლი - მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ წმინდა ანასტასი გარდაიცვალა. მერე კი სხვებიც მიჰყვნენ იმ რიგის მიხედვით, როგორც მათ უხილავმა ხმამ მოუწოდა. იმ ძმამ, რომლის სახელიც მოძახურმა გარკვეული დუმილის შემდეგ წარმოთქვა, სხვებზე რამდენიმე დღით მეტი იცოცხლა. აქედან აშკარად ჩანს, დუმილი უხილავი ხმისა რამდენიმე დღის სიცოცხლეს ნიშნავდა. ამასთან, კიდევ ერთი სასწაულიც მოხდა: სიკვდილის წინ წმინდა ანასტასის წინაშე დაემხო გულმოკლული ერთ-ერთი მონასტრის ძმა და ცრემლით ევედრა: "გაფიცებ შენს ღმერთს, რომელთანაც წარხვალ, ნუ დაუშვებ, რომ შენს მერე შვიდ დღეზე მეტი დავრჩე ამ ქვეყანაზეო". მართლაც ასე მოხდა, თუმცა კი მისთვის სხვებსავით არ მოუწოდებია იმ ღამეს უხილავ ხმას. ესეც აშკარაა, რომ მხოლოდ წმინდა ანასტასის ლოცვით მიეცა მას ასეთი აღსასრული.
პეტრე - მამაო, აქედან ხომ არ შეიძლება დავასკვნათ, რომ ღვთის დიდ წმინდანებს თავიანთი ლოცვით ზოგჯერ შეუძლიათ მიიღონ ისიც კი, რაც ღვთისგან არ არის წინასწარ განზრახული?
გრიგოლი - არა, ის, რაც ღვთისაგან არ არის წინასწარ განზრახული, მისი მიღება მათ არ შეუძლიათ; რასაც თავიანთი ლოცვით იღებენ, ისიც წინასწარგანზრახულია, ანუ მათი ლოცვით უნდა აღსრულდეს. თვით ზეციური სასუფევლის მემკვიდრეობაც წინასწარგანზრახულია ყოვლადძლიერი ღმერთისგან - რჩეულნი მიიღებენ მას ღვაწლის გამო.
პეტრე - გთხოვ, მამაო, ამიხსენით, როგორ შეიძლება შეეწიოს ეს ლოცვა წინასწარგანზრახულობას?
გრიგოლი - უეჭველად იცი, რა უთხრა ერთხელ ღმერთმა აბრაამს: "რამეთუ ისააკისგან გეწოდოს შენ ნათესავად (ბიბლიის სხვა ქართულ რედაქციაში - თესლი)" (შესაქმ. 21,12), სხვა დროს კი უთხრა: "მამაო, მრავალთა ნათესავთა დაგადგინე (თესლთა დაგდევ) შენ" (შესაქმ. 17,5), სხვა დროს მიეცა შემდეგი აღთქმა: "კურთხევით გაკურთხო შენ, განმრავლებით განვამრავლო ნათესავი (თესლი) შენი, ვითარცა ვარსკვლავნი ცისანი და ვითარცა ქვიშა ზღვისკიდისაი" (შესაქმ. 22,17). ეს აღთქმა აშკარად გვიჩვენებს, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა, ისააკის მიერ გაემრავლებინა თესლი აბრაამისა, ამ დროს კი რას ვკითხულობთ სხვა ადგილას: "ევედრებოდა ისაკ რებეკასთვის ცოლისა თვისისა, რამეთუ ბერწ იყო, და შეისმინა მისი ღმერთმან და მუცლად იღო რებეკა ცოლმან მისმან" (შესაქმ. 25,21). თუ წინასწარ იყო განზრახული, რომ აბრაამის მოდგმა ისააკის მიერ უნდა გამრავლებულიყო, მაშინ მისი ცოლი რატომ იყო ბერწი? ეს იმას გვიჩვენებს, რომ წინასწარ განზრახულობა ლოცვით აღესრულება, რამეთუ მას, ვისზეც წინასწარ იყო განზრახული, რომ აბრაამის თესლი უნდა გაემრავლებინა, მას მხოლოდ ლოცვით ეყოლა შვილები.
პეტრე - მამაო, საიდუმლო გამიმხილეს შენმა სიტყვებმა, და ახლა არანაირი ეჭვი აღარ მაშფოთებს.
გრიგოლი - ხომ არ გინდა, მოგითხრო ტუსციაში მცხოვრებ წმინდა მამებზე, რათა შენთვის ცნობილი გახდეს, თუ როგორი მოღვაწენი ცხოვრობდნენ იქ და რარიგად მიუახლოვდნენ ისინი ღმერთს?
პეტრე - გულითადად გთხოვ, ესეც მიამბო, მამაო.
თავი IX. ბონიფაციუსზე, თერენტეს ეპისკოპოსზე
გრიგოლი - ქალაქ თერენტეში ეპისკოპოსი გახლდათ ვინმე ბონიფაციუსი, კაცი პატიოსანი, სათნო, თავისი ცხოვრებით განმამშვენებელი ეპისკოპოსის კათედრისა. მის სასწაულებზე მომითხრობდა მისი ხელმძღვანელობით აღზრდილი პრესვიტერი გავდენციუსი. თერენტეს ეკლესიას იმ დროს უკიდურესად უჭირდა (სიღარიბე კეთილ ადამიანებში ჩვეულებრივ სიმდაბლის მცველია), თავს მხოლოდ ერთი ვენახით ირჩენდნენ. ერთხელ სეტყვამ გაანადგურა ვენახი. სეტყვის მერე ეპისკოპოსი ბაღში შევიდა, ხელები ზეაღაპყრო და ყოვლისშემძლე ღმერთს გულითადი მადლობა შესწირა იმისთვის, რომ სწორედ ამ სიღარიბის ჟამს განსაცდელით მოინახულა. როცა გადარჩენილი მტევნების მწიფობის ჟამი მოახლოვდა, ეპისკოპოსმა ჩვეულებისამებრ ბრძანა, ვენახისთვის დარაჯი დაედგინათ და დაავალა მას, რაც შეიძლება ყურადღებით ედარაჯა მიბარებულისთვის. მერე კი თავის შვილიშვილს, დეკანოზ კონსტანტინეს უბრძანა, ღვინისთვის მოემზადებინათ ჭურჭელი. კასრებში სათანადოდ გამოევლოთ ფისი. შვილიშვილი განცვიფრდა, როცა ასეთი ბრძანება მოისმინა: რისთვის ბრძანა ეპისკოპოსმა ყველა ჭურჭლის მომზადება, როცა ღვინო შეიძლება საერთოდ ვერ დავწუროთო. თუმცა, პაპისთვის არაფერი უკითხავს, არამედ ყველაფერი გულმოდგინედ აღასრულა. ჭურჭლის მომზადების შემდგომ ღვთის კაცი წავიდა ვენახში, დაკრიფა შერჩენილი მტევნები, ჩაყარა საწნახელში. უბრძანა ყველას, ვენახს გაშორებოდნენ, თვითონ კი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად დარჩა. ყრმები საწნახელში ჩაუშვა და ყურძნის ჭყლეტა დააწყებინა. მაჭარი ცოტა იყო. მღვდელმთავარმა მოაგროვა მომცრო ჭურჭელში და ლოცვა-კურთხევით გადაანაწილა მომზადებულ კასრებში, შემდეგ დეკანოზს გლახაკები მოაყვანინა. საწნახელში იმდენი მაჭარი აღმოჩნდა, რომ გლახაკების ჭურჭლები აივსო. წმინდანმა დაკეტა მარანი, კარი თავისი ბეჭდით დაბეჭდა და შინ დაბრუნდა. მესამე დღეს უხმო დეკანოზ კონსტანტინეს, აღავლინეს ლოცვა, გახსნეს მარანი. ყველა ჭურჭელი, რომელშიც ადრე რამდენიმე წვეთი მაჭარი ესხა, მაჭრით ისე გაპიპინებულიყო, საცაა, იატაკზე გადმოვიდოდა. შემდეგ მკაცრად გააფრთხილა დეკანოზი, ჩემს სიცოცხლეში არავის უთხრა ამ სასწაულზეო. წმინდანს ეშინოდა, რომ მის მიერ მოხდენილი სასწაულის გამო კაცთა წინაშე ამსოფლიურ განდიდებას არ ევნო მისივე სულისთვის. ასე მიჰბაძა მან მაგალითს მოძღვრისა, რომელიც თავისი ქცევით მოგვიწოდებდა სიმდაბლისკენ, ამცნევდა მოწაფეებს, არავისთვის ეთქვათ მის მიერ მოხდენილ სასწაულებზე: "ვიდრემდის ძე კაცისაი მკვდრეთით აღდგეს" (მათე 17,9).პეტრე - რადგან ხელსაყრელი შემთხვევა მომეცა, შეგეკითხები, მამაო, მაცხოვარმა ჩვენმა, როცა ორ ბრმას თვალი აუხილა, რატომ აუკრძალა, ამის შესახებ ვინმესთვის რამე ეთქვათ, მათ კი "მიმოდადვეს იგი ყოველსა მას ქვეყანასა" (მათ. 9,27-31)? ნუთუ მხოლოდშობილ ძეს თანასაუკუნოს მამასთან და სულიწმინდასთან ერთად, არ უნდოდა ის, რაც არ შეიძლებოდა, არ აღსრულებულიყო, ანუ არაფერი ეთქვათ იმ სასწაულზე, რომელსაც ვერანაირად დამალავდი?
გრიგოლი - ყოველივე იმით, რასაც მაცხოვარი მოკვდავ სხეულში აღასრულებდა, მაგალითს გვაძლევს, რათა ჩვენი ძალისაებრ გავყვეთ მის ნაბიჯებს და დაუბრკოლებლად განვვლოთ ძნელი გზა ახლანდელი ცხოვრებისა. მან სასწაული აღასრულა, მაგრამ მისი გამჟღავნება აკრძალა, თუმცა ეს შეუძლებელი იყო. ამით სურდა ეჩვენებინა, რომ ღვთის რჩეულებს, თუ უნდათ გაჰყვნენ მის მოძღვრებასა და მაგალითს, დიდებული საქმის აღსრულების შემდეგ სულით და გულით უნდა სურდეთ, რომ ეს საქმე უცნობი დარჩეს სხვათათვის - ეს ნიშანია ღრმა სიმდაბლისა. ამ საქმის ვერდამალვას დიდი სიკეთე მოაქვს სხვათათვის. ამიტომაც უფალს შეუძლებლის აღსრულება კი არ სურდა, არამედ ჩვენს დასამოძღვრად უნდოდა, თავისი მაგალითით ეჩვენებინა, თუ რა უნდა სურდეს მისი (საიდუმლო) სხეულის ნაწილებს (ასოებს) და რა შეიძლება მოხდეს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ.
პეტრე - მამაო, სრულიად დამაკმაყოფილა შენმა პასუხმა.
გრიგოლი - ახლა წმინდა ბონიფაციუსის მიერ მოხდენილ რამდენიმე სასწაულზე მოვყვები.
მოახლოებული იყო წმინდა მოწამე პროკლეს ხსენების დღე. ამ დროს თერენტეში ცხოვრობდა ვინმე ფორტუნატი, კაცი სახელგანთქმული. მან მოწიწებით სთხოვა ეპისკოპოსს, რომ წმინდა მოწამისადმი პატივად აღვლენილი საზეიმო ღვთისმსახურების შემდეგ სტუმრებოდა და ეკურთხებინა მისი სახლი. ღვთის კაცმა ვერ შეძლო უარი ეთქვა სათხოვარზე. საზეიმო ღვთისმსახურების შემდეგ, სწორედ მაშინ მივიდა ფორტუნატის სახლში, როცა უკვე ტრაპეზი გაეშალათ. სანამ ეპისკოპოსი ჩვეულებისამებრ სუფრას აკურთხებდა, კარში გამოჩნდა ვიღაც კაცი, მუსიკალური ინსტრუმენტებით ხელში და დაკვრა დაიწყო (რადგან ზოგიერთს ჩვევად აქვს, მუსიკის ჰანგების თანხლებით იტრაპეზოს). უკმაყოფილოდ უსმენდა ეპისკოპოსი ამ მუსიკას და თქვა: "ეჰ, კვდება, კვდება ეს საცოდავი! ამ სასიამოვნო ტრაპეზზე მოვედი და ვერც მოვასწარი ბაგე ღვთის სადიდებლად აღმეძრა, რომ დაკვრა დაიწყოო". მერე კი დაუმატა: "წადით და სიყვარულით შესთავაზეთ საჭმელი და სასმელი, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს მკვდარია". მართლაც, როცა ამ უბედურ ადამიანს სახლიდან პური და ღვინო გაუტანეს, სახლის სახურავიდან ჩამოვარდა დიდი ქვა და დაეცა. ცოცხალმკვდარი წაიყვანეს თავის სახლში. მეორე დღეს წმინდანის წინასწარმეტყველება ასრულდა. განსაჯე, ჩემო საყვარელო პეტრე, როგორ კეთილმოკრძალებულ შიშს უნდა ვგრძნობდეთ იმ წმინდა კაცების მიმართ, რომელთა ზედა ცხადად განისვენებს ღმერთი და როცა რაღაცაზე რისხვით აღიძვრება ეს წმინდანი, ვის უნდა მივაკუთვნოთ ეს რისხვა, თუ არა იმას, ვინც უხვად განისვენებს ამ წმინდანის სულში. ამიტომ უნდა გვეშინოდეს, რომ მართალ კაცში რისხვა არ აღვძრათ, მით უმეტეს, თუ მის გულში ბინადრობს ღმერთი.
ერთხელ დეკანოზმა კონსტანტინემ თავისი ცხენი თორმეტ ოქროდ გაყიდა, ჩადო სკივრში და რაღაც საქმეზე წავიდა. ამ დროს ეპისკოპოსის სახლში გლახაკები მოვიდნენ და დაჟინებით სთხოვდნენ, რაიმე მოგვეცი, სიგლახაკე რომ შევიმსუბუქოთო. მაგრამ ღვთის კაცს არაფერი ჰქონდა. სული შეემუსრა - გლახაკები უნუგეშოდ წავლენო. უეცრად გაახსენდა, რომ მისმა შვილიშვილმა ცხენი გაყიდა და საფასე კიდობანში ჩადო. წმინდანმა მოძებნა სკივრი, წმინდა მიზნისთვის გატეხა კლიტე, ამოიღო თორმეტი ოქრო და დაურიგა გლახაკებს. შინ დაბრუნებული დეკანოზი საშინლად განრისხდა და აყვირდა: - აქ ყველას, როგორც უნდა, ისე ცხოვრობს, მხოლოდ მე არა მაქვს ცხოვრების უფლებაო. მის ყვირილზე მოვიდა ეპისკოპოსი, შეიკრიბნენ საეპისკოპოსოში მცხოვრებნი. წმინდანი მდაბლად ცდილობდა დეკანოზის დამშვიდებას, ის კი განაგრძობდა: "შენს მონასტერში ყველა მშვიდად ცხოვრობს, მხოლოდ მე არა მაქვს ამის უფლება! მომეცი ჩემი ფულიო!" დამწუხრებული ეპისკოპოსი შევიდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში, შეიმოსა სამღვდელო სამოსით, აღაპყრო ხელნი ზეცად, შეევედრა ღვთისმშობელს, დახმარებოდა უგუნურად გაბრაზებული დეკანოზის დამშვიდებაში. ლოცვის დასასრულს ეპისკოპოსმა უეცრად სამოსზე დაიხედა და რას ხედავს, უბეში თორმეტი ოქროს მონეტა უდევს და ისე ბრწყინავენ, თითქოს ახლახან მოუჭრიათო. მაშინვე წავიდა შინ, გაბრაზებულ დეკანოზს ფული დაუბრუნა და უთხრა: "აჰა, შენი ფული, მაგრამ იცოდე, შენი სიძუნწის გამო ჩემი სიკვდილის შემდეგ აქ ეპისკოპოსი ვერ გახდებიო!" წმინდანის სიტყვებიდან ჩანს, რომ დეკანოზი ამ ფულს სათანადო შემთხვევისთვის იმარაგებდა, მისით ეპისკოპოსობისთვის რომ მიეღწია. მაგრამ წმინდანის წინასწარმეტყველება ასრულდა: კონსტანტინემ დეკანოზად დაასრულა სიცოცხლე.