***
იყავი ყოველთვის მწუხარე, მაგრამ როდესაც ძმები გეწვევიან, გაიხარე მათთან ერთად და დამკვიდრდება შენში უფლის შიში.***
თუ ძმებთან ერთად სადმე მიდიხარ, ჩამორჩი ცოტათი მათ, რათა შეინარჩუნო მდუმარება.***
თუ ძმა რამეს მოგიტანს, მისი თანდასწრებით ნუ გასინჯავ მონატანს.***
თუ რომელიმე ძმასთან ერთად ცხოვრობ, იყავი მასთან, როგორც მწირი. ნუ უბრძანებ ნურაფერს და თავსაც ნუ აიმაღლებ მასზე. თუ ის გიბრძანებს რამეს, რაც შენ არ გინდა, სურვილი დათრგუნე და ნუ შეურაცხყოფ მას უარით, რათა არ დაირღვეს მშვიდობა თქვენ შორის. იცოდე, ვინც დაიმდაბლებს თავს, ის ამაღლდება.***
თუ ვინმე შენი თანდასწრებით დაიწყებს თავისი ძმის გასამართლებას, თუნდაც ისეთისას, ვინც შენც განგიკითხავს, მორჩილად უთხარი: მაპატიე, ძმაო ჩემო, ცოდვილი ვარ და უძლური, მე თვითონ დავაშავე ის, რაზეც შენ ლაპარაკობ, ამიტომ არ შემიძლია ამის მოსმენა. ***
თუ ძმა დადებს რაიმე ნივთს შენთან და ის დაგჭირდება, მის უნებართვოდ ნუ ახლებ ხელს. ***
თუ მოვიდა შენთან გულისთქმა ძმის განკითხვისა რომელიმე ცოდვის გამო, იფიქრე, რომ შენ მასზე ნაკლები არ შეგიცოდავს; სიკეთეს კი, შენ რომ გგონია, სჩადი, ნუ დაიჯერებ, ღვთისთვის მოსაწონი იყოს და არ განიკითხავ ახლობელს. თავის დამდაბლება არის ადგილი შინაგანი სიმშვიდისა. ***
კეთილგონიერების შემძენი თავის თავზე იღებს ძმის დანაშაულს სიტყვებით: მე შევცოდე. ბრძენად თავის მიმჩნევს სძულს და ყვედრის ძმას, ხოლო თავმდაბალი ძმას არასოდეს სდებს ბრალს. ამბა ისაია განდეგილის დარიგებანი
მიმართეთ ძმას მხიარულად და სიყვარულით. გიყვარდეთ იგი, ემსახურეთ მას: ისიც ქრისტეს ასოთაგანია. ნუ შეურაცხყოფთ მას ოდნავ შესამჩნევი მიმიკითაც კი.
***
თუკი ახლობლის მონახულებას გადაწყვეტთ, მასთან მისვლამდე აუცილებელ მოვალეობად ჩათვალეთ მისდამი იმ სიყვარულისა და განწყობის შენარჩუნება, რითაც მიხვედით მასთან, თუნდაც გაწყენინოთ. ***
ნუ შეეხებით ძმის (მოყვასის) ღირსებას ენით, გამოიყენეთ იგი მხოლოდ ღმერთის სადიდებლად, ანდა ვინმეს სასარგებლოდ და დასამოძღვრად. ხოლო თუ მოინდომებთ ბოროტსიტყვაობას, გაიხსენეთ სიჭაბუკიდან ჩადენილი თქვენი ცოდვები და ამხილეთ საკუთარი თავი მათი ჩადენისთვის. ***
სიცოცხლე იმიტომ გვეძლევა, რომ ვადიდოთ ღმერთი, კეთილი ვუყოთ ჩვენს და-ძმას, მოყვასს და მივაღწიოთ მარადიულ სასუფეველს სახარებისეული ვიწრო გზით და არა იმისთვის, რომ მხიარულად გავატაროთ იგი: "ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ" - და ვაი თქუენდა, რომელნი იცინით. სერგი ნილუსი, "სიწმინდე ცხრაკლიტულში"
თქვა ბერმა: თუკი ძმას ცოდვაში ჩავარდნილს იხილავ და ეშმაკი მისი განკითხვის სურვილს ჩაგიდებს გულში, გაფრთხილდი და ნუ შეიწყნარებ, არამედ მიუგე: წყეულ იყავ შენ, ეშმაკო, რამეთუ ეგ საქმე ჩემი ძმისა არ არის, შენია და შენზე იყოს. ჯვრით აღიბეჭდე სხეული და დაიცავი გონება, რომ შენი ძმა არ განიკითხო, თორემ სულიწმინდა განგეშორება.
პატერიკი
ძმის ცოდვა ჩვენს ცოდვად უნდა მიგვაჩნდეს და მხოლოდ მისი მაცდუნებელი ეშმაკი გვძულდეს. როდესაც მავანი სხვას ორმოში ჩააგდებს, ჩვენ ჩავარდნილს კი არ ვკიცხავთ, არამედ იმას, ვინც უბიძგა. ზუსტად ასევეა აქაც. ისეც ხდება, რომ კაცი საქმეს აკეთებს, რომელიც მხილველებს უწესოდ ეჩვენებათ, მაგრამ საქმე კეთილი განზრახვით აღესრულება, როგორც ეს ცნობილ წმინდა ბერს შეემთხვა: იგი იპოდრომის ახლოს მიდიოდა და იქ გარკვეული განზრახვით შევიდა. როდესაც ნახა, თუ როგორ ცდილობდა თითოეული სხვის გასწრებასა და დამარცხებას, თქვა: ხედავ, როგორი მონდომებით იღვწიან ეშმაკის მსახურნი? ჩვენ, ცათა სასუფევლის მემკვიდრეებმა, უფრო მეტად არ უნდა ვიღვაწოთ? ბერი ამ სანახაობიდან უწინდელზე მეტად გულმოდგინე სულიერი მოღვაწე გახდა. ჩვენ არც ის ვიცით, იქნებ ცოდვაში ჩავარდნილი ძმა სინანულის მეშვეობით, თავმდაბლობითა და აღსარებით ღმრთის სათნო გახდეს. ფარისეველი მზვაობრობის გამო წავიდა დასჯილი. ეს რომ ვიცით, მეზვერის სიმდაბლეს მივბაძოთ და საკუთარი თავი განვიკითხოთ, რათა განვმართლდეთ; და ფარისევლის განდიდებას გავექცეთ, რომ არ დავისაჯოთ.
წმინდა იოანე წინასწარმეტყველი
როდესაც საჭიროა კეთილისყოფა, დაე, ყოველი კაცი შენი მოყვასი იყოს, ხოლო როცა საქმე ჭეშმარიტებას შეეხება, გაარჩიე შენიანი უცხოსგან. თუკი შენი ღვიძლი ძმა არ არის შენთან გაერთანებული ჭეშმარიტების კანონით, მაშინ იგი უფრო უცხო უნდა იყოს შენთვის, ვიდრე სკვითი; და პირიქით, თუ სკვითსა და სავრომატს უპყრიათ მართალი დოგმატები და სწამთ იგივე, რაც შენ, მაშინ ისინი ღვიძლ ძმაზე ახლოს უნდა იყვნენ შენთან. ბარბაროსსა და არაბარბაროსს განვარჩევთ არა ენითა და წარმომავლობით, არამედ აზრებისა და სულის მიხედვით. ადამიანი უპირატესად ის არის, ვინც მართალ სწავლებას იმარხავს სარწმუნოებაზე და კეთილისმსახურ ცხოვრებას ეწევა.
წმინდა იოანე ოქროპირი
დიდია ღვთაებრივი სიყვარულის ძალა, ღვთაებრივი სიყვარული ფარავს მრავალრიცხოვან ცოდვას, ცვლის კანონებს, გვასრულებინებს ყველა მცნებას. ეს სიყვარული საშუალებას გვაძლევს, მივუახლოვდეთ სიცოცხლის წყაროს პრინციპით - "მსგავსი მსგავსს ეძებს".
ჩვენ, ყველანი, ვფიქრობთ, რომ მონაწილე ვართ ამ სიყვარულისა. ყოველ ჩვენგანს უყვარს ვიღაც ან რაღაც. იშვიათი ადამიანებიც არსებობენ, რომელთაც არავინ და არაფერი უყვართ. ისინი უკვე აქ არიან წყვდიადში, მაგრამ ეს იშვიათი მოვლენაა. ჩვენ ყველას გვიყვარს ახლობლები, ნათესავები, მეგობრები, ჩვენებრ მოაზროვნენი. მაგრამ ეს არის კი ის სიყვარული, რომელსაც ელოდება ჩვენგან ქრისტე? ნათესავების სიყვარული ეგოისტური სიყვარულია თავისიანისა. ასევეა მეგობრების, ახლობლების სიყვარული. მრავალრიცხოვანი მოვლენისა და პიროვნებისგან ვირჩევთ ჩვენთან ნათესაურს, მსგავსს, ვრთავთ მათ ჩვენს გაფართოებულ მე-ში და გვიყვარს ისინი. მაგრამ საკმარისია გადაიხარო ოდნავ იქიდან, რისთვისაც ჩვენ ავირჩიეთ, იმწამს ვღვრით მათზე სიძულვილს, ზიზღს, უკეთეს შემთხვევაში - გულგრილობას. ეს ადამიანური, ამქვეყნიური, ბუნებრივი გრძნობაა, რომელიც უფრო ხშირად ძალიან ფასობს ამ ქვეყანაზე, მაგრამ კარგავს აზრს მუდმივი ცხოვრების ნათელში. ის არამყარია - ასეთი სიყვარული ადვილად გადადის საწინააღმდეგოში - იღებს დემონურ ხასიათს.
თუ ჩვენში არის ჭეშმარიტად სიყვარულის სტიქია, ის ყველაზე ერთნაირად გავრცელდება - კეთილზე და ბოროტზე, სასიამოვნოზე და საზიზღარზე. სახარებისეული სიბრძნე არ შეიძლება იყოს შეუძლებელი, შეუსრულებელი, მაშინ სახარება იქნებოდა ლამაზი სიტყვების ნაკრები, რომელთა განხორციელებაც ცხოვრებაში შეუძლებელია.
ალექსანდრე ელჩანინოვის ჩანაწერები
ძმას ბოროტებას ნუ გაუკეთებ, ცუდს ნურაფერს ეტყვი, ცილს ნუ დასწამებ, ნუ შეურაცხყოფ. ამგვარად, ნელ-ნელა მას სიკეთესაც გაუკეთებ - სიტყვით ანუგეშებ, თანაუგრძნობ, შეეწევი იმით, რასაც საჭიროებს. ასე ახვალ ერთი საფეხურიდან მეორეზე და, ღვთის შეწევნით, კიბის თავსაც მიაღწევ, რომელსაც ზეცაში აჰყავხარ. მოყვასის შეწევნაში თანდათანობით იქამდეც მიხვალ, რომ სიკეთესა და წარმატებას მისთვის ისევე მოინდომებ, როგორც საკუთარი თავისთვის. სწორედ ეს არის "შეიყვარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი".
წმინდა აბბა დოროთე