ცოდვის ჩადენისას დამნაშავედ მხოლოდ საკუთარი თავი ვაღიაროთ
სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)
სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)
უფლის მცნებათა გარდასვლისა და შეუსრულებლობის გამო თითოეულ ჩვენგანზე მანამდე გაგრძელდება და გაძლიერდება ღვთის რისხვა, ვიდრე მთელი სიღრმით არ შევიცნობთ ჩვენს დაცემას, ჩვენს დანაშაულს, ვიდრე ღირსეულსა და ჭეშმარიტ სინანულს არ ვაჩვენებთ, ვიდრე ქვითინით, სიღრმით გულისათ ღმერთს არ შევღაღადებთ, არ შევთხოვთ ცოდვათა მიტევებასა და შეწყალებას.
რა არის ღირსეული, ჭეშმარიტი სინანული?
ეს ისეთი სინანულია, რომელიც არა სიტყვებით, არამედ უპირველესად საქმით აღესრულება. ანუ აღსარების შემდგომ მტკიცედ უნდა გვქონდეს განზრახული გამოსწორება, თავი უნდა ვანებოთ ცოდვის ქმნას და რაც შევცოდეთ, კეთილი საქმეებით აღვხოცოთ.
როგორც სახარებისეულმა მეზვერემ, ორმაგად უნდა მივუზღოთ თითოეულ ჩვენგან განაწყენებულს, თორემ აბა რითი განქარდება ჩვენთა ცოდვათაგან წარმოქმნილი ბოროტება?
ნუთუ გვაპატიებს ჩვენს მიერ განაწყენებული კაცი, თუ ჩვენში ვერ დაინახავს ჭეშმარიტ სინანულს და სასიკეთო ცვლილებას? და თუ ის არ შეგვინდობს, მაშინ ღვთისგან მოტევების იმედი როგორ გვექნება? როგორ შეიძლება იმედი გვქონდეს, უფალი დაივიწყებს იმ წყენას, მოყვასი რომ ჯერ კიდევ დაითმენს ჩვენგან? თუ ჩვენი სისასტიკით სხვებს ვტანჯავთ, როგორ შეიძლება გვქონდეს ღვთის შეწყალების იმედი?
საყვარელნო, ღვთის წინაშე ჭეშმარიტი სინანულით შევინანოთ და ვისწავლოთ სიკეთის ქმნა, რათა დავიმკვიდროთ ზეციური სასუფეველი! კაცს სიცოცხლეში ამაზე აღმატებული მიზანი არა აქვს.
ჩვენ კი ხშირად ვივიწყებთ ცხოვრების ამ მთავარ მიზანს, არ ვზრუნავთ ჩვენი ცხონებისთვის, ვუცქერთ მხოლოდ გარეგნულ ქმედებებს და ვერ ვხედავთ, ვერ ვგრძნობთ ჩვენი სულის გაღატაკებას და მართლაც საშინელ მდგომარეობას. ვივიწყებთ, რომ ქრისტიანები ვართ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ვართ მონათლულები, რომ აღთქმა გვაქვს მიცემული, მტკიცედ გვწამდეს ღმერთი, საღმრთო განგებულება და აღვასრულებდეთ მის ყველა წმინდა მცნებას.
ბევრი ცოდვა დაგვიგროვდა, რის გამოც ჩვენი სული ერთიანად დაწყლულებულა, სნეულებას კი მაშინვე უნდა უშველო სინანულის საიდუმლოთი და წმინდა ზიარებით, თორემ სატანჯველი მოგველის.
სინანულის საიდუმლოება (აღსარება) - ეს არის საიდუმლოება, რომელსაც გონებით ვერ შესწვდები ისევე, როგორც ყველა სხვა საიდუმლოს, იგი მხოლოდ რწმენით შეიცნობა. გვწამს, რომ აღსარების ჟამს ნათქვამი ჩვენი ცოდვები ზეცაში მიგვეტევება. გვწამს, რომ ზიარებისას ვიღებთ თვით უფალს, იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს, რომელსაც ბარძიმში პურისა და ღვინის სახით ვხედავთ. თუ ღირსეულად ვეზიარებით ქრისტეს საიდუმლოს, ჰოი, რამდენად გავძლიერდებით მადლისმიერ! ამისთვის კი სიმდაბლით უნდა ვაღიაროთ თავი ცოდვილად, ჭეშმარიტი სიმდაბლით ყველას მივუტევოთ და არ ვიყოთ ვინმეზე არათუ განაწყენებული, არამედ გაბრაზებულიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ გულში ბოროტების ჩადებაზე. ჩვენ ვაპატიებთ, უფალიც ყველაფერს შეგვინდობს. განვიშოროთ ცრუ სირცხვილი - როცა აღსარებისას ცოდვის თქმისა გვრცხვენია!
"ცოდვის სიღრმეში ჩავარდნილი, მოწყალებათა შენთა უფსკრულთა შეუვრდები" - შევთხოვთ უფალს და უნდა გვჯეროდეს და გვწამდეს, რომ უფლის მოწყალება აღემატება ყველა ჩვენს ცოდვას, ოღონდ გულწრფელად ვინანიებდეთ და გვქონდეს მტკიცე განზრახვა - აღარ შევცოდოთ, უფალმა კი ბრძანა: ჩემკენ მომავალს არ განგაგდებო.
სინანული, როგორც ყველა სხვა სათნოება, მაშინვე და ყველას არ მიეცემა, უნდა შევთხოვოთ უფალს, სინანულის ნიჭი მოგვცეს. სინანული არის თვითგანკითხვა, სინანული - მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ დაუტევოს ადრინდელი ცოდვიანი ცხოვრება.
მრავალი დაბრკოლება აღუდგებათ წინ სინანულის გზით ცხოვრებისკენ მავალ ცოდვილებს. ზოგიერთი სინანულს სამომავლოდ გადადებს - მოვასწრებ სინანულსო, სხვები ამბობენ, - სიბერეშიც მოვასწრებო. მაგრამ რაც უფრო გადავდებთ სინანულს და ვაგვიანებთ ღვთისკენ მოქცევას, მით უფრო გვიუხეშდება სული. ცოდვა გამეორებით ჩვევად იქცევა, მერე მანკიერებად, მისგან კი უკვე ძნელია განთავისუფლება.
ზოგიერთი ქარაფშუტულად, დაუფიქრებლად უდგება მონანიებას, ფიქრობს, საკმარისია მხოლოდ ცოდვების ჩამოთვლა აღსარების ჟამს. ასეთი მექანიკური ჩამოთვლა ცოდვებისა, თუ მას არ სდევს ღრმა, ტკივილით აღსავსე გულის შემუსვრილება ცოდვათა გამო, თუ არ განგიზრახავს, მეტი აღარ სცოდო და გამოსწორდე, მაშინ ეს სინანული კი არა, ფარისევლობა და მკრეხელობაა.
ზოგიერთი ქრისტიანი შედარებით ღვთისმოშიშად ცხოვრობს და ზოგჯერ არ იცის, რა მოინანიოს. ასეთი ადამიანებისთვის საკუთარი ცოდვების შესაცნობად საუკეთესო საშუალებაა, გაიხსენონ, რაში ამტყუნებს მას გარშემო მყოფი ხალხი, ისინი ხომ გვერდიდან ხედავენ ჩვენს მანკიერებას. ასეთმა ქრისტიანებმა აუცლებლად უნდა სთხოვონ უფალს: "მომეც მე ხილვა ცოდვათა ჩემთა!" მათი მთავარი ცოდვა ისაა, რომ არ იცნობენ თავიან ცოდვიან გულს.
აღსარების საიდუმლოს უნდა შევუდგეთ შემუსვრილი გულით და სინანულის ცრემლით. ცრემლები შეძრავენ, შეამსუბუქებენ ჩვენს გაქვავებულ სულს, განაშორებენ ამ დროს ჩვენგან სიამაყესა და თავისმოყვარეობას. არ უნდა გვრცხვენოდეს აღსარებისას ცრემლთა ღვრისა, დაე, თავისუფლად იდინონ და განბანონ ჩვენი არაწმიდება. სინანულის ცრემლებით ცხონდნენ წმინდანები. ხოლო ვისაც სინანულის ცრემლები არა აქვთ, მათ სული უნდა შეიმუსრონ და გულის სიღრმიდან ამოიოხრონ. უფალი კი ამას სინანულის ტირილად მიიღებს. "იტირეთ, - ამბობენ წმინდა მამები, - რამეთუ ის მრავალთაგან ერთ-ერთი გზაა ცათა სასუფევლისკენ მიმავალი".
უნდა შევთხოვოთ უფალს, სინანულში რომ დაგვეხმაროს: "განბნეული გონება ჩემი შეკრიბე, უფალო, და გაყინული გული განმიწმინდე, ვითარცა პეტრეს - მომეცი სინანული, ვითარცა მეზვერეს - ამოოხვრანი და ვითარცა მეძავ დედაკაცს - ცრემლნი".
არა მარტო აღსარების ჟამს უნდა ვინანიებდეთ, არამედ ყოველდღიურად. დილა-საღამოს, როცა ლოცვაზე დავდგებით, უნდა გავიხსენოთ წარსული: რამდენჯერ დავარღვიეთ ღვთის სჯული, რამდენი წყენა მივაყენეთ მოყვასს და სხვა. თუ ჩვენ მუდამ ასე ვიფიქრებთ, ვიწუხებთ ცოდვებზე და შევინანებთ, მაშინ უფალი უხვად მოგვივლენს სინანულსაც და ცრემლებსაც, სული სხეულთან ერთად ატირდება და ეს ცრემლები საუკეთესო ძღვენი იქნება ქრისტესთვის. ის დაგვპირდა, "ნეტარ იყვნენ მგლოვარენი, რამეთუ ისინი ნუგეშისცემულ იქმნენ". ამის გაკეთება კი უნდა ვიჩქაროთ, სანამ არ დაგვიანებულა. ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ. სიკვდილის შემდეგ კი თუნდაც ვიტიროთ, ამ ცრემლებს არ შეუძლიათ გვანუგეშონ, არამედ ცეცხლით მოგვწვავენ.
თუ ჩვენ თავს აქ არ ვამხელთ, მაშინ მხილებულ ვიქნებით საშინელ სამსჯავროზე. თავის გამართლება დიდი ცოდვაა. არავინ არ უნდა დავადანაშაულოთ ჩვენს დაცემაში. ცოდვის ჩადენისას დამნაშავედ მხოლოდ საკუთარი თავი ვაღიაროთ, საკუთარი ბოროტი ნება, და არ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი სისაძაგლის გამხელისა. ყველაფერი უნდა შევწიროთ ჩვენი სულის სიწმინდისა და სიფაქიზისთვის, ოღონდ კი ის არ დაიღუპოს! მეძავებსაც შეუძლიათ მართალნი გახდნენ, ოღონდ გულწრფელად შეინანონ და მეტი აღარ შესცოდონ.
გულახდილი სიმშვიდით ადვილად იკურნება სულიერი სნეულება, აღმოიფხვრება ვნებები, შფოთიან სულში ადრინდელი სიმშვიდე და მყუდროება ბრუნდება, თორემ სხვანაირად სული უფრო ჭიანდება და შავდება. ვინც ჭეშმარიტად ინანიებს და ღვთისმოშიშად ცხოვრობს, მას გული უხარის და მხიარულობს, სახე კი უბრწყინავს.
აღსარების საიდუმლო გულს განწმენდს. სულიერი არაწმინდება არა მარტო სინანულის ცრემლით უნდა გავრეცხოთ, არამედ უნდა გავაუთოოთ კიდეც, ანუ გავასწოროთ ურთიერთობა მოყვასთან, გამოვასწოროთ მათ წინაშე ჩვენი დანაშაული და დავასაჩუქროთ ჩვენგან განაწყენებული ადამიანი. თუ ასე არ მოვიქცევით, მაშინ ჩვენი გული აღსარების მერეც დაჭმუჭვნილი დარჩება. ცოდვის აღმოფხვრა ნიშნავს, რომ გულში მისი საპირისპირო სათნოება ჩანერგო. ყველაზე მეტად გვეშინოდეს მოჩვენებითი სიმართლის, ფარისევლობისა. თუ გავიფიქრებთ საკუთარ თავზე, რომ კარგები ვართ, ეს უბედურებაა! ასეთი ფიქრები საძაგელია ღვთის წინაშე! შევიგრძნოთ საკუთარი სიგლახაკე და გადავრჩებით. ამიტომ დიდსულოვნად დავითმინოთ ცილისწამება, სიცრუე, საყვედურები. თუ ყველაფერ ამას დიდსულოვნად დავითმენთ, ის დღე ჩვენთვის მაცხონებელი იქნება. თუ ვინმეს ვუსაყვედურებთ და საცთურში ჩავაგდებთ, ასეთი დღე დამღუპველი და დაკარგული იქნება. გვეშინოდეს ფარისევლობის, განდიდების, ბრძნობის, უფროსებისადმი ურჩობისა. ამის გამო ხომ კაცს ღვთისგან ეპიტიმია ედება - სხვადასხვა ავადმყოფობა.
თავმდაბლობა და უბრალოება, საკუთარი თავის ცოდვილად შეგრძნება ღვთის კურთხევას მოიზიდავს. ფარისევლური აღსარების გამო მფარველი ანგელოზი ღვთისმშობელს შესჩივის ასეთ სულზე. ღვთისმშობელი კი ჯავრობს ასეთ ადამიანზე. იცის, რომ თავისი უნანელობის გამო მწუხარებასა და ტანჯვის ჯვარს იმზადებს.
წმინდა იოანე ოქროპირის თქმით, არის სამი ხარისხი ცხონებისა:
1. არ სცოდო
2. შესცოდე - შეინანე
3. ვინც ცუდად ინანიებს, მან უდრტვინველად დაითმინოს თავს დატეხილი მწუხარებანი და სნეულებები.
ზეცაში ვერავინ შევა განუწმენდელი, ამიტომაც სიხარულით უნდა დავითმინოთ სნეულება და მწუხარება და გულახდილად ვთქვათ აღსარება. თუ აღსარებაზე მხოლოდ წესი სრულდება, მექანიკურად ჩამოვთვლით ცოდვებს, არც ჩავფიქრდებით საკუთარ გამოსწორებაზე, მიტევების ნაცვლად სასჯელს მივიღებთ.
აღსარების თქმის წინ აუცილებელია შენდობა ვთხოვოთ ყველას, ვის წინაშეც ვართ დამნაშავენი, გულით კი მთლიანად ვიყოთ შერიგებული. პირველ რიგში, გთხოვთ ყველას შენდობას. ღმერთმა, თავის მადლით, წყალობით, კაცთმოყვარებით შეგვინდოს და შეგვიწყალოს ჩვენ ყველანი!
თუ აღსარების წინ არ შევურიგდით ვინმეს, მაშინ აქ მაინც დავუტევოთ ყველა ჩვენი წყენა და ბრაზი. აღსარებაზე უნდა დავივიწყოთ ყველაფერი მიწიერი, უნდა გვქონდეს ღვთის შიში და არავის ბოროტება არ ვუსურვოთ.
ხშირად აღსარებაზე მისულთ სატანა გვაშფოთებს. ასეთი განსაცდელი მშვიდად და უდრტვინველად უნდა დავითმინოთ. ვიკითხოთ: "მრწამსი" და "მოწყალებისა კარი განგვიღე". ამ ლოცვებში იმხელა მადლმოსილებაა, რომ ბნელი ძალა განეშორება ადამიანს. ასეც ხდება: კაცი ტაძარში აღსარებაზე მიდის, სურს ეზიაროს. უეცრად გზაზე მანქანა ტალახით გაწუწავს. დაუფიქრებლად მძღოლს მიაწყევლის.
გვაშორე, ღმერთო, ასეთი ბოროტება და სისასტიკე! მაგრამ სასოს ნუ წარვიკვეთთ. ბევრმა წმინდანმა, ზეციურ სასუფეველს მიღწეულმა, იცხოვრა ცოდვილ მიწაზე, უძლურებათა გამო ცოდვაში ჩავარდა (მხოლოდ ღმერთია უცოდველი), მაგრამ ჭეშმარიტი სინანული აჩვენა ღმერთს და უფალმაც შეიწყალა. წმინდანთა დასი გაიყოფა ორ ნაწილად - შეწყალებულებად და განწმენდილებად. ისინი სხვადასხვა გზით მივიდნენ ცათა სასუფეველში. შეწყალებულები სინანულის გზით მივიდნენ, განწმენდილებს კი განუწყვეტელი ლოცვით ურთიერთობა ჰქონდათ ღმერთთან და უკვე მაშინ, მიწიერ ცხოვრებაში სულიწმინდის მადლით იყვნენ განწმენდილნი. ისინი ხორცშესხმული ანგელოზებივით ცხოვრობდნენ!
ჰოდა, ჩვენც, ცოდვილებმა, სასო არ წარვიკვეთოთ. უფალი ჩვენი სინანულის მიერ ყველაფერს შეგვინდობს. ჩვენგან, მონანულ ცოდვილთაგან, შესაძლოა ბევრი იყოს შეწყალებული.
იმედები უფალსა და ღვთისმშობელზე დავაყრდნოთ, გულმოდგინედ ვთხოვოთ მათ შეწევნა და ისინი ჩვენს გულებს ფერს უცვლიან.
ცოდვა ბევრი გვაქვს, მაგრამ უსაზღვროა ღვთის გულმოწყალება! ცოდვათაგან განთავისუფლებული სული წმინდა, ნათელი და კეთილშობილი ხდება. ერთხელ ზიარებაზე ერთი ქალი ბარძიმთან თვალცრემლიანი მოვიდა. ეს არის სწორედ წესის აღსრულება! წმინდა გულით, ღრმა შემუსვრილებით მოვიდა ის ბარძიმთან!