წმინდა იოანე კრონშტადტელი
დამრიგებლობითი თავნი. მღვდლობის პატივზე, ვალსა და მოვალეობაზე
* ყველანაირი მსახურებისას სიმდაბლისთვის ხშირად უთხარი საკუთარ თავს: "მე მიწა და ნაცარი ვარ, უფალო, სიცოცხლის ოდნავ შესამჩნევი რუ, ცოტა ხნის წინ რომ დაიწყო წანწკარი, შენ კი, ღმერთო, მთელი ოკეანე ხარ, და შეუდარებლად მეტიც, რამეთუ შენგან გამოედინა და გამოედინება ყოველი სიცოცხლე. სწრაფწარმავლობის მიზეზით, მე ელვის წამიერი გაბრწყინება ვარ, შენ კი საუკუნო, დაუვალი მზე ხარ. ცხოვრება ჩემი ცოტა ხნის წინ აენთო და მალე ჩაქრება, შენს სიცოცხლეს კი არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, საუკუნოდ ანათებს და არასოდეს ჩაქრება. ყოველი ქმნილების სიცოცხლე, ვითარცა მზეს სხივები, შენ გეკუთვნის. მხოლოდ ეს სხივნი სწრაფწარმავალნია, თუ მათ ხორციელი თვალებით შეხედავ, ბრწყინავენ... მერე კი ქრებიან და მათ ადგილს სხვები იკავებენ. ყოველი დროის კაცი და ყოველი ქმნილება შენში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ, რამეთუ შენ ხარ წყარო სიცოცხლისა, უშენოდ არ არის სიცოცხლე - არც ფიზიკური და არც სულიერი. მე შენს წინაშე არარაობა ვარ, მაგრამ ეს არარაობა ზოგჯერ ბედავს უარყოს ის, რაც ყოფიერების სისავსეა!"
* ზოგჯერ ფიქრობ, რომ უფლის სისხლთან და ხორცთან ზიარების წმინდა საიდუმლოს აღსრულებას წინ შენი ცოდვები აღუდგება. მაგრამ რომელი მღვდელი ან მღვდელმთავარია უცოდველი? უსისხლო მსხვერპლი ხომ ცოდვების მისატევებლად შეიწირება. ამასთან, რაოდენ დიდებულიცაა ჩვენი ღმერთი, იმნაირივეა წყალობა მისი (ზირაქ. 2,18). ის იმდენად დიდებულია, რომ როცა ცოდვებს ინანიებ, ის უგულებელყოფს მათ, ივიწყებს და მზადაა, ყველაფერი შენი რწმენის მიხედვით შეასრულოს. ასე რომ, ყოველთვის სიყვარულით და სარწმუნოებით ეზიარე უწმინდეს საიდუმლოებებს და ნუ იფიქრებ, თითქოს ისინი შეიძლება არ აღსრულებულიყო.
* შენ წარდგები და ლოცულობ ღმერთის წინაშე, რომელმაც გონება მისცა ყოველივეს, რაოდენ წმინდა უნდა იყოს შენი ლოცვა?
* რადგან შენი სულიერი შვილების სახლებში არ დადიხარ და იქ არ ასწავლი, ამის სანაცვლოდ ეცადე, აღსარებისას დაწვრილებით გამოიკვლიო მათი სულიერი მდგომარეობა და თუნდაც რამდენიმე სიტყვით მათ რწმენა, იმედი და სიყვარული ასწავლო.
* "კეთილი არს სასოებაი უფლისა მიმართ, ვიდრე სასოებაი მთავართა მიმართ" (ფსალ. 117,8). ანუ კეთილ არს მოსავ ყოფა ღვთის სიტყვის მიმართ ქრისტიანისთვის და განსაკუთრებით მქადაგებელი მოძღვრისთვის, ვიდრე ადამიანურ სიტყვებზე (თუნდაც სანაქებო, მაგრამ ადამიანის გონების შემოქმედებაზე) დაიმედება. ყველაზე მეტად ღვთის სიტყვას უნდა ვკითხულობდეთ, კაცთა სამაგალითო ნაწარმოებს კი იმდენად, რამდენადაც ისინი გვეხმარებიან ღვთის სიტყვის სწორად გაგებაში და გვასწავლიან ქრისტიანულ ცხოვრებასა და დოგმატებს.
* გგონია, რომ ბევრს ითხოვ კურთხევანის სიტყვებით ლოცვისას? მაგრამ ხომ დიდებული, ყოვლადძლიერი და ყოვლადსახიერია ის, ვისაც ამას სთხოვ. დაუეჭვებლად ილოცე. კურთხევანის ლოცვები წაიკითხე, როგორც ღმერთის წინაშე ადამიანთა შუამავალმა.
* ეშმაკი იპარავს გულიდან სამსახურებრივ ლოცვებს და ჩვენი უყურადღებობით მთლიანად მოიპარავს.
* ლოცვისას ჯვარი, სჯობს, იშვიათად გამოსახო, განკრძალულად და სარწმუნოებით. უაზროდ, როგორც მოგიხდება, იქნიო, ეს ცოდვაა, როგორც ცოდვაა უფლის სახელის ამაოდ ხსენება.
* ღვთისმსახურებისას მღვდელმა საკუთარ თავს უნდა უთხრას: "სიყვარული თუ არა მაქუნდეს, არა-ვე-რაი ვარ" (1 კორ. 13,2). ღმერთი - სიყვარულის ღმერთია, ჯვარი - სიყვარულის ჯვარია, მე ჯვარზე სიყვარულს ვეამბორები, ტაძარში კი დგანან ცხოვარნი, სამწყსო მათი ვიდრე სიკვდილამდე შემყვარებელი მწყემსისა.
* როცა ლოცულობ, პატარა და შეურაცხი წარდგები ღვთის თვალთა წინაშე. მაგრამ იცოდე, ღმერთს საცქერლად სახე არა აქვს, ყველა ქმნილება მის ხელთ არის, ის არ ასხვავებს დიდსა და მცირეს. წმინდა გული - აი რა არის მისთვის ყველაზე დიდებული. გვქონდეს წმინდა გული და თუნდა მცირე იყო, არ შეგრცხვეს, სულმოკლე ნუ იქნები, ილოცე მთელი სამყაროსთვის, მეფისა და ყოველი კაცისთვის. შენ მათი წარმომადგენელი ხარ ღვთის წინაშე.
* როცა უფალი ლიტურგიის შესრულებისას რწმენის ნიჭს მოგაკლებს, ამით სურს, გულწრფელი ლოცვა გასწავლოს, რომ მას ბალღური გულუბრყვილობით მიენდო. ის ხედავს შენი გულის ბოროტებას და ზერელე ლოცვას, უნდა ბავშვივით უბრალო და დამჯერი იყო, ჩაუღრმავდე ლოცვას ყოველგვარი მიწიერის დავიწყებამდე.
* მწარე გამოცდილებით დავრწმუნდი, თუ რამდენად მტკივნეულია სულისთვის, როცა საეკლესიო მსახურებისას ლოცვის წმინდა სიტყვებს აჩქარებულად კითხულობ. როგორ კლავს სულს ეს ცოდვა... ჩქარობ, რადგან სულში გაურკვეველი შფოთი და ღელვა გაქვს, რომლის მიზეზია ეჭვი ანდა მძიმე შავბნელი წარმოდგენა იმისა, რომ კითხვის გაგრძელება მოგიწევს. ეცადე, ძირფესვიანად ამოძირკვო შენში თავმოყვარეობა და სიზარმაცე.
* ბოროტმა დაგვიხუჭა თვალები, შეგვიბორკა ხელ-ფეხი და ჩვენ, ღვთის მსახურნი, ვმსახურობთ ღვთის საწინააღმდეგოდ და ამით უფრო დავცინით ღვთისმსახურებას.
* აქ საქმე უჩემოდ აღესრულება. აქ მე არაფერს მეკითხებიან. დიახ, უჩემოდ ჩაიდენს უფალი სასწაულებს და საქმეებს თავის ყოვლადძლიერებისა. ისევე, როგორც უჩემოდ შემქმნა მე. ასეა ლოცვისას, ასეა საიდუმლოებების აღსრულებისას.
* ხმამაღლა კითხვა ბრწყინვალე საშუალებაა სულიერი შფოთის დასათრგუნად, იგულისხმება, რომ გულწრფელი სარწმუნოებით ლოცულობ.
* ლოცვისას სულიერი აჩქარება და შფოთი იმიტომ გიჩნდება, რომ გინდა, ყველაფერი, რაც ლოცვაში წერია, ერთდროულად წარმოთქვა. ამას რომ გავექცეთ, ცოტ-ცოტა უნდა ვიკითხოთ ლოცვის სიტყვები, პაუზებით, შესვენებებით, თორემ ბევრი სიტყვის ერთბაშად წარმოთქმამ შეიძლება გაგგუდოს... ეჭვი და უპატივცემულობა წმინდა საქმისა დასაწყისშივე უნდა აღმოვფხვრათ და არ მივცეთ სულში აღორძინების საშუალება.
* უფალი, როგორც ყველგანმყოფი, ყოველთვის შენს მარჯვენით წარმოიდგინე, განსაკუთრებით ღვთისმსახურებისას. ის შენთან ერთად და შენს მიერ ყველაფერს აღასრულებს, როგორც თვითონ იცის. ნუ გამოცდი მისი მოქმედების სახეებს, სრულიად მიენდე მას, როგორც სამუშაო იარაღი.
* ლოცვის წარმოქმისას გონება არ გაგეფანტოს, ჩაუღრმავდი საკუთარ თავს, იცოდე, არის ის, ვისი იმედიც უნდა გქონდეს ღვთისმსახურებისას, რომ არასოდეს წაიფორხილო. იესო ქრისტე არის მთა, რომელზეც შეგიძლია დაეყრდნო გულით და ფიქრებით. ის საუკუნოა და ყოვლადძლიერი.
* ნუ იფიქრებ შენს შიშზე, ჩაუღრმავდი იმ საიდუმლოს, რომელსაც აღასრულებ. კეთილ არს მოსავ ყოფაი უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავ ყოფაი კაცისა მიმართ" (ფსალმ. 117,8). როცა სულიერად იწყებ ჩაძირვას, უფალს უთხარი: "უფალო, მაცხოვნე მე".
* იცოდე, ნაჩქარევად ჩაკითხული ლოცვების მერე უცილობლად დაგედინება ცრემლი გულის შებოჭვისგან.
* ნუ გაექცევი ღვთის გამო დამცირებას, არამედ ეძიე ის, საგანგებოდ აუჩქარებლად წაიკითხე ლოცვები, რომ ადამიანებმა განგიკითხონ და ღმერთმა შეგაქოს.
* შენ სულიერი მტრები გესხმიან თავს, ამიტომ გჭირდება სულიერი დამხმარენი, თანამებრძოლნი, ქომაგნი. ილოცე და თვით ღმერთი, დედაი ღვთისა, ანგელოზები და წმინდანები მზად არიან დასახმარებლად.
* ყოველი მსახურებისას გონიერი თვალებით ღმერთი განჭვრიტე და არ იფიქრო ადამიანებზე. ვინ არიან ისინი შენთვის - ცხვრები, რომლებიც შენ ხმას მოჰყვებიან.
* წმინდა საიდუმლოებათა აღსრულებისას ნუ შეურაცხყოფ უფალს გულცივობით და ურწმუნოებით. რაც უნდა უბრალო საეკლესიო წესს ასრულებდე, ყველანაირად ეცადე, სარწმუნოებამ ბინა გულში პოვოს. როცა საეკლესიო წესის შესასრულებლად მიდიხარ, აუცილებლად რწმენა გაიყოლე. რწმენის გარეშე ნურც ერთ საეკლესიო წესს ნუ შეასრულებ - შენ საქმე გაქვს უფალთან, მაგრამ მას ვერ ხედავ. ამიტომ მგრძნობიარობას მიჩვეული ჩვენი ბუნებისთვის ადვილია თავდავიწყებას მიეცეს და უხილავი, მაგრამ არსებული უფლის ნაცვლად საქმე აჩრდილთან დაიჭიროს. აი, რატომ არის მძიმე ზოგჯერ ლოცვები, ურწმუნოებით წარმოთქმული. ღვთის რწმენის გარდა, ლოცვისას გული წრფელი გქონდეს... უფალო! შენ თვითონ გვიბოძე ლოცვისას ეს გულწრფელობა და სარწმუნოება! უფალო! მიბოძე ეს ნიჭები, რათა არ წარმოვთქვა ლოცვა შენდამი რწმენისა და წრფელი გულის გარეშე.
* არ ყოფილა საეკლესიო წესი, რომელზეც არ წავბორძიკებულვარ და ვაი, რომ, წინააღმდეგ საკუთარი ნებისა, ამ დროს დატყვევებული ვიყავი. რომ არ წავბორძიკდე, საჭიროა სითამამე და აუჩქარებლობა.
* თუ მსახურებისას შეამჩნევ, რომ სული გიშფოთდება და გონება მონდომებით გიბიძგებს ლოცვის ან ასამაღლებლის დასრულებისკენ, შეჩერდი ორი წამით და ნელ-ნელა, დამარცვლით წარმოთქვი სიტყვები და სულმოკლედ ნუ დაჰყვები შფოთის გრძნობას.
* ღვთისმსახურებისას მცირეოდენი გონების განფანტვაც კი აღკვეთე. ფიქრიც კი დაივიწყე შეუფერებელ მოკრძალებასა და ცრუ სირცხვილზე, რომლებიც სულიერი სიამაყისგან წარმოიშობიან. განიცადე ღვთისმსახურება მთელი სულით, გონებით და გულით, ყოველივე, რაც დევს ლოცვებში, კვერექსებსა თუ ასამაღლებლებში.
* "წინასწარ ვხედევდ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა" (ფს. 15,8), - ბრძანებს ღვთის მამა დავითი. მეც ჩემს წინაშე ყოველთვის უნდა ვხედავდე უფალს, რომ არ შევცოდო, რამეთუ ის ყოველთვის ჩემს მარჯვნივ არის. განსაკუთრებით რწმენის თვალებით უნდა ვჭვრეტდე მას და ტაძარში არ გავუშვა თვალთახედვის არიდან ღმერთი, რომელიც ყოველთვის არის იქ, სადაც ორი თუ სამი კაცი მისი სახელით იკრიბება.
* არსებობს სამართლიანი გამოთქმა, ნელა მიდიხარ, შორს წახვალ. იჩქარებ - ადამიანებს გააცინებ. გახსოვდეს ეს და არასოდეს იჩქარო უკიდურესი საჭიროების გარდა.
* ლოცვები აუჩქარებლად რომ წაიკითხო, ამისთვის საჭიროა, კითხვისას ყოველი მძიმის შემდეგ შეჩერდე.
* ნელი წაკითხვა მსუბუქია და დამაშვიდებელი თვითონ წამკითხველისთვის, ნაჩქარევი კი მძიმეა და შფოთის მომტანი.
* საეკლესიო წესის ლოცვებისას თავი უსაფრთხოდ რომ იგრძნო, მტრის თავდასხმისგან შესაწევნელად ღმერთს მოუხმე, რათა მოგივლინოს ანგელოზი მშვიდობისა, დამრიგებელი, მცველი სულთა და ხორცთა ჩვენთა და ასევე რომელიმე წმინდანი, მაგალითად, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი. გულის უბრალოებით სთხოვე მათ დახმარება და დღესასწაულზე წმინდა გულით სანთელი შესწირე. ნუ მომედგრდები რწმენაში და სთხოვე დაჟინებულად - ასეთია რჩევა სულიერი მამისა.
* "მცირედ მორწმუნეო, რაისა შეორგულდი?" (მათე 14,11). ღვთისმსახურებისას აუცილებლად თავდაჯერებული უნდა იყო, უფრო სწორად, გქონდეს ღვთის რწმენა და სასოება მისი შეწევნისა.
* გაკვეთილად გქონდეს: ნურასოდეს განაზავებთ სისხლს ზომაზე მეტად, მისი დაღვრის საშიშროებას რომ გაექცეთ.
* სიმამაცე მოიკრიბე, ნუ დაუყვავებ მრევლს სისუსტეების გამოჩენისას, არამედ ამხილე, შეაგონე ისინი, თუნდაც მათგან მატერიალურ სიკეთეს იღებდე. ღვთის ნება, კეთილი ნება ღვთისა შენთვის ყოველთვის მრევლის კეთილგანწყობაზე მაღლა უნდა იდგეს.
* თუ წაბორძიკდები ეკლესიაში ლოცვისას, ნუ აღელდები, მშვიდი დარჩი.
* საეკლესო წესის შესრულებისას ეცადე, ლოცვა წრფელი თავმდაბლობით წაიკითხო, სრულიად დამშვიდებულმა, ჩუმად და ოდნავ წამღერებით. ამით გაექცევი ეშმაკისგან მოგვრილ შფოთსა და სიჩქარეს. ღმერთი სასტიკად სჯის ნაჩქარევად, უყურადღებოდ წაკითხვისთვის.
* ეშმაკს მხოლოდ მაშინ შეუძლია დაგვეუფლოს, თუ რაიმე ჩადენილი ცოდვით ამის საბაბს მივცემთ. მძიმე ცოდვაა, შესწირო უსისხლო მსხვერპლი და ამ დროს მტერს არ იყო შერიგებული, მით უმეტეს, თუ ის შენთან ერთად მსახურებს. ამ ცოდვის მიერ შეიძლება ეშმაკი დაეუფლოს ადამიანს, რომელსაც სხვაზე გული ძვირი აქვს, შეიძლება ამას თვით მსახურებისას უსიამოვნო შედეგი მოჰყვეს როგორც სულში, ისე მის გარეთ.
* ეცადე, სული ყოველთვის აღუშფოთებელი და მშვიდი გქონდეს და ნურავინ და ნურაფერი შეგაშფოთებს, განსაკუთრებით საიდუმლოთა ლოცვისას. არსად გეჩქარება - მოასწრებ.
* წმინდა საქმე (მაგალითად, ლოცვა) წმინდად და ღირსეულად უნდა აღასრულო, არა უკრძალველობით, თითქოს ჩვეულებრივი რამე იყოს. რამეთუ დაწყევლილია ყოველი, ვინც ღვთის საქმეს უკრძალველად აღასრულებს (შეადარე იერემია 48,10).