სჯობს ჩემთან მოხვიდე, სიამოვნებით მოგცემ იმას, რასაც აქამდე იპარავდი
წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
(გაგრძელება)
გრიგოლი: - ჩვეულებრივი წესრიგიდან გამომდინარეობს, რომ ვისაც მორჩილება არ უსწავლია, უფროსი არ შეიძლება იყოს. მორჩილებას სხვა ვერ შთაუნერგავს, ვისაც თვითონ არ ძალუძს თავისზე უფროსთა მიმართ მორჩილება. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც, მამა ჰონორეტის მსგავსად, სულიწმინდისგან შინაგანად გაბრწყინდებიან, თუმცა მათ არ ჰყავთ ადამიანთაგან ერთგული ხელმძღვანელი. მათი სულების შინაგანი დამრიგებელია სულიწმინდა. სათნოებებში გაუმყარებელმა ადამიანებმა სამაგალითოდ არ უნდა გაიხადონ წმინდა კაცთა ცხოვრების წესი, რომელიც ჩვეულებრივ კანონებზე აღმატებულია. თორემ ვინმემ შეიძლება ადვილად იფიქროს, რომ ის სულიწმინდით არის ავსებული, კაცთაგან დამრიგებელი აღარ სჭირდება და ხიბლში ჩავარდეს. თუმცა სულიწმინდით ავსებული ადამიანის სული ამ უპირატესობის ყველაზე აშკარა ნიშნებს ფლობს - სიმდაბლესთან შეერთებულ მაღალ სათნოებას. ასე რომ, თუ ამ თვისებებს სრულყოფილად ფლობს სული, ეს კიდევ ერთი ცხადი დადასტურებაა მასში სულიწმინდის არსებობისა. მაგალითად, წმინდა წერილში არსად წერია, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელს მასწავლებელი ჰყოლოდეს, ქრისტემაც კი, თვით ჭეშმარიტებამ, როცა ამ ქვეყანაზე ხილულად ყოფნისას არიგებდა მოციქულებს, ხილული სახით არ შეუერთა თავის მოწაფეების დასს წმინდა იოანე ნათლისმცემელი. მაგრამ ვისაც შინაგანი სახით მოძღვრავდა, იგი, გარეგნულად, ერთგვარად თავის ნებაზე ჰყავდა მიშვებული. ასე, მაგალითად, მოსეს უდაბნოში ანგელოზი წინამძღვრობდა და არა კაცი (გამოს. 23,20). მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც ვთქვი, სათნოებებში განუმტკიცებელი ადამიანისთვის მისაბაძად კი არ უნდა იქცეს, არამედ პატივის მისაგებად. პეტრე: - გასაგებია. ოღონდ მითხარი, ნუთუ წმინდა მამა ჰონორეტს კვალის გამგრძელებელი მოწაფეთაგან არავინ დარჩა?
თავი 2. ლიბერტინზე, ამავე მონასტრის იკონომოსზე
გრიგოლი: - გუთთა მეფის, ტოტილას დროს ამ მონასტრის იკონომოსი იყო ღვთისმოშიში კაცი, სახელად ლიბერტინი. ის მამა ჰონორეტის ხელმძღვანელობით აღიზარდა. ხალხში ბევრ სარწმუნო ამბავს გაიგონებდით მის სათნოებებზე. მასზე ბევრს მიყვებოდა ღვთისმოშიში ლავრენტი. ის ახლაც ცოცხალია. ძალზე დაახლოებული იყო მამა ლიბერტინთან. ვეცდები, მოკლედ მოგითხრო, რაც დამამახსოვრდა ამ საუბრებიდან. ერთხელ ღვთისმოშიში ლიბერტინი მონასტრის საჭიროების გამო, როგორც იკონომოსი, სადღაც გაემგზავრა, გზად სამნიის მხარე უნდა გაევლო. ამ დროს ამავე გზას ჯარით მიუყვებოდა გუთების ერთ-ერთი წინამძღოლი დარდანი. ჯარისკაცები თავს დაესხნენ ღვთის კაცს, მიწაზე ჩამოაგდეს და ცხენი წაართვეს. წმინდანმა დიდსულოვნად დაითმინა ეს დანაკარგი, მძარცველებს შოლტიც გადასცა: - ესეც წაიღეთ, ჩემი ცხენი რაღაცით ხომ უნდა ააჩქაროთო. თვითონ კი დადგა და ლოცვა დაიწყო. ამასობაში დარდანის ჯარმა მდინარე ვულტურნეს მიაღწია. მდინარეზე რომ გადასულიყვნენ, მხედრები მახვილს ურტყამდნენ ცხენებს. მიუხედავად ამისა, ცხენები ჯიუტად ფეხს არ იცვლიდნენ, გეგონებოდა, ხრამის პირად დგანან და ეშინიათო. როცა ცხენები საკმაოდ ტანჯეს და თვითონაც გვარიანად დაიღალნენ, მხედართაგან ერთ-ერთმა თქვა: - ჩვენ ეს უბედურება იმიტომ შეგვემთხვა, რომ გზაში ღვთის კაცი შეურაცხვყავითო. რამდენიმე მათგანი უკან მიბრუნდა, ლიბერტინი ისევ იქ დახვდათ. მუხლმოდრეკილი ლოცულობდა. "ადექი, დაიბრუნე შენი ცხენი", - უთხრეს მხედრებმა. "მშვიდობით წადით, მე არ მინდა თქვენი ცხენი", - უთხრა წმინდანმა. მაშინ მხედრები ძირს ჩამოხტნენ, ლიბერტინი ძალით შესვეს ცხენზე და სასწრაფოდ უკანვე დაბრუნდნენ. ცხენებმა ისე სწრაფად, მარდად გადაცურეს მდინარე, თითქოს ხმელზე მიდიოდნენ. ღვთის განგებულებით, რაც უფრო სწრაფად დაუბრუნდა წმინდანს ცხენი, მით მალე დაემორჩილნენ მხედრებს სხვა ცხენები.
დაახლოებით იმავე დროს კამპანის მხარეში ფრანკთა ლაშქარი გადადიოდა ბუცელინის წინამძღოლობით. ხალხში ხმა იყო გავრცელებული, ჰონორატის მონასტერში დიდი განძი ინახებაო. გამძვინვარებული ფრანკები ტაძარში შეიჭრნენ და იკონომოს ლიბერტინს დაუწყეს ძებნა. ის მიწაზე იყო დამხობილი ლოცულობდა, ფრანკები კი ვერ ხედავდნენ, თუმცა ხშირად ფეხებითაც კი ეხებოდნენ მის სხეულს. ამგვარად, თავიანთი სიბრმავით მოტყუებულნი, იძულებული გახდნენ, მონასტრიდან ხელცარიელნი წასულიყვნენ.
ერთხელ წინამძღვარმა (ლიბერტინის მასწავლებლის, ჰონორეტის მემკვიდრემ) ლიბერტინს უბრძანა, მონასტრის საჭიროებისთვის რავენაში წასულიყო. ლიბერტინს ჩვევად ჰქონდა, წმინდა ჰონორეტის სიყვარულით, როცა სადმე მიდიოდა, თან მისი ფეხსაცმელი მიჰქონდა. მაშინაც ასე მიდიოდა რავენისკენ, გზად ერთი დედაკაცი გადაეყარა, რომელსაც ხელთ გარდაცვლილი შვილის სხეული ეპყრა. როცა ღვთის კაცი დაინახა, აღვირზე ხელი მოჰკიდა და ფიცით უთხრა წმინდანს: - გზას ვერ გააგრძელებ, ვიდრე შვილს მკვდრეთით არ აღმიდგენო. ლიბერტინს ესმოდა, რა უჩვეულო სასწაულის ჩადენას სთხოვდნენ, შეაძრწუნა ფიცთან შეზავებულმა თხოვნამ. ყოყმანობდა, არ იცოდა, განშორებოდა თუ არა ქალს, რომელიც იმას ითხოვდა, რაც მის ძალას აღემატებოდა. წარმოვიდგინოთ, რამხელა ბრძოლა იქნებოდა გაჩაღებული მის სულში. საკუთრივ თავმდაბლობა ებრძოდა მასში უბედური დედისადმი თანაგრძნობას, უჩვეულო სასწაულის მოხდენის შიში კი მწუხარე გრძნობას, რომ დაობლებული ქალისთვის უარი უნდა ეთქვა დახმარებაზე. საბოლოოდ, ღვთის სახელის განსადიდებლად თანაგრძნობამ სძლია თავმდაბლობის მტკიცე სათნოებას, ჩამოქვეითდა, მოიდრიკა მუხლი, ლოცვით აღაპყრო ხელნი ზეცისკენ, მერე კი ამოიღო წმინდა ჰონორეტის ფეხსაცმელი და გარდაცვლილ ყრმას მკერდზე დაადო. წმინდა კაცის ლოცვით გარდაცვლილის სული სხეულს დაუბრუნდა. ლიბერტინი ეამბორა გაცოცხლებულ ყრმას, გადასცა ატირებულ დედას და გზა გააგრძელა.
პეტრე: - მამაო, წმინდა ჰონორეტის ლოცვამ მოახდინა ამგვარი სასწაული თუ წმინდა ლიბერტინის ლოცვამ?
გრიგოლი: - ამგვარი უჩვეულო სასწაულის მოსახდენად შეერთდა: დედაკაცის სარწმუნოება და ორივე წმინდანის სათნოებათა ძალა. ვფიქრობ, ლიბერტინმა იმიტომ შეძლო ამ სასწაულის აღსრულება, რომ თავისი მოძღვრის სათნოებათა ძალას უფრო მიენდო, ვიდრე საკუთარს. მას სწამდა, რომ სული მოძღვრისა, ვისი ფეხსაცმელიც ედო გარდაცვლილს მკერდზე, შეისმენდა მის ლოცვას. მსგავსად იმისა, როგორც ელისემ ვერ გააპო ორად მდინარე იორდანე, როცა მხრებიდან თავისი მოძღვრის ხალენი მოიხსნა და წყალს დაარტყა, მაგრამ როგორც კი წარმოთქვა: სად არის უფალი ღმერთი, ელიასი" (4 მეფეთა, 2,14) და ელიას ხალენი მდინარეში ჩააგდო, წყალი გაიპო და გზა უჩვენა. ხედავ, ჩემო საყვარელო პეტრე, თავმდაბლობას რა ძალა აქვს სასწაულის მოხდენისას?
პეტრე: - მსიამოვნებს შენი მონათხრობის მოსმენა, ყოვლადპატიოსანო მამაო! კიდევ ხომ არაფერი იცი ამ წმინდანის შესახებ, ჩვენდა დასამოძღვრად?
გრიგოლი: - დიახ, ვიცი, მხოლოდ მათთვის, ვისაც მისი მიბაძვა სურს, რამეთუ ყველა ნიშსა და სასწაულზე აღმატებულად ვთვლი თავმდაბლობის სათნოებას. აი, რა მოხდა: ერთხელ ჰონორეტის შემდგომ მონასტრის მმართველად დადგენილი წინამძღვარი იმდენად განარისხა ლიბერტინის სათნოებამ, რომ მისი ცემა მოინდომა. ჯოხი ვეღარ იპოვა, სამაგიეროდ, პატარა სკამი აიღო და ისე ძლიერ ჩაარტყა, რომ თავი დაუსივდა. ლიბერტინმა მშვიდად დაითმინა ეს საშინელი განსაცდელი და კელიაში წავიდა. მალე აუცილებელი გახდა, მონასტრის საქმეებზე სადღაც წასულიყო. შეასრულა დილით ლოცვის კანონი და წინამძღვრის კელიაში შევიდა ლოცვა-კურთხევის ასაღებად. წინამძღვარმა იცოდა, თუ როგორ სიყვარულითა და პატივისცემით უცქერდნენ ლიბერტინს იმ უსამართლო შეურაცხყოფის გამო. იფიქრა, ალბათ მონასტრიდან საერთოდ უნდა წასვლაო და ჰკითხა: - საით გაგიწევიაო. მონასტრის საჭიროება მოითხოვს ამას. გადადება არ შეიძლება, ჯერ კიდევ გუშინ დავპირდი, რომ დღეს ამა და ამ ადგილას მივიდოდი. ახლა მინდა წავიდეო. შეემუსრა წინამძღვარს სული, მიხვდა, რამდენად მკაცრად და სასტიკად მოექცა ლიბერტინს. თან დაინახა, როგორი თავმდაბალი და მშვიდი იყო მისგან შეურაცხყოფილი. გამოვიდა კელიიდან, დაემხო ლიბერტინის წინ და აღიარა, რომ დამნაშავე ცოდვილი იყო, რადგან სასტიკი შეურაცხყოფა მიაყენა ასეთ სათნო ადამიანს. ლიბერტინიც დაემხო მოძღვრის წინაშე და არწმუნებდა, რომ მისი ცემის მიზეზი თვითონვე იყო და არა წინამძღვრის განრისხება. ამ ამბის შემდეგ წინამძღვარი ურთიერთობისას უაღრესად მშვიდად და თავმდამბლად იქცეოდა. ამგვარად, მოწაფის თავმდაბლობამ მოძღვარი გონს მოიყვანა. მონასტრის საქმეებზე მიმავალ ლიბერტინს გზად რამდენიმე ცნობილი დიდებული შეხვდა, დიდ პატივს რომ მიაგებდნენ მას. გაოცებულნი და შეწუხებულნი ეკითხებოდნენ, - რა შეგემთხვა ასეთი, მთელი სახე დალურჯებული და დასიებული რომ გაქვსო? გუშინ გვიან ღამით, ჩემი ცოდვების გამო, სკამს დავეჯახე და დავშავდიო, - პასუხობდა მათ ლიბერტინი. ამ წმინდა კაცმა წინამძღვრის საქციელი არ გაამჟღავნა და სიცრუის ცოდვასაც გაექცა.
პეტრე: - პატიოსანო მამაო, მსურს შევიტყო: ისეთმა ღვთისმოშიშმა ადამიანმა, როგორიც ლიბერტინი იყო და ამდენ საოცარ ამბავს მიყვები მასზე, ნუთუ მონასტერში თავის სათნოებათა მემკვიდრედ არავინ დატოვა?
თავი 3. ბერზე, რომელიც ამავე მონასტრის მებაღე იყო
გრიგოლი: - თავისი მონასტრის ძმობაზე ბევრ საკვირველ ამბავს მომითხრობდა შენთვის ნაცნობი ფელიქსი, მეტსახელად კურვუსი, რომელიც ცოტა ხნის წინ ამ მონასტრის იკონომოსი იყო. მის მონაყოლ ერთ ამბავს გავიხსენებ. ფუნდისის მონასტერში ერთი ბერი იყო, რომელიც მებაღეობდა და დიდსულიერად ცხოვრობდა. მის ბაღს ქურდი შეეჩვია - ღობიდან გადაძვრებოდა ხოლმე და ბოსტნეული მიჰქონდა. მებაღემ შეამჩნია, რომ ბოსტნეულიდან ცოტაღა იყო შემორჩენილი, ისიც დაგლეჯილ-დატკეპნილი. მოიარა მთელი ბაღი. ერთ ადგილას გველს წააწყდა. გამომყევიო, - უბრძანა. გველი დამორჩილდა. მივიდნენ იმ ადგილას, საიდანაც ქურდი შემოდიოდა და უბრძანა ქვეწარმავალს: - იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, ეს შემოსასვლელი დაიცავი და ქურდებს ბაღში შემოსვლის ნებას ნუ მისცემო. გველი მაშინვე ქურდის გზაზე გაიჭიმა, ბერი კი თავის კელიაში დაბრუნდა. შუადღისას, როცა ძმები ჩვეულებისამებრ ისვენებდნენ, ქურდმა ღობეზე გადაძრომა მოინდომა, მაგრამ ბაღში ფეხი ჩადგა თუ არა, გველი დაინახა - გზა გადაეღობა. შეშინებულმა უკან დაიხია, მაგრამ ფეხი ღობის წნულში გაეხლართა და წაიქცა. ასე დარჩა მებაღის მოსვლამდე. დაინახა ღობეში გაჩხერილი ქურდი და გველს უთხრა, - ვმადლობ ღმერთს, რომ შენ ის შეასრულე, რაც გებრძანა, ახლა კი წადიო. გველი მიიმალა. მაშინ მებაღე ქურდს მიუბრუნდა: - რაო, ძმაო? ღმერთმა ჩემს ხელში ჩაგაგდო. როგორ გაბედე, ამდენჯერ მოგეპარა მონაზვნის ნამუშაკევიო. ამის შემდეგ ქურდს ფეხი გაუთავისუფლა, მშვიდად ჩამოხსნა ღობიდან და კელიაში მიიპატიჟა. დიდი კმაყოფილებით უწილადა ბოსტნეული, რასაც ადრე ის იპარავდა. ბაღის კარამდე მიაცილა და უთხრა: - წარვედ და ამის შემდეგ ნუღარ იპარავ, ხოლო როცა ბოსტნეული დაგჭირდება, სჯობს, ჩემთან მოხვიდე, სიამოვნებით მოგცემ იმას, რასაც აქამდე იპარავდიო.
პეტრე: - ახლა დავრწმუნდი, რომ აქამდე ტყუილად ვფიქრობდი ხოლმე, თითქოს იტალიაში არ ყოფილიყოს სასწაულებით განდიდებული წმინდანები.