სჯობს კაცი განაწყენდეს, ვიდრე განაწყენდეს ღმერთი
სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)
სამყაროსთვის მლოცველნი
ჩვენ გვყავს შუამდგომელნი ღვთის წინაშე, მართალი ადამიანები, ჩვენი ახლობლები, შორეული ნათესავები ანდა ნაცნობები.
ისინი ჩვენთვის ლოცულობენ და მათი წმინდა ლოცვით უფალი ჩვენზე უხვად გადმოღვრის თავის წყალობასა და მადლს. ზოგიერთ ცოდვილს უკვირს: "რა სასწაულია ჩემს თავს, წუთის წინ პირზე დუჟმორეული ვამტკიცებდი, რომ ღმერთი არ არის, ახლა კი... ახლა თუნდაც გამროზგონ, რაც უნდათ, მიქნან, მაგრამ ვიცი... დიახ, დიახ! არა მარტო მწამს, ვიცი კიდეც, რომ ღმერთი არსებობს. მე მას საკუთარ თავში ისე აშკარად ვგრძნობ, როგორც საკუთარ სუნთქვას, როგორც იმას, რომ ცოცხალი ვარ და არა მკვდარი..."სამყაროსთვის მლოცველნი
ვერ იგებს ცოდვილი, რა დაემართა, არ იცის მიზეზი თავისი ფერისცვალებისა. მიზეზი კი უბრალო რამეა: შუამდგომლობა უფლის დედისა, წმინდათა ლოცვები, ამ ქვეყანაზე მცხოვრებ მართალ და ღვთისმოშიშ ადამიანთა ლოცვები - გამომსყიდველი მსხვერპლია ჩვენთვის გაწეული, რომელიც ამგვარ სასწაულს ახდენს, უფრო სწორად, უფალი მათი ლოცვების გამო სასწაულს ახდენს. ბედნიერნი არიან ის ცოცხალნი და გარდაცვლილნი, რომელთაც გვარში ამგვარი მლოცველები ჰყავთ, მაგრამ ბედნიერები ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები, რადგან ყველა ჩვენგანისთვის დღედაღამ ლოცულობენ მონასტრებში წმინდა მამები, რომლებიც წარმოთქვამენ თავიანთ ლოცვებს თითქოსდა მთელი სამყაროს სახელით. ისინი მთელი სამყაროსათვის ლოცულობენ და განსაკუთრებით ერთმორწმუნეთათვის.
ერისკაცებს სძინავთ, ისინი კი ფხიზლობენ, ლოცულობენ; ერისკაცები დღეში რამდენიმეჯერ ჭამენ საჭმელს, რაც კი ეგემრიელებათ, ისინი კი ყველაზე უგემური საჭმლით კმაყოფილდებიან და იმასაც მცირედს იღებენ, ზოგიერთის თავშეკავება იქამდე მიდის, რომ მხოლოდ მშრალ საჭმელს ჭამს. დანარჩენი ღვაწლი მათ მიერ დაფარულად აღესრულება, მათზე არც ვისაუბრებთ. ეს მონაზვნები თავიანთი ცხოვრებით იესო ქრისტეს ბაძავენ. როგორც ქრისტემ შესწირა თავი გამოსასყიდ მსხვერპლად, რათა კაცობრიობა გაეთავისუფლებინა წყევის, ცოდვისა და სიკვდილისგან, ასევე მონაზვნები გამოსასყიდ მსხვერპლად შესწირავენ თავს ერთმორწმუნეთა ცოდვებისთვის, უწინარესად კი ნათესავებისა და ახლობელი ადამიანებისთვის.
მაგალითად, წმინდა მარიამ მეგვიპტელი 17 წელი თავისი ცოდვებისთვის განსაწმენდელ მსხვერპლს შესწირავდა, დანარჩენი 17 წელი კი, თვითონ ცოდვებისგან განწმენდილი, ახლობლებისა და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის გამომსყიდველ მსხვერპლს შესწირავდა.
თავიანთი ღვაწლით და ლოცვებით მართალი ადამიანები მართლმსაჯული ღვთისგან ცოდვილ ადამიანებს გამოისყიდიან და ააცილებენ სასჯელს, ჩადენილი ცოდვების გამო რომ ეკუთვნით. წმინდა და მართალ ადამიანთა ლოცვით უფალი დედამიწას თავის მადლს უგზავნის: კეთილმოქმედ ჰაერს მოაფრქვევს, მაცოცხლებელ წვიმას აწვიმებს დაგვალულ მიწას, აძლევს მიწიერ ნაყოფთა სიუხვეს, ყველაფერს, რაც სჭირდება მთელ დედამიწას და სამყაროს ყველა სულდგმულს. სანამ მიწაზე ასეთი მართალი კაცნი არიან, მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
მიწა, ზღვა და ზეციური მნათობნი, მონაზონთა ლოცვით, პატიობენ ცოდვილებს, დამდაბლდებიან და გულშემუსვრილნი მათთან ერთად თავიანთ შემოქმედს აღუვლენენ ლოცვას, ქებას და თაყვანისცემას.
დარიგება
ახლა კი, ჩემო მეგობარო, მსურს მცირე, მაგრამ კონკრეტული რჩევა მოგცე. შეიძლება არ მოგწონდეს, რომ ზოგჯერ ერთსა და იმავეს ვიმეორებ ხოლმე, მაგრამ გამეორება ცოდნის დედაა. ხოლო ის, რაც დაიწერა, არა მარტო უნდა ისწავლო, უნდა განახორციელო. ასე რომ, მათი გამეორება არაფერს გავნებს. რჩევა-დარიგება კი ამგვარია: დაიცავი ენა, რომ ხშირად ის არ წარმოთქვა, რის თქმაც შენ არ გინდა, გახსოვდეს და განუწყვეტლივ იმეორებდე იესოს ლოცვას, ის აღმოგიფხვრის ბოროტ გულისთქმებს. გულმოდგინედ დაუკვირდი საკუთარ ფიქრებს, სიტყვებს და საქმეებს. საღამოთი განიხილე დღისით ჩადენილი ცოდვები და წარმოიდგინე, რამდენი უნანელი ადამიანი წავიდა იმ დღეს ჯოჯოხეთში. მადლობდე ღმერთს, რომ ის ჯერ კიდევ სინანულის ჟამს გაძლევს. ხვალამდე ნუ გადადებ სინანულს, ხომ არ იცი, მიაღწევ თუ არა მეორე დღემდე. საკუთარი სინანულის გადადებაზე მეტად არაფერი ეწინააღმდეგება ღვთისმოშიშებას. აღსარება რაც შეიძლება ხშირად თქვი, ყოველთვის, როცა ტაძარში მოხვდები. ყოველდღიურად ვცოდავთ, ყოველდღიურად უნდა ვინანიებდეთ, სადაც კი ამის საშუალება გვეძლევა. თუ ტაძარში ვერ ახერხებ წასვლას, შინ აღიარე შენი პირადი ჯვრის წინაშე. რაღაც პერიოდის ცოდვები კი სულიერ მამას მისწერე. თუ ყოველდღიურად არ ინანიებ, ცოდვები დაგავიწყდება და უნანელი დარჩები.
ასე რომ, ჩემო მეგობარო, ეცადე, რაც შეიძლება მეტი სინანულის ნაყოფნი გამოიღო, რამეთუ "ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკვეთოს და ცეცხლსა დაედვას" (მათე 3,10). უნაყოფო ხესავით საუკუნო ცეცხლში ჩაიგდებიან ის ადამიანები, რომლებიც არანაირ სულიერ ნაყოფს არ გამოიღებენ. ამიტომაც ღვთის შიშით და სიყვარულით ვემსახუროთ მოყვასს, განვიწმინდოთ გული გულწრფელი სინანულით, ვითარცა მეზვერე, შემუსვრილი გულის სიღრმიდან ყოველთვის შევღაღადებდეთ უფალს: "ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა", "მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე!"
ასე რომ, ჩემო მეგობარო, გაბედულად გაექეცი ცოდვასთან შეხვედრის ყველანაირ შემთხვევას. სიკეთით მიაგე განურჩევლად ყველა ადამიანს, კლიტე დაიდე ბაგეზე, თვალსა და ყურებზე, რომ მათ მიერ შენს ტაძარში საცთური არ შემოვიდეს, განუწყვეტლივ იღვწოდე ზეცისთვის, რომ განთავისუფლდე ცოდვისა და საცთურისგან და ღვთისთვის სასურველი გახდე. მაგრამ ნუ დაივიწყებ, რომ შენი ძალებით, ღვთის შეწევნის გარეშე, რაიმე კარგის გაკეთება არ შეგიძლია. ქრისტემ თქვა: "რომელი დაადგრეს ჩემ თანა და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (იოანე 15,5).
იცხოვრე ისე, რომ რწმენითა და სუფთა სინდისით, მშვიდი გულით და მთელი შენი არსების მყუდროებით შეგეძლოს შენთვის ბოძებული მადლის დამარხვა, ისეთი სიმტკიცით, რომ ვერანაირმა უბედურებამ, ვნებამ და საცთურმა მისი დანგრევა ვერ შეძლოს.
თავი რაც შეიძლება ხშირად განიწმინდე სინანულით, აკურთხე ის ჩვენს უფალთან, იესო ქრისტესთან ზიარებით. შენი სულის სამოსი განაშვენე სინანულის ღირსეული ნაყოფით. ყურადღებით, ლოცვით მიაპყარი მზერა საკუთარ სულს, რომ დაინახო შენი ცოდვები...
აი, ის ყველაფერი, რაც ღვთის შეწევნით შევძელი მომეწერა შენი შეკითხვების პასუხად. შენდობას და წმინდა ლოცვებს გთხოვ. მშვიდობა და კურთხევა ღვთისა შენზედა. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა! დიდება მარადქალწულ მარიამს, დედას ჩვენი ქრისტე ღმერთისა, უკუნითი უკუნისამდე! ამინ.
ლოცვით შენთან მარადმყოფი, შენი კეთილისმყოფელი სულიერი მამა სქემიღუმენი საბა
აღსარების ჟამს ნაქადაგებნი
საყვარელნო! მე თქვენს გამო სეფისკვერიდან ნაწილები ამოვკვეთე, ფეშხუმზე დავდე და თქვენი სახელები მოვიხსენიე. მას წმინდა ტრაპეზზე გადააბრძანებენ და ზიარების შემდგომ ლოცვით ჩაუშვებენ ბარძიმში: "განწმიდე, უფალო, ცოდვები აქა მოხსენიებულთა პატიოსნითა სისხლითა შენითა და ლოცვითა წმიდათა შენთათა" და თუ ერთხელაც აღსარება მიმიღია ვისმესგან, თავზე ოლარი გადამიფარებია, ყველასთვის ვლოცულობ და ვკვეთ ნაწილებს. ყველასთვის, ვისაც აღსარება უთქვამს ჩემთვის, ანდა მეტყვიან, ყველა სულიერი შვილისთვის, ღვთის შეწევნით, ასე ვევედრები: "არა ჩემთვის, უფალო, არამედ ჩემთვის ბოძებული და ჩემში არსებული მღვდლობის მადლისთვის (უდიდესი ძალა აქვს მღვდლობის ხარისხს და ამიტომაც ვამბობ ამგვარად) განსაკუთრებით მოიხსენიე ისინი, ვისაც აღსარება უთქვამს ჩემთან და ზიარებულა. შენ, უფალო, სულითა წმიდითა შეეწიე მათ, რათა იცხოვნონ თავი მოთმინებით, სიმდაბლითა და სინანულით. განაგდე მათგან ყოველგვარი არაწმიდება, შეარიგე ისინი, რომ მათ შორის არათუ ბოროტება, არამედ წყენაც კი არ სუფევდეს. შეეწიე მათ, რომ სულგრძელებით ატარონ თავიანთი ჯვარი - ღვთისმოშიშად იცხოვრონ და განეშორონ არაწმიდებას. ჰქენი ისე, რომ რაც მათ აწუხებთ, და რისი გადაწყვეტაც ყველაზე მეტად სურთ - ოჯახური, სამსახურებრივი, თუ სხვა - სულიწმინდით ყოველივე გადაწყდეს. შეეწიე მათ ავადმყოფობისა და მწუხარების ჟამს, რომ მიიღონ ის, რასაც ითხოვენ".
გწამდეთ, საყვარელნო, რომ სულიწმინდა უფრო მეტს მოიმოქმედებს, ვიდრე მოძღვარი. ამას ამბობს ცხოვრებისეული გამოცდილება!
გეტყვით მცირე მაგალითს. ერთმა სულიერმა შვილმა ჩემგან პასუხი ვერ მიიღო და ნაწყენი წავიდა. შინ კი ჩემი სახით უფლის ანგელოზი გამოეცხადა და სულიწმინდით ყველა მის შეკითხვას უპასუხა. ხომ ხედავთ! ამიტომაც ეჭვი ნუ შეგეპარებათ! სულიწმინდა, თქვენი რწმენისაებრ, თუ მასში ეჭვს არ ექნება ადგილი, ყველაფერს გაგიკეთებთ, ყველა საკითხს გადაგიწყვეტთ.
ის კი მერე მოვიდა ჩემთან და ინანიებდა: "ჩემი ეჭვის გამო ყველაზე მკაცრი ეპიტიმია დამადეო". ჰოდა, თქვენც ეჭვს ნუ შეუშვებთ გულში!
ასეთი ლოცვით სეფისკვერიდან ამოღებული ნაწილები ახლა ფეხშუმზე ძევს, "რომელი ქერუბიმთას" საგალობლის დროს მას წმინდა ტრაპეზზე გადაიტანენ. ზიარებისAშემდგომ ეს ნაწილები - მოხსენიებული ცოცხალთა და მკვდართა სახელები - ჩაეშვება ბარძიმში, სადაც უფლის სისხლი და ხორცია. ისინი უფლის სისხლით განიბანებიან, შეუერთდებიან უფალ იესო ქრისტეს სხეულს, ამიტომაც არანაირ სატანურ ძალას არ ძალუძს, ღვთისგან მოგვწყვიტოს.
უფალმა ბრძანა: "სადაც ორი თუ სამი ჩემი სახელით შეიკრიბება, მე მეც შორის ვარ". ეს იმას ნიშნავს, რომ მე თქვენს სახელზე სეფისკვერიდან ნაწილებს ამოვკვეთ, თქვენ კი მომიხსენიეთ. ილოცეთ იღუმენ საბასა და მის სულიერ შვილთა ჯანმრთელობისთვის. ზოგიერთი კითხულობს: "როგორ მოგიხსენიოთ?" ჩამწერეთ სინოდიკში, შინაც მომიხსენიეთ და აქაც, ლოცვისას.
ზოგიერთი მეუბნება: "კი, მამაო, აქ თქვენთვის ვლოცულობთ!" მაგრამ ჩაიხედავთ მათ სინოდიკში, ჩემს გარდა ყველა ჩაუწერიათ შიგ - დედა, მამა, ნათესავები, ნაცნობები. სულიერი მამა კი არ ჩაწერეს! სულიერი მამისთვის კი უწინ უნდა ილოცოთ! რატომ? მშობლებმა მხოლოდ გამოგზარდეს, აღგზარდეს, მაგრამ ცოდვების მოტევება და ამით სულიერი სიხარულის მონიჭება არ შეუძლიათ. სულიერი მამა კი ყველაფერს ივიწყებს, საკუთარ თავს ივიწყებს, და სხვათა ცხონების მოსურნე - თქვენს უძლურებებსა და ტვირთს იღებს, რათა თქვენ აცხოვნოთ საკუთარი სულები. ამიტომაც სულიერი მამისთვის განსაკუთრებულად უნდა ილოცოთ. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩემთვის ლოცვა გაიძულოთ. ნაძალადევად ვერ ილოცებ. თუ არ გსურთ - არავინ გაიძულებთ! მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ არ არის მაცხოვნებელი, როცა მხოლოდ მოძღვარი ლოცულობს თქვენთვის. მაცხოვნებელია, როცა მოძღვრისთვის ლოცულობთ და ის კი თქვენთვის ევედრება ღმერთს. გასაგებია?
აი ახლა თქვენთვის ნაწილებს ამოვკვეთ და მსურს, რომ არ იყოთ ყალბნი, არ მოატყუოთ საკუთარი თავი და არც ღმერთი. თავს იტყუებთ, სხვებსაც ატყუებთ, მოძღვრის წინაშე თავს იმართლებთ, ხოლო ღმერთის და სინდისის წინაშე თავს არ იმართლებთ. ეს უკვე სიყალბეა! განგვაშორე, ღმერთო!
წმინდა ეკლესია ერთმანეთისთვის ლოცვისკენ მოგვიწოდებს. ამიტომაც, როცა საკურთხეველში შემოვდივარ და ნაწილებს ვიღებ სეფისკვერიდან, გიხსენებთ თქვენ და მსურს, რომ ყველაზე მთავარი მიიღოთ - ესაა მადლი შეწევნისა და გაძლიერებისა, რომელიც მიგვიძღვება ღვთისმოშიშებისკენ და განგვაშორებს არაწმინდებას.
ინებოს ღმერთმა, რომ ყველა ვცხონდეთ და ჭეშმარიტების შეცნობამდე მივიდეთ!
***
ზოგიერთებს სევდა და სასოწარკვეთა სჭირს. რადგან ადამიანებმა შესცოდეს, ღმერთი კი ამის გამო მათ ეპიტიმიას უგზავნის, რამეთუ კაცი არ უსმენს თავის სინდისს. მოძღვარი ამბობს: "თავი შეიკავეთ ამგვარი მოქმედებისაგან". კაცი კი არც საკუთარ სინდისს უსმენს და არც მოძღვარს. და მაინც ფიქრობს: "მოძღვარი ჩემდამი ასეთი მკაცრი რად არისო?" ასე რომ, შეიძლება მოძღვარმა გაპატიოს, ღმერთმა კი არა. არადა კაცს უნდა, თავი დააღწიოს ამ სევდას, სასოწარკვეთას! მაგრამ რითი? მოთმინებით და თავმდაბლობით! ამიტომაც, საყვარელნო, ნუ გეწყინებათ! მოძღვარი თუ ზოგჯერ მკაცრად გექცევათ, ესე იგი სურს, საუკუნო სატანჯველს არ მიეცეს თქვენი სულები. ჩვენ კი ზოგჯერ ვდრტვინავთ. ეცადეთ, არ განაწყენდეთ, სასო არ წარიკვეთოთ, არამედ გიხაროდეთ და მადლობდეთ უფალს. ასე რომ, შემინდეთ ქრისტეს გულისთვის ეს სიმკაცრე. სჯობს კაცი განაწყენდეს, ვიდრე განაწყენდეს ღმერთი, მადლი, სინდისი და მღვდლობის მადლი დავკარგოთ... დაგვიფაროს ღმერთმა! ზოგიერთი ფიქრობს: - ასეთი აღფრთოვანებული მოვედი! მოძღვარი კი ყურადღებას არ მაქცევსო. რატომ? იმიტომ, რომ სხვანაირად მოძღვარმა შეიძლება მღვდლობის მადლი დაკარგოს. მან თან უნდა გაიყოლოს ერი და არა პირიქით, ერს გაჰყვეს.