თუ შეატყვე, რომ ბრაზდები, საუბრის თემა შეცვალე, მხილებას ნუღარ განაგრძობ
სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)
სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)
შიცან თავი შენი
სხვები თუმცა სცოდავენ უძლურების გამო, მაგრამ ამას გულისშემუსვრილებისა და სიმდაბლისკენ მიჰყავს ისინი. ცოდვების დაფარვას არ ცდილობენ. მათ უკადრისობენ და ამცირებენ, მაგრამ არ ბრაზობენ, თავს ყველაზე ცოდვილად და ყველანაირი დაცინვის ღირსად თვლიან. მე კი... თითოეულ მცირე ცოდვასაც კი საგულდაგულოდ ვმალავ, რომ სხვებს ღვთისმოშიში და კარგი ვეჩვენო... ვაი და ვაი! როგორ შორს ვარ ნამდვილი ღვთისმოშიშებისგან! მცირე მიზეზით თუ უმიზეზოდ, მხოლოდ ერთი ეჭვიანობის გამო, დენთივით ვფეთქდები, სულში კი ბოღმას და შურისძიებას ვიმარხავ...
ამგვარად ფიქრი ძალზე სასარგებლოა. ამით უფრო და უფრო უნდა განვაღრმაოთ გულის შემუსვრილება - შეცნობა საკუთარი თავისა, შეცნობა საკუთარი არარაობისა და ამგვარად თვეში ერთხელ ანდა კვირაში ერთხელ კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ ყოველდღიურად, ყოველ საათში, სანამ ამგვარი სინანულის გრძნობა არ შეეთვისება ჩვენს არსებას, სანამ არ შეაღწევს ჩვენს სისხლსა და ხორცში და არ იქცევა განუყოფელ ნაწილად ჩვენი ფშვინვიერი გულისა; და როცა შევიძენთ ამ უხრწნელ საგანძურს, როგორც თვალისჩინს, ისე გავუფრთხილდებით სიცოცხლის ბოლო დღემდე.
მდაბალი შეგონება
მთხოვ განგიმარტო, რა საერთო აქვს და რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან განკითხვა და მხილება. არსებითი შეკითხვაა. ამას წინათ ერთმა სულიერმა შვილმა მკითხა: "მამაო, რატომ არის, რომ ერთ წიგნში თუ წერთ: უნდა ამხილო ცოდვილი და დაეხმარო გამოსწორებაშიო, სხვაგან ამბობთ: განკითხვა არ შეიძლებაო. ნუთუ განკითხვა და მხილება არსებითად ერთი და იგივე არ არის?"სულაც არ არის ერთი და იგივე! ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდებიან, თუმცა ერთი შეხედვით მსგავსნი არიან. მხილებას ადამიანის გამოსწორების სურვილი აქვს, რომ კაცი უკეთესი გახადოს და ეს სული აცხოვნოს. განკითხვას კი დამცირების მიზანი, რომ დაუბნელოს გონება, დაუნგრიოს ცხოვრება და სული დაღუპოს. შეიძლება შემეკამათო: "არაფერი ამგვარი არ ხდება. მე როცა განვიკითხავ, მისი დაღუპვის სურვილი არასოდეს მაქვს. მხოლოდ ჩემს აზრს გამოვთქვამ".
განა მართლა ასეა, ჩემო მეგობარო? მაშინ რა მიზანი გაქვს, როცა სხვას განიკითხავ? შესაძლოა თანამოსაუბრის თვალში შენს მიერ განკითხულის ამაღლება გსურს? იქნება გსურს, რომ მას კეთილგანწყობა გაუჩნდეს განკითხულის მიმართ? იქნებ ამ განკითხვით მათი შერიგება გინდა? რა თქმა უნდა, არა, განკითხვას სწორედაც საპირისპირო შედეგისკენ მივყავართ.
ქრისტიანის დანიშნულებაა - სიკეთე აკეთოს და სულები აცხოვნოს, იხსნას საკუთარი თავი, იხსნას მოყვასი. ამიტომ როცა ვინმე სცოდავს, ამხილე მდაბლად, სიყვარულით, შეეცადე, არ განიკითხო. უფალი გვიბრძანებს: "თუ შესცოდა შენს წინაშე ძმამ, მივედ და ამხილე". უფალმა ის კი არ თქვა, "განიკითხეო", არამედ "ამხილეო". თუ შენ არ გისმენს, შეიძლება მისი ნაკლის შესახებ სხვასაც კი უთხრა, რომ მანაც მიიღოს მონაწილეობა ცოდვილის გამოსწორებაში. მხოლოდ უნდა უთხრა ისეთ საიმედო, ღვთისმოშიშ და გამოცდილ ადამიანს, რომელიც, იცი, არ განიკითხავს და ხელს არ შეუშლის ცხონების საქმის აღსრულებას.
არ დაეჭვდე, ისე შეაგონე გზაშეცდენილს, თუნდაც ამისთვის განსაცდელის დათმენა მოგიხდეს. დაითმინე, გონს მოიყვანე, რაც შეგიძლია დაეხმარე და ღვთისგან დიდ საზღაურს მიიღებ. დატუქსვისას ნუ იქნები უხეში და მკაცრი, თავი შორს დაიჭირე გაღიზიანებისა და რისხვისგან... დაგვიფაროს ღმერთმა და, თუ შეატყვე, რომ ბრაზდები, საუბრის თემა შეცვალე, მხილებას ნუღარ განაგრძობ, სწრაფად შენდობა ითხოვე და განეშორე, იმიტომ, რომ თუ გაბრაზებით და უხეში ფორმით ამხილებ, სწორედ ეგ არის განკითხვა. ამ შემთხვევაში ვერც ცოდვილს დაიხსნი და თავსაც დაიღუპავ. ვინც მხილებისას გამძვინვარებულია და ამცირებს ადამიანს, მაშინ ის მის ცოდვას საკუთარ თავზე იღებს ისე, როგორც განკითხვისას ხდება. ეცადე, მას უსჯულოებაზე ხელი ააღებინო ღვთის შიშით და არა შენი სიმართლით. მდაბლად აუხსენი, რამდენად სახიფათოა სულისთვის ამგვარი ცოდვა, რომ იგი ღვთისთვის საძაგელია და ცოდვის ქმნისთვის სასჯელს მიეცემა.
ისეც ხდება ხოლმე, როცა მდაბალ და სიყვარულით აღსავსე შეგონებას იმდენად დიდი ძალა აქვს, რომ ცოდვილს გონიერ თვალებზე გადაკრული ლიბრი ჩამოეცლება, ცხადად დაინახავს თავის სავალალო მდგომარეობას და სასოწარკვეთა მოიცავს. ამ დროს ის ამგვარი სიტყვებით უნდა ანუგეშო: "ღმერთი მოწყალეა, ყველაფერს გვაპატიებს, ოღონდ შეინანე და ასე ნუღარ მოიქცევი. თუ სინანულის ნაყოფს უხვად გამოიღებ და გულს განიწმენდ, მაშინ შენს ბედნიერებას დასასრული არ ექნება". შემდეგ კი მოუყევი მას, თუ რაოდენ ინეტარებენ შეწყალებული მართალნი, ჯერ კიდევ აქ, მიწაზე და როგორ მიიღწევა ასეთი მდგომარეობა... და სხვა. ის, რაც იცი, შეგიძლია სხვებსაც გადასცე. ხოლო თუ დაჟინებით თავს იმართლებს, მაშინვე სხვა თემაზე ესაუბრე, თორემ უფრო გაუსასტიკებ გულს და ჩაუკლავ სიკეთისკენ მიდრეკილებას.
მდაბლად მხილება და შეგონება ძალზე სასარგებლოა და სულის მაცხოვნებელი ორივე მხარისთვის. მაგრამ მშვიდად, მდაბლად და სიყვარულით მხილება შეუძლია მხოლოდ მას, ვინც თვითონვეა თავისუფალი ვნებებისგან, ნაკლისგან, განსაკუთრებით სიამაყის, პატივმოყვარეობისა და რისხვისგან, ვინც არა მარტო სიტყვით ასწავლის, არამედ კეთილი საქმეებით, უფრო კი სათნო, ღვთისმოშიში ცხოვრებით. თორემ სხვანაირად კეთილი განზრახვა, ცოდვილს რომ გამოსწორებაში დაეხმარო, შეიძლება შემოგიბრუნდეს და მისი საბოლოოდ დაღუპვის მიზეზად იქცეს, თუ შენ მხოლოდ შენი ვნებებისდა მიხედვით იმოქმედებ, ამიტომ აჯობებს, ღმერთს ცოდვილისთვის ევედრო და დილა-საღამოს შენს პირად ჯვარს ლოცვით ეამბორო.
ჩემო მეგობარო, შენ ჯერ არ გამოგიცდია, რაოდენ კეთილისმყოფლად მოქმედებს ისეთი უბრალო რამ, როგორიცაა ჯვარზე მთხვევა. სცადე და თვითონვე დარწმუნდები.
ბაგენი შენნი აღაღე მხოლოდ ლოცვისთვის, დიდებისმეტყველებისთვის, ღვთის განდიდებისთვის, მდაბლად შეაგონე მცოდველს და მოკლედ უპასუხე მკითხველს, დანარჩენი დრო კი ბაგე დაიხშე ანუ დადუმდი და განუწყვეტლივ გონებაგანუფანტველად ილოცე.
საუბრის ანალიზი
გაუჭირდება სულის ცხოვნება იმას, ვინც დუმილს არ იმარხავს, ვინც მთელ დროს მიწიერსა და ამაო საგნებზე ფუჭ საუბრებში ატარებს, განსაკუთრებით ვინც სხვას განიკითხავს. ტყუილად კი არ უთქვამთ: ვინც მრავლისმეტყველია, ის მრავლისმცოდველიაო.შეეცადე, შენი ჩვეულებრივი საუბარი გააანალიზო და დარწმუნდები, რომ ლამის შენი ყოველი სიტყვა ცოდვაა: ზოგი წუწუნია, ზოგი დრტვინვაა, ზოგი - კამათი, ზოგიც სულაც განკითხვაა და ცილისწამება. ავიღოთ ასეთი შემთხვევა, როცა ერთმანეთს ვეკითხებით: "როგორ ხარ, როგორა გაქვს ჯანმრთელობა?" აბა, რას იტყვი, კარგია ეს თუ ცუდი? სულისთვის სასარგებლოა ეს შეკითხვა თუ მავნებელი?
სწორად რომ ვუპასუხოთ ამ შეკითხვებს, შემკითხველის განზრახვა უნდა ვიცოდეთ. თუ კაცი ამას დახმარების მიზნით ეკითხება ავადმყოფს, რომ სურს წამალი მოუტანოს, აუცილებელი ნივთები და საკვები შეუძინოს, ანდა სახლი დაულაგოს და ასე შემდეგ, მაშინ ეს კარგია. მაგრამ თუ მხოლოდ იმიტომ ეკითხებიან, რომ თავიანთი ზრუნვა და სიყვარული აჩვენონ მოყვასს, ძალიან ცუდია. ასეთი ფარისევლობა ეზიზღება როგორც ღმერთს, ისე ადამიანს. თვითონაც უქმმეტყველებენ და სხვებსაც აგდებენ ამ ცოდვაში. მთავარი კი ის არის, რომ ის, როგორც ავაზაკი ძარცვავს ავადმყოფს, სტაცებს იმ ჯილდოს, რომელიც განუმზადა მას ღმერთმა სნეულების დათმენისთვის, წაიდრტვინა თავის ავადმყოფობაზე და დაკარგა საზღაური. ხოლო ვინც ამ უბედურებამდე მიიყვანა, მცირედითაც არაფრით ანუგეშებს. ის ბედნიერია, ხარობს: "ნახეთ, რა ყურადღებიანი ვარ! ჩემზე იმას არ იტყვიან, რასაც ტ-ზე და ა-ზე ამბობენ, გულქვაა და სხვისი ბედი არ ანაღვლებს, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავსო!" თავის სხვა ცოდვებს მან მოჩვენებითი სიმართლეც მიუმატა და ფარისეველივით სხვებზე ამაღლდა.
თუ კაცი ჯანმრთელობაზე იმიტომ იწყებს საუბარს, რომ მერე თვითონაც წაიწუწუნოს თავის ავადმყოფობაზე, ამით საკუთარ თავს აყაჩაღებს.
ხშირად ამას ტაძარშიც გეკითხებიან. თუ გავიხსენებთ, რომ ტაძარში საუბარი დიდი ცოდვაა, მაშინ წარმოიდგინეთ, რარიგ განიკითხებიან ამგვარი შეკითხვის უმიზნოდ დამსმელნი.
წესად დაიდე და ყოველდღიურად ასე ნაწილ-ნაწილ განიხილე შენი იმ დღის საუბრები და როგორც ცეცხლს, ისე გაექცევი ამგვარ ურთიერთობებს და საუბრებს, ისწავლი დუმილს და მიეჩვევი, რომ არავინ განიკითხო თვით შენს გულისთქმებშიც კი.
დუმილი
გონიერი ქრისტიანი ყოველთვის დუმს, რადგან იცის, რომ ენა, თუმცა პატარაა და რბილი, მტკივნეულად მოსწყლავს გულს, რაც მთავარია, სულს ღუპავს. წმინდა წერილი გვასწავლის: "რომელმან ჰრქუას ძმასა ცოფ, თანამდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა" (მათე 5,22).
როგორც ხშირად ხდება, საუბარში თუ არ ვიყენებთ სიტყვა "ცოფს" (ანუ გიჟს), სხვა სიტყვებით გამოვხატავთ იმავე აზრს. ჯანმრთელ ადამიანზე იტყვიან: "მაგას რა ესმის, ვერაფერს გააგებინებ!", ანდა "თავში ყველაფერი წესრიგში არა აქვს" და სხვა.
შეიძლება საუბრისას შენც დაგიმცირებია ამგვარად ადამიანი. დაგიფაროს ღმერთმა! ეს ძალზე დიდი ცოდვაა.
თუ რაიმეს ვერ მიხვდები სარწმუნოებაში, ნუ შეაწუხებ კამათით იმ ადამიანს, ვინც ამას გიხსნის, არამედ დადუმდი, ილოცე და მოთმინებით ელოდე ჟამს, როცა უფალი მას გაგაგებინებს. მოვა დრო, როცა ამას არა მარტო სიტყვით შეიცნობ, არამედ ცხოვრების გამოცდილებითაც. თუ შენი რწმენისა და სიყვარულის საქმეს მოყვასი უკუღმა გაიგებს და განგიკითხავს, დადუმდი, ნუ გამოაჩენ შენს სათნოებებს, ნუ გაიმართლებ თავს კაცთა წინაშე, საზღაური რომ არ დაკარგო, არამედ ევედრე ღმერთს, ის განგამართლებს და დაგაჯილდოებს.
თუ განსაცდელი და მწუხარება გეწვია - დადუმდი, ნურავისთან იწუწუნებ, ნუ იდრტვინებ, ნუ იტირებ, არამედ მშვიდად, დიდსულოვნად დაითმინე განსაცდელი და ამით აჩვენე, რომ მორჩილი ხარ ღვთის განგებულებისა.
თუ შენი მიწიერი ცხოვრება იმდენად დიდებულია, რომ გულს უჭირს ამდენი სიხარულისა და ნეტარების დათმენა და ბედნიერებით ლამის დაფრინავ, გინდა, მთელ სამყაროს მოეხვიო სიყვარულით და ყველას შენს სიხარულზე მოუყვე - ამ დროს დადუმდი და მხოლოდ სამადლობელი ლოცვა შესწირე უფალს. სხვებმა შეიძლება ვერ გაგიგონ და დაბრკოლდნენ, მათ განკითხვის ცოდვაში ჩააგდებ და ამ დროს შეუმჩნევლად შენ თვითონ პატივმოყვარეობაში ვარდები და კარგავ მადლს, სიხარულს. დადუმდი?
მდუმარება არის ძირი უცოდველობისა, ამიტომაც ეცადე, რაც შეიძლება მეტად დუმდე. თუ შეგეკითხებიან - მოკლედ უპასუხე, თუ არავინ არაფერს გეკითხება - დადუმდი, რამეთუ მდუმარებას მშვიდი, წყნარი და უცოდველი ცხოვრებისკენ მიჰყავხარ. თუნდაც ღვთისმოშიშ და ღვთივგანბრძნობილ ქრისტიანთა საზოგადოებაში მოგიხდეს ყოფნა, უფრო მეტად უსმინე, ვიდრე ისაუბრებ. თუკი მაინც მოგიხდება რაიმეს თქმა, თქვი სიმართლე გაცხადებულად, ნათლად, რადგან ორაზროვნება - იგივეა, რაც სიცრუე, სიცრუე კი გეენიაში ჩაგვაგდებს. სჯობს სიმართლისთვის მწუხარება დავითმინოთ, ვიდრე ვიცრუოთ. ვინც იტყუება და ცრუობს, მას ღმერთი შეიძულებს, ადამიანებს კი მისი ეშინიათ. ასეთებს უკვე აღარაფრად აგდებენ და არ სჯერათ მათი, თუნდაც სიმართლეს ამბობდნენ.
პირობას ნუ მისცემ, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ შეასრულებ. და თუ რამეს დაჰპირდები, ყველანაირად ეცადე მის ასრულებას. სჯობს საქმე სიტყვის გარეშე, ვიდრე უსაქმოდ ნათქვამი სიტყვა. რამეთუ მადლი მიეცემა არა მას, ვინც ამბობს, არამედ ვინც კარგად ცხოვრობს და კეთილ საქმეებს სჩადის.
ნურავის წინაშე თავს გონიერად და სხვებზე უკეთესად ნუ გამოაჩენ, ნურავის შეეკამათები, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე ნურავის აუხსნი შენს გასაჭირს, ნურავის მოუყვები შენს საქმეებზე, რომელიც გამოგაჩენს დიდად ან საძაგლად, ნურავის განიკითხავ, მხოლოდ საკუთარი თავი ჩათვალე ყველაფერში დამნაშავედ. თუკი ამგვარად მოიქცევი, შენდა შეუმჩნევლად სათნოებათა კიბეზე დაიწყებ აღსვლას. მაგრამ თუ არ დაცხრები სიტყვის თქმისგან და საკუთარ თავს დუმილს არ აიძულებ, მაშინ ცხოვრებაში ბევრის დათმენა და ზნეობრივ-სულიერი სრულყოფილებისკენ გრძელი და შემოვლითი გზით სვლა მოგიწევს. წმინდა წერილი ამაზე ამბობს: "რომელსა ეგონოს თქვენს შორის, ვითარმედ ღმერთის მსახურ არს და არა აღვირ ასხმიდეს ენასა თვისსა, არამედ აცდუნებდეს გულსა თვისსა, ამაო არს მსახურებაი" (იაკობ 1,26). ჯერ კიდევ ქრისტემ ბრძანა: "სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო" (მათე 12,37). ასე რომ, თუ არ ძალგიძს ანდა არ გსურს მდუმარება, მხოლოდ ის თქვი, რაც რწმენაში განამტკიცებს ადამიანს, რაც მადლს მოჰფენს მსმენელს.
ჩვენ რომ მხოლოდ კეთილ, წმინდა, საღმრთო სიტყვებს ვამბობდეთ, ვასწავლიდეთ უცოდინართ, გონს მოგვყავდეს გზააბნეული, ვარიგებდეთ ცოდვაში წაფორხილებულთ, ვანუგეშებდეთ მწუხარეს, ბავშვებს ყოველივე სასიკეთოს ვასწავლიდეთ, მაშინ ვიქნებოდით ღვთისმოშიში მაწავლებლები და ნუგეშისმცემელნი. გონიერი, სასარგებლო, ჯანმრთელი, ღვთივსასურველი სიტყვა განკითხავად კი არ ჩაგვეთვლება, არამედ განმართლებად და ღვთისგან ჯილდოც მოგვევლინება, რამეთუ ეს არის მთავარი ქრისტიანული სათნოება.