სიბრძნის დასაწყისია, სინანულის დასაწყისია, გადარჩენის დასაწყისია
* ღმერთის უზენაესი მსჯავრი განსხვავებულია ადამიანთა მსჯავრისგან.
ყოვლადმოწყალე და სიყვარულით ყოვლადსავსე უფალი რომ მრისხანების ვნებას ემორჩილებოდეს, მაშინ კაცთა მოდგმა დიდი ხნის წინათ იქნებოდა ამომწყდარ-გადაშენებული. * თავისი მრავალმოთმინებისა და უსაზღვრო კაცთმოყვარეობის გამო უფალი დიდი ხნის განმავლობაში გვაფრთხილებს და გვემუქრება ხოლმე, ვიდრე ნამდვილ სასჯელს მოგვივლენდეს.
* რა დიდხანს გითმენდა ღმერთი და კვლავაც გითმენს და გიტანს, შენ კი მაინც არ ადგები გამოსწორების გზას.
* თუ ღმერთი ჰყოვნის და გადადებს თავის საღმრთო სასჯელს შენს მიმართ, რასაც სავსებით იმსახურებ, შენ ნუ გადადებ და დაუყოვნებლივ ეცადე მისკენ მოიქცე!
ნეტარი ავგუსტინე
ზოგჯერ ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ ადამიანმა სამარცხვინო საქმე აღასრულოს და ამას იქმს იმ მიზნით, რომ მასში სხვა, უფრო ბილწი და დამღუპველი ვნება აღმოფხვრას. ასე მაგალითად, როცა ვინმე თავს იქებს თავისი ძველი საქმეებით და მართალი მორწმუნეობით, ღმერთი დაუშვებს ხოლმე, რომ იგი სიძვა-მრუშობის ცოდვაში ჩავარდეს და სწორედ ასეთი დაცემის შედეგად მოეგოს გონს, გულისხმა-ჰყოს თავისი უძლურება, თავი დაიმდაბლოს, ქედი მოიხაროს და წრფელი აღსარებისთვის შეუვრდეს უფალს მონანული გულით.
* ღმერთს თავისი წინამსწრობელი ნებით სურს, ჩვენგან კეთილი საქმეები მიიღოს და სწყალობს კიდეც მათ თავისმიერი შეწევნით. ხოლო ბოროტი საქმეები მას არ სურს ჩვენგან, არც თავისი წინამსწრობელი ნებით და არც თავისი შემდგომი ნებელობით, მაგრამ ღმერთი მიუშვებს ხოლმე ჩვენს თავისუფალ ნებას ბოროტის საქმნელადაც, რამეთუ იძულებით რაიმეს მოქმედება არც სათნოებად შეგვერაცხება და არც გონიერ საქმედ.
* შემოქმედი ღმერთი მთელ თავის ქმნილებას სიბრძნით განაგებს და ჩვენც, ადამიანებს, გვირგვინს თავისი ქმნილებისა, მადლს მოგვანიჭებს, გვწყალობს და შეგვაგონებს მთელი დანარჩენი ქმნილების მეშვეობით. ზოგჯერ კი ამას თვით ბოროტ სულთა - დემონთა მეშვეობითაც იქმს, რაც ჩვენთვის საღმრთო წერილიდან არის ცნობილი - მართალი იობისა და ღორების კოლტის ამბებიდან.
წმინდა იოანე დამასკელი
თუკი აწინდელ, ქვეყნიურ ცხოვრებაში ყველა ადამიანისთვის ღმერთის მიერ უპოვრება და გაჭირვებაა განჩინებული, როგორც ბუნებრივი დროებითი სასჯელი, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ის ადამიანი, ვინც მთელი ძალისხმევით უმართებულოდ ცდილობს გაექცეს ამ უპოვრებას და ესწრაფვის, ქვეყნიური კეთილდღეობა მოიპოვოს, რათა ბედნიერად და უზრუნველად იცხოვროს, ეწინააღმდეგება ღმერთს და ამის გამო საუკუნო სასჯელს ეწევა.
წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
ღმერთი სამუდამოდ არც უბედურებაში ტოვებს ადამიანებს, რათა სრულიად უღონონი არ შეიქნან და არც ბედნიერებაში, რათა დაუდევრობით არ ევნონ და სხვებზე ზრუნვა არ დაივიწყონ, რამეთუ იგი სხვადასხვა საშუალებითა და ღონით განაგებს ადამიანთა ხსნას.
* იტანჯო მანამდე, სანამ ღმერთის არსებობა გაგრძელდება ანუ სამარადისოდ - განა შეიძლება ამაზე უფრო დიდი უბედურება წარმოვიდგინოთ ცოდვილ ადამიანთათვის?
* მომავალ, საუკუნო სიკეთეთა დაკარგვა ისეთ მწუხარებასა და გაუსაძლისობას სწევს ყოველ ცოდვილ და შეუნანებელ ადამიანს, რომ დაე თუნდაც არანაირი სხვა სასჯელი და სატანჯველიც არ მოელოდეთ, იგი მაინც უკვე თავისთავადვე იქნება გეჰენიის ცეცხლისმიერ სატანჯველზე უფრო მძაფრი, და ისე დაგლეჯს და აღაშფოთებს ასეთ ადამიანთა სულებს ამის შეგნება, რომ უმეტესს ვერანაირი სხვა სატანჯველი ვერ მოიმოქმედებს!..
წმინდა იოანე ოქროპირი
მაგრამ ვუწყი მე ცეცხლი არა განმწმენდი, არამედ - დამსჯელი, მტანჯველი. ამ საშინელ ცეცხლს ყველა ცოდვილზე აწვიმებს უფალი, შეუერთებს რა მასში ერთმანეთს წუნწუბას და სულს. ეს ცეცხლია განმზადებული ეშმაკისა და მისი ბოროტი ანგელოზებისთვის. ამრიგად, ვუწყი მე ის ცეცხლი, რომელიც გამოვალს პირისაგან უფლისა და ყოველგნით დაწვავს მის მტრებს.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
გინახავთ, რა ტანჯვით იხუთება ნაპირზე გადმოგდებული თევზი?! ასეთივე ტანჯვით შეიხუთება მძიმედ შეჭირვებული ჩვენი სულიც, როცა იგი, მანამდე მხოლოდ ამა ქვეყნისათვის მცხოვრები, პირისპირ დადგება მისი დატოვების აუცილებლობის წინაშე. მაშინ ძალზე ვინანებთ ყოველი იმ წუთის გამო, რომელიც შეგვეძლო სულის სარგებლობისთვის გამოგვეყენებინა, მაგრამ არ გავაკეთეთ ეს და უქმად დაგვეკარგა ისინი. მაშინ ძალზე ვინანებთ ყოველი იმ უზაკველი სიხარულის გამო, რომლითაც შეგვეძლო დავმტკბარიყავით, მაგრამ არ დავტკბით, რადგან ამაო, წარმავალი გრძობისმიერი სიამენი გვიშლიდა ხელს და თავისკენ გვიტაცებდა მაცდუნებელი მომხიბლაობით. მაშინ ძალზე ვინანებთ ყოველი იმ შემთხვევისთვის, რომელიც ღმერთისგან მოგვემადლა სათნოებაში ჩვენს განსამტკიცებლად და ხელიდან გავუშვით ისინი. მაშინ ჩვენ სრულად შევიცნობთ, თუ რა კნინ ფასად გაგვიყიდია ამქვეყნად ჩვენი უფლება ცათა სასუფევლის დამკვიდრებაზე და რა ძვირად მოგვისყიდია გეჰენიის ცეცხლი! და მაშინ ცხადად შეიცნობ შენ, ჰოი, ცოდვილო ადამიანო, თუ რა ძვირფასი ყოფილა ის დრო, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრებისას უქმად დაგიკარგავს, მაგრამ იმ მძიმე ჟამს, როცა იძულებული იქნები დატოვო ეს ქვეყანა, უკვე მეტისმეტად გვიან იქნება რაიმე გამოასწორო! მაშინ კი ისურვებდი ნებისმიერ ფასად გეყიდა იგი, მაგრამ ვერ კი შეიძლებ!
* ნუ დატკბები ამქვეყნიური შვება-სიამით, რადგან იგი ყველაზე სავალალო სიკვდილით მოგაკვდინებს.
* ნუ ეცდები, სხვას ვისმე მოაწონო თავი, თვინიერ ქრისტესი, და ნურც ოდესმე სხვისი მრისხანება შეგზარავს, თვინიერ საღმრთო რისხვისა!
* ყველაზე მეტად ღმერთისა და საუკუნო სატანჯველის გეშინოდეს, და ნუ შეგეშინდება ადამიანებისა და მათი ხანმოკლე გაბოროტებისა!
წმინდა ანტონი დიდი
არ არსებობს ტანჯვასა და განსაცდელში სხვა ნუგეში, ვიდრე ის, რომ შევხედოთ მათ "სხვა სამყაროდან". ეს ერთადერთი სწორი შეხედულებაა. თუ მხოლოდ მიწიერი სამყაროს არსებობას ჩავთვლით, მაშინ ყველაფერი - განშორება, ავადმყოფობა, უსამართლობა, სიკვდილი - უაზრობაა. ყველაფერი ეს აზრს იძენს უხილავი ცხოვრების უკიდეგანო ოკეანის ფონზე, რომლითაც გარშემორტყმულია ჩვენი მიწიერი ცხოვრების პატარა კუნძული! ვის არ განუცდია სულთქმა "იქიდან" ძილში, ლოცვებში! როდესაც ადამიანი პოულობს ძალას, მიიღოს ღვთის მიერ მოვლენილი გამოცდა, ის ამით დგამს უზარმაზარ ნაბიჯს წინ სულიერ ცხოვრებაში.
* როგორი მართალი და სუფთაც არ უნდა იყოს ადამიანი, მასში არის ცოდვის სტიქია, რომელსაც არ შეუძლია შევიდეს ცათა სასუფეველში და უნდა დაიწვას. და აი, ჩვენი ცოდვანი იწვებიან ჩვენი ტანჯვით.
* ხშირად მეჩვენება, რომ ყველა ეკალი და ჩხვლეტა ღვთის მიერაა მოწყობილი ჩვენი სულის საკურნებლად. ჩემს ცხოვრებაში ამას მკაფიოდ ვხედავ.
* არასწორია, თუ ვიფიქრებთ, რომ ქრისტე ყველას იწყნარებდა. ის იყო მრისხანეც და საშიშიც. სინათლის მიახლოება საშიში და მტანჯველი იყო სიცრუისა და ცოდვისათვის. ღვთის შიში - სიბრძნის დასაწყისია, სინანულის დასაწყისია, გადარჩენის დასაწყისია.
* არა მარტო უნდა შეგვეძლოს გადავიტანოთ უსიამოვნებები, არამედ უნდა ვხედავდეთ მასში ღვთის ხელს.
* ხშირად არ ვცოდავთ არა იმიტომ, რომ ცოდვა დავძლიეთ, არამედ იმის გამო, რომ უხერხულიაა, გვეშინია სასჯელის, მაგრამ ცოდვისთვის მზადყოფნა - უკვე ცოდვაა თავისთავად.
* უნდა გვწამდეს, რომ სულიერი აღმავლობის მომენტები ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ისინი ღვთის წყალობაა და როცა უფალი საჭიროდ ჩათვლის, გვართმევს მას. ეს ღვთის წყალობა რომ მუდმივად ჩვენთან იყოს, ვერ შევიგრძნობდით ვერც ჯვრის სიმძიმეს, ვერც საკუთარ უძლურებას. ჩვენი გამოცდა არ იქნებოდა ჭეშმარიტი, ჩვენს კეთილ საქმეებს არავითარი ღირებულება არ ექნებოდა. ამიტომ მოთმინებით უნდა გადავიტანოთ დაცემის პერიოდები.
ალექსანდრე ელჩანინოვი
ცოდვილი ძნელად თუ შეინანებს გასაჭირის გარეშე, რადგანაც შეუძლებელია, ღვთის სამართალს დაემალო.
* თუ ვინმემ აშკარად სცოდა, არ შეინანა და სიცოცხლის ბოლომდე არანაირი ტანჯვა არ შემთხვევია, ჩათვალე, რომ ულმობელი სამსჯავრო ელოდება.
* თუ ბოროტების დათმენა არ გსურს, არც ბოროტების გაკეთება ისურვო, რამეთუ ამას ისიც აუცილებლად მოჰყვება. "რამეთუ რაიცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს" (გალ. 6,7).
* უნდა გვაცვიფრებდეს ღვთის სამართალი, როცა ჩვენი ნებით ვთესავთ ბოროტებას და უნებლიეთ ვიმკით მას.
* როცა შესცოდავ, დაადანაშაულე არა საქმე, არამედ აზრი, რამეთუ გონება წინ რომ არ გასძღოლოდა, არც სხეული მიჰყვებოდა მას.
* ბოროტების ფარულად ჩამდენი დაუფარავ მჩაგვრელზე უარესია; აი, ამიტომაც ისჯება ის უფრო მკაცრად.
წმინდა მარკოზ განშორებული