* * *
როცა ჩვენი ძმა ცდება, უნდა ავიტანოთ მისი განსაცდელი. ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისთვის მსხვერპლის გაღებას შთაგვაგონებს. უმსხვერპლოდ, მხოლოდ განკითხვით, ხელს ვუწყობთ ჩვენი ცოდვილი ძმის უფრო ღრმად დაცემას; ხოლო ჩვენი სიყვარულის ჩუმი მსხვერპლითა და მისთვის ლოცვით ვაღვიძებთ მის სინდისს, მისსავე მამხილებელს, მასაც სინანული ეუფლება და გამოსწორების გზას ადგება.* * *
ჭეშმარიტ ქრისტიანებს, რომელთა სულშიც სუფევს ქრისტე, ადამიანის სიყვარულის გარდა არაფრის ნიჭი აქვთ - მტერიც უყვართ... მეგობრებისადმი სიყვარული ბევრ უცხო მინარევს შეიცავს (ანგარიში, სამაგიეროს მიზღვა, პატივმოყვარეობა, გრძნობითი სისუსტე ვინმესადმი, ვნებიანი თანაგრძნობა და ა.შ.), ხოლო ჩვენი სიყვარული მტრისადმი - ანკარაა. * * *
სიყვარულს აქვს ხმა, რომელიც ცვლის ადამიანთა გაქვავებულ გულებს... ჩვენმა ქრისტესმიერმა სიყვარულმა ყველგან უნდა შეაღწიოს, ჰიპებთანაც მატალაში. ძალიან მინდა მათთან წასვლა, საქადაგებლად ან გასაკიცხად კი არა, არამედ მათთან ერთად საცხოვრებლად, რა თქმა უნდა, ცოდვის ჩაუდენლად, რათა ვესაუბრო მათ ქრისტესმიერი სიყვარულით, რომელსაც განახლების ძალა აქვს. * * *
სხვებმა რომ შეგიყვარონ, ჯერ შენ უნდა შეიყვარო ისინი.ბერი პორფირე
მტრის სიყვარული ქრისტიანული ცხოვრების ბოლო საფეხურია. თუ ქრისტიანი სარწმუნოების მაღალ საფეხურზე არ დგას, ამ მცნებას ვერ აღასრულებს. ვინმე იკითხავს, როგორ შეიძლება შეყვარება ბოროტი, უსამართლო და უსჯულო კაცისაო. კაცი უნდა შეიყვარო, ღვთის ქმნილება, შენი ძმა, ხოლო ბოროტება და უსამართლობა, რომელიც მის გულშია, უნდა გძულდეს. უდიდესი ნაწილი ჩვენი უბედურებისა მტრობისა და სიძულვილისაგან მომდინარეობს. თუ მტრობასა და სიძულვილს სიყვარულით მოვსპობთ, ჩვენს შორის მშვიდობა, ერთობა, სიწმინდე და ბედნიერება დაისადგურებს.
* * *
თუ გვსურს ჩვენს გულში ღმრთის სიყვარული განმტკიცდეს, ხშირად უნდა წარმოვიდგინოთ, როგორ ვუყვარვართ მას და რამდენი განგებულება აღასრულა ჩვენი განათლებისა და ცხონებისთვის.წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)
სახიერი უფალი უსაზღვროდ დიდსულოვანია, ჩვენ ვჭამთ ტკბილ თაფლს და ღმერთს ტკივილს ვწირავთ, მაგრამ უფალს ეს შესაწირიც ახარებს!
* * *
როდესაც იცი, რომ ვიღაც განგიკითხავს და შეურაცხგყოფს, თითქმის შეუძლებელია, არ შეიცვალო მისადმი. მაგრამ მიტევებით და ლოცვით გაწონასწორდები და მოიშუშებ ტრავმას, რომელიც მწუხარებამ მოგაყენა.ბერი იოსებ ათონელი
არ უწოდო ღმერთს მართლმსაჯული, რადგან შენს საქმეებში არ ჩანს მისი მართლმსაჯულება... ძე ღვთისამ დაგვანახა, რომ ის უფრო კეთილი და მოწყალეა. სად არის მისი მართლმსაჯულება? ჩვენ ვიყავით ცოდვილნი და ქრისტე ჩვენთვის მოკვდა.
წმინდა ისააკ ასური
ღმერთი წარმოგვივლენს სიყვარულს არა მარტო მაშინ, როცა სიკეთეს ვაკეთებთ, არამედ მაშინაც, როცა შეურაცხვყოფთ და განვარისხებთ მას. ხანგრძლივად და მოთმინებით იტანს ჩვენს უკანონობას და როცა გვსჯის, ჩვენდა სასიკეთოდ გვსჯის.
* * *
როგორც არ უნდა გვაწყენინონ, არა მარტო სამაგიერო არ უნდა გადავუხადოთ, არამედ, თუნდაც ძალიან გვიჭირდეს, მთელი გულით უნდა შევუნდოთ. უნდა ვძლიოთ თავს და როგორც ჩვენ შევუნდობთ, ასევე მოგვიტევებს და შეგვინდობს უფალი. არ უნდა ვატაროთ გულში მოყვასისადმი ბოროტება და სიძულვილი. უნდა ვეცადოთ, გვიყვარდეს იგი... და თუ ვეცდებით ამის აღსრულებას იმდენად მაინც, რამდენადაც ძალა შეგვწევს, მაშინ შეგვიძლია სულში ვიქონიოთ იმედი, რომ ზეციური იერუსალიმის გზა გახსნილი გვექნება.
წმინდა სერაფიმე საროველი