რარიგ მრავალრიცხოვანიც არ უნდა იყოს ადამიანში ცოდვები და რარიგ მძიმე - მისი დანაშაული, ღვთის უსაზღვრო მოწყალება ყოველივეს დაფარავს
სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)
ფიქრი. ჩვენ, ქრისტიანებმა, ყველგან და ყველაფერში წმინდა უბიწოება უნდა დავიცვათ: სიტყვაში, საქმეში, ფიქრისას, სხეულიც წმინდად და უბიწოდ უნდა შევინახოთ. სული ჩვენი ღვთის სახლად და ქრისტეს სასძლოდ არის განკუთვნილი, ამიტომაც სიწმინდეში უნდა ვამყოფოთ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა განვიწმინდოთ ვნებებისგან, ცოდვებისგან, რომ ქრისტიანის მიზანი და დანიშნულება აღვასრულოთ - მოვიპოვოთ სულიწმინდა.
სანამ სული ჭუჭყიანი გვაქვს, მას არ შეუძლია, ქრისტეს სასძლო და სულიწმინდის ტაძარი იყოს. ეს მზიანი დღესავით ნათელია. რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ბნელს ნათელთან? რომ განვიწმინდოთ და სათნოებათა გზას დავადგეთ, ამისთვის მკვეთრი ბიძგი გვჭირდება. გვჭირდება, რომ სულში ატომური ბომბი აგვიფეთქდეს. შენ ხომ იცი, როგორ მოქმედებს ატომური ბომბი? ყველაფერს მოსრავს, ქვასაც და ლითონსაც... ასევე უნდა იმოქმედოს სულზე ჩვენმა მონანიებამ. ის იმდენად წრფელი, მხურვალე და შემუსვრილი გულით უნდა იყოს აღიარებული, ღვთის შიში და უფლისადმი შეწყალების თხოვნის ისეთი ღაღადისი უნდა ახლდეს, რომ სულში არაფერი დარჩეს ჭუჭყიანი, უღირსი და ცოდვიანი, მხოლოდ ღვთისადმი მხურვალე მისწრაფების სურვილი გაჩნდეს. უნდა დავფიქრდეთ საკუთარ თავზე... ჩვენი სულის მტერს არაფერი ისე არ აშინებს, როგორც კაცის მიერ განხილვა საკუთარი თავისა, რამეთუ ამას ცხოვრების გამოსწორებისკენ მივყავართ. მთელი სიცხადით უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო ვუახლოვდებით სიკვდილს, ღვთის სამსჯავროს და მარადისობას. არავინ იცის თავისი აღსასრულის დღე. სიკვდილმა უეცრად რომ განგვგმიროს, მაშინ რა იქნება? საშინელებაა, როცა გაიფიქრებ და კარგად განსჯი ამას.
ცხოვრება ხომ სათამაშო არ არის! სათამაშო შეიძლება შევცვალოთ. ცხოვრება კი ერთხელ გვეძლევა. ყოველი დღე გაიელვებს და მარადისობისკენ მიექანება, წარსულის დაბრუნება ჩვენთვის შეუძლებელია. ფრთხილათ უნდა განვვლოთ ჩვენი წუთისოფელი, რომ მერე წარსულზე არ ვწუხდეთ, გარდაცვალების შემდეგ ჩადენილ საქმეებს არ ვინანიებდეთ. ასეთი ნაგვიანევი სინანული მხოლოდ გაზრდის ჩვენს მწუხარებასა და ტანჯვას.
სამოსი სულისა. ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი ნათლისღებისას შეიმოსს ახალსა და სპეტაკს, ნათელსა და წმინდას, განუხრწნელ ღვთაებრივ კვართს. მაგრამ უბედურება ისაა, რომ ჩვენი ვნებებით და ბიწიერებით ვაჭუჭყიანებთ სულის სამოსს და საკუთარ თავს ავყრით საუკუნო ნეტარების უფლებას. ბევრს ვცოდავთ უფლის წინაშე. გარეგნულად ვცოდავთ, შინაგანადაც ცოდვით ვართ სავსე ზარმაცები, გემოთმოყვარენი, ჭირვეულები, პრანჭიები. გვიყვარს განცხრომა და კარგად ცხოვრება, ცოდვიანი გასართობები, უქმმეტყველება, ბოროტი სიტყვა, განკითხვა, სიცრუე, ცილისწამება, ხშირად უცენზურო სიტყვებითაც ვილანძღებით.
სული და გული დაგვისნეულდა თავმოყვარეობით, პატივმოყვარეობით, ანგარებით, შურით, სიძულვილით და სხვა ურიცხვი ცოდვებით და ჩვეულებით.
უფლის წინაშე როგორ წარვდგებით ზეციურ სასუფეველში ასეთი მყრალი, ჭუჭყიანი და საზიზღარი სამოსით? ასეთი შელანძღულები როგორ გამოვცხადდებით იქ, სადაც მხოლოდ სიწმინდეა, სინათლე, სილამაზე, დიდებულება და მოზეიმეთა საუკუნო დღესასწაული? ასეთს იქ ჩვენ არავინ შეგვიშვებს, სანამ არ განვიწმენდთ თავს სინანულის საიდუმლოთი და შევიმოსავთ ყველაზე საუკეთესო ქრისტიანულ სათნოებათა სამოსს - კვართს სიწმინდისა, სიფაქიზისა და უმანკოებისა.
ღვთის დიდმოთმინება. უფალი რომ მხოლოდ მართლმსაჯული იყოს, ცოდვის ქმნისასვე დასჯიდა ცოდვილს, მაგრამ თავისი კაცთმოყვარებით და მოწყალებით იბრალებს ცოდვილს, დიდხანს უთმენს და უცდის მის გამოსწორებას. დიდხანს, დიდხანს ითმენს უფალი, მაგრამ თუ გაჯიუტებული ცოდვილის სინანული და გამოსწორება არ უნდა, მაშინ მას უნდა ეშინოდეს ღვთის საშინელი სასჯელისა. ბევრი ასეთი ცოდვილი უფალმა საუკუნოდ უარყო.
ხშირად ასეთი ადამიანები სრული კეთილდღეობით ცხოვრობენ, ხარობენ, მხიარულობენ და ფიქრადაც არ მოსდით ან არ უნდათ იცოდნენ, რომ მათი კეთილდღეობა - ნიშანია საუკუნო უარყოფისა. არაფერია ცოდვილთა კეთილდღეობაზე საშინელი. ყველაზე უბედურია ის ადამიანი, რომელიც ვერ გრძნობს, როგორ სახიფათოდ დადის უფსკრულის პირას, რომელიც თავის მონანიებას უარყოფს ან სამერმისოდ გადადებს. ბევრი ფიქრობს, ზოგიერთი კი პირდაპირ ამბობს: - როცა დავბერდებით, მაშინ შევინანებთ, სად გვეჩქარებაო. მაგრამ ვინ არის დარწმუნებული, რომ სიბერემდე მიაღწევს? ანდა სიბერეში უფრო ბრძნულად მოიქცევა, ვიდრე დღეს? მაშინაც ჩვეულებისამებრ ხომ არ უარყოფს სინანულს?
გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ასაკი ადამიანს უფრო მეტად ცხოვრებისეულ გამოცდილებას აძლევს, ვიდრე სიბრძნეს. მოსაწონი იქნება ღვთისთვის ასეთი მონანიება, როცა ცოდვილი თითქოს ღმერთს ეუბნება: "უფალო, შენზე რა მაქვს გასაბრაზებელი, ახლა უკვე მოხუცი და სუსტი ვარ და შენკენ უნებურად მოვიქცევი"? კაცი მთელი ცხოვრება შეგნებულად გაურბოდა უფალს და სინანულით მივიდა მასთან მხოლოდ მაშინ, როცა არც ძალა აქვს და არც თავი, ღმერთს ემსახუროს. მიიღებს კი უფალი ამგვარ მონანიებას? ღმერთი მოწყალეა, მაგრამ მართლმსაჯულიცაა. ვინც გამოუსწორებელია, მას უეცარი სიკვდილით სჯის, ასე რომ, როცა მარადიულ სიცოცხლეში ცოდვილი მოუმზადებელი გადადის, ის საუკუნოდ იტანჯება სხვა ცოდვილებთან ერთად...
ითმენს უფალი. ელოდება, ცოდვილი როდის მოიქცევა სინანულით, ანდა როდის აღავსებს საწყაულს თავის ცოდვათა და უშჯულოებისა, როგორც წმინდა ანგელოზმა უთხრა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველს: "ჟამი ახლოს არს. უსამართლოი იგი უსამართლოებდინ ჯერეთ, და შეგინებული შეიგინებოდენ ჯერეთ..." (აპოკალ. 22,10-11). და მაშინ "უმოლხინეს იყოს ქვეყანაი იგი სოდომისაი და გომორისაი დღესა მას სასჯელისასა" (მათე 10,15), "უმოლხინეს" იყვნენ წარმართნი, ვიდრე მოუნანიებელი ცოდვილი.
წმინდა პავლე მოციქულს ხილვა ჰქონდა: თუ როგორ შესჩიოდნენ უფალს ცოდვილ ადამიანებზე ზეციური მნათობები, ოკეანე, დედამიწა, მზად იყვნენ, შთაენთქათ ისინი. წმინდა პავლეს ესმოდა მათი გოდება, ვედრება, რომ უფალს ნება მიეცა მათთვის ცოდვილთა მოსპობისა, მაგრამ უფალი პასუხობდა - სინანულს ველი.
წმინდა პავლეს ხილვა
მზე ჩაიწვერა წყალთა ზედა, დაბნელდა დღე და ღამე დადგა. სული ჩემი კი შეძრწუნებული ამ საერთო ჰარმონიაში გოდებას ისმენს... მზე მეწამული, მოოქრული, სევდიანი ლოცულობს და შემოქმედს ეტყვის: "აღარ ძალმიძს ადამიანთა საქმეების ცქერა, ნება მომეცი, მათ უსჯულოებას ზღვარი დავუდო. მიბრძანე და ეთერს ავანთებ და მასში მოვსწვავ სამყაროს შემრყვნელ ქმნილებასო". მაგრამ იყო მისადმი ხმა: "სინანულს ველი, უნანელი კი მსჯავრს მიეცემა!"ვარსკვლავები დედოფალ მთვარესთან ერთად შეღაღადებენ: "ღმერთო, გამოაჩინე შენი ყოვლადმართალი მსჯავრი: ადამიანები შენ ცოდვით შეურაცხგყოფენ. ჰოი, გვიბრძანე და მათზე ბნელს მოვფენთ". მაგრამ მოესმათ პასუხად ხმა: "სინანულს ველი, უნანელი კი მსჯავრს მიეცემა".
განთიადის მკრთალი ნათელით მოცული უზარმაზარი, პირქუში ოკეანე დრტვინავს: "ღმერთო საუკუნოო, ადამიანებმა დაამდაბლეს შენი დიდება და მიწა ესე, სასჯელის ღირსნი არიან ისინი - მიბრძანე და ამ საძაგლებს პირისაგან მიწისა მოვრეცხ საუკუნოდ!" მაგრამ უთხრა მას უფალმა: "სინანულს ველი, უნანელი კი მსჯავრს მიეცემა".
მწარედ გოდებს დედამიწა, ბრაზით თრთის და ღაღადებს: "მართალს მახვილით კლავენ, ხარობს ბოროტი, დედები თავიანთ უმანკო შვილებს ხოცავენ, შვილს მშობლების დახოცვისა არ ეშინია. ურიცხვია მათი დანაშაული და დაუსრულებელი! ბოღმა, ღალატი, ძალადობა, მრუშობა - გამრავლებულა სოფლის საცდურნი და კვლავ ემატება. ჰოი, მიბრძანე! განვაღებ ხახას... შთავნთქავ ყველას და განვიწმიდები. ანდა მომეცი ნება, ნაყოფი არ გამოვიღო, რომ სიკვდილმა წაიღოს ისინი და კვალიც არ დარჩეს მათგან". და უპასუხა: "სინანულს ველი, უნანელი კი მსჯავრს მიეცემა".
ღამის სიჩუმეში მიწყდა ქმნილებათა ჩივილი. სამყაროს ჰიმნი მესმის და მილიონი ვარსკვლავის მკრთალ სინათლეში ვხედავ ანგელოზთა ფრთების ლივლივს. აი, გაიხსნა ლაჟვარდოვანი წინკარი ცისა და გამოვიდა სული ღვთისა, რომლის ტკბილი ხმა მოსწვდა ჩემს სმენას: "სად იპოვეთ ამდენი სათნო საქმე?" - "ჩვენ ისინი მოვიტანეთ მკაცრი უდაბნოებიდან, ბნელი მღვიმეებიდან და კლდე-ღრეებიდან. ეს საქმეები მათია, ვინც დაუტევა სოფელი და უარყო ამაოების სიტკბოება, ზის იქ, ტირის და მოთქვამს თავის ცოდვებზე". "მშვიდობა მათდა! ზეციური ნეტარება ელით!" გაქრა ეს ხილვა და კვლავ ანგელოზთ ვხედავ, თავდახრილნი რომ ტირიან და ადამიანთა სიცრუე მოაქვთ. და მათ შორის გამოვიდა სულიწმინდა, და ახლა უკვე მისი მკაცრი ხმა მომესმის: "ანგელოზებო, სად იპოვეთ ეს ტვირთი?" - "მეუფეო, იმ ადამიანებთან მოვიპოვეთ, რომლებმაც დაბრკოლებათა გამო დაგივიწყეს. გული და გონება ბოროტებით აქვთ სავსე. ღმერთო, ნუთუ მათ ჩვენ კიდევ უნდა ვემსახუროთ?" "თქვენ ისინი ჭეშმარიტების გზაზე დაარიგეთ, რომ შეძლონ ჩემს სამოთხეში განსვენება, გახარება და დაუღამებელი საუკუნო დღის ნათელში ყოფნა. მე მათგან სინანულს ველი, უნანელი კი მსჯავრს მიეცემა".
წამში ყველაფერი გაქრა, მხოლოდ დროდადრო ნაპირისკენ გაუბედავად მოიწევენ ტალღები ზღვისა და ალმასისებრ ბრწყინვალებაში, ღამის სიჩუმეში, სამყაროს ჰიმნი მომესმის.
ჰოი, როგორი ხარ, უფალო! ჩემო მეგობარო დ! კითხულობ ამ სტრიქონებს და შემუსვრილი გული გითრთის, თვალთაგან ცრემლიც უნებურად წამოგდინდება. როგორი არის ჩვენი უფალი! როგორი მოწყალე! როგორი სავსე სიყვარულითა! ადამიანის გონებას არ ძალუძს, მისი სრულყოფილების სიღრმეს მისწვდეს! ის მიუწვდომელია!
აი ცოდვილი, რომელიც გონს მოვიდა და მიხვდა თავის ცოდვიანობას, ტირის, ქვითინებს და ღრმად დამწუხრებული შეღაღადებს:
- უფალო! რამდენად უკეთური ვარ შენს წინაშე! რამდენად გლახაკი, ცოდვილი, უძლური, საზიზღარი და ბინძური!.. აუტანელია ეს ყველაფერი! ვეცემი!.. ვიღუპები!.. უფალო, მაცხოვნე მე, გადამარჩინე... ჰოი, ღმრთისმშობელო!..
უბედური ცოდვილი სასოწარკვეთისგან ხელებს იფშვნეტს, მჯიღს ირტყამს მკერდში...
ღმერთი კი მისკენ განიპყრობს ხელებს, ალერსიანი, მამობრივი სიყვარულით მოეხვევა და ანუგეშებს. ცოდვილს გული დაუმშვიდდება, მყუდროებით და ენით აუწერელი სიხარულით აევსება. ის გრძნობს, რომ უფალმა აპატია ცოდვები, დაუძლურებული დავარდება მაცხოვრის ფერხთა წინაშე და მოკრძალებული გრძნობით მთლიანად მიენდობა მის წმინდა ნებას.
მაცხოვარი კი თავისი მოწყალებით, ყოვლისმიმტევებლობით და სიყვარულით ყოველთვის აკაკუნებს ცოდვილის გულზე და მოუწოდებს მას სინანულისკენ, რომ აცხოვნოს მისი სული, რომ ამყოფოს თავისთან, გახარებული და ბედნიერი. ღვთის სული გვიპოვის და მოგვიცავს ყველაზე მეტად მაშინ, როცა ჩვენს ცოდვებს ვტირით, მაგრამ ეს ხდება ზოგჯერ სხვა დროსაც, როცა არ ველით და არ ვემზადებით ამისთვის.
როცა მიხვდები, რამდენად მოწყალეა, რამდენად სახიერია უფალი, მაშინ ნათელი ხდება შენთვის, სასოწარკვეთა რატომ ითვლება მძიმე ანუ სასიკვდილო ცოდვად. რარიგ მრავალრიცხოვანიც არ უნდა იყოს ადამიანში ცოდვები და რარიგ მძიმე - მისი დანაშაული, ღვთის უსაზღვრო მოწყალება ყოველივეს დაფარავს, თუ კაცი ინანიებს, გულშემუსვრილია და სწრაფად სურს გამოსწორება. რაც არ უნდა მრავალრიცხოვანი და მძიმე იყოს, ცოდვებს დასასრული აქვს და შემოსაზღვრულია, მაშინ როცა ღვთის მოწყალება დაუსრულებელია და უსაზღვრო. როცა კაცი ფიქრობს, რომ ღმერთი ცოდვებს არ აპატიებს, თავის ცხონების სასოს წარიკვეთს, ამით ის ფიქრით ერთგვარად გმობს ღმერთს, ამცირებს მის ღირსებას, ამდაბლებს მას თავის წარმოდგენაში, ამით ის თავის თავს განაშორებს ღვთის მოწყალებას, განეშორება ცხონების გზას და ამგვარად თავს იღუპავს.
დიდება უფალ ღმერთს, რომ სინანული მოგვცა! სინანულით ჩვენ ყველანი უკლებლივ ვცხონდებით. ვერ გადარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც არ ინანიებს და არ სურს გამოსწორება!