მდაბალი ყველგან და ყველაფრით კმაყოფილია
წმინდა იოანე კრონშტადტელი
წმინდა იოანე კრონშტადტელი
დამრიგებლობითი თავნი. მღვდლობის პატივზე, ვალსა და მოვალეობაზე
* ნუ გაკადნიერდები და იფიქრებ, თითქოს ცხოველმყოფელი ჯვრის და საღმრთო საიდუმლოთა ძალა შენს რწმენასა ან ურწმუნოებაზე იყოს დამოკიდებული. ჯვარი ყოველთვის ცხოველმყოფელია, შენ გწამს თუ არა. ასევეა საიდუმლოებებიც. მოეპყარი მათ პატივისცემით, ღვთისმოშიშებით. ისინი თითქოსდა შენს ხელმწიფებაში არიან მოცემულნი, მაგრამ თვითონვე გფლობენ, გხელმძღვანელობენ, შენ კი სინამდვილეში მათზე არავითარი ხელმწიფება არა გაქვს.
* ხშირად რატომ არ ვუყვარვართ? - იმიტომ, რომ სხვები არ გვიყვარს. რატომ არ გვემორჩილებიან? - იმიტომ, რომ თვითონ არ ვართ მორჩილნი. რატომ ვბრკოლდებით ლოცვისას? - იმიტომ, რომ ხშირად ცოდვებით ვართ დაბრკოლებულნი.
* ჯვრის ნიშის მიმართ მღვდელს მთელი ყურადღება და პატივისცემა უნდა ჰქონდეს, ისევე როგორც ქრისტეს მიმართ.
* ჩემსა და ღმერთს შორის, ჩემსა და მოყვასს შორის ხშირად შავბნელი ძალა დგება, ეს ვიცი გამოცდილებით, დარწმუნებით და ლოგიკურად.
* გემრიელი და უხვი საჭმლით გული გათქვირდება, გასქელდება და მოუძლურდება სულიერი ღვაწლისთვის, განსაკუთრებით ლოცვისთვის. "ეკრძალენით თავთა თქვენთა, - ამბობს უფალი, - ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქვენნი შვებითა და მთვრალობითა" (ლუკა 21,34). საპირისპიროდ ამისა კი გული მსუბუქია, სულიერია, როცა ადამიანი მარხულობს. ამას გამოცდილებაც გვეუბნება. მარხვისგან ნაყოფიერია ჩვენი გული, მდიდრული და ამაღლებული ჭვრეტებითა და გრძნობებით ივსება მაშინ, როცა მარხულობს. მიაქციეთ ყურადღება მმარხველ-მქადაგებელთა სიტყვებს, მათში სული და ძალაა, ეს ალბათ იმიტომ, რომ მქადაგებლები მარხვისა და ლოცვის მიერ თვითონვე იქცნენ თითქოსდა სულად. წაიკითხეთ იმ კაცთა სიტყვები, რომლებიც ცხოვრებისეული საზრუნავით არიან დაკავებულნი, ისინი ხორციელნი არიან, სუსტნი, როგორც სხეული.
* როგორც ეშმაკი სასოს არ წარიკვეთს, ვინმე რომ წარწყმიდოს, ასევე შენც ეცადე ვინმეს საცხოვნებლად.
* ეშმაკს მისთვის ბუნებრივი მზაკვრობით და ბოროტებით ჩვეულებად აქვს, დაგვესხას თავს ღვთისმოშიშ საქმეთა აღსრულების ბოლოს, რომ ჩვენი შრომის ნაყოფი დაგვაკარგინოს, მაგალითად, ლოცვის ნაყოფი, რათა ამით არარაობად აქციოს მთელი ჩვენი შრომა. გამოცდილებით ვიტყვი, ასე ხდება ყოველდღიურად.
* ამბობენ ხოლმე: ის მთელი სულით მსახურებს, გალობს სულიერად, კითხულობს მთელი სულით, საუბრისას სულიდან ამოთქვამს. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ არის ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც მსახურებს, გალობს, კითხულობს, საუბრობს უსულოდ - თითქოს მარტო ხორცით (სხეულით). საცოდავო სულო, დაცემულო სულო! ხორციელი ვნებებით დამარხულო სულო! როდისღა განთავისუფლდები?!
* გახსოვდეს, რომ სიმშვიდე და განსჯა სულიერ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი საქმეა. განსჯა საჭიროა როგორც სათნოებათა ქმნისას, ასევე მაშინაც, როცა ვნებები გებრძვის.
* ძმანო! გულწრფელად მითხარით, როდის ხართ სრულიად მშვიდნი და ბედნიერებით აღსავსენი: მაშინ ხომ არა, როცა ღმერთს ვეხებით ხოლმე ლოცვისას, თუ როცა სოფლის საზრუნავს ვართ მიცემულნი? მეტყვით, როცა გულწრფელად ვლოცულობთო. ეს ხომ ყველას გამოუცდია: მაშინ ფიქრიც ნათელი გაქვს, თავისუფალი, მსუბუქი, გული - დამშვიდებული და ამსუბუქებული, - სადაც კარგად ხარ, თავს მშვენივრად გრძნობ. საზრუნავი კი ყოველთვის რაღაცნაირად ამძიმებს სულს, ართმევს მას თავისუფლებას.
* "ვიდოდე მე უმანკოებითა გულისა ჩემისაითა შორის სახლისა ჩემისაი" (ფს. 100,2), - ამბობს დავითი. შენთვის, როგორც მღვდლისთვის, აუცილებელია, უბოროტო გულით მიხვიდე შინ, იყავ უბოროტო სახლეულთა მიმართ.
* სხვათა ცოდვების მიტევებისთვის ისევე ილოცე, როგორც საკუთარი ცოდვების შენდობისთვის, როცა ისინი მწუხარებით დაჭრიან შენს სულს და გაიძულებენ, მტკივნეულად, შემუსვრილი გულით ღმერთს ცრემლებით გამოსთხოვო შემწეობა. ამგვარადვე ილოცე სხვების ცხონებისთვის, როგორც საკუთარი თავისთვის ზრუნავ. თუ მიაღწევ ამას და ჩვევად გექცევა, მაშინ უფლისგან უხვად მიიღებ საჩუქრებს, სულიწმინდის ნიჭებს, რომელსაც უყვარს სხვათა ცხონებისთვის თანამგრძნობი კაცი. იმიტომ, რომ თვითონვე ყოვლადწმინდა სული ყველანაირად ცდილობს ჩვენს ცხონებას, ოღონდ არ შევეწინააღმდეგოთ მას, არ გავიქვაოთ გულები.
* ზიარების მერე განსაკუთრებით ეცადე, იყო მშვიდი და მდაბალი, რომ ამით პატივი მიაგო შენს სახლში შემოსულს მშვიდსა და მდაბალს გულითა. მაგრამ ვაითუ სიმშვიდის სულს დაკარგავ და გახელდები შენი თავმოყვარეობის და მეტისმეტი წესიერების გამო. სული სიმშვიდისა და სიხარულისა დაგტოვებს. ჯოჯოხეთის ცეცხლი აგენთება ხელებზე და მაშინ დაუწყებ სიმშვიდეს ძებნას ცრემლით და მწუხარებით, მაგრამ დიდხანს ვერ იპოვი - გაუფრთხილდი ამ შეუფასებელ საგანძურს.
* როცა სხვა შენს მაგივრად შეასრულებს მსახურებას და შენს შემოსავალს აიღებს, ამის გამო ნუ აღშფოთდები, არამედ უთხარი გულს: ეს მცირე დანაკარგია, უფრო დავზარალდები, თუ სულიერ სიმშვიდეს დავკარგავ, მაშინ უფალიც დატოვებს ჩემს გულს - საკვირველია! ფულისადმი წამიერი ლტოლვაც კი სულს აღაშფოთებს და ტანჯავს! მყისიერი გულითადი მიხედვა ღვთისკენ აღავსებს სულს სიმშვიდითა და ნეტარებით.
* ეცადე, ღვთისგან ლოცვით გამოითხოვო სიმტკიცე, როცა უხილავი მტერი გებრძვის. სიმტკიცე კი ისეთი უნდა გქონდეს, რომ მიუხედავად მტრების ცეცხლოვანი ისრებისა, ათასნაირი გმობისა, შეუძვრელად იდგე რწმენის ლოდზე, არ უღალატო უფალს, არც ფიქრით, არც რაიმე უკმაყოფილების სიტყვით, აკურთხო ღვთის ხელმწიფება, რომელიც დროებით მიეფარა შენგან შენი სულის გამოსაცდელად. მოთმინების გარეშე, სიმდაბლის გარეშე, მამაცობის გარეშე ამ სიმტკიცეს ვერ მიაღწევ. ამიტომაც იყავი მომთმენი, ვითარცა უხორცო, მდაბალი და მამაცი - როგორი მშვიდი და მდაბალიც იყო ჩვენი უფალი, იყავი ასეთი მთელი ცხოვრება და ამგვარივე აღუდექი წინ მტრებს.
* ბოროტი, შფოთის ეშმაკი არ ინანებს თავის "ისართა... განხურვებულთა" (ეფეს. 6,16), რომ უმნიშვნელო გამარჯვება მაინც მოიპოვოს ღვთის მონებზე (მაგალითად, ისინი რომ შეშფოთდნენ და დაბრკოლდნენ ღვთისმსახურებისას). მას, ყოვლად ბოროტს, უნდა, რომ ღვთის მონები რაიმე დაბრკოლებით შიშსა და სასოწარკვეთაში ჩააგდოს. ერთი მღვდელი მიყვებოდა: "ერთხელ სასაფლაოს ეკლესიაში ვწირავდი. ამ დროს იმდენი განხურვებული ისარი მესროლა მტერმა, რომ, ვიდრე დიდ გამოსვლამდე, ცეცხლმოკიდებულ კაცზე ნაკლებად არ ვიტანჯებოდი. შინაგანი საშინლად მეწვოდა, ცეცხლი სახეზე გადამდიოდა და ნამდვილი მოწამე ვიყავი. როცა ეს გეენიის ცეცხლი ჩაქრა (დიდი შესვლისას), მიკვირდა და ვერ ვხვდებოდი, ეს ამბავი თავს რატომ გადამხდა, რა იყო ამისთანა, რომ ვერანაირი ლოცვით მტერს გულიდან ვერ ვიშორებდი. მადლობა შევწირე ღმერთს, რომ მცირე ხანს გაგრძელდა ასეთი მდგომარეობა. რა უნდოდა ჩემგან მტერს, რატომ დამესხა თავს ასე სასტიკად? იმიტომ, რომ დიდი შესვლისას წავბორძიკდი სამეფო გვარის სახელთა წარმოთქმისას. ამას მიმტკიცებს ისიც, რომ დიდი შესვლის შემდეგ მალევე დავმშვიდდი". ჰოი, როგორი მზაკვარი ხარ და ქვედაცემული, ბოროტო ეშმაკო!
* თანამოძმეებს ღვთისმსახურებისას გულწრფელად და სიყვარულით მოეპყარ, ბოროტად ნუ დაუწყებ ძებნას ისეთ შემთხვევას, რომ მათ უმტრო. ნუ შეურაცხყოფ მას, ვინც "განიკითხავს გულსა და თირკმელთა" (ფს. 7,10).
* თუნდაც გაჭირვების დათმენამ მოგიწიოს, მაინც არ შეგშურდეს შენი თანამსახური მღვდლისა. გახსოვდეს საუფლო ლოცვის სიტყვები: "პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს" და ქრისტეს ერთგული მოწაფე იყავი. გაიხსენე მოციქულის სიტყვებიც: "ვერცხლის უყვარულ იყვენით სახითა, კმა გეყავნ, რომელი იგი გაქუნდეს, რამეთუ თავადმა თქუა, არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ" (ებრაელთა 13,5).
* უნდა შევიძინოთ შინაგანი სიმშვიდე და სიმდაბლე და მზად ვიყოთ ყველანაირი მორჩილებისთვის. მდაბალი ყველგან და ყველაფრით კმაყოფილია, არ არსებობს ისეთი შემთხვევა, მას რომ აღაშფოთებდეს.
* ზოგიერთი წმინდანი სიმდაბლისთვის საკუთარ თავს სხვებს ფეხით ათელინებდა, შენ ის მაინც ისწავლე, როცა წინამძღვარი გთხოვს, სიამოვნებით შეცვალო ის საეკლესიო წესის აღსრულებისას! ჰოი, ჩემი ძმის მაგივრად შევასრულებ მსახურებებს, რამდენადაც შემიძლია და ამით დავამდაბლებ საკუთარ სიამაყეს.
* როცა ფიქრობ ჯილდოებზე, გაიხსენე, რომ ცოდვათა გამო დიდი სასჯელის ღირსი ხარ და შენი პატივმოყვარული სურვილები გაანელე საშინელი სამსჯავროს შიშით.
* ღმერთი განიკითხავს გულთა და თირკმელთა ჩვენთა (ფსალ. 7,10). ის ისეთს ხედავს ჩვენს სულს, როგორიც ჩვენთვის დაფარულია. მაგალითად, ლოცვისას თუ ჩვენი გული მცირედით მოშორდება ღმერთს, ამ მცირეოდენი არაწრფელობის გამო ისჯება. ღმერთი თითქოს გვეუბნება: გამოსწორდი, ნუ გავიწყდები. როცა გამოსწორდები, გონებას და გულს ღვთისკენ მიაპყრობ და მასში განმტკიცდები - სული კვლავ აგიმსუბუქდება, თავს კარგად იგრძნობ. ასე არის მთელი ცხოვრება: მცირეოდენი უწესივრობა, მცირეოდენი უსჯულო (საწინააღმდეგო რწმენისა, იმედისა და სიყვარულისა) მოძრაობა გულისა და ღვთისგან მოვლენილი სასჯელი ამის გამო. გამოსწორდები, შეინანებ მთელი გულით, ღვთის მცნებებით განაგრძობ ცხოვრებას და კვლავ კარგად იგრძნობ თავს. ამაზე გასაგები რაღაა?
* "ვითარცა აღიპყრის მოსე ხელნი, განძლიერდის ისრაელი, და რაჟამს გარდამოუყვნის ხელნი, განძლიერდის ამალეკი" (გამოსვლათა 17,11). ეს არის სახე ლოცვის მოქმედებისა, როცა ახალი აღთქმის მღვდელი, ეკლესიაში მყოფი ან სახლში საპატიო მიზეზით დარჩენილი ხალხისთვის ლოცულობს. როცა ღვთისმსახურებისას მღვდელი თავის გონებას და გულს წრფელად მიმართავს ღვთისკენ, აღაპყრობს პატიოსან ხელებს უფლისა მიმართ კაცთა გამო, მაშინ ტაძარში მყოფი მლოცველი ერი სძლევს შინაგანად მბრძოლ სულიერ ამალეკს. ხოლო როცა მღვდელი ღვთისმსახურებისას სულიერად მოუძლურდება, ზე არ აღაპყრობს გულს, მხოლოდ ჩვეულების მიხედვით ცივად ლოცულობს და უგულოდ, ღვთისა და სამწყსოს წრფელი სიყვარულის გარეშე, მაშინ ტაძარში მყოფთ სძლევთ სულიერი ამალეკი, ანუ სული ბოროტებისა, ის იესო ქრისტეს ტაძარში მლოცველ მეომრებს ძალებს განუფანტავს არაწმინდა, მზაკვრული და გმობის გულისთქმებით. მღვდელნო უფლისანო, იფხიზლეთ და უდარაჯეთ საკუთარ თავს ღვთისმსახურებისას.
* ალბათ შეგიმჩნევიათ, ყოველთვის, როცა სარწმუნოებისა და ღვთისმოშიშების საქმეების ასრულება გსურთ, გულში უეცრად რაღაც სიმძიმეს გრძნობთ, რომელიც თრგუნავს და წინ აღუდგება თქვენს საქმეს. რა განგაშორებთ სიწმინდისგან ამ სულისმომკვლელი ურწმუნოებით? - ეს ეშმაკია.
* ღვთისადმი ლოცვისას და ადამიანებთან ურთიერთობისას ეცადე, ყრმასავით უბრალო იყო. უბრალოება - ადამიანის ღირსება და უდიდესი სიკეთეა.
* როცა სულიერი შინაარსის თხზულების კითხვას განიზრახავ, არასდროს იჩქარო, ფიქრები მალევე სხვა, ნაკლებ მნიშვნელოვან საქმეებს მიაპყრო. გახსოვდეს, რომ მთელი შენი ცხოვრება, განუწყვეტლივ, ღვთის სიტყვას უნდა სწავლობდე.
დაე, წმინდა წიგნები და მათი კითხვა შენთვის უპირველესი და საუკეთესო საქმიანობა იყოს. წაიკითხე, განიბრძნე, ცხონდი და სხვებიც აცხოვნე. უფრო მეტად იპყარ ხელში და წაიკითხე სიტყვა ღვთისა - ბიბლია, დაე, მუდამ ბაგეზე გქონდეს სიტყვები ღვთის სჯულის წიგნიდან. ეს სიტყვა მაგალითია ჩვენი ადამიანური სიტყვისა. თუ გინდა, სიტყვაში ძლიერი იყო, უნდა განიმსჭვალო ღვთის სიტყვის სულით, ცხონების სულით, მისი სიწმინდისა და წმინდანობისა.
* საეკლესიო წიგნები მქადაგებლისთვის წმინდა და ამაღლებულ ფიქრთა უმდიდრესი მადანია. მაგრამ ეს მშვენიერი მადანი ნაკლებცნობილია და ნაკლებად დაფასებული მრევლის თვალში, რადგან მას ვერ იგებენ, ამიტომ ყველასთვის გასაგები ფორმითა და ენით უნდა მიაწოდო.
* თვალი ადევნე წიგნის მკითხველებს, მათ მიერ შესრულებულ მსახურებას, წეს-რიგსა და სისწორეს, წიგნის კითხვასა და გალობას: თუ რამდენად კეთილკრძალულად გალობენ და კითხულობენ, ცდილობენ თუ არა თავიანთი საქმის სულით აღსრულებას, თუ მხოლოდ ენას ატრიალებენ.
* ჩემი მსახურების დღეებში ვნებების წინააღმდეგ ძალას უწმინდესი საიდუმლოებები მაძლევენ, ხოლო როცა არ ვმსახურობ, მაშინ მხურვალე ლოცვა მაძლიერებს. ჩემი თანამოძმეებისთვისაც ასე უნდა იყოს.
* "ხოლო უკუეთუ ვინმე თვისისა სახლის განგებაი არ იცის, ვითარ-მე ეკლესიათა ღმრთისათა მოღვაწებაი აგოს?" (1 ტიმოთე 3,5). განაგე პირველად შენი სახლი, ანუ სული და სხეული და მერე უკვე ძალგიძს სხვათა განგებაც. ალაგმე შენი ვნებები, გამოასწორე უგუნური ჩვევები და მაშინ შეგეძლება ღვთის შეწევნით ალაგმო სხვისი ვნებებიც.
* ისეთ გულის სიწმინდეს მიაღწიე, რომ დავითივით ღმერთს მუდამ შენს თვალთა წინაშე ხედავდე.
* პროსკომიდიაზე და განტევებისას წმინდანები გულითადი რწმენით მოიხსენიე. ჩვენ მათ ვიხსენიებთ, ისინი კი ჩვენ მოგვიხსენებენ. მართლაც, ჩვენ, ბოროტებს, წმინდანები თუ გვახსოვს, ისინი, კეთილები, არ გაგვიხსენებენ განა? უეჭველად მოგვიხსენებენ, ილოცებენ ჩვენთვის ყოველთა მეუფის მიმართ.
* შინაგანად ყოველთვის გამზადებული გქონდეს იარაღი სულიერი მტრის წინააღმდეგ, რომელიც ყოველ ჟამს ცდილობს პარალიზება მოახდინოს ჩვენი სულისა ათასნაირი ისრით.
* ატარებდე გულით ქრისტეს, გეშინოდეს, არ დაკარგო იგი და მასთან ერთად სულის სიმშვიდე; ძნელი იქნება თავიდან დაწყება. განშორების შემდეგ ქრისტესთან კვლავ შეერთების ძალისხმევა მრავალი მწარე ცრემლის ფასად დაგიჯდება. მთელი ძალით ჩაეჭიდე ქრისტეს, შეიძინე იგი, და არ დაკარგო მის წინაშე წმინდა კადნიერებით დგომის უფლება.
* მონასტრის წინამძღვარი დიდად სცოდავს, თუ იძუნწებს ძმებისა და მოსული მომლოცველების (მწირების) გამოკვებისას. რამეთუ ღმერთი არასოდეს დაუტევებს თავის მსახურ მონებს, რომლებიც ეძიებენ სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა (მათე 6,33). ასევე მძიმედ სცოდავს მღვდელი, რომელიც ძუნწობს თავის სახლში და ღვთის წყალობის იმედი არ აქვს. მართალია, რომ ღმერთი ყველაფერ აუცილებელს მისცემს მათ, ვინც მას ემსახურება - უფლის სასუფევლისა და სიმართლის მოძიებით - დაიმახსოვრე ეს ყოველივე.
* სულის მარგებელი წიგნის კითხვისას დაარწყულე გული და აღავსე ღრუბელივით. გონებით სირბილს ნუ დაიწყებ და მხოლოდ საკითხავის შინაარსს ნუ მიხედავ. ასეთი წაკითხვა ძალზე მცირე სარგებელს მოგცემს, გული კი ცარიელი გექნება. როგორც ლოცვისას საჭიროა, ის გულიდან მოდიოდეს და სულის მოთხოვნილება იყოს, ასევე წიგნის კითხვისას გულისყური უნდა მიაპყრო საკითხავს.
* თუ გინდა სიტყვა ძლიერი გქონდეს, ეცადე, ღვთისმოშიშებით იცხოვრო. ყველა ღვთისმოშიშს ძლიერი სიტყვა აქვს.
* ლოცვისას და ღვთისმსახურებისას მუდმივად ეცადე სრულიად მშვიდი იყო, გონება არაფერმა გაგიფანტოს და არ აღგაშფოთოს.