წმინდა მამათა გამონათქვამები
"ჭეშმარიტება მოკლედ, თითქმის სიტყვაძუნწადაა მოცემული საღმრთო წერილში, შენც ნუ შეუდგები ვრცელ, სიტყვამრავალ კვლევა-ძიებას!"
***
"ისრაელი ერის მოგზაურობა არაბეთის უდაბნოში ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების სახეა. სანამ ზეციურ აღთქმულ ქვეყანას მივაღწევდეთ, მრავალი უბედურება, გაჭირვება და მწუხარება უნდა დავითმინოთ; როგორც ქვეყნად მცხოვრები ვერც ერთი ცოცხალი არსება ვერ იცოცხლებს უჰაეროდ, ასევე ვერც ერთი ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებაში ვერ ასცდება მწუხარებასა და სნეულებას".წმინდა ეფრემ ასური
"საღმრთო მადლი ძველი აღთქმის მამებზეც იღვრებოდა, მაგრამ აქ, ახალ აღთქმაში იგი ყოვლადუხვია. იქ ეზიარებოდნენ სულიწმინდას, აქ კი ყოვლად სრულყოფილად ვართ მონათლულნი და კურთხეულნი მისით".
წმინდა კირილე იერუსალიმელი
"სულიწმინდა მოქმედებდა ძველ აღთქმაშიც - მამამთავართა კურთხევაში, წინასწარმეტყველებებში, სასწაულთმოქმედებებში, მართალი მორწმუნეების კეთილმსახურების ღვაწლში, ხოლო უპირატესად - ახალ აღთქმაში მოქმედებს: ქრისტეს ქვეყნად მოვლინებას სულიწმინდა წინამავლობდა; ქრისტე ხორციელ-იქმნა, განკაცდა და სულიწმინდაც განუყრელი იყო მისგან; ძალთა მოქმედება, კურნებათა მონიჭება, სასწაულთმოქმედებანი - ყოველივე ეს სულიწმინდისგან იყო; ეშმაკნიც ღმერთის სულით განიდევნებოდნენ. ეშმაკი უღონო და უმოქმედოა სულიწმინდის მუნმყოფობისას. ცოდვათა გამოსყიდვა სულიწმინდის მადლით აღესრულება. ყოველი საღმრთო ქმედება სულიწმინდის მუნმყოფობით აღსრულებულა და აღესრულება. სულიწმინდა მარადის თანმყოფი იყო ეშმაკისგან გამოცდილი თუ სასწაულების მოქმედი, ჯვარცმულ-ვნებული თუ მკვდრეთით აღმდგარი უფალ იესო ქრისტესი".
წმინდა ბასილი დიდი
"საუკუნეთა განმავლობაში ადამიანთა ცხოვრების მხოლოდ ორი გარდაქმნა ვუწყით, ძველ აღთქმად და ახალ აღთქმად წოდებულნი, ასევე ცისა და ქვეყნის შეძვრად ხმობილი (ანგია 2,7)... პირველს, ძველ აღთქმას, კერპებიდან (დემონებისგან) საღმრთო სჯულისკენ მიჰყავდა ადამიანი, მეორეს კი, ახალ აღთქმას - სჯულიდან საღმრთო მადლისკენ მიჰყავს. მესამე შეძვრასაც ვქადაგებ ცისა და ქვეყნისა - განსვლას ამა ქვეყნიდან იმა ქვეყნისკენ - შეურყევლისა და შეუძვრელისკენ".
***
"ორივე აღთქმა თანდათანობით მოგვეცა და არა - ერთბაშად, ერთსა და იმავე დროს, რადგან აუცილებელი იყო გვცოდნოდა ის, რომ კი არ გვაიძულებენ, არამედ გვარწმუნებენ... ჭეშმარიტება თანდათანობითი ცვლილებებით განგვეცხადებოდა". ***
"ძველი აღთქმა ცხადად ქადაგებდა მამა ღმერთს, და არა ამგვარივე სიცხადით - ძე ღმერთსაც. ახალმა აღთქმამ ძე ღმერთი განგვიცხადა ყოვლად აშკარად და მითითებანიც მოგვცა სულიწმინდის ღვთაებრიობაზე. და აწ ჩვენთან სულიწმინდა ჰგიებს, გვანიჭებს რა უცხადეს შეცნობას სამობით ერთი ღმერთისა... ამგვარად, ჯერ-იყო სამობრივ ღვთაებრივ ნათელს თანდათანობითი მატებით გაეცისკროვნებინა ადამიანები..."წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
"ჩვენ, მღვდელმსახურებს, აღთქმა გვაქვს მოცემული იმად, რომ სიტყვით, სიმშვიდე-მორჩილებითა და დარწმუნებით აღვასრულებდეთ ადამიანთა ხსნას".
***
"სხვა მასწავლებელს ნუ დაუწყებ ძებნას, რამეთუ შენ გაქვს ბოძებული ღვთის სიტყვა, საღმრთო წერილი, რომელზე უმჯობესად ვერავინ ვერაფერს გასწავლის!"***
"საღმრთო წერილის სულ მოკლე გამონათქვამებშიც კი შეგვიძლია უდიდესი ძალაც მოვიძიოთ და აზრთა გამოუთქმელი სიმდიდრეც". ***
"წმინდა სახარების ოდენ ხილვითაც კი ჩვენ უფრო თავშეკავებულნი ვხდებით ცოდვებისადმი, ხოლო თუკი ამას მისი ყურადღებით წაკითხვაც დაერთვის, მაშინ სული, თითქოს უხილავ განსაწმენდელში მოხვდაო, იწმინდება და კეთილშობილდება, ანუ უწინდელზე უმჯობესი ხდება, რადგან მას სწორად ელაპარაკება წმინდა წიგნების მეშვეობით". ***
"სადაც წმინდა სახარება ძევს რწმენითა და ჯეროვანი მოწიწებით, იქ ვერ შევალს ბოროტი სული და ვერ ეცდება ქრისტიანის ცდუნებას".წმინდა იოანე ოქროპირი
"საღმრთო წერილის კითხვისას შეეცადე, ჩასწვდე მასში დაფარულ აზრს, რადგანაც ნათქვამია: "რამეთუ რავდენი-იგი წინასწარ დაიწერა, ჩუენდა სამოძღვრებლად დაიწერა" (რომ, 15.4)".
***
"საღმრთო წერილის სიტყვები საქმეებით იკითხე და ნუ მრავალსიტყვაობ მხოლოდ მარტივი გაგებით გაამაყებული".წმინდა მარკოზ განშორებული
"სულიერი გაგებით, ღმერთის მიერ აღთქმული ქვეყანა არის სრული უვნებობა, რომელიც, ვითარცა თაფლსა და რძეს, სულიერ სიხარულს აღმოაცენებს".
წმინდა გრიგოლ სინელი
"ღმერთს ჩვენ ლოცვა-ვედრებაში ვესაუბრებით, ღმერთი კი თავისი წმინდა წერილით გვესაუბრება".
***
"საღმრთო წერილის საიდუმლოთა სიღრმე და დაფარულობა (ისევე, როგორც, საერთოდ, ქრისტიანული სარწმუნოება) სასარგებლოა ადამიანისთვის. ისინი სწორედ იმისთვის არიან დაფარულნი, რომ არავის დაუკნინებია, შეულახავს და შეურაცხუყვია. ამასთან, საღმრთო წერილის საიდუმლონი გამოსაძიებლად და გულისხმის-საყოფად გვეძლევა, რათა თავს გამოვისწორებდეთ, ხოლო განგვეცხადებიან და განგვემხილებიან იმისთვის, რომ ამ ჭეშმარიტი საზრდოთი ვსაზრდოობდეთ და ავღორძინდებოდეთ".***
"საღმრთო წერილის ავტორიტეტი კიდევ უფრო ამაღლდა მას შემდეგ, რაც ხორციელი სიკვდილით მოკვდნენ მოკვდავნი, რომელთა მეშვეობითაც მოგვეცი იგი, და შენ, უფალო, იცი, როგორ შემოსე ტყავით ადამის ძენი, როდესაც სცოდეს და მოკვდავნი გახდნენ. ამიტომაცაა, რომ ტყავივით გაშალე მათ ზემოთ შენი წმინდა წერილის მყარი, წერილისა, რომლის სიტყვებიც უცვლელად ეთანხმებიან ერთიმეორეს. სწორედ ისინი დაამკვიდრე ჩვენს ზემოთ, როცა შენს მოკვდავ მსახურთა მეშვეობით მოქმედებდი. თვით თავიანთი სიკვდილით განამტკიცეს მათ ამ სიტყვების ავტორიტეტი, რომლებიც თვითონვე გვაუწყეს და რომლებიც ცისარტყელასავით გადაირკალნენ ყოველივე იმის თავზე, რაც მათ ქვემოთაა. მანამდე კი ტყავივით როდი გაგეშალა ცა, და არც კიდით - კიდემდე მოგეფინა შენი საღმრთო წერილის დიდება: ეს მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხორციელი სიკვდილით მოკვდნენ შენი მსახურნი".***
"შენს სიტყვაში, შენს მხოლოდშობილ ძეში ცა და დედამიწა სრულად ვიხილეთ, ეკლესიის თავი და სხეული, წინასწარგანსაზღვრულნი ყოველგვარ დროზე უწინარესად, ყოველგვარი ცისკრისა თუ მწუხრის გარეშე. ხოლო როდესაც წინასწარგანსაზღვრულის დროში ხორცშესხმა დაიწყე, რათა გაგეცხადებინა დაფარული და მოგეწესრიგებინა ჩვენი უწესრიგობა, მაშინ გაამართლე უღმერთონი, ცოდვილთაგან განაცალკევე ისინი და განამტკიცე შენი წიგნის ავტორიტეტი უზენაესთა შორის, რომელნიც შენ გმორჩილებენ, და მათ მორჩილ მდაბალთა შორისაც. ერთად მოუყარე თავი ერთსულოვნებით შეკრულ ურწმუნოთ, რათა უფრო ნათლად წარმოჩენილიყო მართლმორწმუნეთა გზნება, გულმოწყალებით აღძრულნი მიწიერ სიკეთეს რომ უწილადებენ უპოვართ, რათა სანაცვლოდ დაიმკვიდრონ ზეციური სიკეთე". ნეტარი ავგუსტინე