თუ სულიერი შვილების ცხონებისთვის არ გიზრუნია, ცუდი მოძღვარი ხარ
წმინდა იოანე კრონშტადტელი
გაგრძელება. დასაწყისი წინა ნომერში
დამრიგებლობითი თავნი. მწყემსი და სამწყსო
გაგრძელება. დასაწყისი წინა ნომერში
* მაცხოვრის მსგავსად, მღვდელმაც ისე უნდა დაიცვას თავისი სამწყსო, რომ სიცოცხლის ბოლოს კადნიერად უთხრას უფალს: "რომელი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძე იგი წარწყმედისა, რათა წერილი აღესრულოს" (იოან. 17,12). წარწყმედის ძეთა და ჯიუტ ცოდვილთათვის პასუხს არ აგებ, შენი უდებებით დაღუპულთა გამო კი მოგეკითხება.
* მღვდელი თუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ილოცებს, ცოდვაა, მრევლისთვის ყველგან უნდა ლოცულობდეს.
* ქრისტეს მსახურს ხალხი ქრისტეს მსგავსად გუნდად უნდა დასდევდეს, ანუ მღვდელმა სიტყვით და საქმით უნდა მიიზიდოს მრევლი.
* მრევლს არ ვუბიძგოთ ისეთი სისუსტეებისკენ, როგორიცაა ამპარტავნება, მოუთმენლობა და სხვა...
* მრევლს უნდა გამოვუცხადოთ ღვთის სრული ნება, ის, რაც მას ეხება.
* როცა შენთან მრევლის წევრი მოდის საეკლესიო წესის აღსრულებისთვის ან ამის გარეშე, ეცადე, დამოძღვრო.
* "რომელი ეგე ასწავებ მოყვასსა, თავსა თვისსა არ ასწავებ" (რომ. 2,21).
შენ მოძღვრობის უფლება მოგეცა - და ასწავლი სხვებს საჯაროდ, ტაძარში, მთელი დიდებულებით, რომ ვიცხოვროთ წმინდად, ქრისტიანულად. აკეთებ კი იმას, რასაც სხვებს ასწავლი? შენ ხომ მათ იმისთვის მოძღვრავ, რომ საქმით აღასრულონ, რასაც უქადაგებ? მაშ, თვითონ რატომ არ მისდევ შენს ნაქადაგებ ცხოვრების წესს? თავსა თვისსა არ ასწავებ, რომელი ეგე ასწავებ მოყვასსა.
* მქადაგებელმა თავი გუთნისდედას უნდა შეადაროს, რომელიც თავისი გუთნით ხნავს და თესავს, თესავს ღვთის ჩაბარებულ თესლს. მას ძალზე იშვიათად უწერია, თესლის ამოჯეჯილებასა და მკამდე მიაღწიოს.
* უწესოდ იქცევიან ის მოძღვრები, რომლებიც სულ სხვის ქადაგებებს და ნაწერებს კითხულობენ და თვითონ არაფერს ეუბნებიან ხალხს. ისინი იმ უძირო ჭურჭელს ჰგვანან, რომელშიც რამდენი წყალიც არ უნდა ჩაასხა, იქიდან არაფერი წამოდინდება. აუცილებელია, რომ გამოთქვას გულმან მისმან მისგან სიტყვა კეთილი (შდრ. ფს. 44,1) მორწმუნეთა დასამოძღვრად და განსანათლებლად. ასე რომ, ქრისტეს ფარის მწყემსნო, წაიკითხეთ, დაწერეთ და თვითონაც წარმოთქვით ქადაგებები. თქვენ, როგორც ფუტკრებმა, ადამიანთა გონების ყველა ნაწარმოებიდან ნექტარი უნდა შეკრიბოთ, ანუ ამოიღოთ თქვენი სამწყსოსთვის სასარგებლო და საკვებად ვარგისი საზრდელი. თქვენი ცხოვრება სამწყსოს სიკეთეს უნდა მიუძღვნათ, ისევე როგორც მშობლები უძღვნიან შვილების კეთილდღეობას. თქვენ უნდა მოუხვეჭოთ მათ სულიერი სიმდიდრე, სულიერი მამული, რაზეც მათი ცხონებაა დამოკიდებული და იფიქროთ მხოლოდ საკუთარ დიდ განსწავლულობაზე, საკუთარ გამდიდრებაზე ცოდნით, თორემ როცა თქვენი სამწყსო ღატაკია, რელიგიურ უმეცრებაშია, სულიერად მშიერია და სწყურია - რაღად ღირს ამ დროს შენი განსწავლულობა? კავშირი მამასა და შვილებს შორის, თქვენსა და თქვენს სულიერ ძეთა შორის, განა ყველაზე მჭიდრო კავშირი არ არის? განა არ იღუპავთ სულს, როცა ცოდნით გამაძღარი, ერთად აღებულ შვიდ ბრძენზე მეტად განბრძნობილი სულიერი შვილებისთვის იმ ცოდნის ნამცეცსღა იმეტებთ? სულიერი შვილებისადმი სულიერ საკითხებში გამოჩენილი სიძუნწე გვაფიქრებინებს, რომ ძუნწი იქნებით ნივთიერი სიკეთის გაცემაშიც. უეჭველად ცდილობთ მატერიალურად გამდიდრებას; ოქროს ოქროს უმატებთ, ვერცხლს კი ვერცხლს, გაჭირვებულთათვის გაყოფა არ შეგიძლიათ! ვაითუ ეს მართალია. თუ მთავარ საკითხში მგრძნობიარე არა ხარ, ნაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე რაღა უნდა ვთქვათ? გამოვსწორდეთ, საყვარელნო თანამოძმენო. ჩვენი სულიერი შვილებისთვის ნუ დავინანებთ ნურც სულიერ სიმდიდრეს და ნურც მატერიალურს, მით უმეტეს, როცა ისინი უკიდურესად გაჭირვებულნი არიან. ნუ დაღუპავთ უგუნურად სიცოცხლესა და ღვაწლს (ნახე - გრიგოლ ღვთისმეტყველი, სიტყვა ეპისკოპოსს).
* მე ვქადაგებ, ვმოძღვრავ, მაგრამ თუ ჩემს ნათქვამში არ მექნება მოციქულებრივი სიყვარული სამწყსოსი, მათი ცხონებისადმი მოშურნეობა, ამ სწავლებიდან მცირე სარგებელს მივიღებ.
ძმანო, მოვალენი ხართ, პასუხი გვაგებინოთ იმისთვის, რომ მცირეს გასწავლით, მცირეს გიქადაგებთ ღვთის სასუფეველსა და ცოდვილთათვის განმზადებულ გეენიაზე. ამ შემთხვევაში უდიდესი მტრები ვართ თქვენი: რადგან გიხშობთ ქრისტეს სასუფევლის კარს. მოციქულები და წმინდა მამები ისე უქადაგებდნენ ხალხს ღვთის სიტყვას, გეგონებოდათ, უნდათ ყველა ღვთის სასუფეველში გადაასახლონო; ამიტომაც ევედრებოდნენ მათ, აღარ შეეცოდათ, საუკუნო სატანჯველით ემუქრებოდნენ, თუ არ გამოსწორდებოდნენ. ჩვენში თუ ხედავთ ამ სურვილს? და თუ ვერ ხედავთ, მოვალენი ხართ, ამისთვის პასუხი მოგვთხოვოთ. ჩვენ ამ შემთხვევაში თქვენი უდიდესი მტრები ვართ. შესაძლოა, ჩვენში ღვთის სასუფევლის მცირე რწმენას ამჩნევთ, ანდა საერთოდ ვერ გრძნობთ, რომ გვსურს, თქვენ სასუფევლის მკვიდრნი შეიქნათ. შესაძლოა, საკუთარი თავისთვისაც მცირედს ვზრუნავთ. ვაი ჩვენ მაშინ.
* თუ სულიერი შვილების ცხონებისთვის არ გიზრუნია, ცუდი მოძღვარი ხარ. თუ არ გაგიხარია დიდი სიხარულით ცოდვილის გადარჩენა და არ შეწუხებულხარ მოუნანიებელი ცოდვილის გამო, ცუდი მოძღვარი ხარ. ღვიძლი შვილებივით გიყვარდეს ყველა.
* გქონდეს მაღალი ღირსების გრძნობა საკუთარი თავისა და სულიერი შვილების, როგორც ქრისტეს სისხლით გამოსყიდულთა, მიმართ. სასოს ნუ წარგიკვეთს უხილავი მტრის თავდასხმა. შენი და შენი სულიერი შვილის თავი თვით ქრისტეა. ეშმა, როგორც ღვთის მოწინააღმდეგე და გმობის სული, ყველა ხერხით ცდილობს უკუაგდოს ჩვენში შინაგანი აღსარება ქრისტესი, როგორც ღმერთისა, და მოგვაშოროს მის ცხოველმყოფელ სასმისს. გამაგრდი!
* მღვდელო ღვთისაო, დაიმახსოვრე, რომ საკუთარი შვილებისა და მათი ცხონებისათვის ლოცვა შენი მუდმივი ვალი უნდა იყოს, მათთვის არა მარტო ეკლესიაში უნდა ილოცო, არამედ შინაც. აბა, სიტყვიერ ცხოვარს კარგად როგორ დამწყემსავ, თუ მათთვის არ ილოცებ? მხოლოდ ლოცვით მოიპოვება ყველა სულიერი სიკეთე.
* სამწყსოს ძლიერ სჭირდება შენი ლოცვა, ამ საჭიროებას აშკარად გრძნობენ ისინი, ვინც "განანათლნა თვალნი გულისანი" (ეფეს. 2,19). ფიქრების მგელი არ თვლემს და ხელსაყრელ შემთხვევას ეძებს - შეიპყროს უდარდელი ცხოვარი. გამოუცდელი ცხვრები ვერ ხვდებიან, რომ ფიქრების მგელი მათ დაჭერას უპირებს და ხელში უვარდებიან, რადგან არ იციან ბრძოლისა და თავდაცვის ხერხები. ილოცე მათზე, მხურვალედ ილოცე, ისე, როგორც ლოცულობ მაშინ, როცა თავს ფიქრების მგელი გესხმის.
* მღვდელი ყოველთვის ხალხის წარმომადგენლად უნდა გრძნობდეს თავს, განსაკუთრებით ტაძარში, ღვთისმსახურებისას, როცა ის უპირატესად არის შუამავალი.
* დააკვირდი საკუთარ თავს, რომ ყველას მორჩილი იყო, უფროსებისა თუ მრევლისა, რომელთაც ქრისტეს გულისთვის სრულიად უნდა დაემორჩილო. შენ ქრისტეს სიტყვისაებრ მსახური უნდა იყო მრევლისა: "რომელს უნდეს დიდ ყოფაი თქვენ შორის, იყოს თქვენდა მსახურ" (მარკ. 10,43-44). გეშინოდეს რომელიმე საეკლესიო წესის შესრულებაზე უარის თქმისა. ამას შეუძლია შენი სულის მოკვდინება და ღვაწლისთვის მონიჭებული ჯილდოს წართმევა. მორჩილება ყველა მსხვერპლზე უმეტესია.
* მღვდელი, რომელიც სამწყსოსთვის ლოცულობს, ყველანაირად უნდა ეცადოს, თავისი ლოცვით მრევლს მლოცველის სული შთაბეროს და ამისთვის სულიწმინდას ევედროს.
* მღვდელმა ლოცვისას თავი მრევლისგან არ უნდა გამოყოს, თორემ მისი ლოცვა ღვთისთვის უკადრისი და ცოდვიანი იქნება. მღვდელს სამწყსო გულში უნდა ჰყავდეს, რომ პავლე მოციქულის სიტყვისაებრ შეეძლოს, მას "ნაწლევი ჩემი" უწოდოს, რაც ნიშნავს, რომ მრევლი მუდამ განსაკუთრებულად ახლოა მის გულთან. როგორც არწივი დაატარებს თავის მართვეებს, ისევე მან სამწყსო თავისი სიყვარულის ფრთებით უნდა იტვირთოს.
* "სასყიდლით დადგინებულმან... დაუტევნის ცხოვარნი და ილტვინ". სასყიდლით დადგინებული (დაქირავებული) ამგვარად იქცევა: მას არა აქვს გონიერ ცხოვართა გულწრფელი სიყვარული, ის დაუტევებს ხოლმე თავის სამწყსოს ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თავის სიზარმაცით არ ზრუნავს მათზე არც ლოცვით, არც ქადაგებით, არც დამოძღვრით, რაც მათ სულიერად და ხორციელად სჭირდება და თუ ლოცულობს მათთვის, მექანიკურად კითხულობს ლოცვანიდან. თუ ასწავლის, მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი განსწავლულობა აჩვენოს, მხოლოდ მოჩვენებითად აღასრულოს მოძღვრის აუცილებელი მოვალეობა. რა მშვენივრად დაახასიათა უფალმა სასყიდლით დადგინებულნი! მართლაც, დაქირავებული მწყემსი უმეტესად დაუტევებს ცხვრებს და გარბის იმ დროს, როცა მათ საცდური ემუქრებათ, შესაძლოა ან ჭეშმარიტების გზიდან, კეთილი ცხოვრების გზიდან გადაუხვიონ, ანდა სულაც სიკვდილის სარეცელზე წვანან (ის ამ დროს ცხვრის გამოჯანმრთელების ნაცვლად მის სიკვდილზე ფიქრობს, რადგან როგორც დაქირავებულს, შესაძლოა ტყავი დარჩეს). სწორად არის ნათქვამი, რომ ერთადერთი მწყემსი კეთილი არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. აი მაგალითი ჩვენთვის, მწყემსებო, თუ როგორ დავდოთ სული ცხოვართათვის, როცა საჭიროება მოითხოვს, აი სახე იმისა, თუ როგორ მოიქცეს მწყემსი თავისი ცხვრების წინაშე. გეშინოდეს, იყო დაქირავებული. იყავი სრულიად გულწრფელი სამწყსოსთან, ნურც ერთი ბოროტი ფიქრი გულში ნუ ჩაგისახლდება, რადგან ის, როგორც შხამიანი გველი, სხვებზე უფრო შენთვისაა საშიში... ეცადე, გონების თვალი ყოველთვის ნათელი გქონდეს, ნუ დააბნელებ მას ცოდვით.
* თუ უგუნური ცხვრები გუმანით გრძნობენ, რომელია მათი მწყემსი, მით უმეტეს ხვდებიან ამას პირმეტყველი ცხვრები, გონიერი ცხვრები ყველაზე ფაქიზად გრძნობენ, რომელია და როგორია მათი მწყემსი! მათ ვერ მოატყუებთ, მწყემსებო! ფრთხილად მოიქეცით მათ წინაშე, ისინი თქვენ გაგიგებენ.
მრევლს:
* ჩვენ თქვენ გვიყვარხართ და ამიტომ თქვენი სიყვარულის ღირსი ვარ: პირველად ყველგან თქვენთვის ვლოცულობ, შინ თუ ეკლესიაში. ჩვენ არა მარტო თქვენთვის ვლოცულობთ, არამედ თქვენი გარდაცვლილებისთვისაც. დაე, ამის გამო დაგვაჯილდოეთ მცირე ნაწილით თქვენი შემოსავლის ნამეტნავიდან. მაგრამ არ იფიქროთ, ჩვენი თქვენდამი და თქვენი მიცვალებულებისადმი სიყვარული ფულით იყიდებოდეს. არა. მხოლოდ დაქირავებულს უყვარს ფულის გამო სამსახური. ჩვენ ასე არ გვიყვარხართ, რადგან ვიცით, რომ უფლის მეორედ მოსვლისას იქნებით ჩვენთვის ან საქებრად და სიხარულად, ან განსაკითხველად და მწუხარებად. განა შეგვიძლია დავივიწყოთ ჩვენი ვალი გულწრფელი სიყვარულისა ჩვენი უფლისმიერი შვილების მიმართ?
* პატივი გვეცით მღვდლებს. ნუ უგულებელყოფთ ჩვენს კურთხევებს, რაც ასე გაძლიერდა ჩვენს დროში. ჩვენი უპატივცემულობა უცილობლად ქრისტეს უპატივცემულობაში გადადის. როცა ჯვრით გიახლოვდებით, შეგვხვდით ისეთი სიხარულით, როგორც უფალს. ვაი იმას, ვინც უარყოფს ქრისტეს მსახურებს და ჯვარსა უფლისასა.
ნუ ამიგდებ აბუჩად მე, სიტყვიერ ცხოვართა მწყემსს. ერთი მხრივ, შენნაირი კაცი ვარ, აღსავსე ადამიანური უძლურებებით, მაგრამ შენზე მეტად ცამდე ვარ განდიდებული, თუმცა უგუნურობად მიმაჩნია ამით სიამაყე. გამცნობ, რომ ღვთისგან მონიჭებული მაქვს უფლება შეკვრისა და გახსნისა, მაგრამ თავს არ ვიქებ ამით, თუმცა გეტყვი, რომ მე შევკრავ შენს სულს სამუდამოდ, თუ არ მოიქცევი ბოროტი გზიდან. ესეც კი ცოტაა, როცა გარდაიცვლები, ჩემგან განუხსნელი, შეკრული წახვალ იმ ქვეყანას. დიახ, მე შეგკრავ მიწაზე და შეკრული იქნები ზეცაშიც. და თუ გაგხსნი მიწაზე, გახსნილი იქნები ზეცაშიც. შენ არ გამოგიცდია, რაოდენ მძიმეა მღვდლის მიერ შეკვრა და ღმერთმა ნურც განგაცდევინოს, ეს ტოლფასია ღვთისგან შეკვრისა: "საშინელ არს შევრდომაი ხელთა ღმრთისა ცხოველისაითა" (ებრ. 10,31), - ბრძანებს მოციქული. ჰოი, რამხელა მწუხარება და განსაცდელი განგიგმირავს გულს, როცა მღვდელი შეგკრავს. მე თვითონაც მეშინია, ვინმე შევკრა, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვიყენებ ჩემს ხელმწიფებას. მომხედე მე, სიტყვიერო ცხოვარო, და ნუ უგულებელყოფ მწყემსს. შენ უფრო ზარალდები ამით, ვიდრე მე - მხოლოდ მწუხარებას მოჰგვრი ჩემს გულს შენი უგულებელყოფით.