წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ვინ ვიყავ, ვინ ვარ ამჟამად და რად შევიქმნები ხანმოკლე დროის შემდეგ? სად წამიყვან და სად დამადგინებ დიდებულ ქმნილებას, უკვდავო, თუკიღა არსებობს დიადი ქმნილებათა შორის?
ჩემი აზრით კი, ჩვენ ერთდღიანი უმნიშვნელო ქმნილებანი ვართ და ამაოდ ავიმაღლებთ თავს, თუ ჩვენში მარტოოდენ ისაა, ადამიანები რასაც ხედავენ და სხვა არა გაგვაჩნია რა, გარდა დასაღუპავი ცხოვრებისა. ***
მოხედე ადამიანთა საბრალო მოდგმას. მელექსესთან ერთად შენც იტყვი: "არა არის რა კაცზე უძლური" (ჰომეროსი, "ოდისეა"). სნეულებათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან და ვიზარდებოდი დიდითა და მძიმითა შრომითა. თავდაპირველად დედას დავყავდი ატატებული, მერე კი, - არცთუ ცრემლიანი შეძახილების გარეშე, - ძირს დამსვეს. ვიწყე მიწაზე სიარული, როგორც ოთხფეხმა, ვიდრე სხვისგან ხელის შეშველებით წელში გავიმართებოდი. დროთა განმავლობაში მანამდე დადუმებულმა ხმამ ტიტინი იწყო და მასში ჩემი გონებაც გამოკრთა. შემდეგ და შემდეგ, უკვე სხვების დახმარებით, ტირილით გამოვითხოვე ჩემთვის სიტყვა. ოცი წლისა მოვიწიფე, მაგრამ მანამდე, როგორც სარბიელზე მსრბოლმა, მრავალი მარცხიც ვიწვნიე. ზოგი რამ ჩემთან დარჩა, ნაწილი ჩემთვის უკვე დაიღუპა, ზოგიერთზე კი, - დე, უწყოდე, სულო ჩემო! - ჯერაც გარჯა მოგიწევს...***
თუკი სასწორზე შეაგდებ იმას, რაც ცხოვრებაში სასიამოვნოა და რაც - საწუხარი, მაშინ სასწორის ცალი პინა, რომელიც ბოროტებით გადავსებულა, მიწისკენ დაიწევს, მეორე კი, პირიქით, ცხოვრების სიკეთეთაგან ავსებული, ზე აიტყორცნება. ომი, ზღვა, მიწათმოქმედება, შრომა, ავაზაკები, ქონების შეძენა, საკუთრების აღწერა, გადასახადთა ამკრეფნი, შუამდგომლობა საქმისთვის, ჩანაწერები, მოსამართლენი, უსამართლო უფროსობა - ამ მრავალსალმობიერ ცხოვრებაში ყოველივე ოდენ ბავშვური თავშექცევაა. აი, ცხოვრებაში სასიამოვნოც - ნაყროვანება, სტომაქის ავსება, სიმღერა, სიცილი, მუდამ გახრწნილი გვამებით პირთამდე სავსე კუბო; საქორწინო საჩუქრები, ქორწინება, მეორე ქორწინება, თუკი პირველი დაირღვა, მრუშნი, მრუშთა შეპყრობა; ბავშვები - საგანგაშო მწუხარება; სილამაზე - მატყუარა სატყუარა; სიმახინჯე - უდანაშაულო ბოროტება; საზრუნავი კეთილ ბავშვებზე, სევდა უკეთურებზე; სიმდიდრე და სიღატაკე - მრჩობლი ბოროტება; ამპარტავნება, სიამაყე - ეს ყველაფერი ხელიდან ხელში ბუშტივით მიმოფრენს. ვუმზერ რა ამას, გული მელევა, უკეთუ უმჯობესად იმას რაცხავენ, რაშიც უფრო მეტი ბოროტებაა, ვიდრე სიკეთე. არ ტირი განა, როცა გესმის, შენამდე მყოფთ რამდენი საწუხარი ჰქონდათ? თუმცაღა არ ვიცი, იტირებ თუ იცინებ. ძველი დროის ბრძენნი თავისთვის შესაფერისად მიიჩნევენ ერთსაც და მეორესაც: ერთ ნაწილში ცრემლებს იწვევდა, სხვებში კი ხითხითს, ტროელები და აქაველები ერთმანეთს რომ ეკვეთებოდნენ, იბრძოდნენ და ერთურთს ჟლეტდნენ მრუში დიაცისთვის...
***
და შენც, გველის ძედ მიჩნეულო, დაუოკებელო ძალავ - ალექსანდრე, ვინც მოვლე მთელი ქვეყანა, ღვინომ დაგღუპა! რა უპირატესობაა გახრწნილთა შორის? იგივე მტვერი, ერთნაირი ძვლები; ვინც ავბედითობაში იყო და ვინც კეთილდღეობაში - არავის არა გააჩნია რა, გარდა კუბოსი. ასეთია აქაურთა ხვედრი. მაგრამ რაღაა სხვა ცხოვრებაში: ვინ იტყვის, რა მოაქვს ცოდვილთათვის უკანასკნელ დღეს?
გვედრი შენ, მეუფეო ჩემო, ქრისტე: მომანიჭე, ნეტარო, მსახურსა შენსა ბოროტებისგან მეყსეული განკურნება - აქედან გადასახლებით! კაცთათვის ერთი მხოლოა სიკეთე, და სიკეთე მდგრადი - ესაა ზეციური იმედები!