სამოთხეშივე დავეცით ათი დიდი დაცემით
ჭეშმარიტმა და კაცთმოყვარე ღმერთმა ადამიანი უცოდველი, წმინდა შექმნა. ან კი როგორ შეიძლებოდა, ცოდვა ყოფილიყო მასში, ვინც იშვა ხატად და მსგავსად თავისი გამჩენისა!
მხოლოდ საკუთარი არჩევანის, თავისუფალი ნების გამოვლენისას ჰქონდა ცოდვის ჩადენის შესაძლებლობა, ვინაიდან უფალმა ორივეს შემძლებლად შექმნა - სიკეთისაც და ბოროტებისაც. თავისუფალი ნებაც ხომ სწორედ სიკეთესა და ბოროტებას, უფალსა და ეშმაკს შორის პიროვნული, ინდივიდუალური არჩევანის გაკეთებას ემსახურება.ქვეყნიერების მეუფედ, გვირგვინად დაბადა ადამიანი შემოქმედმა. მეფური იყო მისი მიწიერი სამყოფელიც. ჰქონდა ყოველგვარი პირობა სრულყოფისა და სისრულისთვის. შვება და თავისუფლება უნდა მიეღო სამოთხეში (რამეთუ შვებად ითარგმნება "ედემი"), სრულად უნდა შეეცნო ჭეშმარიტება, ძალა და სიდიდე თავისი შემოქმედისა, რამეთუ ნათქვამია: "შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამ განგათავისუფლოს შენ".
სამოთხეშივე მიეცა ადამს ღვთისაგან მცნება, კურთხევა მორჩილებისა, უფლისადმი მინდობისა, ერთგულებისა, როგორც პირველი გამოცდა სრულყოფილების კიბის მომდევნო საფეხურზე, სიმაღლეზე აღსასვლელად. ყოველი ხის ნაყოფის ჭამა შეეძლო, გარდა ხისა ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა, რომელიც სამოთხის შუაგულში სიცოცხლის ხის გვერდით იყო დანერგილი.
შემთხვევითი როდია ამ ორი ხის გვერდიგვერდ აღმოცენება, რამეთუ არ არსებობს უცდომელი ცოდნა ჭეშმარიტი სიცოცხლის გარეშე და არც წმინდა სიცოცხლე შესაბამისი ცოდნის გარეშე, როგორც ამას ერთი წმინდა მამა ამბობს. სწორედ რომ ამ უმაღლესი ჭეშმარიტების წვდომისათვის, სრულყოფილებისთვის ამზადებდა უფალი ადამს, იგი ახალბედა მოწაფესავით უნდა მიჰყოლოდა თავის სულიერ მოძღვარს - ღმერთს, ადამიანთა სულების უდიდეს ხელოვანს. ნაცვლად ამისა, ადამიანმა დააპირა უფლის გარეშე ჩასწვდომოდა სიღრმეს სიცოცხლისას, უღმერთოდ განღმრთობა და გონიერების გარეშე სიბრძნე მოისურვა, დაივიწყა შემოქმედი თვისი და მიჰყვა ხმას ეშმაკისას, დაარღვია მცნება მორჩილებისა "არ ჭამო" და აღასრულა საცთური ბოროტისა. ღვთის სიტყვის, კურთხევის დარღვევით შემოვიდა ცოდვა, წყევლა და სიკვდილი ქვეყანაზე. ჩვენ თითოეულმა ვცოდეთ ადამში, რამეთუ იგია ფესვი, წყარო და სათავე კაცობრიობისა. არა ერთის გამო დავისაჯეთ ყველა, არამედ ერთში მოკვდა თითოეული. თავისი ნებით, საკუთარი არჩევანით ადამიანმა სამოთხეში ჯოჯოხეთი პოვა, ედემში, შვებაში ტანჯვა დაიმსახურა. დაივიწყა რა უფალი, ყოველი ცოდვის აღმასრულებელი შეიქნა, რამეთუ მარადიული ხსოვნა უფლისა საწინდარია ყოველგვარი სიკეთისა, ხოლო დავიწყება მისი მშობელია ბნელეთის ბოროტებისა და არაწმიდებისა.
მართალია, ეშმაკის შეგონებითა და ცდუნებით მოხდა პირველქმნილი ადამიანის დაცემა, მაგრამ თავისი ნების უშუალო მონაწილეობით, საკუთარი სურვილით მასზე მინდობით. ადამის მიერ აღსრულებული ცოდვა, დაუმორჩილებლობა მხოლოდ აკრძალული ხის ნაყოფის ჭამით არ შემოისაზღვრება, არამედ არის ამოძახილი მოსეს ათი მცნებისა, რამეთუ სამოთხეშივე უარვყავით თითოეული და სამოთხეშივე დავეცით ათი დიდი დაცემით.
* მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე.
პირველი და ყველაზე მთავარი მცნება მოსეს ათი მცნებისა, რამეთუ მასში ერთიანდება და სათავეს იღებს სხვა დანარჩენი, მისგან გამომდინარეობს არსი და ღირსება თითოეული მათგანისა. როგორც ადამია სახე მთელი კაცობრიობისა, ასევე პირველი მცნება არის წყარო და მშობელი ყოველი მცნებისა.
* არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოველადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა, არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
"მე ვარ უფალი ღმერთი შენი" - დაივიწყა ეს ადამიანმა და ჩავარდა მეორე ცოდვასა და ცდომილებაში, საკუთარი თავი აქცია კერპად. უფლის მადლისაგან მოწყვეტით ღმერთობა მოინდომა, დაივიწყა შემოქმედი, გამჩენი თვისი, უარყო ჭეშმარიტება და მიიღო სიცრუე, ღმერთობა განიზრახა და ადამიანობაც დაკარგა. ეშმაკის შეგონებას, მის ამპარტავნებით გაჟღენთილ, წარმწყმედ სიტყვას დაემორჩილა: "იქნებითო ვითარცა ღმერთი" - და დაივიწყა ჭეშმარიტი, მაცოცხლებელი, განმაღმრთობელი კურთხევა შემოქმედისა: "მე ვარ უფალი ღმერთი შენი".
* არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა.
არათუ ამაოდ ახსენა, არამედ სულმოკლე საქციელით ადამიანმა ცილი დასწამა, აყვედრა დამბადებელს თვისას: "შენ რომ შექმენი ჩემი ნეკნიდან, ევამ მაცდუნა მე". ამ სიტყვებით მან გმო უფალი, რამეთუ თავისი უძლურების გამო ღვთისაგან მისივე საკეთილდღეოდ, სიყვარულით შექმნილ მეორე ნახევარს გადააბრალა საკუთარი უმსგავსობა. დაივიწყა რა ღმერთი, მყისვე დაკარგა მოყვასის სიყვარულიც.
* მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი. ექვს დღე იქმოდე და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისა.
ადამიანის ცოდვით დაცემამდე არ არსებობდა არათუ დღე, არამედ დროის უმნიშვნელო მონაკვეთიც კი უფალთან ერთობის გარეშე. იგი, როგორც ახალშობილი დედას, ისე იყო მიწებებული თავის შემოქმედს. მასაზრდოებელი, მაცოცხლებელი იყო მისთვის ღვთის სიტყვა, ისევე როგორც ჩვილისთვის - რძე, მაგრამ როდესაც მან დაივიწყა პირველი მცნება შემოქმედისა: "მე ვარ უფალი ღმერთი შენი", მისთვის საჭირო გახდა შეხსენება შემდეგი სიტყვებისა: "ექვს დღე იქმოდე და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისა".
* პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ-გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე ქვეყანასა ზედა.
უშუალოდ ღვთისაგან შექმნილ ადამს არ ჰყოლია ხორციელი მშობლები, დები, ძმები, მაგრამ ჰყავდა ყოველივეზე აღმატებული, ყოვლისშემოქმედი უფალი, რომელიც ყველაფერი იყო მისთვის. ღვთის უპატივცემულობამ, დაუმორჩილებლობამ მოკვდავად აქცია იგი. ვიდრე ცოცხლობდა მასში ხსოვნა უფლისა, მისი სიტყვისა, სიდიადე გამჩენისა, უკვდავი იყო, ხოლო როგორც კი ცოდვით მოუჩრდილა სულიერ თვალს, მზერას უფლისას, მაშინვე "იქმნა ვითარცა მკუდარი".
* არა კაც-ჰკლა.
როგორც კი მოკვდა ადამში სიტყვა უფლისა, მოკვდა თვითონაც, დაშორდა სუნთქვას სიცოცხლისას, მონაბერი გახდა სიკვდილისა.
* არა იმრუშო.
რაჟამს შემოვიდა ადამში ვნება, იგრძნო სიშიშვლე ხორცისა, ფოთლებით დაიფარა სხეული, რამეთუ ბილწი გულისთქმა გაჩნდა მასში. შემოსა ხორცი თვისი, მაგრამ განაშიშვლა სული ღვთის მადლისაგან.
* არა იპარო.
ღვთის ნების საწინააღმდეგოდ, მოპარვით შეეცადა დაუფლებოდა სიბრძნეს ყოვლისმცოდნეობისას. ქურდივით გაიწვდინა ხელი აკრძალული ნაყოფის მოსაწყვეტად, მოპარულ საზრდოში ეძებდა სრულყოფილებას, აზრს სიცოცხლისა, რამეთუ არც მაშინ ახსოვდა: "მე ვარ უფალი შენი".
* არა ცილი-სწამო მოყუასსა შენსა წამებითა ცრუითა.
თავისი ნეკნისაგან და მის შემდეგ შექმნილ ევას დასწამა ცილი, მისთვის დაბრალებით შეეცადა გამართლებულიყო ღვთის წინაშე... ადამს უშუალოდ უფლისაგან ჰქონდა მიღებული ყოველი მცნება და მხოლოდ მის წინაშე იყო პასუხისმგებელი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოგაწოდებს დანას, თუ კაცის მოკვლა გსურს, როდესაც გულში უკვე გაწირე იგი. ადამმაც, მართალია, ევას ხელთაგან მიიღო სასიკვდილო ნაყოფი, მაგრამ მის სულში ხსოვნა უფლისა უკვე მკვდარი იყო.
* არა გული გითქუმიდეს ცოლისათვის მოყუასისა შენისა, არა გული გითქუმიდეს სახლისათვის მოყუასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისათვის, რაიცა იყოს მოყუასისა შენისა.
მეათე მცნებაში ჩამოთვლილი აკრძალვანი გამოვლინებაა უსიყვარულობისა. როდესაც ადამიანს წმინდა გულით უყვარს თავისი შემოქმედი, ეყვარება მოყვასიც, რომელიც მისი მსგავსია, მასავით ხატებაა ღვთისა. უფლის სიყვარულის მტკიცე საფუძველი მისი მარადიული ხსოვნა, მის მცნებათა აღსრულებაა, მისდამი სათნოყოფაა, ხოლო რაჟამს ადამიანი თავისი ცოდვით სწყდება ღმერთს, ივიწყებს მას, შური, ვნება, ბოროტება და ყოველგვარი სისასტიკე იღვიძებს მასში. როგორც უწყლო, ხრიოკი მიწაა უვარგისი ნაყოფიერებისთვის, ასევეა მოკლებული მისი გული ღვთაებრივი მადლის სინედლეს.
***
ათი მცნება არის ადამში ცოდვით დაცემული კაცობრიობის განახლება, განწმენდა, სულიერ-ზნეობრივი მომზადება ახალი აღთქმის, ახალი სიცოცხლის, ქრისტესმიერი სულის მისაღებად. ათი მცნება არის "სხეული" ძველი სჯულისა, ღირსეული ჭურჭელი, წმინდა ბარძიმი, რომელიც შემდეგში ქრისტეს ჭეშმარიტი ხორცითა და სისხლით, მაცხოვნებელი სულით აღივსო. როგორც უფალმა მიწისაგან შექმნა სხეული და შემდეგ შთაბერა მას სიცოცხლის, უკვდავების სული, ასევე კაცობრიობას თავდაპირველად მიეცა ათი მცნება, ათი სწავლება, რომლებიც შემდგომში ახალი სულით, ანგელოზებრივი ნეტარებებით აღსრულდა და დაგვირგვინდა. როგორც იოანე ნათლისმცემლის ნათლობა იყო წინასახე მაცხოვრის მაცოცხლებელი ნათლობისა, ასევე ძველი აღთქმის ათი მცნება, ათი სულიერ-ზნეობრივი შეგონება წინასახეა ცხრა ნეტარებისა. ის ხიდივით არის გადებული ძველსა და ახალ, პირველსა და მეორე ადამს (ჭეშმარიტი ღმერთის უფალ იესო ქრისტეს) შორის.ათი მცნებით მივიღეთ რჯული, კანონი, ზნეობა, ხოლო ნეტარებებით - ზეციური სიცოცხლე, სასუფეველი, ანგელოზთა ცხრა დასის მსგავსად, რომლებიც მარადის ნეტარებენ ზეცაში უფალთან ერთად. ათი მცნებით უფალი გვეუბნება: გიყვარდეს ღმერთი და არ გააკეთო ბოროტება, ცხრა ნეტარებით კი: გიყვარდეს ღმერთი და აღასრულე სათნოება (წმინდა სერაფიმ საროველი).
სასიკვდილოდ დაშავებულ ადამიანს თავდაპირველად გადაუდებელ დახმარებას უწევენ, რათა შეძლონ მისი საოპერაციო მაგიდამდე მიყვანა და საბოლოო განკურნება. ათი მცნებაც ცოდვის ათი ჭრილობით მოწყლული კაცთა მოდგმის ის პირველი დახმარება იყო, რომელმაც ადამიანი ჭეშმარიტ მკურნალამდე - იესო ქრისტემდე მიიყვანა.
გიხაროდენ და მხიარულ იყვენით
ცხრა ნეტარება არის სისრულე და აღსრულება ათი მცნებისა, რამეთუ მათთან ერთად მოიცავს ცხრა სიხარულს, ცხრა სიყვარულს, ცხრა საოცრებას სულიერი სიდიადისა. ღვთაებრივი ნეტარებანი ცხრა ნაყოფია სულიწმინდისა.* ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
ლოდი, ძირი, მტკიცე საფუძველი სარწმუნოებისა, რომელზეც დაშენებული და აღმართულია ზეცად აღმავალ სათნოებათა უსასრულო კიბე - სიმდაბლე, გონების სიგლახაკე სათნოებათა დედაა, ჭეშმარიტი შემფასებელი, წარმომჩენელი ყოველი სიკეთისა, ნეტარებათა ნეტარება, ქრისტიანობის სიმდიდრე, სასუფევლის კარიბჭის შემღები. ადამიანი, რომლის გონებაში წარუშლელად, სამარადისოდ არის აღბეჭდილი ხსოვნა უფლისა, მისი სიდიადისა, - აი, ვინ არის გონებით სიგლახაკის მატარებელი. ვინც შეიცნო დიდება, ძალა შემოქმედისა, მან გააცნობიერა უძლურება თვისი. ჭეშმარიტად, დიდ წმინდანს შეეძლო ეთქვა: "ხოლო მე მატლი ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა". უფალი არ ამბობს, ნეტარ იყვნენო მდაბალნი, არამედ - "ნეტარ იყვნენო გლახაკნი სულითა", რაც აღმატებულ, სრულყოფილ სიმდაბლეს მოასწავებს. მრავალი სახე არსებობს სიმდაბლისა და ყოველი მათგანი სასარგებლოა სულისთვის, გასაჭირით იქნება ის მოწეული, საკუთარი ცოდვების ხსოვნით, ადამიანთა თუ ამ ქვეყნის უნდობლობით, მაგრამ არის ენით აღუწერელი, გამოუთქმელი სიგლახაკე სულისა, რომელიც ცოდვათა სიმრავლისაგან კი არ წარმოიშობა, არამედ წმინდა გულიდან, სათნოებებით სავსე, ღვთის სიყვარულით გაჟღენთილი სულიდან მომდინარეობს. როგორც ამპარტავნებაა დასაბამი ყოველი ბოროტებისა, ასევეა სიმდაბლე დედა, წყარო ყოველი სათნოებისა და სიბრძნისა (წმინდა იოანე ოქროპირი).
* ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ.
ნეტარია არა ის, ვინც ამა სოფლის სიამეთათვის, სიმდიდრის, ქონების, საკუთარი სტომაქისთვის მწუხარებს, არამედ ის, ვისაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი ცოდვილობა, ვინც გამუდმებით გლოვობს თავისი დაცემითა და სულმოკლეობით უფლის წმინდა სახელის შელახვას. სინანული საიდუმლოა ახალი აღთქმისა, რომელიც თვით ანგელოზებისთვისაც კი უცხოა, მეორე ნათლობაა, რომლის მადლსა და ძალას ვერ გარდაემატება ვერც ერთი ცოდვის სიმძიმე. გულის სიღრმიდან გადმოღვრილი ცრემლია, რომელიც უძვირფასესია ღვთისთვის და რომლის ერთი წვეთი გადაწონის ჯოჯოხეთის ყველა სატანჯველს. მართლაც ნეტარია ადამიანი, რომელმაც მოიპოვა ეს უდიდესი ნიჭი.
* ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.
ნეტარს უწოდებს უფალი ადამიანს, რომლის სულშიც სიმშვიდემ დაისადგურა. მხოლოდ მშვიდი შეიძლება იყოს ჭეშმარიტად კეთილგონიერი, მართლად მხედველი და სამართლიანობის აღმასრულებელი. თუკი მრისხანება გონების თრობაა, სიბრმავეა სულისა, მაშინ შინაგანი სიმშვიდე მღვიძარებაა, სიფხიზლეა გონებისა, ზომიერება და ოქროს შუალედია ყოველი სათნო საქმისა. სულიერად მშვიდი ადამიანი მარადის განწმენდილი გონებით, სუფთა სინდისით ჭვრეტს ღმერთს. როგორც ღელვა აღამღვრევს წყალს, ასევე მრისხანება "აღამღვრევს" და უდაბნოდ აქცევს ადამიანის სულს. "სიმშვიდე კლდე არის, ამაღლებული ღელვათაგან გულისწყრომისა და უკეთურებისათა, რომელსა ზედა აღეშენოს თუ გოდოლი იგი სულისაი, "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერასადა ერეოდიან მას" (წმინდა იოანე ოქროპირი). სიმშვიდე მსგავსებაა ქრისტესი, რომელმაც ბრძანა: "ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი".
* ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ.
ნეტარნი არიან ადამიანები, რომლებსაც დაუოკებლად, უსაზღვროდ შიათ და სწყურიათ ღვთის სიტყვა. როგორც მშიერნი საზრდოს, ისე ეძებენ უფლისთვის სათნო საქმეთა აღსრულების შესაძლებლობას, გამუდმებით ფიქრობენ აღსასრულზე და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად განამრავლონ ღვთისგან ბოძებული ნიჭი. აუცილებლად გაძღებიან ისინი, არა ამქვეყნიური საზრდელით, რომელიც დროებითი და წარმავალია, არამედ ზეციური პურით - ქრისტეთი, რომლის მჭამელსა და მსმელს არასდროს მოშივდება და მოსწყურდება.
* ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
მოწყალე თავად უფალია, რამეთუ მისი მადლითა და წყალობით არსებობს თითოეული ქმნილება, ყოველი დაბადებული. ამიტომაც ნეტარია ისეთი ადამიანი, რომელიც კეთილი საქმეებით შემოქმედს მიემსგავსება. ნეტარია ადამიანი, რომლისთვისაც უცხოა სიტყვა "არაღირსი, ვინც ცდილობს, განურჩევლად დამსახურებისა, ყველას შეეწიოს, ანუგეშოს, გასაჭირი და ცხოვრებისეული ტვირთი შეუმსუბუქოს, რამეთუ "მოწყალე იგი არს, რომელმან არაღირსი წყალობისა შეიწყალოს".
* ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.
ადამიანის გული შეიძლება იყოს სამყოფელი სიკეთისაც და ბოროტებისაც. გააჩნია, რით კვებავს, რით ასაზრდოებს მას: უფლის მადლით თუ ეშმაკის მზაკვრობით. ნეტარია ადამიანი, რომლის გული ღვთის საკურთხევლად ქცეულა და იქ მარადის უფლის სადიდებელი წირვა აღევლინება. ვისაც წმინდა გული აქვს, იგი თავისი ცხოვრებით გამუდმებით ეზიარება ქრისტეს, ჭვრეტს, გრძნობს უფალს. ღმერთი უხილავია და მხოლოდ სუფთა სულის, წმინდა გულის ადამიანს შეუძლია განჭვრიტოს იგი. როგორც დაბურულ, ჭუჭყით დაფარულ სარკეში შეუძლებელია რამის დანახვა, ვიდრე არ გავწმენდთ, ასევე ვერც ცოდვის ხრწნილებით გაჟღენთილი გული იხილავს უფალს, თუ სულიწმინდის მადლით არ განიწმინდა.
* ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისა იწოდნენ.
უმაღლესი და აღმატებული, წმიდათაწმიდა სათნოება, ნაშობი მესამე ნეტარებისაგან: "ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანაი". შინაგანი, სულიერი სიმშვიდე მშობელია მოთმინებისა, სულგრძელობისა, კაცთმოყვარეობისა. კაცი, რომელიც ქრისტესმიერი მშვიდობით არის აღვსილი, განბრძნობილი, კვალს ყველგან ტოვებს, თითოეული ადამიანის სულში სიმშვიდეს თესავს. შენ არ შეგიძლია სხვას მისცე ის, რაც თავად არ გაგაჩნია. მშვიდობისმყოფელი მაშინ იქნები, როდესაც საკუთარ თავში, სულსა და გულში გექნება სიმშვიდე, მოთმინება, სიყვარული. ჯერ საკუთარი სანთელი უნდა აანთო, რომ შემდეგ მისით სხვა სანთლების ანთება შეძლო. ასევე აუცილებელია, ადამიანმა ჯერ თავად იგემოს ამ უდიდესი სათნოების მადლი, ნაყოფი; მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ყველას წინაშე მის აღსრულებას. საოცრად ტკბილია ნაყოფი ამ ღვთაებრივი ნეტარებისა, რამეთუ ძედ ღმრთისად იწოდება მისით განმდიდრებული.
* ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
არა დანაშაულისთვის, ბოროტებისა და უსამართლობისთვის დევნილნი არიან ნეტარნი, არამედ ერთადერთი ჭეშმარიტების - ქრისტეს სახელისთვის შევიწროებულნი, შეურაცხყოფილნი. დღეს ეგებ აღარ იყოს სისხლით მოწამეობა მარტვილობა, მაგრამ ნებისმიერი დაბრკოლება, სირთულე, რაც ღვთის სიყვარულის გამო შეგემთხვა - დევნულებაა. წუთისოფელს რომ სძულხარ, ახლობლებიც თითქოს რომ ვეღარ გიგებენ შენი ჭეშმარიტი რწმენის, მცნებათა აღსრულების მიზეზით - იცოდე, ესეც დევნულებაა. განსაცდელთა დათმენა, ავადმყოფობის მადლიერებით მიღება და გადატანა, ყოველგვარი წარუმატებლობის მიუხედავად უფლის დიდება და მისდამი სასოება სისხლით მოწამეობის ტოლფასია. მაცხოვარი უდიდეს ნუგეშისცემას აღუთქვამს ამგვართ, როგორც აქ, ისე მომავალ, საუკუნო ცხოვრებაში.
* ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა.
დევნულებაში იყვნენ მოციქულნი, მოწამენი, წმინდანები, საუკუნეების მანძილზე ავიწროებდნენ და ებრძოდნენ ქრისტეს ეკლესიას, მრავალი სექტა, ცრუ სწავლება, მწვალებლობა ცდილობდა წმინდა წერილის შებღალვას, მაგრამ როგორც ნაზი სიო ვერ ავნებს ფესვებძლიერ ხეს, როგორც მზის ამოსვლას ვერ აღუდგება წინ ადამიანი, ასევე უძლურნი და უსუსურნი აღმოჩნდნენ ქრისტეს მტრები მისი მარადიული დიდების წინაშე.
"გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქვენი დაეწერა ცათა შინა", - ამბობს უფალი, "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა", - გვანუგეშებს ქრისტე, "ჩემი მორწმუნე რომც მოკვდეს, მაინც იცოცხლებს", - უკვდავებას, სასუფეველს აღგვითქვამს მაცხოვარი, დაბოლოს: "ცა და დედამიწა გარდავა, ჩემი სიტყვები კი არ გარდავლენ", რამეთუ არა ლიტონი კაცი, არამედ მე - ჭეშმარიტი ღმერთი, მამისეული სიტყვა გპირდებით ყოველივე ამის აღსრულებას, ამიტომ "გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა". ამინ!