ერთხელ მამა გაბრიელს ჰკითხეს:
რომ გაგვიჭირდეს სულიერად ანტიქრისტეს ზეობის დროს, ტყეში რომ იქნება გასვლა, ვის მივმართოთ?
როდესაც სულიერად გაგიჭირდებათ, სახარებას და იოანე კლემაქსს მიმართეთ, ოცდამეათე საფეხურამდე ყველაფერი სრულყოფილად აქვს აღწერილი.
პავლე მოციქული ოცდამეათე საფეხურზე იყო და იმის გონებას ბრძოლა რომ მოსდიოდა, ისხლეტავდა და არ ღებულობდა, ისეთი წმიდა გონება ჰქონდა. იოანე კლემაქსს მხოლოდ განღმრთობის შესახებ არ უწერია. განღმრთობა სხვა რამეა, განღმრთობილს ბრძოლა აღარ მოსდის, რადგან იგი უკვე მარადის უფალთანაა.
ახლა მოვისმინოთ, რას ამბობს წმინდა იოანე კლემაქსი სიყვარულზე "კიბის" 30-ე საფეხურში:
სიყვარული ბუნებით ღვთის მსგავსებაა, რამდენადაც ეს კაცთათვისაა შესაძლებელი და მისაწვდომი; გარეგნულ ქმედებაში ის სულის კეთილ სიმთვრალედ ვლინდება; ხოლო ბუნებით სარწმუნეობის წყაროა, მრავლისმოთმინების უფსკრული და ზღვა სიმდაბლისა.
ჭეშმარიტი სიყვარული ყოველგვარი საწინააღმდეგო გრძნობის უარყოფაა, "სიყვარული ბოროტსა არა იგონებს".
სიყვარული, უვნებლობა და შვილობა მხოლოდ სხვადასხვა საღმრთო სახელებია, ხოლო ძალა მათი ერთია: როგორც ცეცხლი, ალი და ნათელი.
რამდენადაც იკლებს სიყვარული, მით შიში იმატებს; რადგანაც ვისაც შიში არა აქვს, ის ან სიყვარულითაა სავსე, ან - სულით მკვდარია.
ჩვილს იმდენად არ სურს დედასთან ყოფნა, რამდენადაც უფლის სიყვარულის ძეს სურს უფალთან სიახლოვე.
როდესაც ადამიანი ვინმეს მიმართ ძლიერ სიყვარულსა და ტრფიალებას განიცდის, მას გამუდმებით მისთვის საყვარელი სახის ნახვა სურს და შინაგანი სიტკბოებითაა მიჯაჭვული მასზე, ძილშიც კი არ უნელდება მისი სურვილი და მით უფრო მაშინ, როდესაც მას ხედავს. ასე ხდება, როგორც ხორციელი, ასევე - სულიერი სიყვარულის დროს.
იყო ვინმე სწორედ ამგვარად მოწყლული და იგი გაკვირვებით ამბობდა; მე მძინავს, როგორც ხორციელი ბუნების წესია; ჩემი გული კი მღვიძარეა - სიყვარულის სიმრავლის გამოისობით.
როდესაც კაცი ყველანირად ღვთის სიყვარულს შეუერთდება, მაშინ მისი სულის ბრწყინვალებას გარეგნული სახეც გამოაჩენს, რადგანაც სწორედ ასე განდიდდა მოსე ღვთისმეტყველი; ხოლო მას, ვინც ამ ანგელოზებრივ მდგომარეობამდეა მისული, ხშირად საჭმელიც კი ავიწყდება; ეს გასაკვირი არც არის, რადგან ხშირად ბოროტი სურვილებიც კი ავიწყებს კაცს საჭმელს.
ვფიქრობ, რომ ვინც ამ უხრწნელ მდგომარეობამდე მივიდა, აღარც მისი ხორცი განიცდის ჩვეულებრივ ტკივილს, რადგან მასში სნეულების მიზეზი მოსპობილია, იმდენად რამდენადაც ბოროტი მხურვალების ალი დაშრიტა მასში; აღარც საკვების მიღება ანიჭებს სიამოვნება; რადგანაც წყალი ხეებს ზრდის, ხოლო ზეციური ცეცხლი - მის სულს.
ღვთის შიშის აღორძინება სიყვარულის დასაბამია, ხოლო სრული სიყვარული - ღვთისმეტყველების დასაბამი.
სიწმიდემ და სიყვარულმა საყვარელი მოწაფე ღვთისმეტყველად აქცია, რომელმაც თავისი სიტყვით დაამოწმა ყოვლადწმიდა სამების დოგმატი.
ღვთისმოყვარემ ჯერ ძმა შეიყვარა; რადგანაც ეს მეორე პირველზე მეტყველებს.
ვისაც უყვარს მოყვასი, ავს არასოდეს მოისმენს მასზედ და ცეცხლივით გაურბის ამას.
ვინც ამბობს, უფალი მიყვარსო, მოყვასი კი სძულს, იმ კაცს ჰგავს, რომელიც სიზმარში მირბის.
სიყვარულის ძალა იმედია, რადგანაც სიყვარულის საფასურს მისი საშუალებით მოველით.
სიყვარული წინასწარმეტყველების სათავეა.
სიყვარული ნიშების მომცემელია.
სიყვარული ბრწყინვალების უფსკრულია.
სიყვარული ცეცხლის წყაროა და სადაც ის წყარო ამოვა, დასწვავს მწყურვალს.
სიყვარული ანგელოზების სიმტკიცეა.
სიყვარული მარადიული წინსვლაა.
ჰოი, მოყვარულო ჩემო, ვიდრე მაგ მძიმე და უხეშ ხორცისაგან დაიხსნები, ვერ შეძლებ, შეიცნო სილამაზე ჩემი - თუ რაგვარია ის. დაე იაკობის მიერ ხილულმა კიბემ გასწავლოს, თუ როგორ შეადგინო სათნოებათა კიბის სულიერი საფეხურები, რომლის თავზეც მე ვარ დამყარებული, როგორც ამას ჩემი დიდი მესაიდუმლე იტყვის: "ხოლო აწ ესერა ჰგიეს: სარწმუნეობა სასოება და სიყვარული, სამი ესე; ხოლო უფროის ამათსა სიყვარული არს" (1კორ. 13,13).
მაშ, სიყვარულია სათნოებათა კიბის სულიერ საფეხურთა მწვერვალი და ამ საფეხურის თავზე თავად უფალია დამყარებული. აი, აქ იწყება განღმრთობა:
განღმრთობის შესახებ:
სიყვარული ნიშნავს ყოფნას ერთ სულად, ხოლო სიყვარული უფლისა, ამასთან ერთად გზაი არს განღმრთობისა
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
თავისუფლების მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამა თუ იმ პიროვნებამ თავისი სურვილით, გაცნობიერებულად, სიყვარულით დაუმორჩილოს თავისი ნება ღვთის ნებას, რათა მოხდეს ძალდაუტანებელი შეერთება და სრული დაქვემდებარება მისდამი, რისი შედეგიც არის შემოქმედთან მსგავსების მიღწევა, ანუ მადლისმიერი განღმრთობა.
წმ. ბასილი დიდის სიტყვით, - ადამიანი არის ქმნილება, რომელმაც მიიღო ბრძანება განღმრთობისა, მაგრამ ეს ბრძანება ადამიანის თავისუფლებაზე ძალდატანება როდია, ადამიანმა, როგორც თავისუფალმა და პიროვნულმა არსებამ, შეიძლება მიიღოს ან უარყოს ბრძანება ღვთისა. იგი რჩება პიროვნული თავისუფლების გვირგვინით შემოსილი იმ შემთხვევაშიც კი, როცა ძალიან შორდება ღმერთს და მაშინაც, როცა თავისი ბუნებით ღვთის მსგავსებასაც კი კარგავს.
უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ქადაგებებიდან
წმ. მაკარი დიდი ეგვიპტელი განღმრთობის ხარისხების შესახებ
ჯერაც არავინ მიხილავს თავისუფალი, რამეთუ ხანგამოშვებით ნაწილობრივ მეც შევსულვარ იმ საზომში და ძალმიძს ვიცოდე, თუ როგორ არის ადამიანი სრული.
მადლი მოქმედებს და მშვიდობას ანიჭებს გულის ყველა ნაწილს, დიდი სიხარულით აღსავსე სული ჩნდება როგორც უბოროტო და წრფელი ბავშვი და ასეთი ადამიანი უკვე აღარ განსჯის ელინსა თუ იუდეველს, ცოდვილსა თუ ერისკაცს, არამედ შინაგანი კაცი განწმენდილი თვალით შესცქერის ყველას, იხარებს მთელი ქვეყნიერებით, ნებავს, რომ თაყვანი სცეს ყველას და უყვარს ელინებიც და იუდეველებიც.
მეფის ძისებრ მიენდობა იგი ღვთის ძეს როგორც მამას, გაეხსნება მას კარნი და შევა იგი შიგნით მრავალ სავანეში, ხოლო რამდენსაც შევა, კვლავ გაეხსნება მას, ვთქვათ, ასი სავანისგან სხვა ასი სავანე, და გამდიდრდება და რამდენსაც გამდიდრდება, კვლავ სხვანი გამოუჩნდება მას, - უახლესნი და უსაკვირველესნი, და მას, როგორც ძესა და მემკვიდრეს, მიენდობა იმგვარი საქმენი, რომელთა თქმაც და ენით გამოხატვა არ ძალუძს ადამიანურ ბუნებას.
ასეთი ვინმე, როგორც ღვთისადმი მეოხი, ღვთის მიმართ დიდი სიყვარულით იწყებს ვედრებას სოფლისათვის, რათა ცხონდეს ყოველი ადამიანი, რადგან იწვის იგი სიყვარულისგან და, ნებავს რა ყველას ცხონება, ასწავლის ცხოვრების სიტყვას და - სასუფევლისას, და ქადაგებს და მიუთხრობს ქრისტეს შესახებ, რამდენადაც კი შესაძლებელია სმენა იმ უსასრულო, უსახელო და უწვდომელი საუკუნის ზეციური რამ და საღვთო საიდუმლოებებისა.
ეს ადამიანი შეიმოსავს ღვთის ყოვლადაღჭურვილობას და, მიიღებს რა წმინდანთა სულების ზეციურ მხედრობას, იწყებს მტერთა ბანაკების დალეწვას, რაჟამს დახოცავს და გვამებად აქცევს მრავალს.
შემწეობა ეძლევა სულს და ხარობენ ურთიერთით სული და უფალი, თვით ადამიანი კი მყოფობს დიდ სინათლეში და უფლისა და ძმათა მიმართ სიხარულში, მაგრამ თუმცა ლამპარიცა და სინათლეც იწვის დღითა და ღამით, ეს ადამიანი, განგებულების შესაბამისად, მაინც არ არის განთავისუფლებული მთლიანობაში, არამედ, ერთი მხრივ, არის კიდეც თითქმის მთლიანად განთავისუფლებული და მთლიანად წმინდა, მაგრამ, ამასთან, მეორე მხრივ, თითქმის არ არის იგი ისეთი, როგორიც საჭიროა. მიუხედავად ამისა, მაინც გაპოხილია "შუაკედელი" და დამარცხებულია სიკვდილი.
ზოგჯერ ისე ხდება, რომ ბევრად უფრო იწვის და ბრწყინდება ლამპარი, ისე რომ აღარ ძალუძს ამ ადამიანს ლამპრის ელვარებისა და სიკაშკაშის გაძლება და არის იგი, როგორც დაუძლურებული. შემდეგ კვლავ თითქოსდა მიმწუხრდება სინათლე, თუმცა ანთია კი, და თხელი, ბნელისსახოვანი ჰაერივით ზედ დაედება მას ტყავის მაგვარი რამ მოწინააღმდეგე ძალისა. ამიტომ ამბობს ამგვარი ადამიანი: "არ ვარ მთლიანად თავისუფალი".
და ბოლოს:
პატრიარქი ბრძანებს:
ცხოვრება განსაცდელია; მიზანი - განღმრთობა. ოღონდაც მარადიული ნეტარება ამქვეყნიური ყოფით, ღვთის მცნებისა და ნების აღსრულებით უნდა დავიმკვიდროთ, ჩვენი კუთვნილი ჯვრის უდრტვინველი ტარებით უნდა მოვიპოვოთ.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:
ჩვენ ცოტა ხანს კიდევ უნდა მოვითმინოთ, რომ გავუძლოთ იმ ბრძოლას, რომელიც ჩვენშია, ოღონდ გავუძლოთ არა ღამის თორმეტ საათამდე, არამედ სიცოცხლის ბოლომდე, და მაშინ ყველაფერი კეთილად დაგვირგვინდება. განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს? განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად? ამ ქვეყანაზე არ არის ბედნიერება – ბედნიერება მხოლოდ ქრისტეშია. ნუ ვიქნებით უგუნურნი, გამოვიჩინოთ გონიერება და უფალთან ვიდგეთ ბოლომდე – სიყვარულით, სიმხნევით, ერთგულებით, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, უკანასკნელ აღმოსუნთქვამდე. ყოველივე ამქვეყნიური სწრაფად გაივლის, ქრისტესთან ერთად კი დამთავრდება დიდებით! ნუ დაივიწყებთ, რომ ყოველი ცხონებული ადამიანი, ერისკაცი თუ სამღვდელო პირი – ღმერთი ხდება მადლით, და იმ ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას, რა ცხოვრებითაც ღმერთი ცხოვრობს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი