იგავი მდიდრისა და ლაზარესი (ლუკ, ივ,ით-ლა).
დღეს წაკითხულითა იგავითა მაცხოვარმან გამოგვიხატა ჩვენ, ძმაო ქრისტიანენო, ორ-გვარი, ერთი მეორისაგან ფრიად განსხვავებული და წინააღმდეგი სახე ცხოვრებისა.
ცხოვრება მდიდრისა იყო აღვსებული ყოვლითა ნუგეშითა და შვებითა ამის სოფლისათა; იგი ბრწყინვალედ იმოსებოდა. ტკბილად სვამდა და სჭამდა და ყოველდღე ლხინითა და მხიარულებითა ატარებდა თავის დროებასა; ხოლო ღარიბი ლაზარე იყო მოკლებული არა თუ ყოვლითა კმაყოფილებითა, არამედ არცა საჭმელი და სასმელი ქონდა საკმაოდ, და იყო თითქმის შინაურთა პირუტყვთა მდიდარისა მის კაცისა უმეტესად დამდაბლებულ და შეურაცხ, ვინაითგან თქმულ არს სახარებასა შინა: გული ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან გარდამოცვივნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა, არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ლოშნიდეს წყლულსა მისსა. შემდეგ გარდაცვალებისა ლაზარემ მიიღო განსვენება სამოთხისა წიაღთა შინა აბრაამისათა, ხოლო მდიდარი იგი შთავარდა ტანჯვასა ჯოჯოხეთისასა.იქმნება რომელთამე მსმენელთა, ანუ წამკითხველთა დღევანდელისა სახარებისათა იფიქრონ, რომელ ამ იგავში გარდამეტებულად არის გამოყვანილი უგუნურება მდიდრისა და სისაწყლე ლაზარესი, რომელ იგავი ესე არ შეეხება მათ და თუმცა ესრეთი მდიდარი იყო უწინ ოდესმე ქვეყანაზედ, ან იქნება ახლაც იყოს ურწმუნოთა და განუნათლებელთა შორის, გარნა აწ, ამ ჩვენს დროებაში და ქრისტიანეთა შორის, არ შეიძლება იყოს ვინმე მდიდარი, რომელსა ჭამისა, ლხინისა და სმის მეტი არა ახსოვდეს რა, და ესოდენ იყოს უგრძნობელ, რომელ წინაშე მისსა შიმშილით კვდებოდეს გლახაკი ლაზარე და ლუკმა პური არ მისცეს მას.
ერთი მხრით მეც თანახმა ვარ, ძმანო ჩემნო სულიერნო, ამ აზრზედ, მეც ეგრე ვფიქრობ, რომ თითქმის არ შეიძლება იყოს ჩვენს, აწინდელთა ქრისტიანეთა, შორის ვინმე სრულიაად მსგავსი მდიდრისა, ესრედ რომელ მშიერსა და დავარდნილსა ლაზარეს არ მისცეს საჭმელი. წინააღმდეგ ამისა, საზოგადო და დაურღვეველი ჩვეულება არის ჩვენს შორის, ოდესაც სადილისა ანუ ვახშმის დროსა მოვა ვინმე გლახაკი და მშიერი, ამასაც მიიწვევენ და მისცემენ საკმაოდ საჭმელსა და სასმელსა. რისგან არის ეს, რომელ აწ ქრისტიანეთა შორის არც შეიძლება იყოს კაცი ვინმე მდიდარ, სრულიად მსგავსი იმ მდიდრისა, რომელიც დღეს აღწერა მაცხოვარმან იგავსა შინა თვისსა? ამით ვალდებულ ვართ ჩვენ სიტყვისა სახარებისა: სახარებამან დაალბო გული ჩვენი და გვასწავლა შეწყნარება და მოწყალება გლახაკთა.
მაშასადამე, უსარგებლო არის ჩვენთვის დღეს წარკითხული იგავი სახარებისა და არ შეგვიძლიან ვიპოვნოთ ჩვენთვის მას შინა რაიმე დარიგება და მოძღვრება? შეგვიძლიან, ძმანო ჩემნო, მეტად საჭიროც არის კარგად განვიზრახოთ მას ზედა. არა ვგონებ, რომ ჩვენს შორის იყოს ვინმე სრულიად მსგავსი და სწორი ყოფაქცევითა ამ მდიდრისა, გარნა ჩვენ. ქრისტიანეთათვის, ისიც დიდი სირცხვილი და ცოდვა იქმნება. უკეთუ მცირეოდენ და რომლითამე კერძოითა მივემსგავსებით მას.
მივაქციოთ ყურადღება ამ მდიდარზედ. როდესაც ცხადად წარმოვიდგენთ სრულსა მისსა ცხოვრებასა, როდესაც ვიფიქრებთ, თუ რა ჰაზრი ჰქონდა მას, რა განზრახვა მართავდა მისსა ცხოვრებასა, მაშინ შევიტყობთ, რომ იგი ყოველთა თვისთა ნუგეშსა და ბედნიერებასა ხედვიდა მხოლოდ ჭამაში, სმაში, ლხინში; სხვა მეტი არაფერი არ ქონდა მას მხედველობაში, სხვას არაფერს არ ეძიებდა და არ მოელოდა, თვინიერ მუცლის გაძღომისა, შვებისა და ლხინისა. ცხად-არს, თუ ვითარ დაამდაბლა მან ღირსება კაცობრივისა ბუნებისა. მხოლოდ პირუტყვი სცხოვრობს ქვეყანაზედ ჭამისა და სმისათვის; კაცსა ღმერთმა მისცა უმაღლესი მნიშვნელობა და უჩვენა უმჯობესი ბოლო, რომლისადმი იგი მარადის უნდა მიმდინარეობდეს.
ეს მართალია, ძმანო ჩემნო, რომელ ყოველს კაცს აქვს სურვილი რომლისამე ნუგეშისა, რომლისამე ბედნიერებისადმი. ბუნება კაცისა ესრედ შექმნა თვით ღმერთმან, რომ კაცი ყოველთვის ეძიებს ბედნიერებასა, ყოველთვის აქვს სახეში ერთი მანუგეშებელი და განმაბედნიერებელი საგანი. თვით გული კაცისა მოითხოვს და ეძიებს სიყვარულსა და ნუგეშსა. ის კაცი სწორედ უბედური არის და ნახევრად მკვდარი, რომელსა არაფერი სურს და არა-რას ეძიებს; კაცი ცოცხალი და ცხოველი ყოველთვის ეძიებს ბედნიერებასა. ერთი მოელის პატივსა და აღმატებასა თვისთა მოყვასთა შორის; მეორე მოელის ჩინსა, ჯილდოსა და მით ანუგეშებს თავსა თვისსა; სხვა ყოველს ღონისძიებას ხმარობს, რომ განამრავლოს თვისი ქონება და, როდესაც მოიგებს რასმე, მით ანუგეშებს თავის თავსა. მხედარი არ ზოგავს თვისსა სიცოცხლესა ომში მისთვის, რათა მიიღოს აღმატება; თვით უკანასკნელი და ღარიბი მიწის მომქმედი ღვრის თვისსა ოფლსა ყანაზედ იმ აზრით, რომ იქმნება ღმერთმან მისცეს კარგი მოსავალი.ზოგიერთნი ქალნი იმაში ხედვენ თვისსა ბედნიერებასა, ოდეს აქვსთ უმეტესი მშვენიერება, ვიდრე სხვათა ქალთა; ერთი სიტყვით, არ არის კაცი, რომელი არ ეძიებდეს ბედნიერებასა. მაშასადამე, უკეთუ თვით ბუნება კაცისა მოითხოვს ბედნიერებასა, უკეთუ არ არის ქვეყანაზედ კაცი, რომელსა არა ქონდეს სახეში ერთი რამე ნუგეში, ვითრსა ნუგეშსა და ვითარსა ბედნიერებასა უნდა იძიებდეს ქრისტიანე. რომელმან გულწრფელად მიიღო სიტყვა სახარებისა და სწორად სურს, რომ იყოს ნამდვილი ჭეშმარიტი ქრისტიანე? რას იტყვის ამაზედ სახარება? თვით დღეს წაკითხული იგავი გვაძლევს ჩვენ ამის პასუხს. მდიდარი იგი ხედვიდა თვისსა ბედნიერებასა შვებასა, ლხინსა და კმაყოფლებასა შინა ამ სოფლისასა; გარნა ბოლო მისი იყო საშინელ. ლაზარემ კი, გარდაცვალების შემდეგ, მიიღო სასუფეველი ცათა, ცხად-არს მისთვის, რომელ იგი იყო სრულიად განსხვავებული მდიდარისაგან.. მას არა ქონდა ამ სოფლის ნუგეში და კმაყოფილება არცა ერთი; ბედნიერებასა თვისსა იგი მოელოდა მომავალს საუკუნეში. ცხად-არს, რომ იგი იყო მომთმინე, თავდაბალი, მლოცველი და მსახური ღვთისა. და ესრედ ნუგეში და ბედნიერება ქრისტიანისა მდგომარეობს არა ხორციელთა კმაყოფილებათა შინა, არამედ აღსრულებასა შინა მისისა მოვალეობისა. რათგანაც ბუნება კაცისა, ვითარცა ვსთქვით უწინ, მოითხოვს ბედნიერებასა. და გული კაცისა ვერ გასძლებს ამ ქვეყანაზედ, თუ არა აქვს რომელიმე ნუგეში, ეცადე, ძმაო ჩემო, შენი ნუგეში და ბედნიერება იყოს აღსრულება შენის მოვალეობისა. გეშინოდეს არა მიეჩვიო ცოდვასა და უსჯულოებასა, ვითარცა მდიდარი, ესრედ, რომ ის ცოდვა შეიქმნეს შენ ბედნიერებად; არამედ ისრედ წარმართე ყოველი ცხოვრება შენი,რომ ბოლოს მიეჩვიო კეთილის საქმის აღსრულებასა და ამაში პოულობდე შენსა კმაყოფილებასა და ბედნიერებასა. მართალია, რომ ბუნებასა შენსა აქვს დიდი მიდრეკილება ცოდვისადმი; ცოდვა ხშირად დაატკბობს გულსა შენსა; გარნა სიტკბოება ცოდვისა არის მოკლე, ცოდვა ვერ გააბედნიერებს გულსა შენსა, არამედ ხშირად ტანჯავს; გარნა კეთილი საქმე, მადლი და სათნოება, ლოცვა, მოთმინება, სიყვარული, უკეთუ გული მიაჩვიე მათ, უმტკიცესსა და უგრძელესსა მოგცემენ შენ ბედნიერებასა თვით ამ ქვეყანაშივე. მე ესრეთ ვფიქრობ, რომელ თუმცა პირველისა შეხედვისამებრ ცხოვრება მდიდრისა მის ეჩვენება კაცს ბედნიერებად, ხოლო ხვედრი და სისაწყლე ლაზარესი შეაშინებს, გარნა, უკეთუ შეიძლებოდეს განხილვა მათისა შინაგანის გრძნობისა, ვნახავდით, რომელ გული მდიდრისა მის იყო აღელვებულ და მოუსვენებელი; ხოლო გული ლაზარესი მოსვენებულ და დატკბობილ მოთმინებითა და სასოებითა ღვთისათა.
და ესრედ განიცადე, ძმაო, თავი შენი, უკეთუ პირუთვნელად შეგიძლია სთქვა, რომელ შენ სწორედ უმეტეს ყოვლისა გიყვარს აღსრულება შენისა ქრისტიანობრივისა მოვალეობისა, უკეთუ შენი ნუგეში და კმაყოფილება ის არის, ოდეს იქმ რომელსამე კეთილსა საქმესა და აღასრულებ რომელსამე მცნებასა ღვთისასა, უკეთუ სიმართლე გახარებს, სიყვარული გაქვს, მაშინ ახლო ხარ სასუფეველსა; გარნა უკეთუ, ნაცვლად ამისა შენ გრძნობ დიდსა ბედნიერებასა ჭამაში,სმაში და ლხინში, უკეთუ რაიმე საგანი, ანუ მოქმედება, ანუ სხვა რაიმე ამის სოფლისა შეადგენს შენსა ბედნიერებასა, მაშინ შენ ემსგავსები მდიდარსა ამას და მიიღებ ხვედრსა მისსა, რომელიცა განაშოროს ჩვენგან ღმერთმან. - ამინ.