იგავი მთესვარისათვის (ლუკ.ჱ, ე,-იკ).
იგავი მთესვარისა და თესლისათვის, თქმული უფლისა მიერ და დღეს ჩვენგან მოსმენილი, გვასწავებს ჩვენ,
ძმანო ქრისტიანენო, თუ ვითარი მოქმედება აქვს სწავლასა და ქადაგებასა მოძღვართასა გულსა ზედა მსმენელთასა.გამოვიდა მთესვარი თესვად. ესრეთ იწყო მაცხოვარმან იგავი ესე, და, იყო ოდეს, იგი თესვიდა, რომელნიმე თესლნი დავარდნენ გზასა ზედა და მოვიდეს ფრინველნი ცისანი და შესჭამეს იგინი. სხვა თესლი დავარდა ადგილსა კლდოვანსა ზედა, სადა იგი არ იყო სიღრმე მიწისა, და თუმცა აღმოვიდა, გარნა, ვინაითგან ძირი ვერ გაიბა, სიცხისგან გახმა. რომელნიმე თესლნი დავარდნენ ეკალთა შორის და აღმოვიდნენ ეკალნი და შეაშთეს იგინი; ხოლო რომელიმე დავარდნენ ადგილსა კეთილსა და აღმოცენდნენ და გამოიღეს ნაყოფი რომელთამე ასეული, რომელთამე სამოცეული და რომელთამე ოცდა-ათეული.
იგავი ესე აუხსნა თვით მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა. მთესვარი არის პირველად თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მეორედ ყოველი მოძღვარი, რომელი ასწავლის და ქადაგებს სიტყვასა ღვთისასა. თესლი არის სიტყვა ღვთისა და ეგრედვე ყოველი სწავლა და აზრი; ხოლო სხვა და სხვა მიწა, რომელსა ზედა დავარდნენ თესლნი, მოასწავებს მრავალფერთა გულთა კაცთასა, რომელნი ისმენენ სიტყვასა ღვთისასა.
რომელიმე თესლი დავარდა გზასა ზედა და იქმნა შეჭმულ ფრინველთაგან. ესე ნიშნავს გულსა მათ კაცთასა, რომელთა გონება და აზრი ისრე დაფანტულ არიან, ვითარცა გზები პირსა ზედა ქვეყანისასა. ესე ვითარნი კაცნი, თუმცა ისმენენ სწავლასა, გარნა არ მიითვისებენ მას. მრავალფერი და დაუდგრომელი მათი აზრი და გულის-ხმა უცხო არის ყოვლისა მტკიცისა განზრახვისა და მოქმედებისა; უსარგებლო არის მათთვის ყოველი სწავლა, ვინაითგან ყოველი აზრი, რომელი გაჩნდა გულსა შინა მათსა, მალე იქმნება წარტაცებული სხვათა უცხოთა შეუსაბამოთა აზრთა და ზრუნვათაგან. სხვა თესლი დავარდა ადგილსა კლდოვანსა ზედა: კლდოვანი ადგილი მოასწავებს გულსა გაქვავებულსა ცოდვათაგან; სწავლა და მოძღვრება ვერ დაიმორჩილებს ესე ვითარცა გულსა. თუმცაღა მიიღოს მან სწავლა და ეცადოს აღსრულება მისი, გარნა, ვინაითგან სწავლა იგი არ შესულა სიღრმესა შინა სულისა მისისასა, არ გაუბმია ფესვი, ამისთვის, როდესაც შეემთხვევა მას ჭირი ანუ განსაცდელი, გახმება, ვითარცა თესლი კლდოვანსა ადგილსა ზედა.
სხვა თესლი დავარდა ეკალთა შორის. ეკალნი ნიშნავენ ზრუნვათა და შფოთთა სოფლისათა. რომელნიმე მსმენელნი, თუმცა სიხარულით მიიღებენ სწავლასა და მოძღვრებასა და კიდეც სურთ აღასრულონ, გარნა, გავლენ რა ამა ტაძრითგან, შთაეფვლიან მრავალთა ზრუნვათა და შფოთთა შინა; გული მათი აღივსება უმრავლესითა სურვილითა და აღშფოთებითა და ესრეთ დაივიწყებს კეთილსა სწავლასა და მოძღვრებასა.
დასასრულ, რომელნიმე თესლნი დავარდნენ კეთილსა მიწასა ზედა, აღმოსცენდნენ და გამოიღეს ნაყოფი. ესე იგი, რომელნიმე კაცნი, მექონნი კეთილისა გულისა, მორჩილად მიიღებენ სწავლასა და მოძღვრებასა და ასრულებენ მას. ნაყოფი სწავლისა არის თვით მოქმედება და კეთილი ყოფაქცევა.
ახლა, საყვარელნო ძმანო, მიაქციე ყურადღება შენდამი და განიცადე თავი შენი, რომელსა მიწასა ემსგავსება გული შენი? ჰგავსა იგი კეთილსა მიწასა და პოხიერსა, რომელი თესლისაგან, მისდამი მინდობილსა, გამოიღებს ნაყოფსა მრვალსა? უკეთუ გული შენი ემსგავსება ესევითარსა მიწასა, მაშასადამე უმჯობეს ხარ შენ დღეს, ვიდრე გუშინ და გუშინ-წინ? უმეტესად გიყვარს შენ დღეს ღმერთი და ძმა შენი? გეძაგება შენ ცოდვა, რომელი აქამომდე ფლობდა გულსა შენსა? ანუ გონება და გული შენი ესოდენ დაფანტულ-არს, რომელ ყოველი, რაც გესმის ეკლესიასა ამას შინა, ანუ კეთილთა კაცთაგან სწავლა და დარიგება, გავიწყდება მაშინვე? ანუ გული შენი ესოდენ გაქვავებულ არს ცოდვათა-მიერ, რომელი კეთილი სწავლა ვერ გაიბამს ფესვსა მას შინა? ანუ იქმნება ბოროტნი სურვილნი და მიდრეკილებანი შენნი ვიდრე აქამომდე უფლებენ გულსა შინა შენსა და ვითარცა ეკალნი გააყრუვებენ ყოველსა სწავლასა და მოძღვრებასა?
მრავალფერად და მრავალგზის ითესება გულსა შინა შენსა თესლი იგი სიტყვისა ღვთისა, ვითარცა ტაძარსა ამას შინა, ეგრედვე გარეშე ტაძარსა. აქ გესმის შენ კითხვა საღმრთოისა წერილისა, გალობა საღმრთოისა და კეთილ-შეზავებულთა ლოცვათა; განიცადე აწ თავი შენი; არისა რომელიმე ნაყოფი გულსა შინა შენსა? ჰგრძნობა რომელსამე ცვლილებასა შინაგანისა შენისა კაცისასა? უკეთუ არა, მაშასადამე შეიტყვე, რომელნი მიზეზნი აუქმებენ თესლთა ამათ? გააპოხიერე გული შენი ლოცვითა და სიმდაბლითა, რათა გამოიღოს მან ნაყოფი.
გარნა მაშინაც, ოდეს ხარ შენ ტაძრისა ამის, სოფელსა შინა, ღმერთი არ უტევებს მრავალ-ფერად თესვად გულსა შინა შენსა. სინდისი შენი მრავალგზის გასწავლის და გაფრთხილებს შენ; მოაქციე ყოველთვის ყური სინდისსა შენსა; მიხედე ბუნებასა: მრთელი ცა, ქვეყანა და ყოველი სავსება მისი, ქმნული ხელითა უფლისათა, არის მასწავლებელი და შემაგონებელი შენი; იცან, ვითარ ყოველი არსება ბუნებასა შინა მტკიცედ სდგას და ასრულებს თვისსა წესსა, რომელი მისცა მას შემოქმედმან. მარტო შენ იქმნებია გარდამხდომელი სჯულისა, შენ, რომელიცა აღგამაღლა ღმერთმან უმაღლეს ყოველთა ქმნილებათა თვისთა და მოგვცა უმჯობესი სჯული? ეცადე და ნუ გარდახდები ღვთაებრივსა მას სჯულსა, რომელი დაგიდვა შენ ღმერთმან, არა ვითარცა მონასა, არამედ ვითარცა შვილთა თვისთა.
დასასრულ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, მეცა, ცოდვილი და უღირსი, ვარ ერთი მთესვართაგანი, რომელი შეძლებისა და ვალისამებრ ჩემისა, ვთესავ თქვენს შორის სიტყვასა ღვთისასა. ხოლო ვინ ანუ რომელი კაცი სთესავს საყანესა ზედა თვისსა და არა მოელის ნაყოფსა? მეცა, ძმანო ჩემნო საყვარელნო, თუმცა სუსტი მთესვარი ვარ, გარნა ვესავ ღმერთსა ნაყოფისა ხილვად, ვინაითგან არა ჩემსა და ჩემგნით ვთესავ, არამედ ბრძანებითა ღვთისათა და სიტყვასა ღვთისასა. არისა ნაყოფი? ესე უწყი შენ, მაცხოვარო ჩემო! მე მხოლოდ მახსოვს თქმული წმიდისა მოციქულისა შენისა პავლესი: არცა დამსხმელი (ანუ მთესვარი) არს რაიმე, არცა მომრწყმელი, არამედ აღმაღორძინებელი ღმერთი. შენ ხარ, ღმერთო, გამომცდელი ყოვლისა კეთილისა ნაყოფისა; შენზედ არს დამოკიდებული, რათა სიტყვამანცა ჩემმან სუსტმან გამოიღოს ნაყოფი. გევედრები, ნუ დამიკარგავ მეცა ნაყოფსა შრომისა და სიყვარულისა ჩემისასა. შენ უწყი, თუ ვითარიცა ერთგულობითა ვემსახურები მე სიტყვასა შენსა და მსურს მოქცევა და სულიერი წარმატება ერისა ამის შენისა. გაახარე ერთგულნი შენნი ხილვითა ნაყოფისათა შორის ერისა ამის შენისა. თვით საღმთო მადლი შენი იყოს მომრწყველ გულთა მსმენელთა ამათ. მან განამტკიცოს გულნი და გონებანი დაფანტულნი, მან დაალბოს კლდოვანნი, ეკალნი შეაშთოს და ყოველი განაპოხიეროს მიღებად თესლისა და გამოცემად ნაყოფისა მრავლისა ამინ.