დღეს, ძმანო და დანო ჩემნო ქრისტიანენო, სიტყვასა მოძღვრებისა ჩვენისასა, ერთხელვე ჩვენგან მიღებულისა ჩვეულებისამებრ, მივაქცევთ საკუთრად ქალთადმი.
ქრისტიანულთა ქალთა უნდა მოვაგონოთ დღეს ჩვენ მათი დიდი მნიშვნელობა, მათი საღმრთო მოვალეობა; მათ უნდა ველაპარაკოთ დღეს ჩვენ განსაკუთრებით.
ხოლო სახედ, მაგალითად და საფუძველად ჩვენისა აწინდელისა მოძღვრებისა მივიღოთ ცხოვრება, თვისება და ყოფაქცევა ქალწულისა მის, რომელსა დღეს მთავარ-ანგელოზმან მიართვა ზეციური ხარება. როგორათაც კაცი, შეხედავს რა სარკესა, განიხილავს პირის სახესა თვისსა, მსგავსად ამისა ყოველსა კეთილ-გონიერსა ქალსა სარკედ ჰქონდეს ცხოვრება და თვისება ღვთის მსგავსისა ამის ქალისა და მით განიხილავდეს სახესა თვისისა ცხოვრებისასა.
რა მნიშვნელობა აქვს ქალს ქვეყანაზედ? რომელნი არიან მისნი უმთავრესნი მოვალეობანი, ღვთისაგან განჩენილნი, და თვით ბუნებისაგან ცხადად გამოჩენილნი? ამას აღგვახსნის ჩვენ საღმრთო მოთხრობა დაბადებისა. ღმერთმან შექმნა წინაპარი ჩვენი ადამი და შეხედა რა, რამეთუ ადამისი არა იპოვებოდა მსგავსი მისი შემწე, ბრძანა: არა კეთილ არს ყოფად კაცი მარტო, ვჰქმნეთ მისა შემწე მისებრ (შექ. ბ, ით), და ამისა მერმეთ ღმერთმან შექმნა ევა მსგავსად და ხატად კაცისა და შემწედ მისა. აჰა საფუძველი ქალთა მნიშვნელობისა და მოვალეობისა! აჰა წყარო, რომლისაგან მომდინარეობს ყოველი მათი თანამდებობა და ყოფა-ქცევა. ქალი არის შემწე და მეგობარი კაცისა, თანა მოზიარი ყოვლისა მისისა საქმისა, ბედისა და უბედურებისა, მწუხარებისა და სიხარულისა. ხოლო თუ იგი არის შემწე მისი, მაშა-სადამე მან უნდა შეუმსუბუქოს და გაუადვილოს კაცს ცხოვრება ქვეყანაზედ, იგი უნდა იყოს კაცის ნუგეში, განმამხნევებელი, განმაღვიძებელი, ერთი სიტყვით, გაამართლოს თვით სახელი თვისი "მეუღლე", ესე იგი ქალი უნდა შეეწიოს კაცის უღელის ზიდვას.
როდის და რომელთა საქმეთა შინა არის ქალი შემწე კაცისა? პირველი მისი შემწეობა არის ვითარცა მეუღლასა, ანუ ცოლისა. აქ გამოსჩნდება ჭეშმარიტი შემწეობა მისი. თვით სახელი ესე "მეუღლე" მშვენიერად გამოხატავს, რომ ქალი უნდა შეეწიოს კაცსა მისის უღელის გაწევაზე, ესე იგი ყოველი ცხოვრების, საქმის და მოვალეობის აღსრულებაზე. კეთილსა და გონიერსა ქალსა ყოველთვის უნდა ჰქონდეს სახეში, რომ მან აქ უნდა შეუმსუბუქოს და გაუადვილოს ცხოვრება მეუღლესა თვისსა. იგი პირველად არის მცველი და განმამტკიცებელი ოჯახის სიწმინდისა, პატიოსნებისა, დიდებისა და სათნოებისა; მეორედ იგი მართავს ოჯახსა, ზრდის შვილთა მისთა, დაუცხრომელითა შრომითა და მეცადინეთბითა შეეწევა ოჯახის რჩენასა და გამოზრდასა. ზოგიერთთა ქალთა აქვსთ დიდად შეცთომილი ჰაზრი, ვითომც ოჯახის რჩენა, ესე იგი ყოველი ამ სოფლის საჭირო ნივთების მოპოება, საჭმლის, სასმლის, ტანსაცმელისა და სხვათა არის მოვალეობა ქმრისა, ანუ მამობრივისა სქისისა. გარნა ეს ჰაზრი არის უმართლო; აქაც მეუღლე უნდა იყოს ჭეშმარიტი მეუღლე, ესე იგი შემწე ქმრისა თვისისა. დიდად საქები და მადლიანი არის ის ქალი, რომელიც თავის ხელის ნაშრომით არჩენს თავსა თვისსა და შვილთა თვისთა. მაშინ იგი ასრულებს ჭეშმარიტად თვისსა დანიშნულებასა. და თუ ნაცვლად ამისა მას არ უყვარს შრომა და ყოველსა რჩენასა მოითხოვს ქმრისაგან, მაშინ იგი არ იქმნება შემწე, არამედ დამაბრკოლებელი და დამამძიმებელი ქმრისა. რაღა უნდა ვსთქვათ ზოგიერთა უგუნურთა ქალთა ზედა, რომელნი არათუ შეეწევიან ოჯახის რჩენასა და გამოზრდასა, არამედ ზარმაცობით, დაფანტულითა ცხოვრებითა, მორთულებისა და უსარგებლო სამკაულის სიყვარულითა დააღარიბებენ თვისთა მეუღლეთა და ვალში შთააგდებენ მათ! თუ სიტყვისამებრ სოლომონ ბრძნისა, ქალი მხნე არის გვირგვინი ქმრისა, რა სახელი უნდა უწოდოთ ესრეთთა ზარმაცთა და დაფანტულთა ქალთა? ისინი დაემსგავსებიან ლოდსა, დამოკიდებულსა ქმრის ყელზე, რომელი ახრჩობს მას. ღმერთმა ნუ მისცეს ესრეთი მეუღლა ნურცა ერთსა კაცსა! საზოგადოდ ის კი უნდა ვსთქვათ, რომ დაბალთა ხალხლთა შორის ქალის უმჯობესად ასრულებს თვისსა მოვალეობასა! იგი არის ჭეშმარიტი შემწე ქმრისა ყოველ საქმეში და შრომაში. გარნა კეთილ-შობილთა შორის ხშირად იპოებიან ისრეთნი ქალნი, რომელთა არა უყვართ შრომა, არამედ მოსვენება, ლხინი და დაფანტული ცხოვრება. გარნა ახლა მოიწია ისეთი დროება, რომ ისინიც უნდა დაფიქრდნენ და გამოსცვალონ თვისი ჩვეულება. მრავალნი ცვლილებანი ქვეყნის ცხოვრებასა შინა, რომელნი მოხდნენ და კიდევ მოხდებიან ამ მოკლე დროში, მოითხოვენ, რათა განიღვიძონ ამათაც, შეამოკლონ მრავალი უსარგებლო ხარჯი, გამოსცვალონ სახე ცხოვრებისა, გაუადვილონ მეუღლეთა ცხოვრება, შეუდგნენ შრომასა, მოღვაწეობასა და ესრედ გამოსჩნდნენ ჭეშმარიტნი მეუღლენი.
დასასრულ სიტყვისა ჩვენისა კვალად მივაქციოთ გული და გონება ჩვენი ყოვლად წმიდისა ღვთის-მშობლისადმი. როგორ ცხოვრებას ატარებდა იგი? მშვიდსა, დაფარულსა, თავდაბალსა. სამკაულნი, ძვირფასნი ტანსაცმელნი უყვარდა მას, თუ არა? სრულიად არა! წმიდანი მამანი მოგვითხრობენ ჩვენ, რომელ ყოვლად წმიდის ღვთის-მშობლისაგან დარჩა ერთი მისი საკუთარი სარტყელი, იგი იყო უბრალო, იეფი და მისი ხელით ნაქსოვი. უყვარდა მას, თუ არა უქმად ჯდომა, ჭორი და განკიცხვა? სრულიად არა! იგი ანუ ლოცულობდა, ანუ ქსოვდა მატყლსა, ანუ სხვა ხელსაქმეს აკეთებდა. კვართი ძისა მისისა, იესო ქრისტესი, რომლისა გაყოფა დაეზარათ და წილი ჰყარეს მას ზედა მისთა ჯვარის მცმელთა, იყო მისი დედის ხელით ნაქსოვი. აღარ ვიტყვი მისსა სიწმიდესა, უმანკოებასა, ღვთაებრივსა ხასიათსა და ღვთის-მოყვარეობასა. ესე ყოველი საკმაოდ ვიცით და გვასმიეს ჩვენ ყოველთა. აჰა სახე და მაგალითი, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ყოველი ქალი!
შეეწიე ყოვლად წმიდაო ქალწულო და დედაო ყოველთა ქრისტიანე ქალთა, რათა იყვნენ შენნი მობაძავნი. ამინ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი