და შევიდა ანგელოსი იგი მისა და რქვა,გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენ-თანა (ლუკ. ა, კბ)
ზეცით მოვლინებული მთავარ ანგელოსი განუცხადებს დღეს ქალწულსა მარიამს დიდსა ხარებასა:
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. რა წარმოიდგინა და რა იგრძნო ყოვლად წმიდამან ქალწულმან, როდესაც იხილა ესრეთი უცები მახარებელი და ესმა მისგან გაუგონებელი სიტყვა? გაუხარდა მას? იფიქრებს კაცი, რომ იგი უთუოდ იგრძნობდა გულში დიდსა სიხარულსა, მისთვის რომ ეს ხილვა და სიტყვა იყო ერთობ დიდი და აღმამაღლებელი კაცობრივისა ბუნებისა; გარნა არა! ყოვლად გონიერმან ამან ქალწულმან გული თვისი არ დაანება უცებსა სიხარულსა; არამედ იგი შესძრწუნდა, დაფიქრდა და განიზრახვიდა: ხოლო მან რა იხილა, შესძრწუნდა სიტყვასა მას ზედა მისსა და განიზრახვიდა, ვითარმე არს მოკითხვა ესე. ანგელოსმან ღვთისამან შეატყო, რა გრძნობა გაჩნდა მის გულში, და სთქვვა: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღვთისა.შეხედეთ ძმანო, და უმეტესად დანო და განიზრახეთ თქვენდა სანუგეშოდ, რაოდენი გონიერება და სიმტკიცე სულისა და გულისა გამოაჩინა ამ შემთხვევაში ყოვლად წმიდამან ქალწულმან მარიამმა. იგი უეცრად ხედავს თვალთა წინაშე უჩვეულო მახარებელსა, მას ესმის უცნაური და შემაძრწუნებელი ხარება; უეჭველია მიხვდება, რომ მახარებელი არ არის უბრალო კაცი, არამედ ზეციერი ანგელოსი. სხვა ვინმე ამ შემთხვევაში უთუოდ იქმნებოდა სრულიად წარტაცებული გრძნობათა ღელვისაგან. იგიცა შესძრწუნდა, მაგრამ მაშინვე იწყო ფიქრი და განზრახვა: განიზრახვიდა, ვითარმე არს მოკითხვა ესე. თუმცა ხედავს, რომ მის წინაშე სდგას ანგელოსი, გარნა მაინც დაუფიქრებლად არ მიიღებს სიტყვასა მისსა: განიზრახვიდა, ვითარმე არს მოკითხეა ესე. ესრეთთა უჩვეულოთა შემთხვევათა შინა გამოჩნდება ადამიანის გონება და ხასიათი. ყოვლად წმიდამან ღვთის მშობელმან ცხადად აღმოაჩინა ამ შემთხვევაში, რომ უმთავრესნი თვისებანი მისისა ბუნებისა იყვნენ მაღალი გონიერება და შეურყეველი მხნეობა. არა თუ აქ, არამედ მრთელსა შინა თვისსა სიცოცხლესა იგი იქცეოდა საკვირველითა გონიერებითა და მხნეობითა. ორნი ესენი კეთილნი თვისებანი: გონიერება და მხნეობა მით უმეტესად იყვნენ მის შორის სანატრელნი და განსაკვირვებელნი, რომელ ამასთანავე იგი იყო მშვიდი და მდაბალი. როდესაც გონიერება და მხნეობა შეერთდება სიმშვიდისა და სიმდაბლისათანა, მაშინ იგინი შეამკობენ ადამიანის ბუნებასა.
იგინივე არიან ორნი უმთავრესნი და უსაჭიროესნი თვისებანი, რომელნი უნდა შეამკობდენ ყოველთა ქრისტიანეთა ქალთა. მხოლოდ გონიერებით და მხნეობით შემკულსა ქალსა შეუძლიან აღასრულოს ქვეყანაზე თვისი მაღალი მნიშვნელობა.
რა საჭიროა ამაზე ლაპარაკი, იფიქრებს ვინმე ჩემთა მსმენელთაგანი! ვინ იფიქრებს და ვინ იტყვის, რომ ქალისათვის არ იყოს საჭირო ჭკუა და მხნეობა? გარნა მრავალი შემთხვევა და ჩვეულება გამოაჩენს, რომ თუმცა ენით ვიტყვით, საქმით კი სხვაფერ ვიქცევით. გაიხსოვნეთ, ძმანო ქრისტიანენო, რას აფასებენ უდიდესად მამაკაცნი და რა მოსწონთ მათ უმეტესად ქალთა შორის? ვინ არ იცის, რომ პირის სახე და მშვენიერება ტანისა ყოვლისა უმეტესად მოსწონთ მამა-კაცთა ქალებთა შორის! თუკი პირის მშვენიერება აქვს ქალს, მეტს არაფერს მოითხოვენ მისგან; გარეგანითა მისითა სახითა ქალი უმეტესად მოიგებს საზოგადოებაში, ვიდრე ჭკუითა და გონერებითა, და უმეტესად საკვირველი კიდევ აქ ის არის, რომ თვით ქალნიცა ნატვრიან მშვენიერებასა და მით რაცხვენ თავთა თვისთა ბედნიერად, ხოლო რაიცა შეეხება სიმხნესა და გონიერებასა, თითქმის ყოველგან გავრცელებული არის ის ჰაზრი, რომელ ეს ორი თვისება ქალებთათვის არ არის ეგოდენ საჭირო და მათ შეუძლიათ უიმისოთაც კარგად გაატარონ თვისი ცხოვრება. ეს ჰაზრი ერთობ უსაფუძვლო არის! ვგონებ, რომელ მახვილი და ღრმა გონიერება, აგრეთვე მხნეობა და სულიერის ხასიათის სიმტკიცე ქალისათვის უმეტესად არას საჭირო ვიდრე მამა-კაცისათვის. იქმნება ვისმეს ეუცხოვოს ეს ჰაზრი, მაგრამ ჩვენ ადვილათ შეგვიძლიან მისი დამტკიცება.
პირველად, ვიცით ჩვენ ყოველთა, რომელ ქალი აგებულებითა, ანუ სხეულითა არის უფრო სუსტი, ვიდრე მამა-კაცი; მას არა აქვს ეგოდენი ხორციელი ძალი და ღონე, რაოდენიც აქვს მამა-კაცსა; რადგანაც ამაში იგი შორავს მამა-კაცისაგან, საჭირო არის რომ გონიერებითა და ჭკუითა მაინც შეავსოს ეს თვისი ნაკლულევანება, რათა ყოვლის მხრით არ დარჩეს შორს მამა-კაცისაგან. ამავე მიზეზისა-გამო, ესე იგი რადგანაც ქალი არის აგებულობით სუსტი, საჭირო არის, რომ მას ჰქონდეს სულიერი სიმტკიცე, ხასიათის სიმაგრე. წინააღმდეგ შემთხვევაში. თუ ქალი ჭკუითაც შორს დარჩა მამა-კაცისაგან, ხასიათიც სუსტი და უღონო აქვს, მაშინ იგი პირდაპირ შეიქმნება მამა-კაცის სათამაშო; მაშინ ყოველი მამა-კაცი ბოროტად იხმარებს მისსა სისუსტესა და უღონოებასა. საუბედუროთ ხშირათაც ვხედავთ ჩვენ ამას. რაოდენი ქალი იღუპება ქვეყანაზე მით, რომ იგი არის უღონო, სუსტი სულიერათაც და ხორციელათაც; არა აქვს სულიერი ღონე, რათა მტკიცედ წინა-აღუდგეს განსაცდელთა, არ აჰყვეს ბოროტთა მამა-კაცის შეგონებათა, სურვილთა და მაგალითთა. საზოგადოდ ის უნდა ვსთქვათ, რომ ცოდვანი და ნაკლულევანებანი ქალთა უმეტესად წარმომდინარეობენ ამ წყაროისაგან.
ქრისტიანობა არ მოითმენს ამას. ქრისტიანობა მოითხოვს, რომ ქალი იყოს თვით მდგომარი, ესე იგი ეგოდენი გონიერება და მხნეობა უნდა ჰქონდეს, რომ იქცეოდეს თავის ჭკუითა და ნებითა, ქრისტიანობა არ მოითმენს, რომ ქალს ჰქონდეს გონებრივი დამოკიდებულება მამა-კაცთან, თუ გინდ მეუღლესთან, თუგინდ მამასთან. გაუნათლებელთა და უსჯულოთა ქვეყანათა შინა ქალი არის მონა, სათამაშო მამა-კაცისა და ემსახურება მხოლოდ პირუტყვულთა მამა-კაცის ვნებათა. არა ესრედ არის განათლებულთა, ქრისტიანულთა საზოგადოებათა შინა. აქ ქალს აქვს დიდი პატივი და მნიშვნელობა. ღმერთმან ისე შეამკო ქალი მრავლითა განსხვავებულითა თვისებითა და ნიჭითა, რომ მან უნდა მისცეს დიდი შემწეობა საზოგადოებასა. გარნა უკეთუ იგი არის მოკლებული გონიერებითა და მხნეობითა, მაშინ ყოველნი მისნი მშვენიერნი თვისებანი შეიქმნებიან წყაროდ მისისა უბედურებისა და საზოგადოების წახდენისა.
რაში უნდა გამოაჩინოს, როგორ უნდა მოიხმაროს ქრისტიანულმა ქალმა თვისი გონიერება და მხნეობა? შეიძლება, ძმანო, მან ბოროტად იხმაროს თვისება და ეს იქმნება დიდი უბედურება. ქალი მაშინ აღასრულებს თვისსა დიდსა მნიშვნელობასა, როდესაც იგი მხნეობასა და ჭკუასა მოახმარს ოჯახსა, შვილთა და ნათესავთა. ქალის ბუნება განსხვავდება მამაკაცის ბუნებისაგან გულის გრძნობითა. გამოცდილება ამტკიცებს, რომელ ქალი თვითონაც მაშვინ უფრო ბედნიერი არის, როდესაც სხვას მიანიჭებს ბედნიერებას. ქალის გული მოითხოვს სიყვარულსა, თავის გამომეტებასა; იგი ყოველთვის ეძიებს ვისმეს შესწიროს თვისი ღონე, სიყვარული. მართალია, არიან ზოგიერთნი ქალნი თავის მოყვარენი, რომელნი მარტო თავის ბედნიერებას ეძიებენ, გარნა ესე ვითარნი მოქმედებენ წინააღმდეგ თვისის ბუნებისა. ჭეშმარიტი დედობრივის ბუნების მექონი ქალი ბედნიერი არის მაშინ, როდესაც სხვას აბედნიერებს. ამისათვის ქალმა უნდა ყოველთვის ეძიოს ის შემთხვევა, სადაც საჭირო არის მისი თავის გამომეტება, სადაცა მას შეუძლიან ნუგეშის ცემა შეწუხებულისა; შემსუბუქება ადამიანის ტვირთისა, რომელსა შინა შემწე იყოს ყოვლად წმიდა ყოვლისა გონიერისა მხნე ქალისა. ამინ.