რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე (მარკ. ჱ,ლდ)
მესამესა კვირიაკესა მარხვათასა წმიდასა ეკკლესიასა აქვს ჩვეულება გამოსვენებად ჯვარისა საკურთხევლიდგან
და დასვენებად წინაშე მლოცველთა, რომელნი ამ ჟამად თაყვანის-სცემენ და ამბორს-უყოფენ მას, მეტყველნი: ჯვარსა შენსა თაყვანის ვსცემთ, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ. ხილულითა ამით მოქმედებითა და წესითა წმიდა ეკკლესია შეგვაგონებს, რათა ჩვენ ყოველნი მჭვრეტელნი პატიოსნისა ჯვარისა, ვითარცა მოთმინების და მღვიძარების ნიშანისა, განვაფრთხილებდეთ თავსა ჩვენსა და ვიქმნებოდეთ მხნენი და დაუდონებელნი მარხვასა, ლოცვასა და კეთილსა საქმესა შინა და ესრეთ ვსძლევდეთ ცოდვათა და ნაკლულევანებათა ჩვენთა, ვითარცა მაცხოვარმან ჰსძლო ჯვრითა თვისითა ცოდვა, სიკვდალი და ჯოჯოხეთი. რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და შემომიდეგინ მე.რასა ნიშნავს, ძმაო, უარის-ყოფა თავისა თვისისა და აღება ჯვრისა, ანუ როგორ შეიძლება, რომ კაცმან თავი თვისი უარ-ჰყოს? ვიფიქროთ ამაზედ: საგანი ესე დიდ-არს და ფრიად ღრმა, გარნა ცნობა მისი უსაჭიროეს არს ყოვლისა ქრისტიანისათვის, ვინაიდგან უარის-ყოფა თავისა თვისისა არის საფუძველი ქრისტიანობრივის ცხოვრებისა. მაცხოვარი ხშირად მოითხოვდა მოწაფეთა მისთაგან უარის-ყოფასა თავისასა: სახარება ხშირად გვეტყვის ჩვენ, რომელ ვისაც ნებავს, რათა იყოს ჭეშმარიტი მოწაფე უფლისა, მან უნდა უარ-ჰყოს და დაივიწყოს თავი თვისი. და ესრეთ, რასა ნიშნავს უარ-ყოფა თავისა თვისისა?
ბუნებასა კაცისასა და ყოველსა მისსა შინაგანსა და გარეგანსა მოქმედებასა აქვს ორი კერძო ანუ ორი სახე: ერთის მხრით კაცსა აქვს ბევრი კეთილი თვისება, დიდი სათნოება, უმაღლესი ღირსება; კაცსა აქვს სურვილი და მიდრეკილება, რომ აღასრულოს სიმართლე, სათნო-ეყოს ღმერთსა, ერთი სიტყვით, მრავალს კეთილს და საქებელ საქმესა იქმს. მეორეს მხრით ბუნებასა შინა კაცისასა ვხედავთ ჩვენ მრავალთა ნაკლულევანებათა, ბოროტთა თვისებათა და მიდრეკილებათა, ცოდვათა და უღირსებათა. ვინც გულის-ხმიერად გასინჯავს თვისსა ბუნებასა და შთახედავს გულსა შინა თვისსა, იგი მსწრაფლ ნახავს, რომელ კაცი შინაგან თვისსა გრძნობს ბრძოლასა და წინააღმდეგობასა შორის კეთილთა და ბოროტთა თვისებათა და მიდრეკილებათა მისთა. დღეს კაცი არის კეთილი და ჰქმნა მრავალი კეთილი საქმე, ხოლო ხვალე გული მისი გამოიცვალა და ჰქმნა ბევრი ცოდვა; ერთ წამს გული მისი გრძნობს სიყვარულსა ღვთისასა და მოყვსისასა, ხოლო შემდგომში მან დაივიწყა სიყვარული. ერთი სიტყვით, გული მისი ყოველთვის გაპობილ-არს ორად: ბუნებასა მისსა აქვს მრავალი კეთილიცა და ბოროტიცა თვისება და მიდრეკილება. და ესრეთ, ძმანო, ოდეს მაცხოვარი მოითხოვს ჩვენგან, რათა უარ-ვჰყოთ თავი ჩვენი, ცხად არს რომელ იგი შეგვაგონებს ჩვენ, რათა უარ-ვჰყოთ ეს მეორე ცუდი და ბოროტი კერძო ბუნებისა ჩვენისა, რათა დავივიწყოთ ცოდვა და ყოველი ნაყოფი მისი: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი, და შემომიდეგინ მე.
გარნა ვისაც სურს აღსრულება დიდისა ამის მცნებისა, მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რა ძნელია ეს საქმე. აქ კაცი უნდა ებრძოდეს თავის თავს, თვისთა სურვილთა, თვისთა ჩვეულებათა, თვისთა მიდრეკილებათა, ერთი სიტყვით: მან უნდა დათრგუნოს და დაიმორჩილოს თვით ბუნება თვისი. უკეთუ გსურთ, შეიტყოთ სიძნელე ამა საქმისა, წარმოიდგინეთ მხოლოდ ერთი მაგალითი. მრავალნი წმიდანი, სიყრმიდგან შედგომილნი მაცხოვარისადმი, ვიდრე სიბერემდე იყვნენ ბრძოლასა ამას შინა; იგინი დაუტევებდენ სოფელსა, განვიდოდენ უდაბნოდ, დღე და ღამე, ყოველ წამს ცდილობდენ, რათა დაემორჩილებინათ თვისნი ბოროტნი მიდრეკილებანი, გარნა მრავალგზის ცოდვა სძლევდა მათ.
მეორედ, კაცი უნდა ებრძოდეს სოფელსა, რომელსა შინა იგი ხედავს მრავალთა ცოდვათა და ცუდთა მაგალითთა. სოფელი კაცსა მიიზიდავს ყოველთვის ცოდვისადმი და იგი ყოველთვის უნდა წინა-აღუდგეს სოფელსა; გარნა თუ ვითარ ძნელ-არს ბრძოლა სოფლისა, ესეც დაგვიმტკიცეს მრავალთა წმიდათა; იგინი მისთვის დასტოვებდენ სოფელსა და განვიდოდნენ უდაბნოდ, რომელ, თუმცა იყვნენ მტკიცენი და ძლიერნი სულითა, გარნა მაინც ეშინოდათ სოფლისა.
დასასრულ კაცი უნდა ებრძოდეს მარადის სულიერსა მტერსა მისსა, რომლისა საცთურნი ხშირად მიიზიდვენ გულსა კაცისასა და დაავიწყებენ მას მოღვაწებასა და ქრისტიანებრივ სარწმუნოებასა. ესრეთ ძნელ-არს და მძიმე ცხოვნება სულისა. კაცი, მეძიებელი ღვთის სასუფეველისა, მარადის ითმენს შინაგანსა და გარეგანსა ბრძოლასა; იგი მარადის ზიდავს ჯვარსა თვისსა მხართა ზედა თვისთა.
გარნა რასა ვხედავთ ჩვენ აწ? ვგონებ, რომ ვინც შეხედავს ცხოვრებასა აწინდელთა ქრისტიანეთასა, ისრე იფიქრებს, რომელ სულის ცხოვნებაზედ უადვილესი საქმე არ იყოს ქვეყანაზედ. პირველად ის ვსთქვათ, რომელ აწინდელნი ქრისტიანენი თითქმის ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თვისისათა შესწირავენ სოფელსა და ხორციელთა ზრუნვათა: განმავლობასა შინა შვიდის დღისასა, იქმნება რომ ზოგმა ერთი მხოლოდ საათი მოიხმაროს ლოცვისათვის და შევიდეს ეკკლესიასა შინა, გარნა მაშინაც, ამ მოკლეს დროს, დაფანტულითა გონებითა ისმენს ლოცვასა, მაშინ როდესაც ყოველ წამს და ყოველ ჟამს იგი უნდა ებრძოდეს თვისსა ბუნებასა და თვისთა ნაკლულევანებათა.
სიჭაბუკესა ჩვენსა, ღონესა, ნიჭსა, ქონებასა, ერთი სიტყვით, ყოველსა, რაიცა გვაქვს უმჯობესი, ჩვენ ვხმარობთ სოფლისა და ხორციელის წარმატებისათვის. იქმნება მხოლოდ მეასე, ანუ მეათასე ნაწილი ამათ ყოველთაგან მოახმაროს ვინმე სულსა თვისსა; ზოგი მრთელსა სიცოცხლესა თვისსა შესწირავს სოფელსა და ბოლოს, ჟამსა სიბერისა და უძლურებისასა, მოახლოება სიკვდილისა და საფლავისა მოაგონებს მას ღვთის-მსახურებასა. შეიძლება ასე ადვილად ცხოვნება სულისა?
იქმნება ვინმე მითხრას: ვის შეუძლიან მარადის იფიქროს მხოლოდ სულისა თვისისათვის. კაცსა აქვს მრავალი ხორციელი საჭიროება; მან თვისი თავი უნდა არჩინოს და შეინახოს თუ იფიქრა მხოლოდ ლოცვისა და მოღვაწებისათვის, როგორღა შეუძლიან თავი ირჩინოს? - სასუფეველი ღვთისა, ძმანო ჩემნო, სიტყვისამებრ მაცხოვრისა, ემსგავსება კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებდა კეთილთა მარგარიტთა და ჰპოვა რა ერთი ძვირ-ფასი მარგარიტი, წარვიდა, გაჰყიდა ყოველი, რაიცა ჰქონდა და იყიდა მარგარიტი იგი. გირჩევნია შენც ესრეთ მოიქცე: სხვა ყოველი დაივიწყო და დაჰკარგო და შეიძინო ერთი მხოლოდ ესე, სასუფეველი ღვთისა. გარნა მაცხოვარი ამასაც არ მოითხოვს შენგან: არა ყოველს კაცს შეუძლიან დატევება სოფლისა, გარნა ყოველ კაცს შეუძლიან, რომ სოფელსა შინა იყოს, სოფლის საქმეს არ დასტოვებდეს და მაინც აღასრულოს მცნება ესე უფლისა. ვსთქვათ, მაგალითებრ, ერთი ვინმე არის მსახური, ანუ ჩინოვნიკი სასამართლოსა შინა; რა საკვირველია, რომ იგი ემსახურება არა სულის საცხონებლად, არამედ ხორციელის წარმატებისათვის; გარნა უკეთუ იგი არ დაივიწყებს ღმერთსა, მარადის ემსახურება სიმართლით და სიწმიდით, ქრთამს ერიდება, ყოველს საქმეს იქმს საფუძვლიანად და სჯულიერად, მაშინ მან აღასრულა მცნება მაცხოვრისა; მსახურებს მისი შეერაცხება მას, ვითარცა მოღვაწება სულიერი, ვითარცა უარის-ყოფა თავისა თვისისა. ვსთქვათ, რომ სხვა ვინმე არის ვაჭარი; რა-საკვირველია, რომელ ვაჭრობა არის სოფლიური საქმე; ვაჭარი ფიქრობს მხოლოდ მოგებისა და გამდიდრებისათვის; გარნა, უკეთუ იგი ვაჭრობს სინიდისით და სიმართლით, უკეთუ აღებ-მიცემაში ახსოვს პატიოსნება, უკეთუ არ არის ხარბი, ანგაარი, ოდეს შეიძინა მრავალი სიმდიდრე არ განლაღდა და ოდეს შეემთხვა სიღარიბე მოითმინა; უკეთუ რაოდენიმე ნაწილი მონაგებისა შესწირა ღმერთსა და გლახაკსა, მაშინ ვაჭრობა მისი მიეთვლება მას, ვითარცა მოღვაწება და მით აცხოვნებს იგი თავსა თვისსა. ვსთქვათ კიდევ, რომელ ვინმე აქა მდგომარეთაგანი არის შინაური მოსამსახურე, ანუ ყმობით, ანუ ჯამაგირით; შეუძლიან მას ისრე მოიქცეს, რომ მსახურება მისი იყოს ვითარცა მსახურება ღვთისა: უკეთუ იგი არის მართალი და ერთგული მებატონისა, უკეთუ მას უყვარს თვისი ბატონი, ცდილობს მისთვის, ითმენს მისგან სულ-გრძელად ყოველსა სიტყვასა ანუ გაჯავრებასა, ემსახურება მას ღვთის წინაშე და თავის დავიწყებადმდე, სწორედ მან უარ-ჰყო თავი თვისი, აიღო ჯვარი თვისი და შეუდგა უფალსა; გარნა, უკეთუ იგი არის ორგული და ურწმუნო, უკეთუ იგი, ვითარცა საუბედუროდ მრავალ-გზის ვხედავთ, მხოლოდ იმას ფიქრობს, რომ ბატონს გამორჩეს რამე და მხოლოდ თვისი თავი ახსოვს, მაშინ მსახურება მისი არ მიეთვლება მას ღვთისაგან კეთილად, არამედ დაისჯება იგი. ესრეთ, ძმანო, ყოველსა შინა დღესა და წამსა, ყოველთა შინა საქმეთა და სიტყვათა შეგვიძლიან გვახსოვდეს და აღვასრულებდეთ მცნებასა ამას თავის უარის-ყოფისას და ჯვარის აღებისასა. ამინ.