გლოცავ შენ ღმრთისა მიერ, რაჲთა შესძინო შრომასა შენსა და უბრალო ჰყო პატივი შენი.
იღუაწე, რაჲთა განუყოფელ იქმნე ერთობისაგან წმიდათაჲსა. [600]და უუძლურესნი იტჳრთენ, რაჲთა აღასრულო შჯული იგი ქრისტესი (გალ. 6.2).
მარხვად და ლოცვად და ვედრებად ღმრთისა მოიცალე, გარნა ნუ უზომოდ, რაჲთა არა მოუძლურდე და უქმ იქმნე.
ღჳნოსა და ჴორცსა ნუსად1 განეშორები, რამეთუ არა არიან საძაგელ, ვითარცა თქმულ არს, ვითარმედ: "კეთილსა ქუეყანისსა შჭამდეთ" (ის. 1.19); და ვითარმედ: "შჭამდეთ ჴორცსა ვითარცა მხალსა" (დაბ. 9.3); და ვითარმედ: "ღჳნომ ახარის გულსა კაცისასა და ზეთმან მხიარულ-ყვის პირი და პურმან განამტკიცის გული კაცისაჲ" (ფს, 103.15); არამედ ზომიერად და წესიერად, ვითარცა მოცემულსა ღმრთისასა. რამეთუ რაჲ ვინ ჭამოს, ანუ რაჲ ვინ სუას თჳნიერ მისსა? (ეკლ. 2.25) რამეთუ რაოდენიცა რაჲ არს კეთილი - მისი არს და რაოდენიცა რაჲ არს განსასუენებული - მისი არს.
ეკრძალე საკითხავსა და მოსწრაფე იქმენ კითხვად (II) წიგნთა [საღმრთ]თოთა, გარნა არა [ესრეთ] რაჲთამცა შენ ხოლო უწყოდე შჯული უფლისაჲ, არამედ სხუათაცა ასწავებდი და გამოუთარგმანებდი, ვითარცა შჯულისმოძღუარი და მოღუაწე ღმრთისაჲ.
არავინ მჴედრად დაწესებული შეითხზვის სოფლისა საქმეთა, რაჲთამცა მჴედართმთავარსა მას სათნო-ეყო. და დაღაცათუ ვინ იღუწიდეს, ვერგჳრგჳნოსან იქმნების, უკუეთუ ვერ შჯულიერად იღუაწოს (II ტიმ. 2.4-5).
შვილო სასურველო, მოწყლულ ვარ სიყუარულითა შენითა მე - კრული ესე უფლისაჲ და დაუვიწყებელ ხარ ლოცვათა შინა ჩემთა სამარადისოდ, ამისთჳსცა გასწავებ:
ყოველი, რომელი გარეშე განწესებულისა რასმე ზრახვიდეს, - გინა თუ სარწმუნო იყოს, გინა თუ მმარხველ, გინა თუ ქალწულ, გინა თუ სასწაულთა იქმოდეს, გინა თუ წინაჲსწარმეტყუელებდეს, - მგლადმცა შეგირაცხიეს იგი სამოსლითა ცხოვართაჲთა მოსილ (მათე 7.15) და დამბძარველ სამწყოსთა და განმხრწნელ არვეთა2 ქრისტესთა.
რომელი უვარჰყოფდეს ჯუარსა და სირცხჳლ-უჩნდეს ვნებაჲ ქრისტესი, იყავ იგი შენდა, ვითარცა თჳთ იგი მთავარი ბნელისაჲ - [601]სატანა. დაღაცათუ ყოველი მონაგები თჳსი შეაჭამოს გლახაკთა, დაღაცათუ მთათა სცვალებდეს, დაღაცათუ მისცნეს ჴორცნი თჳსნი3 ცეცხლსა დასაწუველად (I კორ. 13.2), საძაგელმცა არს შენდა და საძულელ.
რომელი სძაგებდეს შჯულსა და წინაჲსწარმეტყუელთა, რომელნი-იგი ქრისტემან მიითუალნა და, ვიდრეღა ქუეყანასა ზედა იქცეოდა, აღასრულნა, იყავნ იგი შენდა, ვითარცა ანტიქრისტე.
რომელი ლიტონად კაცად სახელსდებდეს ქრისტესა, ჰურიაჲ არს იგი ქრისტეს მკლველი.
ქურივთა პატივსცემდი, ჭეშმარიტთა (424) [ქურივთა (I ტიმ. 5.3) და ობოლთა ჴელსა აღუპყ[რობდი, [რამეთუ ღმერთი არს მამაჲ ობ]ოლთაჲ და მსაჯული ქურივთაჲ (ფს. 67.6).
ნურარას იქმ თჳნიერ ეპისკოპოსისა, რამეთუ იგი მღდელთმთავარი არს, ხოლო შენ - დიაკონი მღდელთა და მღდელთმოძღუარისაჲ. იგინი ნათელ-სცემენ, მსხუერპლსა შესწირვენ, ჴელთა დასხმენ და აკურთხევენ, ხოლო შენ ჰმსახურებ მათ (ვითარცა წმიდაჲ სტეფანე - იაკობს, ძმასა უფლისასა იჱერუსალემს) და მღდელთა.
კრებათა და დღესასწაულთა ნუ უდებ-ჰყოფ. ყოველთავე სახელით მიითუალვედ.
ნუმცა ვინ შეურაცხ-ჰყოფს სიჭაბუკესა შენსა, არამედ სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა, სლვითა და მოღუაწებითა (I ტიმ. 4.12).
მონათა ნუ შეურაცხჰყოფ, რამეთუ ჩუენდა და მათდა ზიარი ბუნებაჲ მოცემულ არს.
დედანი ნუ გძაგნ, რამეთუ მათ გშვეს და აღგზარდეს შენ. და მიზეზთა მათ ბუნებისა ჩუენისათა სიყუარული თანა-გუაც, გარნა ხოლო უფლისა მიერ. და თჳნიერ დედაკაცისა შჳლთა სხმაჲ შეუძლებელ არს მამაკაცისაგან, ვინაჲცა პატივი ჯერ-არს მშობელთა მათ და აღმზრდელთა ჩუენთაჲ. ხოლო არცა მამაკაცი თჳნიერ დედაკაცისა და არცა დედაკაცი თჳნიერ მამაკაცისა (I კორ. 11.11), თჳნიერ პირველშექმნულისა; რამეთუ ჴორცნი ადამისნი ოთხთაგან ნივთთა შეიქმნნეს, ხოლო ჴორცნი ევაჲსნი გუერდისაგან ადამისა აღეგნეს (დაბ. 2.21-24).
[602]და ღმრთივდიდებულნი იგი ჴორცნი უფლისანი მხოლოჲსაგან ხოლო4 ქალწულისა უბიწოჲსა. არათუ, რამეთუ საძაგელ არს შჯულიერი შეერთებაჲ, არამედ ღმრთივშუენიერად შობისათჳს. რამეთუ შუენოდა დამბადებელსა, რაჲთა არა ჩუელებრივ შობაჲ იჴუმიოს, არამედ უცხოჲ და საკჳრველი, ვითარცა დამბადებელმან.
ამპარტავნებასა ევლტოდე, რამეთუ ამპარტავანთა წინააღუდგების ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცემს მადლსა (იაკობ. 4.6; I პეტრე 5.5). ხოლო ტყუვილნი მოიძაგე, რამეთუ წერილ არს, (II) ვითარმედ: "წარსწყმიდნე ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუვესა" (ფს. 5.7). შურსა ეკრძალე, რამეთუ წინამძღუარ მისა არს ეშმაკი და შემდგომ კაინ, რომელი-იგი მოშურნე ექმნა ძმასა და შურის მიერ მოკლა მართალი იგი.
დათა ჩემთა ამცენ, რაჲთა უყუარდეს ღმერთი და კმა-იყოფოდენ თჳსთა ქმართა. და ეგრეთვე ამცნებდ ძმათა ჩემთა, რაჲთა თჳსთა ცოლთა დაჯერებულ-იქმნენ.
ქალწულთა სცევდ, ვითარცა ქრისტეს საუნჯეთა.
სულგრძელ იყავ ყოველსა შინა, რაჲთა დიდ იყო გონიერებითა (იგავ. 14.29).
გლახაკთა და დავრდომილთა ნუ უდებ-ჰყოფ მსგავსად ძალისა შენისა, რამეთუ მოწყალებითა და სარწმუნოებითა განწმდებიან ცოდვანი (იგავ. 15.27).
თავი შენი წმიდად დაიმარხე, ვითარცა სამკჳდრებელი ღმრთისაჲ და სავანე სულისა წმიდისაჲ. უწყი, თუ ვითარ აღგზარდე შენ: დაღაცათუ უნდო ვარ, მოშურნე მექმენ მე და მიემსგავსე ქცევასა ჩემსა. არა ვიქადი სოფელსა ამას შინა, გარნა უფლისა მიერ.
ირონს ამცენ5 , შვილსა ჩემსა, ვითარმედ: "რომელი-იგი იქადოდეს, უფლისა მიერ იქადოდენ" (I კორ. 1.32; II კორ. 10.17) (მომმადლენ მე უფალმან რაჲთა სცხონდე. შვილო სასურველო), რომელი-იგი დაიცევინ მამამან მხოლომან დაუსაბამომან და ძემან მხოლოდშობილმან უფალმან იესუ ქრისტემან.
ნუ გრწამს ყოველთაჲ, ნუცა მიენდვები ყოველთა და ნუცამცა ვინ განგიმსტურობს6 შენ, რამეთუ მრავალნი არიან მსახურნი ეშ[603]მაკისანი და რომელი ადრე ირწმუნებდეს, სუბუქ არს იგი ცნობითა (ზირ. 19.4).
მოიჴსენე ღმერთი და შიშიმცა მისი გაქუს მარადის წინაშე თუალთა შენთა და არასადა სცოდო ყოვლადვე.
ნუ იქმნები ორგულ ლოცვასა შინა, რამეთუ თქმულ არს, ვითარმედ: "ნეტარ არს, რომელი არა შეორგულდეს" (შდრ. იაკ. 1.6,8).
მრწამს მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი და ძე მისი მხოლოდშობილი - იესუ ქრისტე, რამეთუ მიჩუენოს მე ღმერთმან ირონ საყდარსა ჩემსა ზედა.
შეჰმატე შვილო და შესძინე სრბასა შენსა ზედა.
გამცნებ შენ წინაშე ღმრთისა ყოველთაჲსა და წინაშე ქრისტესა და წინაშე სულისა წმიდისა და ძალთა მათ მსახურთა (V) სამებისათა: დაიცევ [ვედრი7 ჩემი]. რომელი მე და ქრისტემან შეგვედრეთ შენ და ნუ გიჩნ თავი შენი უღირს [ჩინე]ბისა საღმრთოჲ[სა. შეგვედრებ შენ ეკლესიასა ანტიოქიისასა, ვითარცა შემივედრებიეს] საქმე თქუენი პოლიკარპოჲსდა უფლისა მიერ იესუ ქრისტესა.
მოგიკითხვენ შენ ეპისკოპოსნი: ონისიმე, ვიტი, დამას, პოლჳვიოს და ყოველნი ფილიპპელნი ქრისტეს მიერ, ვინაჲცა-იგი მოვწერე შენდა.
კითხვაჲ არქუ ღმრთივშუენიერთა მღდელთა.
კითხვაჲ არქუ წმიდათა მათ შენთანა დიაკონთა, რომელთათჳს-იგი ვითხოვ ღმრთისაგან, რაჲთა დაიცვნეს სულიერად და ჴორციელად და ღირს ყვნეს სასუფეველსა თჳსსა.
კითხვაჲ არქუ ყოველსა ერსა დიდითგან, ვიდრე მცირედმდე სახელით უფლისა მიერ, რომელთა-იგი შეგვედრებ შენ, ვითარცა მოსე ისოს შემდგომად მისსა ერისმთავრობაჲ (II შჯ. 31). და ნუმცა აღგიჩნდების მძიმედ სიტყუაჲ ესე, რამეთუ, დაღაცათუ არა ვართ ეგევითარნი, ვითარნი იყვნეს იგინი, გარნა უკუე ვილოცავთ, რაჲთა ვიქმნნეთ, რამეთუ ჩუენცა შვილნი ვართ აბრაჰამისნი.
განძლიერდი უკუე და მხნე იქმენ (II შჯ. 31.7,23), ჵ, ირონ, ვითარცა მამაკაცი და ვითარცა საღმრთოჲ მოღუაწე, რამეთუ ამიერითგან შენ შეიყვანო და შენ განიყვანო ანტიოქელთა ერი და კრებული უფ[604]ლისაჲ, რაჲთა არა იყოს ბანაკი უფლისაჲ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი (რიცხ. 27.17).
კითხვაჲ არქუ კასიანეს, მესტუმრესა ჩემსა და პატიოსანსა მეუღლესა მისსა და საყუარელთა შვილთა მათთა, რომელთა მიეცინ უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა (II ტიმ. 1.18) ჩუენისა მის მსახურებისათჳს, რომელთაცა შეგვედრებ შენ უფლისა მიერ.
კითხვაჲ არქუ ლავდიკიელთა, ყოველთა მორწმუნეთა კაცად-კაცისა ქრისტეს მიერ.
და ტარსუნელთა მათ ნუ უდებ ჰყოფ, არამედ ზედაჲსზედა ითუალევდ [მათ]8 და განაკრძალებ და დაამტკიცებდ მათ მოძღურებასა ზედა სახარებისასა.
(II) კითხ[ვაჲ არქუ მარ]ის, ნეაპოლე[ლსა ეპისკოპოსსა], რომელ არს ანა[ზარბოს]9 , უფლისა მიერ.
მოიკითხე ჩემ [მაგიერ] მარიამცა, პატიოსანი ასუ[ლი ჩემი], ფრიად სწავლული და გონიერი (და სახლად-სახლად კრებულთა მისთა, კოლ. 4.15), რომელი-იგი ღირს-ყავნ უფალმან წყალობასა მისსა; და სხუანი-იგი, მადლითა აღსავსენი და ღმრთივდაცულნი და კეთილად მსახურნი დედანი.
ცოცხლებით და მრთელად და ყოველსა შინა წარმართებულად მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტემან მხოლოდშობილისა ძისა თჳსისა მიერ და სულისა წმიდისა დაგიცევინ შენ ჟამთა სიგრძესა სარგებელად ღმრთისა ეკლესიისა. და მშჳდობით იყავ უფლისა მიერ და ილოცევდ, რაჲთა სრულ ვიქმნე.
................................................................................................................................................................
შენიშვნები:
1. ასეა.
2. არვე - ცხვარი, ფარა (ბერძნ.πρόβατον).
3. ხელნაწერში: [თჳსნი].
4. ხელნაწერში: [ხოლო].
5. A 55, A 60, A 66: ამცენ (?); PG-ს ბერძნულ ტექსტში: "Ηρωνι τῶ ἐμῷ τέχνῳ παραινῳ - ირონს, ჩემ შვილს, ვამცნებ (გამცნებ)...
6. განმსტურობა - მოხილვა, თვალთვალი, ჯაშუშობა.
7. ვედრი - ანდერძი, მიბარებული (ბერძნ.παραθήκη).
8. ხელნაწერში: [ნუ უდებ ჰყოფ, არამედ ზედაჲსზედა ითუალევდ მათ].
9. ნეაპოლი ანაზარბოსთან, არის ქალაქი კილიკიაში (და არა ნეაპოლი ქ. ფილიპპოსის მახლობლად მაკედონიაში) მდ. პირამოსზე. ამ ქალაქ პტოლომეოსი კეისარიას ანაზარბოსთან უწოდებს (Gეოგრაპჰ., ლიბრო V, ცაპ. 12).