ვიხილე, ძმანო, ეპისკოპოსი თქუენი და გულისჴმა-ვყავ, რამეთუ არა თავით თჳსით და არცა კაცთა მიერ ღირს იქმნა ესე ვითარსა მის საღმრთოჲსა მსახურებისა ჴელთდებად. და არცა ზუაობით, არამედ სიყუარულითა ქრისტეს იესუჲსითა და ნებითა ღმრთისა მა[571]მისაჲთა, რომელმან აღადგინა იგი მკუდრეთით (გალ. 1.1). რომლისა-იგი სიმშჳდემან განმაკრთო მე. რომლისა-იგი დუმილსა უფროჲს ძალუც მრავლისმეტყუელთასა. და რამეთუ მართულ არს იგი მცნებათა მიერ და სამართალთა უფლისათა, ვითარცა ათძალი მორთული. და არს იგი უბრალოჲ, არაჲთ უნაკლულეს ზაქარია მღდელთმთავრისა (ლუკა 1.6). ამისთჳსცა ჰნატრის სული ჩემი საღმრთოსა მას ერთგულებასა მისსა ღმრთისა მიმართ. და ვცან, რამეთუ საუნჯე არს იგი ყოველთა სათნოებათაჲ და სრულ ყოვლითა კეთილითა. და მყუდროებაჲ იგი მისი და ურისხველობაჲ და უშფოთველობაჲ მობაძავი ღმრთისაჲ ფრიად დამიკჳრდა და მადლი შევწირე ღმრთისა.
გევედრები თქუენ საყუარელნო ჩემნო, ვითარცა შვილნი ჭეშმარიტისა ნათლისანი ევლტოდეთ განწვალებასა ერთობისასა და ბოროტის მოძღურებასა მწვალებელთასა, რომელთა მიერ შეიგინა ყოველი ქუეყანაჲ (იერ. 23.15). და სადაცა იყოს მწყემსი თქუენი, მუნცა მისდევდით მას, ვითარცა ცხოვარნი. რამეთუ მრავალნი მგელნი სამოსლითა ცხოვართაჲთა შემოსილნი (მათე 7.15), საქმეთა მიერ ბოროტთა და ბილწთა გულისთქუმათა წარსტყუენვენ საღმრთოდ განმზადებულთა და ღმრთისა მიმართ მორბედისა. გარნა, ვესავ ღმერთსა, ვითარმედ, ერთობითა თქუენითა, ვერ პოონ მათ თქუენ შორის ადგილი.
განეშორენით უკუე ჯეჯლთა მათგან ბოროტთა(ვ), რომელთა-იგი არა აღმოაცენებს მუშაკობაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, არამედ მჴეცი იგი კაცისმკლველი და სულთა მომსრველი; რამეთუ არა არიან იგინი დანერგულ მამისა, არამედ - თესლ უკეთურისა.
და არა თუ განყოფილებაჲ რაჲმე მიპოვნიეს თქუენ შორის და მისთჳს მივსწერ ამას, არამედ წინაჲსწარ განგაკრძალებ თქუენ, ვითარცა შვილთა ღმრთისათა. რამეთუ რაოდენნი იყვნენ ქრისტესნი, იგინი ეპისკოპოსისა თჳსისაგან განუშორებელ არიან; ხოლო რავდენნიცა მისდრეკენ მისგან და დაწყეულთა მათ თანა ზიარებაჲ აღირჩიონ, იგინი მათთანავე მოეკუეთნენ, რამეთუ არ არიან ნამუშაკევნი ქრისტესნი, არამედ ღუარძლნი მტერისანი; რომლისაგან იგი ჴსნილმცა ხართ ყოვლადვე და სამარადისოდ ლოცვითა მწყემსისა და წინამძღურისა თქუენისაჲთა, სარწმუნოჲსა მის და მშჳდისაჲთა.
[572]გლოცავ თქუენ უფლისა მიერ, რაოდენნიცა სინანულად მოვიდენ და ზიარებასა ეკლესიისასა შეერთნენ, ყოვლითავე სიმშჳდითა შეიწყნარენით ეგევითარნი-იგი, რაჲთა სიტკბოებითა და ძჳრუჴსენებლობითა თქუენითა განიფრთხონ საბრჴეთაგან ეშმაკისათა (II ტიმ. 2.26), და ღირს იქმნენ სათნო-ყოფად ღმრთისა და მიემთხჳნენ საუკუნესა ცხორებასა სასუფეველსა შინა იესუ ქრისტესსა.
ნუ სცთებით ძმანო! რამეთუ უკუეთუ ვინმე განმბრძარველსა და განწვალებულსა ჭეშმარიტებისაგან შეუდგეს, სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდროს. და უკუეთუ ვინმე ტყუვილისა მეტყუელსა ქადაგსა არა განეშოროს, გეჰენიასა შინა დაისაჯოს. რამეთუ არაცა მწვალებელთა ჯერ-არს შეერთებაჲ და არცა მართლმადიდებელთაგან განშორებაჲ.
უკუეთუ ვინმე მწვალებლითა გონებითა ვიდოდის, ეგევითარი-იგი არა არს ქრისტესი, არცა ზიარი ვნებათა მისთაჲ, არამედ მელი განმრყუნელი ქრისტეს ვენაჴისაჲ (ქებ. 2.15). ესევითარსა მას (II) ნუ თანა-აღერევით, რაჲთა არა წარსწყმდეთ მის თანა; გინა თუ მამაჲ იყოს, გინა თუ ძე, გინა თუ ძმაჲ, გინა თუ მეგობარი (I კორ. 5.11; II თეს. 3). რამეთუ თქმულ არს, ვითარმედ: "არა ჰრიდოს მას თუალმან შენმან" (შჯ. 13.6,8).
მოძულეთა უკუე ღმრთისათა მოძულებაჲ ჯერ-არს ჩუენდაცა და მტერთა მისთა ზედა განლევაჲ (ფს. 138.21); გარნა არა ცემაჲ მათი, არცა დევნაჲ (მსგავსად წარმართთა, რომელთა არა იციან ღმერთი, I თეს. 4.5), არამედ მტერად შერაცხვაჲ და განშორებაჲ მათგან. ხოლო სწავლაჲ და მოძღურებაჲ და სინანულად მოწოდებაჲ და ვედრებაჲ მათი, ნუ უკუე და ისმინონ, ვინ უწყის, და ნუ უკუე და მოდრკენ, რამეთუ კაცთმოყუარე არს ღმერთი ჩუენი და ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხოვრებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ (I ტიმ. 2.4); და ამისთჳს მზესა თჳსსა აღმოაბრწყინვებს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა (მათე 5.45); რომლისა სიტკბოებასა მიმსგავსებაჲ ჩუენი ჰნებავს უფალსა და გჳბრძანებს, ვითარმედ: "იყვენით სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს" (მათე 5.48).
[573]მე უკუე გესავ თქუენ უფლისა მიერ, ვითარმედ სხუასა არა რას ჰზრახვიდეთ. და ამისთჳს გლოცავ და გევედრები თქუენ, და კადნიერ ვიქმნები მიწერად სიყუარულისა თქუენისა, რაჲთა ერთსა სარწმუნოებასა და ერთსა ქადაგებასა და ერთსა მადლობასა ზედა ეგნეთ. რამეთუ ერთ არს ჴორცი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი და ერთ სისხლი მისი, რომელ ჩუენთჳს დაითხია. და რამეთუ ერთი პური განიტეხა ყოველთათჳს და ერთი სასუმელი განეყო ყოველთა, და ერთი საკურთხეველი აღმართებულ არს ყოველთა ეკლესიათა შინა, და ერთი ეპისკოპოსი მღდელთა თანა და დიაკონ(416)თა. ჩემთანა მონათა ღმრთისათა. ვინაჲთგან ერთი ღმერთი არს ყოველთაჲ, უშობელი იგი მამაჲ; და ერთი მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ, ღმერთი სრული და კაცი; და ერთი ნუგეშინისმცემელი იგი, სული ჭეშმარიტებისაჲ; და ერთი ქადაგებაჲ და ერთი სარწმუნოებაჲ და ერთი ნათლისღებაჲ (ეფეს. 4.5); და ერთი ეკლესიაჲ, რომელი დააფუძნეს წმიდათა მოციქულთა კიდითგან ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა სისხლითა ქრისტეჱსითა და თჳსითა შრომითა და ოფლითა. და თქუენდაცა ჯერ-არს, რაჲთა ვითარცა ერთი საზეპუროჲ და ნათესავი წმიდაჲ (ტიტ. 2.14; II პეტრე 2.6), სამღდელოჲ და სამეუფოჲ, ყოველსავე ქრისტეს მიერ ერთობით აღასრულებდეთ.
ცოლნი ქმართა დაემორჩილენით შიშითა ქრისტესითა (ეფეს. 5 და 6).
ქალწულნი უხრწნელებით სძალ ექმნენით ქრისტესა: არათუ ვითარმცა გძაგდა ქორწინებაჲ. არამედ ვითარცა უვაღრესისა მოსურნენი; არა შემასმენელად მეუღლებისა, არამედ რაჲთა მოიცალოთ წურთად შჯულსა უფლისასა (I კორ. 7.22).
შვილნი ერჩდით მშობელთა და მოუთმენდით მათ და გიყუარდეთ იგინი, ვითარცა თანაშემწენი ნებისა ღმრთისანი შობისა თქუენისათჳს.
მონანი ჰმორჩილობდით თჳსთა უფალთა ღმრთისა მიერ, რაჲთა ქრისტეს მიერი აზნაურებაჲ მოიღოთ.
ქმართა გიყუარდეთ თჳსნი ცოლნი, ვითარცა თქუენთანავე მონანი ღმრთისანი და ვითარცა თჳსნი ჴორცნი და ვითარცა ზიარნი ცხორებისანი და თანაშემწენი შვილიერებისანი.
ქალწულთა ქრისტემცა ხოლო გაქუს წინაშე თუალთა თქუენთა და მამაჲ მისი ლოცვათა შინა თქუენთა, რაჲთა განჰნათლდეთ მადლითა სულისაჲთა. რამეთუ ესრეთ არს წადიერებაჲ სულისა ჩემისაჲ, რაჲთა ჰბაძვიდეთ წმიდათა მათ და ყოვლადქებულთა მოღუა[574]წეთა, რომელნი სიწმიდით ცხორებითა შეიმკვნეს, ვითარცა ელია და ისო ნავესი და მელქისედეკ და ელისე და იერემია და იოანე ნათლისმცემელი და საყუარელი მოწაფე1 და ტიმოთე და ტიტე და ევ(II)ვოდოს2 და კლემენტოს3 , რამეთუ ამათ ყოველთა სიწმიდით განვლეს ცხორებაჲ ესე. და არა თუ სხუათა მათ წმიდათა, რომელნი ქორწინებასა შინა განბრწყინდეს ვსძაგებ და ამისთჳს მოვიჴსენენ ესე (რამეთუ ვილოცავ ღმრთისა მიმართ, რაჲთა მტუერსა ხოლო ფერჴთა მათთასა ღირს ვიქმნე მიმთხუევად სასუფეველსა შინა ცათასა, ვითარ-იგი იყო აბრაჰამ და ისაკ და იაკობ და იოსებ და ესაია და სხუანი იგი წინაჲსწარმეტყუელნი და პეტრე და უმრავლესნი მოციქულნი, რომელთა-იგი ექორწინა), არამედ სიყუარულითა ქალწულებისაჲთა, წადიერებისა მიერ იძულებულმან, გონებად მოვიხუნე წმიდანი იგი და მოვიჴსენენ, რაჲთა გულსმოდგინე გყვნე.
მამათა განსწავლენით შვილნი თჳსნი სწავლითა და მოძღურებითა და ღმრთისაჲთა (ეფეს. 4.6) და ასწავენით მათ წმიდანი წერილნი და ჴელოვნებანი და ხუროებანი, რაჲთა არა უხაროდის უქმობაჲ, რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: "კეთილად აღზარდის მამამან მართალმან შვილი გონიერი და გული მისი იხარებენ მის ზედა" (იგავ. 23.24).
და უფალნი ეგე ტკბილ იყვენით თჳსთა მონათა მიმართ და სწყალობდეთ მათ, ვითარცა-იგი გუასწავებს წმიდაჲ და ნეტარი იობ (იობ. 31.13,16). რამეთუ ერთი ბუნებაჲ არს და ერთი ტომებაჲ კაცთა არსებისაჲ, და ქრისტეს მიერ არცა მონებაჲ არს და არცა აზნაურებაჲ (გალ. 3.28), არამედ ყოველთა ერთობაჲ და სიყუარული.
მთავარნი ერჩდით კეისარსა, და მჴედარნი - მთავართა, და დიაკონნი - მღდელთა, და ნეშტნი მნენი4 ყოვლისა თანა ერისა და მჴედართა და მთავართა და კეისარ - ეპისკოპოსსა, და ეპისკოპოსი - ქრისტესა5 , ვითარცა ქრისტე - მამასა, რაჲთა ესრეთ ერთობაჲ ყოვლით კერძო აღემატებოდეს.
[575]იყვნედ უკუე და ქურივნიცა ნუ მიმოტაცებულ, ნუ ნაყროვან, ნუ მიმომავალ, არამედ ვითარცა ივდით - პატიოსანი (ივდ. 8.4,6), და ვითარცა ანნა - უბიწოჲ (ლუკა 2,36-37).
და ამას არა ვითარცა მოციქული გიბრძანებ, რამეთუ ვინ ვარ მე, ანუ თუ რაჲ არს სახელი6 (V) [მამისა ჩემისაჲ] (I მეფ. 18.18; II მეფ. 7.18), რაჲთამცა სწორად მათსა ვმეტყველებდი? არამედ, ვითარცა თანამოსაგრე თქუენი (ფილიპ. 2.25) განმაკრძალებელისა სახითა გასწავებ.
რამეთუ ფრიად გარდაფენილ არს სიყუარული თქუენი გულსა შინა ჩემსა და მხიარული სულითა განგაკრძალებ. და არა მე, არამედ ჩემ მიერ უფალი იესუ ქრისტე, რომლისათჳს-ესე შეკრულ ვარ. ხოლო მე თავისა თჳსისათჳს უფროჲსღა შეშინებულ ვარ, რამეთუ წუთღა განუსრულებელ ვარ და ვესავ ლოცვასა თქუენსა, რაჲთა სრულ მყოს მე ღმრთისა მიმართ; რაჲთა რომლითა-ესე ვიჩინე, მივემთხჳო სახარებასა მას, რომელსაცა შევევედრე, ვითარცა თანაჴორცი ქრისტესი და თანამოკარვე მოციქულთაჲ და თანამღდელი მღდელთა ეკლესიისათაჲ და მეგობარი წინაჲსწარმეტყუელთაჲ, რომელთა-იგი ქრისტე ქადაგეს და სულისა წმიდისა ტაძარ იქმნნეს, ვითარცა-იგი მოციქულნი.
რამეთუ ვითარცა-იგი ცრუ წინაჲსწარმეტყუელთა და ცრუ მოციქულთა ერთი და სწორი სული მაცთურისაჲ მიიზიდეს და ერსა ჰმოგუნიდეს და აცთუნებდეს, ეგრეთვე წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთა ერთი და სწორი, თავადი იგი სული წმიდაჲ, სახიერი და მთავარი ჭეშმარიტებისა და სწავლულებისაჲ მიიღეს ღმრთისაგან იესუ ქრისტეს მიერ - სული წრფელი (ფს. 50.12-14; იოანე 16.13). რამეთუ ერთი ღმერთი არს ძუელისა და ახლისა შჯულისაჲ, და ერთი შუვამდგომელი ღმრთისა და კაცთაჲ (I ტიმ. 2.5), შემოქმედი ხილულთა და უხილავთაჲ და მოღუაწე და განმაწესებელი თითოეულთა ბუნებათა შემსგავსებულისა ღუწოლისაჲ, და ერთი სული წმიდაჲ, ნუგეშინისმცემელი, რომელი იტყოდა და იქმოდა ძალთა და სასწაულთა წინაჲსწარმეტყუელთა შორის და მოციქულთა.
[576]და ყოველნი წმიდანი ძუელსა და ახალსა შჯულსა შინა გამოჩინებულნი, ქრისტეს მიერ სცხოვნდეს. (II) რამეთუ ესვიდეს მას და მოელოდეს და მის მიერ მიემთხჳნეს ცხორებასა; რამეთუ იყვნეს იგინი ღირს საკჳრველებისა და ღირს სიყუარულისა საღმრთოჲსა, რომელნი-იგი წმიდად იწამნეს იესუ ქრისტეს მიერ სახარებასა შინა ზოგადითა მით სასოებითა.
უკუეთუ ვინმე ერთსა ღმერთსა აღიარებდეს შჯულისა და წინაჲსწარმეტყუელთა მფლობელად, ხოლო ქრისტესა უვარჰყოფდეს, ვითარმედ: არა არს ძე ღმრთისაჲ, - იგი მტყუვარ არს, ვითარცა მამაჲ მისი ეშმაკი (იოანე 8.44), და არს ეგევითარი-იგი მტყუვარი ჰურიაჲ7 და ჴორცითა წინადაცუეთილ8 .
უკუეთუ ვინმე აღიარებდეს უფალსა იესუ ქრისტესა, ხოლო ღმერთსა შჯულისა და წინაჲსწარმეტყუელთასა უვარჰყოფდეს და იტყოდეს, ვითარმედ: არა არს შემოქმედ ცისა და ქუეყანისა მამაჲ უფლისა იესუ ქრისტესი, - ეგევითარი-იგი ჭეშმარიტებისაგან უცხო ქმნილ არს, ვითარცა მამაჲ მისი ეშმაკი (იოანე 8.44), და არს იგი მოწაფე სჳმონ მოგვისაჲ9 და არა სულისა წმიდისაჲ.
უკუეთუ ვინმე აღიარებდეს ერთსა ღმერთსა და აღიარებდეს უფალსა იესუ ქრისტესა, გარნა ლიტონად კაცად იტყოდის მას და არა ღმრთად მხოლოდშობილად და სიბრძნედ და სიტყუად ღმრთისად, არამედ სულისა და ჴორცთაგან აგებულად ჰგმობდეს მსგავსად ჩუენსა10 , ეგევითარი-იგი გუელი არს წამლიანი, საცთურისა და უკეთურებისა მქადაგებელი წარსაწყმედელად კაცთა. და არს ეგევითარი-იგი გლახაკ და დავრდომილ გონებითა და ცხოვრებასა ამას შინა, ვითარცა განრღუეული ცხედარსა ზედა ეგრეთ მდებარე არს.
ხოლო უკუეთუ ვინმე ამას აღიარებდეს და შჯულიერსა ქორწინებასა და შვილთა სხმასა ხრწნილებად და შეგინებად სახელსდებს, და ანუ თუ რომელთამე ჭამადთა საძაგელად უწოდდეს, ეგევითარსა მას თანამკჳდრად თჳსად მოუ(417)გიეს ვეშაპი იგი განდგომილი, სულთა მომსრველი.
[577]უკუეთუ ვინმე მამასა და ძესა და სულსა წმიდასა აღიარებდეს და დაბადებულთა ღმრთისათა აქებდეს, ხოლო განკაცებასა უფლისასა უცნობად სახელსდებდეს და საუფლოჲ იგი ვნებაჲ სირცხჳლ-უჩნდეს, ეგევითარსა მას სარწმუნოებაჲ უვარ-უქმნიეს არაჲთ უდარეს ქრისტეს მკვლელთა ჰურიათასა.
უკუეთუ ვინმე ამას აღიარებდეს, ხოლო ღმრთისა სიტყჳსათჳს იტყოდეს, ვითარმედ: დაემკჳდრა კაცობრივთა ჴორცთა შორის და იყო განთჳსებულად სიტყუაჲ-ღმერთი, ვითარცა სული ჴორცთა შინა და ვითარცა მოდგამი, გინა მეზობელი თჳნიერ კაცობრივისა სულისა; და უჯეროთა შეერთებათათჳს იტყოდეს, ვითარმედ: კეთილ არიან; და თავად ყოველთა კეთილთა გულისთქუმაჲ შეერაცხოს, ვითარცა ცუდ-სახელსა ნიკოლაელთა წვალებისა მოძღუარსა, ეგევითარი-იგი არცა ღმრთისმოყუარე არს, არცა ქრისტესმოყუარე, არამედ განმხრწნელი თჳსთა ჴორცთაჲ და ჴუებულ არს იგი მადლთაგან სულისა წმიდისათა და უცხო ქრისტესგან.
და ყოველნივე ესევითარნი ძეგლნი არიან ქვისანი და სამარენი მკუდართანი, რომელთა ზედაწერილი ხოლო აქუს მომკუდართა კაცთა სახელისაჲ, ხოლო შინაგან სავსე არიან ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა.
ევლტოდეთ ჰავჴელოვანთა მათ არაწმიდისა სულისა საბრჴეთა, რომელი-იგი აწ იქმს ძეთა მათ შორის ამის სოფლისათა (ეფეს. 2.2), ნუუკუე შესწუხნეთ11 რაჲ და იჴსნნეთ12 და მოუძლურდეთ წესთაგან სიყუარულისათა. არამედ ყოველნივე ურთიერთარს ერთსულ იყვენით და ერთგულ და ერთგონება განუყოფელ და ერთნება და ერთგანზრახვა (ფილიპ. 2.2), და ყოლადვე და სამარადისოდ ერთი დიდებაჲ ღმრთისაჲ და ერთი მართლმადიდებლობაჲ ყუავოდენ თქუენ შორის. განსუენებათა შინა და ჭირთა და წუხილთა და (II) სიხარულთა ერთობით ჰმადლობდით ღმერთსა ქრისტეს იესუჲს მიერ.
და ყოველსავე, რომელსაცა მივსწერ თქუენდა, უზაკუველითა სიყუარულითა და მდუღარითა სულითა მივსწერ, რამეთუ ვერვინ ამხილებს თქუენგანი გონებასა ჩემსა და ვერცა ვინ იქადის ვერცა ცხადად, ვერცა დაფარულად, უკუეთუ-და-რაჲ ვისმე უმძიმე, განა თუ მცირედითა და გინა თუ დიდითა13 . ვინაჲცა ყოველთა ამათ [578]სიტყუათა, რომელთა ვიტყჳ, ვლოცავ ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა გექმნენ თქუენ საწამებელ.
რამეთუ, დაღაცათუმცა ჴორციელად ვისმე ენება ცთუნებაჲ ჩემი, გარნა სული წმიდაჲ არა სცთების, რამეთუ ღმრთისაგან მოვიღე იგი, რამეთუ უწყის ვინაჲ მოვალს და ვიდრე ვალს (იოანე 3.8) და დაფარულთა ამხილებს. ამისთჳსცა ვხმობ დიდითა ჴმითა შორის ყოველთაჲსა მდგომარე, ვითარმედ (არა ჩემნი არიან სიტყუანი ესე, არამედ ღმრთისანი): ეპისკოპოსსა ერჩდით და ხუცესთა და დიაკონთა. ხოლო უკუეთუ გგონიეს, ვითარმედ წინაჲსწარ მისწავიეს განწვალებაჲ თქუენი, გინა განყოფილებაჲ და ამისთჳს ვიტყჳ ამას, მოწამე არს ჩემდა რომლისათჳს-იგი შეკრულ ვარ, რამეთუ კაცობრივისა პირისაგან არა მისწავებიეს ესე; ხოლო სულმან წმიდამან მიქადაგა ესე და მეტყოდა, ვითარმედ: თჳნიერ ეპისკოპოსისა ნურარას იქმთ14 . და ჴორცნი თქუენნი, ვითარცა ტაძარნი ღმრთისანი წმიდად დაიმარხენით (I კორ. 3.16; 6.19); და ერთობაჲ გიყუარდინ და განყოფილებასა ევლტოდეთ; და მობაძავ იქმნენით პავლესა და სხუათა მათ მოციქულთა, ვითარცა იგინი - ქრისტესა (I კორ. 11.1).
მე უკუე, ვითარცა კაცი, თჳსსა ვიქმოდე შემაერთებელად და დამამტკიცებელად თქუენდა, დამტკიცებული გიწამებ და ვიტყოდე, ვითარმედ: სადა განყოფილებაჲ იყოს ნებათაჲ და მრისხანებაჲ და სიძულილი, მუნ ღმერთი არა დაემკჳდრების. ხოლო სულმან წმიდამან ესრეთ დაამტკიცა ჩუენ მიერი იგი განზრახვაჲ, ვითარცა გესმა (რამეთუ არასამე ვიქმოდეთ გარეშე საღმროჲსა (V) ნებისა: ყოველთავე უკუე მონანულთა შეუნდობს ღმერთი, უკუეთუ ოდენ მიისწრაფონ ერთობასა ქრისტესა და შეევედრნენ მო[ძღ]ურებასა ეპისკოპოსისასა. და მრწამს, მადლითა ქრისტჱსითა, ვითარმედ დაჰჴსნეს თქუენგან ყოველივე საკჳრველ სიცრუისაჲ მადლმან საღმრთომან და სწავლამან მღდელთმთავრისა თქუენისამან.
გლოცავ თქუენ და გევედრები: ნურარასმცა იქმთ ჴდომით და შურით (ფილიპ. 2.3), არამედ მოძღურებისაებრ ქრისტეს მეუფისა, რამეთუ [579]მესმა ვიეთთჳსმე, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: უკუეთუ ძუელთა შორის არა ვპოვო, სახარებისაჲ არა მრწამს. ხოლო ესევითართა მათ ესრეთ ვეტყჳ, ვითარმედ: ჩემდა პირველ და დასაბამ დაუსაბამო იესუ ქრისტე არს, რომლისა-იგი ურჩებაჲ - ცხადი წარსაწყმედელი არს და მომსრველი საუკუნოჲ. და კუალად: შეუხებელ და დასაბამ ჩემდა არს ჯუარცუმაჲ მისი და ჯუარი და სიკუდილი და მკუდრეთით აღდგომაჲ და ამათი სარწმუნოებით აღსაარებაჲ, რომელთა მიერ იქმნების განმართლებაჲ ჩემი და ყოველთა მორწმუნეთაჲ, თანაშეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა.
რომელსა სახარებისაჲ არა ჰრწმენეს, ეგევითარი-იგი ძუელთა და ახალთა და ერთბამად ყოველთადავე ურწმუნო არს. რამეთუ სულსა წმიდასა წინაშე ძუელნი და ახალნი სწორებით განფენილ არიან და არარაჲ იხილვების მის წინაშე ძუელ და ადრინდელ.
ფიცხელ არს წიხნაჲ დეზისაჲ (საქმე 9.5; 26.14), ფიცხელ არს ურწმუნოებაჲ ქრისტესი, ფიცხელ არს შეურაცხებაჲ მოციქულთა ქადაგებისაჲ.
კეთილ არიან მღდელნი და დიაკონნი სიტყჳსანი; ხოლო მღდელთმოძღუარი უვაღრეს არს, რომლისადა რწმუნებულ არს წმიდაჲ იგი წმიდათაჲ, რომლისადა-იგი რწმუნებულ არიან საიდუმლონი ღმრთისანი.
კეთილ არიან ძალნი იგი მსახურნი ღმრთისანი. და წმიდა არს სული წმიდაჲ ნუგეშინისმცემელი. და წმიდა არს16 სიტყვაჲ და ძე (II) მამისაჲ, რომლისა მიერ მამამან შექმნნა ყოველნი და ყოველთა განაგებს და ესე არს გზაჲ იგი მიმყვანებელი მამისა (იოანე 14.6) და კლდე სიმტკიცისაჲ (I კორ. 10.4) და ზღუდე მადლისაჲ და კლიტე სასუფეველისაჲ და მწყემსი კეთილი და მსხვერპლი საუფლოჲ და კარი მეცნიერებისაჲ (იოანე 10,11,9), რომლისა მიერ შევიდეს აბრაჰამ, ისაკ და იაკობ და ყოველნივე კრებულნი წინაჲსწარმეტყუელთანი და სუეტნი იგი სოფლისანი - მოციქულნი და სძალი იგი ქრისტესი - წმიდაჲ ეკლესიაჲ, რომლისათჳს დასთხია სისხლი თჳსი, რაჲთა იგი წმიდა იყოს და მოიყიდოს წარმართთაგან და შეაერთოს თავსა თჳსსა.
და ესე ყოველი შემაერთებელი არს ერთისა მის მხოლოჲსა და ჭეშმარიტისა ღმრთისა თანა.
ხოლო უვაღრესი და აღმატებული ძალი აქუს ძუელთა მათ და პირველთა, გინა თუ სახეთა და გინა თუ საქმეთაჲ, წმიდასა სახა[580]რებასა17 : მოსლვაჲ მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი და ვნებაჲ მისი და დაფლვაჲ და აღდგომაჲ. რამეთუ რომელსა-იგი წინაჲსწარმეტყუელნი პირველითგან მოასწავებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: "ვიდრემდის მოვიდეს, რომლისადა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდებაჲ წარმართთაჲ" (დაბ. 49.10), ესე სახარებისა მიერ სრულ იქმნა, ჰრქუა არაჲ მოციქულთა მაცხოვარმან, ვითარმედ: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა" (მათ. 28.19).
ყოველნი უკუე ერთბამად კეთილ არიან: და შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი და მოციქულნი და ყოველნივე კრებულნი, რომელთა ჰრწმენა მათ მიარ და ცხონდეს; ოდენ ვიყუარებითმცა ხოლო ურთიერთარს.
ვინაჲცა ლოცვითა თქუენითა და მოწლებითა, რომელი გაქუს ქრისტეს მიერ, მეუწყა მე, ვითარმედ მშჳდობით ჰგიეს ეკლესიაჲ ანტიოქიისაჲ ასურეთს.
და ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა (418) ეკლესიასა ღმრთისასა დაუდგინნოთ ეპისკოპოსი, რაჲთა აღასრულებდეს იგი ზეგარდამოსა ვედრებასა ღმრთისა მიმართ შესანდობელად ცოდვათა მათთა, შერაჲ-კრბენ იგინი ერთბამად ერთითა სულითა და იდიდებოდის სახელი ღმრთისაჲ.
და ნეტარ არს კაცი ქრისტეს იესუჲს მიერ, რომელი ღირს იქმნეს ესევითარსა ამას მსახურებასა. და თქუენცა ისწრაფეთ საქმისა ამის აღსრულებად. რაჲთა იდიდნეთ ქრისტეს მიერ. და უკუეთუ, ოდენ ინებოთ, არა შეუძლებელ იქმნეს ესე. რამეთუ არა ყოვლითურთ შეუძლებელ არს საქმე ესე სახელისათჳს ღმრთისა, ვითარცა-იგი მარადის იქმნებოდა, რამეთუ მახლობელნი ეკლესიანი წარავლენდეს ეპისკოპოსთა, ხოლო შორიელნი ხუცესთა და დიაკონთა, და ესრეთ სრულ იქმნებოდა საქმე იგი ღმრთისაჲ.
ხოლო ფილონ დიაკონისათჳს, კაცისა კეთილისა, ყოველთა მიერ წამებულისა, რომელი-იგი ვიდრე აქამომდეცა მსახურებს მე მსახურებითა სიტყჳსაჲთა გაბოჲს თანა და აღათოპუჲსა, კაცისა რჩეულისა, რომელი-იგი ასურეთითგან შემოდგომილ არს ჩემდა, რომელთა-იგი იჯმნეს ცხორებისა ამისგან, რომელნი-იგი წამებენ თქუენთჳს. და მეცა ვჰმადლობ ღმერთსა თქუენთჳს, რომლისათჳს-იგი შეიწყნარენით იგინი, და თქუენცა შეგიწყნარნეს უფალმან. ხოლო [581]რომელთა-იგი შეურაცხყვნეს და აგინნეს, ჴსნილმცა არიან იგინი მადლითა იესუ ქრისტესითა, რომელსა არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და სინანული (ეზეკ. 18.23,33; 33.11; II პეტრე 3.9).
მოგიკითხავს თქუენ სიყუარული ძმათაჲ, რომელნი არიან ტროადას შინა, სადაჲცა-ესე მივსწერ თქუენდა წიგნსა ამას ბურგის მიერ, (II) რომელი მოავლინეს ერთბამად ეფესელთა და ზმირნელთა პატივისა და მოკითხვისა ჩუენისათჳს; რომელთა-იგი მიაგენ ბევრწილად უფალმან იესუ ქრისტემან, - რომელსა-იგი ესვენ სულით და ჴორცით და სამშჳნველითურთ, - სარწმუნოებაჲ, სიყუარული და ერთობაჲ.
და ცოცხლებითმცა ხართ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიერ, ზოგადისა მის სასოებისა ჩუენისა, სულითა წმიდითა.
.....................................................................................................................................................................
შენიშვნები:
1. მოციქული იოანე ზებედესი, იაკობის ძმა, ღმრთისმეტყველად წოდებული. შდრ. იოანე 13.23; 19.26; 20.2; 21.7,20.
2. პირველი ეპისკოპოსი ანტიოქიისა.
3. რომის ეპისკოპოსი (92-101), მესამე, მოციქულ პეტრეს შემდგომ.
4. მნე - ათასისთავი, მეთაური, თავი.
5. ხელნაწერშია: "მთავარნი ერჩდით კესარსა, და მჴედარნი - მთავართა, და დიაკონნი - მღდელთა, და ნეშტნი მნენი ყოვლისა თანა ერისა [და მჴედართა და მთავართა] და კეისარ[სა და] ეპისკოპოსსა, და ეპისკოპოსი - ქრისტესა"... ტექსტი აღვადგინეთ ბერძნულის მიხედვით, საუკეთესოდ არის გადმოცემული აზრი A 66-ში, მხოლოდ კესარ-ის (სინგ.) მაგივრად რატომღაც კესართა (პლურ.) წერია.
6. ბერძნულშია οἰκος, რაც ამ შემთხვევაში გვარს, ოჯახს ნიშნავს.
7. მტყუარი ჰურიაჲ - არანამდვილი იუდეველი (ψευδοῖουδαῖος, პსეუდო ჟუდაეუს).
8. ჴორცითა წინადაცუეთილი - ძველი შჯულის (კანონის,νόμος) გარეგნულად აღმსრულებელი. შდრ. რომ. 2.28-29; საქმე 7.51; II შჯ. 10.16; 30.6; იერ. 4.4; 9.26).
9. სამივენი არიან მიმდევრები ე.წ. გნოსტიციზმის (γνῶσιν - ცოდნა, შემეცნება, მეცნიერება) სწავლებისა, რომელსაც ჯერ კიდევ პავლე მოციქული "ტყუილითსახელსა მეცნიერებასა" (ψευδωνύμου γνώσεως) უწოდებს (I ტიმ. 6.20). სიმონი (Σιμων) ის სიმონია (მოგვად წოდებული), რომელიც "მოციქულთა საქმეებშია" ნახსენები (8.9-24); მენანდრე (Μένανδρος) მისი მოწაფეა, ხოლო ბასილიდე (Βασιλίδης) ალექსანდრიელი მენანდრონის მოწაფეა. დაწვრილებით მათი წვალებები განხილული აქვს წმ. ირინეოსს თავის დიდ ნაწარმოებში "ხუთი წიგნი წვალებათა წინააღმდეგ" (იხ. წიგნი, 1,23 და 24). არსებობს ამ შრომის ხელმისაწვდომი რუსული თარგმანი: Сочинения Святого Иринея епископа лионского. М., 1874. იხ. აგრეთვე ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია IV, 7; წმ. იუსტინე ფილოსოფოსის აპოლოგია I, 26. სიმონ მოგვი ნახსენებია აგრეთვე "ვრცელი" რედაქციის წერილში ფილიპელებისადმი (VI).
10. აქ შემდეგი აზრია: აღიარებენ ქრისტეს მხოლოდ როგორც ადამიანს.
11. წუხილი - დაღონება.
12. დაჴსნა - დახსნა, დარღვევა, მოშლა.
13. ე.ი. არავინ არ დამიმძიმებია ძველი იუდეველობის ტვირთით. შდრ. II კორ. 11.7-9 და II კორ. 12.13.
14. ხელნაწერშია: "თჳნიერ ეპისკოპოსისა ნურარას [ჰყოფთ, ნუცა რას] იქთ. A 60 და A 66 ვრცელ წაკითხვას გვთავაზობენ. ბერძნულ ტექსტში მხოლოდ μηδὲν ποιεῖτε - ნურაფერს აკეთებთ. და ჩვენ დავტოვეთ ხელნაწერის პირვანდელი ვარიანტი.
15. ხელნაწერში: სულსა წ~ა. A 60 და A 66: ს~ლსა წ~ა.
16. ხელნაწერში: წ~რს.
17. ე.ი. წმინდა სახარებას აქვს უაღრესი და აღმატებული ძალა, ვიდრე ძველი შჯულის სახეებსა და საქმეებს, რომელთა აღსრულება თავად იესუ ქრისტეა.