მეუწყა უკუე თქუეთჳს და ვცან, რამეთუ გაქუს თქუენ უბიწოჲ გონებაჲ და შეუორგულებელი მოთმინებასა შინა, არა სახით, არამედ საქმით, ვითარცა მითხრა მე პოლჳვიოს, ეპისკოპოსმან თქუენმან; რომელი მოვიდა ჩემდა, - ნებითა ღმრთისა მამისა და უფლისა იესუ ქრისტეს, ძისა მისისა, და შეწევნითა სულისა წმიდისაჲთა, - ზმირნს; და ესრეთ განმახარა მე, შეკრულსა იესუ ქრისტეს მიერ, ვიდრეღა ვჰგონებ თუ ყოველივე სიმრავლე თქუენი მისთანა ვიხილე. მივითუალე უკუე ღმრთისა მიერი იგი გულსმოდგინებაჲ თქუენი მის მიერ და ესრეთ შევჰრაცხე, ვითარმცა მეპოვნენით თქუენ მობაძავნი იესუ ქრისტეს, მაცხოვრისა ჩუენისანი.
და რამეთუ ჰმორჩილობთ ეპისკოპოსსა თქუენსა, ვითარცა უფალსა. და ჯეროვნად ჰყოფთ იმას, რამეთუ იგი იღჳძებს სულთა თქუენთათჳს (ებრ. 13.17). ვინაჲცა გხედავ თქუენ, რამეთუ არა კაცობრივ სცხოვნდებით2 , არამედ იესუ ქრისტეს მიერ, რომელი-იგი მოკუდა ჩუენთჳს, რამეთუ უწყით, ვითარმედ გრწმენეს რაჲ სიკუდილისა მისისა მიმართ, ნათლისღებისა მიერ თა(II)ნაზიარ აღდგომისა მისისა იქმნებით.
უწყოდეთ უკუე, საყუარელნო, რამეთუ საჭირო არს და თანაწარუვალ, რაჲთა რაოდენსაცა რას იქმოდით, თჳნიერ ეპისკოპოსისა თქუენისა არა რას ჰყოფდეთ, არამედ, რაჲთა მღდელთაცა დაემორჩილნეთ, ვითარცა მოციქულთა ქრისტესთა. რამეთუ ვითარცა-იგი ვიქცეოდით და ვმოქალაქეობდით, მას შინაცა პოვნად ვართ. ჯერ-არს უკუე დიაკონთაცა იესუ ქრისტეს საიდუმლოთასა ყოვლითავე სახითა სათნოყოფად, რამეთუ არა ჴორციელთა საჭმელთა და სასუმელთა არიან მსახურ და დაკონ, არამედ ჰმსახურებენ იგინი ღმრთისა ეკლესიასა, ვინაჲცა თანა-აც3 , რაჲთა ვითარცა ცოცხალნი შემწუელნი ესრეთ უბრალო იყვნენ. და იგინი უკუე ეგრეთმცა არიან, ვითარცა ვთქუთ და ესევითარნი.
ხოლო თქუენ ესრეთ შეიკდემით მათგან, ვითარცა ქრისტეს იესუჲსგან, რომლისაცა ადგილსა მცველად ჩინებულ არიან. ვითარცა-იგი და ეპისკოპოსი სახე არს მამისა მის ყოველთაჲსა; ხოლო მღდელნი, ვითარცა თანამოსაყდრენი ღმრთისანი და თანაგუნდნი ქრისტეს მოციქულთანი. და თჳნიერ ამათსა ეკლესიაჲ რჩეულ არა იქმნების, [537]არცა კრებული წმიდა, არცა შესაკრებელი ღირს. ხოლო მწამს თქუენთჳს, რამეთუ ესრეთ იყოფებით, ვითარცა კრებული წმიდაჲ და შესაკრებელი უბიწოჲ და ერი საზეპუროჲ.
და ამის ყოვლისა მაუწყებლად და ქადაგად სიყუარულისა თქუენისა4 მიმიღებიეს და მაქუს თავისა ჩემსა თანა ღირსებაჲ ეპისკოპოსისა თქუენისაჲ, რომლისა-იგი წესიერებაჲ მოწაფედ უფლისა გამოაჩინებს მას, დიდად და წარჩინებულად. და სიმშჳდე მისი ძალ ექმნების სიმტკიცესა ეკლესიისასა, რომელთათჳს, ვჰგონებ თუ, უღმთონიცა შეიკდემენ.
და ამას სიყუარულისა და რიდობისა თქუენისათჳს მივსწერ თქუენდა, რამეთუ მსურის და წადიერ ვარ, რაჲთამცა ხოლო სარგებელ რაჲმე შეგძინე, გინათუ ეპისტოლითა და გინათუ სიტყჳთა, რაჲთა არა საგონებელ ვიქმნე მჴდომ ვიეთგანმე, გინა წინააღმდგომ; და ანუ თუ მოქენე5 ჴორციელისა რაჲსმე და წარმავალისა საქმისა და გინა თუ საჴმრისა. რამეთუ დაღაცათუ შეკრულ ვარ ქრისტესთჳს, გარნა არღა ქმნილ ვარ ღირს ქრისტესა; ხოლო უკუეთუ აღვესრულო და სრულ ვიქმნე, ნუუკუე და ვიქმნეცა, ვინც უწყის. და არათუ ვითარცა მოციქული გიბრძანებ.
რამეთუ უწყი საზომი თავისა ჩემისაჲ და თავსა ჩემსა განვიზომ, რაჲთა არა წარვწყმდე სიქადულითა. და დაღაცათუ კეთილ არს უფლისა მიერ სიქადული (I კორ. 1.31) და დაღაცათუ ფრთხილ ვიყო და ცოცხალ ღმრთისა მიერ, უფროჲს შიში თანამც და არა მიხედვად მათდა, რომელნი ამაოდ აღმაზუავებენ მე. რამეთუ რომელნი მაქებენ, იგინი არიან, რომელნი მგუემენ მე. და ესე არა უწყი, უკუეთუ ღირს რაჲმე ვარ, რამეთუ ესე დაფარულ არს ჩემგან და უცნაურ. გარნა ასე უწყი, დაღაცათუ მრავალთაგან უცნაურ არს და უჩინო, რამეთუ შური მტერისაჲ მეწყვების მე და მბრძავს და ფრიადი სიმშვიდე საჴმარ არს ჩემდა, რომლისა მიერ დაირღუევის მთავარი იგი ამის სოფლისაჲ - ეშმაკი.
რამეთუ არათუ მენება საჲდუმლოთა საქმეთათჳს მიწერად თქუენდა, არამედ მეშინის სიჩჩოებისა თქუენისათჳს, ნუუკუე სავნებელ რაჲმე გექმნე და საბრჴე დაგიგო. შემინდვეთ მე, რამეთუ შემეშინა, ვითარმედ, ნუუკუე ვერ უძლოდ დატევნად ძალსა მათსა და გულარძნილებად გარდაიქცეთ და მაბრალოთ.
[538]და რამეთუ მეცა, არათუ ვინაჲთგან შეკრულ ვარ და ამისთჳს ძალმიც განცდად საქმეთა ზეცისათა და ანგელოზთა განწესებისა და მჴედრობათა მათთა დგომისა და მსახურებისა და ძალთა და უფლებათა განყოფილებისა, და საყდართა და ჴელმწიფებათა განწვალებისა, და საუკუნეთა სივრცისა და სიგრძისა, და ქერობინთა და სერაბინთა აღმატებისა, და მთავარანგელოზთა და მთავრობათა ყოვლად შუენიერებისა, და სულისა სიმაღლისა, და უფლისა მეუფებისა, და ყოვლისა მპყრობელისა ღმრთისა უცვალებელისა სუფევისა; და ნუუკუე (II) და ძალცა მედვას ზოგი რაჲმე, ძალითა ღმრთისაჲთა განცდაჲ მათი, გარნათუ ძალმიც და გინათუ უწყი, არღა შემირაცხიეს თავი ჩემი სრულმქნილად. არა ვარ მე მოწაფე უფლისაჲ მსგავსად პეტრესა და პავლესსა, არამედ ფრიად ნაკლულევან და უნდო, რაჲთა არა ზუაობისა მიერ განვვარდე ღმრთისაგან.
გლოცავ უკუე და გევედრები, არა მე, არამედ სიყუარული იესუ ქრისტესი, რაჲთა მასვე ზრახვიდეთ ყოველნი; და ნუმცა არიან თქუენ შორის განხეთქილებანი, არამედ იყვენით განმტკიცებულ მითვე გონებითა და მითვე სულითა (I კორ. 1.10). რამეთუ არიან ვინმე ცუდისმეტყუელნი და გონებაცდომილნი არა ქრისტეანენი, არამედ ქრისტესმყიდველნი, რომელნი-იგი ამაოებით მიმოდასდებენ სახელსა ქრისტესსა და ვაჭრობენ სიტყუასა (II კორ. 2.17) სახარებისასა, და გესლსა მას საცთურისასა შეჰრევენ სიტკბოებასა თანა თხრობისასა, ვითარცა თაფლსა და ღვინოსა და სამსალასა და კორიოსა6 განჰზავებენ. რამეთუ უკუეთუ ვინმე7 ტკბილითა მით სიპოხითა შეიტყუოს და სუას და გემოჲსხილვისა იგი საცნობელი უკრძალველობითა განიხრწნას, სიკუდილითა მწარითა განიგალოს. ამცნებს ვინმე ძუელთაგანიცა, ვითარმედ: "ნუმცა ვის სახელდების კეთილ, რომელი-იგი განჰზავებდეს კეთილსა ბოროტითა" (იხ. მოციქულთა დადგენილებები, VI,13). რამეთუ მიუთხრობენ ქრისტესა არა ამისთჳს, რაჲთა ქრისტე ქადაგონ, არამედ, რაჲთა ქრისტე შეურაცხყონ; და არა, რაჲთა შჯული დაამტკიცონ, არამედ, რაჲთა შჯული დაარღჳონ და უშჯულოებაჲ მიუთხრან. რამეთუ ქრისტესა უცხო-ჰყოფენ მამისაგან და შჯულსა ქრისტესსა და ქალ[539]წულისაგან შობასა შეასმენენ და ჯუარი სირცხჳლ-უჩანს და ვნებასა უვარჰყოფენ და აღდგომაჲ არა ჰრწამს და ღმერთსა უგულის(ვ)ჴმოდ მიუთხრობენ და ქრისტესა უშობელად ჰგმობენ და სულსა წმიდასა არცათუ აღიარებენ თუ არს. და რომელნიმე მათგანნი ძესა ლიტონად კაცად იტყჳან და კუალად, რომელნიმე ერთად შეჰრევენ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, და ერთად იტყჳან; და დაბადებულთათჳს იტყჳან, ვითარმედ: არა ქრისტეს მიერ დაჰბადნა ღმერთმან, არამედ სხჳსა რაჲსმე უცხოჲსა ძალისა.
ეკრძალენით უკუე ესევითართა მათ, რაჲთა არა საბრჴე დაურწყუათ სულთა თქუენთა და ცხოვრებაჲ თქუენი შესაბრკოლებელად დაუდგათ ყოველთა კაცთა; და იქმნნეთ გან8 საცთურისა და ბადე განმარტებულ წარწყმედისა (ოს. 5.1). რამეთუ: "რომელმან არა განკურნოს თავი თჳსი საქმეთა მიერ თჳსთა, ძმაჲ არს წარმწყმედელისა თჳსისაჲ" (იგავ. 18.9). აწ უკუე, უკუეთუ თქუენცა არა ექმნნეთ შესაბრკოლებელ კაცთა ბოროტად ცხორებითა თქუენითა და განიშოროთ სილაღე და ზუაობაჲ და ქედმაღლობაჲ და ამპარტავნებაჲ და ორგულებაჲ, შესაძლებელ იყოს თქვენდაცა თქუმად, ვითარმედ: "არა განგეშორნეთ ჩუენ შენგან" (შდრ. ფს. 72.27; ოს. 7.13); და რამეთუ: "მახლობელ არს უფალი მოშიშთა მისთა" (ფს. 84.10); და ვითარმედ: "ვის მივხედო, გარნა მშჳდსა და მყუდროსა და რომელი ძრწოდის სიტყვათაგან ჩემთა?" (ის. 86.2).
გეკდიმებისმცა და გურცხუენის ეპისკოპოსისა თქუენისაგან, ვითარცა ქრისტესგან, ვითარცა-იგი გიბრძანებ თქუენ ყოვლადქებულთა მოციქულთა. რამეთუ, რომელი შინაგან საკურთხეველისა იყოს მდგომარე - წმიდა არს, რამეთუ ჰმორჩილობს ეპისკოპოსსა და ხუცესთა; ხოლო, რომელი გარეშე იყოს და თჳნიერ ეპისკოპოსისა და მღდელთა და დიაკონთა რასმე იქმოდის, ეგევითარი შეგინებულ არს გო(II)ნებითა და არს იგი უძჳრეს ურწმუნოჲსა (შდრ. I ტიმ. 5.8). რამეთუ რაჲ არს ეპისკოპოსი? არამედ, ყოვლისავე მთავრობისა და ჴელმწიფებისა კაცობრივისა9 უაღრესი და უმთავრესი და ყოველთა მფლობელი, რაოდენ შესაძლებელ არს ფლობაჲ კაცისაჲ, და მობაძავი ქრისტეს ღმრთისაჲ, მსგავსად ძალისა. და რაჲ არიან მღდელნი? - კრებული საზეპუროჲ, თანამზრახველნი და თანამოსაყდრენი ეპისკოპოსისანი. და რაჲ არიან დიაკონნი? არამედ - მობაძავნი [540]ანგელოზთა ძალთანი, რომელნი-იგი ჰმსახურებენ მსახურებასა მას წმიდასა და უბიწოსა, ვითარცა წმიდაჲ სტეფანე - ნეტარსა იაკობს, ძმასა უფლისასა, და ტიმოთე და ლინოს - პავლესა, და ანენკლიტოს და კლემენტოს - პეტრეს. აწ უკუე, რომელი ამათ არა ერჩდეს, არამედ ურჩ იყოს, ეგევითარი-იგი ყოვლითურთ უღმრთო არს და უშჯულო, რამეთუ ქრისტესა შეურაცხჰყოფს და ბრძანებათა მისთა დააკნინებს.
და მე ამას მივსწერ თქვენდა, არათუ, რამეთუ მასმიან ვინმე თქუენ შორის ესევითარნი, გინა მიცნობიან, - და ნუცაღა შენდობა ყოს ღმერთმან, რათამცა ესევითარი რაჲმე მოიწია სასმენელთა ჩემთა, რომელმან-იგი წმიდისა ეკლესიისა თჳსისათჳს ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა (რომ. 8.32), - არამედ, რამეთუ წინაჲსწარ ვხედავ საბრჴეთა ბოროტისათა და მცნებათა მათ მიერ წინაჲთვე განგაკრძალებთ თქუენ, ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა და სარწმუნოთა ქრისტეს მიერ; და წინაჲსწარ გიწდევ თქუენ მცველსა განმრყუნელისა მისგან ურჩთა ბუგრისა და სალმობისა, რომლისაგან-იგი თჳთ თქუენ ივლტით ნებითა და ჯერჩინებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა. თქუენ უკუე შეიმოსეთ სიმშჳდე, და იქმნენით მობაძავ ვნებათა და სიყვარულისა მისისა, რომლითა-იგი შემიყუარნა ჩუენ და მისცა საჴსრად10 თავი თჳსი ჩუენთჳს, რაჲთა სისხლითა თჳსითა განგუწმიდნეს ჩუენ ძუელისა მისგან უღმრთოებისა და ცხორებაჲ საუკუნოჲ მოგუანიჭოს ჩუენ (შდრ. ტიტ. 2.14; ებრ. 9, განსაკ. მუხლები 14 და 28), რაჲთა არავინ წარწყმდეს თჳსისაგან სიბოროტისა და არა გუეუფლოს ჩუენ მომსრველი, მსგავსად საქმეთა ჩუენთა მწიკულევანთა.
ნუმცა ვის უკუე თქუენგანსა აქუს ძვირისჴსენებაჲ რაჲმე მოყუასისა მიმართ თჳსისა, რამეთუ ესრეთ ბრძანა უფალმან ჩუენმან, ვითარმედ: "მიუტევეთ და მოგეტევნენ თქუენ" (მათ. 6.14; 11.25). და ნუ სცემთ მიზეზ წარმართთა, რაჲთა არა მცირეთა ვიეთმე და უგუნურთა ძლით სიტყუაჲ და მოძღურებაჲ საღმრთოჲ იგმობოდის (I ტიმ. 6.1; ტიტ. 2.8). რამეთუ ვითარცა პირისაგან ღმრთისა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: "ვაჲ მათდა, რომელთა ძლით სახელი ჩემი იგმობვის წარმართთა შორის" (ის. 52.5-6; ეზეკ. 36.20-23; რომ. 2.24).
ვითარცა ყრუნი დაიყოფდით ყურთა თქუენთა, რაჟამს თჳნიერ იესუჲსა რასმე იტყოდის ვინმე თქუენდა მიმართ, რომელი-იგი არს [541]ძე ღმრთისაჲ, რომელი იშვა მარიამისგან, რომელი-იგი იყო ნათესავისაგან დავითისა (რომ. 1.3; გალ. 4.4) და აბრაჰამისა. და რამეთუ ჭეშმარიტად იშვა ღმრთისაგან და მარადის ქალწულისა მარიამისგან; არამედ არა ერთსახედ, რამეთუ არცა ერთი არს ღმერთი და კაცი, არამედ ჭეშმარიტად მიიხუნა ჴორცნი და, რამეთუ სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის (იოანე 1.14), და მოქალაქობდა თჳნიერ ცოდვისა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: "ვინ თქუენგანი მამხილებს მე ცოდვისათჳს?" (იოანე 8.46). და ჭეშმარიტად ჭამა და სუა და ჯუარს ეცუა და მოკუდა ჴორცითა პონტოელისა პილატესზჱ; და არა საოცრად, არცა საგონებელად ჯუარს-ეცუა და მოკუდა, არამედ ჭეშმარიტებით, ვიდრეღა-იგი ხედვიდეს მას ზეცისანი და ქუეყანისანი და ქუესკნელისანი. ზეცისანი - ესე იგი არს უჴორცოთა ანგელოზთა ბუნებანი; და ქუეყანისანი - რომელ არიან ჰურიანი და ჰრომნი და კაცნი იგი, რომელნი იყვნეს მუნ მას ჟამსა, რაჟამს ჯუარს ეცუა უფალი; ხოლო ქუესკნელთანი - სიმრავლენი იგი რომელნი აღდგეს უფლისა თანა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: "მრავალნი გუამნი შესუენებულთა წმიდათანი აღდგეს და სამარენი აღეხუნეს" (მათ. 27.52). (II) და იგი თავადი შთავიდა მხოლოჲ ჯოჯოხეთად, ხოლო აღმოვიდა სიმრავლითა მრავლითა და განხეთქნა ზღუდე იგი საუკუნოჲ და შუაკედელი მისი დაარღჳა და აღდგა მესამესა დღესა, რამეთუ ღმერთმან აღადგინა იგი, და ორმეოცთა დღეთა მოწაფეთა თანა იქცეოდა და ამაღლდა მამისა და დაჯდა მარჯუენით მისა და მოელის, ვიდრემდის დასხნეს მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა (ებრ. 10.12-13).
დღესა უკუე პარასკევსა განჩინებაჲ მიიღო პილატესგან, შენდობითა მამისაჲთა, და მეექუსესა ჟამსა ჯუარს-ეცუა და მეცხრესა ჟამსა განუტევა სული და პირველ მზისა აღვსებისა დაეფლა და შაბათი ქუეყანასა ქუეშე დაყო საფლავსა შინა, რომელსა დაფლა იგი იოსებ არიმათიელმან, და განთიად კჳრიაკესა აღდგა იგი მკუდრეთით, ვითარცა-იგი მან თავადმან თქუა, ვითარმედ: "ვითარცა იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა, ეგრეთ იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე" (მათ. 12.40). და ესრეთ, დიდებულ არს პარასკევი ვნებითა და შაბათი დაფლვითა და კჳრიაკე აღდგომითა.
[542]ხოლო, უკუეთუ ვითარცა უღმრთონი ვინმე და ურწმუნონი იტყჳან, ვითარმედ: არა ჭეშმარიტად მიიხუნა ჴორცნი, არამედ საგონებელ იქმნა და განკაცებულად და საგონებელ იქმნა მომკუდრად და ვნებულად და არა ჭეშმარიტებით აღასრულნა საქმენი ესე. რაჲსათჳს შეკრულ ვარ მე და ვილოცავ, რაჲთა მჴეცთა ბრძოლა ვსცე? მაშა ცუდადსამე მოვკუდები და ცილსა ვწამებ ჯუარცუმისათჳს უფლისა. და ნამეტნავ არს სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: "იხილონ რომელსაცა იგი უგმირეს და იტყებნენ თავთა თჳსთა, ვითარცა საყუარელსა ზედა" (ზაქ. 12.10). ვინაჲცა, რომელნი-იგი ესევითართა მათ (ვ) გმობათა იტყჳან, ურწმუნონი არიან და არარაჲთა უდარესნი ჯუარისმცუმელთა მისთანი.
ხოლო მე არა უცნებით მაქუს სასოებაჲ ჩემთჳს მომკუდარისა მის მიმართ, არამედ ჭეშმარიტებით, რამეთუ ჭეშმარიტებისაგან უცხო ვარს11 (!) ტყუილი. რამეთუ ჭეშმარიტად შვა მარიამ ღმერთი განკაცებული და ჭეშმარიტად იშვა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ქალწულისაგან, მსგავსად ჩუენსა, ვნებადითა გუამითა; და ჭეშმარიტად დაემკჳდრა საშოსა, რომელი ყოველთა კაცთა დაჰბადებს საშოსა შინა; და შეიმზადნა ჴორცნი თავისა თჳსისათჳს სისხლთაგან ქალწულისათა თჳნიერ მამაკაცისა; და მუცლადღებულ იქმნა, ვითარცა ჩუენ - ცხრა თუე, წესისაებრ ჟამთა მოქცევისა; და ჭეშმარიტად იშვა, ვითარცა ჩუენ; და მშობელი თჳსი დაჰმარხა ქალწულად; და ჭეშმარიტად სძითა აღიზარდა და ზოგადი საზრდელი და სასუმელი მიიღო, ვითარცა ჩუენ; და სამსა ათეულსა წელთასა მოქალაქობდა; და მერმე ნათელ-იღო იოანესგან ჭეშმარიტებით და არა უცნებით; და სამ წელ ქადაგა სახარებაჲ და აღასრულნა ნიშნი და სასწაულნი; და ამაოდჰურიათა და პონტიელისა პილატესაგან მსაჯული იგი ყოველთაჲ დაისაჯა და იგუემა და ყურიმალსა იცა და ნერწყუვაჲ თავსა იდვა, გჳრგჳნი ეკალთაგან დაიდგა და ძოწეული კიცხევისაჲ შეიმოსა; დაისაჯა და ჯუარს ეცუა ჭეშმარიტად და არა უცნებით და არა იჭჳთ, არცა ჰაზრით, არცა საოცრად; და12 მოკუდა ჭეშმარიტად და დაეფლა და აღდგა მკუდრეთით, ვითარცა-იგი მოსწავებით ილოცვიდა სადამე და იტყოდა, ვითარმედ: "და შენ უფალო აღმადგინე და მე მივაგო მათ" (ფს. 40.11); და რომელი იგი მარადის ისმენდა მისსა, მამაჲ (იოანე 11.42), (II) მიუგებს მას და ეტყჳს: "აღდეგ ღმერ[543]თო, განსაჯე ქუეყანაჲ, რამეთუ შენ დაიმკჳდრო ყოველთა შორის წარმართთა" (ფს. 81.8).
ვინაჲცა მამამან, რომელმან-იგი აღადგინა და ჩუენცა მის მიერ აღმადგინნეს, რომლისა თჳნიერ ჭეშმარიტისა ცხორებისა მოღებად ვერვის ჴელეწიფების, რამეთუ იტყუის, ვითარმედ: "მე ვარ ცხორებაჲ"; და ვითარმედ: "რომელსა ჰრწმენეს ჩემდა მომართ, დაღათუ მოკუდეს, ცხონდეს ვიდრე უკუნისამდე" (იოანე 11.25-26).
ევლტოდეთ უკუე უღმერთოთა წვალებათა, რამეთუ ეშმაკისა მიერ არიან მოპოვნებულ და ბოროტთა დასაბამისა გუელისა, რომელმან-იგი დედაკაცისა მიერ აცთუნა ადამ - მამაჲ ნათესავისა ჩუენისაჲ. და ევლტოდეთ, კუალად, მისთა მათცა13 ბოროტთა მწუერვალთა, ესე იგი არს: სიმონ - პირმშოჲ ძე მისი და მენანდრონ და ვასილიდი14 და ყოველნი-იგი მთხრობელნი სიბოროტისა მისისანი, კაცის მსახურნი, რომელთა-იგი წყეულად უწესს იერემია წინაჲსწარმეტყუელი (იერ. 17.5-6). ევლტოდეთ არაწმიდათა ნიკოლაელთა, მტყუარსახელთა და გემოჲსმოყუარეთა და ცილისმწამებელთა, რამეთუ არა იყო ესევითარი მოციქულთაგანი იგი ნიკოლაოს. ევლტოდეთ ნაშობსა მასცა ბოროტისასა თეოდოტეს და კლოვულეს, რომელნი-იგი შობენ ნაყოფსა მომაკუდინებელსა, რომლისა გემოჲ უკუეთუ ვინ იხილოს, მეყსეულად მოკუდების არა საწუთროჲთა სიკუდილითა, არამედ საუკუნოჲთა.
ესევითარნი ესე არა არიან ნერგნი მამისანი, არამედ ნაშობნი წყევისანი, რომელთათჳს იტყჳს უფალი, ვითარმედ: "ყოველი [544]ნერგი, რომელი არა დაჰნერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხუარნ" (მათე 15.13); რამეთუ უკუეთუმცა იყვნეს მორჩნი მამისანი, არამცა იყვნეს მტერნი ქრისტეს ჯუარისანი (ფილიპ. 3.18); არამედ მათნი, რომელთა-იგი მოკლეს უფალი დიდებისაჲ (I კორ. 2.8). ხოლო აწ ჯუარსა უვარჰყოფენ და ვნებაჲ სირცხჳლეულ უჩნს, დაჰფარვენ ჰურიათა უშჯულოებასა, რომელთა და-იგი-საწუნელ (409) იყო მკლველობაჲ წინაჲსწარმეტყუელთაჲ, ამისთჳსცა იქმნნეს ღმრთისმბრძოლ და მოკლეს უფალი დიდებისაჲ.
ხოლო თქუენ ზიარ-გყოფს ქრისტე უხრწნელებასა თჳსსა ვნებისა მიერ და აღდგომისა თჳსისა და გლოცავს, ვითარცა თჳსთა ასოთა.
მოგიკითხავ თქუენ ზმირნით ჩემთანა მყოფითურთ კრებულით, ეკლესიათა თანა ღმრთისათა, რომელთა-იგი წინამძღვართა ყოვლით კერძო განმისუენეს მე სულიერად და ჴორციელად. გლოცვენ თქუენ საკრველნი ჩემნი, რომელნი-ესე იესუ ქრისტესთჳს მიტჳრთვან. და ვითხოვ მიმთხვევასა ღმრთისასა.
დაადგერით ერთობასა ზედა ურთიერთარს და ლოცვასა და ვედრებასა ღმრთისასა, რამეთუ გშუენის თქუენ ერთსა-ერთისა განსუენებაჲ; და უფროჲსღა ეპისკოპოსისა თქუენისაჲ პატივად მამისა და პატივად იესუ ქრისტესა და ყოვლადქებულთა მოციქულთა.
ვლოცავ თქუენთჳს, რაჲთა სიყუარულით მერჩდეთ მე და ისმინოთ ჩემი და რაჲთა არა საწამებელ გექმნეს თქუენ ჩემისა ამის ეპისტოლისა მიწერაჲ.
ლოცვა ყავთ უკუე და ჩემთჳსცა, რომელი-ესე მოქენე ვარ სიყუარულისა თქუენისა, რაჲთა მოწყალე მექმნეს ღმერთი და ღირს მყოს მე მიმთხუევად ნაწილისა ამის, რომლისათჳს ვიღუწი, რაჲთა არა გამოუცდელ ვიპოვო.
მოგიკითხავს თქუენ სიყუარული ზმირნელთა და ეფესელთაჲ.
მოიჴსენენით ასურეთისა ეკლესიანი, რომელთა-იგი უნარჩევესი მე ვარ და ღირსსა რასმე შესხმასა მათსა ვერ წარმოვაჩენ.
და მშჳდობით და ცოცხლებით იყვენით ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, დამორჩილებულნი ეპისკოპოსსა და მღდელთა და დიაკონთა; და კაცადკაცადი ურთიერთარს ჰყუარობდით განუყოფელითა გულითა.
[545]მოგიკითხავს თქუენ სულ ჩემი, არა ხოლო თუ აწ, არამედ და რაჟამს იგი ღმერთსა მივემთხჳო; რამეთუ წუთღა საღელვო ვარ და საცთომელ, არამედ სარწმუნო არს მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სრულ(II)ყოფად თხოვისა ჩემისა და თქუენისა; რომელსა შინა პოვნილმცა ვარ უბიწოდ. თქუენ და ჩუენ ერთობით უფლისა მიერ.
....................................................................................................................................................................
შენიშვნები:
1.A 66: ტარსიელთა.
2.ხელნაწერში: სცხო[ვ]ნდებიო.
3. ვინაჲცა თანა-აც - ამის გამო, ამიტომ მართებს მათ (დიაკვნებს).
4. სიტყვები: "სიყუარულისა თქუენისა", მიწერილია აშიაზე. ბერძნულად: Εξεμπλάριον τῆς άγάπης - მაგალითად (ხატად, სახედ) სიყვარულისა.
5. მოქენე - ნატრული, მახვეწარი.
6. სამსალა - საწამლავი; კორიო - საწამლავის სახეობა (?). ბერძნულში κώνειον-ით საწამლავი არის აღნიშნული. ეს არის მცენარე ციკუტის (ჩიცუტა) წვენი, რომლითაც ათენში მოაკვდინებდნენ მათ, ვისაც სიკვდილს მიუსჯიდნენ. ესე მოკვდა სოკრატე.
7. ხელნაწერში: ვინ[მე].
8. განი - მიზეზი, საგანი.
9. ხელნაწერშია: კაცობრივისი.
10. ხელნაწერში: [საჴსრად].
11. A 60: არს.
12. ხელნაწერში: [და].
13. A 60: მათ.
14. სამივენი არიან მიმდევრები ე.წ. გნოსტიციზმის (γνῶσιν - ცოდნა, შემეცნება, მეცნიერება) სწავლებისა, რომელსაც ჯერ კიდევ პავლე მოციქული "ტყუილითსახელსა მეცნიერებასა" (ψευδωνύμου γνώσεως) უწოდებს (I ტიმ. 6.20). სიმონი (Σιμων) ის სიმონია (მოგვად წოდებული), რომელიც "მოციქულთა საქმეებშია" ნახსენები (8.9-24); მენანდრე (Μένανδρος) მისი მოწაფეა, ხოლო ბასილიდე (Βασιλίδης) ალექსანდრიელი მენანდრონის მოწაფეა. დაწვრილებით მათი წვალებები განხილული აქვს წმ. ირინეოსს თავის დიდ ნაწარმოებში "ხუთი წიგნი წვალებათა წინააღმდეგ" (იხ. წიგნი, 1,23 და 24). არსებობს ამ შრომის ხელმისაწვდომი რუსული თარგმანი: Сочинения Святого Иринея епископа лионского. М., 1874. იხ. აგრეთვე ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია IV, 7; წმ. იუსტინე ფილოსოფოსის აპოლოგია I, 26. სიმონ მოგვი ნახსენებია აგრეთვე "ვრცელი" რედაქციის წერილში ფილიპელებისადმი (VI).