გვასწავლის სიკეთის კეთებას, შრომისმოყვარეობას, კეთილმოსურნეობას, სამართლიანობას, სიძნელეთა დაძლევას, მოყვასისადმი სიყვარულს, ჩვენს სრულყოფილებას, სიცოცხლის დანიშნულებას, ერთმანეთის მოფერებას, სიყვარულს.
და თუ ამას დავუმატებთ სულისა და სხეულის სიჯანსაღეზე ზრუნვას, ჩვენი ცხოვრებით კმაყოფილნი ნაწილობრივ მაინც ვიქნებით.
ეს რჩევები ვიკითხოთ, სანამ ჩვევად გადავიქცევთ.
თქვენი კეთილმოსურნე კაკო პაპა, სოფ. ვაქირი
- გინდათ იყოთ ბედნიერი? იყავით. ეს თქვენზეა დამოკიდებული.
- გინდათ იცოცხლოთ 100 წელზე მეტი? შეასრულეთ ეს რჩევები. იქნებით თქვენი სიცოცხლით კმაყოფილი.
სასოწარკვეთილების წუთებში გახსოვდეთ, რომ ღმერთი კი არ გტოვებთ თქვენ, არამედ თქვენ ტოვებთ მას. ღვთის სახელით გიბრძანებთ ასე ცხოვრებას: როდესაც მარტონი იქნებით, როგორი მწუხარენიც უნდა იყოთ, რომც არ გინდოდეთ, - ყოველთვის მოუხმეთ თქვენს გულებში მცხოვრებ უფალ იესო ქრისტეს.
* ქრისტეს მორჩილებს საკუთარი კი არა, ღვთის ნება უნდა ჰქონდეთ, რომელმაც არა მარტო ჩვენ, არამედ მოციქულებსაც კი აუკრძალა მომავლის გამოძიება, რაც მხოლოდ ღმერთის უფლებას წარმოადგენს.
* თუ სხვებთან ერთად ცხოვრობთ, მაშ, ემსახურეთ კიდეც მათ, როგორც თავად ღმერთს, და ნუ მოითხოვთ სიყვარულის წილ სიყვარულს, სიმდაბლის წილ - ქებას, სამსახურის წილ - მადლიერებას.
* რითაც შეიძლება რომ დააბრკოლოთ, ან შეურაცხყოთ მოყვასი, იმას საერთოდ ნუ გააკეთებთ; ხოლო თუ იგი შეურაცხგყოფთ, ეს მიიღეთ არა როგორც შეურაცხყოფა, არამედ როგორც ღვთისაგან თქვენთვის გამზადებული იარაღი, რომლითაც, თუკი ისურვებთ, შეგიძლიათ მოსპოთ თქვენში არსებული ყოველგვარი უწმინდურება გულისა.
ვიდრე რამეს იტყოდეთ, განსაჯეთ, ხომ არ შეურაცხყოფს თქვენი სიტყვა ან საქმე ღმერთს, ანდა მოყვასს.
* ნუ განსჯით სხვის მონას, დგას თუ ეცემა: მას ჰყავს ღმერთი, რომელსაც ძალუძს შეაჩეროს მისი დაცემა და აღადგინოს იგი დაცემის შემდეგ.
გახსოვდეთ, ის წუთი, რომელსაც გართმევთ სიზარმაცე, შესაძლოა უკანასკნელი იყოს თქვენს ცხოვრებაში, მას კი სიკვდილი და სამსჯავრო მოჰყვება. შეეშვით განცხრომას.
* ნურავის ატკენთ გულს და ნუ მიაგებთ გინებას გინებისა წილ, მწუხარებას მწუხარებისა წილ: და ცხოვრების წიგნში ღირს მამათა გვერდით ჩაიწერება თქვენი სახელი.
* გემუდარებით, მეგობრებო, ნუ უარყოფთ საშუალებებს, რომლითაც შეგიძლიათ ასიამოვნოთ ღმერთს; ასეთი საშუალებები კი მრავლადაა, იქნება ეს: ადამიანებისადმი ალერსიანი მოპყრობა, ნუგეშისცემა დამწუხრებულისა, დაცვა დაჩაგრულისა, მოწყალება გლახაკისადმი, თვალის არიდება ცუდი საგნებისადმი, წინააღმდეგობა ბოროტი გულის-სიტყვებისადმი, საკუთარი თავის იძულება ლოცვისათვის, მოთმინება, გულმოწყალება, სამართლიანობა და სხვა ამის მსგავსი. ამ წმინდა სათნოებების აღსრულება მოიზიდავს თქვენკენ ღმერთის ყოვლისშემძლე დახმარებას, რომლითაც დასძლევთ ყველა იმ სიძნელეს, რომელიც ადრე თქვენი ძალებით გადაულახავი გეჩვენებოდათ.
* ყველანაირად წინააღუდექით სიფიცხეს და, ღვთის შეწევნით, იგი აუცილებლად შესუსტდება. "თუ მოხდება ისე, რომ გაცხარდები და განრისხდები, შეეცადე, არაფერი თქვა, ანდა გაშორდი იქაურობას, ან კლიტე დაიდე ბაგეებზე, რომ არ გადმოინთქას იქიდან საშინელი ცეცხლი, შენი სულის დამწველი და შენ გვერდით მყოფთათვის ამაო ამბოხების მომწყობი; მაგრამ, როგორც კი ძალი დაშრტება და გული შენი დამშვიდდება - ილაპარაკე".
* ყოველმხრივ ეცადე, არ გაბრაზდე არაფერზე: ყოველი ჩვენი უსიამოვნება მოდის არა თავისთავად, არამედ ეშვება ღვთის განგებულებით, იმავე მხსნელი მიზნით, რითაც წმინდა მოციქულ პავლეს ეწვეოდა ხოლმე ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთაგან, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღვათა შინა, ჭირნი ძმათა მტყუვართაგან, გარეგან - ბრძოლითა, შინაგან - სნეულებითა (2 კორ. 11,26).
* რაკი ეს იცით, აღარ მიაქციოთ ყურადღება იმას, ვინ გაწყენინათ და რისთვის, მხოლოდ გახსოვდეთ, რომ ვერავინ გაბედავდა თქვენს წყენინებას, ღმერთს რომ არ სდომებოდა ამის დაშვება; უმჯობესია, მადლობა შესწიროთ უფალს, რამეთუ თავსდატეხილი მწუხარებებით იგი ნათლად გიჩვენებთ, რომ თქვენ მისთვის უცხო არა ხართ და სასუფეველში მიჰყავხართ. წმინდა წერილიც ხომ ამას გვეუბნება: "უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი; რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან?"
* მოეშვით სიმკაცრეს ადამიანებთან და ყოველთვის იყავით ღვთის წინაშე, ვითარცა ბავშვები.
* იმყოფებოდეთ ღვთის სიყვარულში, სწავლობდეთ მას, სუნთქავდეთ მისით: ღმერთი სიყვარული არს და რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა. ამ მწარე წუთისოფელში ტკბილია ღვთიური სიყვარულით ცხოვრება.
ხსნა მრავალსიტყვაობაში კი არა, საკუთარი თავისადმი სრულ ყურადღებაშია.
* გადაეჩვიეთ კამათს, იგი აღელვებს რა გულს, გართმევთ სულის მშვიდობიან განწყობას, ყოველგვარი ბოროტი აზრი განაგდეთ იესოს ლოცვით. ნუ დაუჯერებთ ცრურწმენებს.
* ეჭვიანობა სრულიადაც არ არის ქრისტიანული ჩვევა, და ამიტომ ნურც შეითვისებთ მას. წმინდა წერილის მიხედვით ღმერთი თქვენგან სიბრძნეს, სიფხიზლესა და უბიწოებას თხოულობს: იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა მტრედნი (მთ. 10,16)".
* მუდამ შუალედური გზა გეჭიროთ: უკიდურესობა არსად და არაფერში არ არის შექებული.
* ყოველთვის მინდობილი იყავით ღვთის ნებას, რომელიც მთლიანად გიფარავთ.
* მიმართეთ მოყვასს მხიარულად და სიყვარულით. გიყვარდეთ იგი, ემსახურეთ მას: ისიც ქრისტეს ასოთაგანია. ნუ შეურაცხყოფთ მას ოდნავ შესამჩნევი მიმიკითაც კი.
* სათნო ეყავით უფალ ღმერთს სიყვარულის ყოველგვარი სასოებით და ასე გადაირჩინეთ თავი. მხოლოდ იმაზე იზრუნეთ, რომ გამდიდრდეთ სიყვარულით. ვისშიც სიყვარულია, მას გულში ღმერთი ჰყავს.
* ყურადღება მიაქციეთ, რომ მხოლოდ მაშინ ხართ ყველაფრით კმაყოფილნი, როდესაც გაქვთ მოთმინება, სიმდაბლე, მორჩილება და სიყვარული ყველასადმი.
* ნუღარ გაიხსენებთ წარსულს, თორემ ღმერთიც გაიხსენებს და მოგთხოვთ პასუხს იმისათვის, რაც უკვე გაპატიათ.
* ურვის დროს აიძულეთ თქვენი გულიცა და ენაც ილოცონ ასე: უფალო, შემეწიე მე - ვიღუპები!
* თუ ვინმეს რამეს სთხოვთ, სთხოვეთ ქანაანელი დედაკაცის მოთმინებით.
* სხვისი სისუსტეებისადმი ინტერესი ცოდვაა, ამიტომ გაექეცით ხოლმე ცოდვიან ჩვევას.
* თუკი თქვენ რაიმე სახით აწყენინეთ მსახურს, გამოიყენეთ ისეთი საშუალება, რომ მას დაავიწყდეს თქვენგან მიყენებული წყენა.
* ყველაფერი აკეთეთ გარკვევით, აუჩქარებლად, რომ თქვენი საქმეები წარმატებული იყოს.
* სიკეთით სძლიეთ ბოროტებას: მანკიერება მანკიერებით ვერ გამოსწორდება.
* საკუთარი ნების მოკვეთის გარეშე შეუძლებელია ხსნის დაწყება, არათუ ხსნა. შვილნო ჩემნო, გამოითხოვეთ ღვთისგან თვითნებობის უარყოფა: იგი აუცილებელია გადარჩენისთვის.
* თუკი ახლობლის მონახულებას გადაწყვეტთ, მასთან მისვლამდე აუცილებელ მოვალეობად ჩათვალეთ მისდამი იმ სიყვარულისა და განწყობის შენარჩუნება, რითაც მიხვედით მასთან, დაე, თუნდაც მან გაწყენინოთ.
* მოყვასთან ურთიერთობაში განცდილი ნებისმიერი უსიამოვნებისას ჩაიხედეთ საკუთარ სულში: მკაცრად რომ გამოვიძიოთ, თითქმის ყოველთვის აღმოვაჩენთ, რომ თავად ვიყავით უკმაყოფილების მიზეზი.
* აღშფოთების წუთებში შეეცადეთ გაჩუმდეთ და ილოცოთ იესოს ლოცვა.
* ნუ იმართლებთ თავს, ნუ იკამათებთ, დაუთმეთ ხასიათებსა და წლებს. ანუგეშეთ ყველა და თითოეული, რითაც შეგიძლიათ; ნუ განიკითხავთ ნურავის; ნუ მიაგებთ ბოროტებას ბოროტების წილ; გიყვარდეთ ყველა, პატიობდეთ ყველას, იყავით ყველას მსახური.
ყველაზე ცოდვილად და უკანასკნელ ვინმედ მიიჩნიეთ საკუთარი თავი.
* გიყვარდეთ უფალი ღმერთი და ილოცეთ მის წინაშე, როგორც მამის წინაშე; თავი დაიმდაბლეთ ყოველ ქრისტიანთან, - და შეგიყვარებთ თქვენი ღმერთი, და განიხარებს თქვენს გამო თქვენი მწყემსი.
* მოუთმენლობა, უუნარობა, უმეცრება, ამაო მრისხანება, - ყველაფერი გადაიტანეთ საყვედურის გარეშე.
* როდესაც აღმოაჩენთ თქვენში ვინმეს მიმართ უნებურ ზიზღს, შეეცადეთ დაამარცხოთ ეს ცოდვიანი შეგრძნება: აიძულეთ თავი, ილოცოთ ასე: "უფალო, იხსენ მონა შენი (სახელი) და მისი წმინდა ლოცვებით მოალბე გული ჩემი". აიძულეთ თავი მოემსახუროთ თქვენთვის საძულველ ადამიანს და გამოიჩინოთ მისადმი ყოველგვარი ყურადღება; და უფალი, დაინახავს რა თქვენს კეთილ განზრახვას, არა მარტო ამოძირკვავს თქვენი გულიდან ზიზღს, არამედ თვით მასაც წმინდა სიყვარულით აღავსებს.
* თუკი ვერ პოულობთ ნუგეშს ლოცვაში, გახსოვდეთ, რომ იგი გიმზადებთ ღვთიურ ნუგეშსა და სიტკბოს მისი აღსრულებისთანავე: "თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე".
* მთელ თქვენს ცხოვრებაში, ყოველი თქვენი საქციელის წინ იხელმძღვანელეთ შემდეგი ქრისტიანული მსჯელობით: ჩემს მიერ ჩაფიქრებული მოქმედება ხომ არ ეწინააღმდეგება ღვთის ნებას, ხომ არ იქნება იგი დამღუპველი ჩემი სულისათვის, ხომ არ შეურაცყოფს იგი მოყვასს? თუ მკაცრი გამოკვლევისას სინდისი არ გამხელთ, მაშინ თქვენი განზრახვა აღასრულეთ, ხოლო თუ დაგქენჯნით იგი, - თავი შეიკავეთ შესრულებისაგან.
* ნუ შეეხებით მოყვასის ღირსებას თქვენი ენით, არამედ გამოიყენეთ იგი მხოლოდ ღმერთის სადიდებლად, ანდა ვინმეს სასარგებლოდ და დასამოძღვრად. ხოლო თუ მოინდომებთ ბოროტსიტყვაობას, გაიხსენეთ სიჭაბუკიდან ჩადენილი თქვენი ცოდვები და ამხილეთ საკუთარი თავი მათი ჩადენისათვის.
* ნუ ჩაებღაუჭებით სიცოცხლეს: იგი აუტანელია მხოლოდ ბოროტმოქმედთათვის; ხოლო ვისაც სწამს უფალი იესო ქრისტე, სასოებს მას, უყვარს იგი, - ასეთისთვის სიცოცხლე მუდამ ასატანია.
* სიცოცხლე იმიტომ გვეძლევა, რომ ვადიდოთ ღმერთი, კეთილი ვუყოთ მოყვასს და მივაღწიოთ მარადიულ სასუფეველს სახარებისეული ვიწრო გზით, და არა იმისათვის, რომ მხიარულად გავატაროთ იგი: "ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ", - და ვაი, თქუენდა, რომელნი იცინით.
* სიმდაბლემ, რომელიც ყველა სათნოების გვირგვინი და სილამაზეა, თავისი საწყისი დამდაბლებული ღმერთისგან - იესოსგან მიიღო. რაც წვიმაა გამშრალი მიწისათვის, ის არის სიმდაბლე ადამიანის სულისათვის.
* სიმდაბლე ისეთი სათნოებაა, რომ თვით უფალს უყვარს იგი: "ვის შევხედავ? - ამბობს ღმერთი, - მხოლოდ მშვიდსა და მდაბალს და ჩემი სიტყვების მოშიშს".
* რაში მდგომარეობს სიმდაბლე? ჩემი აზრით, იგი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი თავის თავს ყველაზე ცოდვილად თვლის, არავის ამდაბლებს და შეურაცხყოფს, არ განიკითხავს, მხოლოდ საკუთარი თავის დაკვირვებით არის დაკავებული და არ ეძებს არც სიმდიდრეს, არც დიდებას, არც შექებას, არც პატივს, მიაჩნია რა თავი ამეებისთვის უღირსად; ვაჟკაცურად ითმენს დამცირებას, გინებას, ყვედრებას და თავის გულში ფიქრობს, რომ იმსახურებს ამგვარ მოპყრობას; ყველას გულღიად ესაუბრება, მზად არის თითოეულს სიყვარულით ემსახუროს, ვერ ხედავს თავის კეთილ საქმეებს და არ ლაპარაკობს მათზე საჭიროების გარეშე. შვილნო ჩემნო, მსგავს სიმდაბლეს ვითხოვ თქვენთვის მე უფლისაგან, რამეთუ იგი არა მარტო გიხსნით ცოდვისაგან, არამედ იმის სიყვარულს გასწავლით, ვინც დაიმდაბლა თავი ჯვარცმულ სიკვდილამდე.
* სიყვარული ბევრ ცოდვას ფარავს. თუ მწუხარეთათვის იქნებით ნუგეში, უბედურთათვის - შვების მომტანი, გლახაკთათვის შემწე, ობლისათვის - დედა და მამა, სნეულისათვის - განსვენება, მსახურისათვის - მოწყალე, გზასაცდენილისათვის - გზის მაჩვენებელი და ყოველი ქრისტიანისათვის - ერთგული მოსამსახურე; უფალ იესო ქრისტეს მცირე ძმებისა და წევრებისადმი ასეთი სიყვარულისთვის არა მარტო ჩამოირეცხება შენი ცოდვები, არამედ თვით უფალს იხილავ პირისპირ და განიხარებ უკუნისამდე.
* დაიდეთ ბაგეებზე დუმილი, გაწვრთენით თქვენი გულები იესოს ლოცვაში, იბეჯითეთ ყოველგვარი სახის თავშეკავებაში - და მიიღებთ ძვირფას ძღვენს, ღვთის სიყვარულს თქვენდამი.
* მიეცით კეისარსა კეისრისა და ღვთისა - ღმერთსა. ასრულებთ რა გარეგნულ საქმეებს, გულით მუდამ მიგქონდეთ მსხვერპლი ღვთისადმი და ასე იცხოვრეთ ამ ბაბილონში, - ამ წუთისოფელში, - რომ მუდამ გახსოვდეთ თქვენი ზეციური იერუსალიმი და საკუთარი დანიშნულება.
* თქვენი კეთილშობილება გაცვალეთ იესო ქრისტეს უფასო მონობაზე. შეეწინააღმდეგეთ განცხრომას, გაექეცით ფუფუნებას და თავს ნუ აიმაღლებთ თქვენს მონებზე: ღვთის წინაშე თქვენ მათთან თანასწორნი ხართ, რამეთუ უფალი მათაც მოუწოდებს თავის წმინდა ტრაპეზზე იმავე სიტყვებით, რითაც თქვენ: "მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი..., სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული".
* დაბლობში მდებარე მინდვრები თითქმის ყოველთვის უხვი და მოსავლიანია, მაღალი მთები კი უმეტეს წილად გამოფიტული და უბარაქოა. ასევე მაღლად თავაწეული თავთავი მუდამ ცარიელია, ხოლო რომელსაც თავი აქვს დახრილი, მასში ბევრი მარცვალია. გქონდეთ დამდაბლებული გული და გამდიდრდებით ყოველივე ხსნისათვის საჭიროთი.
* უხვმოსავლიან ველს წვიმა ესხურება არამარტო ზეციდან, არამედ მაღალი მთებიდანაც: ასეთია სიმდაბლე. წვიმის ქვეშ მე ვგულისხმობ ღვთის მადლს, რომელიც მდაბალთ ეძლევა უშუალოდ ღვთისა და იმ ადამიანების მეშვეობით, ამ ცხოვრებაში სულიერად რომ ამაღლებულან, ვითარცა მთანი. თუკი თქვენ შინაგანად მდაბლად მიენდობით ღვთის ნებას და მიუწვდომელი იქნებით მისი მტრებისათვის, მაშინ მოვა თქვენზე ნუგეშინისმცემელი სულიწმინდა და ჩასახლდება თქვენში.
* ფართო გზა დაივიწყეთ: გულმოწყალე უფალს ვიწრო კარიბჭით შეყავხართ სასუფეველში, ფართო გზა კი მარადიულ დაღუპვას გიქადით.
* ამ ცხოვრებაში თქვენცა და ჩემს თავსაც ვუსურვებ მხოლოდ ცოდვებისგან განწმენდას და ვევედრები უფალ ღმერთს, რომ მან ჩვენზე ჰქმნას ყველაფერი ის, რითაც სათნო იქნება მისთვის ჩვენი ცოდვებისა და უკანონობისაგან განბანვა, თუნდაც ამისათვის საჭირო იყოს უპატიობა და შეურაცხყოფა. თქვენცა და მეც უნდა ვიცხოვროთ ღვთის მცნებებით და არა ადამიანური მოძღვრებებით.
* თქვენი სულის სარგებლობისთვის გიყვარდეთ განმარტოება და ზეციური მაშინ ნებას სრულიად დამორჩილებულება. ასწავლეთ თქვენს გულს გამუდმებული იესოს ლოცვა. თქვენში ღმერთის ყოფნით ყველაფრით ხდებით უფრო მომთმენნი, სიყვარულით სავსენი და უფრო მდაბალნი.
* გაფრთხილდით, რომ სიზარმაცემ არ შეასუსტოს თქვენი ძალები სულიერი გმირობისათვის: იგი პირველი მტერია მამა ღმერთისაგან შორს მცხოვრებთათვის; მაგრამ არც სასო წარიკვეთოთ თქვენი ხსნისადმი და არ იმწუხაროთ უზომოდ, თუ ხანდახან დასუსტდებით ღვაწლისათვის.
* საქმეები კი არ გადაგვარჩენენ, არამედ ღვთის მოწყალება, თუკი ჩვენ ამ საქმეებს მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს სახელით აღვასრულებთ, რომელიც დაე, ნუ მოგაკლებთ თქვენ, ჩემს მეგობრებს, თავის წყალობას მთელი თქვენი სიცოცხლის მანძილზე. სუსტები ხართ თუ ცუდები, - ყველამ იარეთ გულმოწყალე ღვთისაკენ და მტკიცედ სასოებდეთ მას: ეს იმედი არ შეგარცხვენთ უკუნისამდე.
* აბუჩად ნუ აიგდებთ ჩემს სიტყვებს და ნუ მიიჩნევთ მათ ძნელად შესასრულებლად: უფლისათვის და უფალთან ყველაფერი ძნელი ადვილია და ყველაფერი სამწუხარო სიხარულია.
* "უღელი მისი ტკბილ არს და ტვირთი მისი სუბუქ არს".
- იკითხეთ იქამდე, სანამ ამ რჩევებს ჩვევად გაიხდიდეთ.
- თუ ამ რჩევების გაცნობამ აღგიძრათ სურვილი იმისა, თქვენმა კეთილმოსურნეებმაც ისარგებლონ ამით, დაამატეთ თქვენი რჩევებიც და გადაეცით მათ.
- ადამიანი იბადება სიკეთის კეთებისათვის. ვიჩქაროთ, ვაკეთოთ სიკეთე. ის ათმაგად უკან დაგვიბრუნდება.
თქვენი კეთილმოსურნე 85 წლის პაპა
სოფელი ვაქირი, 2013 წ.
სოფელი ვაქირი, 2013 წ.
ამონარიდი სერგი ნილუსის წიგნიდან "სიწმინდე ცხრაკლიტულში",
თარგმანი ნანა ქანდაურაშვილისა
თარგმანი ნანა ქანდაურაშვილისა