"მამა რომ სახნავად წავიდოდა და ხარებს ვუწაფავდი, ხშირად ჩერდებოდა, იპოვიდა სიპს და ზედ წერდა, ხანაც ხელის მტევანზე ამოიკაწრავდა ხოლმე ნაფიქრს..."
"მამა რომ სახნავად წავიდოდა და ხარებს ვუწაფავდი, ხშირად ჩერდებოდა, იპოვიდა სიპს და ზედ წერდა, ხანაც ხელის მტევანზე ამოიკაწრავდა ხოლმე ნაფიქრს..."
საუკუნე გაილია, მაგრამ ხევსურებს დღემდე ახსოვთ ლელას უჩვეულო, ხელუხლები მშვენება, - ახლებს ძველებისაგან გაუგონიათ, ძველებიდან კი ზოგიც თავადვე შესწრებია მას...

ამბობენ, ეს უდროოდ გარდაცვლილი გოგო "ნაწილიანი" იყოო...

სწორედაც ლელა გაბური გახლავთ ძალზე ცნობილი სახალხო მთქმელის, ივანე წიკლაურის შედევრის, "რამ დამაბერას" და კიდევ ბევრი მისი ლექსის "ადრესატი", რომლის "კელაპტარივით ჩამქრალი" ჭრელი თვალები უკურნებელი იარებივით დააჩნდა ივანეს გულს...

სანამ გაბურთა უცნაურ თავგადასავალზე გიამბობდეთ, გეტყვით, რომ ლელას ფოტოც მოვიკითხეთ მის ძმისშვილსა და სეხნიასთან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ არსებობდა.

სწორედ უმცროსი ლელა გაბური გვიამბობს თავისი გვარისა და წინაპრების ამბავს.

- ლელა, მსმენია, მამიდაშენი იმდენად გამორჩეული იყო, ყველა გრძნობდა, ცოტა ხანს იცოცხლებდა...

- სამწუხაროდ, მე ლელა მამიდას არ მოვსწრებივარ, რადგან ძალიან ახალგაზრდა, 19 წლისა ფილტვების ანთებით გარდაიცვალა... ის მართლაც ძალზე გამორჩეული ყოფილა ფიზიკურადაც და სულიერადაც... იგი პაპა ბესარიონის უფროსი შვილი იყო და ოთხი და-ძმა ჰყავდა - თამარი, ნინო, ნათელა და მამაჩემი - დავითი, რომელმაც უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა და მართლაც მამობრივი სიყვარულით უყვარდა ბატონ ნიკო კეცხოველს. თურმე, რომ იტყოდა, ჩემი სტუდენტიო, ყველამ იცოდა, რომ მამას გულისხმობდა. მასზე განსაკუთრებულად ზრუნავდა და უფრთხილდებოდა, - როგორც ჩანს, დიდად აფასებდა მამას რაინდულ ბუნებას და ნიჭს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისე მოეწყო, რომ მაინც ვერ დაიფარა - მამა საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა - ხელისუფლებამ ექვსი წლით ციმბირს უკრა თავი, საიდანაც სნეული დაბრუნდა და სრულიად ახალგაზრდა მალევე აღესრულა.

პაპა ბესარიონი ისე მიიცვალა (მამას პატიმრობისას), რომ ვეღარ მოასწრო ვაჟისთვის ხატის საგანძურის სამალავი გაემხილა, რომლის დაცვაც გაბურებს ევალებათ...

მოკლედ, იქამდე ითვლებოდა იგი დაკარგულად, ვიდრე ერთ დილას ჭიმღაში, მშობლიურ სახლში ასულ მამაჩემს თავზარდაცემულს არ გაეღვიძა, ანგარიშმიუცემლად არ დასწვდა ბარს და ხატის კარისკენ არ გაიქცა...

მამიდა ამბობდა, - სადაც კი ბარი პირველად დაჰკრა, განძის სამალავიც ზუსტად იქ იყოო. არავინ იცის, მაშინ რა მოხდა, რადგან მამას ვეღარაფერი დააცდენინეს, მხოლოდ იმეორებდა, - რაც მთავარია, ვიპოვეო...

გაბურები
ძველი გადმოცემით, ჩვენი წინაპარი თავიდან ჭიშეხს დასახლებულა, საიდანაც ჯუთას გადასულა. ერთ არხოტიონს, გვარად გაბურს, 1773 წელს მეფე ერეკლესთვის ასეთი რამ მიუწერია: - იმ დღეს რომ ვეფხვი მოგართვი, მე ისა ვარო... ასე ახსენებდა თავს და ჯუთაში დასახლების ნებართვას სთხოვდა. ამ ყველაფერს კი უჩვეულო მიზეზი ჰქონდა: როგორც მამიდა იხსენებდა: "ჭიშეხს ჩვენ წინაპარ დიდხანს არ დამრჩალ... იმით, რომ კერიაზე იფნი ამოსულა და თან გველ ამოჰყოლივ, მირგვლივ შემახვეულ. ეგ კარგ ნიშან არ ას... ჩვენ სამყოფ აქ არ ასევ, აქ დარჩენა არ შეიძლებისავ, - უთქომ ჩვენ წინაპარსავ და ჯუთას წასულა".

მეცნიერება ამგვარ გადმოცემებს (ანდრეზებს) საკრალურობის გამო საყურადღებოდ მიიჩნევს...

თუმცა არც ჯუთა აღმოჩნდა გაბურთა საბოლოო სამოსახლო, - რამდენიმე წელიწადში აქედანაც აიყარნენ და არხოტს გადავიდნენ. არხოტიონებს დღემდე ახსოვთ წინაპართაგან სმენილი, რომ გაბურები ჭიმღაში ხატის მიყვანილებად ითვლებიან: - ჯვარი მაიყვანესავ გაბურნივ ჭიმღაში... მიქაელ ჭიშველის სალოცავ (მიქაელ მთავარანგელოზის სალოცავი) გაბურთ სალოცავ ყოფილ".

ისიც სიმბოლურია, რომ ჩვენი წინაპარი, რომელიც ჭიმღას პირველი დამკვიდრდა, პაპა ბესარიონის მოსახელე, აბაისძე გახლდათ (პაპას აბაისძედაც იხსენიებდნენ).

ზოგადად, გაბურებს მრავალრიცხოვნება არ მოსდგამთ... ჩვენი გვარის ერთ-ერთ თაობაში თურმე ერთადერთი მემკვიდრე დარჩენილა, სახელად ალუდაური, რომლის მამა-ბიძაც ქისტებს პირწმინდად ამოუხოცავთ...

დედამისს, ჯაბუშანურის გვარის ქალს, სახელად ნანუკას, აუყვანია ჯერაც ჩვილი ალუდაური და ქისტებისათვის მიუყვანია: "ამაგის მეტი აღარვინ დარჩა და ეგიც თქვენ მოკალითო..."

ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი ამბავია, მოსისხლე მტერს ჩაუგდო ხელთ შენი ერთადერთი იმედი, მაგრამ ქისტებმა წლამდე შვილივით ზარდეს ალუდაური, მერე არხოტს გადმოიყვანეს, თემი შეჰყარეს და გააფრთხილეს: "ეს კაცი არავინ მახკლათ, თორე სრუ გაგატიალებთო..."

* * *
- ლელა, "გაბურთა დალევისა" და მცირერიცხოვნების ამბავმა ანა კალანდაძის ლექსი გამახსენა:

"ჭიმღის კლდეს ეშმა ბინადრობს,
ტირის, დაეძებს გაბურებს..."


მოკლედ გვიამბე თქვენს გვარზე შემორჩენილი ძველი ანდრეზი.

- "ეს ამბავ ძალიან ძველ ას, სისხლის წვიმების დროინდელი"... ვინმე გაბურს ოდესღაც სათიბზე ქალის სახით ეშმა შეჰყრია: უჭირავს თურმე ხის ცელი და როგორც გაბური უსვამს, ისიც ისე იმეორებს: გაეკიდება დასაჭერად, ავსულიც გაიქცევა, მობრუნდება და - ისიც მოსდევს, ჩამოისვენებს სადმე და - ისიც იმეორებს... ერთი სიტყვით, რასაც გაბური იქმს, ეშმაც ჯიბრით იმავეს აკეთებს. ბოლოს ხერხი უხმარია დაღლილ გაბურს: ფეხები მჭიდროდ შეუკრავს ალერდით, ეშმასაც ისევ მიუბაძია, მერე დაუკრავს ცელი და გათავისუფლებულა, ავსული კი ხის ცელით, აბა, რაღას გააწყობდა?!

შეუპყრია გაბურს, შინ წაუყვანია, მაგიური ძალის ფრჩხილები დაუჭრია და ხმლის ქარქაშში შეუნახავს, რადგან იცოდა, ხმალს ავსული არ ეკარება...

კარგა ხანს უმსახურია ძალა- და ნებაწართმეულს გაბურებისთვის, ხვავით და ბარაქით გაუვსია ოჯახი. ბოლოს კი ავსულს დრო უხელთია, შინ მარტო დარჩენილი 5 წლის ბიჭისთვის მოტყუებით ქარქაშიდან თავისი ფრჩხილები გადმოუყრევინებია და წასვლის წინ მეშვიდე თაობამდე ამ სიტყვებით დაუწყევლია გაბურები: "შვიდ მამას ნუმც გაღბევრდებითავ, ნუმც გასთავდებითავ! შვილ მამას ნუ იცნობთავ... თითოიმცა კა მენადირე ნუ მაგეშლებისთავ, თითო კა ცხენივ, თითო გიჟივ!"...

საქართვლოს მთაში ასეთი გადმოცემები ყოველთვის ცოცხლად განიცდებოდა და ამის მსგავსი თქმულებები მრავლად მოიძებნება.

პაპა ბესარიონი
პაპა მეტად უჩვეულო, თავისთავადი და საინტერესო კაცი გახლდათ. მის მიერ შეკრებილი და აკაკი შანიძისათვის გადაცემული "ხევსურული მასალები" ეთნოგრაფიული თუ ლიტერატურული თვალსაზრისით იმდენად სანდო და მნიშვნელოვანია, რომ მათზე დაყრდნობით გრიგოლ რობაქიძე ხევსურეთის შესახებ ლექციებს კითხულობდა გერმანიაში. პაპას მასალები დაედო საფუძვლად მიხეილ ჯავახიშვილის "თეთრ საყელოს".

KARIBCHEპაპა, როგორც ხევსურნი იტყვიან, "კაი ყმა", "რჯულისკაცი", ნიჭიერი და თავისთავადი მელექსე, თბილი, თავმდაბალი, მრავალჭირნანახი და დიდსულოვანი კაცი გახლდათ...

ოცი წლისას უარი უთქვამს დანიშნულ ქალზე და მაია წიკლაური მოუტაცებია. პირველ მსოფლიო ომშიც იმ დროს გაუწვევიათ, საიდანაც შვიდ წელიწადში დაბრუნებულა. სწორედ იმდროინდელია აკაკი შანიძის ერთი წერილიც, რომელიც "ხევსურულ მასალებს" წინასიტყვაობად დაერთო: "როდესაც 1914 წელს მსოფლიო ომი ატყდა, ბრძოლის ველიდან პეტერბურგში დაჭრილებს დაუწყეს ჩაყვანა და საავადმყოფოებში მოთავსება... ნოემბრის უკანასკნელ რიცხვებში გადმოსცეს, ობუხოვოს საავადმყოფოში ერთი ხევსური წევსო. წავედ, ვნახე და აღმოჩნდა ჩემი მეგობარი ბესარიონ გაბური...

პეტერბურგში ყოფნისას ბესარიონს ინტერესი აღვუძარი ხევსურული ამბების წერისადმი და რაკი ამ საქმის უნარი და ნიჭი შევატყვე, დავაწერინე ხევსურულად ეთნოგრაფიული წერილები, აგრეთვე ლექსები".

იმ დროიდან პაპას და ბატონ აკაკის დიდი სიყვარული, მჭიდრო მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებდათ, რაზეც მათი მიმოწერაც მეტყველებს.

ერთხელ თურმე აკაკი შანიძესთან სტუმრობისას პაპას თან ჩემი მამიდებიც ხლებიან. ერთ-ერთი იხსენებდა: მამა რო აჩქამდევ (ალაპარაკდა, - ავტ.), სხვა ადამიანად იქცა, ასე მოსაუბრე მამა არ მენახაო.

პაპას ერთი თანასოფლელი თურმე ამბობდა: - აბაისძის ჩამონაჯდომს მარჯვედ გაიგებს კაცი, რადგან ახლომახლო ლექსებამოკაწრულ ქვებს იპოვისო...

მამიდა კი იგონებდა: - მამა რომ სახნავად წავიდოდა და ხარებს ვუწაფავდი, ხშირად ჩერდებოდა, იპოვიდა სიპს და ზედ წერდა, ხანაც ხელის მტევანზე ამოიკაწრავდა ხოლმე ლექსებსო...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.03.2020
იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ინგა ბასხაჯაური სოციალურ ქსელში წერს:
01.03.2020
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით სასურველია, კვირას, 1 მარტს, შენდობის ლოცვის წაკითხვის შემდეგ, ყველა ეკლესიაში შედგეს ტაძრის გარშემო ლიტანიობა, ნაკურთხი წყლის სხურება და ხალხის დალოცვა, - ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
01.03.2020
გორისა და ატენის მიტროპილიტი, მეუფე ანდრია ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მრევლს მიმართავს.
27.02.2020
ლიონის წმინდა იოანე რუსი აღმსარებლის სახელობის რუსულ ტაძარში ახლახან შედგა ჩვენი თანამემამულის, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ემიგრანტის მაქსიმე ლალიაშვილის
14.01.2020
"ბევრ ახალ წლებ დაინახ! ღმერთმა კაი ყისმათ მოგცეს!" (ანუ ბევრ ახალ წლებს დაესწარი და ღმერთმა კარგი ბედი მოგცესო) - ასე ულოცავენ
06.01.2020
უწმინდესმა მოგვიწოდა ლოცვისთვის, ჩვენ ვიცით, ანგელოზებმა, მწყემსებმა და მოგვებმა უფალს სხვადასხვა სახის ძღვენი მიართვეს.
31.12.2019
აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი... რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ?
21.12.2019
აზარტული თამაშები ანგრევს ადამიანის პიროვნებას და ახდენს დეგრადირებას,- ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საპატრიარქოში განაცხადა,
13.12.2019
ერის მამა და სულიერი მოძღვარი წმინდა ილია მართალი ბრძანებდა: "დავიწყება ისტორიისა მომასწავებელია
17.11.2019
პატრიარქამდე ვერავითარი ტალახი ვერ მიაღწევს, -ასე მიმართა მრევლს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა) სამების საკათედრო ტაძარში.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო