"მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი"
"მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი"
გამოჩენილ ქართველ რეჟისორს, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, მრავალი სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ბატონ რეზო ჩხეიძეს წლეულს, 8 დეკემბერს, 85 წელი უსრულდება.

ბატონმა რეზომ თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო. ჯერ კიდევ მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სტუდენტმა სადიპლომო ფილმი ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს ბორის პაიჭაძეს მიუძღვნა.

"მაგდანას ლურჯა" (რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის ერთობლივი ნამუშევარი), "ჩვენი ეზო", "მაია წყნეთელი", "განძი", "ზღვის ბილიკი", "ჯარისკაცის მამა", "ღიმილის ბიჭები", "მშობლიურო ჩემო მიწავ", "ნერგები", "დონ კიხოტი" - სხვადასხვა თაობის საყვარელი ფილმები გახდა, რომლებმაც რეზო ჩხეიძეს მსოფლიო აღიარება მოუტანა.

წელს იუბილარი ახალი ფილმით გაახარებს თაყვანისმცემელს. "მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი" - ასე ეწოდება მხატვრულ ფილმს, რომელსაც მალე იხილავს ეკრანზე ქართველი მაყურებელი.

- ბატონო რეზო, თუ არ ვცდები, ეს პირველი ფილმია თქვენს შემოქმედებაში, რომელიც რელიგიურ თემაზეა შექმნილი. რამ შთაგაგონათ მისი გადაღება?

- ფილმი შვედი მწერლისა და მეცნიერის, ნობელის პრემიის ლაურეატის, სელმა ლაგერლოფის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით შეიქმნა. სცენარის ერთ-ერთი თანაავტორი მეც გახლავართ სულიკო ჟღენტთან, ანზორ ჯუღელთან და ამირან დოლიძესთან ერთად. ჩვენ შევეცადეთ, ქართული რეალობისთვის მოგვერგო ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები. ლაგერლოფის მოთხრობაში მოქმედება ძირითადად ფლორენციაში ხდება. მთავარი გმირი, რომელსაც ცუდი კაცის სახელი აქვს მშობლიურ ქალაქში და ახალშერთულ მეუღლესთანაც კონფლიქტი მოუვა, იერუსალიმში გადაწყვეტს წასვლას. წმინდა ქალაქში მისი ჩასვლა ჯვაროსნულ ლაშქრობებს დაემთხვევა. ჯვაროსნებთან განწმენდის ფიცის მიღების შემდეგ მაცხოვრის საფლავს მოილოცავს, მოუნდება, იქ ანთებული სანთლით დაბრუნდეს ფლორენციაში, რომელიც ამ პერიოდში არა მხოლოდ ქალაქად, სახელმწიფოდაც მოიხსენიებოდა. სამშობლოში ჩასვლამდე მან უდაბნო გამოიარა, ათასგვარ ხიფათს და განსაცდელს გადაეყარა. ჯერ ცხენი წაართვეს, მერე ისე გაძარცვეს, დედიშობილა უხდება უცხო გარემოში სიარული, მაგრამ მთავარია, არ ჩაჰქრობია მაცხოვრის საფლავიდან წამოღებული სანთელი და დიდი წვალებით, მაგრამ მაინც შეძლებს თავის ქალაქში ანთებული სანთლით დაბრუნებას. ეს იმიტომ მოვყევი, რომ ეს ხაზი მთლიანად გავატარეთ ფილმში, თანაც გაგონილი გვქონდა, რომ მე-18 საუკუნემდე საქართველოში თურმე არსებობდა ტრადიცია იერუსალიმიდან ანთებული სანთლის ჩამოტანისა. ეს სანთელი პირველად ტიმოთესუბანში, თამარ მეფის სახელობის ტაძარში შემოჰქონდათ და შემდეგ ავრცელებდნენ წმინდა მიწიდან ჩამოტანილ ცეცხლს სხვა ტაძრებში, რომელიც მთელი წელი ჩაუქრობლად ენთო. იმდროინდელი წარმოდგენით, მაცხოვრის საფლავიდან ჩამოტანილ ცეცხლს უნდა დაეცვა ბრძოლის დროს ჩვენი მეომრები. ისიც ცნობილია, რომ ქართველი რაინდები ეროვნული დროშებით შედიოდნენ იერუსალიმში საბრძოლო ლაშქრობებში მონაწილეობის მისაღებად და საქართველო ერთადერთი ქვეყანა ყოფილა, რომელსაც იერუსალიმში იარაღით შესვლის უფლებას აძლევდნენ მაცხოვრის საფლავის დასაცავად.

ფილმში ჩადებულია ისიც, რომ როცა მე-18 საუკუნიდან დავარღვიეთ ეს ტრადიცია და შევწყვიტეთ ღვთაებრივი ცეცხლის შემოტანა წმინდა მიწიდან, სწორედ ამის შემდეგ დავკარგეთ დამოუკიდებლობა, რამაც გამოიწვია რუსეთის იმპერიასთან შეერთება და რუსეთის მიერ საქართველოს სამეფო და საპატრიარქო ტახტის გაუქმება.

- ეს როგორ შეძელით, ფილმი ხომ საქართველო-რუსეთის ერთობლივი ნაწარმოებია, როგორ შეხვდა ამ იდეის გატარებას რუსული მხარე?

- დიახ, ეს სურათი "მოსფილმთან" ერთად შეიქმნა (კარგა ხანია საქართველოში კინოსტუდია აღარ არსებობს). მართლაც საკვირველია, რომ ბევრი ადგილია ისეთი, რომელზეც მათ შეეძლოთ პრეტენზია გამოეთქვათ, მაგრამ ისინი თითქოს ამას ვერ ამჩნევდნენ, როგორც ჩანს, შეგნებულად არ ამახვილებდნენ ასეთ რამეებზე ყურადღებას, მეტსაც გეტყვით, ფილმში გატარებულია ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიის აღდგენისა და საქართველოს სულიერი განბრწყინების იდეა, რის გამოც ჩვენმა პატრიარქმა ილია მეორემ, რომელმაც 4-ჯერ მაინც ნახა ეს ფილმი, მას წინასწარმეტყველური უწოდა და ამ სურათის ნახვის დროს ყოველთვის ცრემლებით ჰქონდა თვალები სავსე.

- ბრძანეთ, საქართველოში კინოსტუდია აღარ არსებობსო. გამოდის, რომ შეჩერებულია ფილმების გადაღება.

- ფილმის გადაღების ფუნქციას დღეს საქართველოში ასრულებს ე.წ. კინოცენტრი, რომელიც მიზერულ დაფინანსებას იღებს სახელმწიფოსგან, დიდი-დიდი - 200 000 ლარი გამოყონ კონკურსში გამარჯვებული სცენარისთვის. გეუბნებიან, მეტის საშუალება არ გვაქვს, დანარჩენი შენ უნდა იშოვოო. ჩვენ რომ ეს ფილმი რუსეთის კინოსტუდიასთან ერთად არ გადაგვეღო, არაფერი გამოვიდოდა, რადგან ძირითადი ხარჯები მათ დაფარეს.

- თქვენი ინტერესები აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ რუსულ მხარეს რა დაინტერესება ჰქონდა, რომ თქვენთან თანამშრომლობას დათანხმებოდა?

- მოსკოვში ყოფნისას სრულიად შემთხვევით "მოსფილმის" მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო გეგმას გადავავლე თვალი. უცებ წავაწყდი ნიხრს, რომელიც საზღვარგარეთის რომელიმე ქვეყანასთან ერთობლივად ფილმის შექმნას შეეხებოდა. რუსეთში ბევრი ახლობელი და მეგობარი მყავს და კარგად ვიცი მათი განწყობა ქართული კულტურის, განსაკუთრებით კი კინოხელოვნების მიმართ. როდესაც მათ ჩემი დაინტერესება გაიგეს, თვითონაც გამოთქვეს სურვილი, ერთობლივი ძალებით გაგვეკეთებინა ეს ფილმი.

ფილმში შეტანილი მაქვს ასეთი პასაჟიც - რუსული საეკლესიო მისია დაეხმარება ქართველებს მძიმე წუთებში.

ვიდრე გადაღებები დაიწყებოდა, გადასაღები ადგილების შესარჩევად ხშირად მიხდებოდა ტაძარში სიარული. ღამით ერთ სახლში ვრჩებოდი, რომელიც სულ რაღაც 10-15 მეტრით იქნებოდა დაცილებული ტაძრიდან. ნება დამრთეს მესარგებლა ამ ბინაში დაცული ბიბლიოთეკით. ერთხელ, წიგნების თვალიერებისას, წავაწყდი ქართველი ხელოვნებათმცოდნის, ეკა პრივალოვას სადოქტორო დისერტაციას, რომელშიც ამ ეკლესიის ისტორიაზეც იყო მოთხრობილი. ეს მასალები იმდენად საინტერესო გამოდგა ჩემთვის, გადავწყვიტე, ეკა პრივალოვა კინოსცენარში შემეყვანა, როგორც ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი. ფილმში ეკა პრივალოვას როლს შუქშინა განასახიერებს.

- ბატონო რეზო, კიდევ ვინ არიან დაკავებულნი ამ ფილმში?

- შესანიშნავი მუსიკა შექმნა კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ, გამოყენებული გვაქვს პატრიარქის კირიელეისონი და სხვა საეკლესიო საგალობლებიც, სხვათა შორის, დასაწყისში ისმის უწმინდესი ილია მეორის ლოცვა. ჩვენი პატრიარქი ფილმის ფინალურ ნაწილშიც ჩნდება და ხალხს ლოცვისკენ მოუწოდებს.

ლუკა ბაგრატიონის როლს ასრულებს ახალგაზრდა რეჟისორი თორნიკე ბზიავა. არაბი მდიდარი ვაჭრის როლში გივი ბერიკაშვილს იხილავთ. გემის კაპიტანია ოთარ მეღვინეთუხუცესი, ანას ბაბუის, გიორგის როლს აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძე ასრულებს, რომელმაც კარგად გაართვა თავი დებიუტს.

არის ისეთი ადგილები, სადაც გამოყენებულია მთხრობელის კადრსგარეშე ხმა, რომელსაც მე თვითონ ვახმოვანებ. ფილმი 2.12 საათი გრძელდება. უკვე დამთავრებულია რუსულ ენაზე გახმოვანება. 2-3 თვეში ქართულადაც გავახმოვანებთ. ახლა მთავარია, როგორ გავრცელდება იგი კინოთეატრებისა და ტელეეკრანის საშუალებით. ადრე რეჟისორს საერთოდ არ ეხებოდა ამაზე ზრუნვა, დღეს კინოთეატრები სხვადასხვა ბიზნესმენს ეკუთვნის. ამიტომ რეჟისორი ყველას ცალ-ცალკე უნდა შეხვდეს, დააინტერესოს ისინი, რომ კომერციულად მომგებიანი იყოს მათთვის შენი ფილმი.

- ბატონო რეზო, როგორ მიიღებს ამ ფილმს მაყურებელი?

- დაახლოებით ოთხჯერ გვქონდა ამ ფილმის ჩვენება რუსულ ენაზე კინოთეატრ "რუსთაველში". თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომ აღფრთოვანებული შეხვედრა იყო და ხალხი დიდხანს არ ტოვებდა დარბაზს, უნდა ვიფიქროთ, რომ წარმატება გარდაუვალი იქნება, რადგან ამ ფილმის ჩვენებას მოსკოვშიც ანალოგიური რეაქცია მოჰყვა. მას უმაღლესი შეფასება მისცა მოსკოვის ყველაზე პრესტიჟულმა ტელეარხმა "კულტურამ", რომლის წარმომადგენლებმაც ჩვენთან თანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვეს.

- რა ცვლილებები განიცადა ქართულმა კინოსცენარმა?

- სელმა ლაგერლოფის ნაწარმოებისგან განსხვავებით, ჩვენს ფილმში ყველაფერი თანამედროვე დროში ხდება. ჩვენი მთავარი გმირი ლუკა ბაგრატიონი სამეფო გვარის შთამომავალია. ლუკა, კინოსცენარის მიხედვით, ახალგაზრდა კინომსახიობია, რომელიც მთავარ როლს ითამაშებს "რომეო და ჯულიეტაში". იგი სწორედ ამ გზით მოხვდება იერუსალიმში და, როგორც კინოფესტივალში გამარჯვებულ მსახიობს, ჯილდოდ გადასცემენ მაცხოვრის საფლავზე დანთებულ სანთელს. როდესაც ლუკას ბებია გაიგებს, რომ შვილიშვილი იერუსალიმში უნდა გაემგზავროს, პატარა ზარდახშიდან ამოიღებს ბაგრატოვანთა საგვარეულო ჯვარს, ჩამოჰკიდებს კისერზე და ეუბნება: "როცა იერუსალიმში ჩახვალ, ეს ჯვარი ქრისტეს საფლავზე დადე და იქიდან სიწმინდე გადმოვა შენზეო".

მას შემდეგ, რაც 200-ზე მეტი წლის წინ დაიკარგა იერუსალიმიდან ცეცხლის ჩამოტანის ტრადიცია, ჩვენ გვინდოდა, ბაგრატიონს ჩამოეტანა ანთებული სანთელი იერუსალიმიდან, ამაში ჩადებულია სამეფო გვირგვინის აღდგენის იდეა.

იერუსალიმში გამგზავრებამდე ლუკა ბაგრატიონს თავისი საცოლე, ანა, მიჰყავს ბაგრატიონთა სასახლესთან. ისინი ქვევრებთან მიდიან, ღვინოს დალევენ და ისე მოხდება, რომ იმ ღამით ჯვრისწერამდე დაამყარებენ ცოლქმრულ კავშირს. მეორე დღიდან აღარ მიიღებს მას ანა. მომხდარი ფაქტი მათი განხეთქილების მიზეზი ხდება.

იერუსალიმში ფესტივალზე გამარჯვებულ მსახიობს დააჯილდოებენ მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთლით, მაგრამ გზაში ლუკა დიდ წვალებას გადაიტანს იმისათვის, რომ ცეცხლი არ ჩაუქრეს. ის მდიდარი კაცის შვილი ჰგონიათ და მოიტაცებენ ფულის გამოძალვის მიზნით. ლუკა არაბ გამტაცებლებს კი დააღწევს თავს, მაგრამ უდაბნოში უჭირს გზის გაგრძელება და როცა ძალაგამოცლილი დაეცემა, გამოეცხადება ბებია და ეუბნება: "ადექი, ლუკა, არ დაგავიწყდეს, რომ ბაგრატიონი ხარ და წმინდა სანთელი შენ უნდა ჩამოიტანო საქართველოშიო". ისიც ემორჩილება ბებიას და განაგრძობს გზას. მერე მუსლიმანი ყაჩაღები დაესხმებიან თავს და ტანსაცმელს ართმევენ. შიშველი რომ არ დარჩეს, თავის ძველ სამოსელს ჩააცმევენ, რომლითაც ბერ-მონაზონს დაემსგავსება. ანას ხმაც გააღვიძებს, აფრთხილებს: "სანთელი არ ჩაგიქრესო". განსაცდელის დროს მის თავზე ხშირად დაფრინავს უცნაური ფრინველი, როგორც ზეციური ძალა, და ეხმარება გამოსავლის პოვნაში. როცა სანთელი უთავდება და არ იცის, რა ქნას, სწორედ მაშინ დაინახავს რუსული ეკლესიის მისიას, რომლებიც გალობით მიდიან მისკენ და ეუბნებიან: - მოგვესმა, ქრისტიანს უჭირს და საშველად წამოვედით. თქვენი ქვეყანა, ივერია, ხომ ქრისტიანული აღმოსავლეთის ბურჯიაო. ლუკა მათ კანდელს თავისი სანთლიდან აუნთებს და ასე დასცილდებიან ერთმანეთს.

KARIBCHEფრაგმენტი ფილმიდან "მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი", ფინალი:

ლუკასთან მოძღვარი, მამა დანიელი მიდის. ლუკა დაჩოქილი სთხოვს მოძღვარს: - შემინდე და დამლოცე, მამაო!

მამა დანიელი: - ღმერთმა შეგინდოს და დაგლოცოს, შვილო, მაგრამ ვინ ხარ? საიდან მოდიხარ?

ლუკა წამოდგება: - ლუკა ვარ, მამაო, ბაგრატიონი.

იქვე მდგარი ტატიანა გაოცდება: - ლუკა ხარ? - მასთან მიდის და აკვირდება საოცრად გარდაქმნილ ლუკას: - ლუკა, რა დაგემართა? სად დაიკარგე, ფესტივალზე წასვლის შემდეგ შენი აღარაფერი გვსმენია...

ლუკა: - იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, მე წმინდა სანთლის ანთების ბედნიერება მერგო. გადავწყვიტე, აქ ჩამომეტანა და ამ უძველეს სასანთლეზე ამენთო, მაგრამ თვითმფრინავის სალონის მაგივრად უდაბნოში ამოვყავი თავი... თუ დაგაინტერესებთ, ამას მერე გიამბობთ.

ლუკა ყველას გასაგონად ამბობს, მაგრამ მხოლოდ ანას უყურებს, თითქოს ეს სიტყვები მხოლოდ მისთვის არის განკუთვნილი.

მამა დანიელი: - მთავარი მითხარი. შვილო, ცეცხლი თუ ჩაგიქრა?

ლუკა: - არ ჩამქრობია, აი, ის ცეცხლი!

მამა დანიელი: - მაშ, რაღას უცდი, რატომ იმ სასანთლეში არ დააბრძანებ მაცხოვრის საფლავზე ანთებულ ცეცხლს?..

მამა დანიელი შემოკრებილ ხალხს მიმართავს: - ხალხო! ჩვენი მხსნელისა და ღმერთის, იესო ქრისტეს ცეცხლი კვლავ უბრუნდება ჩვენს საკურთხეველს. ბრუნდება დაკარგული მადლი საქართველოში. ამ დიდი სასწაულის მოწმე ახლა მხოლოდ ჩვენ ვართ... სულ რამდენიმე ადამიანი. მაგრამ ამ მოვლენის სხივები მალე მთელ ჩვენს სამშობლოს მოეფინება! ღმერთმა არ მიგვატოვა და საქართველოს ამ სიდუხჭირისა და ხელჩაქნეულობის დროსაც გამოუჩნდა თავდადებული კაცი, ძველ რაინდთა და მოღვაწეთა სადარი. მოდი, შვილო, ბოლომდე აღასრულე შენი წმინდა მისია!

ალფესის გაკაპასებული ხმა გაისმა: - ჯერ დაამტკიცოს!

ვერვინ შენიშნა, როდის შემოვიდნენ ის და გიორგი - ანას ბაბუა.

ალფესი: - ჯერ დაამტკიცოს, რომ ნამდვილად მაცხოვრის საფლავიდან არის ეს ცეცხლი, ეს მე არ მჯერა!

ტატიანა აღშფოთებული პასუხობს: - შენ რომ არ გჯერა, ეს საკმარისი არ არის.

ამ კამათის დროს ტაძარში თეთრი მტრედი შემოფრიდება. იგი რამდენჯერმე შემოუფრენს ეკლესიის ფრესკებით დაფარულ კედლებს და ხარაჩოზე, სულ მაღლა დაჯდება. მტრედი მერე დაბლა დაეშვება. აზრზე მოსვლას ვერავინ მასწრებს, ისე გაჰკრავს ფრთას ლუკას სანთელს და ჩააქრობს.

ალფესი: - აი, აჰა! ხედავთ? ტაძარში მოტანილი ჩაუქრა! ხუთი წუთი ვერ შეინარჩუნა! ორი ათასი კილომეტრი როგორ უნდა გამოევლო?

ლუკა ანას შეხედავს საშველად, მაგრამ ანა ზემოთ იყურება და რაღაც მოძრავს ადევნებს თვალს. უცებ სახე გაუნათდება: - შეხედეთ, შეხედეთ, მტრედს ფრთაზე ცეცხლი უკიდია!

მგალობელი გოგონა ეთანხმება: - მართლა! შეხედეთ! წმინდა ცეცხლმა ფრთა დაწვა!

ფრთაცეცხლიანი ფრინველი ერთ წრეს კიდევ დაარტყამს ტაძარში და ღვთისმშობლის ხატის წინ დაჯდება. ლუკა მასთან დინჯად მივა. ჩამქრალ სანთელს ცეცხლმოკიდებული ფრთიდან აანთებს. შემდეგ სანთელს იმ ძველისძველ სასანთლეში ჩასვამს.

მრევლი გაოცებულია. გასხივოსნებული სახეები.

ლუკა მტრედს ხელში აიყვანს, სულს შეუბერავს და ფრთაზე ცეცხლს ჩაუქრობს. ლუკას ხელისგულზე ზის თეთრი ფრინველი და, თითქოს არაფერი სტკენია, მშვიდად ღუღუნებს.

ყველა ხმაგაკმენდილი უყურებს ამ სურათს.

ანას ბაბუა გიორგი გაოგნებული დგას. მისი სახე, მთელი მისი იერი გამოხატავს, რომ იგი სასწაულის მოწმე გახდა და რამდენჯერმე გადაიწერა პირჯვარი.

უეცრად ალფესი ხმაურით მუხლებზე დაეცემა. ღრმა მეტანიით შუბლს იატაკს დაახლის და წამოიძახებს: - იყავნ ნება შენი, უფალო!

მამა დანიელი შთაგონებით ამბობს: - იყავნ ნება შენი!

ბატონი გიორგი, ანას ბაბუა, იმეორებს: - იყავნ ნება შენი!

რესტავრატორი ტატიანა ასევე იმეორებს: - იყავნ ნება შენი!

- იყავნ ნება შენი! - იმეორებს ანა და ლუკას თვალს არ აშორებს. ლუკა ჩურჩულებს, თან ბედნიერი ღიმილით უბრწყინავს სახე: - იყავნ ნება შენი!

ღვთისმშობლის მონასტრის ზარები საზეიმო რეკვას იწყებენ. მონასტრის ვრცელ ეზოს, გალავნის შემოგარენს, ზარების მძლავრი გუგუნი ედება... ზამთრისპირის სევდით მოსილი ბუნება თითქოს ცოცხლდება, ხალისდება. მოწმენდილ, გამჭვირვალე ცაში მორიალე ფრინველებს თითქოს თავიანთი ღონიერი ფრთებითაც მოაქვთ შორს ზარების წკრიალი...

ზარების საზეიმო რეკვა ზამთრის მოლოდინში გარინდულ საქართველოს მკერდზე გადაუვლის და თითქოს აცოცხლებს მას, იესო ქრისტეს წარუვალი მადლის იმედს ავრცელებს და ადამიანთა თვალებში სიახრულის ნაპერწკალს ანთებს...

ავტორის ხმა კადრს მიღმა: "ამის შემდეგ ადათად იქცა, ყოველ შაბათს, ვნების შაბათს, აღინიშნოს მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლის ჩამობრძანება. ამბობენ, ამ დროს ტაძარში ალმოდებულ ზებუნებრივ ჩიტს უშვებს უხილავი სული და მთელ ტაძარში დაფრენს ალმოდებული ჩიტიო. წმინდა სანთელი კი ანთია და ანთია. იმასაც დაბეჯითებით იტყვიან:

არ არსებობს ძალა, ეს წმიდა ნათელი რომ ჩააქროს...

იდიდოს, ღმერთო, შენი სახელი!

- იყავნ ნება შენი!.."
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.10.2018
პოეტ მარიამ ხუცურაულის პოსტი უნდა გაგაცნოთ - გულგრილი ნამდვილად ვერ დარჩებით:
01.09.2018
საქართველოში რობოტ სოფიას გამოჩენამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
26.07.2018
ალექსი მოსიაშვილმა ფეიბუქ-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მისი ნებართვით ამ
25.07.2018
"მოუშუშებელი ტრაგედია," ასე ახასიათებენ ათენში, ატიკის აღმოსავლეთით "მატი"-ში ხანძრის მიერ გადაბუგულ ზონებს,
25.07.2018
ვუძღვნი ჩემს მოძღვარს, ფოთის საკათედრო ტაძრის
25.05.2018
მხატვარი რეზო ადამია მეცნიერთა იმ ჯგუფს პასუხობს, რომელთა მსჯელობის საგანი ის გამხდარა, თუ რა ენაზე მეტყველებდა მაცხოვარი:
24.05.2018
აქეთ ხალხი დარჩა, საფლავები კი იქით
ბერშუეთი გორის რაიონის სოფელია, რომელიც მხოლოდ წარსულის ტკბილი მოგონებებით ცხოვრობს...
22.05.2018
ერთი ადამიანი უნდა გაგაცნოთ, მშრომელი კაცი, რომლის შესახებაც ფეისბუქზე ყვებიან: გოჩა მუკბანიანი: არ შემეძლო არ დამეწერა...
10.05.2018
დეკანოზი სერაფიმე დანელიას მოგონებებიდან:
,,ჩვენს პრაგმატულ დროში ადამიანები იშვიათად თუ მიმართავენ წმინდანებთან ცოცხალ
06.05.2018
მამა ზაზა, მამა ანტონ გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ ჯანმრთელ და ბედნიერ სიცოცხლეს. ღმერთმა შეიწიროს თქვენი ღვაწლი ქართული ეკლესიის, სამშობლოს და მრევლის წინაშე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
გარდაცვალება ყოველი ადამიანის ხვედრია, რომელსაც ვერავინ გაექცევა. "ვინ არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა იხილოს სიკვდილი" (ფს. 88,48), თუმცა დაფარულია, როდის დაგვიდგება ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამი.