9 აპრილის შემდეგ ორივე დავინტერესდით ეკლესიური ცხოვრებით
9 აპრილის შემდეგ ორივე დავინტერესდით ეკლესიური ცხოვრებით
1. თქვენი აზრით, ადამიანი ერში უფრო გრძნობს პიროვნულ თავისუფლებას თუ მონასტერში, სადაც მისი ცხოვრება მკაცრი ტიპიკონით არის განსაზღვრული?

2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გამოხატავთ თქვენს დამოკიდებულებას უფალთან?

3. "მზიანი ღამეა, მალე გათენდება?!" (საქართველო და გლობალიზაცია).

4. გაქვთ თუ არა შეკითხვა მოძღვართან?

ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტის ავტორი, ხუროთმოძღვარი არჩილ მინდიაშვილი, ფიზიკის პედაგოგი მზია ჩხაიძე-კაცელაშვილი და მხატვარი ოთარ მეგრელიძე.

არჩილ მინდიაშვილი, 59 წლის, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტის ავტორი. ჰყავს მეუღლე მარინე ლასარეიშვილი და ვაჟები ლაშა და გიორგი.

1.
ალბათ, ამ კითხვაზე უფრო ვარაუდით გიპასუხებთ. ერში, გინდა თუ არა, მაინც მიჯაჭვული ხარ მიწიერ, ყოფით პრობლემებს და მათ მოგვარებაზე ფიქრში გადის დროის უმეტესი ნაწილი, ამიტომ იზღუდება შენი თავისუფლება.

როდესაც ადამიანი მონასტრული ცხოვრებისკენ დგამს ნაბიჯს, რაოდენ ძნელიც არ უნდა იყოს მისი ყოფა (თუნდაც მკაცრი ტიპიკონი), ჩემი აზრით, იგი თავისუფალია, რადგანაც ახლოს არის უფალთან, მთელი მისი არსება, აზრი და გონება უფალზეა მინდობილი, ამიტომ მას ნებისმიერ პირობებში უადვილდება ცხოვრება. მონასტერში მცხოვრებ ადამიანს აღარ უნდა ადარდებდეს ყოფითი პრობლემები, თავისუფლება ხომ უფალთან ერთობაშია...

2. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, ალბათ უფლის ნება იყო, უფრო ახლოს მივსულიყავი მასთან, რადგან რწმენა სწორედ მაშინ შემოვიდა ჩემში.

ჩემი ძმა ვაჟა მინდიაშვილი, შემდგომში დეკანოზი ნიკოლოზი, პროფესიით მსახიობი გახლდათ. იგი ყოველთვის მომიტინგეთა შორის იყო თავის მეგობარ ხელოვან ხალხთან ერთად. 9 აპრილის ავბედით ღამეს ისინი ბეწვზე გადარჩნენ. როცა ვითარება ცოტათი ჩაწყნარდა, გადაწყვიტეს, მსხვერპლი შეეწირათ უფლისთვის, შემდეგ კი გადარჩენის აღსანიშნავად სუფრასთან შეკრებილიყვნენ, რომლის გაძღოლაც რატომღაც მე დამევალა. როგორც კი ფეხზე წამოვდექი და პირველი სადღეგრძელოს წარმოთქმა დავაპირე, უცებ ტელევიზორისკენ გამექცა თვალი, რადგან პატრიარქ ილია მეორის ხმა მოესმა. იმ პერიოდში არ ვიყავით განებივრებული ტელევიზიით პატრიარქის გამოჩენით, ამიტომ მთელი ყურადღება მისკენ მივმართეთ. სწორედ იმ დღეს შევიტყვეთ მისგან, რომ ცხადდებოდა კონკურსი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტზე. ჩემდა უნებურად ვთქვი: ამ კონკურსში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ და გავიმარჯვებ კიდეც-მეთქი. დღემდე არ ვიცი, რა ძალამ მათქმევინა ეს სიტყვები, რადგან ტრაბახი არ მჩვევია.

მეორე დილით მეც და ჩემი ძმაც დილიდანვე შევუდექით დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ძებნას, რომელიც პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვრად ახალი გადასული იყო დიდუბის ეკლესიიდან. როცა თავი არჩილ მინდიაშვილად წარვუდგინე, გაკვირვება ვერ დამალა. ჩემი ძმაც გავაცანი. ვუთხარით, 9 აპრილის შემდეგ ორივენი დავინტერესდით ეკლესიური ცხოვრებით და თქვენთან შეხვედრით იწყება ჩვენი პირველი ურთიერთობა მოძღვართანო. ყურადღებით მოგვისმინა, გვკითხა, ხომ არაფერი გიჭირთო. მოვუყევი, ძალიან დიდი სურვილი მაქვს კონკურსში მონაწილეობის მიღებისა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ საკუთარ შესაძლებლობებში, ამიტომ ეკლესიას მოშურე ამ საქმეში დახმარებისთვის-მეთქი.

მაშინ მამა არჩილმა ასეთი რამ მიამბო: "ერთ მწყემს ბიჭს დავალებული ჰქონდა, ყოველ დილით გაეყვანა ბატები ქალაქის მახლობლად, მდინარის პირას გაშლილ მდელოზე, მზის ჩასვლამდე კი ისევ უკან დაებრუნებინა. ვიდრე ბატები მთელი დღე ბალახს შეექცეოდნენ, მწყემსი ბიჭი ქალაქის კარიბჭის თავზე გამოსახული ანგელოზის ქვიშაზე ჯოხით დახატვას ცდილობდა, მაგრამ რადგან ხატვა არ იცოდა, არაფერი გამოსდიოდა. ყოველდღე ერთი და იგივე მეორდებოდა: დახატავდა - არ მოეწონებოდა, გადაშლიდა და ისევ თავიდან შეუდგებოდა ხატვას. ასე გადიოდა დღეები, თვეები, წლები, მაგრამ მებატეს ხატვა მაინც არ ბეზრდებოდა. ბოლოს და ბოლოს, დაინახა კარიბჭის ანგელოზმა მისი გულმოდგინება და ერთ მშვენიერ დღეს ბიჭმაც შეძლო ქვიშაზე ანგელოზის დახატვა. იგი უდიდესი ხატმწერი დადგა. ამიტომ, დალოცვილო, თუ ბატების მწყემს გაუნათლებელ ბიჭზე ისეთი მადლი გადმოვიდა, რომ მისგან ცნობილი ხატმწერი დადგა, შენ, უმაღლესდამთავრებულ, განათლებულ კაცს თუ ასე გულით გწადია კონკურსში წარმატების მიღწევა, მიენდე უფალს, დაანახვე შენი გული; ღმერთი მოწყალეა, მადლს შენზეც დაუშვებს და გამარჯვებაც აუცილებლად მოვაო".

მას შემდეგ ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა და დღემდე არ მავიწყდება მამა არჩილის დარიგება, რომელმაც უდიდესი სტიმული მომცა და დამარწმუნა, რომ მოძღვრის კურთხევით დაწყებული საქმე, თუ მას უფალზე მინდობითა და მონდომებით აკეთებ, წარმატების გარანტიაა. ეკლესიური ცხოვრებით იმასაც მივხვდი, რომ ტაძარს გარედან ვერავითარ შემთხვევაში ვერ დააპროექტებ, თუ შენ თვითონ მასში არ ხარ, თუ მლოცველი არ ხარ, არ ესწრები ლიტურგიას, თუ იმ სიყვარულს არ გაითავისებ, რომელიც იქ სუფევს, - ამის გარეშე წარმოუდგენელია.

1 ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს, დეკანოზმა არჩილმა მრევლს ამბიონიდან მოუწოდა, ამ დღის აღსანიშნავად დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძრიდან ფეხით წასულიყვნენ სვეტიცხოვლამდე მცეთის სიწმინდეების მოსალოცად და იმ დღესვე ფეხით დაბრუნებულიყვნენ უკან. მოგეხსენებათ, იმ დროს ეროვნული მოძრაობის აპოგეა იყო. ფეხით მიმავლები რომ დაგვინახეს, მანქანებით, დროშებითა და შეძახილებით მიგვაცილებდნენ. ყველას უხაროდა, რომ მორწმუნეთა ერთი პატარა გუნდი ქრისტიანული საქმისთვის იღვწოდა.

ჩემმა ძმამ სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. მალე თვითონ გახდა მოძღვარი და მამა ნიკოლოზის სახელით დეკანოზის ხარისხში გავიდა ამ ქვეყნიდან. ღმერთმა გაანათლოს მისი სული!

აი, ასე შემოვიდა 1989 წლიდან ჩვენს ოჯახში უფლის მადლი და ნათელი.

არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის მოძღვარია კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა მიქაელ კაპანაძე.

3. როცა უფალი შენთან არის, შეიძლება, ღამეც კი ნათელი იყოს შენთვის, ან პირიქით, ნათელი, მზიანი დღეც უკუნ ღამედ გექცეს. ეს ადამიანის სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

გლობალიზაცია, ჩემი აზრით, დამღუპველია მცირე ერებისთვის, თუმცა ჩვენს ქვეყანას უფრო მძიმე განსაცდელებიც გადაუტანია და გადავრჩენილვართ...

ნაწინასწარმეტყველებია, რომ მეორედ მოსვლის წინა პერიოდს ვერაფრით ავუქცევთ გვერდს. მთავარია, რას დავკარგავთ და რას შევინარჩუნებთ.

4. ამჯერად მოძღვართან შეკითხვა არ მაქვს. ისე კი, შეკითხვის მეტი რაა, მთელი ჩვენი ცხოვრება ხომ კითხვა-პასუხსა და განსჯაზეა აგებული...


მზია ჩხაიძე-კაცელაშვილი, 58 წლის, პროფესიით ფიზიკოსი, მუშაობს მესანთლედ ნუცუბიძის ფერდობის III მიკრორაიონში მდებარე ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში. ჰყავს მეუღლე ნიკოლოზ ჩხაიძე და ქალიშვილი ნინო.

KARIBCHE1.
ადამიანის პიროვნული თავისუფლება მაშინ ყალიბდება, როცა იწყებს საკუთარი მეს უარყოფას. საკუთარი თავის უარყოფის შემდეგ მას ყველგან იპოვი. ერში, სადაც ბევრი საცდურია, ამის მიღწევა უფრო ძნელია, მონასტერში კი, სადაც ადამიანის სულიერი მოთხოვნილებები სრულიად ეთანხმება სამონასტრო ცხოვრების წესს, ჩემი აზრით, პირადი თავისუფლების მოპოვება უფრო იოლია.

ამქვეყნად ყველას თავისი სულიერი მისია აკისრია. ერთნი ერში უნდა ემსახურონ ღმერთსა და სამშობლოს, სხვანი - ეკლესიაში. ამიტომ, სირთულეების მიუხედავად, პიროვნული თავისუფლების მისაღწევად ყველგან მოგვიწევს ბრძოლა. დიდი შრომა და ნებისყოფაა საჭირო, რათა ჩვენი ქცევა და სურვილები დავუმორჩილოთ ღმერთს და არა საკუთარ ნებას.

2. მორწმუნე და ღვთისმოშიში წინაპრები მყავდა. ბებიები თავიანთი ხელით ჩამოქნიდნენ სანთელს. ხშირად ვიკრიბებოდით ნათესაობა ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. დავდიოდით წმინდა ადგილების მოსალოცად. არასდროს დამავიწყდება, 85 წლის ბებიამ როგორ გაგვასწრო შვილიშვილებს ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისკენ მიმავალ ფერდობზე. ტაძარში ფეხშიშველა და დაჩოქილი ლოცულობდა.

ყოველთვის ვგრძნობდი წმინდა გიორგის მფარვეობას, მაგრამ ჩემი ეკლესიური ცხოვრება და სულიერი ფერისცვალება მაინც ჩემი ვაჟის, დავითის გარდაცვალებას უკავშირდება, რომლისთვისაც ღვთისა და მოყვასის სიყვარული ყველაზე ღირებული იყო ამ სამყაროში. იგი 11 წლის წინ, 20 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისგან ვისწავლე ისიც, რომ არასდროს არ უნდა გაუთამამდეთ უფალს და არც არასდროს დაშორდე მას, რათა შეინარჩუნო "ოქროს კვეთი".

3. ადამიანთა გარკვეული კატეგორია დასაბამიდან ცდილობს გაეჯიბროს ღმერთს, რათა "დაკარგული სამოთხე" შექმნას დედამიწაზე ახალი მსოფლიო წესრიგით: ერთიანი ენით, ერთიანი ვალუტით, ახალი "მორალითა" და კანონებით. მათი მიზანია, ადამიანთა ფიქრებიც კი თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარონ.

შტრიხკოდები, მოწამლული ჰაერი და საკვები, იარაღის გამოცდა კოსმოსში და დედამიწაზე, უამრავი მშიერი და მიუსაფარი ადამიანი... საითკენ მიდის ცოდვებით დამძიმებული კაცობრიობა ან როგორ დაიცვას თავი საქართველომ?! - ღვთის, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულით. თუ ასეთ სიყვარულს ვეზიარებით, უკუნშიც უხილავი სხივი გაგვინათებს გზას!..

4. ქრისტიანი მხოლოდ ცხოვრების წესით უნდა ქადაგებდეს თავის სარწმუნოებას თუ სიტყვითაც?


ოთარ მეგრელიძე, 53 წლის, მხატვარი. ჰყავს მეუღლე მანანა თოქმაჯიშვილი და ქალიშვილები ნათია და მარიამი.

KARIBCHE1. ჩემი აზრით, ადამიანი შეიძლება პიროვნულად თავისუფალი იყოს ერშიც და მონასტერშიც, სადაც მკაცრი ტიპიკონით ცხოვრობენ. თავისუფლება ღმერთშია და ის აძლევს ადამიანს თავისუფლებას - არჩევანის საშუალებას. უფალი ადამიანს კი არ აძალებს, არამედ პატივს სცემს მის თავისუფალ ნებას, რათა თავად აირჩიოს, სად სურს ყოფნა - ღმერთში თუ მის გარეშე. თუ ეს ყველაფერი გაცნობიერებული აქვს პიროვნებას, ანუ ასე ესმის თავისუფლება, ის ყველგან თავისუფლად იგრძნობს თავს - ერშიც და მონასტერშიც...

2. როდის შემოვიდა რწმენა ჩემს ცხოვრებაში, ზუსტად ვერ ვიტყვი. დედა და ბებია მორწმუნენი იყვნენ და შეიძლება, მათგან გადმოვიდა ჩემზე. ბავშვობიდან მწამდა, ალბათ უფრო ზოგადად, უპიროვნოდ. ახალგაზრდობაში ტაძარში დავდიოდი ხოლმე, მაგრამ იშვიათად. ერთი-ორჯერ მარხვაც დავიცავი, თუმცა სინანულისა და ლოცვის გარეშე - ეს ხომ მარხვა არცაა...

ერთხელ, - ეს იყო 1988 წელს, - სულიერად დამძიმებული, თითქმის სასოწარკვეთილებამდე ვიყავი მისული. უცებ სურვილი გამიჩნდა, სიონის ტაძარში წავსულიყავი. ზაფხულის საღამო იყო. მივდიოდი ლესელიძის ქუჩით, ირგვლივ უამრავი ხალხი მიმოდიოდა და... ასეთ უძლურ მდგომარეობაში ჩავარდნილს უეცრად ყველა ეს ადამიანი შემიყვარდა. მაშინვე გამიქრა სიმძიმე და სასოწარკვეთილების განცდა და ისეთი სიხარული ვიგრძენი, აღწერა შეუძლებელია. უნებურად გავჩერდი შუა ქუჩაში, ვფიქრობდი, რა ხდება-მეთქი. რაც ყველაზე უცნაურია, მტერიც ისევე შემიყვარდა, როგორც დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი. აი, ეს სიტყვა - "მტერი" აღმებეჭდა გონებაში და დამამახსოვრდა, რადგან პირად მტრად არავის ვთვლიდი. ეს ყველაფერი სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა (თუმცა მომეჩვენა, რომ ბევრად მეტი დრო გავიდა) და უცებვე გაქრა. დროთა განმავლობაში ეს ამბავი მიმავიწყდა თითქოს. და მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, როცა, ღვთის მადლით, ეკლესიური ცხოვრება დავიწყე, წირვა-ლოცვებზე დასწრება, აღსარება, ლოცვა და მარხვა, მაშინ გამახსენდა მთელი სისავსით და მივხვდი, რამხელა წყალობა მიბოძა ღმერთმა, რისთვისაც ვმადლობ უფალს!

როდესაც მოწყინება მეუფლება, ვიხსენებ იმ საოცარ წამებს, ოცი წლის წინ განცდილს, და მხნეობა მემატება.

3. "მზიანი ღამეა, მალე გათენდება!" - ამ სიტყვებში შეიძლება ბევრი რამ ვიგულისხმოთ, უპირველესად, ალბათ, იმედი. იმედი იმისა, რომ საბოლოოდ მაინც სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე. გლობალიზაცია უკვე კარგა ხნის დაწყებულია, მაგრამ, როგორც პატრიარქმა ბრძანა, ჩვენი სამშობლო არ უნდა გახდეს ობიექტი, სუბიექტის ნაცვლად. უნდა დავიცვათ ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომელიც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა შეიყვარეს, შეინარჩუნეს და მოგვიტანეს დღემდე ისე, რომ რწმენიდან არ გადაუხვევიათ არც მარცხნივ, არც მარჯვნივ, ასე ჩაგვაბარეს. უნდა დავიცვათ ტრადიციები, კულტურა, რომელიც სარწმუნოებაზეა დაფუძნებული, თორემ ამის გარეშე გადავჯიშდებით და გავითქვიფებით სხვადასხვა ხალხში.

მე მაინც იმედით ვუყურებ საქართველოს მომავალს და მჯერა, რომ "მზიანი ღამე მალე გათენდება!"

4. ჰყავდა თუ არა ჩვენს ეკლესიას მოწამეები პირველ საუკუნეში, მოციქულების შემოსვლის დროს, და თუ არის ცნობილი მათი სახელები?


ანკეტის თობაზე თავის აზრს გავიზიარებს და რესპონდენტთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონასტრის ღვთისმსახური, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის ბიბლეისტიკიდ კათედრის გამგე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მამა გიორგი გუგუშვილი.

KARIBCHE- მამა გიორგი, უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ ანკეტაში მონაწილეობისთვის. თავდაპირველად იქნებ ძალიან მოკლედ შევეხოთ ნომრის მთავარ თემას.

- სიამოვნებით. მოგეხსენებათ, ტიპიკონი ეს არის მონასტერში, ეკლესიაში ან რომელიმე ქრისტიანულ საძმოში შემუშავებული ცხოვრების გარკვეული წესი, რომლის დამაარსებლადაც ანტონი დიდს მიიჩნევენ. წმინდა მამას, თავის მხრივ, უფლისგან ეუწყა ტიპიკონის შექმნის აუცილებლობის თაობაზე, ამიტომ იგი მონასტრული ცხოვრებიდან იღებს სათავეს.

ახლა მინდა ჩემი აზრი გაგიზიაროთ თქვენ მიერ დასმულ შეკითხვაზე, სად უფრო გრძნობს ადამიანი პიროვნულ თავისუფლებას - ერში თუ მონასტერში. ადამიანში ღვთის ხატება სწორედ თავისუფალი ნება და მისი უკვდავი სულია, ოღონდ თავისუფალი ნება ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს რაც მინდა, ის უნდა ვაკეთო. არა, ბატონო! ჩვენი თავისუფალი ნება თუ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე არ იქნება დაფუძნებული, თუ ღვთისკენ არ ვისწრაფეთ, ვერ შევიგრძნობთ სულიერ თავისუფლებას. ალბათ, გახსოვთ იოანეს ახარებიდან ასეთი ადგილი: "ეტყოდა იესო მორწმუნეთა მათ მისთა ჰურიათა, უკეთუ თქვენ დაადგრეთ სიტყვათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ და სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ". ჭეშმარიტება განმათავისუფლებელია ადამიანისა. მაგრამ რისგან განმათავისუფლებელი? - მაცხოვარს ჰურიანი პასუხობენ, არც ჩვენ და არც ჩვენი წინაპარნი მონები არ ვყოფილვართ, ამიტომ თავისუფალნი ვართო. მაცხოვარი მიუგებს, თქვენ თქვენივე საქმეების მონები ხართ. თუ კეთილს აღასრულებთ, კეთილ საქმეს ემსახურებით, ხოლო თუ ბოროტს, ბოროტის სამსახურში იქნებით, რომელიც ეშმაკისგან არისო. ამიტომ ამისგან გათავისუფლება ადამიანის უმთავრესი საზრუნავი უნდა გახდეს, უფალი ხომ იმისთვის მოვიდა ამქვეყნად, რათა დაეთმინა შეურაცხყოფა, ჯვარცმა და წამება, რომ ბოროტისგან გამოვეხსენით.

შესაძლოა მონასტერში ცხოვრობდეს ადამიანი, მაგრამ ისე იყოს თავის ვნებებს დამორჩილებული, ვერ შეიგრძნოს სულიერი თავისუფლება. გავიხსენებ ერთ ეპიზოდს მამათა ცხოვრებიდან. მორჩილი, რომელიც მონასტერში ცხოვრობდა, ქურდობის ვნებით იყო შეპყრობილი. მას ჩვევად ჰქონდა ტრაპეზის შემდეგ საჭმლის მოპარვა. მონასტრის წინამძღვარს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია და ერთხელაც შეეკითხა, რატომ იპარავო. მორჩილმა უთხრა, ტრაპეზზე საჭმლით ვერ ვკმაყოფილდები და შიმშილის გრძნობა რომ მოვიკლა, იძულებული ვარ, ასე მოვიქცეო. თუ ასეა, როგორც კი საჭმელს მოიტანენ, პირველმა შენ გადაიღე იმდენი, რამდენიც გენდომება. თუ შეატყობ, რომ მაინც ვერ დანაყრდი, რაც დარჩება, ისიც დაიმატეო. ამ პირობის მიუხედავად, მორჩილი მაინც განაგრძობდა ქურდობას. როცა წინამძღვარი ისევ შეეკითხა, ახლა რაღატომ იპარავო, კვლავ თავის მართლებას შეეცადა - მრცხვენია ბევრი საჭმლის გადაღება სხვათა თვალწინ და ამიტომო. კიდევ ერთი შანსი რომ მიეცა, ახლა ტრაპეზის დროს კელიაში უგზავნიდნენ საჭმელ-სასმელს. ქურდობას მაინც რომ ვერ გადაეჩვია, ბოლოს მონატრის წინამძღვარმა უთხრა, ამ ვნებისგან მხოლოდ უფალი თუ გაგათავისუფლებსო.

ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, სად იცხოვრებ. მთავარია, უფლის სიტყვით, უფლის მცნებით, უფლის მოწოდებით იცხოვრო, ისწრაფოდე უფლისკენ.

- ბოლო ხანს ჩვენს ეკლესიებში, განსაკუთრებით პატარა ტაძრებში, წირვა-ლოცვის დროს მიკროფონის გამოყენება დაიწყეს. როდესაც მრევლი ვეღარ ეტევა ტაძარში, შეუძლია, ეზოში მოისმინოს საღმრთო ლიტურგია და მღვდლის ქადაგება. თქვენი აზრით, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ სიახლეს და რამდენად დასაშვებად მიგაჩნიათ იგი?

- ძველი აღთქმის ეკლესია, როგორც მოგეხსენებათ, 3 ნაწილისგან შედგებოდა: წმიდათაწმიდა, წმიდა და ეზო. ხალხი ეზოში იდგა და იქ ისმენდა მთელ მსახურებას.

გავიხსენოთ სახარებისეული იგავი, როცა მაცხოვარი თავის მოწაფეებს ესაუბრება: რომელი უფრო მართალია - ის კაცი, რომელიც ტაძარში ყველაზე წინ დგას, გულში მჯიღს ირტყამს და ამბობს: აი, უფალო, მე კეთილ საქმეებს აღვასრულებ, ყველაფერს კარგად ვაკეთებო, თუ ის, რომელიც განაპირას დგას და ლოცულობს სინანულის ცემლმორეული? ამ შეკითხვის შემდეგ უფალი პასუხს თვითონვე გვაძლევს: - მართალი ის არის, ვინც გულწრფელად არის ჩართული ღვთისმსახურებაში და ცოდვილობის გამო არ ეძლევა ტაძარში შესვლის საშუალება.

ვფიქრობ, არაფერი დაშავდება იმით, რომ მრევლი გარეთ ისმენდეს ღვთისმსახურებას მიკროფონის მეშვეობით. პატარა ტაძრებში კი არა, დიდი დღესასწაულების დროს დიდ ტაძრებშიც აღარ ეტევა ხალხი და იქაც იყენებენ მიკროფონს, რომ მრევლს გარეთ ლოცვისა და ღვთისმსახურების მოსმენის საშუალება ჰქონდეს. მართალია, შესაძლოა მლოცველს გარეთ ყურადღება გაეფანტოს, მაგრამ ასეთი რამ შეიძლება ტაძარშიც დაემართოს. ეს ადამიანზეა დამოკიდებული. ამიტომ მე პირადად ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

- მამაო, ვიდრე რესპონდენტთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებდეთ, კარგი იქნება, ჟურნალის მკითხველებს ორიოდ სიტყვით გააცნოთ თქვენი ოჯახის წევრები...

- ჩემი მეუღლე ეკატერინე მაღლაკელიძე პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. სასულიერო აკადემიაში ქართულ ნაქარგობას ასწავლის ამ სპეციალობით დაინტერესებულ სტუდენტებს. გვყავს 4 შვილი: უფროსი ქალიშვილი თამარი 8 წლისაა, თეკლა - 6 წლის, ეფემია - 2-ის, ქეთევანი კი წლის გახდა.

ახლა, რაც შეეხება ბატონ ოთარ მეგრელიძის შეკითხვას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მოციქულების შემოსვლას არა მარტო ქართული, არამედ რომაულ-ბერძნული და სხვა უცხოენოვანი წერილობითი წყაროებიც ადასტურებს და ზეპირი გადმოცემებიც. თქვენ წარმოიდგინეთ, მოციქულთა მიმოსვლის მარშრუტიც კია დადგენილი. მათი საქართველოში ყოფნის ნივთიერი მასალაც არის აღმოჩენილი ქსნის ხეობის ნახტავის ნაქალაქარში მიკვლეულ პატარა სამლოცველოში, რომელიც გარედან თითქოს არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლისგან, მაგრამ შიგნით ეკლესიაა მოწყობილი.

მოციქულები სამხრეთ საქართველოდან შემოსულან. როგორც "ქართლის ცხოვრება" გვამცნობს, მათ თან მოუტანიათ აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცნობილი ხატი, რომლის საშუალებითაც მრავალი სასწაული მომხდარა. სწორედ ამ ხატით მოუქცევია მოციქულ ანდრია პირველწოდებულს იქაური მთავარი, ქვრივი სამძივარი. ამ ქალბატონს შვილი გარდაცვლილი ჰყოლია. ერთ ღამეს თავის მამულში საოცარი ნათება შეუმჩნევია. გაგზავნა მსახურები, რომ გაერკვიათ, რა ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ ასეთ ნათებას მკვდართა აღმდგენელი ქრისტეს მოწაფეები გამოსცემდნენ. მათთან გასაუბრების შემდეგ სამძივარს ურწმუნებია მათი სასწაულებრივი ძალა და გარდაცვლილი ვაჟიშვილის აღდგენა უთხოვია. ხატის შეხებით მართლაც გაცოცხლებულა ბავშვი, რის შემდეგაც მთავრის მთელი სახლეულობა გაქრისტიანებულა.

იმჟამინდელმა ქართველთა წარმართმა მეფემ ბევრი გაქრისტიანებული ქართველი მოაკვლევინაო, - ასეთ ცნობას გვაწვდის "ქართლის ცხოვრება". წამებულთა სახელები არ ვიცით, მაგრამ ასეთები რომ ბევრი იყვნენ, წერილობითი წყაროთიც და ზეპირი გადმოცემებითაც დასტურდება. სამწუხაროდ, მათი სახელები ვერ შემოგვინახა ისტორიამ...

ქალბატონ მზია ჩხაიძეს აინტერესებს, ქრისტიანი მხოლოდ ცხოვრების წესით უნდა ქადაგებდეს თავის სარწმუნოებას თუ სიტყვითაც. იოანეს სახარებაში მაცხოვარი ამბობს: თუ გიყვარვართ, ჩემი მცნებები დაიმარხეთო. ქრისტიანობა არ არის მხოლოდ იმის აღიარება, რომ მე მიყვარს უფალი, არამედ, როგორც მაცხოვრის სიტყვებიდნ ჩანს, ქრისტიანობა ყოფილა უფლის მცნებების დამარხვა (დაცვა), საკუთარი ცხოვრების მისი მცნებებისაებრ წარმართვა. მაცხოვარი მათეს სახარებაში ამბობს: თქვენ ხართ მარილნი ამა სოფლისანი, თუ მარილი განქარდება, რითღა დამარილდესო. ამიტომ ჩვენი ცხოვრებით უნდა გავხდეთ სხვათათვის სამაგალითონი.

დღეს მრავალი სექტის მიმდევარი კარდაკარ დადის და "მოციქულებრივ ღვაწლს" ეწევა ცრუ ქადაგებებითა და ჭეშმარიტებისგან დაშორებული შეგონებებით. ქრისტიანობისთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალდატანება. მაცხოვარი გვასწავლის, თუ ჩვენი რწმენა და ეკლესიური გამოცდილება სხვას წაადგება და ამის საჭიროებას დავინახავთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში გავუზიაროთ. ოღონდ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი სიტყვა მართალია, წმინდა წერილსა და ეკლესიურ სწავლებაზე დამყარებული.

მუდამ უნდა გვახსოვდეს, განუსწავლელი, გაუთვითცნობიერებელი ადამიანის ქადაგებას ზიანის მოტანა უფრო შეუძლია, ვიდრე სარგებლისა. ამიტომ დიდი თავშეკავებისა და სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს.

ღმერთმა გაგახაროთ და მოგცეთ ძალა კეთილ საქმეთა კეთებისა!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

02.02.2022
გურული გამოთქმაა: "წევიდა ძველი ხალხი ფუტივით (კვამლივით)".

ცხოვრების გზაზე ბევრი ადამიანი შემხვედრია, რომელთაც ჩემს სულში ჩაიარეს...
28.01.2022
უფლის ძახილი

უწყალო მსაჯულთაგან უვნებელი ვნებას დაითმენს.
26.01.2022

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) ცხონებასთან დაკავშირებით გადმოგვცემს:

19.01.2022

გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):

-ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები, რომელნიც წყალთან, წყლით განბანვასთან არიან დაკავშირებულნი.

01.01.2022
ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები, რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ, წიფლებსაც, თამელებსაც;
01.01.2022
ახალ-წელიწადს ელიან,
ბალღები სხედან კერაში,
მუგუზლებს აჩინჩხალებენ,
დროს ატარებენ მღერაში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ფერისცვალება
ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი მისი ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ამიტომ წმინდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულად შერაცხა.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri konya escort