ჩვენი საუნჯე
ჩვენი საუნჯე
ჭულევი
ჭულევის მონასტერი სამცხე-ჯავახეთში, დაბა ადიგენიდან შვიდ კილომეტრზე, ფერსათის მთების ძირშია. მის მეზობლადაა საქართველოს უძველესი ისტორიული ადგილები - ზანავი, ჩორჩანი, ოძრხე (დღევანდელი აბასთუმანი), ზარზმა და ოქროს ციხე.

სახელწოდება "ჭულევი" მომდინარეობს სიტყვიდან "ჭური", რომელიც ძველ ქართულში ჩავარდნილ, ჩაფარებულ ადგილს ნიშნავდა. მონასტრის სახელი სამი ვარიაციული ფორმით იხმარება: "ჭულე", "ჭულევი" და "ჭულები".

XI საუკუნეში ჭულევის მონასტერი ქართული სასულიერო კულტურის მნიშვნელოვანი კერა იყო და მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ქრისტიანული სულიერებისა და კულტურის ცენტრებთან. ჭულევის მონასტერში მოღვაწეობდა სტეფანე ჭულეველი, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა შავი მთის (სირია) მწიგნობართა შორის. სტეფანე იყო შესანიშნავი ქართველი მწიგნობრის, ეფრემ მცირის თანამოღვაწე და მოიხსენიება XI საუკუნეში გადაწერილ მრავალ ხელნაწერში.

სამცხის მმართველის, ათაბაგ აღბუღა შალვას ძე ჯაყელის მიერ ჭულევის ეკლესია-მონასტრის განახლების მერე მონასტერს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სამცხის კულტურულ-იდეოლოგიურ ცხოვრებაში. აქ შეუმუშავებია ათაბაგს სამოქალაქო ხასიათის კანონები, რომელშიც ეკლესიისა და მის მსახურთა შესახებაცაა საუბარი. ჭულევის მონასტერში მოიწვია აღბუღამ ცნობილი საკანონმდებლო კრებაც.

ჭულევის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობაა წმინდა გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც თარიღდება XIV საუკუნით. ამ ტაძრის ადგილას უძველესი დროიდანვე არსებობდა წმინდა გიორგის სალოცავი, რაზეც მიგვანიშნებს ტაძრის ჩრდილოეთ კედლის საფეხურში ჩატანებული ადრე შუა საუკუნეებით დათარიღებული მეორადი გამოყენების ჩუქურთმიანი ქვები და ასომთავრულით შესრულებული ფრესკული წარწერა, რომელიც მხატვარ არსენის ეკუთვნის. წარწერის მიხედვით, ეკლესიის აშენება-მოხატვა ჭულევის წმინდა გიორგის უკვე არსებული ხატის შეწევნად მიიჩნევა: "შეწევნითა ღვთისაითა და წმიდის გიორგი ჭულისაითა, სრულ იქმნა ეკლესია ესე ჭულისაი ხატებითა ხელითა მხატვრისა არსენი. შეუნდეს ღმერთმან (1381წ.)".

ეკლესიის მშენებლები სამცხის მმართველი საგვარეულოს, ათაბაგთა (ჯაყელთა) ოჯახის წევრები არიან. ათაბაგების "ოჯახური" ფრესკული პანო ეკლესიის სამხრეთის კედელზეა გამოსახული და ერთდროულად რამდენიმე თაობას წარმოგვიდგენს. აქ გამოსახულნი არიან: სარგის, საბა, ბექა მანდატურთუხუცესი, სარგის სამცხის სპასალარი და მანდატურთუხუცესი, ყვარყვარე I ამირსპასალარი, შალვა, სამცხის სპასალარი და ათაბაგი.

ბექა მანდატურთუხუცესი, ამავე რეგიონის ძეგლების - საფარისა და ზარზმის ფრესკების მსგავსად, აქაც ეკლესიის მოდელით ხელშია გამოსახული და ტაძრის უშუალო მშენებლადაა წარმოდგენილი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. უნდა ვიფიქროთ, რომ ჭულევის ეკლესიის მომხატველი ბექას გამოსახულებაზე მუშაობისას იყენებდა ამ დიდებულის სხვა, უკვე არსებულ პორტრეტს. წმინდა გიორგის დღეს არსებული გუმბათოვანი ტაძარი 1381 წელსაა აშენებული სამცხის ათაბაგის, აღბუღას მიერ, ინტერიერი თავის დროზე მთლიანად ყოფილა მოხატული. მხატვრობა მშენებლობის თანადროულია. დღეისათვის კი მხოლოდ მცირედია შემორჩენილი. ჭულევის სამონასტრო კომპლექსის მშვენებას ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სამრეკლო წარმოადგენდა, რომლისგანაც ფოტოებიღა შემოგვრჩა. ექვთიმე თაყაიშვილის გადმოცემით: "ჭულების ნახევრად დანგრეული სამრეკლო გვაოცებს მორთულობის სიმდიდრითა და სილამაზით: სარკმლები და სამხრეთის კარი დაფარულია უნატიფესი ჩუქურთმებით. ასევე ნატიფია შიგნითა თაღების შემკულობა... სამრეკლო მთლიანად რომ შემორჩენილიყო, იქნებოდა ყველაზე ლამაზი მთელს საქართველოში". სამრეკლოს გალავანიც ჰქონდა.

ჭულევის სამონასტრო კომპლექსის ძველ ნაგებობათაგან მხოლოდ რამდენიმეს საძირკველი და დარბაზული ტიპის სამლოცველოს კედლის ნაწილი დარჩა. ამ სამლოცველოს ამშვენებდა ხელოსნის რელიეფური გამოსახულება პატარა ზედწერილით. ბერების ძველი საცხოვრებლიდან ტაძრის ჩრდილოეთით სატრაპეზოს ერთი კედელია შემორჩენილი.

1595 წლისთვის ჭულევი უკვე გაუკაცრიელებულა. ამის შემდეგ იგი წყაროებშიც აღარ მოიხსენიება. XV-XVI საუკუნეებში ადგილობრივ მცხოვრებთ, გადარჩენის მიზნით, ჩამოუხსნიათ ეკლესიის ზარები და ღვთისმსახურებისთვის საჭირო სხვა ინვენტართან ერთად ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტყეში მიწაში დაუფლავთ. ეს ზარები და ვერცხლის ბარძიმის ფრაგმენტი XX საუკუნის 80-იან წლებში შემთხვევით, ხის მოჭრისას უპოვია ზანაველ მეტყევეს კაკო ხოზრევანიძეს და ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის ჩაუბარებია. ამჟამად ზარები ეკლესიაშია დაბრძანებული. ერთი ტაძართან კიდია, მეორე - სატრაპეზოს შესასვლელში.

XVI-XIX საუკუნეებში ტაძარი იძარცვებოდა გამაჰმადიანებული მოსახლეობის მიერ, შემდგომში კი ჭულევი ადგილობრივი მოსახლეობის უფასო ქვის სამტეხლოდაც იქცა.

XVI საუკუნის შემდეგ ჭულევში ღვთისმსახურება მხოლოდ 1999 წლიდან აღდგა, როდესაც ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსის თეოდორეს (ჭუაძე) ლოცვა-კურთხევით, მონასტრის წინამძღვრად განაწესეს მამა სტეფანე (კალაიჯიშვილი), დღეს ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი.

ამავე დროს დაიწყო სამონასტრო კომპლექსის აღდგენა. მთავარი ტაძრის უკან აშენდა ბერების საცხოვრებელი, მონასტრის კარიბჭესთან დაიდგა ქვაჯვარი "ჭულევის ჯვართამაღლება".

ამჟამად ჭულევის მონასტრის წინამძღვარია მღვდელმონაზონი დიმიტრი (კაპანაძე).

ქართულ სიძველეთა ნაშთები პეტრიწონის მონასტერში
ოდესღაც მონასტრის ყოველი ქვა და ფრესკა ქართული სულიერი კულტურის ნიშანს ატარებდა, რაც დღეს ფრაგმენტულად შემორჩა.

მონასტრის შესასვლელშივე, ქვითკირის კედელში გამოჭრილი დიდი თაღის ქვეშ, რომელსაც ამშვენებს წარწერა ბულგარულ ენაზე: "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!" - შეკიდულია ლითონით შეჭედილი უზარმაზარი მუხის კარები. დღეს ეს არის მთავარი ჭიშკარი - ალაყაფის კარი. მონასტრის მკვიდრთა გადმოცემით, იგი გრიგოლ ბაკურიანისძის დროინდელია.

მთავარი ტაძრის გუმბათზე აღმართულია ერთი მეტრი სიგრძის მოოქრული ვერცხლის ჯვარი, რომლის საყრდენში ქართული ასომთავრული წარწერაა დაქარაგმებული: "იესუს ქრისტეს ძლევაი". სავარაუდოა, რომ ეს ჯვარი ეკუთვნოდა დანგრეულ ძველ ეკლესიას. მეცნიერთა გამოკვლევით, ეს იყო გრიგოლ ბაკურიანისძის სამხედართმთავრო ჯვარი, ის იმთავითვე გუმბათზე აღსამართავად გამოჭედილი არ ყოფილა და გრიგოლმა იგი ეკლესიას შესწირა ლაშქრობის დამთავრების შემდეგ.

KARIBCHEციხეგოჯი
ციხეგოჯი, არქეოპოლისი, ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, მდინარე ტეხურის მარცხენა ნაპირზე, ახლანდელ სოფელ ნოქალაქევის ტერიტორიაზე, სენაკის რაიონში მდებარეობს. ის VI-VIII საუკუნეებში ეგრისის დედაქალაქი გახლდათ. გადმოცემის მიხედვით, ციხეგოჯი დააარსა ქრისტემდე III საუკუნეში ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ (მისი სახელისგან არის სახელწოდება "ციხეგოჯი" - ქუჯის ციხე; ბერძნული სახელი "არქეოპოლისი" ნიშნავს ძველ ქალაქს). ციხეგოჯი ოდიშის მთავართა - დადიანთა რეზიდენციაც გახლდათ.

ვლაქერნის ღვთისმშობელი
სამეგრელოში დაცული ვლაქერნის ხატი ღვთისმშობლის ის ხატია, რომელიც ერთ დროს ბიზანტიაში ვლაქერნის მონასტრის კუთვნილებას წარმოადგენდა და რომელმაც დაიცვა და დაიფარა კონსტანტინოპოლი განადგურებისგან. საეკლესიო გადმოცმით, XI საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში საქართველოში შემოსვენებული ღვთისმშობლის სარტყლის ნაწილი ამავე სახელწოდების ხატთან ერთად დაუსვენებიათ სამურზაყანოში, ზღვის მახლობლად, ახალაგებულ ბედიის მონასტერში, რომელიც ვლაქერნის სახელობისა ყოფილა. ოსმალების გამოჩენის გამო ღვთისმშობლის სარტყელი, ვლაქერნის ხატთან ერთად, უსაფრთხოების მიზნით გადაუსვენებიათ ჯერ მარტვილში, ხოლო ლევან I დადიანის დროს - ზუგდიდში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. XVIII საუკუნის დასაწყისში კი სიწმინდე სამეგრელოს მთავრების რეზიდენციაში ინახებოდა. ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი იყო დადიანების საგვარეულო სიწმინდე და ხალხსაც დიდი სასოება ჰქონდა მისი. სამეგრელოს მთავრები დიდი მზრუნველობით ეკიდებოდნენ მას. არავის ანდობდნენ და სასახლეში ინახავდნენ. ვლაქერნის ხატს და მასზე მიმაგრებულ სარტყელს მრავალი განძეული ჰქონდა შეწირული, რასაც მისი დღევანდელი მდგომარეობაც ადასტურებს. ხატის ლითონის დაფაზე მოთავსებულია უამრავი ძვირფასეულობა, ძვირფასი თვლებით შემკული ბეჭდები და ჯვრები, ბიზანტიური ოქროს მონეტები, რაც ხდებოდა მიზეზი ხატის ხშირი გაძარცვისა.

ჩანს, სამეგრელოს გარდა, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ასლები ამშვენებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეკლესია-მონასტრებს. საყურადღებოა შიდა ქართლში, ქვათახევის მონასტრის ხატი, რომელიც, გადმოცემით, "ვლახერნისად" იწოდებოდა. ვლაქერნის ხატის ფრესკაც გვხვდება ეკლესია-მონასტრების კედლებზე.

ზუგდიდში ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის შენება დაუწყიათ 1825 წელს და დაუმთავრებიათ 1830 წელს. სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის დაკვეთით, რუსეთში ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ჩასასვენებელი სანაწილე გაუკეთებიათ.

პირველი მსოფლიო ომის დროს, თურქთა შემოსევებისგან თავდაცვის მიზნით, სამეგრელოს მთავრის მოურავს სასახლის ძვირფასეულობა, რომელთა შორის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატიც იყო, ოთხ ყუთში ჩაწყობილი, სარდაფში მოთავსებულ საყინულეში შეუნახავს. შემდეგ იგი გადაუტანიათ ამავე სართულის კუთხის განჯინაში, სადაც შესანიღბავად აგურით ამოუქოლავთ და კედლისფრად შეუღებავთ.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დევნილმა მთავრობამ ვლაქერნის ხატი განძეულობასთან ერთად საფრანგეთში გაიტანა, საიდანაც იგი 1945 წელს მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა. ამჟამად ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი ხელოვნების მუზეუმის ფონდშია დაცული.

წმინდა ილია მართლის აზრები
"ცხოვრება, როგორც ყოველი მოზარდი, იზრდება, ჰყვავის, მოაქვს ნაყოფი და მერე ჭკნება - იმისათვის კი არა, რომ მოკვდეს და საუკუნოდ დაიმარხოს, არამედ იმისათვის, რომ თავისაგან მოყვანილის ნაყოფისავე თესლზედ ამოიყვანოს სხვა ახალი ნედლი ცხოვრება, რომელიც ისევ-ისე უნდა წავიდეს ცხოვრების გზაზედ, როგორც პირველი, თუ უკვდავება უნდა. ცხოვრებასაც აქვს თავისი შემოდგომა და გაზაფხული, როგორათაც ბუნებასა. მაცხოვნებელია პირველი ქროლა გაზაფხულის პირველის დილისა, მაშინ ცა და ქვეყანა ერთი-ერთმანეთს შეჰხარიან. უფრო მაცხოვნებელია პირველი ქროლა ახალი ცხოვრებისა - ეგ ახლად დაბადებულის ყრმისა, რომელსაც ძველი ცხოვრება ისე უნდა შეჰხაროდეს, როგორც ძუძუმძლეველი დედა შეჰხარის ახალ-გაღვიძებულს ბავშვსა. გული სხვაგვარად სცემს, როცა დედამიწაზედ ზამთრის შემდეგ მზე ამოხეთქავს მწვანე ბალახსა და უფრო სხვა-რიგადა სცემს მაშინ, როცა ცხოვრებაზედ ამოვა, თავს ამოჰყოფს ბრწყინვალე ყვავილი ახალის აზრისა. მით უფრო მშვენიერია ეგ ყვავილი, რომ ჭკნება თუ ცხოვრობს, მაინც ისე არ გაძუნწდება, რომ სხვა არ აღმოშობოს, იმ სხვამ კიდევ სხვა და ეგრეთ არ შეადგინოს ისტორიული ყვავილთა გრეხილი, რომელშიც მომდევნო წინად მსვლელზედ ყოველთვის უფრო სრულია. მაგრამ ესეც კია სანუგეშო, რომ როგორი დარიც უნდა დაუდგეს მაგ ყვავილსა, თუკი ძირი ღონიერი აქვს, რაც უნდა ფეხი დააჭირო და სრესო, მაინც გაარღვევს დღესა თუ ხვალ დედამიწასა, ამოხეთქავს და გამოვა სინათლეზედ უფრო დამშვენებული და ძლიერი".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
8 ნოემბერს, პრემია "საგურამოს" დაჯილდოვების ცერემონიაზე, ქართული კულტურის და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ილიას მედალი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურიას) ერგო.
25.10.2019
6 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში, კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი აკურთხა და პირველი საღვთო ლიტურგია აღავლინა.
12.10.2019
საქართველოში ოდითგანვე ატარებენ ეროვნულ სამოსს, ჩოხას, რაც ქართული სულისა და ცნობიერების სიმბოლოდ აღიქმება.
01.10.2019
-წმინდა იოანე ოქროპირის გადმოცემით, ქრისტიანთათვის წმიდანთა სახელების დარქმევის ტრადიცია ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დამკვიდრდა.
31.07.2019
მეტანია ორი სახისაა-დიდი და მცირე. დიდი მეტანია, ანუ მუხლდრეკა, სრულდება შემდეგნაირად.
22.04.2019
თავისი შინაარსისა და საიდუმლოთა აღსრულების გამო, ვნების შვიდეულის ყოველ დღეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ "დიდი" უწოდა.
15.02.2019
2019 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში.
20.01.2019
ხშირი საჯანმრთელო პარაკლისები და წმინდანების წინაშე ვედრება დიდ სასწაულებს და ნუგეშს მოგვიტანს
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის
07.01.2019
-ჩვენ ვიცით, ანგელოზებმა, მწყემსებმა და მოგვებმა უფალს სხვადასხვა სახის ძღვენი მიართვეს.
27.10.2018
ჩვენ - ქართველები და საქართველოს შვილები
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
IX საუკუნის II ნახევარში კლარჯეთის ერთ პატარა სოფელში დაიბადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მშვენება - წმინდა სერაპიონ ზარზმელი.