აქ არის, მცხეთა-ივერიაში, ჩემი ათონიც და ჩემი იერუსალიმიც
აქ არის, მცხეთა-ივერიაში, ჩემი ათონიც და ჩემი იერუსალიმიც
ივნისის შუა რიცხვებში საბერძნეთში და წმინდა მთაზე იმოგზაურეს და იქაური სიწმინდეები მოილოცეს ქართველმა მოძღვრებმა: დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა, მღვდლებმა მიქაელ წულუკიძემ და დავით ბურდულმა მორწმუნეებთან ერთად.

მამა არჩილმა თავის მრევლს გაუზიარა მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები. მისივე ნებართვით, გთავაზობთ ამონარიდებს ამ მონათხრობიდან:

(გაგრძელება, დასაწყისი იხ. "კარიბჭე" #12-ში)

...ამის შემდგომ გავეშურეთ კარნიცას დედათა მონასტერში. მისი წინამძღვარი, არქიმანდრიტი დიონისე, შარშან ყოვლადწმინდა სამების დიდი ტაძრის კურთხევაზე ბრძანდებოდა. იგი წინამძღვრობს აგრეთვე მეორე დედათა მონასტერს, რომელიც მთაში მდებარეობს, ხოლო თვითონ მესამე - წმინდა პეტრეს მონასტერში ცხოვრობს. კარნიცაში საღამოთი მივედით. მამა დიონისეს შეატყობინეს ჩვენი მისვლა. შემოთვალა - მინდა, დეკანოზმა არჩილმა და მღვდლებმა სწირონ მთის დედათა მონასტრის ტაძარში. მეც მოვალო. სამწუხაროდ, მოსვლა ვეღარ შეძლო.

სხვათა შორის, მამა დიონისე იერუსალიმის პატრიარქის ირინეოსის ახლობელია. იქ მყოფმა ქართველმა მონაზონმა დედა ანასტასიამ და კარნიცელმა დედებმა გვითხრეს, რომ მამა დიონისემ ურჩია პატრიარქ ირინეოსს, - ქართველებს იერუსალიმის ჯვრის მონასტერი დავუბრუნოთ და სამართლიანობა აღვადგინოთო, რაზეც ბერძნები განრისხებულან და დღემდე იუდას ეძახიან მამა დიონისეს. მთაში ასვლის წინაღამე კარნიცის დედათა მონასტერში გავატარეთ. დიდად გავიხარე ჩემი სულიერი შვილების - დების რუსუდანისა და ქეთევანის ხილვით. ეს გოგონები რამდენიმე წლის წინ წაიყვანა დედა ანასტასიამ სასწავლებლად. მონასტერში სხვადასხვა ეროვნების დედები მოღვაწეობენ. გამაკვირვა მათმა უაღრესმა მორჩილებამ, თავმდაბლობამ. ლამის დადნენ, ოღონდ შენ სიკეთე გაგიკეთონ. გვიანობამდე ვისაუბრეთ, განშორება გამიჭირდა. მოვდიოდით და, სიმართლე გითხრათ, გულის ნაწილი იქ მრჩებოდა. ორი-სამი დღე, სანამ ახალი შთაბეჭდილებებით ავივსებოდი, ერთგვარი სევდა-მონატრება მქონდა მათი. კარნიცელი დედების მოგონება ჩემი გულის უკეთეს ნაწილს მივაბარე. მაგრამ რა ვიცოდი, რომ მათზე არანაკლებ სულიერი და თბილი დედები ზევით მელოდნენ.

მთის მონასტერში ზარის რეკვით შეგვხვდნენ, გამოგვეგებნენ. იღუმენია პონტოელი ბერძენი აღმოჩნდა. იქაც სხვადასხვა ეროვნების დედები მოღვაწეობენ. მათ შორის იყო რუსი დიაკონისაც. პირველად ვწირე დიაკონისასთან ერთად. მას, როგორც იცით, საკურთხეველში შესვლის უფლება აქვს. საბერძნეთისგან განსხვავებით, დიაკონისას ინსტიტუტი ჩვენთან აღარ არსებობს. დიაკონისა 60 წლამდე იყო, წირვისას მიჩურჩულა: - მამაო, მაპატიეთ, პირველად ვმსახურობ და მიკარნახეთო. ვუთხარი: მე შენზე მეტად ვიბნევი, ვინაიდან პირველად ვმსახურობ დიაკონისასთან-მეთქი. წირვა ქართულად მიდიოდა, გალობდნენ ბერძნულად. ერთი-ორი საგალობელი ქართულადაც იგალობეს - მამა დიონისეს კურთხევით, დედა ანასტასიას უსწავლებია მათთვის. წირვა რომ მორჩა, ჩვენს პატივსაცემად (და, საერთოდ, ასეთია ბერძნული ტრადიცია) ეკლესიაში დაცული სიწმინდეები გამოაბრძანეს და თაყვანი ვეცით. გამოასვენეს წმინდა ვერცხლის ლუსკუმაში ჩასვენებული მოდესტ იერუსალიმის პატრიარქის თავი, წმინდა ნაწილნი წმინდა ხარლამპეს, წმინდა ბარბარეს, წმინდა პარასკევას, მამა სილუან ათონელისა. იღუმენიამ გვაჩვენა ღვთისმშობლის პატარა ხატი, რომელსაც ბერძნები გამოქვაბულის ღმრთისმშობელს უწოდებენ, ვინაიდან იგი ერთ-ერთ გამოქვაბულში გამოცხადებით უპოვიათ და შემდეგ გადმოუსვენებიათ ამ ტაძარში, რომელიც წმინდა გიორგის სახელობისაა. გადმოცემით, ამ ადგილას მოციქულებს უქადაგიათ და პირველი ტაძარიც მათ აუგიათ. წირვის შემდეგ დედებმა ტრაპეზთან მიგვიწვიეს. ტრაპეზობისას აქაც წმინდა მამათა ცხოვრებას ან სწავლას კითხულობენ ხოლმე. ამჯერად ჩვენი სიყვარულისთვის ქართველ წმინდანთა ცხოვრება წაიკითხეს ქართულ ენაზე. გამომშვიდობებისას ვუთხარი, რომ მათში მათი სულიერი მამის პორტრეტს ვკითხულობ. იგრძნობა მისი ხელი და ღვაწლი. ბოლოს სამახსოვრო ფოტოსურათიც გადავიღეთ. პატარა საჩუქრები გადმოგვცეს. არანაკლები სევდა წამოვიღეთ იქიდან.

გადავიარეთ 120-კილომეტრიანი მთაგრეხილი, მივედით ქალაქ ურანოპოლში და იქიდან გემით ათონზე გავემგზავრეთ. ჩვენი ათონზე მისვლა დაემთხვა ათონელი ბერების ჩამოსვლას საქართველოში. ათონზე ძალზე თბილად არიან განწყობილნი ჩვენი პატრიარქის მიმართ, ალბათ ამანაც განაპირობა, რომ ბევრი მონასტრის კარი განგვეღო.

თავდაპირველად ზოგრაფის ბულგართა მონასტერი მოვილოცეთ, იქ ხომ წმინდა გიორგის სამი სასწაულთმოქმედი ხატია დაბრძანებული. მონასტრის შესასვლელთან ვეებერთელა ცაცხვის ხე დგას. ხის ქვეშ ერთი ბულგარელი ბერი იჯდა. ჩვენს დანახვაზე წამოდგა, მოგვიახლოვდა და ხელით გვაჩვენა: - კუშატ, კუშატ... ვუთხარით, რომ ქართველები ვიყავით. გაიღიმა და არხონდარიკში გაგვიძღვა. არხონდარიკს სტუმართა მისაღებ ოთახს ეძახიან ათონზე. მონასტრის წინამძღვარი ამ დროს საქართველოში იყო, მის მაგივრად სავანეს მამა პახუმი წინამძღვრობდა. მანაც დანახვისთანავე გვითხრა: - იდიტე, ბუდეტე კუშატ, კუშატ. დაგვაპურეს. სული მოვითქვით, შემდეგ ტაძრის გაღება ვთხოვეთ. ტაძრები ათონზე მხოლოდ ღვთისმსახურებისთვის იღება. ტაძარში ერთბაშად ვერ მოხვდები, ჯერ ვეებერთელა სტოა უნდა გაიარო, სადაც სადაგი მწუხრი და სადაგი მსახურება, ვთქვათ, პანაშვიდი სრულდება. იგი მთავარი ტაძრისგან კრეტსაბმელით განიყოფება, აი, სწორედ მთავარ ტაძარშია დასვენებული წმინდა გიორგის სამი უზარმაზარი ხატი. ერთ-ერთს ზოგრაფის ხატი ჰქვია და ამიტომაც მთელ მონასტერს ასე ეძახიან. ზოგრაფი ბერძნულად ხატმწერს ნიშნავს. გადმოცემით, ლიდიის ახლოს, ფანუელის მონასტრიდან გაქრა ეს ხატი და ათონზე, ბულგართა მონასტერში, ხატის დასახატად გამზადებულ დაფაზე აღიბეჭდა. ეს ამბავი X საუკუნეში მომხდარა. ხატზე წმინდა გიორგი წელს ზევითაა გამოსახული, შუბით ხელში, ძალზე მკაცრი სახით. წმინდანის მარცხენა ნესტოსთან ადამიანის თითის ნაწილია დარჩენილი. თურმე ათონზე მოსალოცად მყოფ ერთ-ერთ მიტროპოლიტს ეჭვი შეჰპარვია წმინდა ხატის სასწაულთმოქმედებაში და კადნიერად თითი უტაკებია მისთვის. იმწამსვე დაუსჯია იგი ღმერთს მკრეხელობისთვის, თითი ხატს მიჰკრობია და ვეღარ მოუშორებია. იძულებული გამხდარან, მოეკვეთათ. წმინდა გიორგის მეორე ხატიც სასწაულებრივად მისულა ამ მონასტერში. იგი არაბეთიდან ზღვის ტალღებს წამოუღია და ვათოპედის მონასტრის მისადგომებთან გამოურიყავს. ამტყდარა დავა ათონის მონასტრებს შორის, ვის უნდა დარჩენოდა ეს სიწმინდე. ბოლოს გადაწყვიტეს, მარხვისა და ლოცვის შემდეგ წმინდა ხატი გაუხედნავ ცხენზე დაეკრათ, გაეშვათ და სადაც გაჩერდებოდა, მისი ყოფილიყო. ცხენი კი ზოგრაფის მონასტერთან ერთ მშვენიერ გორაკზე გაჩერებულა. ასე დამკვიდრებულა ეს წმინდა ხატი ზოგრაფის მონასტერში. იქვეა მთავარმოწამის მესამე ხატიც. გულმხურვალედ ვილოცეთ ამ ხატთა წინაშე, შევავედრეთ წმინდანს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ეკლესია - პატრიარქის წინამძღოლობით და მისი სამწყსოც. ის ღამე იქ დავყავით. ცისკარი ათონზე დილის ოთხ საათზე იწყება. მას მოებმის ლიტურგია. გვინდოდა, უფლებას თუ მოგვცემდნენ, შევმოსილიყავით და საკურთხეველში შევსულიყავით. წინა დღეს მამა პახუმი დაგვთანხმდა, მაგრამ წირვაზე როცა მივედით, მკაცრად შემოგვითვალა: ჩემთან ერთად არ ეზიაროთო. სხვა, პატარა ეკლესიაში გაგვგზავნა, სადაც წირვას დავესწარით. წირვის შემდეგ მივეახლეთ სიწმინდეებს. ტაძარში დაბრძანებულია ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, "დაუჯდომელისად" ანუ "აკათისტოდ" წოდებული. წმინდა ნაწილები: წმინდა პარასკევასი, წმინდა ბასილი დიდისა, სტეფანე პირველმოწამისა, წმინდა იოანე ოქროპირისა, წმინდა პროკოფისა, წმინდა ავლიპი მესვეტისა, იოანე მოწყალისა, იაკობ სპარსისა, თეოდორე ტირონისა, მათე მახარებლისა, დიდმოწამე ნიკიტასი, ანასტასი რომაელისა, წმინდა პოლიკარპე სმირნელისა, აქვეა წმინდა დიდმოწამე გიორგის ქვედა ყბა გაუხრწნელი ენით.

ამის შემდეგ გემით გავემგზავრეთ წმინდა პანტელეიმონის მონასტერში. მონასტრის არხონდარი ცოტა მკაცრად შეგვხვდა, თუმცა მაინც დაგვაბინავა. იმ საღამოს მწუხრის ლოცვას დავესწარით. ახლოვდებოდა სულთმოფენობა. მეორე დღეს წირვაზე მივედით და ბულგარელების გამოცდილებით, ვფიქრობდით, მოგვესმინა წირვა, მაგრამ წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა იერემიამ, რომელიც ღრმად მოხუცებული, ძალზე თავმდაბალი ადამიანია, შემოგვითვალა: მობრძანდით, შეიმოსეთ და ჩვენთან ერთად სწირეთო. სულიერად დიდად აღგვაფრთოვანა სულთმოფენობის წირვა-ლოცვამ. შემდეგ დავსხედით ტრაპეზობად, დაგვსხეს წინამძღვრის სიახლოვეს. ტრაპეზობის დასასრულს წინამძღვარი დგება სატრაპეზოს შესასვლელთან. ცალ ხელში კვერთხი უჭირავს, მეორე ხელი საკურთხებლად აქვს შემართული. სატრაპეზოდან გამოსულნი ყველანი ამ მაკურთხებელი ხელის ქვეშ გაივლიან და შედიან სატრაპეზოს წინ მდებარე ტაძარში, სადაც სიწმინდეებს სცემენ თაყვანს. ჩამოილოცავს წინამძღვარი და ამის შემდეგ აღესრულება ე.წ. "პანაღეას წესი": სპეციალური ჭურჭლით შემოაქვთ წირვაზე ნაკვეთი სეფისკვერი და ყველას ურიგებენ ღვთისმშობლის სახელზე. ეს წესი მოციქულთა დროიდან მომდინარეობს.

მონასტერში მრავალი სიწმინდეა დაცული. მათ შორისაა წმინდა ნაწილნი დავით გარეჯელისა, წმინდა სერაფიმე საროველისა, ოპტელი მამებისა, წმინდა იოანე ოქროპირისა, წმინდა ანდრია მოციქულის მარჯვენა ფეხის ტერფი, წმინდა ლუკა მახარებლის თავი, წმინდა პანტელეიმონის თავი, წმინდა სილუან ათონელის თავი... ამ მონასტერში მოღვაწეობს ქართველი მონოზონი ერმოლაოსი, - უაღრესად თავმდაბალი და თბილი ადამიანი. სხვათა შორის, მასზედ თქვენი ჟურნალის ერთ-ერთ წინა ნომერში იყო საუბარი.

მადლობა შევწირეთ წინამღვარს თბილი მიღებისთვის, ვაჩუქეთ ხატები და გავეშურეთ გემით ჯერ ათონის ცენტრისკენ, კარიესისკენ და იქიდან ფეხით დავეშვით ივერთა მონასტრისკენ. გზად მოვილოცეთ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაბრძანებული უფლის დედის ხატი, "ღირს არსად" წოდებული. მეზობელ ტაძარში მოვილოცეთ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი "მფარველი მოუღალავი", ვუგალობეთ სადიდებელი ღვთისმშობელს და გზა განვაგრძეთ. ერთგან შეგვხვდა პატარა ტაძარი, რომელიც ღვთისმშობლის გამოცხადების ადგილასაა აგებული. გასცდები თუ არა ამ ადგილს, მაშინვე გამოჩნდება ზღვის პირას მდგარი ივერთა მონასტერი. აქედანვე მოჩანს გაბრიელ ქართველის სენაკი, რომელიც მდებარეობს დაბურული, უღრანი ტყით დაფარული მთის წვერზე, მერცხლის ბუდესავით გამოშენებული. ეს ის სენაკია, საიდანაც ღირსი გაბრიელი ღვთისმშობლის ბრძანებით დაეშვა და ზღვიდან მისი წმინდა ხატი გამოიტანა. ივერონის ბერებმა მითხრეს, - ჩვენს წინამძღვარს ძალიან უყვარს წმინდა გაბრიელ ქართველიო, ამ სენაკამდე მისასვლელი გზა გააკეთებინა მორჩილებს, იქ ადის ყოველ ზაფხულს და კარგა ხანს რჩება სამოღვაწეოდო. შევედით ივერთა მონასტერში. დიდმა თრთოლამ მოგვიცვა ქართველები. მონასტერში ჩვენი წინაპრების სულებს ვგრძნობდით. მართალია, ხელით ვერ ვეხებოდით, თვალით ვერ ვხედავდით, მაგრამ ისინი სულით ჩვენთან იყვნენ და არც არასოდეს განგვშორებიან. ივერონის მისაღებში იღუმენი დაგვხვდა. მივართვით საჩუქრები, ვთხოვეთ მონასტერში დარჩენა. იღუმენს ძალზე მოეწონა ჩვენი მხატვრის ირაკლი ცინცაძის მიერ პერგამენტზე დაწერილი ხატი. აქაც, ისევე როგორც ზოგრაფში, ვერ იჯერებდნენ, რომ ეს ხატი ხელით იყო დაწერილი. იმ ღამეს ივერონში დავრჩით. დავესწარით ლოცვას, ტრაპეზს, პანაღეას წესის ასრულებას, მაგრამ აქ არ გვამთხვევინეს წმინდათა ნაწილებს... გავიგეთ, რომ შარშან დაიწყეს წმინდა ექვთიმესეული კოშკის რესტავრირება, რამაც გაგვახარა. ეს კოშკი მონასტერზე მაღალია, დაახლოებით შვიდსართულიანი სახლის სიმაღლისა. პატარა, ძველებური აგურით გამოყვანილი აივანი აქვს. იქ ცხოვრობდა და იღვწოდა წმინდა ექვთიმე ათონელი. რაკი დავინახე, რომ წმინდათა, მათ შორის ათონელ პირველ მამათა, ნაწილებს არ გვამთხვევინეს, კადნიერება მოვისხი და წინამძღვარს ვთხოვე, ივერიის ღვთისმშობლის ხატთან ლოცვის უფლება მოეცა. ვუთხარი, რომ ხატისთვის ძვირფასი შესაწირავი მქონდა: ქართველი მორწმუნეების მიერ დამზადებული ოქროს სამაჯური და "შენ ხარ ვენახის" ოქროს ხატი. ვაჩვენე კიდეც, მამებმა მიქაელმა და დავითმაც აჩვენეს თავიანთი შესაწირი. რა თქმა უნდა, ყველაფერ ამას ჩვენი ლოცვაც წინ უძღოდა, ღვთისმშობელს ვევედრებოდით, რომ ღირსი გავეხადეთ მის წმინდა ხატთან მიახლებისა. წინამძღვარმა გვითხრა, რომ პასუხს მცირე ტრაპეზის შემდეგ გვეტყოდა. ტრაპეზის შემდეგ მოულოდნელად გვიპასუხა, - ერთ საათი გაქვთ დროო. გახარებულებმა სასწრაფოდ მივმართეთ კანანარხს. გავაღებინეთ ტაძარი, დავემხეთ ხატის წინაშე, ვილოცეთ, გადავიხადეთ დიდი პარაკლისი. შევევედრე სიტყვიერადაც, ხმამაღლა წამოვიძახე ლოცვისას: დედაო ღვთისა, აღადგინე ამ მონასტერში ქართული წირვა-ლოცვა-მეთქი. შესაწირავი იქვე დავალაგეთ. იღუმენმა მადლობა გადაგვიხადა - ალბათ გულით ილოცეთო. შემდეგ გაბრიელ ქართველის სენაკს გახედა, დაფიქრდა თავისთვის და თქვა: ღვთისა და ღვთისმშობლის ნება თუ იქნება, მეც ჩამოვალ საქართველოშიო. აგაშენა ღმერთმა-მეთქი, - ვემთხვიეთ ხელზე და დავემშვიდობეთ.

ივერონიდან მცირე ხომალდით ვათოპედის მონასტერში გავემგზავრეთ. ის მნიშვნელობით მეორეა ათონზე ათანასეს ლავრის შემდეგ, არადა თვითონ ბერძნებმა გვითხრეს, ადრე მნიშვნელობით მეორე ივერთა მონასტერი იყოო. იმ სენაკიდან, სადაც ჩვენ დავბინავდით, ჩანდა, რომ აშენებდნენ ახალ ტაძარს. იქ მყოფმა ქართველმა მორჩილებმა გვითხრეს, - სწორედ აქ მოღვაწეობდა ჭაბუკი გრიგოლ პალამაო. წირვა-ლოცვას აქაც დავესწარით. მგალობელთა გუნდი საუკეთესო ჰყავთ. ისინი არა ბერძნულად, არამედ ძველბიზანტიურად გალობენ. კარგად იგალობეს, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ჩემს გულთან უფრო ახლოს არის მრავალხმიანი ქართული საგალობელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ყველამ თავისი ქვეყნის ხილი იხმიოს და სხვისას პატივი სცეს.

მონასტრის წინამძღვარი აღმოჩნდა წმინდა მამა იოსებ ათონელის სულიერი შვილი და მისი ცხოვრების შემდგენელი იღუმენი ეფრემი. ტრაპეზობისას, როცა იკითხებოდა წმინდა მამებიდან საკითხავები, იღუმენი ეფრემი მოკლე განმარტებებს იძლეოდა. ეს ერთი შემთხვევა ვნახე ქადაგებისა. სხვა იქ არავინ არაფერს არ ასწავლის. მონასტრის ცხოვრება თვითონ ასწავლის. უმთავრესად მყუდროებასა და მორჩილებაზე არის აგებული მონასტრის ცხოვრება. აქ გუნებაშიც ვერ გაივლებ, რომ ვიღაცა იყოს ურჩი. აი, მაგალითად, მე და ერთი ჩვენი მორწმუნე არჩილი ვათოპედის სასტუმროს აივანზე ვიდექით და ვსაუბრობდით. ზარს შემოჰკრეს. როგორც მივხვდი, ტრაპეზზე მორჩილება ვისაც ჰქონდა, მათ მოუხმეს მორჩილების აღსასრულებლად. ეზოში შვიდმა მორჩილმა გაიარა, შვიდივე თავდახრილი იყო, ხელში სკვნილები ეჭირათ და ლოცულობდნენ. მათ ჩვენი ქართული ლაპარაკი ესმოდათ, მაგრამ ერთი არ ამოუხედავთ მაღლა. არ დაინტერესებულან, ვინ არიან, უცხო ენაზე რომ საუბრობენო. ისინი თავიანთი ლოცვითა და მორჩილებით იყვნენ დაკავებულნი. პანაღეას წესის ასრულების შემდეგ ვეამბორეთ წმინდათა ნაწილებს. იღუმენმა ჩვენთვის საგანგებოდ გასცა კურთხევა, დიდხანს გავეჩერებინეთ წმინდა ნაწილებთან. აქ არის დასვენებული: კონსტანტინე დიდის ჯვარი, რომელიც მან ზეცაში გამოსახული ჯვრის მიხედვით შეაქმნევინა; ლერწამი, რომელიც, ვითარცა მეფის კვერთხი, დაცინვით მისცეს იესუ ქრისტეს ხელში ჯვარცმის დღეს; ღვთისმშობლის სარტყლის მესამედი. სწორედ ამ სარტყელზე ადებენ უბრალო სარტყლებს უშვილონი, შემდეგ წელზე იკრავენ და კურნებას იღებენ. მაგრამ როდესაც დაგვანახეს ლუსკუმები, სადაც ჩასვენებულია წმინდა იოანე ოქროპირის თავი და თავი წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველისა, განსაკუთრებით ამიჩქროლდა სიხარულით გული. რატომ? წმინდა იოანე ოქროპირის თავი არის ნახევრად გაუხრწნელი, თმაც კი ზედ აქვს. ყურიც გაუხრწნელია. პატარა, ლამაზი მოყვანილობის ყური ჰქონია. რატომ არ გაიხრწნა? ეს სწორედ ის ყურია, რომელშიც წმინდა პავლე მოციქული ეჩურჩულებოდა წმინდა იოანე ოქროპირს თავისი ეპისტოლეების განმარტებას. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის თავს ვეამბორე. იგი მთლიანად გახრწნილია, გადარჩენილია მხოლოდ ერთი წარბი. აშკარად ჩანს, რომ ჭრილობა აქვს წარბზე. წარმოშობით რუს მღვდელ-მონაზონ სერაფიმეს, რომელიც გვიყვებოდა სიწმინდეებზე, ვკითხე: რატომ აქვს გაუხრწნელი წარბი ან ჭრილობა როდის მიაყენეს-მეთქი. მამა სერაფიმემ, აი, რა მოგვითხრო: ეს ჭრილობა წმინდანის ბავშვობის დროინდელია. მაშინ შვიდი წლისაც არ იყო. ერთხელ თურმე უნდოდა გვირგვინი გაეკეთებინა, რტო მოჭრა ხისა და მის მომრგვალებას და შეკვრას ცდილობდა. ხელი გაეშვა, ბასრი ბოლო წარბზე მოხვდა და გაუჭრა. ეს მოხდა ღვთის განგებით. როცა წმინდა გრიგოლი აღესრულა, ანდერძისამებრ, მშობელთა საფლავებს შორის დაკრძალეს. გამოხდა ხანი. მერმეღა მიხვდნენ, რა დიდი მამაც იყო წმინდა გრიგოლი და მისი კონსტანტინოპოლში გადასვენება გადაწყვიტეს. გათხარეს საფლავი, მაგრამ საგონებელში ჩაცვივდნენ - რომელი იყო მამა და რომელი - შვილი, ვერ განასხვავეს; ერთი სიმაღლის იყვნენ, მოყვანილობა ერთნაირი ჰქონდათ, მამასაც გრიგოლი ერქვა და ეპისკოპოსი იყო. მოკლედ, ერთადერთი, რითაც განასხვავეს, ეს უხრწნელი წარბი იყო. ნათესავებმა და მოწაფეებმა თქვეს, რომ წმინდა გრიგოლს მარცხენა წარბზე ჰქონდა ჭრილობაო და, ღვთის განგებით, სწორედ ის წარბი დარჩა გაუხრწნელი.

საინტერესოა თვითონ ვათოპედის წარმოშობის ისტორიაც. ვათოპედი ქართულად ასე ითარგმნება: ბავშვი ბუჩქში. იმპერატორი თეოდოსი დიდი როცა მოგზაურობდა ათონისკენ, ღელვა ატყდა ზღვაზე და მისი ვაჟი, არკადი, გადავარდა წყალში. იგი დამხრჩვალი ეგონათ. დამწუხრებული იმპერატორი ნაპირს რომ მიადგა, ბუჩქის ძირში სრულიად უვნებელი დაინახა ყრმა და სამადლობელოდ იმ ადგილას დიდი მონასტერი აღაშენა. აქვე ეჩვენა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თეოდოსი დიდის ასულ პლაკიდიას, რომელსაც ათონის მონასტრების მონახულება ენება, აუკრძალა მას და მისი სახით დედაკაცს ათონზე შესვლა.

ვათოპედის მონასტერში დასვენებულია ღვთისმშობლის შვიდი ცნობილი სასწაულმოქმედი ხატი. მოვილოცეთ ეს ხატებიც. ვათოპედში ოთხი ქართველი მოღვაწეობს: ორი მათგანი გამოსაცდელი მონოზონია - ლუკა და მახარე, და ორიც - მორჩილი. მათ თბილად მიგვიღეს და ყოველნაირად შეგვეწეოდნენ. ვათოპედის მონასტრიდან სამშობლოში გამოვემგზავრეთ...

მონასტრული ცხოვრების ფონზე, მეტადრე ისეთი ადგილიდან, რომელიც განსაკუთრებულად აკურთხა ღვთისმშობელმა, მკაფიოდ და ნათლად ჩანს, თუ როგორ ამაოებაში ვიმყოფებით ერის ადამიანები. დამისევდიანდა გული, რადგან ისევ იქ უნდა დავბრუნებულიყავი, რასაც საერო ცხოვრება ჰქვია. და რაკი ჯერჯერობით ერში ვრჩებით, მოდი, ისე გავაკეთოთ, რომ თუმცა ათონზე ვერ ვართ ფიზიკურად, სულიერად მეტ-ნაკლებად მაინც მივბაძოთ ათონელებს, დავუტეოთ ამაოება ამა სოფლისა, რამდენიც ჩვენზეა დამოკიდებული და შედარებით გავიმკაცროთ ცხოვრების წესი.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ, მადლი მოგცეთ ქრისტესმიერი ცხოვრებისა და მორჩილებისა. ღმერთს შევთხოვ, ღვთისმშობელს და ივერონელ ქართველ მამებს, მოგვცეს გულისხმისყოფა, მორჩილება. არ ავყვეთ თანამედროვეობის სულს, არ გავითქვიფოთ მასში, ნურც განვიკითხავთ, არამედ ვილოცოთ მათთვის და ჩვენი სულებისთვის, სადიდებლად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler