მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
1. რწმენის აღმსარებლობა
რწმენის სიმბოლოს პირველი სიტყვაა "მრწამს". შესაბამისად, ჩვენ მიერ რწმენის სიმბოლოს წარმოთქმა იგივეა, რაც ჩვენივე რწმენის აღიარება, ანუ ჩვენი მრწამსის აღსარება.
"რწმენა ყოველთვის პიროვნულია. ყოველ ჩვენგანს თავად უნდა სწამდეს და არ შეიძლება სხვის ნაცვლად გწამდეს. საერთო გამოცდილებამ ბევრი ადამიანი შეიძლება ერთსა და იმავე რწმენამდე მიიყვანოს, მაგრამ მათი ერთობა მაინც პიროვნულ აღმსარებლობაზე უნდა იყოს დაფუძნებული. სწორედ ამის გამოა, რომ მრწამსი მართლმადიდებლურ ეკლესიაში ყოველთვის მხოლობითი რიცხვის პირველ პირში წარმოითქმება" (თომა ხობკო). ასეა ღვთაებრივი ლიტურგიის მსვლელობის დროსაც, როდესაც ასეულობით და ათასეულობით პირის მიერ ეს სიტყვები ერთდროულად გამოითქმის. "ამ წმინდა ტექსტის პირველი სიტყვა - "მრწამს" - სიმბოლოს ყოველ მომდევნო წევრთანაა დაკავშირებული და მისი მეშვეობით ქრისტიანის საერთო რწმენა ეკლესიის ყოველი წევრის პერსონალური ფასეულებისა და პასუხისმგებლობის ხარისხში ადის" (პეტრე (ლ. იუილე).
"ვრცელი კატეხიზისი" ამ აღმსარებლობით პროცესს "ღვთის რწმენის უახლოესი და უარსებითესი გულითადი რწმენის გამოვლინებას" უწოდებს. მოციქული პავლე ბრძანებს, რომ რწმენის აღმსარებლობა გადარჩენის აუცილებელი საშუალებაა, "რამეთუ გულის გრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღიარებ საცხორებელად" (რომ. 10:10).
და მართლაც, თავისუფალი, გახსნილი და უკომპრომისო აღმსარებლობა რწმენას აძლიერებს და ამის საპირისპიროდ, საკუთარი რწმენის დაფარვის ნებისმიერი მცდელობა ყოველთვის უარყოფითად მოქმედებს ადამიანის სულიერ ცხოვრებაზე და მასშივე აღძრავს სერიოზულ ეჭვებს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ქრისტიანი სპეციალურად უნდა ახდენდეს თავისი რწმენის დემონსტრირებას და საკუთარი რწმენით სხვას უნდა აწუხებდეს. მაცხოვარი გვაფრთხილებს, "ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა" (მათ. 7:6). მეორე მხრივ, ყოველი ქრისტიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს დასმულ კითხვას ამომწურავად უპასუხოს, რის შესახებაც მოციქული პეტრე გვასწავლის: "განმზადებულ იყვენით მარადის სიტყუის მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთუის, სიმშუიდით და შიშით"(1 პეტ. 3:15).
ამრიგად, საჭიროა ადამიანი არა მხოლოდ საკუთარი სულისათვის იყო აღმსარებელი, არამედ დაინტერესებულ მოყვასთა სწავლებისა და შესაბამისად მათი გადარჩენისათვისაც. ეკლესიის მიერ საკუთარ სარწმუნოებაზე უარის თქმა ყოველთვის მძიმე და მომაკვდინებელ ცოდვად ითვლებოდა. საქმე ისაა, რომ ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო უარს აცხადებს რწმენაზე, იმას ამტკიცებს, რომ მისი ცხოვრებისათვის ღმერთი მთავარ ფასეულობას არ წარმოადგენს და გვიჩვენებს, "რომ არა აქვს ჭეშმარიტი რწმენა მაცხოვრისა "და ცხოვრებისა მერმისა მის საუკუნისა".
განათლების დონისა და სხვა ინდივიდუალური თავისებურებების გამო, მქადაგებლობა და სიტყვის მსახურება ყოველ ქრისტიანს არ ხელეწიფება, მაგრამ ყველას შეუძლია და ყოველი ქრისტიანი ვალდებულია საკუთარი ცხოვრება მისიონერულ მაგალითად აქციოს. აღმსარებლობად უძველესი დროიდან სიტყვისა და საქმის, რწმენისა და ცხოვრების წესის ერთიანობა მიიჩნეოდა. II საუკუნის ქრისტიანულ ძეგლში წმინდა კლიმენტი ალექსანდრიელი კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში წერს: "ამრიგად, მხოლოდ იმით ნუ დაკმაყოფილდებით, რომ იგი (იესო ქრისტე, - რ. ჩ.) მხოლოდ ღმერთად მოიხსენიოთ: ეს ჩვენ ვერ გვიხსნის. ის ბრძანებს: "არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! გადარჩება, არამედ მხოლოდ ის, ვინც მართალ საქმეს აღასრულებს". ამიტომ, ძმებო, ვიყოთ საქმით ერთურთის სიყვარულით აღმსარებელნი, ნუ ვიქნებით მრუშნი და მეძავნი, ავენიანნი და ერთმანეთის გამკილვენნი, შურიანნი, არამედ ვიყოთ თავშეკავებულნი, მომთმენნი, გულმოწყალენი და ლმობიერნი: ჩვენ ურთიერთთანაგრძნობა უნდა გვაერთიანებდეს და ვერცხლის მოყვარეობა ერთმანეთს არ უნდა გვაშორებდეს. დე, ასეთ საქმეებში და არა ამის საპირისპირო ქმედებებში ვლინდებოდეს ჩვენი აღმსარებლობა"...
როგორც მაცხოვრის მიმართ ჩვენი რწმენა, ჩვენმა საქმეებმა შეიძლება წარმოაჩინოს, ასევე უფალს შეიძლება ჩვენმა ნამოქმედარმა დაგვაშოროს. მოციქული პავლეს სიტყვებით რომ ვთქვათ, "ხოლო უკუეთუ ვინმე თუისთა და უფროისღა სახლეულთა არა მოღუაწე იყოს, სარწმუნოებაი უარ-უყოფიეს და არს იგი ურწმუნოისა უძუირეს" (1 ტიმ. 5:8).
2. იმის შესახებ, თუ რა არის ღმერთი
2.1. ღმერთი ერთია და არა მრავალი. "ვრცელ კატეხიზისში" ხაზგასმულია, რომ რწმენის სიმბოლოში "მრწამსთან" ერთად ჩვენ წარმოვთქვამთ სიტყვებს "ერთი ღმერთი" და "ეს იმის გამოა, რომ უარყოფილ იქნას მრავალი ღმერთის არსებობის შესახებ წარმართების ყალბი სწავლება".სიტყვები - "ერთი ღმერთი" - მოცემულ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ აღმსარებელმა სხვა ღმერთებიდან, ერთი რომელიმე, მისთვის მოსაწონი ღმერთი გამოარჩია. ღმერთთან მიმართებით სიტყვა "ერთი" ეკლესიის IV საუკუნის მასწავლებლის, რუფინის მიერ შემდეგნაირად არის განმარტებული: "როდესაც ჩვენ ვაცხადებთ, რომ აღმოსავლურ ეკლესიებს სწამთ ერთი ღმერთი, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ერთი რაოდენობრიობიდან გამორჩეულ ერთს კი არა, ერთს გულისხმობს (unum non numerî diei, sed universitate), ანუ სისრულეს გულისხმობს. თუ ვინმე ერთი ადამიანის შესახებ საუბრობს, რაოდენობიდან ერთ გამორჩეულს გულისხმობს: რადგან შესაძლებელია მეორე, მესამე და ა. შ. არსებობდეს. მაგრამ, სადაც საუბარია ერთადერთის შესახებ, აქ სხვა ან მესამე არ შეიძლება ვიგულისხმოთ და ასეთ შემთხვევაში ერთი არა რაოდენობიდან არის გამორჩეული, არამედ მხოლოდ ერთი და სრულია ნაგულისხმევი. თუ მაგალითად, ვამბობთ ერთი მზე, მზე ერთია და მას არ შეიძლება სხვა ან მესამე დაემატოს (IV საუკუნეში მრავალი მზის შესახებ არ საუბრობდნენ, - რ. ჩ.). მით უმეტეს, როდესაც ღმერთთან დაკავშირებით ერთს ვიტყვით, ვგულისხმობთ არა რაოდენობიდან ერთ გამორჩეულს, არამედ ერთ მთლიანობას და სისრულეს, ეს კი ნიშნავს, რომ სხვა ღმერთი არ შეიძლება არსებობდეს".
ამრიგად, აქ "ერთი" ისეთ ერთადერთს ნიშნავს, რომლის მსგავსიც არ არსებობს. ამის გამო ამბობს ტერტულიანე რწმენის შესახებ in unicum Deum. საგულისხმოა, რომ ანტიოქიის ეკლესიის უძველეს მრწამსში ორივე მნიშვნელობაა გამოყენებული, აქ დაწერილია "ერთი და ერთადერთი ღმერთის შესახებ" (in unum et soium Deum) (იქვე).
თუმცა, ჩვენი მრწამსი ერთდროულად ერთ და ერთადერთ ღმერთს რომ ქადაგებდეს, მრავალი ღმერთის თაყვანისმცემელი წარმართისათვის მაინც გაუგებარი იქნებოდა, რატომ არის, რომ ღმერთი, რომელიც მართლმადიდებლებს გვწამს, არის ერთადერთი. წარმართი თავის მხრივ მართალია, რადგან მის ცნობიერებაში მომქმედი სწავლების მიხედვით, სრულიად ერთადერთი ღმერთის შესახებ საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელია. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ უნდა გავერკვეთ: რას ვგულისხმობთ სიტყვაში "ღმერთი" და რა შინაარსის მატარებელია ჩვენი სწავლება ღმერთის შესახებ?
ნათელია, რომ მონოთეისტური წარმოდგენა ღმერთის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამართლებული, თუ ღმერთი იქნება აბსოლუტური, თვითკმარი, ყველაფრისაგან დამოუკიდებელი, მისი არსებობა არაფრით იქნება განპირობებული და თუ ის, როგორც ყოფიერების, ისე ყოველგვარი სრულყოფის სრული მფლობელია. უფალი იმიტომაა ერთი, რომ ის აბსოლუტურია, და უფალი აბსოლუტურია, რადგან ის ერთია. თუ დავუშვებთ, ამ ერთადერთი ღმერთისაგან განსხვავებულ რაიმე სხვა ისეთი პრინციპის ან ისეთი საწყისის არსებობას, რომელიც ამ ერთ ღმერთზე იქნება დამოკიდებული, ან ღმერთზე მეტი იქნება, ან ღმერთის ტოლი იქნება, ან ღმერთზე ნაკლები იქნება, ეს უკვე თავისთავად იგულისხმებს, რომ ღმერთი მთელ ყოფიერებას ვერ ფლობს და, შესაბამისად, თავადაც არ წარმოადგენს სრულყოფილებას, ანუ არ არის აბსოლუტური. არქიეპისკოპოსი მაკარი (ბულგაკოვი) წერდა: "თუ იქნებოდა მრავალი ღმერთი, როგორღა იქნებოდა ღმერთი გარეშემოუწერელი? სადაც ერთი იქნებოდა, იქ, რა თქმა უნდა, ვერც მეორე და ვერც მესამე ვერ იქნებოდა".
ფილოსოფიური კორექტულობით მიღებული დასკვნა თავისთავად საინტერესოა, მაგრამ ღვთისმეტყველებისათვის საკმარისი ვერ იქნება. ღვთისმეტყველება ჭეშმარიტებად იმას მიიჩნევს, რაც ღმერთის ერთებასთან დაკავშირებით ღვთაებრივ გამოცხადებაში უდაოდ და ნათლადაა წარმოდგენილი, მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს: "იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ და არა არს სხუა ღმერთ ჩემსა გარეშე" (რჯლ. 32:39). "რათა გულისხმა-ჰყო დღეს გონებასა შენსა, რამეთუ უფალი თავადი არს ღმერთ ზეცათა შინა და ქვეყანასა ზედა და არა ვინ არს მისა გარეშე სხუაი ღმერთი" (რჯლ. 4:39). "ესე არს ცხორებაი საუკუნოი, რაითა გიცოდიან შენ მხოლოი ჭეშმარიტი ღმერთი" (იოან. 17:3).
"არავინ არს ღმერთ სხუა?" (1 კორ. 8:4).