2. წმინდა წერილი და მისი თავისებურებები
2.1. წმინდა წერილი. ბიბლია
2.1. წმინდა წერილი. ბიბლია
სახელწოდება წმინდა ან საღვთო წერილი თავად წმინდა წერილიდან არის აღებული. მოციქული პავლე თავისი მოწაფის, ტიმოთეს მიმართ წერდა: "აკი სიყრმითგანვე იცნობ საღვთო წერილსაც" (2 ტიმ. 3:15).
"ვრცელი კატეხიზისის" მიხედვით, წმინდა წერილად იწოდება "წიგნები, რომლებიც სულიწმიდის მადლით წინასწარმეტყველებად და მოციქულებად წოდებული ღვთივკურთხეული ადამიანების მიერ დაიწერა. როგორც წესი, ამ წიგნების კრებულს ბიბლიას უწოდებენ".
ასეთი სახელწოდების შესახებ ცნობილია, რომ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ქ. ბეირუთიდან დაახლოებით 20 კმ-ზე, არის ამჯერად არაბული, ხოლო წარსულში ფინიკიური ქალაქი ჟიბოლი. წმინდა წერილში ეს ქალაქი გებალად მოიხსენიება (ეზეკ. 27:9). ბერძნები ამ საპორტო ქალაქს "ბიბლოსს" უწოდებდნენ, ვინაიდან ამ პორტის გავლით საბერძნეთში საწერი მასალა შემოჰქონდათ. მოგვიანებით სიტყვა "ბიბლოსმა" ბერძნებისათვის წიგნის მნიშვნელობა შეიძინა. ამრიგად, სიტყვა "ბიბლია" თავისი შინაარსით წიგნებს ნიშნავს.
2.2. წმინდა წერილის ღვთივსულიერების შესახებ
წმინდა წიგნების ერთ-ერთი გამორჩეული თავისებურებაა მათი ღვთივსულიერება "მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო - სასწავლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის შესაგონებლად" (2 ტიმ. 3:16), ბრძანებს მოციქული პავლე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ წიგნების ერთადერთი ჭეშმარიტი ავტორი თავად უფალია. ღვთივსულიერების გაგების განმარტების შესახებ საჭიროა რამდენიმე სიტყვა ითქვას. ხშირად ღვთივსულიერება არასწორად განიმარტება. არსებობს მოსაზრება, რომ წმინდა წიგნებს უშუალოდ ადამიანები წერენ, ხოლო სულიწმიდა იმის გარანტიას ქმნის, რომ ავტორი ერეტიკული ცდუნების მსხვერპლი არ გახდეს. ასეთ თვალსაზრისს ფაქტობრივად ღვთივსულიერების უარყოფამდე მივყავართ, რადგან წმინდა წიგნები შინაარსობრივად ადამიანური შემოქმედების ნაყოფი გამოდის, ხოლო სულიწმიდას მნიშვნელობა სულიერი ცენზორის დონემდეა დაყვანილი, რომელიც ადამიანს არანაირი ყალბი შეხედულების დაფიქსირების საშუალებას "არ აძლევს".
მეორე უკიდურესობაა ადამიანის ყოველგვარი თავისუფლების უგულებელყოფა. ამ თვალსაზრისით ადამიანი ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელიც ღვთაების ნებას მექანიკურად აფიქსირებს. სინამდვილეში, დოგმატური და ზნეობრივი თვალსაზრისით, წმინდა წიგნები ღვთივშთაგონების შედეგად იქმნება, მაგრამ ავტორის პიროვნული თავისებურება მაინც ხელშეუხებელი რჩება. წმინდა წიგნის წერა შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ადამიანისგან დაძაბულ ინტელექტუალურ შრომას მოითხოვს. იმისათვის, რომ ეს მოსაზრება სარწმუნო გახდეს, თვალი გადავავლოთ ლუკას სახარების დასაწყისს: "რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა, როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი, მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე, რათა შეიცნო იმ მოძღვრების უმცდარობა, რაც გისწავლია" (ლუკ. 1:1-4). ბიბლიურ წიგნებში ავტორის ინდივიდუალური თავისებურებებია ასახული და ამიტომ ისინი ერთმანეთისგან, როგორც სიტყვით, ისე სტილით განსხვავდებიან.
ღვთივსულიერების სრულად განმარტება პრაქტიკულად შეუძლებელია. მივაქციოთ ყურადღება, რა მიზეზით ვუწოდებთ წმინდა წერილის ყოველ წიგნს ღვთივსულიერს, ხოლო სხვა მეტად მნიშვნელოვან ლიტერატურას, მაგალითად წმინდა მამების თხზულებებს და ჰიმნოგრაფიულ ლიტერატურას ასე არ ვიხსენიებთ, თუმცა, ხშირად, ისინიც ღვთივსულიერი ადამიანების მიერ იყო დაწერილი. წმინდა წერილსა და მეტად მნიშვნელოვან ქრისტიანულ ლიტერატურას შორის განსხვავება შეიძლება ავტორობითა და თანაავტორობით გამოვარჩიოთ. წმინდა მამების თხზულებები და საეკლესიო საგალობლების ავტორები და შემდგენლები არიან ადამიანები, უფალი მათ მხოლოდ შთააგონებს და ამით უწევს დახმარებას. წმინდა წიგნების ნამდვილი ავტორი კი თავად ღმერთია. უფალი განსაზღვრავს ამ წიგნების დოგმატურ და ზნეობრივ შინაარსს და ამ შემთხვევაში ადამიანი მხოლოდ უფლის ნების განმახორციელებელია, თუმცა არა მექანიკური, არამედ შემოქმედებითი, ღმერთი თავისი ჩანაფიქრით ადამიანის თანაავტორად გვევლინება.
წმინდა წერილის შესწავლის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ წმინდა წერილს აქვს ორი - ღვთაებრივი და ადამიანური მხარე. ღვთაებრივი მხარე გულისხმობს, რომ წმინდა წერილი თავის თავში ღვთივგამოცხადებულ ჭეშმარიტებას მოიცავს. ადამიანური მხარე კი გულისხმობს, რომ ეს არის მარადიული, უცვლელი ჭეშმარიტება, რომელიც გარკვეულ ეპოქაში ადამიანურ ენაზეა განცხადებული და მიეკუთვნება გარკვეულ კულტურას. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ბიბლიურ წიგნებში მისი ავტორის ეპოქის დამახასიათებელი კოსმოლოგიური, საბუნებისმეტყველო და ისტორიული თავისებურებებია ასახული. როდესაც ვამბობთ, რომ წმინდა წერილი მოიცავს ღვთივგანცხადებულ ჭეშმარიტებას, ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ ეს მხოლოდ სარწმუნოებრივ და ზნეობრივ ჭეშმარიტებებს ეხება, შესაბამისად სულაც არ არის აუცილებელი რომ ბიბლია ასევე ჭეშმარიტი იყოს ისტორიული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების თვალსაზრისით.
გაგრძელება იქნება