ნაწილი პირველი
ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ
თავი I
ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ
თავი I
ღვთის შემეცნების გზები
3. ღვთის შემეცნების ზებუნებრივი გზა
3.1. ღვთაებრივი გამოცხადება, როგორც ღვთის შემეცნების საშუალება3. ღვთის შემეცნების ზებუნებრივი გზა
ღვთის შემეცნების ბუნებრივი გზა წარმოადგენს ღმერთის შეცნობის მხოლოდ საწყის და არასრულყოფილ საშუალებას. ასეთმა ხერხმა შეიძლება, ჯერ ერთი, მხოლოდ ზოგადი და ბუნდოვანი წარმოდგენა შეგვიქმნას ღმერთის, როგორც სამყაროს შემოქმედისა და განმგებლის შესახებ და მეორე, ამ ხერხით სარგებლობა მხოლოდ ისეთი ადამიანისათვის არის შესაძლებელი, რომელსაც ღმერთის შესახებ გარკვეული წარმოდგენა უკვე გააჩნია. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ღვთის ბუნებრივი შემეცნების ხერხით სარგებლობა მხოლოდ ზებუნებრივი ხერხის გამოყენების, ანუ ისეთი ხერხის საფუძველზეა შესაძლებელი, რომლის დროსაც ადამიანს თავად ღმერთი აწვდის გარკვეულ ცოდნას საკუთარი პიროვნების შესახებ. ამ მეთოდს უწოდებენ ცოდნის მიღებას ღვთაებრივი გამოცხადების საშუალებით. "ვრცელ კატეხიზისში" ვკითხულობთ: "იმას, რასაც ღმერთი თავად გვაუწყებს, რათა ჩვენი რწმენა სწორი და გამომხსნელი ძალის მქონე იყოს და ამავე დროს ღირსეული თაყვანი მივაგოთ უფალს, ღვთაებრივ გამოცხადებას უწოდებენ".
"მართლმადიდებლურ რწმენასთან დაკავშირებული სწავლების საფუძვლები" სათავეს სწორედ ღვთაებრივი გამოცხადებიდან იღებს.
უმთავრესი ყურადღება უნდა მივაქციოთ სიტყვას "გამომხსნელი". ღვთაებრივი გამოცხადების უმთავრესი და საბოლოო მიზანი ადამიანის სიკვდილის ტყვეობიდან გამოხსნა-გადარჩენაა. ამიტომ უფალი იმ რაოდენობის ცოდნას გვაწვდის, რამდენიც ჩვენი გამოხსნის საქმისათვის იქნება სასარგებლო.
3.2. ღვთაებრივი გამოცხადების მაუწყებლები და გამოცხადების იესო ქრისტეში აღსრულება
"ადამიანების სამშვინველისა და სხეულის ცოდვიანობისა და უწმინდურების გამო" ღმერთთან "პირისპირ" ურთიერთობა ყველას არ ძალუძს და "ყოველ ცალკეულ პიროვნებას არ გააჩნია უნარი უშუალოდ ღმერთისაგან მიიღოს გამოცხადება". ამიტომ ღმერთმა "საკუთარი სწავლების გადასაცემად ისეთი პიროვნებები გამოიყენა, რომლებსაც შესწევთ ძალა, ღვთაებრივი გამოცხადება მიიღონ და ეს ცოდნა დაინტერესებულ ადამიანებს გაუზიარონ".
ასეთ პიროვნებებს მიეკუთვნება ადამი, ნოე, აბრაამი, მოსე და ძველი აღთქმის ყველა ის წინასწარმეტყველი, რომლებიც "ღვთაებრივი გამოცხადების საწყისებს" ახმოვანებდნენ. ღვთაებრივი გამოცხადება არ არის ერთჯერადი აქტი, ის ხანგრძლივი პროცესია. ძველი აღთქმის ჟამი იმით გამოირჩევა, რომ იქ აშკარად ჩანს ღვთაებრივი გამოცხადების თანმიმდევრული მოწოდება იმისათვის, რათა ქრისტეს მობრძანებამდე კაცობრიობა შესაბამისად მომზადებულიყო. ახალ აღთქმაში ჩვენ ვხედავთ პროცესის დასრულებას და ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა აღსრულებას უფალი იესო ქრისტეს მიწიერ ცხოვრებაში, ჩვენი გამოხსნისათვის საჭირო "სწავლება და ღვთაებრივი გამოცხადება მთელი სისრულით... ღმერთის განკაცებაში იქნა წამოდგენილი".
დაწერილია: "ღმერთი არავის არასოდეს უხილავს: მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა" (იოან. 1:18).
"...არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას" (მთ. 11:27).
3.3. ახალი აღთქმის გამოცხადების უნივერსალურობა
იესო ქრისტეში ახალი აღთქმის გამოცხადებას "ყოველი ადამიანისათვის, საჭირო და გამომხსელი მნიშვნელობა აქვს", რადგან უფალს "ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას" (1 ტიმ. 2:4).
ამაღლებამდე, როდესაც იესო ქრისტე თავის მოციქულებს საქადაგებლად გზავნიდა, ბრძანებდა:
"მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე" (მთ. 28:19-20).
ამრიგად, იესო ქრისტეს ღვთაებრივი გამოცხადება მიმართულია ყოველი ერისადმი და ეს მიმართვა არც ერთ დროს არ დაკარგავს თავისი მოქმედების ძალას.
3.4. ახალი აღთქმის გამოცხადების სისრულე
იმის გამო, რომ იესო ქრისტემ თავისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე მთელი სიმრთელითა და სისრულით წარმოაჩინა ღვთაებრივი გამოცხადება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ყველაფერი გაგვაჩნია, რაც საჭიროა გამოხსნისათვის. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები "მრავალგზის და მრავალგვარად" (ებრ. 1:1) საუბრობდნენ, რადგან ყოველი მათგანი მხოლოდ იმ მცირე ინფორმაციას ახმოვანებდა, რომელიც მას, როგორც ადამიანს ღმერთისგან შეეძლო მიეღო. იესო ქრისტეში გამოცხადება არ არის ფრაგმენტული, მასში ცოდნა მთლიანია და სრული, რადგან ქრისტე არ არის ის ადამიანი, რომელმაც ღმერთის შესახებ ზოგიერთი რამ იცის, ქრისტე თავად არის ღმერთი. ეს უკვე ღმერთის შეცნობის საქმეში ჩვეულებრივი ადამიანური გამოცდილების შედეგად მოპოვებული ცოდნის მოწმობა კი არ არის - იესო ქრისტეში თავად ღმერთი ცხადდება და ღმერთი თვითონ მიწმობს საკუთარი პიროვნების შესახებ.
უფალი ასწავლიდა თავის მოწაფეებს, "...გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან" (იოან. 15:15). როდესაც მოციქულები იესო ქრისტეს სწავლებას ქადაგებდნენ, ცდილობდნენ, განეცხადებინათ "ღვთის მთელი ნება" (საქმ. 20:27). ამიტომ ქრისტეს შემდეგ ახალი გამოცხადება ან რომელიმე მესამე აღთქმის არსებობა შეუძლებელია. ყველა, ვინც ცდილობს ღვთივგანცხადებულ იესო ქრისტეს სწავლებაში რაიმე შეცვალოს ან რაიმე დაუმატოს ამ სწავლებას, ანათემირებულია პავლე მოციქულის მიერ: "თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს" (გალ. 1:8).