ნაწილი პირველი
ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ
თავი I
ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ
თავი I
ღვთის შემეცნების გზები
1. ღვთის შემეცნების ბუნებრივი და ზებუნებრივი გზები
1. ღვთის შემეცნების ბუნებრივი და ზებუნებრივი გზები
საბუნებისმეტყველო მეცნიერულ ცოდნას ადამიანი ბუნებაზე დაკვირვების, მისი კვლევისა და ექსპერიმენტირების საშუალებით, ხოლო ისტორიულ ცოდნას ისტორიული ძეგლებისა და შესაბამისი დოკუმენტების შესწავლის გზით ღებულობს. ჩნდება კითხვა: როგორ უნდა მოიკვლიოს ადამიანმა ცოდნა ღმერთის შესახებ? მატერიალისტი სწავლულები, ადამიანის ცნობიერებაში ღვთის რწმენის გაჩენას, გარემო სამყაროს დამახინჯებულად და სინამდვილის ფანტასტიკურ ფორმებში ასახვას უკავშირებენ. ასეთი თეორია პრაქტიკულად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ადამიანმა შეიძლება სინამდვილე არასწორად აღიქვას, მაგალითად, ბაწარი შეიძლება გველად მოეჩვენოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მისთვის დაახლოებით მაინც უნდა იყოს ცნობილი, როგორ გამოიყურება გველი. უკიდურეს ჩრდილოეთში მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც ამ სითბოსმოყვარე რეპტილიებთან შეხება არ ჰქონიათ, ასეთ შეცდომას არასოდეს დაუშვებენ. შესაბამისად, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ბუნებრივ მოვლენაში რაღაც ზებუნებრივი დაინახო, აუცილებელია ამ ზებუნებრივ არსებაზე წინასწარ რამენაირი წარმოდგენა მაინც გაგაჩნდეს. ამიტომ, ძნელი არ არის, დავასკვნათ: ღმერთის შესახებ ჩვენი ცოდნის მთავარი წყარო მხოლოდ თავად ღმერთი შეიძლება იყოს. თუმცა ადამიანის შემეცნების ობიექტი მხოლოდ ის სივრცეა, რომელშიც თავად ადამიანი იმყოფება, ხოლო ღმერთი ვინაიდან ამ სამყაროს უშუალო შემომქმედია, თავის მიერ შექმნილი სამყაროს ნაწილი არ შეიძლება იყოს: "ერთ არს ღმერთი და მამაი ყოველთაი, რომელი ყოველთა ზედა არს" (ეფ. 4:6), - ნათქვამია წმინდა წერილში. ფილოსოფიური ენით, რომ ვთქვათ, ღმერთი სამყაროსთან მიმართებაში ტრანსცენდენტური, ანუ ამქვეყნიურობის მიღმიერია. ღმერთის შესახებ გარკვეული წარმოდგენა, რა თქმა უნდა, ადამიანს თვითონაც შეიძლება შეექმნას, მაგალითად, ისევე როგორც მხატვრის ნამუშევრების დათვალიერების დროს ჩვენ შეიძლება მხატვრის შესახებაც შეგვექმნას წარმოდგენა. ამ პრინციპით სამყაროში არსებული სილამაზის, ჰარმონიის, მიზანშეწონილობისა და სხვა სიკეთეების შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ღმერთი შევიცნოთ, მაგრამ ეს მაინც მხოლოდ ჩვენს თვალსაზრისზე აგებული შეხედულება იქნება. თავისი შინაარსით ასეთი ცოდნა სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის სულის რეაქცია, რომელიც II-III სს-ში მცხოვრები ქრისტიანი აპოლოგეტის, ტერტულიანეს სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი თავისი ბუნებით ქრისტიანია. ღვთის მიერ ქმნილი სამყაროს საშუალებით ღმერთის შესახებ ცოდნის მოპოვებას, ბუნებრივი გზით ღვთის შემეცნებას უწოდებენ.
2. ბუნებრივი ღვთისშემეცნების ორი განსხვავებული გზა
ა) კოსმოლოგიური დაკვირვების გზა, როდესაც ადამიანი სამყაროს ჭვრეტის პროცესში მიდის დასკვნამდე, რომ ხილული სამყარო არ შეიძლება არ იყოს ქმნილი და მას უეჭველად უნდა ჰყავდეს შემომქმედი. წმინდა წერილში არაერთხელ არის მითითებული, რომ ღმერთის შეცნობის პროცესში გარკვეულ წარმატებებს მის ქმნილებაზე დაკვირვების შედეგად შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა, მაგალითად დაწერილია:
"ამაონი არიან ბუნებით ყველანი, ღვთის უმეცრებაში მყოფნი, რომელთაც ხილულ სიკეთეგან ვერ შეძლეს შემეცნება არსებულისა და ვერც საქმეთა მიხედვით გამოიცნეს ხელოვანი; არამედ ან ცეცხლი, ან ქარი, ან სწრაფი ჰაერი, ან ვარსკვლავთა წრე, ან წყალი, ან ცის მნათობები მიიჩნიეს სამყაროს განმგებელ ღმერთებად" (სიბრძ. 13:1-2).
"და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება: ასე რომ, არა აქვთ პატიება" (რომ. 1:20).
"ჩვენ ვერასოდეს ვუწოდებთ ბრძენს, ვისაც არ ძალუძს ან არ სურს ღმერთი შეიცნოს მისი ქმნილების ჭვრეტის შედეგად", - გვასწავლის მაქსიმე აღმსარებელი.
წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, სამყაროს ჭვრეტდე და მის შემოქმედს ვერ ხედავდე - ნიშნავს, შუადღის ნათელში ვერაფერი დაინახო.
ბ) თვითშემეცნების გზა. როგორც წმინდა იოანე დამასკელი (VIII ს.) ბრძანებს: "არ დაგვტოვა ჩვენ ღმერთმა სრულ უცოდნელობაში, რადგან მის მიერ ბუნებითად არის შთათესილი ყველაში ცოდნა იმისა, რომ არსებობს ღმერთი" (მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი პირველი). ამიტომ "თუ საკუთარ არსს ჩაუკვირდები, შენ არ გექნება აუცილებლობა ეძებო სამყაროს შემომქმედი მის ქმნილებაში, რადგან თვითშემეცნების შედეგად, მცირედშიც იხილავ დიდ სიბრძნეს შენი შემომქმედისას".
"თავისი ბუნებით ნამდვილ გაუგებრობაში არიან ის ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონიათ ღმერთის შეგრძნება, რომლებმაც ხილული სრულყოფილებისა და საქმეების ნამდვილი მიზეზი ვერ დაინახეს".
"უფლის მარადჟამიერი ძალა და ღვთაებრიობა, აშკარად მოჩანს მის შესაქმეში, დაბადებიდან მოყოლებული მის ქმნილებათა არსობაზე დაკვირვებაში", გვასწავლის წმინდა ბასილი დიდი.