ეკლესია საზეიმოდ უკურთხებიათ. მას ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე და კავკასიის ყველა ქრისტიანი მეფე დასწრებია. ბაგრატ III ისტორიაში შევიდა არა მხოლოდ როგორც საქართველოს განმათავისუფლებელი და გამაერთიანებელი, არამედ როგორც ქუთაისისა და ნიკორწმინდის დიდებული ტაძრებისა და ბედიის მონასტრის აღმშენებელი, სადაც ამჟამად მისი ცხედარი განისვენებს.
ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ქალაქს უქიმერიონის მთიდან გადმოჰყურებს, რომელზეც ადრე ციხე მდგარა, შემდეგ კი უზარმაზარი ჯვარი აღუმართავთ ქრისტიანობის უძლეველობისა და დამპყრობლებისადმი ქართველთა დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ.
ტაძრის გუმბათი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობის ოთხ მძლავრ ბურჯზე იყო დაყრდნობილი.
წირვა-ლოცვასა და გამორჩეულ საეკლესიო დღესასწაულებზე მეფე-დედოფალთა და დიდებულთა დასასწრებად ტაძრის დასავლეთ მხარეს გამოყოფილი იყო პატრონიკე-გალერეა, რომელსაც საიმედოდ იჭერდა ოთხი რვაწახნაგოვანი დედაბოძი და სწორკუთხა შვერილები.
გალავნის შუაგულში მდგარ დიდ, ოთხკონქიან ტაძარზე ზღაპრული ცხოველების რელიეფურად გამოსახული კაპიტელებით მორთული სამი პორტიკი ყოფილა მიშენებული, ტაძრის შიდა კედლებსა და ფასადებს ამშვენებდა ჩუქურთმებით შემკული დეტალები და ფრაგმენტები, რომლებიც წლების განმავლობაში ტაძრის ეზოში ეწყო და უცხოელ მკვლევართა განსაკუთრებული დაკვირვების საგანს წარმოადგენდა.
ბაგრატის ტაძრის მყარმა კონსტრუქციამ მუსლიმან დამპყრობთა არაერთი შემოსევა და დარბევა მოიგერია. იგი ხუთი საუკუნე უვნებლად იდგა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ტაძარი 1692 წელს "შემუსრეს ოსმალთა". დანგრევის შემდეგ თურმე მას საწყობად იყენებდნენ.
ერთ-ერთი უცხოელი მოგზაურის ფრაზას თუ გამოვიყენებთ, "მთის ძირას გაშლილ ქუთაისს დღესაც ეს წმინდა კედლები მფარველობენ, ზემოთ, მთის წვერზე კი გელათის მონასტერი დგას"...
ძნელბედობის ჟამს ყოველთვის მოუვლენდა ღმერთი ძლიერ მეფე-მონარქებს საქართველოს ბაგრატიონთა დინასტიიდან - ბაგრატ მესამის, დავითის, თამარის, არჩილის, ლუარსაბის, დემეტრეს, ქეთევანის და სხვათა სახით...
შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების მშვენება გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ქუთაისის ბაგრატის ტაძრის აგებიდან თითქმის საუკუნის შემდეგ, 1106-1125 წწ-ში აშენდა, უკავშირდება ქართველთა უძლეველი მეფის, დავით აღმაშენებლის სახელს, რომლის სამეფო რეზიდენცია ქუთაისში იყო სატახტო ქალაქის გათავისუფლებამდე.
გელათის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც ბაგრატის ტაძარი, ქალაქი-მუზეუმი მცხეთა და ზემო სვანეთის უძველესი საეკლესიო ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია შეყვანილი, რაც საერთაშორისო მზრუნველობის გარდა, მათ უნიკალურობასა და მსოფლიო აღიარებაზე მეტყველებს.
გელათი ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე წყალწითელას ხეობაში მდებარეობს. ღვთისმშობლის შობის სახელობის ცენტრალურგუმბათოვანი ტაძარი გალავნით შემოზღუდულ მოედანს გადაჰყურებს.
უხვად განათებული ტაძრის გაშლილი შიდა სივრცე და მდიდარი დეკორაცია მნახველზე საზეიმო შთაბეჭდილებას ახდენს.
მთავარ აფსიდურ კონქში გადმოგვცქერის მარიამ ღვთისმშობელი ყრმა იესოთი, მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებთან ერთად. ეს ფრესკა, შესრულების ურთულესი ტექნიკითა და მხატვრული ღირებულებით, მსოფლიოს მოზაიკური ხელოვნების უიშვიათესი ნიმუშია.
კედლებზე, ერთმანეთის თავზე და გასწვრივ, მრავლად არის წარმოდგენილი მაცხოვრისა და მარიამ ღვთისმშობლის ცხოვრებისეული ეპიზოდები, სახარებიდან აღებული მნიშვნელოვანი ფრაგმენტები და აპოკრიფული ლიტერატურით შთაგონებული სცენები.
ზოგიერთ მოხატულობაზე გამოსახული არიან ცნობილი საეკლესიო და ისტორიული პირები. მაგალითად, ტაძრის ჩრდილოეთით, ქვედა ზოლში - იმპერატორი კონსტანტინე და ელენე დედოფალი, რომლებიც, ეკლესიაში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიის ფუძემდებლებად ითვლებიან IV საუკუნიდან. აქვეა დავით აღმაშენებლის ერთადერთი შემორჩენილი პორტრეტი. მას გვერდს უმშვენებენ იმერეთის მეფე-დედოფლები: დედოფალი რუსუდანი, მეფეთ მეფე გიორგი უფლისწულ ბაგრატთან ერთად... ფრესკაზე დავით აღმაშენებელს მღვდელმსახურის სამოსი აცვია. სპეციალისტთა ვარაუდით, ეს პორტრეტები რამდენიმეჯერ განუახლებიათ ადრინდელი გამოსახულების მიხედვით.
გელათის სამონასტრო ანსამბლი მოიცავს წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის მცირე ზომის ტაძრებსაც, რომლებიც XIII ს-ში უნდა იყოს აშენებული. ისინი თითქმის იმეორებენ ღვთისმშობლის შობის მთავარი ტაძრის სტილსა და არქიტექტურულ ფორმებს. მეტად შთამბეჭდავია წყაროზე დაფუძნებული სამრეკლო გახსნილი თაღებით.
XII ს-დან ტაოს ხახულის მონასტრიდან (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) გელათის ღვთისმშობლის შობის მთავარ ტაძარში გადმოუსვენებიათ შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ძეგლი ხახულის კარედი ხატი. აქ თავიდან მოუპერანგებიათ, პატიოსანი თვლებით, აჟურული ვარდულებით, რელიეფური ორნამენტებით შეუმკიათ და სხვადასხვა დროისა და ფორმის ტიხრული მინანქარითა და ჯვრებით მოურთავთ, იგი საქართველოს აღორძინების ხანისთვის დამახასიათებელი დახვეწილი გემოვნებითა და მაღალი მხატვრული ოსტატობით არის შესრულებული. ხატის ორივე კარის ბოლოში მოხსენიებული არიან დავით აღმაშენებელი და მისი ძე დემეტრე. ხატი რამდენჯერმე გაიძარცვა, შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები. დღეს ის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის საკუთრებაა. ხახულის კარედი და გელათის დიდებულება განაცვიფრებს მკვლევრებს: "ეს არის ოქროს, ძვირფასი ქვებისა და მინანქრის ზეიმი, ქართული საოქრომჭედლო ხელოვნების შედევრი...
სამეფო მავზოლეუმი და მონასტერი - გელათის ციტადელი ამ მზიან ამინდში სრული სისავსით გადმოგვცემს ქრისტიანი ერის ბრწყინვალებას, რომელიც საბოლოოდ თავისუფალია იმ რწმენის აღმსარებლობაში, მისი კულტურა რომ საუკუნეებით საზრდოობდა.
საქართველოს ტერიტორიაზე... ყველგან ძველი და ფესვგადგმული ქრისტიანობის ნიშნებს ვაწყდებით. ტაძრების ქვები ისე გულგრილნი არიან დროის მიმართ, თითქოს მარადიულობით განმრჭვალულან და ამით ღმერთს ეპაექრებიან", - წერს იტალიელი არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე და კინოდოკუმენტალისტი პიჩირილო.
წმინდა დავით აღმაშენებელმა, რომელმაც ინება ტაძრის მთავარ შესასვლელში დაკრძალულიყო, რათა მლოცველებს მის საფლავზე ფეხი დაედგათ, სიკვდილის წინ შექმნა სინანულის ჰიმნი, ანუ "გალობანი სინანულისანი", რომელსაც ქართული ეკლესია დღესაც იყენებს ლიტურგიაში ღვთისადმი მიმართვის დროს:
"არაი უხილავს მზესა ქალწული დედაი, თვინიერ შენსა,
არცა ჩემოდნად ბრალეულსა - ნათელი მისი,გარნა მე შენითა ოხითა, დედოფალო,
ვესავ ხილვად ნათელსა ძისა შენისასა
და ნათელსა ზეშთა საუკუნეთასა".
გელათის მონასტრის რესტავრაციაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულში დაიწყო. 2000 წლიდან მონასტრის ეზოში შემოსასვლელი მთავარი კარიბჭე და დავითის საფლავთან მისასვლელი ქვაფენილი აღადგინეს, რესტავრაცია ჩაუტარდა ღვთისმშობლის ტაძრის კანკელს, განახლდა დავითის დროინდელი უძველესი მარანი, გადაიხურა სასულიერო აკადემიის შენობა. ამ აკადემიაში მოღვაწეობდნენ იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი, არსენ ბულმაისიმისძე, მოგვიანებით - პეტრე გელათელი, ანტონ პირველი, ზაქარია გაბაშვილი და სხვები. დავითისა და თამარის დროს გელათი განათლების, მეცნიერების, მთარგმნელობითი საქმიანობისა და სულიერების უდიდეს კერას წარმოადგენდა. იმ პერიოდში გელათს "ახალ ათინად" და "ახალ ისრუსალიმადაც" კი მოიხსენიებდნენ მართლმადიდებელ სამყაროში. სარესტავრაციო სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე.
ახლახან ჯვარი დაადგეს ბაგრატის ტაძრის გუმბათსაც და, როგორც ვარაუდობენ, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე მთლიანად დასრულდება...
***
გელათის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ტრადიციების აღდგენაზე ფიქრი ჯერ კიდევ XIX ს-ის 30-იანი წლებიდან დაწყებულა; იმჟამინდელ თბილისის სასულიერო სემინარიის გამგეობას შუამდგომლობით მიუმართავს რუსი ეგზარქოსის იოანესთვის ქუთაისის სასემინარო რიტორიკის კლასების გახსნის თაობაზე. ამ ნაბიჯს შედეგი არ მოჰყოლია, დასავლეთ საქართველოს სამღვდელოებას ათეული წლები დასჭირდა ამ საქმის მოსაგვარებლად. იმერეთის ეპისკოპოსის, წმინდა გაბრიელ ქიქოძის თაოსნობითა და მეცადინეობით, ქუთაისის სასულიერო სემინარიის გახსნა მხოლოდ 1894 წლის 18 სექტემბერს გახდა შესაძლებელი.XX ს-ის მიწურულს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) მონდომებით, 1990 წელს აღდგა გელათის სასულიერო აკადემია, 1995 წელს წმინდა გაბრიელ ქიქოძის სახელობის სასულიერო სემინარია, ამავე წელს გაიხსნა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, 2001 წლიდან კი დაარსდა ქუთაისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი. დაარსების დღიდან 2009 წლამდე, პატრიარქის ბრძანებით, ეპარქიის სასულიერო აკადემიის, სემინარიის, სასწავლებლის და საღვთისმეტყველო ინსტიტუტის რექტორი მეუფე კალისტრატე გახლდათ, 1995 წლიდან შექმნილ გელათის მეცნიერებათა აკადემიას კი წლების განმავლობაში სათავეში ედგა აკადემიკოსი მაგალი თოდუა.
რა სიახლეებით ხვდებიან ახალი სასწავლო წლის დაწყებას ქუთაის-გაენათის ეპარქიის სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროფილის სასულიერო სასწავლებლები? ამ თემაზე ვესაუბრეთ რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტს, საქართველოს საპატრიარქოს დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის თავმჯდომარეს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ამჟამინდელ პრეზიდენტს, აკადემიკოს იოანეს (გამრეკელი).
- მეუფე იოანე, გელათის მეცნიერებათა აკადემიამ რა საქმიანობა გასწია 17 წლის მანძილზე და რა პრობლემების წინაშე დგას ამ ეტაპზე?
- გელათის მეცნიერებათა აკადემიამ საქმიანობა 1995 წლიდან დაიწყო. უწმინდესს სურდა, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში ყოფილიყო სამეცნიერო აკადემია. ეს ტრადიცია არ არის მთლად უცხო, როგორც უფალი ამას ქადაგებს, ეკლესია აერთიანებს რწმენას და ცოდნას, წმინდა მამებიც აღნიშნავენ, რომ აუცილებელია რწმენისა და ცოდნის ერთობა. აკადემიის პირველი პრეზიდენტი იყო ამ იდეის ერთ-ერთი ინიციატორი, ცნობილი ირანისტი, მთარგმნელი, აკადემიკოსი მაგალი თოდუა. დამფუძნებულთა შორის იყვნენ ცნობილი მეცნიერები: კორნელი დანელია, თამაზ ბუაჩიძე, ზურაბ ჭუმბურიძე, დამანა მელიქიშვილი, მზექალა შანიძე, გიორგი მჭედლიშვილი და ავთანდილ ნიკოლეიშვილი, მიხეილ ქურდიანი, რომელიც ბ-ნი მაგალი თოდუას პრეზიდენტობის ორი ვადის გასვლის შემდეგ აკადემიის პრეზიდენტად აირჩია სამეცნიერო საბჭომ. ახლახან მე ამირჩიეს ამ აკადემიის პრეზიდენტად.
ყოველწლიურად ეწყობა სემინარები, რომელსაც გელათობას ვამთხვევთ. ამ დღეს მოხსენებებს კითხულობენ ცნობილი მეცნიერები, იმართება დისკუსია სხვადასხვა საკითხზე. ჩვენს მეცნიერთა რიგებს გამოაკლდნენ აკადემიის პირველი წევრებიდან თამაზ ბუაჩიძე, კორნელი დანელია და ალექსი ჭინჭარაული, რაც ძალიან სამწუხაროა.
რაც შეეხება პრობლემებს: ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ამ აკადემიის საქმიანობის გამართვა, მეცნიერებათა აკადემიას საქმიანობისათვის სჭირდება შესაბამისი ლაბორატორიები და კვლევითი ინსტიტუტები, სამეცნიერო ბაზა შემოქმედებითი მუშაობისათვის. ეს კი დამატებით დაფინანსებასთან არის დაკავშირებლი. თავიდან გამოგვიყვეს შენობა ქუთაისის ხარების ტაძრის მახლობლად, რომელიც ეპარქიის მმართველობას გადაეცა. შენობა ამორტიზებულია. რემონტის გაკეთება ჩვენი აკადემიის სახსრებისათვის მიუწვდომელია. ვიმედოვნებთ, მეუფე კალისტრატე ეპარქიის ძალებით შეძლებს მის გარემონტებას და ამის შემდეგ აკადემიის ფუნქციონირება ქუთაისში გაგრძელდება. ჩვენი აკადემიკოსების შეხვედრა დროებით თბილისში ხდება. ამას წინათ ძალიან საინტერესო ნაშრომები წარმოადგინეს სესიაზე ისტორიკოსებმა: იულონ გაგოშიძემ და ზაზა ალექსიძემ. აკადემიას უცხოელი წევრებიც ჰყავს და ისინიც გვაცნობენ თავიანთ მეცნიერულ გამოკვლევებს.
- თეოლოგიის დარგში თუ არიან მეცნიერები აკადემიაში და თუ განიხილავენ მათ სამეცნიერო ნაშრომებს?
- თეოლოგიის დარგში შემოგვემატა ბ-ნი ედიშერ ჭელიძე, ნაწილობრივ, შეძლებისდაგვარად, მეც ამ მიმართულებით ვმუშაობდი. ქალბატონმა დამანა მელიქიშვილმა პეტრიწის ნაშრომზე შეადგინა ლექსიკონი, რომ ფილოსოფიური ტერმინოლოგია თანამედროვე ქართულ ენაში დაინერგოს.
ორ თვეში ერთხელ გამოვცემთ ჟურნალს "გელათის მეცნიერებათა აკადემია", რომლის დამაარსებელია ბ-ნი მაგალი თოდუა, ამ ჟურნალით დაინტერესებული მკითხველი ეცნობა ახალ მეცნიერულ ნაშრომებს.
თავიდან, როდესაც ქუთაისში ვიკრიბებოდით, ადგილობრივი ეპარქიის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები ესწრებოდნენ მოხსენებების განხილვას და საინტერესო დისპუტები იმართებოდა სტუდენტებსა და მეცნიერებს შორის, ეს ურთიერთობა აუცილებლად აღდგება...
- აღდგა გელათის აკადემიის შენობა. გამოიყენებთ მას ბაზად თუ ამ შენობას მხოლოდ სამუზეუმო დანიშულება ექნება?
- ამ შენობას ჯერჯერობით მხოლოდ სანახაობითი მნიშვნელობა აქვს, როგორც მუზეუმს. ასეთ უზარმაზარ დარბაზში, ცხადია, თანამედროვე სასწავლო ან თუნდაც სამეცნიერო პროცესი ვერ წარიმართება, თუმცა გამორიცხული არ არის თემატური კონფერენციებისა და სემინარების მოწყობა. გელათის ტერიტორიაზე კიდევ ბევრ რამეს აღმოაჩენენ არქეოლოგები. მაგრამ რამდენად შესაძლებელი იქნება ყველაფრის აღდგენა, ძნელია ლაპარაკი. აქ აუცილებლად იქნებოდა ბერების საცხოვრებელი სენაკები. ის რამდენიმე სენაკი, რომლებიც გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზეა, მოგვიანებით, XIX ს-შია აშენებული, ერთი მათგანი წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის დროინდელია. აკადემიის ახალაღდგენილი დარბაზი ნამდვილად ძველი ნაგებობაა, შესაძლებელია დავითის დროინდელიც იყოს, ისე, როგორც მარანი.
- თქვენი აზრით, მოხერხდება მივუახლოვდეთ განათლების იმ დონეს, რომელიც XII ს-ში იყო გელათის აკადემიაში?
- მაშინდელი განათლების კერა მონასტერთან იყო დაკავშირებული. სულიერისა და მიწიერის, ხილულისა და უხილავის, რწმენისა და ცოდნის ურთიერთკავშირი გულისხმობდა ისეთ გარემოში ცხოვრება-მოღვაწეობას, სადაც ადამიანი სულიერ საზრდოსაც იღებდა და გონებრივადაც იზრდებოდა, ამიტომ ძველად მონასტრები იყო საკანონმდებლო კერები, იმისთვის, რომ მიღებული ცოდნა სწორად ყოფილიყო გამოყენებული და სიღრმისეულად აღქმული. ამას თავიდანვე სწორი ზნეობრივი, სულიერი აღზრდა სჭირდება, ის საფუძველი, რაც ადამიანში არა მხოლოდ გარემოს, ცნობიერების აღქმას, არამედ მის გააზრებასა და ამ ცოდნის შემოქმედებითად გამოყენებას გულისხმობს. დღეს აკადემიის სტუდენტთა კონტინგენტი ბერები არ არიან, ისინი ამთავრებენ ჩვეულებრივ სკოლებს, ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებში, უყურებენ ტელეგადაცემებს და უფრო რთულ გარემოში იმყოფებიან, ასე რომ, ამ მხრივ მეტი ძალისხმევაა საჭრო აკადემია-სემინარიის ხელმძღვანელობისგან, რომ სწორი გეზი და მიმართულება მისცენ ახალგაზრდობას.
- უკვე სამი წელია, რაც ქუთაის-გაენათის სასულიერო აკადემია-სემინარიის, სასწავლებლის და საღვთისმეტყველო ინსტიტუტის რექტორია დეკანოზი მიქაელ გალდავა. რაიმე შეიცვალა სასწავლო პროგრამებში, სწავლების მეთოდიკაში?
- მამა მიქაელი ერთხანს თბილისის სასულიერო აკადემიის პრორექტორი იყო. იგი საუკეთესო ფილოლოგია, ჰიმნოგრაფიის დარგშიც მუშაობს, შედგენილი აქვს დაუჯდომლები, პრინციპული და მომთხოვნია, სხვაგვარად ვერ აღიზრდება სათანადო მეცნიერული კადრები. მან გარკვეული ცვლილებები შეიტანა სასწავლო პროგრამებში.
- დღეს შენარჩუნებულია ეპარქიაში ყველა ის სასულიერო უმაღლესი სასწავლებელი, რომლებიც თუნდაც 3 წლის წინ არსებობდა?
- დიახ, არის რამდენიმე სტრუქტურული ერთეული ეპარქიის განათლების სისტემაში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ავტორიზაციის პრობლემა შეიქმნა ქუთაისის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში - ინსტიტუტდამთავრებულის დიპლომს სახელმწიფო არ ცნობს და კურსდამთავრებულთა დასაქმება შეუძლებელი ხდება. საღვთისმეტყველო კი ჰქვია ამ ინსტიტუტს, მაგრამ ამზადებდა საღვთო სჯულის პედაგოგებს, დღეს საჯარო სკოლებში სჯული აღარ ისწავლება... ეს ფართო პროფილის ინსტიტუტია, მაგრამ მთავარია, მას სახელმწიფომ ლიცენზია მიანიჭოს და ამ უმაღლესმა სასწავლებელმა ფუნქცია აღიდგინოს.
- ჩვენს საპატრიარქოს ჰქონდა საჯარო სკოლები, უკანასკნელ წლებში ხომ არ შემცირებულა ამ სკოლების რაოდენობა?
- დღეს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში 40-მდე სკოლაა. თბილისში 4 ასეთი სკოლაა, სტეფანწმინდაში, თელავში, ვანში, ყვარელში, მცხეთაში, გორში, ქარელში, ხაშურში, ბათუმში, ფოთში, ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, სენაკში, სამტრედიაში, ზუგდიდში დიდი სკოლაა, ახლახან მესტიაშიც გაიხსნა, ცაგერში, წყალტუბოში, როგორც ხედავთ, თითქმის ყველა ეპარქიაში არის საეპარქიო სკოლები. მე ვიტყოდი, რომ მოთხოვნილება ამ სკოლებისა უფრო გაიზარდა. გურიაში, მაგალითად, 4 ასეთი სკოლაა, ასევე რამდენიმე სკოლაა ბათუმში. რუსთავშიც ვფიქრობდით ასეთი სკოლის გახსნას, მაგრამ სათანადო ბაზა, კადრები და დაფინანსებაა საჭირო.
- საღვთო სჯულის პედაგოგებად ვინ არიან მოწვეულნი თქვენს სკოლებში?
- ნაწილი მოძღვრები არიან, ძირითადად სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებულები, არიან საერო პირებიც, რომლებსაც სათანადო განათლება აქვთ მიღებული.
- დღეს ბევრ მშობელს უნდა, შვილი საპატრიარქოს სკოლაში შეიყვანოს, რადგან საჯარო სკოლები ვერ აძლევენ ახალგაზრდებს სათანადო განათლებას.
- საეკლესიო ოჯახები და ეკლესიის მრევლი, რომელსაც მოძღვარი ჰყავს, ეკლესიურად ცხოვრობს და ბავშვებიც ჯანსაღ გარემოში უნდათ აღზარდონ, ხშირად მოგვმართავენ თხოვნით. რაც შეეხება ყოფაქცევას და სწავლისადმი დამოკიდებულებას, ბევრად უკეთესი გარემოა ჩვენთან, ვიდრე საჯარო სკოლებში. გახსოვთ, ალბათ, რა წლები იყო საქართველოში დამოუკიდებლობის შემდეგ, სასწავლო პროცესი თითქმის ჩაშლილი იყო, ამიტომ განათლების მინისტრი იძულებული გახდა, მანდატურების ინსტიტუტი შემოეღო, სხვაგვარად ვერ აწესრიგებდნენ სკოლებში შექმნილ ვითარებას. ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ, სკოლას ჰყავს მოძღვარი, გარდა ამისა, თითოეულ კლასში არის აღმზრდელი, რომელსაც მუდმივი ურთიერთობა აქვს ბავშვებთან, აკვირდება და არეგულირებს მოსწავლეებს შორის ურთიერთობებს; ბევრ სკოლაში მოწვეული არიან ფსიქოლოგები და პედაგოგ-ფსიქოლოგები, რომლებიც გარკვეულ რეკომენდაციას აძლევენ მასწავლებლებს, რომ რაიმე პრობლემა არ შეიქმნას მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის. ესწრებიან გაკვეთილებს, ატარებენ მონიტორინგს, მეტ დროს ატარებენ რთულ ბავშვებთან. გვაქვს გახანგრძლივებული სწავლება I-დან მე-4 კლასის ჩათვლით, ბავშვები ერთად თამაშობენ, ერთად სადილობენ, ერთად ეუფლებიან სასწავლო დისციპლინებს და ეს ეხმარება მათ სოციალიზაციას და ადაპტირებას გარემოსთან.
რადგანაც მოთხოვნა დიდია, ბუნებრივია, ვერ ვაკმაყოფილებთ ყველას თხოვნას. რაიონებში ეს უფრო იგრძნობა, მაგალითად, მარტვილის სკოლა-ინტერნატში მახლობელი სოფლებიდანაც მოჰყავთ ბავშვები და შაბათ-კვირის გარდა, ფაქტობრივად, ისინი სკოლაში ცხოვრობენ. იმდენად მოსწონთ სკოლის გარემო, შაბათ-კვირასაც აღარ უნდათ ოჯახებში წასვლა. ბავშვი ინტერნატში უფრო ჩართულია შემოქმედებით საქმიანობაში: ხატავს, ქსოვს, ქარგავს, სწავლობს ხეზე კვეთას, მინანქარზე მუშაობას.
- თქვენს სკოლებში სახელმძღვანელოებიც განსხვავებული ხომ არ არის?
- ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა, რაც განათლების სამინისტროს მიერ არის დადგენილი, ყველასთვის ერთია და ამიტომ ატესტატიც არ არის სხვა სკოლებისგან განსხვავებული, მაგრამ ჩვენთან საღვთო სჯულსაც სწავლობენ საპატრიარქოს განათლების ცენტრის მიერ შედგენილი პროგრამით. ხშირად ვაწყობთ ჩვენი მასწავლებლებისთვის კონფერენციებსა და ტრენინგებს საგნობრივი კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ხდება რჩევა-დარიგებისა და გამოცდილების გაზიარება, ყველაფერი კეთდება სასწავლო პროცესის სრულყოფისა და სწავლის დონის გასაუმჯობესებლად.
- საპატრიარქოს სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების საქმიანობა რამდენად კოორდინირებულია განათლების ცენტრთან?
- ადრე ამ ცენტრს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტი ერქვა, რომლის მასშტაბი უფრო შეზღუდული იყო, თანამშრომლების კონტინგენტიც - უფრო მცირე, ამიტომ აკადემია-სემინარიების მონიტორინგსა და სასწავლო პროგრამების შესწავლას ვერ ვახორციელებდით, დღეს განათლების ცენტრში თანამშრომლობენ ცნობილი მოძღვრები: მამა თეოდორე გიგნაძე, მამა ბიძინა გუნია, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში. შარშან მამა თეოდორე ესწრებოდა ლექციებს, მისაღებ და გამოსაშვებ გამოცდებს და გარკვეული რეკომენდაციები ჰქონდა შემუშავებული. ახალი სასწავლო წლიდან მეტი აქტიურობით განვახორციელებთ მონიტორინგს ჩვენი სემინარიების, აკადემიებისა და სხვა სასწავლებლების მუშაობაზე, რათა შესაბამისობაში იყოს მოყვანილი ჩვენს მოთხოვნებთან სასწავლო პროგრამები და სასწავლო მეთოდიკა.