თანამედროვე მსოფლიო სულიერ განახლებას ეგებება, მაგრამ ბევრი ჯერაც ვერ ამჩნევს ამას: ერთნი - იმიტომ, რომ ვერ ელევიან თავიანთ ძველ ცთომილებებს და მათ კვლავაც ცხოვრებისა და სიმართლის "უკანასკნელ სიტყვად" მიიჩნევენ, მეორენი კი იმ მიზეზით, რომ თანადროულობის ტანჯვა-წამება და სიღატაკე ერთობ დიდი გახლავთ და იგი ადამიანთა მთელ ძალებს შთანთქავს. ისეთებსაც შეხვდებით, სულიერი განახლების აუცილებლობას რომ გრძნობენ, მაგრამ ახალ გზებს ვერა და ვერ პოულობენ და არ იციან, საიდან დაიწყონ... მაგრამ ახლოვდება ის "დღე", როდესაც სულიერი განახლება თავისთავად დაიწყება და თანაც იმის გამოისობით, რომ ძველი გზები და მიმართულებანი საკუთარ თავს ამოწურავენ. სულებს გულაცრუება დაეუფლება და ადამიანური ტანჯვა-წამება და ხელმოკლეობაც წარმოჩნდება...
ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის განჭვრეტა, თუ როგორ გამოიყურება ეს განსხვავებული და ახალი გზები და რა ვიღონოთ, რომ ამ გზებს ეჭვისა და ყოყმანის გარეშე დავადგეთ. კაცის ღირსებას არ შეშვენის უმწეობა და პასიურობა, გაურკვეველი "ბედისადმი" ბალღური მორჩილება. ადამიანმა უნდა გაიაზროს საკუთარი შეცდომები და არ დაემორჩილოს ამდენი უბედურების მომტან დრომოჭმულ ფსიქოზს. ადამიანი იმისათვისაა მოწოდებული, რომ სრულყოს საკუთარი სული, სიბრმავეს სძლიოს და შემოქმედებითად გამოძერწოს თავისი ახალი ბედი ზეციური მამის წინაშე.
ისტორიის ტრაგიკული მოვლენები, ამბოხებანი და უბედურებანი იმისთვის გვეგზავნება, რომ გონს მოვეგოთ და სასიცოცხლოდ არსებითზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ გავიხსენოთ შემოქმედებითი თავისუფლება და საკუთარ თავშივე მოვიძიოთ ჩვენივე სულიერი სიღრმე, რომ აქედან თავისუფლად, ვაჟკაცურად და აქტიურად დავიწყოთ ჩვენი განახლება, უპირველესად კი იმას უნდა მივაპყროთ გულისყური, რაც დავკარგეთ:
***
კაცობრიობამ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე სცადა, შეექმნა კულტურა რწმენის, გულის, ჭვრეტის და სინდისის გარეშე და აი, ახლა ეს კულტურა თავისივე უძლურების მიზეზით ნადგურდება. ადამიანებს აღარ სურთ იწამონ, რადგან საკუთრი თავი იმაში დააწმუნეს, რომ რწმენა გონებას უპირისპირდება, მეცნიერულად უსაფუძვლოა და სულის "რეაქციული" მდგომარეობაა.
ადამიანები განუდგნენ გულს, რადგან მოეჩვენათ, რომ გული ხელს უშლის ინსტინქტს, რომ იგი "სისულელისა" და სენტიმენტალობის ნაირსახეობაა და კაცს სასაცილო ვითარებაში აგდებს, ხოლო ჭკვიან კაცს ყველაზე მეტად იმის ეშინია, სასაცილოდ არ გამოიყურებოდეს, – მას ხომ მიწიერ ცხოვრებაში დამკვიდრება სურს.
ადამიანებმა უარი თქვეს ჭვრეტაზე, რადგან მათ ფხიზელ, პროზაულ "გონებას" სძულს ადამიანური "ფანტაზია" და მიიჩნევს, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი "ემპირიული" და "პროზაულია".
***
მათ ცხოვრებიდან გამოაძევეს სინდისის საწყისი, რადგან ამ უკანასკნელის ცხოველმყოფელი მოწოდებანი და საყვედურები სრულებითაც არ ჯდება ცივი გაანგარიშებისა და საქმიანი გეგმების კონტექსტში.***
ყოველივე ამის უკან კი, უგულო თავკერძობასა და თვითგანდიდებასთან ერთად, ყალბი სირცხვილი და ყალბი შიში იმალება. ადამიანებს აფრთხობთ სიღატაკესა და ჩრდილში დარჩენა, აკრთობთ, სახელი გაიგდონ ბავშვურობით, არასერიოზულობითა და სასაცილო ვითარებაში ყოფნით... დამშეული გუნება-განწყობილება, სახელის განდიდება და პატივმოყვარეობა აქ "საზოგადოებრივი აზრის" წინაშე სიმხდალეს ერწყმის.ამ ყალბ სირცხვილს ჩვენი ეპოქის უდიდესი ხელმოკლეობა და ტანჯვა-წამება გადალახავს და დაძლევს, რადგან ტანჯვა-წამება ნამდვილი და უმძლავრესი რეალობაა და ადამიანს იმგვარად აზიარებს ყოფიერებას, რომ ისინი ყოფნას სწავლობენ და არა მოჩვენებითობას, სახელის განდიდების პატივმოყვრული სურვილები კი უკანა პლანზე ინაცვლებს, ეს კი სწორედ იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ადამიანმა ისევე უნდა იწვალოს და ითმინოს (შესაძლოა, ჩაგვრისა და დამცირების მისთვის ჯერ კიდევ უცნობი ფორმებითაც), სანამ ყოველივე მოჩვენებითს, პირობითსა და ჩამკვდარს არ უკუაგდებს და სანამ შინაგანი რეალობისა და შემოქმედებითი ძალმოსილების წყარო არ ამოხეთქავს. თუ ადამიანმა კვლავ ისურვა ნამდვილი რეალობა, ყოველგვარი ყოფიერებისა და ყოველგვარი ცხოვრების სუბსტანცია, მაშინ მას გული გადაეხსნება და გაუცოცხლდება და თავისუფლად და თავდაჯერებით მიენდობა გულისმიერ ჭვრეტას, მიეახლება ღმერთს, შეურიგდება საკუთარ სინდისს და ახალი კულტურის შექმნას იმით დაიწყებს, რომ ეზიარება ქრისტეს, შექმნის ახალ მეცნიერებას, ხელოვნებას, საფუძველს ჩაუყრის ახალ სამართალს და დაამკვიდრებს სავსებით არასოციალისტურ სოციალობას...
შეუძლებელია, წინასწარ განჭვრიტო ან იწინასწარმეტყველო, თუ როდის დაიწყება ეს სულიერი განახლება, მისი განმხორციელებელნი ყველა საუკუნეში ცხოვრობდნენ და თავის საქმეს ახლაც აკეთებენ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ახლაც უნდა ვეძებოთ თანამედროვე სულიერი კრიზისის სწორი დიაგნოზი და სულიერი განახლების სწორი გზები დავსახოთ.
საამისოდ განსაკუთრებით ფილოსოფიაა მოწოდებული, როგორც სიყვარული სიბრძნისა და ღვთიურ შინაარსში ჩაღრმავების მოთხოვნილება, უზენაესი და უკიდურესად მნიშვნელოვანი საქმეების ხილულობის ნება და ჩვენი ეპოქის ფილოსოფოსნიც სწორედ ასე მოიქცევიან, თუ თავიანთ სუბიქტურ-თვითნებურ "კონსტრუქციებს", ყოველგვარ "გნოსეოლოგიურ" და "დიალექტიკურ" კომბინაციებს დაივიწყებენ და თავიანთ ძალებს საგნობრივ ჭვრეტას მოახმარენ.
მაშინ ისინი, უწინარეს ყოვლისა, თანამედროვე კულტურის სულიერ იარებს იხილავენ და მიუთითებენ.
ისინი ჩვენი კულტურის კრიზისის დიაგნოზს დასვამენ და გვიჩვენებენ, თუ რა გადაჭარბებით აფასებს თანამედროვე კაცობრიობა გრძნობად ცხოვრებასა და გრძნობად სიამოვნებას, ან როგორ ქმნის იგი უგულო კულტურას და როგორ იძირება სულიერი დაბნეულობის ქაოსში.
***
სულიერი განახლების გზების ძიებისას ისინი, პირველ რიგში, აღზრდის პრობლემებით უნდა დაინტერესდნენ, რათა გვიჩვენონ ჩვენს ეპოქაში მივიწყებული მისი უმნიშვნელოვანესი მოვალეობანი; აუცილებლად უნდა გამოვაღვიძოთ ბავშვის ინსტინქტის სულიერი საწყისი, ჩამოვუყალიბოთ პასუხისმგებლობის გრძნობა, ხოლო ადამიანებს განვუმტკიცოთ მსჯელობის საგნობრივი ძალის რწმენა და სულიერი ცხოვრების მთლიანობის ნება. სწორად უნდა შევაფასოთ მიწიერი არსებობის ის ჭაპანი, ცხოვრების მანძილზე რომ ვეწევით და ვიპოვოთ მისი სოციალური შემსუბუქების ბუნებრივი და სამართლიანი საშუალება.
განსაკუთებით მნიშვნელოვანია, შევიმეცნოთ და ადამიანებს განვუმარტოთ არსი შემოქმედებითი ცხოვრებისა – ეს ჩვენი შემდგომი თაობის უდიდესი ამოცანაა. კულტურის შემქმნელი შემოქმედებითი აქტის აგებულებას სიღრმემდე უნდა ჩავწვდეთ და ყველა სფეროსა და სულიერი მოწოდების მიხედვით ამ სიღმიდანვე განვაახლოთ იგი.
და იმისათვის, რომ ადამიანმა ეს მოწოდებანი შეასრულოს, სულისა და ცხოვრების პირველსაწყისის საფუძვლებთან მიახლება უნდა უზრუნველყოს, ახალმა ადამიანმა კვლავ უნდა შეიყვაროს სულიერი თავისუფლება, მიენდოს ცხოველმყოფელ, გულითად სიკეთეს, საკუთარ თავში ძვირფასი თვინიერება გამოძერწოს, როგორც ნამდვილი ძალის წყარო, მუხლი მოიყაროს ღვთიური სამყაროს საიდუმლოების წინაშე, თავის არსებაში განიმტკიცოს გულისმიერი ჭვრეტის ძალმოსილება, ისწავლოს სიხარული და მადლიერება და აღიდგინოს თავისი ნამდვილი რელიგიურობა.
და ის, რასაც მაშინ იგი სამყაროში გამოასხივებს, მის პირად ცხოვრებას გააცისკროვნებს და მისეულ კულტურას ჭეშმარიტი ქრისტიანობის გზით წარმართავს.