"ფილოსოფია ჭეშმარიტებას ეძებს, ქრისტიანობა კი სამუდამოდ ფლობს ამ ჭეშმარიტებას საღვთო გამოცხადების სახით. ფილოსოფია ცდილობს, გონებით ჩასწვდეს უმაღლეს საგანთა არსს, ქრისტიანობა კი გონების მეშვეობით, ფილოსოფიური მეთოდების გამოყენებით მხოლოდ იცავს
და სწორად განმარტავს გამოცხადებით მოცემულ ჭეშმარიტებებს" (კონსტანტინ სკვორცევი).
სამეცნიერო თეორიებით ღვთაებრივ ჭეშმარიტებათა წვდომა შეუძლებელია, რადგან ადამიანის გონება შეზღუდულია, ეჭვებითა და კითხვებით არის სავსე. ღვთაებრივი სიბრძნის მოსახვეჭად ზეგარდმო მადლია საჭირო, რომელიც ხანგრძლივი მოღვაწეობითა და სულიერი გამოცდილებით მიიღწევა.
ფილოსოფიური განათლების მიღებისას ადამიანი ყველაფრის ეჭვის თვალით ყურებას ეჩვევა, ამიტომაც ხშირად უჩნდებათ კითხვა: შეიძლება თუ არა, ფილოსოფოსი მორწმუნე იყოს? რა თქმა უნდა, შეიძლება. ფილოსოფოსებს შორის ბევრია მორწმუნე, ზნეობრივი და კეთილშობილი ადამიანი.
ამჯერად ჩვენი სტუმარი გახლავთ ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი ირმა წერეთელი.
- ირმა, როგორ შემოვიდა შენში სარწმუნოება და როგორ დაუკავშირდი ეკლესიას?
- მოგეხსენებათ, ჩვენი თაობა ურწმუნოების პროპაგანდით იზრდებოდა. იმ დროს ცოტა თუ ცხოვრობდა ეკლესიურად. ჩემი ბებია-ბაბუა მორწმუნე იყო, რამაც გარკვეული კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა თავად ათეისტი გახლდით. მოგვიანებით, როცა ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ჩემთვის ათეიზმზე ძნელი დასაძლევი ინტელექტუალური ამპარტავნება აღმოჩნდა. ეს ის მდგომარეობაა, როცა ადამიანი დარწმუნებულია, რომ არ სჭირდება მღვდელი და ეკლესია, რათა სწამდეს ღმერთის, ზებუნებრივი ძალის არსებობა. მე მქონდა, შეიძლება ითქვას, მსოფლიო გონის რწმენა - მწამდა, რომ არსებობს ზებუნებრივი ძალა, რომელიც სამყაროს აწესრიგებს, - მაგრამ ამისთვის სულაც არ მიმაჩნდა საჭიროდ ეკლესიაში სიარული.
რწმენისა და ცოდნის საზღვარი ადვილი გადასალახავი ნამდვილად არ არის. მით უმეტეს, ფილოსოფოსისათვის, რომლისთვისაც ძნელია უკრიტიკოდ რამის მიღება. ბუნებრივია, მეც უამრავი შეკითხვა მქონდა. საბოლოოდ ეს ასე მოხდა: 1989 წელი იყო, როცა ეროვნულმა მოძრაობამ თან მოიტანა რელიგიური ინტერესის გაღვიძებაც. ნოემბრის დიდი შიმშილობების დროს ერთ-ერთ მეგობართან ვიყავით სტუმრად. სუფრასთან რომ მიგვიწვიეს, აღმოჩნდა, რომ ერთი ახალგაზრდა მარხულობდა. მართალი გითხრათ, მაშინ ეს თავმოწონებად, მეტიჩრობად ჩავთვალე. მერე მეც დავიწყე მარხვა, მაგრამ ეს, უბრალოდ, საკვებისგან თავის შეკავება იყო. როგორც ახალმოსულებს ხშირად ემართებათ, ვმარხულობდი ზედმეტად მკაცრად. მინდოდა, მეთქვა აღსარება, მაგრამ რაღაც შინაგანი ბარიერი მიშლიდა. ჩემი მეგობრის ნათქვამმა, მარხვა აღსარების გარეშე არაფერს ნიშნავსო, გამაღიზიანა - მან ხომ, ფაქტობრივად, ჩემს შინაგან პრობლემაზე მიმითითა... აღდგომის დღესასწაულზე ვეზიარე. უნდა ვაღიარო, რომ ეს სრულიად გაუცნობიერებლად მოხდა, მაგრამ ზიარების მისტიკური ძალა იმდენად დიდია, რომ მისი მიღების შემდეგ საოცარ სულიერ აღტაცებას ვგრძნობდი. მერე ეკლესიაში სიარულიც დავიწყე, თუმცა პირველი ნაბიჯები, რომლებიც დიდხანს გაგრძელდა, წინააღმდეგობებით იყო აღსავსე. ტაძარში სიარული არ ნიშნავდა იმას, რომ ღმერთი ვიპოვე. ეკლესიის ყველა მოთხოვნას ვასრულებდი, თითქმის არ ვაცდენდი შაბათ-კვირის წირვა-ლოცვებს, ვინახავდი მარხვას, ჩაცმულობასაც კი დიდ ყურადღებას ვაქცევდი, მაგრამ სიყვარულს, სიხარულს ვერ ვგრძნობდი. მოძღვარი მეუბნებოდა, ეს განცდა უთუოდ მოვაო, მაგრამ ეს იმდენ ხანს გაგრძელდა, ვფიქრობდი, რომ ბოლოს და ბოლოს რწმენასა და ეკლესიაზე უარსაც მათქმევინებდა. შინაგანად მუდამ ძიებაში ვიყავი, დავდიოდი სხვა ტაძრებში, ვუსმენდი სხვა მოძღვრებს. და ბოლოს ვიპოვე, რასაც ვეძებდი. უამისოდ ეკლესიაში სიარული შეუძლებელი გახდებოდა.
ბედნიერი ვარ, რომ ვიპოვე მოძღვარი, რომელმაც მაპოვნინა ის მარცვალი, შინაგანი მუხტი, რომელსაც დღემდე სიხარულით მივყავარ ტაძარში.
- დაგეხმარა თუ არა ფილოსოფიური ცოდნა სარწმუნოების პოვნაში?
- ერთი მხრივ, დამეხმარა, მეორე მხრივ კი, შეიძლება ითქვას, ხელიც შემიშალა. დამეხმარა იმ თვალსაზრისით, რომ არ შეიძლება ფილოსოფიას სწავლობდე და ინტერესი არ გაგიჩნდეს მეტაფიზიკური, მიღმიერი სამყაროს მიმართ, იმ ზებუნებრივი ძალის მიმართ, რომელიც სამყაროში არსებულ კანონზომიერებებს ქმნის და მართავს. მაგრამ, მეორე მხრივ, ფილოსოფიური ცოდნა გაჩვევს, არაფერი მიიღო როგორც თავისთავად ცხადი, წინასწარ მოცემული. ყოველთვის გაწუხებს კითხვა. თუმცა, ჩემი აზრით, რწმენა შეკითხვებს არ გამორიცხავს. მორწმუნეც უნდა უსვამდეს თავის თავს უამრავ შეკითხვას. ასე რომ, ფილოსოფიური განათლება რომელიღაც ეტაპზე რწმენის მიღებაში შეიძლება ხელს გიშლიდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამგვარად მიღწეული რწმენა უფრო ღრმა და გაცნობიერებული ხდება. მასზე იოლად ვეღარ იტყვი უარს.
- როგორი ურთიერთმიმართება უნდა იყოს რელიგიასა და ფილოსოფიას შორის?
- ამ ორ სფეროს შორის დიალოგი აუცილებელია და დღეს საქართველოში ასეთი დიალოგი მიმდინარეობს, რაც მისი უწმინდესობისა და ბატონი ნიკო ჭავჭავაძის დამსახურებაა. ბატონი ნიკო ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ, ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, რომლისთვისაც თამამად შეიძლებოდა გეწოდებინათ ქრისტიანი ფილოსოფოსი. არ მახსოვს, ბატონ ნიკოს ვინმესთვის თავს მოეხვიოს თავისი რწმენა, თურმე ეზიარებოდა კიდეც, ეკლესიურადაც ცხოვრობდა. ამის შესახებ კი ბევრმა არც იცოდა. მის უწმინდესობასთან მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. თვით პატრიარქის ქადაგებებშიც ხშირად შეხვდებით ფილოსოფოსთა გამონათქვამებს. ამგვარად, ეს ორი სფერო ერთმანეთს არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს. მათი დაპირისპირება ყოველთვის ხელოვნურად ხდებოდა. მართლმადიდებელი სარწმუნოება უდიდესი სიყვარულის მუხტს ატარებს. ის იმოდენა თავისუფლებას აძლევს ადამიანს, როგორიც არც ერთ სხვა რელიგიას არ ხელეწიფება.
ხშირად გამიგონია ჩემი კოლეგების სინანულით ნათქვამი სიტყვები: "ნეტავ შემეძლოს, მეც ვიწამო". ფილოსოფიურად განწყობილ ადამიანს უამრავი კითხვა უჩნდება, რომლებზეც, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ პოულობს პასუხს. მათთან, ალბათ, უფრო ფრთხილი საუბარია საჭირო.
- შენი აზრით, რა არის ქრისტიანისთვის უმთავრესი?
- მიმაჩნია, რომ ქრისტიანმა საკუთარ თავში უნდა იპოვოს ზომიერების მარცვალი, შუალედური წერტილი, რომელსაც დაეყრდნობა, და, რაც მთავარია, შეძლოს თავის თავზე პასუხისმგებლობის აღება. სიტყვა "თავისუფლება" არც ერთ სხვა ენაში ისე არ გამოხატავს თავის ჭეშმარიტ საზრისს, როგორც ქართულში: თავისუფლება იმას არ ნიშნავს, რომ მთელი პასუხისმგებლობა სხვას გადააბარო; პირიქით, ჭეშმარიტი თავისუფლება სწორედ ის გახლავთ, როცა თავად აგებ პასუხს შენს თითოეულ ქმედებაზე და ეს პასუხისმგებლობა არსად ისე გამძაფრებული არ არის, როგორც ქრისტიანობაში.
არ შეიძლება, ქრისტიანი ეკლესიაში სხვა იყოს და იქიდან გამოსვლის შემდეგ - სხვა. ადამიანის ცხოვრების წესი და ეკლესიაში ქცევის წესი ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. მეტი რაღაა ფარისევლობა!
- როგორ გეხმარება ეკლესიური ცხოვრების გამოცდილება პროფესიულ საქმიანობაში, ხალხთან ურთიერთობაში, ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში?
- რწმენა იმ შემთხვევაში დაგეხმარება, თუ ყველაფერს სწორად შეაფასებ. მე თუ მკითხავ, რწმენის დანიშნულება პირველ რიგში ის არის, რომ კაცს მოყვასის სიყვარული ასწავლოს. უფლის ერთ-ერთი მთავარი მცნებაც ხომ ეს არის! ჩემს მეგობრებს შორის ბევრია სხვა სარწმუნოების აღმსარებელი. პირადად მე რწმენა ადამიანების სიყვარულში მეხმარება, მეხმარება, რომ ვიყო მიმტევებელი, მეხმარება ემოციების რეგულირებასა და გაწონასწორებაში, მაგრამ უმთავრესად მაინც ის მიმაჩნია, რომ ჩემი რწმენა არ იყოს რაღაც განყენებული, ყოველდღიურობას მოწყვეტილი, მხოლოდ ტაძარში არ ვიყო ქრისტიანი.
- ბოლო დროს ეკლესიებს შორის ურთიერთობა ხშირად გამხდარა კამათის საგანი. საჭიროა თუ არა ეკლესიებს შორის დიალოგი? როგორი უნდა იყოს იგი?
- გერმანიაში ყოფნისას ფილოსოფიისა და თეოლოგიის საზღვრითი საკითხების კათედრაზე ვმუშაობდი. ეს კათედრა იკვლევს საკითხებს, რომლებიც თეოლოგიისა და ფილოსოფიის გზაგასაყარზე დგას, თუმცა ამ ორ სფეროს შორის მკვეთრი საზღვარი არც არსებობს, არის რაღაც გარდამავალი ზოლი. დღეს უფრო მეტად თეოლოგიური საკითხების ირგვლივ ვმუშაობ, ამიტომ ხშირად მიწევს ეკლესიათა დიალოგზე დაფიქრება. მიმაჩნია, რომ ეკლესიათა შორის ურთიერთობა აუცილებლად ორმხრივი და გულწრფელი უნდა იყოს. არ შეიძლება, მცირე აღმსარებლობები და კონფესიები მართლმადიდებელ ეკლესიასთან თანამშრომლობას მოითხოვდნენ და ამავე დროს განუწყვეტლივ უთანხმოების საბაბის ძებნაში იყვნენ, განუწყვეტლივ პრეტენზიებს უყენებდნენ მას.
რაც შეეხება დიალოგს, ჯერ ერთი, ძალიან ძნელია, დოგმატური საკითხების ირგვლივ ასეთი დიალოგი წარიმართოს და რომც მოხერხდეს, საეჭვოა, ამან რამე მოგვცეს, რადგან ყველა აღმსარებლობის მთავარი დოგმატი ის არის, რომ იგი ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოებაა. ამ დებულებას არც ერთი ეკლესია არ გადაუხვევს. ვფიქრობ, დიალოგი აუცილებლად უნდა გაიმართოს, მაგრამ მხოლოდ სოციალურ საკითხებზე.
- დაბოლოს, რას უსურვებ "კარიბჭის" მკითხველებს?
- დაე, რაც შეიძლება დიდი სიყვარული ჰქონოდეთ ღვთისა და ადამიანისა, რადგან "ღმერთი სიყვარული არს".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი