ახალგაზრდა ადამიანისთვის ძალზე რთულია ცხოვრების გზის არჩევა და მერე მასზე სიარული ისე, რომ ყოველთვის ღმერთთან ერთობაში იმყოფებოდეს.
თუკი ახალგაზრდას არჩეულ გზაზე შედგომა არ აღელვებს და მასზე არ ფიქრობს, ეს პირველ რიგში იმაზე მეტყველებს, რომ გულგრილი ადამიანია, რის გამოც წარმატებას ვერ მიაღწევს.
თითოეულ ადამიანს თავისი მოწოდება აქვს. უფალმა ადამიანი თავისუფალი შექმნა. ღმერთი პატივს სცემს ადამიანის თავისუფლებას და ნებას აძლევს თითოეულს, მის მიერ არჩეული გზით იაროს. ცხოვრების გზის არჩევისას ადამიანი არანაირ ზეგავლგნას არ უნდა ემორჩილებოდეს.
მშობლები, მოძღვარი, მასწავლებლები ადამიანზე ყოველგვარი ზეწოლის, ძალდატანების გარეშე უნდა დაეხმარონ მას, აირჩიოს ის ცხოვრება, რომლის ზიდვასაც შეძლებს და საკუთარ მოწოდებას მისდიოს. ცხოვრების გზის არჩევასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას თვითონ ახალგაზრდა უნდა იღებდეს. ჩვენ - დანარჩენებს შეგვიძლია, მხოლოდ და მხოლოდ გამოვხატოთ ჩვენი აზრი. მხოლოდ იმის უფლება გვაქვს, რომ ახალგაზრდებს სწორი გზის არჩევაში დავეხმაროთ.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ არ შეიძლება, დააძალო ბავშვებს ის აკეთონ, რაც მათ მშობლებს მოსწონთ, თუკი ეს ყველაფერი თავად ბავშვებისათვის მოსაწონი არ არის. ადამიანს ბავშვობის ასაკიდანვე ეტყობა, თუ რა არის მისი მოწოდება. ბერი პაისი თავის ქადაგებაში "ახალგაზრდების მღელვარება არჩეული ცხოვრების გზაზე შედგომისას" წერს: ,,როდესაც ვხედავ, რომ ყმაწვილები სპეციალობის არჩევისას მერყეობენ, მათ ასეთ რამეს ვურჩევ ხოლმე: "კარგად დააკვირდით, რომელი მეცნიერება თუ პროფესია მეტად გაინტერესებთ, ის უნდა აკეთოთ, რისკენაც მიდრეკილება გაქვთ". თუკი ყმაწვილი ან ქალიშვილი აპირებს იმ გზის არჩევას, რისი მიდრეკილებაც არ აქვს, ვურჩევ ხოლმე, გული იმას მიუძღვნან, რაც მათ ინტერესებში შედის, რომ ეს ყველაფერი სასიკეთოდ წაადგეთ. ანუ, მე ვეხმარები, ის საქმე აირჩიონ, რაც მეტად მოსწონთ და პროფესიაც მათსავე ძალებს შეესაბამებოდეს. მთავარია, რასაც ისინი აკეთებენ, საღვთო საქმე იყოს. ვიღაცას მუსიკისკენ აქვს მიდრეკილება?! დაე, ის გახდეს, მაგალითად, კარგი მუსიკოსი ან საეკლესიო მგალობელი და თავისი გალობით დაეხმაროს მსმენელს, რომლებიც მისი გავლენით ეკლესიასა და ლოცვას შეიყვარებენ. ვინმეს ფერწერისკენ აქვს მიდრეკილება?! დაე, ის მხატვარი ან ხატმწერი გახდეს და ღვთისმოსაობით წეროს ხატები, რომლებიც სასწაულებს აღასრულებენ. ვიღაცის მოწოდება მეცნიერებაა?! დაე, თავი მიუძღვნას მას და ღვთისმოსაობით იღვაწოს ამ სფეროში".
დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება მხოლოდ იმის გამო, რომ თავისი სამუშაო არ უყვარს. ისინი გამუდმებით საათზე იყურებიან და მოუთმენლად ელიან, შინ წასვლის დრო როდის მოვა. მაგრამ თუკი ადამიანი თავისი სამუშაოთი გატაცებულია, მისდამი სიყვარულს გრძნობს და მისთვის სულერთი არ არის ის საქმე, რასაც აკეთებს, ამ დროს რაც უფრო მეტს მუშაობს იგი, თავისი საქმისადმი მით მეტი მოშურნეობით განეწყობა. მაშინ ადამიანი მთელი არსებით ეძლევა საქმეს და როდესაც წასვლის დრო დგება, გაკვირვებით კითხულობს: "რა დრო გასულა?" ის ივიწყებს ჭამას, ივიწყებს სმას, აბსოლუტურად ყველაფერს ივიწყებს. მთელი დღის მშიერიც რომ იყოს, შიმშილს მაინც ვერ გრძნობს, უძინარიც რომ იყოს, არ ეძინება. არა მხოლოდ არ ეძინება, უხარია კიდეც, რომ ძილის სურვილი არ აქვს. მას შიმშილი და გამოუძინებლობა არ აწუხებს. სამუშაო ასეთი ადამიანისათვის დღესასწაული და ზეიმია. თუკი ადამიანი თავის საქმეს უსიყვარულოდ აკეთებს, იღლება.
თუკი ადამიანი სიმდაბლითა და სიყვარულით შრომობს, ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, განწმენდილი, კურთხეული, სიხარულის მადლმოფენილი იქნება და თავადაც შინაგანად ძალების მოზღვავებას იგრძნობს. ხოლო თუკი კაცმა შეიწყნარა ბოროტი ზრახვა და ჰგონია, რომ საქმეს სხვაზე უკეთ უძღვება, შესაძლოა, გარკვეულ კმაყოფილებას განიცდიდეს კიდეც, მაგრამ ეს კმაყოფილება მის გულს აღავსებს, რამდენადაც ამ დროს სული არ განიწმინდება და სიმშვიდეს ვერ მოიხვეჭს.
ბერი პაისი გვასწავლის, რომ სამუშაო უბრალოდ უნდა გვიყვარდეს და მასზე შეყვარებული არ უნდა ვიყოთ. თუკი ადამიანს თავისი სამუშაო არ უყვარს, ორმაგად იღლება: ფიზიკურად და სულიერად. და რამდენადაც სულიერად გადაღლილია, ძალას დასვენებაც კი ვერ აღუდგენს. სულიერი დაღლილობა - აი, არაქათს რა აცლის კაცს! როდესაც მთელი გულით მუშაობს და სიხარულს განიცდის, ადამიანის სულიერი ძალები არ იფიტება და ხორციელი დაღლილობა ადვილად იხსნება.
მამა პაისი წერს, თითოეული ადამიანი მოვალეა კეთილად მოიხმაროს მისთვის მინიჭებული შესაძლებლობები. როდესაც ადამიანს რამენაირი ნიჭით აჯილდოებს, ღმერთი ხომ პასუხსაც მოსთხოვს მათთვის. მაგალითად: გონება კაცისა - ეს მისთვის მინიჭებული ძალაა, მაგრამ იმის შესაბამისად, თუ როგორ მოიხმარს თითოეული ადამიანი ამ გონებას, მას შეუძლია, სიკეთეც აკეთოს და ბოროტებაც. თუკი ძალიან დიდი გონიერებით დაჯილდოებული ადამიანი მას კეთილად მოიხმარს, შეუძლია, გააკეთოს საწარმო, რომლის საშუალებითაც სხვებს დაეხმარება. თუმცა მისთვის ბოძებული შესაძლებლობების არასწორად გამოყენების შემთხვევაში ადამიანმა შეიძლება მოყვასის გაძარცვაც კი მოინდომოს. მაგალითად ავიღოთ მხატვრები, თავიანთ ნახატებს გაზეთებსა და ჟურნალებში რომ ბეჭდავენ. ერთი ნახატი, ერთი სურათი შეიძლება მთელ მოვლენებს ასახავდეს. თუ ამ მხატვრებმა საკუთარი გონების მოქნილობა სწორად გამოიყენეს, ამით განწმიდნეს ის და ეხმარებიან როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებსაც. დღეს ძალიან ბევრი ასეთი ხელოვანი ადამიანებს უკეთურ საქმეს უკეთებს: თუ ისინი უსირცხვილოები არიან, კიდევ უფრო უსირცხვილოებს ხდიან, თუ ისინი სასაცილოები არიან, კიდევ უფრო დასაცინებად აქცევენ. ანუ: ეს ადამიანები ღმერთმა განსაკუთრებული ნიჭებით და შესაძლებლობებით რომ დააჯილდოვა, სხვებს ან სიკეთეს მოუტანენ, ანდა იმ სიკეთესაც ართმევენ, რაც მათ აქვთ. მაშინ როდესაც ის, ვისაც განსაკუთრებულული შესაძლებლობები არ აქვს, მართალია, დიდი სიკეთის გაკეთებას ვერ შეძლებს, მაგრამ არც დიდი ბოროტების ჩადენა შეუძლია.
ადამიანმა თავისი ლოცვით, თავისი ქრისტიანული ცხოვრებით უნდა აკურთხოს თავისი შრომა და იკურთხოს თავად. თუკი სამსახურში ადამიანს სხვები ექვემდებარებიან და მათზე პასუხისმგებელია, იგი სულიერადაც უნდა შეეწეოდეს მასზე დაქვემდებარებულ ხალხს. თუკი ვინმეს კეთილი შინაგანი მდგომარეობა აქვს, იგი აკურთხებს თავის საქმიანობასაც.
მართლმადიდებლური სწავლების თანახმად ნებისმიერი პროფესია შეიძლება იყოს კურთხეული. მაგალითად, ექიმს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ მედიცინაში უმთავრესად ყველაფერი ღვთის შეწევნაზეა დამოკიდებული. ამიტომ იგი უნდა შეეცადოს, საღმრთო მადლის ჭურჭელი გახდეს. ექიმი, რომელიც კარგი და კეთილი ქრისტიანია და ამავე დროს კარგი სპეციალისტიცაა, ავადმყოფებს თავისი სიკეთითა და თავისი სარწმუნოებით ეხმარება, რადგან უნერგავს მათ, ავადმყოფობას ვაჟკაცურად და რწმენით დაუხვდნენ. როდესაც საქმე სერიოზულ ავადმყოფობასთან აქვს, ექიმმა ავადმყოფს უნდა უთხრას: "მედიცინა თავისთავად, თავისი შესაძლებლობებით ამ დონეზეა განვითარებული, თუმცა იქ, სადაც ადამიანური ცოდნა საკმარისი არ არის, არსებობს ღმერთი, რომელიც სასწაულებს აღასრულებს".
მასწავლებელი კი უნდა ცდილობდეს, თავისი მსახურება კეთილად აღასრულოს და ბავშვების სულიერ ხელახლა შობას უწყობდეს ხელს, რადგან ბავშვების სულიერი გარდაქმნა ყველა მშობელს არ შეუძლია, თუნდაც ის კეთილად იყოს განწყობილი. როდესაც ბავშვებს რომელიმე მეცნიერებას ასწავლის, მასწავლებელი თან იმასაც უნდა ცდილობდეს, რომ ისინი კარგი ადამიანები დადგნენ. სხვაგვარად მიღებული განათლება მათ არანაირ სიკეთეს არ მოუტანს. საზოგადოებას სჭირდება მართალი ადამიანები, რომლებიც, რა საქმიანობასაც არ უნდა ასრულებდნენ, ყველაფერს კარგად გააკეთებენ. მასწავლებელი მარტო იმას კი არ უნდა ამოწმებდეს, კარგად ისწავლეს თუ არა ბავშვებმა გაკვეთილი, არამედ სხვა საკითხებსაც ყურადღებით უნდა ეკიდებოდეს, მაგალითად, მოსწავლეების სათნოებებსა და ხასიათის დადებით შტრიხებს. შეფასება, რომელსაც ღმერთი უწერს ბავშვებს, ყოველთვის არ შეესაბამება მასწავლებლების მიერ დაწერილ ნიშნებს. ვიღაცის ორიანი შესაძლოა ღვთისთვის ხუთიანი პლუსით იყოს, ხოლო ვიღაცის ხუთიანი პლუსით ღვთისთვის იქნებ ორიანიც კი აღმოჩნდეს. დაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროფესია ადამიანს ადამიანად ვერ აქცევს
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი