რელიგიური განცდა, მსოფლმხედველობრივი წარმოდგენები ადამიანისთვის, როგორც ღმერთის ქმნილებათა მწვერვალისათვის, "ღვთის ხატებით" დაჯილდოებული არსებისათვის არის დამახასიათებელი. ყოველი ადამიანი მოწოდებულია ღვთაებრივი მსგავსების ძალა შეიძინოს და მიაღწიოს სულიერ და ინტელექტუალურ სრულყოფას. ეს მისი თანდაყოლილი მაცხოვნებელი სათნოებებია. ადამიანს საუკუნეთა წინათაც აღელვებდა ყოფნა-არყოფნის მარადიული კითხვები, აფიქრებს დღესაც და ასევე იქნება მომავალში.
ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ შემოქმედებითი სფეროს, მეცნიერების სხვადასხვა დარგის მოღვაწენი.
"ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, - წერს საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი, - როცა საქართველომ დაკარგა პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ავტოკეფალია, ერის სულიერი წინამძღვრობა ქართველმა მეცნიერებმა იტვირთეს. საქართველო წარმოუდგენელია მეცნიერების გარეშე, წარმოუდგენელია ჩვენი სახელოვანი მოღვაწეების გარეშე. რწმენასთან შეერთებული ცოდნა და ჩვენი ეროვნული ფასეულობანი გადაარჩენს საქართველოს".
"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია II-სთან მქონდა რამდენიმე შეხვედრა, - იხსენებს აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე, - ჩვენი ურთიერთობა დაკავშირებულია ქართველ ჩოხოსანთა კავშირის და საზოგადოება "მემორიალის" საქმიანობასთან. უწმინდესი არჩეულია საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების პრეზიდენტად". უფალი ადამიანებს სხვადასხვა ნიჭს და შესაბამისად, პასუხისმგებლობას ანიჭებს. ზოგს ერთ ტალანტს აძლევს, ზოგს - ხუთს ან ათს, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება.
აკად. მ. სალუქვაძე ჩვენს სინამდვილეში ფართოდ ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე გახლავთ. მრავალრიცხოვან დიპლომსა და ჯილდოსთან ერთად მის მეცნიერულ საგანძურს ამშვენებს "საპატრიარქო სიგელი".
"ქართველი ერის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ბატონი მინდია სალუქვაძე დაჯილდოვდეს საქართველოს საპატრიარქო სიგელით. ღმერთმა დალოცოს იგი და მისი ოჯახი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II"
"კაცობრიობის შემოქმედებითი აზროვნება ვითარდება ახალი სახის ენერგომატარებლების აღმოჩენების მიმართულებით, - ბრძანებს მეცნიერი, - სიცოცხლე დედამიწაზე და მთლიანად სამყაროში არსებულ ენერგორესურსებზეა დამოკიდებული. ადამიანი ხომ უფლის შემოქმედებაა და მისი მფარველობა არ მოაკლდება მას. თანდათანობით კლებადი ენერგორესურსები შეიცვლება ახალი სახის წყაროებით, განვითარდება ტექნოლოგიები მზის ენერგიის გამოყენების პრობლემური საკითხების პარალელურად".
როგორც უწმინდესი აღნიშნავს, ყოველ ერს თავისი იდეა აქვს, ჩვენი იდეა ვლინდება ჭეშმარიტების მსახურებაში, რაც უპირველესად გამოიხატა უფლისადმი ჩვენს უდიდეს სიყვარულში, მის ერთგულებასა და თავგანწირვაში.
"ეკლესიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში, - აღნიშნავს მკვლევარი, - თითოეულ ჩვენგანს ჩვენი დიდი წინაპრების მიერ გადმოცემული მსოფლმხედველობა გვაქვს, რომელიც მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზეა დაფუძნებული. ჩვენი ზნეობა, ფასეულობები, კულტურა ამ ღირებულებებზე იქმნება. ჩვენი ეროვნული ცნობიერება შედუღაბებულია სარწმუნოებასთან. ქრისტიანობამ გადაარჩინა ქართველი ერი და მიუძღვის მომავლის გზაზე.
ჩვენს ეპოქაში უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლის ისტორიული მისია, მისი სიბრძნე, პროგრესული აზროვნება და უაღრესად დიდი სიყვარული".
მეცნიერი იხსენებს მოკრძალებულ შეხვედრებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან კალისტრატე ცინცაძესთან.
"დედაჩემი ცინცაძეების გამორჩეული გვარის წარმომადგენელი გახლდათ. ვიზრდებოდი მამიდაჩემთან, რომელიც სიონის საკათედრო ტაძრის მეზობლად ცხოვრობდა. იგი დიდად მორწმუნე გახლდათ და სისტემატურად ესწრებოდა წირვა-ლოცვებს, რომელსაც პატრიარქი აღავლენდა. მეც მასთან ერთად დავდიოდი ეკლესიაში და ხშირად ვეზიარებოდი. პატრიარქი წირვის შემდეგ პატარა კოვზით მურაბითაც გვიმასპინძლდებოდა. პატრიარქი ცხოვრობდა სიონის ეზოში, მტკვრის ნაპირას, ორსართულიან ხის სახლში. იმ პერიოდში მტკვრის მარჯვენა სანაპირო არ იყო დაგებული და წყალდიდობის დროს წყალი შენობის პირველ სართულს ფარავდა. სახლი იდგა მტკვრის გასწვრივ, ზურგით მდინარისკენ, გაჰყურებდა ეკლესიას. წინ იყო მოგრძო სათამაშო მოედანი, ჩვენც გაკვეთილების შემდეგ იმ ადგილას ვიკრიბებოდით და ფეხბურთს ვთამაშობდით. პატრიარქი ხშირად გამოდიოდა, გვესაუბრებოდა, გვეფერებოდა. კათოლიკოს-პატრიარქი მშვენიერი გარეგნობის დინჯი ადამიანი გახლდათ, თეთრწვერა, თბილი, მოკრძალებული ხმა ჰქონდა. დღესაც თვალწინ მიდგას მისი ნათელი სახე".
თავისი ცხოვრების მანძილზე ადამიანი ყოველთვის განიცდის მუდმივ განახლებას. ასე რომ არ იყოს, გაუჭირდებოდა მიწიერი ცხოვრება. ამით უფალი უადვილებს ადამიანს ჯვარს, რომ მან ქვეყნიური ცხოვრება განვლოს და გახდეს მკვიდრი სასუფევლისა. ადამიანის განახლებისთვის საჭიროა მხოლოდ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული, სასოება. ეს სამი სათნოება თუ გვექნება, მაშინ გავხდებით მკვიდრნი სასუფევლისა.
მეცნიერებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საზოგადოების ცხოვრებაში. საინტერესო მოსაზრებებს გამოთქვამს ღვაწლმოსილი მკვლევარი რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთობების საკითხზე: "ეს ურთიერთობები უფრო მჭიდროა, ვიდრე ჩანს. მოჩვენებითია ის წინააღმდეგობები, რომლებიც პერიოდულად ისტორიაში ჩნდებოდა ხოლმე. რელიგიასა და მეცნიერებას შორის პრობლემები არ არსებობს. ღვთისმეტყველება რწმენის საკითხებს იკვლევს. მეცნიერება კი ადამიანის შემოქმედებითი ძიების პროცესია. რელიგია გვასწავლის, რა არის შემოქმედის ნება, მისი განკარგულება, ხოლო მეცნიერება სწავლობს კონკრეტულ ფიზიკურ კანონებს.
ცნობილი მეცნიერები, სახელგანთქმული მოღვაწეები არ უარყოფდნენ სარწმუნოებას".
ისააკ ნიუტონი, რომელიც განცვიფრებული იყო სამყაროს მოვლენათა საოცარი მოწესრიგებულობით, წერს: "სამყაროს მექანიკურ მოძრაობებს არ შეიძლება საწყისად იგივე მექანიკური მიზნები ჰქონდეს. მზის, პლანეტების, კომეტების ასეთი უმშვენიერესი შეერთება არ შეიძლება მომხდარიყო სხვაგვარად, თუ არა უძლიერესი და უბრძნესი არსების განზრახვით და ნებით... ის განაგებს ყველაფერს არა როგორც სამყაროს სული, არამედ როგორც სამყაროს მბრძანებელი, რომელიც თავისი ძალაუფლების შესაბამისად უნდა იწოდებოდეს ღმერთად, ყოვლისმქმნელად".
კაცობრიობის ცივილიზაცია, ხვალინდელი დღე წარმოუდგენელია რწმენისა და რელიგიის გარეშე. სწორედ რელიგია ქმნის საზოგადოების ზნეობრივ და სულიერ წანამძღვრებს.
არქიმანდრიტი
ელისე წერეთელი
ელისე წერეთელი