"გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ქართული ფილოსოფიური აზროვნების აღმავლობაში გამორჩეულად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართველმა ფილოსოფოსებმა:
ნიკო ჭავჭავაძემ, ზურაბ კაკაბაძემ, თამაზ ბუაჩიძემ, ედუარდ კოდუამ. მათ კვლევის სიახლითა და სიღრმით, არაორდინარული აზროვნებით ახალი სინათლე მოჰფინეს ჩვენს ქვეყანაში ფილოსოფიური კვლევის კულტურის განვითარებას. ქართული ფილოსოფიის ეს ახალი თაობა, ერთგული თავისი სამშობლოსი, ყოვლად ქართულის, მეცნიერებაში ჭეშმარიტების მსახური, ჯერ კიდევ შემოქმედებითი აღმასვლის წლებში ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან და ღვთიური სასუფეველი მოიპოვა", - ასეთი სიტყვებით აფასებს თავისი კოლეგებისა და უახლოესი მეგობრების ღვაწლს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი მერი ჭელიძე. ქალბატონმა მერიმ ღრმად შთამბეჭდავი "ხსოვნის ფურცლები" მიუძღვნა თავისი თაობის გამორჩეული ქართველი ფილოსოფოსების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ცალკეული ფრაგმენტების აღწერას. ამჯერად იგი "მართებულობის აპოლოგეტ ფილოსოფოსზე" - ბატონ ედუარდ კოდუაზე გვესაუბრება.
ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი ედუარდ კოდუა დაიბადა სენაკში (მაშინდელი ცხაკაია), 1929 წლის 14 ოქტომბერს. წარჩინებით დაამთავრა პირველი საშუალო სკოლა და შემდეგ - პედაგოგიური ტექნიკუმი. იქვე მიიღო მასწავლებლის გამოცდილება. ასწავლიდა ისტორიას და პოლიტიკურ ეკონომიას. 1949 წელს ჩაირიცხა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკულტეტის ლოგიკის სპეციალობაზე.
ედუარდ კოდუა პროფესორ კოტე ბაქრაძის გამორჩეულად საყვარელი სტუდენტი და შემდეგ ასპირანტი იყო. მასწავლებელსა და ახალგაზრდა მეცნიერს შორის ახლო ურთიერთობა არ შეწყვეტილა ბატონი კოტეს გარდაცვალებამდე, ხოლო მოღვაწეობის შემდეგ პერიოდში ედუარდ კოდუა დარჩა თავისი პროფესორის გულწრფელ დამფასებლად, მისადმი დიდი მოკრძალებითა და პატივისცემის გრძნობით აღსავსე წერდა მონოგრაფიებსა და გამოკვლევებს, ბიობიბლიოგრაფიულ ნარკვევებს, ბევრს მუშაობდა დიდი მეცნიერის, ასევე ყველა გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის ნაღვაწის გამოცემის, რედაქტირებისა და ღირსეულად დაფასებისათვის. უდიდესი შრომა, დრო და ენერგია იყო საჭირო - მოეკვლია, გაეშიფრა და გამოექვეყნებინა პროფესორ კოტე ბაქრაძის სადოქტორო დისერტაციასთან დაკავშირებული პოლიტიკურ-იდეოლოგიური რეპრესიების ამაზრზენი ფაქტები. სხვა შემთხვევებშიც ასეთ მძიმე სამუშაოს ედუარდ კოდუა უშურველად და მთელი მონდომებით ასრულებდა.
- უკვე 8 წელი გავიდა ედუარდ კოდუას გარდაცვალებიდან. ამბობდნენ, ბატონმა ედუარდმა მძიმე ბავშვობა გაიარაო. მან შემდეგაც არაერთი მძიმე განსაცდელი იწვნია. გთხოვთ გვესაუბროთ მისი ცხოვრების შესახებ...
- ედუარდ კოდუას არ უყვარდა თავისი ცხოვრების დეტალებზე საუბარი. ახლო მეგობრებთანაც პიროვნულ თემას ერიდებოდა. სტუდენტობისა და ასპირანტობის წლებში ჰქონდა სულიერი აღმავლობისა და ოჯახური სიხარულის პერიოდი: მან სტუდენტობაშივე შეირთო ცოლად თავისივე თანაკურსელი, ლამაზი და ნიჭიერი გოგონა, გაუჩნდათ შვილები, შვილიშვილი, მოესწრო მესამე თაობასაც. მაგრამ ქალიშვილის თვითმკვლელობამ უსაზღვრო მწუხარება არგუნა. ეს დიდი სულიერი ტკივილი სულის სიღრმეში მალულად ატარა, ყოველდღიურად უჩუმრად ეახლებოდა ხოლმე შვილის საფლავს. ღრმა განცდების კაცი იყო, ერთი შეხედვით კი შეუპოვარი, უდრეკი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებდა. მაგრამ როგორ იცვლებოდა ხოლმე დიდი მწუხარების ჟამს! ასეთი იყო ზურაბ კაკაბაძესა და თამაზ ბუაჩიძესთან გამომშვიდობებისას, ცრემლებით სავსე თვალებით იდგა და სიტყვის თქმა გაუჭირდა.
ედუარდ კოდუამ ცხოვრების საკმაოდ დიდი გზა განვლო თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტობიდან პროფესორობამდე, მეცნიერებათა დოქტორობიდან აკადემიის წევრ-კორესპონდენტობამდე. იყო ფილოსოფიის თითქმის ყველა დარგში გამოჩენილი მკვლევარი, სოციოლოგიის კათედრის გამგე და ამ დარგის ლიდერი, მინიჭებული ჰქონდა საუნივერსიტეტო პრემია სრულიად ახალ თემაზე დაწერილი შრომისათვის "ისტორიის ფილოსოფია". 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორმა, 25-ზე მეტი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს დამწერმა პირად საქმეში მხოლოდ ნახევარგვერდიანი ავტობიოგრაფია დატოვა...
- რა წვლილი მიუძღვის ბატონ ედუარდს სოციოლოგიის მეცნიერების განვითარებაში?
- ძალიან ძნელია და ვერც შევძლებთ ალბათ ედუარდ კოდუას სოციოლოგიის დარგში მოღვაწეობის შეფასებას. ეს მეცნიერება არც ისე დიდი ხნისაა, მაგრამ დამოუკიდებელ მეცნიერებად საკმაოდ სწრაფად განვითარდა. იმის მოწმენი ვართ, თუ როგორ განავითარა და გარდაქმნა ედუარდ კოდუამ კათედრა და მთლიანად ეს დარგი, რომელიც უნივერსიტეტში პროფესორმა ვენორი ქვაჩახიამ დააფუძნა. მაშინ ის მთელ საბჭოთა კავშირში ერთადერთი დამოუკიდებელი კათედრა იყო, რომელსაც გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრა ერქვა. ახლა სოციოლოგიის კათედრა ეწოდება და კიდეც ამართლებს ამ სახელს, რამდენადაც კვლევა-ძიება და სწავლება მიმდინარეობს საზღვარგარეთის თანამედროვე დარგების შესაბამისად. იგი აღარ არის შემოსაზღვრული მხოლოდ გამოყენებითი, კონკრეტული პრაქტიკული ფუნქციით. ეს, ცხადია, შეიძლება განხორციელებულიყო მხოლოდ დიდი მონდომებით, ცოდნითა და გამოცდილებით.
- როგორი იყო ბატონი ედუარდი ცხოვრებაში, ადამიანებთან ურთიერთობაში? რა პრინციპები ჰქონდა?
- ყოველი ადამიანი თავისი მოდგმითა და ბუნებით თავისებურია, მაგრამ ზოგზე იტყვიან, გამორჩეულიაო. ამას აღნიშნავს ბერძნული სიტყვა "ფაინომენოს". ედუარდ კოდუა ჭეშმარიტად გამორჩეული პიროვნება იყო თავისი მრავალმხრივი ინტერესებით მეცნიერებაში, ფილოსოფიის სხვადასხვა დარგში, ინტენსიური მოღვაწეობით სოციოლოგიაში, გამორჩეული იყო დაუღალავი მეცნიერული შემოქმედებითი შრომისუნარიანობით; მაგრამ მაინც მის ხასიათში უმთავრესი სიმართლის პირდაპირი თქმა, სიმართლისთვის თავდადება იყო. ცნობილი ანდაზა "სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო", - ედუარდ კოდუასთვის სრულიად შეუფერებელი იყო. სიმართლეს ამბობდა შეუნიღბავად, შეუპოვრად, არ ეშინოდა მისი შედეგებისა. მას "შეკაზმული ცხენის" იმედი არ ჰქონია და არც ესაჭიროებოდა. მისი სტილი იყო თავდაჯერებული სიმართლით პაექრობა, კამათობდა არა მარტო ფილოსოფიის სადავო საკითხების გადასაწყვეტად, არამედ სხვა მეცნიერებათა სფეროშიც თამამად იჭრებოდა; მთელი მისი მცდელობა მიმართული იყო სწორი, ჭეშმარიტი შედეგების მიღწევისკენ.
...შეუპოვრობა საკუთარი პოზიციის დაცვისთვის ბრძოლაში ზოგჯერ უკმაყოფილებას იწვევდა, ხშირად მავანის მხრივ მტრულ განწყობასაც, მაგრამ მას სხვაგვარად ცხოვრება არ შეეძლო...
- მაინც რა იყო ის მოთხოვნები და კრიტერიუმები, რომელთა დაცვისათვის ასე თავდადებულად იბრძოდა ბატონი ედუარდი?
- უპირველესად, კამათის მიყვანა სწორ, ლოგიკურ დასკვნამდე, ჭეშმარიტების ერთგულება, ჩვენი თაობის დიდი მასწავლებლების დაფასებისა და პატივისცემის მოთხოვნა. მას ხომ დიდი დრო და ენერგია ჰქონდა დახარჯული იმ მემკვიდრეობის სრული დაცვისთვის, რაც წინა თაობას დაუტოვებია. ასეთი შრომატევადი საქმიანობის მიზანი ერთი იყო: ახალ-ახალ თაობებს გაეცნობიერებინათ - რა განძი გვქონია, რა სიბრძნე დაუტოვებიათ ჩვენთვის და როგორ უნდა მოვფრთხილებოდით, მოვფერებოდით ქართული აზროვნების კორიფეების ნაღვაწს.
- აღსანიშნავია ისიც, რომ ედუარდ კოდუამ დიდი ყურადღება გამოიჩინა რეპრესირებული მეცნიერების, 1937 წლების მსხვერპლთა, "უდანაშაულო დამნაშავეების" ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლისადმი.
- შთამბეჭდავი პათოსითა და სევდიანი განწყობითაა დაწერილი მისი მონოგრაფია ბიძინა რამიშვილზე, ასევე შესავალი წერილი ზოზო ნანეიშვილის ნაშრომზე. უდიდესი ენერგიაა დახარჯული სერგი დანელიას, კოტე ბაქრაძის, გერონტი ქიქოძის, ალექსანდრე ჯანელიძის, მიხაკო წერეთლისა და სხვა ცნობილ მეცნიერთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი ფაქტების მოპოვებისა და ღირსეული შეფასებისათვის.
- რა გამოარჩევს ბატონი ედუარდის ნაშრომებს?
- თავისთავადობა და ორიგინალობა. ეს თვისებები მისი მრავალფეროვანი შემოქმედებიდან განსაკუთრებით ისტორიის ფილოსოფიის და სოციოლოგიურ ნაშრომებში გამოვლინდა. მისი ორი დიდი გამოკვლევა "ისტორიის ფილოსოფია" და "ისტორიის საზრისის საკითხისათვის" თავის დროზე იდეოლოგიური ზღუდეების გარღვევას ნიშნავდა. ავტორმა თავისი კვლევით გაბედა, მოეხსნა ის სალტეები, რაც შეუვალს ხდიდა საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორიის მის არსებაში კვლევას. "იდეოლოგები" კითხულობდნენ: "რა საზრისი" შეიძლება ჰქონდეს ისტორიას, გარდა ისტორიის მატერიალისტური გაგებისა? ისტორიული მატერიალიზმის გარდა განა შეიძლება იყოს სხვა მეცნიერებაო?
შრომისათვის "ისტორიის ფილოსოფია" ედუარდი ჯვარს აცვეს, პოლიტიკური ბრალდებები წაუყენეს, დაიწერა საჩივრები, შეიქმნა კომისიები... "ანტიმარქსისტის" ბრალდება სახეზე იყო. ავტორი შეუპოვარი აღმოჩნდა და სულ მალე გამოსცა უფრო ფართოდ დასაბუთებულად, ფაქტობრივად, იმავე დედაარსის წიგნი "ისტორიის საზრისის საკითხისათვის", რასაც შედეგად მოჰყვა საოცარი შედეგი: პირველი წიგნისათვის ავტორმა საუნივერსიტეტო პრემია მიიღო ილია ვეკუას რექტორობის დროს და იმ დროიდანვე უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე შემოღებულ იქნა ახალი საგანი - ისტორიის ფილოსოფია. უნდა შევნიშნოთ, რომ აღნიშნულ თემებზე სერიოზული მუშაობით ედუარდ კოდუა ჩამოყალიბდა სოციოლოგიის დარგის უნიკალურ მკვლევრად და მეთაურად.
მრავალ გამოკვლევათა შორის გამორჩეულად უნიკალური შინაარსითა და სტილითაა დაწერილი 1992 წელს გამოცემული "ფილოსოფიის შესავალი". წიგნში ფილოსოფიის უარსებითესი საკითხებია განხილული, დღეისათვის კვლავაც დიდმნიშვნელოვანი, მაგრამ მთავარია წიგნის ბოლო თავი, სადაც გაცემულია უაღრესად ლოგიკურად აწყობილი პასუხი კითხვაზე - "რისთვის ფილოსოფია?" კითხვა, რომელიც ფილოსოფოსებისათვის მტკივნეული იყო და არის.
- ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში ცდილობდნენ მარქსისტული ფილოსოფიის დამკვიდრებას. კომუნისტური პარტიის ბატონობის ხანაში ქართველ ფილოსოფოსებს და, უწინარესად, ფილოსოფიის ინსტიტუტს ებრძოდნენ, როგორც არამარქსისტებს. ყოველივე ამის ფონზე მაინც როგორ ახერხებდნენ ჩვენი ფილოსოფოსები, საკადრისი პასუხი გაეცათ კითხვაზე: "რისთვის ფილოსოფია"?
- საქართველოში გასაბჭოების შემდეგ ფილოსოფია ოფიციალურად მარქსისტულ იდეოლოგიას დაუქვემდებარეს. ცნობილი ქართველი ფილოსოფოსები იოლად არ დამორჩილებიან ასეთ შეზღუდვას და ხშირად ამისათვის ისჯებოდნენ კიდეც. ჩვენი ფილოსოფოსების ახალი თაობა თავისი შრომებით, სამეცნიერო და სალექციო მოღვაწეობით ნათელ მაგალითებს იძლეოდა იმისა, რომ ჩვენთან ჭეშმარიტი ფილოსოფია არასოდეს ნიშნავდა მარქსიზმს, რომ ჩვენი მეცნიერები მხოლოდ იძულებით ამოეფარებოდნენ ხოლმე მარქსისტულ ციტატებს და იკაფავდნენ გზას მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემების კვლევისა და გადაწყვეტისათვის. საერთოდ კი ქართველი ფილოსოფოსების ძირითად ბირთვს, როგორც ძველი, ისე ახალი თაობის მოაზროვნეებს, მუდმივი დიალოგი ჰქონდათ დასავლეთის ფილოსოფიურ მიმართულებებთან, იქ მიმდინარე პროცესებს აცნობიერებდნენ და სწორი დასკვნების გასაკეთებლად იღვწოდნენ.
მეორე მხრივ, ნიჰილისტური პოზით წარმოთქმული - "რისთვის ფილოსოფია?" მოითხოვდა საპირისპირო ოპტიმისტური განწყობის დანერგვას და გავრცელებას მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტებით. ფაქტობრივად ამ კითხვაზე იყო პასუხი ნიკო ჭავჭავაძის, ზურაბ კაკაბაძის, გურამ თევზაძის, თამაზ ბუაჩიძის, ედუარდ კოდუასა და ახალი თაობის სხვა მეცნიერთა გამოკვლევებში, მაგრამ საგანგებო საფუძვლიანი მსჯელობა ფილოსოფიის უგულებელმყოფელთა საპირისპიროდ მხოლოდ ედუარდ კოდუას "ფილოსოფიის შესავალშია" განვითარებული.
- თავად ედუარდ კოდუამ რა პასუხი მოძებნა კითხვაზე, "რისთვის ფილოსოფია?" ანუ როგორ ესმოდა მას ფილოსოფიის როლი და მნიშვნელობა?
- "ფილოსოფიის პრაქტიკული ფუნქციაა, იყოს ადამიანის იმედისა და ნუგეშის წყარო". "ფილოსოფიით ადამიანი იაზრებს სიკვდილს და თავისებურად ეჩვევა მის აუცილებლობას. სიკვდილი ფილოსოფიური მსოფლმხედველობის ადამიანისათვის უჩვეულო და მოულოდნელი არაა... ფილოსოფია ნუგეშთან ერთად იმედის გზაცაა, რადგან ადამიანს აძლევს ორიენტირების საშუალებას. ფილოსოფია ეხმარება ადამიანს შეინარჩუნოს ადამიანურობა და ადამიანური სამყარო".
"ფილოსოფია ამ სამყაროში იმედის წყაროა, რადგან ავბედითობის ჟამს გვაფრთხილებს... გვაიძულებს - ვეძებოთ გამოსავალი".
"ფილოსოფია თავისი ბუნებით კრიტიკულია და მოქმედებისაკენ გვიბიძგებს. ის კულტურის გუშაგია, რომელიც თვითონ ფხიზლობს და ჩვენც გვაფხიზლებს".
აი, პასუხები ამოწერილი ედუარდ კოდუას წიგნიდან. პასუხი ყველას: ლუბეს - "რისთვის ფილოსოფია?", ჰანს ბაუმგარტენს - "რატომ კიდევ ფილოსოფია?", გერდ ბრანდისს - "კიდევ რისთვის ფილოსოფია?" და სხვებისთვისაც; პასუხი ყველასთვის, ვინც ნიჰილიზმს ავრცელებს ფილოსოფიის მიმართ და იმათთვისაც, ვინც თავისებურად ცდილობს დაიცვას ფილოსოფია, მისი აპოლოგეტობა იკისროს.
დასმულ კითხვებზე პასუხად ჩვენს ავტორს მთელი პასუხისმგებლობით მოუფიქრებია ფილოსოფიის როლი და ფუნქცია, ნათლადაა ნაჩვენები: სანამ ამქვეყნად არსებობს ადამიანი, როგორც გონიერი არსება, სანამ ადამიანს შერჩება ცნობიერება და აზროვნების უნარი - მუდამ იქნება ფილოსოფია, იქნება ფილოსოფოსობა, რათა გადაწყდეს ადამიანის სიცოცხლის თანამდევი მარადიული პრობლემები: რა არის ყოფიერება? რა არის სიცოცხლის საიდუმლოება? რაშია ცხოვრების საზრისი?
"რისთვის ფილოსოფია?" - ეს კითხვა პესიმისტურ-ნიჰილისტური ტონით აღარ დაისმება, როცა კარგად გაიაზრება, რომ ფილოსოფია მსოფლმხედველობაა უმაღლესი გაგებით და ადამიანს არ შეუძლია არსებობა მსოფლმხედველობის გარეშე, - როცა გასაგები გახდება, რომ ფილოსოფია ერთადერთი მეცნიერული მსოფლმხედველობაა და, ყველა სხვა მეცნიერებისაგან განსხვავებით, მხოლოდ მას ერგო ყველაზე რთული მოვალეობა - მსოფლმხედველობის ფუნქციის შესრულება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი