დიდი საეკლესიო მოღვაწე კლიმენტი ალექსანდრიელი ბრძანებდა: "საუკეთესოა ის ძიება, რაც რწმენის საძირკველზე აშენებს ჭეშმარიტების დიდმშვენიერ ცოდნას".
"სამეუფო გზა" ის მთავარი გზაა, რომელსაც ცხონებისკენ მივყავართ და საიდანაც არ უნდა გადავუხვიოთ არც მარცხნივ, არც მარჯვნივ.
რუბრიკის სტუმარია ხელნაწერთა ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების კათედრის გამგე ედიშერ ჭელიძე.
- ბატონო ედიშერ, როდის და როგორ დაუკავშირდით ეკლესიას?
- ეკლესიასთან ნამდვილი დაკავშირება აუცილებლად გულისხმობს საეკლესიო საიდუმლოში მონაწილეობას. ნათლისღებაზე არ ვიტყვი. ნათლისღებით ბევრი ვინათლებით, მაგრამ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკლესიასთან კავშირში ვართ, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვიუცხოვებთ ჩვენს თავს ეკლესიისგან. ასე რომ, მეოთხე კლასში მოვინათლე, მაგრამ ეკლესიურ ცხოვრებასა და ცნობიერებასთან, ფაქტობრივად, არავითარი შეხება არ მქონია, სანამ ჩემს გონებაში და, საერთოდ, ჩემს შინაგან ფსიქოლოგიურ განწყობაში არ აღმოცენდა აუცილებელი მისწრაფება ზიარების მიღებისა. მე ვთვლი, რომ ზიარების მიღებით თანამორწმუნეებთან ერთ ბარძიმში შერთვა შეიძლება გამოითქვას, როგორც ეკლესიაში მისვლა. მახსენდება ამგვარი გაცნობიერებული გონებისა და სულიერების ფონზე ჩემი პირველი ფეხის შედგმა ქაშვეთის ტაძარში, სადაც მიმდინარეობდა მწუხრის მსახურება. მას აღასრულებდა ჭეშმარიტად ღირსეული მოძღვარი - მამა სოკრატე. სხვათა შორის, შემდეგ გულდასმით გამოვიძიე ჩემი წარსული. მაინტერესებდა, ვინ იყო ის მღვდელი, ვინც მე ნათელი მცა... ქაშვეთში შედგა ჩემი ნათლობა. მე მომნათლა ორმა პიროვნებამ. ერთ-ერთი გახლდათ ბიძაჩემი ნებია ჭელიძე, უაღრესად დასაფასებელი პიროვნება, აწ განსვენებული, მეორე ნათლია - ცნობილი წამალთმცოდნე სოკრატ სალუქვაძე, მღვდელი კი სწორედ მამა სოკრატე იყო და, ღვთის განგებით, როდესაც შეგნებულად შევაბიჯე ტაძარში, სწორედ მის მსახურებას დავესწარი.
ჩემზე ძალიან იმოქმედა მწუხრის დასრულების ჟამს საეკლესიო ქმედებამ, როდესაც მამა სოკრატემ თავი დაგვიკრა და ამით გვანიშნა, რომ მსახურება დასრულებული იყო. მოგვიწოდა, მეორე დღეს კვლავ შევკრებილიყავით. დილითაც მივედი. შემდგომ უკვე ზიარებისთვის განვემზადე. პირველად მამა ელიზბარმა მაზიარა, პირველი აღსარება მას ჩავაბარე, შემდგომში კი ძალიან დიდი სიახლოვე მქონდა და ზიარებაც მივიღე ჩემი ყოფილი სტუდენტისგან - მამა ლავრენტი ბუზიაშვილისგან. მივიჩნევ, რომ თავის დროზე ეს იყო ერთ-ერთი ნიმუში მოძღვარ-მოწაფეობისა, იმდენად გულწრფელი დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან.
- რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში ეკლესიასთან კავშირმა?
- შემიძლია მთელი გულწრფელობით ვთქვა ერთი რამ: ეკლესიურ ცხოვრებაში ფეხის შედგმა ჩემთვის ცნობიერების ჭეშმარტი შეცვლა იყო. ეკლესიაში მე 1987 წელს მივედი. უკვე 28 წლისა, სრულიად ჩამოყალიბებული პიროვნება გახლდით. რამდენიმე მეცნიერული ნაშრომიც მქონდა გამოქვეყნებული და ჩემი თვალთახედვა მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული სარწმუნოების, საზოგადოებრივი ცხოვრების, ეროვნული ცნობიერების მიმართ. ტაძარში მისვლის შემდეგ ბევრი რამ გადაფასდა, თუმცა კი არ გაქრა და ახალმა კი არ შეცვალა, არამედ ყველაფერი - ჩემი შინაგანი მინიშნებითი შეგრძნებანი, ბოლომდე გაუცნობიერებელი მგრძნობელობანი და ამგვარი ნიუანსები - ახალ სიმაღლეზე ავიდა ანუ გაშინაარსდა ყველა ის ჩემი შინაგანი აზრი და ფიქრი, რაც მანამდე, აშკარად გამოთქმული თუ გამოუთქმელი, ჩემს პიროვნებას შეადგენდა. მივიჩნევ, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ზოგჯერ ხდება მთლიანი, ძირფესვიანი გარდაქმნა და შეცვლა, მაგრამ ეს გარდაქმნა უსაფუძვლოდ ვერ განხორციელდება. გულწრფელობის, ჭეშმარიტების ძიებისკენ გახსნილობის მარცვალი პიროვნებას წინ უნდა უძღოდეს. რა გახდა ჩემი ამგვარი ნაბიჯის საფუძველი? - მე ვთვლი, რომ ეს რაღაც მიუწვდომელის, დაფარული და ჩემთვის ჯერ არგაცხადებული ჭეშმარიტების, მისკენ ძიებითი სწრაფვის წადილი გახლდათ.
- თქვენ ეკლესიასა და სასულიერო აკადემიაში თითქმის ერთდროულად მიხვედით, თქვენი პროფესიული ინტერესები იმთავითვე დაუკავშირდა სარწმუნოებას...
- ნადვილად გამორჩეულად მესახება ჩემი მდგომარეობა სწორედ ამ შეკითხვის ფონზე და უბედნიერეს გამონაკლისად აღვიქვამ იმას, რომ ჩემი პროფესიული ინტერესები და სარწმუნოება ერთი მთლიანობაა. ეს გამთლიანება, მართალია, იმთავითვე ასეთი სრულყოფილი არ იყო, მაგრამ დღესდღეობით, ამ ეტაპზე, რამდენადაც შეიძლება ხილულ სოფელში ამგვარი ერთიანობის მიღწევა და რამდენადაც ჩემი შესაძლებლობები იტევს, ჩემთვის იდეალური ვითარებაა.
სარწმუნოებას პროფესიულად თავიდანვე, უნივერსიტეტის წლებშივე დავუკავშირდი. ფაკულტეტზე ხდებოდა სტუდენტების დანაწილება მათი ინტერესების მიხედვით. მე გამორჩეული ინტერესი მქონდა ძველქართული ლიტერატურის მიმართ და ეს ინტერესი ყველაზე ცხოვლად უნივერსიტეტის წლებში შევიგრძენი. დავწერე დიპლომი: "წმინდა ეფრემ მცირე და ბერძნულ-ებრაული ჰერმენევტული პრინციპები" (იგულისხმება ბიბლიის განმარტების ძველაღთქმისეული და ეკლესიური მეთოდები). დიპლომზე მუშაობამ ბევრი რამ შემძინა - მაშინ მომიხდა პირველი შეხება წყაროებთან, ხელნაწერებსა და სპეციალურ ლიტერატურასთან სხვადასხვა ენაზე. თემატიკა ფართო სპექტრისა იყო, რაღა თქმა უნდა, კავშირი ჰქონდა სარწმუნოების საღვთისმეტყველო მხარეებთან, ფილოსოფიურ ჭვრეტასთან, ალექსანდრიულ და ანტიოქიურ სკოლებთან... მეტ-ნაკლებად შევისწავლე ეს ყველაფერი, რასაც შევძლებდი და დავიტევდი, და ამ სადიპლომო ნაშრომში წარმოვადგინე. ამანვე განაპირობა, რომ ჩემმა მასწავლებლებმა ძველ ქართულ ლიტერატურაში ხელნაწერთა ინსტიტუტის მაშინდელ ხელმძღვანელთან, ღრმად პატივცემულ ქალბატონ ელენე მეტრეველთან წარმადგინეს. ქალბატონი ლაურა გრიგოლაშვილის და ბატონი რევაზ სირაძის ინიციატივით ქალბატონ ელენესთან გასაუბრების შემდეგ მომეცა უფლება, იქ გამოცდები ჩამებარებინა. ასე გავხდი ძველი ქართული ფილოლოგიის განყოფილების ერთ-ერთი წევრი, სადაც ახლაც ვარ.
ხელნაწერებთან შეხების შემდეგ მათგან მოწყვეტა შეუძლებელია, იმდენად დიდი კავშირი მყარდება პიროვნებასა და ხელნაწერებს შორის. მთელი ჩემი საქმიანობა უდიდესი სიამოვნებითა და სიტკბოებით ამ ხელნაწერებზე მუშაობა იყო და არის დღესაც. ასე რომ, ჩემი პროფესიული ინტერესი იმთავითვე დაუკავშირდა იმ წყაროს, საიდანაც ეს ტექსტები მოდის, კერძოდ, ბერძნულენოვან საეკლესიო ლიტერატურას. რაკი ძველი ქართული ტექსტების უდიდესი ნაწილი ბერძნულიდან გახლავთ თარგმნილი, ბიზანტიური ბერძნულის ცოდნის გარეშე შეუძლებელია ამ უმდიდრესი ქართულენოვანი საეკლესიო მასალის კვლევა. ვითარებიდან გამომდინარე, იძულებულიც გავხდი და დიდი შინაგანი სურვილიც მქონდა ამ ენის შესწავლისა. მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში მიმქონდა ეკლესიის ერთ-ერთი დიდი მოღვაწის, წმინდა გრიგოლ ნოსელის ნაშრომი, რომლის ძველ ქართულ თარგმანსაც ვსწავლობდი მაშინ. ამ ბერძნული ტექსტის თითო აბზაცის დამუშავებისთვის, მახსოვს, დილის ათი საათიდან შეღამებამდე დრო მჭირდებოდა და ეს დრო თვალის დახამხამებაში გადიოდა.
ბერძნულ საეკლესიო ლიტერატურასთან, ძველ ქართულ საეკლესიო ლიტერატურასთან კავშირმა გარკვეული სრულყოფა მაშინ შეიძინა, როცა მეტ-ნაკლებად შევძელი ამ ტექსტების სიღრმეში შინაარსობრივი წვდომა. ეს წვდომა იქცა ჩემში იმის საფუძვლად, რომ ფიზიკურად, პიროვნულად, მთელი ჩემი არსებით შევსულიყავი იმ მოძღვრების წიაღში, რაც ამ ტექსტებშია ნაგულისხმევი, დედაეკლესიაში. ამ ტექსტების კვლევას აუცილებლად წინ უნდა უძღოდეს ძალისაებრ რწმენა - კვლევა მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება გაშინაარსებული, ამის გარეშე ეს მხოლოდ ფორმალური და მექანიკური პროცესია. რწმენამ სწორედ ეს შემმატა. მანამდე მხოლოდ პროფესიული ინტერესებით აღვსილი, ახლა უკვე, რწმენის საფუძველზე, შინაარსობრივადაც შევემეცნე იმ ტექსტების მადლმოსილებას, რომელთა პუბლიკაცია, გამოცემა, შესწავლაც ყოველთვის იყო ჩემი უდიდესი დაინტერესების საგანი და ასევე იქნება სამომავლოდაც, რადგანაც ამაზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანი საქმე ვერც წარმომიდგენია. შესაბამისად, რწმენამ ჩემში განასრულა და სრულყო მეცნიერული და პროფესიული ინტერესები, ხოლო მეცნიერული და პროფესიული ინტერესების დაუფლება, ამგვარი ჩვევების გამომუშავება რწმენას ყოველთვის ჰმატებს იმას, რომ იგი არ იყოს ლიტონი, ზერელე, არამედ - არგუმენტირებული, მეცნიერული, ან, როგორც კლიმენტი ალექსანდრიელი ამბობდა, "მცოდნეობითი რწმენა".
- როგორი უნდა იყოს ურთიერთმიმართება მეცნიერებასა და რელიგიას, რწმენასა და ცოდნას შორის?
- ეს თემა არაიშვიათად გამხდარა შესწავლის, მეტიც - საგანგებო კონფერენციების საგანი. ერთ-ერთ ასეთ კონფერენციაში, სხვათა შორის, მეც ვმონაწილეობდი. დიდი საეკლესიო მოძღვარნი მიგვითითებდნენ, რომ ჭეშმარიტი რწმენა განუყოფელია ჭეშმარიტი მეცნიერებისგან და ჭეშმარიტი მეცნიერება განუყოფელია ჭეშმარიტი რწმენისგან. ძველ ქართულში სიტყვა "მეცნიერება" ყოველთვის ნიშნავდა ცოდნას (ბერძნული "გნოსოსის" შესატყვისი). მას ჰქონდა თავისი პარალელური ტერმინი "ცნობაი", რაც მიგვახვედრებს იმას, რომ რაღაც უნდა ვცნოთ. რაღაცის ცნობა მის აღიარებას გულისხმობს, აღსარებას უკავშირდება და თუნდაც ამ ტერმინოლოგიურ ველში ასეთი ზერელე მიმოქცევაც კი გვიდასტურებს, რომ რწმენით აღსარებასა და მეცნიერულ მცოდნეობას შორის არ არის გადაულახავი უფსკრული. უკეთ, ეს ორი მოვლენა, ცნებითი ფენომენი, თავისი არსით ერთი და იგივეა. ცხოვრებაში, მით უმეტეს, ასე გახლავთ. უდიდესმა ღვთისმეტყველებმა დაგვიდასტურეს, რომ საღვთო ცოდნა და მეცნიერება იგივე საღვთო რწმენაა. ამ დებულების პირველი, ყველაზე აშკარად გამომთქმელი, არის ჩვენთვის უცნობი ანონიმი ავტორი, რომელმაც დაწერა ცნობილი ძეგლი "ეპისტოლე დიოგნეტესადმი". ეს გახლავთ დაახლოებით მეორე საუკუნის ძეგლი, რომლის ბოლო ნაწილში განხილულია ეკლესიური სწავლება სამოთხის შესახებ. სამოთხე განჭვრეტილია ეკლესიური მოძღვრების შუქზე. სამოთხის შუაში, მოსე წინასწარმეტყველის უწყებით, არის დანერგული ორი ხე - "ხე ცხოვრებისა" და "ხე ცოდნისა" ანუ "ხე ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა". ძეგლის ავტორი ამ ფაქტს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და გვაუწყებს, რომ ეს ცხადყოფს ჭეშმარიტი რწმენის, რომელიც "ცხოვრების ხის" გამოხატულებაა, და ჭეშმარიტი ცოდნის, რომელიც "ცოდნის ხის" სინონიმია, განუყოფლობას. არ არსებობს ჭეშმარიტი ცოდნა ჭეშმარიტი სიცოცხლისა და ცხოვრებითად შემოწმებული სარწმუნოების გარეშე და არც ჭეშმარიტი ცხოვრება და სარწმუნოებრივი სიცოცხლე არსებობს ჭეშმარიტი ცოდნის გარეშე. როგორც ეს ორი ხეა შეკავშირებული სამოთხეში, ასევე უნდა იყოს ჩვენს პიროვნულ ცხოვრებაში, ზოგადად, ერისა და კაცობრიობის ცხოვრებაში გამთლიანებულად რელიგია და მეცნიერება, რწმენა და ცოდნა.
უდიდესმა მოძღვარმა კლიმენტი ალექსანდრიელმა ყველაზე დიდი ძალისხმევა სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტას მოანდომა. მისი ფუძემდებლური დებულებები ჩვენ არაერთგზის გამოვაქვეყნეთ. ჟურნალ "გზა სამეუფოს" მეორე ნომერი მთლიანად მას მივუძღვენით, სადაც ამ საკითხზე აურაცხელი ციტატა გვაქვს დამოწმებული. კლიმენტი ალექსანდრიელის დებულებითი დასკვნა ამგვარია: ლიტონი რწმენა, როდესაც იგი პროგრესირებს ანუ გაშინაარსებული ხდება, გარდაიქმნება მცოდნე რწმენად, - და პავლე მოციქულის სიტყვები "რწმენიდან რწმენისკენ" კლიმენტი ალექსანდრიელის კომენტარებით ასე ჟღერს: "ლიტონი რწმენიდან, გულწრფელი რწმუნებიდან - მცოდნეობითი, მეცნიერულად გაშინაარსებული, ღრმად აღქმული და შემეცნებული სარწმუნოებისკენ". ეს ნიშნავს, რომ მეცნიერებაც იგივე რწმენაა, ოღონდ გაშინაარსებული, არგუმენტირებული და დასაბუთებული, და რომ ლიტონი რწმენა აუცილებლად განეკუთვნება იმგვარ მოვლენას, რაც შეიძლება დასაბუთდეს, გაშინაარსდეს, ცოდნად იქცეს. "რწმენის მწვერვალი - ეს თვით ცოდნაა", - ამბობს კლიმენტი ალექსანდრიელი.
წმინდა მაქსიმე აღმსარებელსაც უნიკალური სწავლებები აქვს საღვთო ცოდნის შესახებ, რომლებიც ჟურნალ "გზა სამეუფოს" მეოთხე ნომერში გამოვაქვეყნეთ. საზოგადოდ, თუმცა რწმენასა და ცოდნას შორის ყველა სხვა მოძღვრებაში მკვეთრი დაპირისპირებაა, ერთადერთი მართლმადიდებლობაა ის სარწმუნოებრივი სივრცე, სადაც რწმენასა და ცოდნას შორის არის სრული ჰარმონია და ისინი მთლიანდება ერთ საღვთო ჭეშმარიტებად. რა თქმა უნდა, სხვა, არაჭეშმარიტ სივრცეში ამ ორი ფენომენის ჭეშმარიტი გამთლიანება ვერ მოხდება, მაგრამ საკუთრივ მართლმადიდებლურ სწავლებაში ეს აბსოლუტურად უპირობოა. აქ არ არსებობს არანაირი დისონანსი, არანაირი დაპირისპირება, არანაირი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართება რწმენასა და ცოდნას შორის. ისინი შენივთებულნი არიან. როგორც ზემოხსენებული ძეგლის ანონიმი ავტორი გვეუბნება: "ჯვრის საიდუმლოში ორივე მათგანი მთლიანდება". ჯვარი არის ყველაზე დიადი ცოდნა. ესაა ის ცოდნის ხე, რომელიც მაცხოვნებელია რწმენითად და რომელსაც გველის აჩრდილი ვეღარ შეეხება და ამ ცოდნაში შეერთებულნი, რა თქმა უნდა, რწმენაში შეერთებულნიც არიან.
- თქვენს ოჯახზეც გვესაუბრეთ. რას საქმიანობენ თქვენი ოჯახის წევრები?
- მივიჩნევ, რომ ჩემი მშობლები ჩემთვის უაღრესად ბევრის მომცემი პიროვნებები და საზოგადოების თვალსაჩინო წევრები არიან. მამაჩემი - გიზო ჭელიძე, პროფესორი, დოქტორი, ფოლკლორისტიკაში მუშაობს. მას მოღვაწეობის მრავალმხრივი პროფილი აქვს. გახლავთ მწერალი, პოეტი, დრამატურგი, ესეებისა და მეცნიერული გამოკვლევების ავტორი, საზოგადოდ, ორგანიზატორული ნიჭით გამორჩეული, მრავალ ადგილას პედაგოგი, ლექტორი და სხვა. დედაჩემიც მეცნიერია, პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი, სულხან-საბას სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი, ასევე პოეზიით, მწერლობით, ესეისტიკით დაკავებული პიროვნება. ჩემი ძმა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატია და ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობს.
საკუთრივ ჩემი ოჯახი კი ოთხი წევრისგან შედგება. ჩემი მეუღლე გახლავთ ანა ჭუმბურიძე, რომელმაც, მე ვთვლი, შეასრულა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუბლიკაცია, რაც მისი საკანდიდატო დისერტაციაც გახლდათ. დისერტაცია გამოიცა წიგნად, რომელსაც ეწოდება "ანგელოზურ ძალთა შესახებ ბერძნულ-ქართული საღვთისმეტყველო განმარტებანი". ეს არის უაღრესად რთული ნამუშევარი, სერიოზული ფილოლოგიურ-საღვთისმეტყველო პუბლიკაცია და ვფიქრობ, რომ მისი ღირებულება თანდათან უფრო თვალსაჩინო გახდება. მყავს ორი უძვირფასესი შვილი. უფროსი, ქეთევანი, პირველ კლასშია და იმავე სკოლაში დადის, სადაც მე ვსწავლობდი. უმცროსი, თათო (მარიამი), კი ჯერ პატარაა და ემზადება სკოლაში შესასვლელად.
- როგორ გეხმარებათ რწმენა ცხოვრებაში?
- რწმენა და რწმენის ის განსაზღვრებანი, რაც ჩვენ რჯულდებითად გვაქვს მოცემული, ცხოვრებაში ყველანაირ განფენილობაში ძალიან მეხმარება, ოღონდ სხვადასხვა გამოვლინებით. მოგეხსენებათ, ყოფაშიც ათასგვარი სირთულეა და ყოველ ნაბიჯზე, ყოველწუთიერად, ჩემი მხრივ, ვადასტურებ იმ ჭეშმარიტებას, რომ ცხოვრებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოთმინების, დათმენის უნარს. და თუ ამას აცნობიერებ, ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, თუნდაც შენი კეთილი წარმოსახვით ერთი წვეთით მაინც ამ დათმენას იმ მოწამეობრივ ღვაწლთა აჩრდილად წარმოსახავ, იგი უფრო გიადვილდება. ე.ი. ითმენ არაფრის გამო კი არა, არამედ იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ეს შენ პიროვნულად გიცავს, რადგანაც ვნებებზე აყოლა ანადგურებს ადამიანს და მერე ძალიან ძნელი ხდება აქედან თავის დაღწევა, მთელ ცხოვრებას გიუკუღმართებს; მეორეც, თუ დაითმენ, ეს შენი დათმენილობა უფლის ყოვლისმხედველობის წინაშე არ იქნება წარხოცილი და იმედი გაქვს, რომ უფალი შენს პიროვნებას არ მიატოვებს, შენთან იქნება ყოველთვის, რადგანაც ამ დათმენილობით რაღაცნაირად უფალს განუკუთვნებ თავს. ყველაზე უფრო მძიმე წუთებში გწამს, რომ უფალი არ მიგატოვებს, თუნდაც იმ განვლილ დათმენილობათა გამო, და შენს გვერდით იქნება მარადის, მაგრამ უფრო სხვა სიბრტყეებზე, დავუშვათ, პაექრობის დროს, ყველაზე რთულ პაექრობაშიც კი, ეს მოთმინების ნიჭი, ვნებების მოთოკვის უნარი ზოგ შემთხვევაში მართლაც გადამრჩენელია - საკმარისია ვნებებს აჰყვე, რომ არა ოდენ პიროვნულად და სულიერად დაინგრევი, არამედ ფიზიკურადაც შეიძლება დასნეულდე, რაღაც აბსურდული, მცდარი დებულების უარყოფას ძალიან დიდი ენერგია შეალიო... ასეთ დროს რწმენა იმისა, რომ ჭეშმარიტებისთვის იბრძვი და მას იცავ, ძალიან დიდ ძალას გმატებს. თუმცა ამგვარ გაგებას ახლავს მეორე მხარეც, რომ, უფლისმიერი სწავლებით დაკანონებული რჯულდების თანახმად, უნდა განუმარტო ერთხელ, ორჯერ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ამის განმარტებას შესწირო; მაინც ვეღარაფერს შეასმენ; მესამეგზის უნდა დაიფერთხო ხელი და ღვთის განგებას მიენდო. თუ საჭიროა, უფალი გაუხსნის მას გონებას. ხოლო თუ ის ამის მიმღები არაა, მთელი ცხოვრებაც რომ შეალიო, ვერ განუმარტავ. ღვაწლი მხოლოდ იქ ფასობს, სადაც შედეგია და წინასწარ უნდა ვაცნობიერებდეთ, სად შეიძლება ღვაწლი დაფასდეს. თუ ვატყობთ, რომ ვერარა ღვაწლი ვერარა ნაყოფს ვერ გამოიღებს, უნდა შევწყვიტოთ ენერგიის ფუჭად ხარჯვა და ის სხვა მხარეს უნდა მივმართოთ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი