ჩვენი დროის ღვაწლმოსილ მეცნიერს, ქართული ვაზის დიდ მსახურსა და მოამაგეს, მევენახეთა ქართული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელს
, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრს, მევენახეთა და მეღვინეთა საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტს ნოდარ ჩხარტიშვილს 80 წელი შეუსრულდა.
ბატონმა ნოდარმა მთელი თავისი ცხოვრება ქართული ვაზის სიყვარულს, მასზე ზრუნვას, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის მომავალი განვითარებისათვის შრომასა და ძიებას მიუძღვნა.
ის მევენახეობის იმ ქართული სკოლის აღზრდილი და ღირსეული გამგრძელებელია, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს აკადემიკოსმა სოლომონ ჩოლოყაშვილმა და პროფესორებმა: ვალერიან ქანთარიამ და მაქსიმე რამიშვილმა. ამ ადამიანების ძალისხმევით მევენახეობის ინსტიტუტის საკოლექციო ნაკვეთებში შეგროვდა 425-ზე მეტი ქართული ვაზის ჯიში. მათ ანდერძად დაგვიტოვეს: "თითოეული ქართული ვაზის ჯიში ისტორიული ძეგლია. რქაწითელის, საფერავის, თაკვერის, ცოლიკაურის, ოჯალეშის, ჩხავერის, ალექსანდროულის და სხვათა შექმნაზე იმდენი შრომაა გაწეული, რამდენიც სვეტიცხოვლის, გელათის, გრემის, იყალთოს და სხვა ისტორიული ძეგლების მშენებლობაზე... ჩვენი ვალია, დავიცვათ, განვავითაროთ და მომავალ თაობებს გადავცეთ ისინი", - ამბობდა მაქსიმე რამიშვილი.
ბატონი ნოდარის მოღვაწეობაც ამ სასიქადულო მამულიშვილების ანდერძის ასრულებას ემსახურება. იგი რუდუნებით ზრუნავს თითოეული ჯიშის გადარჩენაზე. "ჯიშების ასეთი მრავალფეროვნება, - ბრძანებს ბატონი ნოდარი, - განაპირობა, ჯერ ერთი, ადგილობრივმა ბუნებრივმა პირობებმა: მზემ, ნიადაგმა, კლიმატმა და, რა თქმა უნდა, ქართველი კაცის საკრალურმა დამოკიდებულებამ ვაზის მიმართ. ეს ჯიშები ხალხური სელექციის შედეგიცაა. ქართველი კაცის გონიერებას უკავშირდება საუკეთესო ჯიშების გამორჩევა. ამას, რა თქმა უნდა, კლიმატური პირობებიც უწყობს ხელს. შეიძლება ითქვას, რომ იშვიათად მოიპოვება მსოფლიოში ისეთი შეზავებული, ზომიერი კლიმატი, ოაზისი, როგორიც საქართველოშია". ბატონი ნოდარი ვაზთან და, საერთოდ, თავის საქმესთან დამოკიდებულებაში მუდამ გამოირჩეოდა უკომპრომისო პოზიციით. ტრადიციების დაცვა-გაფრთხილება მისი მოღვაწეობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს შეადგენდა ყოველთვის. ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, ერთი ასეთი მაგალითის მოტანაც იკმარებდა. რაჭა-ლეჩხუმის საზღვარზე მდებარეობს პატარა, უნიკალური სოფელი ტვიში, სადაც ვაზის იმერული ჯიში ცოლიკაური იძლევა განსაკუთრებულ პროდუქციას - ბუნებრივად მოტკბო ღვინოს (ახლაც გამოდის ასეთი დასახელების ღვინო: "ტვიში"). ამ ჯიშში ასეთი თვისებების გამომჟღავნებას აქაური კლიმატი განაპირობებს. საბჭოთა პერიოდში ამ ტერიტორიაზე ინდულჰესის მშენებლობა გადაწყვიტეს. იმხანად ბატონი ნოდარი ხელმძღვანელობდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს და რჩევას მას დაეკითხნენ. ბატონმა ნოდარმა კატეგორიული უარი განაცხადა ცოლიკაურის სხვა ადგილას გაშენებაზე. მან თავისი პოზიცია იმ არგუმენტით დაასაბუთა, რომ ამ ჯიშის ვაზი სხვაგან არსად არ მოგვცემდა მსგავს პროდუქციას და ეს იქნებოდა დიდი ეროვნული დანაკარგი.
ნოდარ ჩხარტიშვილი 30 წელზე მეტხანს ხელმძღვანელობდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს. ამ ხნის განმავლობაში ამ დაწესებულებაში ძალზე ბევრი რამ გაკეთდა საქართველოში მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის ასაღორძინებლად და გასავითარებლად. მისი ხელმძღვანელობითა და აქტიური მონაწილეობით ინსტიტუტში ქვეყნის წინსვლისთვის სასარგებლო და სასიკეთო არაერთი საქმე გაკეთდა. შემუშავდა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების კონცეფცია 1995-2005 წლებისთვის, მევენახეობის აღდგენა-რეაბილიტაციისა და განვითარების გრძელვადიანი კონცეპტუალური პროგრამა 2010-2020 წლების პერიოდისთვის. მისივე ხელმძღვანელობით მომზადდა კანონპროექტი "ვაზისა და ღვინის შესახებ", რომელმაც მოწონებისა და მიღების შემდეგ კანონის სახე მიიღო. ბოლო პერიოდში ბატონი ნოდარის ინიციატივით ინსტიტუტში შეიქმნა მცენარეთა ბიოტექნოლოგიის ლაბორატორია-საწარმო, რომლის მთავარი მიზანია ვაზისა და ხეხილის უვირუსო სარგავი მასალის გამოყვანა ქსოვილის კულტურის ბაზაზე. ამ პრობლემასთან დაკავშირებით მისი ხელმძღვანელობით ამუშავდა "ზრდის რეგულატორების გამოყენება ვაზის ნამყენი ნერგის გამოყვანის საქმეში". პარალელურად იგი ვენახის საყრდენის გამარტივებისა და შპალური სისტემის აგროტექნიკური საფუძვლების დამუშავების მიმართულებით დაწყებულ სამუშაოებსაც ჩაუდგა სათავეში.
აკადემიკოს ნოდარ ჩხარტიშვილის მუხლჩაუხრელი, ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობის შედეგები აისახა უშუალოდ მის მიერ ჩატარებული ფუნდამენტური ექსპერიმენტების შედეგებზე აგებულ 200-მდე მეცნიერულ ნაშრომში, რომელთაგან 5 მონოგრაფიაა.
- ბატონო ნოდარ, უცხო ერის წარმომადგენლებს ყოველთვის აღელვებდათ ქართველი კაცის განსაკუთრებული დამოკიდებულება, ღვთაებრივი სიყვარული ვაზისადმი. მაინც რით შეიძლება აიხსნას ეს ფენომენი?
- ამის ახსნა რელიგიურ და ფილოსოფიურ სფეროს მიეკუთვნება. ქართველი ერი ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებას ვაზის ნასხლავის ჯვრით ეზიარა. თითქოსდა, მოულოდნელია ჯვრის ვაზისგან გაკეთება - წმინდა ნინოს უნდა სცოდნოდა, რომ ვაზს ქართველები ოდითგანვე აღმერთებდნენ. ისინი არ იცნობდნენ ქრისტიანობას, მაგრამ ცნობდნენ ვაზის ძალას. ამიტომ ვაზის ჯვარს უფრო ირწმუნებდნენ.
ქრისტიანობასთან ერთად, ქართველობა ვაზისა და ღვინის ბიბლიურ, წმინდა ქრისტიანულ მნიშვნელობასაც ეზიარა. ვენახი, ვაზი და ღვინო არაერთხელაა მოხსენიებული წმინდა წერილში, ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში. ძველ აღთქმაში ღმერთი მევენახედ იწოდება, მისი რჩეული ერი კი - ვენახად. ღვთისადმი დაუმორჩილებელი ერი შედარებულია ველურ და უცხო ვენახთან, რომელიც მავნე და შხამიან ნაყოფს იძლევა. ვენახის დამუშავება, სულიერი მნიშვნელობით, იმ სათნოებებზე მიგვანიშნებს, რისი მეოხებითაც შესაძლებელი ხდება საკუთარი სულის სრულყოფა და გადარჩენა. სახარების იგავებში უფალი ვენახის პატრონად გვევლინება, ჩვენ კი მისი მევენახეები ვართ, ვენახის მოქმედნი. რამდენიმე იგავში ვენახის პატრონი უზენაესი შემოქმედია, რომელმაც ჩაყარა ვაზი - შექმნა სამყარო და დასამუშავებლად მისცა ადამიანს, ერს, კაცობრიობას. მევენახე კი თავად უფალი იესო ქრისტეა, ჩვენი შუამდგომელი და შემწე, რომელიც ვაზის მოვლა-პატრონობაში გვეხმარება. გავიხსენოთ - სწორედ ღვინოს უკავშირდება ქრისტეს პირველი სასწაული: გალილეის კანაში უფალმა წყალი ღვინოდ აქცია. იოანეს სახარებაში უფალი გვამცნობს: "მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი". ქრისტეში ყოფნა და მასთან ზიარება ვაზის ნაყოფით - ქრისტეს წმინდა სისხლით, ასევე ქრისტეს პატიოსანი ხორცითაა შემტკიცებული. სულიწმინდის ძალით პური და ღვინო საიდუმლოდ, უხილავად გარდაისახება იესო ქრისტეს ხორცად და სისხლად. ვაზი და ღვინო სულის ცხონებასა და გადარჩენას უკავშირდება.
ქართული ვაზის ამბავი საქართველოს უტყვი ისტორიაა. ქართველი ერის და ვაზის ბედის განუყოფლობა ისტორიამ დაადასტურა. მტერმა იცოდა, რომ ქართული ვაზის ამოძირკვით ჩვენს სულიერებას, ქართველობას ემუქრებოდა საფრთხე. ამიტომაც დაუნდობლად გვიჩეხდნენ ვაზს, ვენახს ნავენახარად გვიქცევდნენ, ფუძეს გვიშლიდნენ. ქართველ კაცს, საბედისწერო პირობებშიც კი, ბედის ანაბარა არასოდეს მიუტოვებია ვაზი. ომებით იავარქმნილი ამოისუნთქავდა თუ არა, ვაზის გაშენებას იწყებდა.
ვაზი წმინდა კულტურა იყო. საქართველოში არც ერთი ტაძარი არ აშენდებოდა ისე, რომ მის დეკორში, არქიტექტურულ ნაწილში არ ყოფილიყო გამოყენებული ვაზის ფოთოლი, მტევანი, ყლორტი, საეკლესიო მამულებში ვაზი ყოველთვის იყო ერთ-ერთი უწმინდესი მცენარე.
საბედნიეროდ, დღეს, ჩვენი მეწარმეების დიდი ნაწილი მორწმუნეა. ისინი ღვთის ძალითა და შეწევნით აღწევენ წარმატებებს. უფლის შემწეობით საქართველოში მევენახეობის დარგი კვლავ დაადგა აღორძინების გზას. ტრადიცია აღდგა: ვენახებსა და ქარხნებს ღვთისმსახურნი აკურთხებენ.
- რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო ბაზარზე ღვინის ბუნებრივი, ძველი ქართული წესით დაყენების ტექნოლოგიას?
- წმინდა ილია მართალი ამბობდა: "ჩვენებური ღვინო მართალი ღვინოა... ჩვენს ღვინოში არა არის რა, გარდა ყურძნის წვენისა".
ქართველი გლეხი ვაზის ნაჟურს არაფერს უმატებდა, არაფერს ბღალავდა, "ბუნებრივი" წესით ამზადებდა. სწორედ ეს გახლავთ ღვინის ქართულად დაყენების ტექნოლოგია. სწორედ ასეთი, "ხელთუქმნელი" ღვინოა მარგებელი, მაკურნებელი თვისებისა, მხოლოდ იგი "ახარებს გულსა კაცისასა", როგორც ბრძანებს წმინდა დავით წინასწარმეტყველი.
ქართული ღვინისადმი უცხოელების ინტერესს განსაზღვრავს მისი ღირსებები, რომელიც უნდა დავიცვათ და არ უნდა მივცეთ ვინმეს მისი გაყალბების საშუალება. საქართველოში შექმნილია ღვინის დაყენების ორიგინალური ტექნოლოგიები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, კახური ღვინო სამკურნალოა. თავისი თვისებებით იგი უთანაბრდება წითელ ღვინოს, რომელიც ასე მიღებულია ბაზრისათვის. კახური წესით დაყენებულ ღვინოში მოიპოვება სწორედ ის სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობს გულსისხლძარღვთა სისტემის მოწესრიგებას. ეს ნივთიერებები ნაკლებად გვხვდება იმავე ჯიშისაგან დაყენებულ ევროპულ ღვინოში. ძველი ტექნოლოგიით ღვინის დაყენება, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ მასზე ხელის აღება არ შეიძლება. ახლა ვმუშაობთ ტექნოლოგიის შედარებით გაადვილებაზე, რაც ხელს შეუწყობს მის შენარჩუნებას.
- ბატონო ნოდარ, როგორია მევენახეობის განვითარების პერსპექტივა?
- ამ დარგის განვითარების დონე ანარეკლია ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა. ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის ეკონომიკური საფუძველი, არსებობის წყარო იყო და დღესაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად რჩება.
ჩვენმა ინსტიტუტმა შეიმუშავა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების კონცეფციური პროგრამა. ასე რომ, კანონმდებლობა, დამცავი მექანიზმი ვაზის კულტურასა და ღვინოს აქვს. ჩვენ შევძელით და პარლამენტში შევიტანეთ კანონი, რომლის პრეამბულაში დაფიქსირებულია ის, რომ საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობა პრიორიტეტული დარგია. ამ აღიარებამ ხელი შეუწყო ამ დარგისადმი საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას. ამ კონცეფციაში ჩამოყალიბებულია სწორედ პერსპექტივა - რა გზით უნდა წარიმართოს საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება. ისტორიულად საქართველო ხარისხოვანი ღვინის ქვეყანაა და ეს შენარჩუნებული უნდა იქნეს. შემდეგ განსაზღვრულია სხვა მიმართულებებიც: სანედლეულო ბაზის გაფართოება, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღება-შენახვა, ნერგის წარმოების ტექნიკური ბაზის რეაბილიტაცია – უვირუსო, ჯიშურად გარანტირებული სარგავი მასალით ქვეყნის უზრუნველყოფა, ტრადიციული ტექნოლოგიების სრულყოფით კონკურენტუნარიანი ღვინოების მიღება, ჯიშური თავისებურებებისა და კვებითი ღირებულების შენარჩუნება და სხვა.
ქართველი მეცენატის, ბატონი ბიძინა ივანაშვილის ხელშეწყობითა და თანადგომით პირველი სანერგე საგურამოში ჩაიყარა. კონცეფია რეალობად იქცა. მოგვეცა საშუალება, კვლავ მოვაშენოთ ვაზის უნიკალური ჯიშები და დავიცვათ ქართული გენოფონდი.
კიდევ გავიმეორებ, რომ მევენახეობა-მეღვინეობა არის ქვეყნის ეკონომიკის განმსაზღვრელი დარგი. საკმარისია აღინიშნოს, რომ უახლოეს წარსულში, გასული საუკუნის 80-90-იან წლებში მევენახეობიდან მიღებული შემოსავალი ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის 18-20%-ს შეადგენდა; ქვეყნის ბიუჯეტის ფორმირებაში ამ დარგის წილად 25%-ზე მეტი მოდიოდა. ამ დარგმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სფეროში თავისი წვლილი რომ შეიტანოს, საქართველოს უნდა ჰქონდეს 80-90 ათასი ჰექტარი ვენახი. უნდა აღდგეს უნიკალური ჯიშები უნიკალურ ზონებში. სარგავ მასალასთან ერთად აუცილებელია უნიკალური ჯიშებისთვის უნიკალური პირობების, გეოგრაფიული საზღვრების დადგენა. ასე რომ, პერსპექტივა ამ დარგს კვლავ უდიდესი აქვს.
ქართულმა ორიგინალურმა ღვინოებმა მსოფლიო ბაზარზე უნდა დაიმკვიდროს მყარი ადგილი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი