ჩვენი ფსიქიკა ინახავს ჩვენი წინაპრების, ოჯახის, ზოგჯერ მთელი გვარის ისტორიას. არც თუ იშვიათად არაცნობიერად, ანუ გაუაზრებლად ვიმეორებთ ცხოვრების წინაპრებისეულ გზას.
ამავე დროს, თითოეული ადამიანის ფსიქიკაში, მის არაცნობიერში შენახულია მისივე ერის ისტორიაც. ჩვენ ვართ ასევე მატარებელნი მთელი კაცობრიობის ისტორიული მეხსიერებისა. რა სცენარები, როგორი ემოციური კაპიტალი გადმოგვეცემა მემკვიდრეობით და რას ვქმნით ჩვენ ყოველივე ამისგან მთელი ცხოვრების განმავლობაში, მემკვიდრეობასთან ერთად რამდენად მნიშვნელოვანია პიროვნული ნების, თავისუფლების როლი ჩვენი ცხოვრებისეული გზის არჩევაში, ხასიათის ჩამოყალიბებაში... ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რეზო კორინთელი.
- ფსიქოანალიტიკური და ტრანსგენერაციული ფსიქოთერაპიის კვლევებით ირკვევა, რომ ზოგიერთი ადამიანი იქცევა ისე, როგორც მის წინაპარს ენდომებოდა, ზოგჯერ იმეორებს იმ წინაპრის ცხოვრების სტილსა და სცენარს, ავადმყოფობასა და პროფესიას, რომელიც არც კი უნახავს. სახელის დარქმევის დროს ყურადსაღებია, თუ ვის სახელს არქმევენ და ვინ არქმევს, თუ რა სიმბოლური დატვირთვა აქვს დარქმეულ სახელს. სახელი არა მარტო ნომინალურია, არამედ მისი მატარებელი ადამიანის ცხოვრების სტილს, მისი ცხოვრების უნიკალურ გზას მოიცავს კონდენსირებული ფორმით. მაგალითად, თუ გქვია დიდედის სახელი და მის სახელთან ასოცირდება არაჩვეულებრივი მეოჯახე, მშრომელი, გამრჯე ქალი, მაშინ შენს არაცნობიერს გადმოეცემა ცხოვრების მოდელი, თუ როგორ უნდა იცხოვრო. ამ მოდელთან გაიგივების, იდენტიფიცირების (იდენტიფიცირება არაცნობიერი მიბაძვაა, განსხვავებით იმიტაციისგან, რომლის დროსაც შეგნებულად ვბაძავთ) შემთხვევაში ადგილი ექნება ამ მოდელის ცხოვრებაში ხორცშესხმას. ოჯახის არაცნობიერი ინახავს გვარის მთელ ისტორიას. ამავე დროს, არაცნობიერ ფსიქიკაში არის პლასტი, რომელიც ეროვნულის, ეთნოკულტურულის მატარებელია და შენახულია თითოეული ადამიანის ფსიქიკაში. ამგვარად, ცალკეული ადამიანი, მისი არაცნობიერი მისი ერის ისტორიის, მეხსიერების მატარებელია. არაცნობიერი მოიცავს აგრეთვე რასობრივ და ზოგადსაკაცობრიო შრეებს. ადამიანის არაცნობიერს, რომელიც ცხოვრების განმავლობაში შეძენილ პირად განცდებზე არ დაიყვანება, იუნგმა უწოდა "კოლექტიური არაცნობიერი".
ის, რაც ოჯახში, საზოგადოებაში, რასასა და კაცობრიობაში ხდება, ფაქტობრივად თითოეული ადამიანის ფსიქიკაში, მის არაცნობიერ ნაწილში ილექება. ამავე დროს ოჯახი არის მთლიანი სისტემა, რომელიც მის წევრთა ფსიქობიოლოგიის უბრალო ჯამამდე არ დაიყვანება, ისევე როგორც მელოდია მის შემადგენელ ჰანგებამდე. იგი სხვა სისტემების მსგავსად თავისი კანონზომიერებით მოქმედებს. ოჯახში სხვა ფსიქოფიზიკური სისტემების ანალოგიურად ორი პრინციპი მოქმედებს. ერთია თვითგადარჩენის, ნეგენტროპიის, მეორე - ენტროპიის, ნგრევისა და დაშლის. ოჯახს, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, აქვს შემდეგი ფუნქციები: აღმზრდელობითი, სამეურნეო-საყოფაცხოვრებო, სექსუალურ-ეროტიკული, ემოციური, სულიერი და ა. შ. ამ ფუნქციათა შესასრულებლად ოჯახის წევრთა შორის ნაწილდება როლები. აღმზრდელობითი როლი მშობლების ხვედრია, ემოციური ფუნქცია კი ბავშვმა შეიძლება აიღოს თავის თავზე. ბავშვის სიყვარული აერთიანებს და ემოციურად აკავშირებს მთელ ოჯახს. როდესაც ოჯახი თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს და დისჰარმონიულია, ხშირად სწორედ ბავშვის საშუალებით ხდება მისი შეძლებისდაგვარად შენარჩუნება. მაგალითად, დაშლის პირას მყოფ ოჯახში ბავშვი ავად ხდება. ასეთ შემთხვევაში ცოლ-ქმარს შორის სხვა ურთიერთობა ყალიბდება, სხვაგვარი დამოკიდებულებები ჩნდება. ბავშვის ავადმყოფობა თითქოს აერთიანებს ოჯახს. ამას, ცხადია, ბავშვი შეგნებულად არ აკეთებს. ამას აკეთებს ოჯახის არაცნობიერი. ეს არის არაჯანსაღი, მავნე ურთიერთობები, რომელიც ოჯახს აერთიანებს ბავშვის ავადმყოფობის გზით, პატარას ხარჯზე. ამიტომ, ფსიქიატრიის და ფსიქოანალიზის თანამედროვე ეტაპზე დიდი ყურადღება ეთმობა ინტერპერსონალურ ურთიერთობებს. ჯანსაღი ურთიერთობა ქმნის ურთიერთობის ისეთ ინტერაქციულ ველს, რომელიც ჯანსაღად მოქმედებს ოჯახის თითოეულ წევრზე. თანამედროვე კვლევებით, ეს ურთიერთობები მოქმედებს არა მარტო ფსიქოემოციურ სფეროზე, არამედ ტვინზეც და მის ბიოქიმიას ცვლის. მაგრამ თუკი ოჯახში მკვიდრდება ისეთი სცენარი, რომლის თანახმადაც ამ ბავშვმა უნდა იხსნას ოჯახი, ეს სცენარი და როლები შეიძლება თაობიდან თაობაზე გადავიდეს. მომავალი თაობა იდენტიფიცირებას ახდენს, ანუ შეუგნებლად ბაძავს წინაპარს. მაგალითად, ბიჭი ბაძავს მამას, გოგონა კი - დედას, იმიტომ რომ, ბუნებრივია, უყვარს მშობელი. შვილი იმეორებს არა მხოლოდ მშობლის მიმოხვრას, არამედ, გარკვეულწილად, მისი ცხოვრების სტილსა და გზასაც.
ყველაფერს მემკვიდრეობას ნუ გადავაბრალებთ. თუკი ადამიანი შეწყვეტს თავისი წინაპრების სცენარის გამეორებას, ანუ თუკი მოინანიებს და შეიცვლება, მაშინ მას შეუძლია ახალი გზა იპოვოს. ბევრმა არ იცის, რომ იმეორებს მშობლების გზას. ჩვენი წინაპრები, ფაქტობრივად, ცოცხლები არიან. მხოლოდ ფიზიკურად ვერ ვხედავთ მათ, თორემ მათი ნამოღვაწარი და საქმეები ჩვენს ფსიქიკაში, ჩვენს არაცნობიერშია და ისინი ზემოქმედებას ახდენენ ჩვენს დღევანდელ, აწმყო ცხოვრებაზე. მთავარი ის კი არ არის, მემკვიდრეობით რა მივიღეთ და რა გარემოში ვცხოვრობთ, არამედ მთავარია, რას ვქმნით მემკვიდრეობით და გარემოდან მიღებული მასალისგან. ამგვარად თავისუფალი, შემოქმედებითი საწყისი უფრო მაღლა დგას გარემო ზეგავლენასა და გენეტიკაზე.
- როდესაც ადამიანი რაიმე ცოდვას, დანაშაულს სჩადის, ხშირად ახსენებენ ხოლმე: შეჩერდი, შენ ხომ შვილი გყავს! ზემოთ ახსენეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში შვილი იდენტიფიცირებას ახდენს მშობელთან. რამდენად მნიშვნელოვანია მშობლისგან ამის გაცნობიერება?
- როდესაც შვილი იდენტიფიცირდება თავის მშობელთან, იგი უხილავად იდენტიფიცირდება მის ფასეულობათა სისტემასთან, მის მსოფლმხედველობასთან, იმავე ცხოვრებით ცხოვრობს და დიდი შანსია, რომ იმავე ცხოვრებისეულ შედეგებამდე მივიდეს ისიც. ბავშვზე მოქმედებს ორი საწყისის ერთობლიობა: დედის და მამის, უფრო სწარად, დედისა და მამის ხატის. დედამ სხვა სამყარო მოგვიტანა, მამამ - სხვა. ხშირად, მამა რასაც აკეთებს, შვილზეც ტრანსგენერაციული გამეორების მექანიზმით გადადის. მამა თუ ნარკომანი იყო, შვილიც ინსტინქტურად იმეორებს მამის ცხოვრებას. აქ მხოლოდ ნარკომანია არ იგულისხმება, არამედ, უპირველესად, მსოფლმხედველობა და ცხოვრების ფილოსოფია. რას ეუბნება ნარკომანი მამა შვილს თავისი ცხოვრებით? იგი ეუბნება, რომ ცხოვრება სიამოვნებაა, მე ვერ შევდექი, როგორც კაცი, ვერ გამოვუცხადე ცხოვრებას ბრძოლა, ჩემი მოვალეობები ვერ შევასრულე; დედის სითბომ გამანებივრა და არ მომცა საშუალება, მოვწყვეტოდი სიამოვნებას და გამარჯვება მომეპოვებინა ვნებებზე. შვილი იმეორებს მამის ცხოვრებას, იმიტომ რომ მამა არის მიბაძვის ყველაზე ახლო მდგომი მოდელი, ცოცხალი მაგალითი მამაკაცობისა. ბავშვი მამის საშუალებით შედის მამაკაცთა სამყაროში. თუმცა ვიმეორებ იმას, რასაც ქრისტიანული სწავლებაც გულისხმობს, - ადამიანს მოეკითხება ის, რაც თვითონ დააშავა ამ ცხოვრებაში. "მამაო ჩვენოს" როცა წარმოვთქვამთ, ღმერთს შევთხოვთ, "მოგვიტევოს თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა". ეს ვალი ანუ თანანადები შეიძლება ჩვენი წინაპრების ცოდვებიც იყოს. ისინი ხომ არსებობს ჩვენს სხეულში, ჩვენს ფსიქიკურ მეხსიერებაში. ჩვენ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან დანაშაულის გრძნობა და მიზეზი. ადამიანის ცოდვითი მიდრეკილება შეიძლება გამოწვეული იყოს წინაპრის მიერ ჩადენილი ცოდვის მიზეზით, მაგრამ ადამიანს შეუძლია და ხელეწიფება კიდეც ამის შეცვლა.
- არსებობს ოჯახური მითები, რითაც ესა თუ ის ოჯახი ცხოვრობს. ეს მითები, ისევე როგორც კომპლექსები, შეიძლება თაობიდან თაობას გადაეცეს?
- არსებობს, მაგალითად, ასეთი მითი - "ოჯახი - თეატრი". ასეთ ოჯახში ყველაფერი კეთდება დემონსტრაციისთვის, შოუსთვის. მთავარია, ხალხმა დაინახოს. ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვი ეჩვევა იმას, რომ უნდა იცხოვროს გარეგნულად; ასევე არსებობს მითი - "ოჯახი - ჩემი ციხესიმაგრე". ასეთ ოჯახებში ერთ-ერთი წევრი, მაგალითად, მამა ამკვიდრებს სცენარს, რომლის თანახმადაც მის გარეშე არაფერი გაკეთდება. თავადაა ის, ვინც მატერიალურად უზრუნველყოფს ოჯახს, ვაჟკაცურად დგას, დასასვენებლად გზავნის ოჯახის წევრებს, ძვირფას საჩუქრებს ყიდულობს და ა. შ. ამის სამაგიეროდ კი ოჯახის წევრთაგან მოითხოვს თაყვანისცემას. იგი ნარცისია და მოითხოვს მორჩილებას. ასეთი ურთიერთობები ბადებს პარანოიისადმი მიდრეკილებას, მკვიდრდება შეხედულება, რომ ცხოვრება არის დაუნდობელი ბრძოლა არსებობისთვის. ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვი სამყაროს აღიქვამს, როგორც მისდამი მტრულად განწყობილს. აქედან მოდის პარანოიდული დამოკიდებულებები: ეჭვიანობა, დევნის მანია და ა. შ. დაავადების უფრო რთულ ფორმებში ადამიანს ეჩვენება, რომ მას დასდევენ, მოსვენებას არ აძლევენ, შეთქმულება მზადდება მის წინააღმდეგ... არსებობს ოჯახები, სადაც მშობლები ფიქრობენ, რომ მათ უნდა დაბადონ მხსნელი, ვთქვათ, პრეზიდენტი და ა. შ. ესეც მითია. ამ შემთხვევაში დედა, რომელიც უკმაყოფილოა თავისი და ქმრის სოციალური სტატუსით, ხშირად სოციალური დამკვიდრების სურვილის დაკმაყოფილებას შვილის მეშვეობით, მისი წარმატებული კარიერით ცდილობს.Aამ დროს ხდება შვილით მანიპულირება და იგი იქცევა დედის ამბიციების დაკმაყოფილების საშუალებად. ასეთი ბავშვი მოწყვლადი ხდება მარცხისადმი, ვერ უშვებს დამარცხების შესაძლებლობას და დეპრესიისადმია მიდრეკილი.
- ესე იგი, გამოსავალი ისაა, რომ ადამიანმა გააცნობიეროს თავისი მემკვიდრეობითი მიდრეკილებები. მაგრამ შესაძლებელია კი მათი ბოლომდე გაცნობიერება?
- იცით, ეს არის ცოცხალი ურთიერთობა. ქაღალდზე ამის გადმოცემა შეუძლებელია. წაკითხული ამას ვერ განგვაცდევინებს. ამისათვის საჭიროა ღვთივგანბრძნობილ ადამიანთან, ბრძენკაცთან, ჭეშმარიტ მოძღვართან ურთიერთობა. მათ შეუძლიათ ცოცხლად გადმოგვცენ ის, რაც წიგნების კითხვით არ გვეძლევა. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ცოდვები უნდა მოვინანიოთ, ნაკლები ცოდვა ჩავიდინოთ, მაგრამ ამის რეალური განცდა უნდა მოგვეცეს. შესაძლებელია სიყვარულზე ჩაატარო 2-საათიანი ლექცია, მოიყვანო ციტატები, მაგრამ თუ სიყვარული განცდაში არ შემოსულა და ის არასოდეს განგიცდია, მაშინ მის შესახებ არაფერი იცი. განცდებს თავისი ენა აქვს და არა მარტო ენა, არამედ ენერგიაც და ზოგჯერ ისეთი ძლიერიც, რომ ჩვეულებრივმა ადამიანურმა სხეულმა შეიძლება ვერც გაუძლოს მათ ძაბვას. ამიტომ ამ განცდის მიმღები ჭურჭელი მაგარი და გამძლე უნდა იყოს. ამ სიმაგრეში უპირველესად სიმშვიდე იგულისხმება. იმისათვის, რომ ზღვის ზედაპირზე მზე დავინახოთ, იგი მშვიდი უნდა იყოს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი