ის, რომ ჩვენ დღემდე მოვაღწიეთ ჩვენი ცხოვრების წესითა და ტრადიციებით, ჩვენი წინაპრების ბრძნული, ღვთივსათნო არჩევანის შედეგია.
ეს არჩევანი თავისთავად ემყარება ფასეულობათა სისტემის იერარქიის მართებულად განსაზღვრას, ღირებულებების სწორად შეფასებას.
ყოველთვის ასე იყო და დღეს, განსაკუთრებით ე. წ. გლობალიზაციის ეპოქაში, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმის გაცნობიერებას, თუ რა არის ყველაზე მთავარი ღირებულება ჩვენთვის, რა უნდა შევინარჩუნოთ და დავიცვათ და ამავე დროს რა უნდა შევითვისოთ ან შევცვალოთ იმისათვის, რომ ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ მსოფლიო თანამეგობრობაში.
წერილში "კონსერვატორობა და ლიბერალობა" ილია ჭავჭავაძე წერს: "ჭეშმარიტი კონსერვატორობა ესარჩლება და იცავს მარტო იმისთანა ძველს, რომელიც, მისი გულწრფელი რწმენით, ჯერ კიდევ გამოსადეგია და საჭირო ცხოვრებისათვის, და ხანდახან მარტო იმაში თუ სცოდავს, რომ ზოგჯერ იმისთანა ძველსაც გადაეფარება, რომელიც თუმცა გამოსადეგარი აღარ არის, მაგრამ უვნებელია, და ძველის აღდგენილს მანამდე არ უთმობს ახალს, სანამ გულს კარგად არ დააჯერებს, რომ ახალი კეთილს მოიტანს. ჭეშმარიტი ლიბერალობაც უარყოფს მარტო იმისთანა ძველს, რომელსაც თავისი დრო და ჟამი მოუჭამია, რომელიც დღეს ხარისხად გასდებია ცხოვრებას და წინსვლას უშლის. მას სურს იმ ძველის მაგიერ იმისთანა ახლის დამკვიდრება, რომელიც ცხოვრების განკარგებასა და წარმატებას ხელს ძველზე უკეთ მოუმართავს".
დრო იცვლება და მის კვალობაზე იცვლებიან ფასეულობებიც. საყოველთაოდ აღიარებული ძველი, დრომოჭმული ტრადიციის ადგილს იკავებს უფრო პროგრესული და ღირებული. მაგრამ რას ვერ ფილტრავს დროის საცერი, რა არის აბსოლუტური ღირებულება და რას ემყარება მისი აბსოლუტიზაცია, როგორ არის წარმოჩენილი სიტყვაკაზმულ ქართულ მწერლობაში ტრადიციისა და პიროვნების კონფლიქტი... ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება მედიაველისტიკის დოქტორი ლევან გიგინეიშვილი.
- ფასეულობები შეიძლება იყოს აბსოლუტური და რელატიური. რა იცვლება და როგორ მივუდგეთ ტრადიციას და ნოვაციას?
- წმინდა შუშანიკი ამბობს: "ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამათ პური?!" ეს არის სწორედ რელატიური ფასეულობა, რომელიც შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ, ამისგან განსხვავებით, ქრისტიანობა, ანუ ის, რისთვისაც წმინდა შუშანიკი ეწამა, არის აბსოლუტური ღირებულება, რომელიც არ იცვლება. აკაკი "თორნიკე ერისთავის" დასაწყისშივე ლაპარაკობს სუფრის ტრადიციაზე და ამბობს, ადრინდელ ქართველებს რომ ენახათ ჩვენი ახლანდელი სუფრა, სირცხვილით დაიწვებოდნენო - ძველ დროში მიღებული არ იყო სათითაოდ ყოველი კაცის სადღეგრძელო, სულ სამი სადღეგრძელო ჰქონდათ: უფლის, მამულის და მეფის. აკაკის აწუხებდა, რომ მკვიდრდებოდა ეს გაუთავებელი და უსაშველოდ გაგრძელებული სუფრის ჩვეულება, რომლის შეცვლა სულაც არ იქნებოდა ცუდი და საკუთარი იდენტობის ღალატის მაჩვენებელი. პირიქით, აკაკი ფიქრობდა, - თუკი ერი, საზოგადოება აყალიბებს თავის იდენტობას რაღაც მანკიერ ჩვეულებაში, ჯობია, ეს მანკიერება საერთოდ მოიცილოს. ამით მისი იდენტობა არ მოისპობაო. აკაკი ხედავდა, რომ ეს დაუსრულებელი სუფრების ტრადიცია მე-19 საუკუნეში განპირობებული იყო იმით, რომ ქართველებს აღარ გვქონდა დამოუკიდებელი თვითმოქმედების სივრცე. და როდესაც ეს სივრცე დაცარიელდა სოციალურ-პოლიტიკურ რეალობაში, ვეცადეთ მის ამოვსებას გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებით.
ზოგიერთი ტრადიცია უკვე აღარ არის ქმედითი. მაგალითად, გეორგ მელვილის "მობი დიკში" არის ასეთი ეპიზოდი: გემები მუსრავენ ვეშაპებს, მაგრამ ამ შემუსვრილი ვეშაპებიდან ყველას აზიდვა ჭირს გემზე. ამიტომ მკვდარი ვეშაპები ოკეანეში დაცურავენ და ახალი გემები რომ მოდიან, ეკიპაჟის წევრებს ეს მცურავი ვეშაპები კუნძულებად ეჩვენებათ. ერთ-ერთი გემის კაპიტანი მათ რუკაზეც კი დაიტანს. ამის მერე გემები ამ ადგილს აღარ ეკარებიან, რადგან არსებობს კუნძულებთან შეჯახების საფრთხე. სინამდვილეში კი ეს კუნძულები არ არსებობენ. მელვილისთვის მკვდარი ვეშაპები მეტაფორაა. იგი ამბობს: ზოგიერთი ტრადიცია სწორედ ამ მკვდარ ვეშაპებს მაგონებს, სინამდვილეში არანაირი საფუძველი რომ არ აქვთ, ჩვენ კი მათ მაინც ბრმად მივდევთო.
ასეთი "მკვდარი ვეშაპები" იყო ილიასთვის სწორედ ის ექვსი ასონიშანი, რომელიც მან ქართული ანბანიდან ამოიღო. იგი თვლიდა, რომ ამ ასოების არსებობა არანაირ საჭიროებას აღარ წარმოადგენდა, რადგან უკვე არავინ იყენებდა მათ. ილია არა მარტო ამ ძველ ასოებს თვლიდა ზედმეტად, არამედ ყველაფერ იმას, რაც ძველ დროში შეიძლება ქმედითი და ფასეული იყო, თანამედროვე რეალობაში კი უკვე არანაირი ფასეულობა აღარ ჰქონდა და არც მომავლის მშენებლობას წაადგებოდა რამეში. მაგრამ, ამავე დროს, ილია სულაც არ იყო უნიადაგო კოსმოპოლიტ-ლიბერალი და ტრადიციის უარმყოფელი. პირიქით, რაც კარგი იყო იმ ძირძველ ფასეულობებში, კბილებით იცავდა და ინარჩუნებდა. ის, რასაც ილია ასე უფრთხილდებოდა, დაკავშირებული იყო არა რელატიურ, არამედ შეურყეველ და აბსოლუტურ ფასეულობასთან. ეს გახლდათ: ენა, მამული, სარწმუნოება. ამათი დაკარგვა ნიშნავდა მისთვის გადაგვარებას და გადაშენებას. ამისგან განსხვავებით ილია აბსოლუტურ ფასეულობად არ მიიჩნევდა, მაგალითად, ბატონყმობას ან მონარქიას. თვლიდა, - როდესაც საქართველოს აღარ ჰყავს თავისი მეფე, ხოლო რუსეთის იმპერატორი ასიმილაციის პოლიტიკას ეწევა, ამ შემთხვევაში საქართველოს გადარჩენისთვის თითოეულ ადამიანს ეკისრება უფრო მეტი პასუხისმგებლობა: "ბაზალეთის ტბაში" ილია ქართული მონარქიის აღდგენაზე კი არ ოცნებობს, არამედ გმირზე, რომელიც ყველა ქართველის გულში უნდა დაიბადოს. თუ მანამდე მონარქის პასუხისმგებლობაში იყო ყველაფერი, ის ქმედითობდა უფრო მეტად. ახლა კი ჩვენ თვითონ უნდა ვიმოქმედოთ.
- დღეს გლობალიზაციის პროცესმა საყოველთაო ხასიათი მიიღო, რაც, გარკვეულწილად, საფრთხეს შეიცავს - ეს პროცესი ბუნებრივად იწვევს ხალხებისა და კულტურების ასიმილაციას და ზოგჯერ სრულ გაქრობასაც. ჩვენთვის იმუნიტეტი ქრისტიანული და ტრადიციულ-ეროვნული ფასეულობებია.
- რა თქმა უნდა, გვიწევს დაფიქრება: ვინ ვარ მე? მოდის ახალი რამ და რაღაცას ცვლის ჩემში. რა მივიღო და რა არა? გავიხსენოთ ილიას "აჩრდილი":
"ვიდრე ძე შენი არ გაიკვლევს ზოგად ცხოვრებას
და მცნების ნათლით ზეაღზიდულ-ამაღლებული,
ჭკვით არ განჭვრეტავს საზოგადო ცხოვრების დენას..."
"ზოგად ცხოვრებაში" იგულისხმება მაშინდელი მსოფლიო პროცესები. თუკი ქართველი ამ მსოფლიო პროცესებს არ გაიგებს და საზოგადო ცხოვრების დენას ჭკუით არ განჭვრეტსო, - ამბობს ილია, - მიზანს ასცდება და ყოველთვის დაჩაგრული და დაბეჩავებული იქნებაო. მაგრამ, ამავე დროს, ილია იღებდა რაღაც აბსოლუტურ კატეგორიას, კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ამ მსოფლიო პროცესების შეფასება, რა არის აქედან მისაღები და რა - უკუსაგდები. ეს კრიტერიუმი ილიასთვის არის "მცნების ნათელი", რომელიც ქმნის იმ "საცერს", რომელშიც უნდა გატარდეს მსოფლიო პროცესები. ამ პროცესებიდან ილიას ზოგი რამ მოსწონს, ზოგი - არა. არ მოსწონს ევროპული კოლონიზაცია, ევროპული სიხარბე. სამაგიეროდ, მოსწონს ის, რაც ჯანსაღია - შრომის განთავისუფლება, ერების თვითგამორკვევა, რასაც იმ დროისათვის ადგილი ჰქონდა იტალიაში, პოლონეთში, ჩეხეთში... სურს, ეს პროცესები საქართველოსაც მოედოს. ის ხედავს, რომ რუსეთის იმპერიაც დაინგრევა ოდესმე, ამიტომ ქართველი ერი ამას მომზადებული უნდა შეხვდეს, გამოერკვეს და ევროპულ ერებს დაუდგეს გვერდით. ეს ყველაფერი ძალიან მოსწონს ილიას, მაგრამ იგი არ არის ბრმა მიმდევარი არც ევროპული და არც თავისი ეროვნული ტრადიციებისა. ანუ ის ჭკუით განჭვრეტს ამ ყველაფერს. ილიას გონება ერთგვარი ბრძმედია, რომელიც ხედავს, თუ რომელი ტრადიციაა უფრო მოწინავე, ანუ რა მიიღოს და რა შეინარჩუნოს. "აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა", მაგრამ აწმყოში ილიას უხდება წარსულის გადაფასება და მისი ხელახალი კონსტრუირება. არ არის აუცილებელი, ყველა ტრადიციის ბრმა მიდევნა, არამედ სასურველია ამ "მკვდარი ვეშაპებისგან" განთავისუფლება.
დღესაც ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ. გლობალიზაციის პროცესს ვერ შეაჩერებ. ზოგი მასში მხოლოდ ცუდს ხედავს, მაგრამ მას მეორე მხარეც აქვს. თუნდაც ის, რომ იქმნება ტრანსნაციონალური კორპორაციები, ტელეკომუნიკაციის საშუალებები, რაც, თავის მხრივ, აადვილებს ურთიერთობებს და ცუდი არ არის. მაგრამ შეიძლება დაემუქროს რაღაც ფასეულობებს. ამიტომაც ამ პროცესების შემოტევის კვალობაზე უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმის განსაზღვრას, ამ ფასეულობებიდან რა არის აბსოლუტური და რა - რელატიური, ანუ შეიძლება ამა თუ იმ ფასეულობის მოდიფიკაცია, გადასინჯვა და, თუ საჭიროა, უარყოფაც.
- ტრადიციისა და ნოვაციის დაპირისპირების საკითხი არაერთ ქართველ მწერალს აღელვებდა...
- საინტერესოა ის, რომ ეს ნოვატორული, პროგრესული იდეები არის მხოლოდ ერთეულების ხედვაში და ძნელია მათი ტირაჟირება საზოგადოებაზე. იმიტომ რომ, ამ ერთეულებმა ეს იდეები მიიღეს პირადი გამოცდილებით. ვაჟას ალუდა ქეთელაური პიროვნულად დაეჯახა მუცალს, მისი სული და გული გაიგო. ამ დროს მათი პიროვნებები გაეხსნა ერთმანეთს. მაგრამ თემში სხვას არავის აქვს ეს გამოცდილება. ამიტომ ამ ღირებულებებს ალუდა ვერ გაუზიარებს, ავტომატურად ვერ მოახვევს თავს იმ საზოგადოებას, რომელსაც მისი არ ესმის. ეს პრობლემა ყოველთვის ჩნდება: მავნე ტრადიციის საპირისპირო და პროგრესული იდეა ძნელი სათარგმნი ხდება იმ ხალხისთვის, ვისაც ეს გამოცდილება პირადად არ ჰქონია. ამიტომ ზოგჯერ დიდი დრო სჭირდება იმას, რომ ერთეული პიროვნებების მიერ აღმოჩენილი ღირებულება საზოგადოების ნაწილი გახდეს და შემდეგ უკვე მათი ცხოვრების წესადაც იქცეს.
მეორე მხრივ, შესაძლებელია ორი ტრადიციაც დაუპირისპირდეს ერთმანეთს. "სტუმარ-მასპინძელში" ერთმანეთს ეჯახება ორი ტრადიცია: ერთია სისხლის აღების, მეორე - სტუმარმასპინძლობის. პიროვნების ასარჩევია, ამ ორიდან რომელს მიანიჭოს უპირატესობა. ეს მოითხოვს ძალიან დიდ სულიერ და გონებრივ დაძაბულობას, ამასთანავე აქტიურობასა და პასუხისმგებლობას. ჯოყოლამ თავის თავზე აიღო მთელი პასუხისმგებლობა და თავისი გრძნობითა და გონებით დაადგინა იერარქია ფასეულობებს შორის, რაც აქამდე დადგენილი არ იყო. მან გადაწყვიტა ფაქტობრივად ე. წ. ეგზისტენციალური დილემა, რაც მართლაც ძალიან ძნელია, რადგან, ჟან პოლ სარტრის სიტყვებით, ადამიანი "განწირულია თავისუფლებისთვის", იმიტომ რომ არსად, მათ შორის არც ბიბლიაში, არ არის მზამზარეული პასუხები იმაზე, თუ როგორ იცხოვრო, ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ მოიქცე და ა. შ.
- ხშირად ტრადიციების პროფანაცია ხდება...
- მე-19 საუკუნის ერთი რუსი მიტროპოლიტი წერდა: ბავშვობას რომ ვიხსენებ, ვრწმუნდები, რომ ჩვენ მაშინ უფრო მართლმადიდებლები ვიყავით, ვიდრე ქრისტიანებიო. ამ პარადოქსული ფრაზით მართლმადიდებელ იერარქს იმის თქმა უნდოდა, რომ მაშინ მეტი აქცენტი კეთდებოდა გარეგნული რიტუალების შესრულებაზე, ვიდრე ქრისტიანობის არსზე, ანუ მცნებების გააზრებაზე და მათ დაცვაზე. ილიაც ამასვე ამბობდა. ლუარსაბი იცავს მარხვებს, წირვა-ლოცვასაც არ აკლდება, მაგრამ რატომღაც არ ახსოვს, რომ ყოველივე ეს მხოლოდ დამხმარე საშუალებებია და არა თავად მიზანი. ლუარსაბის რელიგიურობა ამაზე შორს არ მიდის. იგი ივიწყებს უფლის მოწოდებას: "იყავით თქვენ სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეცათაი სრულ არს". ილია მტკივნეულად განიცდიდა იმდროინდელი ქართული საზოგადოების სულიერ მდგომარეობას, რომელიც მართლმადიდებლობის მხოლოდღა გარეგნული გამოვლინებით შემოიფარგლებოდა.
გავიხსენოთ, თუნდაც გურამ რჩეულიშვილის "ალავერდობა". ეს დღესასწაული დაკავშირებულია, უპირველესად, წმინდა იოსებ ალავერდელის სახელთან, რაც თავისთავად უნდა იწვევდეს ამაღლებულ განცდებს. მაგრამ არავის ახსოვს ამ დღესასწაულის არსი. ხალხს ღრეობად გადაუქცევია იგი და როგორც იესო შეიჭრა ტაძარში და გადმოაპირქვავა მეკერმეთა დახლები, ისე იჭრება გურამ რჩეულიშვილიც ამ ხმაურიან ბრბოში და ტეხს დებოშს. ეს დებოში საჭიროა იმ სიტუაციაში, რათა ფასეულობები დაინახონ ადამიანებმა და არ მოხდეს პროფანაცია იმისა, რაც არის წმინდა და ამაღლებული.
რა იქნება, წმინდა ილია მართალს მარტო სანთლები დავუნთოთ ეკლესიაში, მისი ნაშრომები კი არ ვიკითხოთ? მაშინ როგორ დავინახავთ ილიას გზას და გავარკვევთ, როგორ მოვეპყროთ ტრადიციასა თუ ნოვაციას? ჩვენ თვითონ უნდა დავადგინოთ ფასეულობებს შორის იერარქია და განვსაზღვროთ, რისი მოფრთხილება გვმართებს. და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ არა მხოლოდ სოციალურ-პოლიტიკური რეალობის ანალიზით, არამედ აბსოლუტური ქრისტიანული ფასეულობების შუქზე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი