მე-19-20 საუკუნეებში მსოფლიო მეცნიერებაში მომხდარმა სეკულარიზაციამ, ხოლო საბჭოთა კავშირში რელიგიის დევნამ და ზოგადად რელიგიური აზროვნების კომპრომეტაციამ დაღი დაასვა ფსიქიატრიას.
მეცნიერებამ, რომლის სახელწოდებაც ნიშნავს ,,სულის მკურნალობას" (ფსიქიატრია), უარყო სულიერი ძალების არსებობა და მათი გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. არადა, უდავოა, რომ ეკლესიასაც და ფსიქიატრიასაც ერთი და იგივე მიზანი აქვთ - ფსიქიკურად ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბება.
ბოლო დროს საქართველოში ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. მრავალმა ფსიქიატრმა და ფსიქოთერაპევტმა გააცნობიერა, რომ ფსიქიატრიის სფეროში დაგროვილი აკადემიური ცოდნა მორწმუნე ადამიანის ხელში ძლიერი იარაღია. დღეს უკვე ბევრი მიიჩნევს, რომ დროა, ფსიქიკური აშლილობის მკურნალობაში ეკლესიამაც მიიღოს მონაწილეობა, ეს ორი სფერო გაერთიანდეს და დაიწყოს დიალოგი ინფორმაციის იმ დეფიციტის შესავსებად, რომელიც ორივე მხარეს აქვს: ეკლესიას - ფსიქიატრიის შესახებ, ხოლო ფსიქიატრიას - რწმენის შესახებ.
სწორედ ფსიქიატრიასა და რელიგიას შორის განუყოფელი კავშირის დასტურია რამდენიმე ხნის წინ ფსიქიატრიის ინსტიტუტის ტერიტორიაზე ტაძრის მშენებლობის დაწყება. ამ საქმის ინიციატორი საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელობაც გახლავთ. ტაძრის აშენება ფსიქიატრიის ინსტიტუტის ტერიტორიაზე მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრის, ქართული ფსიქიატრიული სკოლის მამამთავრის, ბატონი ავლიპ ზურაბაშვილის სანუკვარი ოცნება იყო. და საოცარი ის გახლავთ სწორედ, რომ მისი შვილიშვილის, ფსიქიატრიის ინსტიტუტის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, ბატონი დავით ზურაბაშვილის დირექტორობის დროს ესხმება ამ ოცნებას ხორცი. ბატონი ავლიპის შვილიც და შვილიშვილიც ამ ინსტიტუტის კედლებში თავდაუზოგავად იღვწიან, რათა წინაპრის გზა ღირსეულად გააგრძელონ.
ჩვენი სტუმარია მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, არაერთი პრემიის ლაურეატი, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი.
- ბატონო ზურაბ, გვიამბეთ თქვენს ოჯახზე. რამდენადაც ვიცი, ბატონი ავლიპი მღვდლის შვილი იყო. როგორი დამოკიდებულება იყო და არის თქვენს ოჯახში სარწმუნოების მიმართ?
- ჩვენი ოჯახი ყოველთვის იყო ეკლესიური და, რაღა თქმა უნდა, კვლავაც ასეთად რჩება. პაპაჩემი, დეკანოზი დავით ზურაბაშვილი 18 წელი მსახურობდა სამეგრელოში, სოფელ ნოსირში. შემდეგ კახეთში დაბრუნდა. ჩვენი სოფელი, ბოდბისხევი, ქიზიყშია. იქ არის ზურაბაშვილების ეკლესია, რომელიც ამაღლების სახელზეა აგებული. სწორედ ამ ეკლესიაში მოღვაწეობდნენ ზურაბაშვილები, მათ შორის პაპაჩემიც და იქვე განისვენებს. სამწუხაროდ, მოუცლელობის გამო ისე ხშირად ვეღარ ჩავდივარ კახეთში, მაგრამ, მერწმუნეთ, ჩემი გული იქ არის. სხვათა შორის, მამაჩემის უფროსი ძმა, ანთიმოზიც სასულიერო პირი გახლდათ. რევოლუციის შემდეგ აიძულეს, ანაფორა გაეხადა. იქვე დარჩა, სიღნაღში, და ფოსტის უფროსად მუშაობდა. სასულიერო პირობა მამაჩემის სურვილიც გახლდათ, მაგრამ რაკიღა იმ დროს ამის საშუალება არ იყო, ამიტომ ისევ ფსიქიატრობას მოჰკიდა ხელი, რადგან მიაჩნდა, რომ ეს დარგი ყველაზე ახლოს იყო ეკლესიასთან.
თუმცაღა მამაჩემსაც კარგად ჰქონდა შეგნებული, რომ ჩვენ, ფსიქიატრები, ვმკურნალობთ არა სულს, არამედ ფსიქიკას. სულის მკურნალობა სხვა რამეს ნიშნავს. ძნელი სათქმელია, სად მთავრდება ფსიქიკა და სად იწყება სული. მიჩნეულია, რომ ფსიქიკა არის უმაღლესი ნერვული მოქმედების შედეგი, რომლის მთავარი ფუნქციაა, ორგანიზმს გარემო პირობებთან ადაპტაციაში შეუწყოს ხელი. ადამიანს, ცხოველისგან განსხვავებით, აქვს ცნობიერებაც, რომელიც მას საშუალებას აძლევს, თავის სოციალურ გარემოში მოახდინოს ორიენტაცია. ამის კვალობაზე ადამიანის ფსიქიკა, ანუ ადაპტაციისთვის საჭირო მექანიზმები: აღქმა, აზროვნება, მეხსიერება, ცნობიერება, ემოცია, ინტელექტი - თვისებრივად განსხვავდება თუნდაც პრიმატების ფსიქიკისგან. მაგრამ ეს მაინც არ არის სული. სული - ეს გახლავთ ადამიანში არსებული უშუალოდ ღვთის ქმნილება, რომლის მეშვეობითაც გრძნობს საკუთარ დამოკიდებულებას სამყაროსა და მისი შემოქმედის მიმართ. სული ღმერთმა გიბოძა. მისი მკურნალობა ეკლესიის მიმართულებაა.
ახალგაზრდობაში, მეტადრე სტუდენტობის დროს, მამაჩემს მატერიალურად ძლიერ უჭირდა. კახეთიდან ტომრით უგზავნიდნენ პურს, რომელსაც მთელი წელი იზოგავდა. უმეტესად წყალსა და პურზე გადადიოდა. ერთი ხანობა დამხმარე მუშად მუშაობდა. ფსიქიატრიაში მოღვაწეობა სანიტრობით დაიწყო. მაგრამ გაჭირვებას მისთვის ხელი არ შეუშლია, საფუძვლიანი განათლება მიეღო. შესანიშნავად იცოდა გერმანული, ფრანგული, იტალიური, ლათინური... მედიცინის დარგის მუშაკისათვის იმ დროისათვის ლათინური ენის ცოდნას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მამაჩემმა სწორედ ლათინურ ენაზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პეტერბურგში. დიდხანს იმუშავა გერმანიაში. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მის მიერ დაარსებულ ქართულ ფსიქიატრიულ სკოლას გერმანული მიმართულება ჰქონდა არჩეული.
- გთხოვთ, გაიხსენოთ ეპიზოდები ბატონი ავლიპის ცხოვრებიდან. როგორი ურთიერთობა ჰქონდა სტუდენტებთან, თანამშრომლებთან, შვილებთან?
- ერთი სახუმარო ამბავი მინდა გავიხსენო. ერთ-ერთ კონფერენციაზე უცხოეთიდან ჩამობრძანებული გახლდათ მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ფსიქიატრი. იგი მოჰყვა ვრცელ საუბარს თავისი ქვეყნის ფსიქიატრიის სკოლის მიღწევებზე. საკმაოდ გაბედულად აცხადებდა, რომ იმ დროისათვის მათ ხელთ არსებული სხვადასხვაგვარი მედიკამენტით თითქმის ყველანაირი დაავადების მკურნალობა იყო შესაძლებელი. მამაჩემი წინა რიგში მჯდარა და ამ საუბარს თურმე გულდასმით უგდებდა ყურს. კონფერენციას მაშინდელი საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრიც ესწრებოდა. მას უხერხულობა უგრძნია. ამდგარა და მამაჩემისთვის უთქვამს: - ბატონო ავლიპ, იქნებ, როგორმე გადაგვარჩინოთ, ორიოდე სიტყვა მაინც თქვათ ისეთი, რომ ამ ფონზე ჩვენც არ შევრცხვეთ და კარგად გამოვჩნდეთო. მამაჩემი ასეთი სიტყვით გამოსულა: - წამლები რომ გაქვთ, ეს ძალიან კარგია, ჩემო ბატონო, თუმცა ჯერ არ ვიცით, რა შედეგს მოიტანენ ისინი მომავალში, მაგრამ ყველაზე კარგი წამალი მე ვიცი. ეს არის: დღეში ერთი სუფრის კოვზი სიხარული. თუ ამ წამალს მიიღებ, არც წნევა შეგაწუხებს და აღარც გულის ავადმყოფობაო. შემდეგ ეკითხებოდნენ თურმე: - კი მაგრამ, სად არის ისეთი აფთიაქი, სადაც ამ წამლის შეძენა შეიძლებაო.
მამაჩემს ძალიან უყვარდა ახალგაზრდები. ხშირად ეხმარებოდა სტუდენტებს, გზის ფულს ჩუქნიდა და ა.შ.
ფსიქიატრიის ინსტიტუტი აშენდა 1956-1957 წლებში. მამაჩემის დიდი სურვილი და თხოვნა ასეთი იყო, რომ სანამ საავადმყოფო გაიხსნებოდა, მანამდე ამ ტერიტორიაზე აშენებულიყო მცირე ზომის საცხოვრებელი სახლები ექიმთათვის, რათა მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა, ღამითაც მიეხედათ ავადმყოფებისათვის. ამიტომ მამაჩემის ინიციატივით ინსტიტუტის ტერიტორიაზე ჯერ აშენდა ეს მცირე ნაგებობები და შემდეგ გაიხსნა საავადმყოფო.
მამაჩემი ბუნებით რბილი კაცი იყო, თუმცა თანამშრომლებთან საკმაოდ მომთხოვნი, მკაცრი და უკომპრომისო გახლდათ. იგი მომთხოვნი იყო არა მარტო სხვებისადმი, არამედ საკუთარი შვილებისადმიც. თუნდაც ჩემს მაგალითზე ვიტყვი. სკოლა - ოქროს მედალზე, სამედიცინო ინსტიტუტი - წითელ დიპლომზე დავამთავრე. ამიტომ სრული უფლება მქონდა, მუშაობა დამეწყო თბილისში, მაგრამ მამაჩემმა სასტიკი უარი განაცხადა. 2-3 წლით სოფლად, მაღალმთიანი რეგიონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამგზავნეს სამუშაოდ. ოქტომბრიდან თითქმის მარტის ჩათვლით იმხელა თოვლი იყო იქ, რომ მთელი ეს პერიოდი მოწყვეტილი ვიყავი ქვეყნიერებას. თავიდან ძალიან მეწყინა მამაჩემისგან, ასე რომ გამიმეტა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, მართალი იყო. ეს ყველაფერი დამეხმარა ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენაში და პიროვნულად განმტკიცებაში.
- განსაკუთრებული იყო ბატონი ავლიპის დამოკიდებულება პაციენტებთან. შემონახულია ვიდეომასალა, სადაც კარგად ჩანს, თუ რა გულდასმით ესაუბრება იგი ავადმყოფს. ასეთი ადამიანების მკურნალობა პროფესიულ გამოცდილებასთან ერთად, ალბათ, დიდ ნებისყოფას, მოთმინებასა და სიყვარულსაც მოითხოვს...
- მამაჩემი ავადმყოფს ესაუბრებოდა ისე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. ნებისმიერი ფსიქიკური დაავადება, როგორი სიღრმის, ფორმისა და გამოხატულებისაც არ უნდა იყოს იგი, ადამიანის არსებობის ფორმაა. ეს ადამიანი ასე არსებობს, მისთვის სამყარო ასეთია. შესაბამისად, ასეთია მისი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ეს დამოკიდებულება ნორმალური ადამიანისათვის შეიძლება მიუღებელი ან გაუგებარი იყოს, მაგრამ, ასეა თუ ისე, ეს ამ პიროვნების სამყაროა და პატივი უნდა ვცეთ, უნდა გავუგოთ მას და იმ ხარვეზების გამოსწორება ვცადოთ, რაც ხელს უშლის გარემოსთან ადაპტირებაში. აქ, რა თქმა უნდა, ზედაპირული დამოკიდებულება არ გამოდგება. ეს კარგად ჰქონდა მამაჩემს გათავისებული. ღრმად ჰქონდა შეგნებული აგრეთვე ისიც, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს სიტყვას. უნიკალური მეხსიერების წყალობით, საქართველოს თითქმის ყველა სოფლის სახელწოდება იცოდა. თუკი სადმე რომელიმე ოჯახში ერთხელ მაინც იყო ნამყოფი, იქ მცხოვრები ადამიანების სახელები და გვარები არასოდეს ავიწყდებოდა. პაციენტთან საუბარს იწყებდა უშუალოდ. როგორც კი სახელსა და გვარს გაიგებდა, მაშინვე ჰკითხავდა: - შენ ამ სოფლიდან არა ხარ, ესა და ეს კაცი შენი ნათესავი არ არისო? ყველაფერი კარგად ახსოვდა. იმაზე მეტიც კი, ვიდრე თავად პაციენტს. მისი პირველი შეხვედრა ავადმყოფთან, პირველი სიტყვა უდიდესი ფსიქოთერაპიული საშუალება იყო. ამას ფსიქოლოგიურ ენაზე ენპათია ანუ ნდობა ჰქვია. ავადმყოფთან ურთიერთობას მამაჩემი ნდობით იწყებდა, მასზე აგებდა ამ ურთიერთობას, რადგან მიაჩნდა, რომ ნდობის გარეშე არანაირი სხვა წამალი არ იმოქმედებდა. იტყოდა ხოლმე: - ჯერ გაიგე, მიხვდი, რა სჭირს შენს ავადმყოფს, გულთან მიიტანე მისი გასაჭირი და მერე ისე დაიწყე მკურნალობაო. ამას სთხოვდა იგი ნებისმიერ ფსიქიატრს. იტყოდა ხოლმე ხშირად, კარგი ადამიანი თუ არა ხარ, ვერც კარგი ფსიქიატრი იქნებიო. ასე სწამდა მას.
- პირადად თქვენ რა მიმართულებით მუშაობთ?
- თავიდან მხოლოდ პრაქტიკულ სფეროში ვმუშაობდი. შემდეგ კი თეორიულ სფეროშიც (ბიოქიმიასა და ფარმაკოლოგიაში) დავიწყე მუშაობა. არსებობს კლინიკური და ბიოლოგიური ფსიქიატრია, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვამუშავებთ და ვეძებთ არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ, არამედ იმ ბიოლოგიურ საკითხებსაც, რომლებიც დაეხმარება კლინიკას. ზოგადად, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობაზე ვლაპარაკობთ, იგულისხმება სხეულის, ფსიქიკისა და სულის ჰარმონიული ჯანმრთელობა - არა მხოლოდ ფიზიკური სიმრთელე, არამედ დამოკიდებულება სამყაროს, გარშემომყოფების, შემოქმედის მიმართ. ასე რომ, საჭიროა სინთეზური მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს პიროვნების სტრუქტურის ყველა მხარეს, ასპექტს. ჩვენთან მუშაობენ ფსიქოლოგებიც, ფსიქიატრებიც. მკურნალობის ეფექტურ საშუალებად არც მხოლოდ წამალი გამოდგება და არც მხოლოდ ტკბილი სიტყვა. შედეგი არსებობს მაშინ, როცა ერთდროულად ხდება სხვადასხვა სპეციალისტის ჩარევა.
აღსანიშნავია ისიც, რომ პაციენტებს ჩვენთან უსასყიდლოდ მკურნალობენ. პირობები საკმაოდ კომფორტულია. ავადმყოფები უზრუნველყოფილნი არიან მაღალი დონის მომსახურებით, კვების მრავალფეროვანი მენიუთი, გათბობით, საკმაო რაოდენობის მედიკამენტებით... ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ ავადმყოფებს შევუმსუბუქოთ მდგომარეობა.
- ზურაბაშვილები ოჯახურ ტრადიციას არ ღალატობთ. ამჟამად თქვენი ვაჟი, ბატონი დავითი, ინსტიტუტის ხელმძღვანელი ბრძანდება. რამდენადაც ვიცი, თქვენი ძმაც ფსიქიატრია. თქვენი შვილიშვილებიც ხომ არ აპირებენ ამ დარგში მოღვაწეობას?
- დიახ, ჩემი ძმაც ექიმი გახლავთ. თეორიული მიმართულებით, ჰისტოლოგიაში მუშაობს. ძალიან მიხარია, რომ ჩემი შვილი ამჟამად მამაჩემის კაბინეტში იღვწის. უკვე მეოთხე წელია, რაც ამ ინსტიტუტს ხელმძღვანელობს. თითქმის აქა ვართ გაზრდილები. ეს ჩვენი მეორე ოჯახია. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი შვილიშვილებიც ამ გზას დაადგებიან.
ინსტიტუტში მოდის ფსიქიატრთა ახალი თაობა. შესანიშნავი ახალგაზრდები არიან. იციან არა მხოლოდ თავიანთი სპეციალობა, არამედ კარგად ფლობენ უცხო ენებსაც. ჩვენთან არცთუ ისე მაღალი ხელფასებია, მაგრამ ამ ახალგაზრდებს სურთ დაეხმარონ ადამიანებს. ეს ყოველივე მაძლევს იმედს ვთქვა, რომ ფსიქიატრიას ნამდვილად აქვს ხვალინდელი დღე.
- ბატონო ზურაბ, რა კეთდება დღეს საქართველოში ფსიქიატრიული სამედიცინო სამსახურისა და ეკლესიის დასაახლოებლად?
- უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო უწმინდესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიმართ, რომელიც ყურადღებას არ აკლებს ჩვენს დარგს. ჯერ კიდევ მამაჩემს ჰქონდა შესანიშნავი ურთიერთობა მასთან. ოჯახში რელიკვიად ვინახავთ უწმინდესის მამაჩემისთვის ნაჩუქარ სუვენირებს, წიგნებს, რომლებსაც ერთვის მისი წარწერები. პატრიარქი დაინტერესებულია, რომ ეს ორი სფერო - რელიგია და ფსიქიატრია ერთმანეთს დაუახლოვდეს; ამ ორივე სფეროს წარმომადგენლებმა უფრო აქტიურად ითანამშრომლონ. ერთობლივი მუშაობისათვის ნაბიჯები პირველად სწორედ ჩვენს ინსტიტუტში გადაიდგა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება ეკლესია, რაც მამაჩემის უდიდესი ოცნება გახლდათ. დღესდღეობით კი გვეძლევა შესაძლებლობა, ავადმყოფებს ვუმკურნალოთ არა მხოლოდ წამლით ანდა სიტყვით, არამედ სულიერადაც. ძალიან მნიშვნელოვანია, ფსიქიკურად დაავადებულს გვერდით სულიერი მოძღვარი ჰყავდეს და სულის განმტკიცებით გადაატანინოს ფსიქიკური პრობლემები.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი