ქართული მწერლობის ისტორია სათავეს ქრისტიანობიდან იღებს. ეკლესია იყო, არის და იქნება ქართველი ხალხის გაერთიანებისა და ქართული მწერლობის განვითარების ძალის მიმცემი, მასაზრდოებელი საუკუნოვანი კეთილშობილური ტრადიციებისა.
ისევე, როგორც ყველა კულტურულ ქვეყანაში, საქართველოშიც მონასტერი იყო ის ადგილი, სადაც, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თქმით: "იხვეწებოდა ცნობილ ღვთისმეტყველთა და ფილოსოფოსთა ნააზრევი, იწერებოდა ორიგინალური შრომები".
თითქმის ყველა წერილობითი ძეგლი, რაც ეკლესია-მონასტრებში იყო დაცული, თავმოყრილია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში. ეს არის განძი, რომლითაც ვამაყობთ, რომელიც ადასტურებს ისტორიულად ქართველი კაცის მაღალ სულიერ და მატერიალურ კულტურას. დღეს ყველა ჩვენგანს სჭირდება ამის გაცნობიერება და გათავისება, რათა კულტურულ უკუსვლას წინ სასიარულოდ ბიძგი მიეცეს.
ჩვენი სტუმარი გახლავთ კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი მიხეილ ქავთარია.
- ბატონო მიხეილ, რა როლს ასრულებდა ქრისტიანობა ქართული მწერლობის განვითარებაში?
- აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე წერს, რომ ყველა ქრისტიანი ერი თავისი ქრისტიანული მწერლობის შექმნას იწყებს თარგმანებით. ეს თარგმანები, უპირველეს ყოვლისა, გახლდათ ბიბლიური წიგნები. ასე დავიწყეთ ჩვენც. დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ V ს-ის 80-იან წლებში უკვე გვქონდა ბიბლიური წიგნების თარგმანი. ეს არის სახარება და ფსალმუნნი. მაშინ ითარგმნა უმნიშვნელოვანესი ძეგლები, რომელთა დედნები დაკარგულია და მხოლოდ ქართული ძეგლების საშუალებით ხდება მათი შეფასება, შესწავლა და გამომზეურება. ამ დროისთვის ჩვენში თარგმანების პარალელურად იქმნება ორიგინალური მწერლობა: V ს-ის 80-იან წლებში დაიწერა "შუშანიკის წამება"; VI-ში - "ევსტათი მცხეთელის წამება"; VIII ს-ში - "აბო თბილელის წამება" და ა.შ. "აბო თბილელის წამებაში", მიუხედავად იმისა, რომ იგი არაბი კაცის თავგადასავალს გვიამბობს, პირველად წარმოჩნდა ეროვნული იდეა. ქართველი ერი არაფრით ჩამოუვარდება იმ დროისთვის მსოფლიოში დაწინაურებულ ხალხებს. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა X ს-ში, როდესაც 982-983 წლებში ათონის მთაზე აშენდა ივერთა მონასტერი, სადაც მოღვაწეობდნენ წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები. აქ ჩამოყალიბდა ახალი მიმართულება ქართული მწერლობისა. როგორც აკადემიკოსი კ. კეკელიძე იტყვის: ათონის ლიტერატურულმა სკოლამ ქართული მწერლობა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოაბრუნა. მანამდე იყო ძნელბედობა - ბრძოლები ირანელებთან, არაბებთან... IX ს-დან დაიწყო ქართველთა გაერთიანება წმინდა აშოტ კურაპალატის მეთაურობით, რომელიც დაამთავრა წმინდა დავით აღმაშენებელმა და 1123 წელს სატახტო ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა. საქართველოს გაერთიანება იყო საფუძველი ეკონომიკის, კულტურის გაძლიერებისა. სწორედ ამ დროს დაიწერა "ვეფხისტყაოსანი". რადგანაც აქცენტს ამჯერად ქრისტიანულ მწერლობაზე ვაკეთებთ, უთუოდ უნდა დავასახელო გამოჩენილი საეკლესიო მწერლები: წმინდა ეფრემ მცირე, წმინდა არსენ იყალთოელი, თეოფილე ხუცეს-მონაზონი და სხვები. მათ გაითავისეს და ქართულ მწერლობაში შემოიტანეს ბიზანტიური მწერლობის ყველა მიღწევა. ბიზანტია და ბიზანტიური მწერლობა კი ადრეულ საუკუნეებში იყო ცენტრი მსოფლიო კულტურისა და ლიტერატურისა (იგულისხმება საეკლესიო მწერლობა და კულტურა). სამწუხაროდ, მონღოლების შემოსევის შემდეგ, XIII ს-ის 30-იანი წლებიდან, ჩვენი ლიტერატურული ცხოვრება და საქმიანობა შენელდა და მხოლოდ გვიან ფეოდალურ ხანაში მოხერხდა მისი აღორძინება. ამ დროს ქვეყანამ თავი დააღწია მონღოლთა ბატონობას. ამ მომთაბარე ხალხმა თითქმის სრულიად გააჩანაგა და დასცა ჩვენი ქვეყნის კულტურული დონე. მხოლოდ XV-XVI სს-თა მიჯნაზე დაიწყო ქვეყნის ცალკეული მხარის ეკონომიკურად მოღონიერება, პოლიტიკური განმტკიცება, დაიწყო ტრადიციების გამოცოცხლება-აღორძინებაც. მონღოლების ბატონობისას ერთადერთი - ეკლესია ზრუნავდა ერის სულიერებაზე, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე. მიუხედავად დევნისა, აწიოკებისა და ნგრევისა, მაინც ახერხებდა მოსახლეობის გაერთიანებას, სტიმულს აძლევდა კულტურულ ცხოვრებას...
- ძირითადად რა სახის მასალაა ხელნაწერთა ინსტიტუტში თავმოყრილი და რა როლს ასრულებს ეს მემკვიდრეობა ქართველი კაცის ცხოვრებაში?
- ხელნაწერთა ინსტიტუტში თავმოყრილია ყველაფერი, თუკი რამ შეუქმნია ქართველ კაცს და თუკი რამ სულიერი განძი გააჩნია მას. აქ არის დაახლოებით ათი ათასზე მეტი ხელნაწერი წიგნი, ორმოცდაათი ათასამდე ისტორიული დოკუმენტი და რამდენიმე ასეული ათასი ფურცელი, გამოჩენილ ქართველ მწერალთა საარქივო მასალები. მოგეხსენებათ, საუკუნეთა მანძილზე სამეცნიერო-კვლევით ფუნქციას მონასტრები ასრულებდნენ. იქ ისწავლებოდა არა მარტო საღვთო სჯული, არამედ მწერლობა, ეროვნული ტრადიციები. მაგალითად, დავითგარეჯის მონასტერი იყო ცენტრი, რომელიც XVII-XVIII საუკუნეებში და XIX ს-ის 60-იან წლებამდე არეგულირებდა ქართულ მწერლობას.
სამწუხაროა ის, რომ ამ დიდი ეროვნული სიმდიდრის შესახებ საზოგადოებამ ნაკლები იცის. ჩვენს ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია არა მარტო ქართული, არამედ სომხური, სპარსული, არაბული, ებრაული, ბერძნული - დაახლოებით ექვსი ათასამდე სხვაენოვანი ხელნაწერი, რომლებიც ასევე ქართველთა კუთვნილებაა და ჩვენი ქვეყნის ყოფითი კულტურის წარმატებაზე მიგვანიშნებს. სამწუხაროდ, ნაკლებად ხდება ჩვენთან დაცული გამოჩენილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების მემკვიდრეობის შესწავლა, გამომზეურება და საზოგადოების წინაშე გამოტანა. მეცნიერი-ფილოლოგების საკმაოდ შეთხელებული ჯგუფი ყოველნაირად ცდილობს შეისწავლოს, მეცნიერულად გააანალიზოს ყოველი ისტორიული და ლიტერატურული ფაქტი და საზოგადოებას გააცნოს.
- გარდა ხელნაწერთა ინსტიტუტისა, არის თუ არა ქართული ხელნაწერები სხვა დაწესებულებებში ან საზღვარგარეთ?
- ისტორიულად ქართველები ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდნენ მსოფლიო კულტურულ ცხოვრებაში, ბევრ მოწინავე ქრისტიანულ ქვეყანაში ჰქონდათ თავიანთი მონასტრები. უპირველეს ყოვლისა, საბერძნეთში, ბიზანტიაში; ჯერ კიდევ VI ს-დან - სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში; X ს-ში - ათონის მთაზე, ივერთა მონასტერში; ქართველები მოღვაწეობდნენ შავ მთაზე, წმინდა სვიმეონ საკვირველმოქმედის მონასტერში, ანტიოქიის მახლობლად, ამჟამინდელ ბულგარეთში, პეტრიწონის სავანეში, 1065 წელს, იერუსალიმში ააგეს ჯვრის მონასტერი. ისინი აღასრულებდნენ არა მარტო თავიანთ ბერმონაზვნურ ვალდებულებებს, არამედ ეწეოდნენ აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებასაც. რა თქმა უნდა, ყველა ზემოჩამოთვლილ (და სხვაგანაც) სავანეებში დღესაც ინახება მრავალი ქართული ხელნაწერი.
1972 წელს, ხანძრის დროს, სინას მთაზე ჩამოიქცა მონასტრის ერთი კედელი, რომელიც თურმე მალავდა ძველ წიგნთსაცავს. მისი არსებობის შესახებ 200 წლის მანძილზე არავინ არაფერი იცოდა. აქ აღმოჩნდა X ს-ის 150 ქართული ხელნაწერი. ეს კოლექცია იმითაც არის საყურადღებო, რომ ჩვენი ინსტიტუტის დღევანდელმა დირექტორმა აკადემიკოსმა ზაზა ალექსიძემ მასში აღმოაჩინა ალბანური ანბანი, ალბანურ ენაზე დაწერილი წიგნი.
ქართული ხელნაწერები სინას მთიდან, ათონიდან, იერუსალიმიდან, შავი მთიდან მოხვდა ავსტრიაში, თურქეთში, რუსეთში - პეტერბურგსა და მოსკოვში... გასული საუკუნის დასაწყისში ქართული ხელნაწერები პირველად აღწერეს ნიკო მარმა და ივანე ჯავახიშვილმა. საშვილიშვილო საქმე გააკეთა ბელგიელმა პროფესორმა ჟერარ გარიტმა. ქართული ხელნაწერებით დაინტერესებულნი არიან მსოფლიო ქრისტოლოგიის მკვლევარნი...
1956 წელს, აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის დავალებით, უცხოეთში დაცული ქართული ხელნაწერები გადაიღეს და მიკროფილმები გამოგვიგზავნეს. ასე რომ, დაახლოებით ვიცით, იქ რა ხელნაწერები ინახება. ჩვენთან გამოვიდა სინური ქართული ხელნაწერების აღწერილობა სამ ტომად, რომელიც მართლაც სამაგიდო წიგნია მკვლევართათვის. ჩვენმა ინსტიტუტმა თავისი არსებობის მანძილზე დაახლოებით ოცდაათი წიგნი გამოსცა ქართული ხელნაწერების აღწერილობისა.
ხელნაწერების შესანიშნავი კოლექციაა თბილისის ცენტრალურ არქივში, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში, ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის არქივში, მესტიისა და ახალციხის მუზეუმებში და სხვაგან. თუ სადმეა მუზეუმი, ყველგან არის ქართული ხელნაწერი დაცული. და სწორედ ეს ქნის იმ დიდ სულიერ კულტურას, რომლითაც კი არ ვამაყობთ, ვტრაბახობთ კიდევაც.
სამწუხაროდ, ყველა ამ ძეგლის სათანადო გააზრება, გაანალიზება და გამოქვეყნება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა და ალბათ კარგა ხანსაც ვერ მოხერხდება, რადგან ძალიან შეზღუდულია დაფინანსება. მაგრამ იმედი მაქვს, ახალი თაობა, ბოლოს და ბოლოს, გააცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ჰუმანიტარული მეცნიერება, ფილოლოგიურ-ლიტერატურული საქმიანობა საჭიროა, აუცილებელი და საშური.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ საქართველოს საპატრიარქოსთან?
- ხელნაწერთა ინსტიტუტს და საერთოდ, იმ ფილოლოგებს, რომლებიც ძველი ქართული მწერლობის ძეგლებს სწავლობენ, ძალიან ახლო კონტაქტები აქვთ საპატრიარქოსთან. ბოლო 20-30 წელია, საპატრიარქოში მდგომარეობა სრულიად შეიცვალა. ილია II-ის აღსაყდრების შემდეგ ახალი მიმართულება მიეცა ჩვენს საეკლესიო ცხოვრებას. ამას, რა თქმა უნდა, დრომაც შეუწყო ხელი. ამიტომ საეკლესიო წრეებთან ხელნაწერთა ინსტიტუტისა და ჩვენი ფილოლოგიური საზოგადოების კონტაქტი ძალიან ახლო და მყარია. სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტთა უმრავლესობა ჩვენს ინსტიტუტში ეცნობა ხელნაწერებს. ამის შესაძლებლობა ძველად არ იყო. სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში ასწავლის ხელნაწერთა ინსტიტუტის არაერთი თანამშრომელი. ჩვენი თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ საპატრიარქოს ინიციატივით გამართულ სამეცნიერო სესიებში. ახლახან ჩვენთან ჩატარდა ქრისტიანობის ისტორიის 2000 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია. ინსტიტუტმა ოთხ მეცნიერ-თანამშრომელს მისცა რეკომენდაცია იმ საერთაშორისო სიმპოზიუმზე მონაწილეობისთვის, რომელსაც შემოდგომაზე საპატრიარქო გამართავს.
- რას ეტყოდით "კარიბჭის" მკითხველს და თანამშრომლებს?
- მიხარია, რომ არსებობს ასეთი სერიოზული ჟურნალი, რომელშიც ცდილობთ ისეთი საკითხების წამოწევას, როგორიცაა ძველი ქართული კულტურა, ძველი ფილოლოგია და აგროვებთ მასალას იმ გამოჩენილ მოღვაწეთა შესახებ, რომლებიც ჩუმად, უხმაუროდ ქმნიდნენ ტრადიციებს ჩვენი მომავალი თაობისთვის და ქართული კულტურის წინსვლას უწყობდნენ ხელს.
- დიდი მადლობა, ბატონო მიხეილ, საინტერესო საუბრისთვის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი