დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეცნიერებისა და კულტურის მიღწევათა ეკლესიასთან სიახლოვე, რადგანაც ნამდვილი კულტურა სულიერებისგან განუყოფელია. სასაუბროდ ვეწვიეთ ენათმეცნიერების დოქტორს, ბატონ მიხეილ ქურდიანს.
ბატონი მიხეილი მრავალ დარგში მოღვაწეობს. გახლავთ თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების გამგე, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, კავკასიის კარგად შესწავლის მიზნით მიღებული აქვს მონაწილეობა 35 ექსპედიციაში, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ამასთანავე, ბატონი მიხეილი გახლავთ მეოჯახე, მამა, მეგობარი, რომელსაც გულთან მიაქვს ირგვლივ მყოფთა სიხარული, ტკივილი... ვკითხე, როგორ უძლებთ ასეთ დატვირთვას-მეთქი. ბატონმა მიხეილმა მიპასუხა: - ყველაფერს ეკლესია მატანინებს. როდესაც განსაკუთრებით მიჭირს, ლოცვას ვიწყებ. მე მრევლის წევრი გახლავართ და ვცდილობ, არ ვიყო უსარგებლო და პასიური. ეკლესიაში ყოფნა მანიჭებს უზარმაზარ სულიერ სიმშვიდესა და ენერგიას, რომელიც ყველა დანარჩენ საქმეს ხმარდება.
ბატონი მიხეილისთვის ქრისტიანობა არა მხოლოდ აზროვნების, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების წესია. იგი ღირსეული ტრადიციებით გამორჩეული ოჯახის მემკვიდრე გახლავთ, რამაც ასევე დიდი როლი შეასრულა ბატონი მიხეილის სამოღვაწეო და ცხოვრების გზის არჩევაში.
- ბატონო მიხეილ, თქვენი მეცნიერული მოღვაწეობა უშუალოდ არის დაკავშირებული ჩვენი ეკლესიის ისტორიასთან, წმინდა წერილის ქართულ თარგმანთან, წმინდა წერილის შედგენილობასთან. კონკრეტულად რა საკითხებზე მუშაობთ ახლა?
- მე შევძელი დამემტკიცებინა ქართველური და მთის კავკასიური ენების ნათესაობა ისტორიულ-შედარებითი მეთოდის გამოყენებით (ეს წიგნი მალე გამოვა). ეს არის შვიდასზე მეტგვერდიანი მონოგრაფია, რომელშიც უზარმაზარი მასალაა თავმოყრილი. მეორე წიგნი, რომელზეც ახლა ვმუშაობ, სწორედ საქართველოს ეხება. ამ წიგნს ჰქვია "ქართველთა პირველსაცხოვრისი ენობრივი მონაცემების მიხედვით და საერთო ქართველური საზოგადოების სოციალური სტრუქტურა". აქ არის საუბარი პრეისტორიულ ხანაზე; ქართველურ ენათა შედარებით შეგვიძლია აღვადგინოთ ჩვენი წინაპრების ცხოვრების დეტალები, ყოფა, მეურნეობა, სულიერი და მატერიალური კულტურა (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით V-IV ათასწლეულების მიჯნაზე).
ეს არის ჩემი ძირითადი საქმიანობა. მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ხალხს სხვადასხვა ტრადიცია აქვს. მაგალითად, წმინდა წერილი განსხვავდება თავისი შედგენილობის მიხედვით. ლათინური ვულგატა განსხვავდება სეპტუაგინტასგან, ასევე ებრაული მასორეტული ბიბლია და ა.შ. მე ძველი ებრაული ვიცი და მასორეტულ ბიბლიაზე მიწევს მუშაობა. ჩვენი დიდი წინაპრების მიერ უკვე დამუშავებულია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. მე ისეთ საკითხებს ვამუშავებ, რომლებიც აქამდე არ იყო დამუშავებული (მაგალითად, ებრაულიდან ვთარგმნე იუდაისტური წიგნი "მამათა სწავლებანი").
ვფიქრობ, ახლა დგება დრო, როდესაც ჩვენ, როგორც ცივილიზებულმა ერმა, ძალიან მკაცრ მეცნიერულ შემოწმებათა მეთოდებზე (ფაქტებზე) და არა მხოლოდ არგუმენტებზე დაყრდნობით უნდა შევძლოთ იმ წვლილისა და ღვაწლის დასაბუთება, რომელიც ჩვენს წინაპრებს მიუძღოდათ და ზუსტად ვიცოდეთ თარიღები, თუ როდის და რა მოხდა საქართველოში, ჩვენს საქრისტიანოში.
- პიროვნებად და მეცნიერად ათეისტური პროპაგანდის პერიოდში ყალიბდებოდით. სარწმუნოებისადმი, ეკლესიისადმი მოწიწება ვინ ჩაგინერგათ?
- ბებიამ. ბებიაჩემი, ელენე ივანეს ასული აბაშიძე, გახლდათ პირდაპირი შთამომავალი ზაალ აბაშიძისა, ანა აბაშიძის - მეფე ერეკლეს მეორე ცოლის მამისა. იგი ღრმად მორწმუნე ქალი იყო და მასწავლიდა ეკლესიურ მოძღვრებას, საღმრთო წერილს. ჩემმა დამ 4 წლის ასაკში შემასწავლა წერა-კითხვა, ბებიამ ამით მაშინვე ისარგებლა. თვითონ კარგად იცოდა ძველქართულად კითხვა და მაკითხებდა ნაწყვეტებს ბიბლიიდან.
ქაშვეთის ტაძარში ვარ მონათლული. ჩემი ბიჭები კი (ლევანი და ვაჩე) ანჩისხატში არიან მონათლულნი. ჩვენს ოჯახში ყოველთვის იყო უფლის შიში და რიდი, ამიტომაც მთლად მაშინდელი ტიპური კომკავშირელი არასოდეს ვყოფილვარ. თუმცა ძალიან აქტიური ახალგაზრდა ვიყავი. სხვათა შორის, როგორც დღეს არის ბანაკი "პატრიოტი", ასევე იყო მაშინ ბანაკი, რომელსაც "აისი" ერქვა, სადაც ახალგაზრდებს გვქონდა საშუალება, თავი მოგვეყარა. ბევრი მათგანი დღემდე ჩემი მეგობარია. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.
ბაბუაჩემი (მამაჩემის მამა) გახლდათ სოციალისტ-ფედერალისტი. იგი მორწმუნე ადამიანი იყო. მან თქვა, ჩემი შვილიშვილები ოკუპანტთა ჯარში არ იმსახურებენო. მართლაც ასე მოხდა. არც ჩემს ძმას და არც მე რუსულ ჯარში არ გვიმსახურია.
- ამავე დროს ცხრა თვე იბრძოლეთ აფხაზეთის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად და ვახტანგ გორგასლის ორდენითაც დაგაჯილდოეს...
- მე შვილები მყავს და ასეთი წესია: არ შეიძლება, რომ შენ, უკვე მოხუცებულს, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარეს, შვილმა გითხრას: "მამა, შენ მოგვეცი განათლება, ბინა, ბოლოს და ბოლოს, მოგვეცი სიცოცხლე, მაგრამ არ მოგიცია სამშობლო". ეს საკითხი ასე უნდა დადგეს: მამა ან უნდა მოკვდეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ანდა შვილებს უნდა ჰქონდეთ სამშობლო. ამიტომაც წავედი ომში. მე გახლდით საზღვაო ქვეითთა კაპიტანი. იმ 9 თვის განმავლობაში სიცოცხლე არ დამნანებია ჩემი სამშობლოსთვის. უფალმა ამ ომში არ გამიმეტა; ბევრი შესანიშნავი ახალგაზრდისგან განსხვავებით, არ მეღირსა იქ გმირული სიკვდილი, მაგრამ დღემდე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს სამშობლოს როგორმე გამოვადგე.
- ომის დროს დაიჭერით და ჭრილობა სასწაულებრივად შეგიხორცდათ ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე. თუ შეიძლება გვიამბეთ, როგორ მოხდა ეს?
- ნაღმის ნამსხვრევით დავიჭერი ფეხში. ეს ნამსხვრევი მე თვითონ ამოვიღე დანით, ფეხი გადავიხვიე, დაჭრილი ავთანდილ სულაბერიძე ზურგზე მოვიკიდე და სანიტარულ ნაწილში მივიყვანე. ისე ხდება, რომ ბრძოლის დროს ადამიანი ვერაფერს გრძნობს, ავად არ ხდება, არ ცივდება და ა.შ. იმიტომ, რომ ომია და ორგანიზმი მობილიზებულია. როგორც ჩანს, ეს აისახება ჭრილობის შეხორცებაზეც, ამიტომ ჭრილობა სწრაფად შემიხორცდა, მაგრამ ნერვული დაბოლოებები ასცდა ერთმანეთს და სხეულის ნებისმიერ დაძაბვაზე აუტანელ ტკივილს განვიცდიდი. საჭირო იყო ოპერაცია, მაგრამ იმ წუთას საკმარისი თანხები არ მქონდა. ამას დაემატა ისიც, რომ ჭრილობაზე ანთებითი პროცესი დაიწყო და მან შინდისფერი შეფერილობა მიიღო. ჯერ უნდა დამცხრალიყო ჭრილობა და შემდეგ გაკეთებულიყო ოპერაცია.
ამ დროს იერუსალიმში ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც უნდა გამგზავრებულიყვნენ მეუფე დანიელი და ერთი ახალგაზრდა, რომელმაც მაშინ ცოლი ითხოვა. მეუფე დანიელმა უწმინდესს მოახსენა, რომ ის ახალგაზრდა ვერ წამოვიდოდა მიზეზთა გამო. უცებ უწმინდესს უთქვამს: სთხოვეთ ბატონ მიხეილს, იქნებ გამოგყვეთო. მეუფე დანიელმა მაშინვე დამირეკა. ასეთ წუთებში გული უნათდება კაცს. ჩვენ ერთად გავფრინდით ისრაელში. თვითმფრინავი ჯერ სტამბოლში ჩაფრინდა, სადაც უკვე ვიყავი ნამყოფი სამეცნიერო მივლინებით, მაგრამ აია სოფიას ტაძარი არ მქონდა მოლოცვილი. გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე შინ შხაპს ვიღებდი. მოულოდნელად ცხელი წყალი მოხვდა ჭრილობას და ტკივილით კინაღამ გონი დავკარგე. შვილები მეხმარებოდნენ ჭრილობის გადახვევაში... ამ შეხვეული ჭრილობით წავედი და მოვილოცე აია სოფიას ტაძარი. ეს იყო ნამდვილი სასწაული. შემდეგ ვიყავით რამდენიმე სხვა ტაძარშიც.
დავბრუნდით აეროპორტში, გადავფრინდით იერუსალიმში, სადაც დაგვხვდა საგანგებო ავტობუსები, ყველანი წაგვიყვანეს სამთავრობო მიღებაზე. ბორცვზეა აგებული უზარმაზარი შენობა, უზარმაზარი ტერასები. მეუფე დანიელმა ტერასის კიდესთან მიმიყვანა, მოაჯირიდან გადმოვიხედეთ. მკითხა: ბატონო მიხეილ, თუ იცით, ქვემოთ რა ჩანსო. პირველად გახლდით იერუსალიმში, ფოტოზეც არასოდეს მენახა ჯვრის მონასტერი ზემოდან... მოვილოცეთ ჯვრის მონასტერი და სასტუმროში დავბრუნდით. მთელი დღის ნამგზავრმა შხაპის მიღება გადავწყვიტე. როდესაც ონკანი მოვუშვი, საოცრად ცხელი წყალი წამოვიდა. ბუნებრივია, გვერდზე გავხტი, რათა ჭრილობას არ მოხვედროდა, მაგრამ უცებ გამახსენდა, რომ მთელი დღე ჭრილობას ჩემთვის თავი არ შეუხსენებია. შემოვიხსენი სახვევი. სულ რამდენიმე საათი იყო გასული, რაც თბილისიდან გამოვფრინდით და ვხედავ, ჭრილობა აღარ არსებობს. მან პირი კი არ შეიკრა, კი არ დაცხრა, არამედ გაქრა. როგორც ენების სპეციალისტს, ყოველთვის თან დამაქვს ლუპა, რომელიც ანათებს. ამ ლუპით დავხედე ჩემს ჭრილობას. თვალს არ დავუჯერე. ახალშობილის კანივით იყო. არავითარი ჭრილობა, თითქოს იქ არც არასდროს არაფერი ყოფილიყო. ის კი არ გამიხარდა, რომ ჭრილობა გაქრა, არამედ გამიჩნდა შიში უფლის წინაშე საკუთარი არარაობის, საკუთარი შეცოდებების გამო. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შიშველი და დაუცველი ვიდექი უფლის სამსჯავროს წინაშე. იერუსალიმში ყოფნის დროს მქონდა განცდა, რომ უფალი ყველგან თან მდევდა და საოცარ სულიერ სიხარულსა და ბედნიერებას მანიჭებდა.
- თქვენ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ამბავი შეგემთხვათ, რომელიც ლუდიის მონასტერთან არის დაკავშირებული...
- მეუფე დანიელი და მე ლუდიის მონასტერში შუაღამისას მივედით. მონასტრის წინამღვარმა ისე მიგვიღო, თითქოს გველოდებოდა. შეგვიყვანა ტაძარში და გვაჩვენა ის ადგილი, სადაც დაკრძალულია წმინდა გიორგის ნეშტი. შემდეგ იღუმენი და მეუფე დანიელი წავიდნენ და მარტო დავრჩი. ვისარგებლე ამით და დავემხე წმინდა გიორგის საფლავის წინაშე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, ქურდიანები, გახლავართ მულახის არგები (მულახის მთავრები). ჩვენს სოფელში ოთხი ეკლესიაა და ოთხივე წმინდა გიორგის სხელობისა. როდესაც წმინდა გიორგის საფლავს ვემთხვიე, ვთხოვე, თუ ჩემი გვარისთვის რაიმე ჩაგითვლია შენდამი მსახურებად და სიკეთედ, შემეწიე-მეთქი. ამ დროს დამიძახეს. როდესაც ზემოთ ამოვედი, იღუმენმა რაღაც თქვა და შებრუნდა. მეუფე დანიელმა მითხრა: იღუმენს წმინდა გიორგის ნეშტის გამობრძანება სურს და შეგვიძლია, მას ვემთხვიოთო. მეოთხედ ვარ ლუდიაში და მსგავსი რამ არ მომხდარაო. ეტყობა, ახლა უფალი თქვენ გწყალობთ და თქვენი წყალობით - ჩვენცო. ვუპასუხე: - რას ამბობთ, მეუფეო, თქვენი ლოცვებით გვიდგას სული-მეთქი. მართლაც, გამოაბრძანეს ვერცხლის ლუსკუმაში ჩასვენებული წმინდა ნაწილი და როგორც კი მას ვემთხვიე, ოდნავ შევბარბაცდი. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ წმინდა გიორგის სახით უდიდესი შემწე მყავდა უფლის წინაშე. პირველი სასწაული უფალმა კანაში აღასრულა დედამისის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თხოვნით. ეკლესიური სწავლებიდან ვიცით, რომ უფალი წმინდანებსაც უწევს ანგარიშს და თუ ისინი შეგვეწევიან, ჩვენი სასჯელი გაცილებით მსუბუქი იქნება. მქონდა გრძნობა, რომ თუ საძაგელი არ გავხდებოდი წმინდა გიორგის თვალში, თავის მფარველობას არ მომაკლებდა უფლის წინაშე. მე არა ვარ ღირსი, რომ უფალმა მომისმინოს, მაგრამ წმინდა გიორგი ხომ ღირსია, უფალმა მას ანგარიში გაუწიოს. ძალიან ბედნიერი ვიყავი ამის შეგრძნებით. ასე რომ, ორი გრძნობა: უფლის შიში და წმინდანების შეწევნის იმედი - გამომყვა იერუსალიმიდან. ეს დიდი გაკვეთილი იყო ჩემთვის. რამდენიმე ხნის შემდეგ კიდევ ვიყავი იერუსალიმში. მქონდა ბედნიერება, ძალიან ახლოდან მენახა ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა და მაშინაც ჩავთვალე, რომ ეს კიდევ ერთი გამოვლენა იყო უფლის მხრიდან ჩემდამი სრულიად დაუმსახურებელი კეთილგანწყობისა, იმიტომ რომ უფალი კაცთმოყვარეა და ყოველთვის ცდილობს შეგინდოს და გაპატიოს ის, რასაც გულწრფელად ინანიებ.
- თქვენ გქონდათ ბედნიერება, დასწრებოდით 1977 წლის 25 დეკემბერს უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის კურთხევას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მცხეთაში. ეს თავისთავად უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ეკლესიის ცხოვრებაში, თან იმ დროისათვის უწმინდესს უკვე მოპოვებული ჰქონდა დიდი ავტორიტეტი და პატივისცემა. თქვენ არაერთხელ შეხვედრიხართ უწმინდესს. იქნებ ამის შესახებ გვესაუბროთ...
- 1977 წელს, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი) გარდაიცვალა, ახალი პატრიარქის ასარჩევად გაიმართა სინოდის სხდომა. ეზოში ხალხის ტევა არ იყო. ყველა ჩვენგანის იმედი საქართველოს ეკლესიის აღორძინებისა უკავშირდებოდა მაშინდელ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტს - ილიას. ჩვენ, ახალგაზრდებს, ფეხი არ მოგვიცვლია. მანამდე ეკლესიაში არ მენახა ამდენი ახალგაზრდა. მაშინ მთელ საქართველოში სულ რაღაც 15 ეპარქია იყო. იმ დღიდან, რაც პატრიარქად ილია II აკურთხეს, დაიწყო მაგნიტური მიზიდულობა ეკლესიისკენ. ხალხს რწმენა მანამდეც ჰქონდა, მაგრამ მრევლის რაოდენობა მაინც მცირე იყო. როგორ შეიძლება მოწიწების გრძნობა არ მქონდეს იმ ადამიანის მიმართ, ვინც ჩემს თვალწინ ლაზარესავით აღადგინა საქართველოში მართლმადიდებლობა, საეკლესიო ცხოვრება? ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში არაერთხელ შევხვედრივარ უწმინდესს, მაგრამ ვერ გავკადნიერდები და ვერ ვისაუბრებ პირად ურთიერთობებზე.
უბრალოდ, გავიხსენებ რამდენიმე მომენტს ჩვენი პატრიარქის მრავალმხრივი მოღვაწეობიდან. მინდა, გავიხსენო რომის პაპის საყოველთაოდ ცნობილი ვიზიტი საქართველოში; როგორ ტაქტიანად და ღირსეულად მიუჩინა მას თავისი ადგილი უწმინდესმა. წესისამებრ, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ ვინ დაბრძანდებოდა საქართველოს პრეზიდენტის გვერდით, მარჯვენა მხარეს (რადგან, მოგეხსენებათ, მარჯვენა - პრივილეგირებული მხარეა). საქართველოში მიღებული ტრადიციის თანახმად, ვცდილობთ, რომ სტუმარს განსაკუთრებული ადგილი მივუჩინოთ. უწმინდესიც, ჩვეულებრივ, ყოველთვის ცდილობს, მასთან მისული სტუმარი განსაკუთრებულ ადგილზე დასვას. მაგრამ რომის პაპის საქართველოში ვიზიტის დროს საქმე ეხებოდა არა უწმინდესის სტუმართმოყვარეობას, არამედ საქართველოს ეკლესიის პრესტიჟს. უწმინდესმა საოცარი თავდაჯერებით, საკუთარი ტიტულის (და არა საკუთარი თავის) პატივისცემით დაიკავა ის ადგილი, რომელიც ეკუთვნოდა საქართველოს ეკლესიას და რომელზე დასმასაც უპირებდნენ რომის პაპს. მეამაყება, რომ ეს ადამიანი უდგას ჩვენს ეკლესიას სათავეში. ვინც პატრიარქის მიერ დაწერილ ეპისტოლეებს წაიკითხავს, მიხვდება, რომ ამის დაწერა ჩვეულებრივ ადამიანს არ შეეძლო. სულიწმინდის გარეშე ასეთი რამ შეუძლებელია.
მე არ მახსოვს ჩემი ერის ან ზოგადად კაცობრიობის რომელიმე მტკივნეული პრობლემა, რომელთან დაკავშირებითაც პატრიარქს არ გამოეხატა თავისი ცალსახა და ამაღლებული პოზიცია.
შემიძლია დავასახელო უამრავი ადამიანი, ვისთვისაც სამკვდრო-სასიცოცხლო წუთებში უწმინდესს დახმარება გაუწევია. საოცარი ალღოთი გრძნობს, როდის ვის უნდა დაეხმაროს და რა არის იმ ადამიანისთვის სწორედ იმ წუთას საჭირო. ჩემს წარმოდგენაში ყველა ჭეშმარიტი ქართველი პატრიარქი, ალბათ, სწორედ ისეთი იყო, როგორიც არის უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
თუნდაც ის რად ღირს, რომ საქართველოს ეკლესიამ საერთაშორისო მასშტაბით აღადგინა ავტოკეფალია. მსოფლიომ ცნო ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია და ჩვენი პატრიარქის ტიტული. მსოფლიო ისტორიაში, I საუკუნიდან მოყოლებული, ეკლესიები ერთმანეთს ტერიტორიებს ედავებიან. საკუთარ იურისდიქციას ავრცელებენ. თითქმის არ მახსენდება შემთხვევა, რომ ეკლესიებს ერთმანეთისთვის ტერიტორიები დაებრუნებინოთ, მაგრამ სწორედ ახლა მსოფლიო პატრიარქმა დაგვიბრუნა და საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში ცნო ლაზეთი და ტაო-კლარჯეთი. რომ არა უფლის ჩარევა და ჩვენი პატრიარქის პიროვნული ავტორიტეტი, ასეთი რამ არ მოხდებოდა. უწმინდესის ყოველი შეხვედრა თავისი რანგის მნიშვნელოვან მოღვაწეებთან (მართლმადიდებელი თუ არამართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებთან) ყოველთვის ჩვენი ეკლესიის გამარჯვებით მთავრდება.
დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ეკლესიას საერთაშორისო მასშტაბის პიროვნება უდგას სათავეში. უწმინდესმა ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმის პერიოდში მოახერხა, აეღორძინებინა საქართველოში სასულიერო ცხოვრება, შეექმნა სასულიერო სასწავლებლები, მისი შექმნილია გელათის მეცნიერებათა აკადემია. პატრიარქი ისტორიული პიროვნებაა. შეიძლება ადამიანმა მთლიანად ვერ გაისიგრძეგანო და გააცნობიერო მისი მნიშვნელობა, მაგრამ შეუძლებელია, ვერ იგრძნო, რომ ის არაჩვეულებრივი ადამიანია და მის მიღმა დგას უდიდესი სულიერება და უფლის კეთილგანწყობა.
- ბატონო მიხეილ, დღეს ჩვენ დიდი ცვლილებების დროში მოგვიწია ცხოვრება. მიდის განათლების რეფორმის პროცესი... ამას წინათ თქვენი მეგობარი და კოლეგა ავთანდილ არაბული ერთ-ერთ ჟურნალში წერდა: "ქართული ლიბერალიზმის" იდეოლოგიურ ქვაკუთხედს ეროვნული ნიჰილიზმი წარმოადგენსო". როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ეროვნული ფასეულობები?
- ხანდახან ხდება ხოლმე, რომ ისტორია მეორდება. ჩვენ კი ყოველი ამ გამეორების დროს ერთსა და იმავე შეცდომებს ვუშვებთ (ასე მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვასთან დაკავშირებით), თითქოსდა ისტორიიდან გაკვეთილების სწავლა არ შეიძლებოდეს. მისი უწმინდესობა გახლავთ ადამიანი, რომელმაც იცის, რომ ისტორიიდან უნდა ისწავლო. ავიღოთ, მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრობლემა. უნივერსიტეტი 1918 წელს შეიქმნა. 1928 წლს უნივერსიტეტში საერთოდ შეწყვიტეს დისერტაციების დაცვა და 1935 წელს აღადგინეს. 1930 წელს უნივერსიტეტი გადააკეთეს პედაგოგიურ ინსტიტუტად და 1933 წელს აღადგინეს. ამბობდნენ, რომ მეცნიერები არიან ბურჟუაზიულები, ფეოდალურები, უნდა მოვიყვანოთ ახლებიო... მერე კი ყველაფერი ისევ თავის ადგილას ბრუნდებოდა. მისმა უწმინდესობამ ეს იცის. მისი ამოცანაა (და ეს კარგად ჩანს მის შესანიშნავ გამოსვლებში), შევინარჩუნოთ მემკვიდრეობითობა, რადგან თუ მემკვიდრეობითობა გაწყდა, მაშინ შესაძლოა ათწლეულები და ათასწლეულებიც კი დასჭირდეს ამ ყველაფრის აღდგენას. ამიტომაც ეპყრობა ჩვენი პატრიარქი ასე ფრთხილად მეცნიერებას, განათლებას, კულტურას. მან იცის, რომ არ შეიძლება მოუფიქრებელი სვლების გაკეთება ამ სფეროში. ნებისმიერი ძალის წარმომადგენლები, იქნებიან ისინი ბოლშევიკები, კომკავშირელები, კმარელები თუ სხვები, ერთ მშვენიერ დღესაც მიხვდებიან, რომ უნივერსიტეტი არის ცოდნის ტაძარი. მომიტევოს ყველამ, მაგრამ ამ წუთას მომავალზე ყველაზე მეტად პატრიარქი ფიქრობს. ის ხედავს იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს არის ქართულ მეცნიერებაში, კულტურაში, განათლების სფეროში, მას უნდა ამის გადარჩენა და ამისთვის აპირებს მართლმადიდებლური უნივერსიტეტის შექმნას საქართველოში. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი გზა საქართველოს კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის გადარჩენისა. უფალი ყოველთვის აკურთხებს ხოლმე ყველა საქმეს, რომელსაც პატრიარქი იწყებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი