ფიზიკოსი ბოილი ამბობდა: "ვინც ბუნების კანონებს შეისწავლის, პატივისმცემელიც იქნება იმ კანონებისა, რომლებიც ადამიანის გულშია ჩაწერილი, ცოდვას განერიდება და საღმრთო მცნებათა გზით ივლისო".
მართლაც, რაც უფრო მეტად უღრმავდება ადამიანი ბუნების საიდუმლოებებს, მით უფრო მეტად ეუფლება გაოცება და მით უფრო მორწმუნე ხდება.
ჩვენი რუბრიკის სტუმარია რადიობიოლოგიისა და ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის უფროსი მეცნიერი მუშაკი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ანტონინა (ტატული) ჩხარტიშვილი.
ქალბატონი ტატული საოცრად ენერგიული, შრომისმოყვარე და ხალისიანი ადამიანია. ქრისტიანობა მისთვის არა უბრალოდ აზროვნების, არამედ, უწინარეს ყოვლისა, ცხოვრების წესია.
- როგორ იპოვეთ უფალი?
- ბავშვობაში, ბებიასა და ბაბუასთან სტუმრობისას, ხშირად ვხედავდი, როგორ ლოცულობდა ბებიაჩემი ასინათი კომოდზე დასვენებული ხატის წინ. სულ გადაშლილი ჰქონდა სახარება და ხშირად ლოცვაში ათენებდა. დედა ყველა რელიგიურ დღესასწაულს სიხარულით აღნიშნავდა. ნაკურთხი წყალი მუდამ გვქონდა შინ, ნათლისღების წყლის მოსატანად კი ეკლესიაში მე მგზავნიდნენ. შობის დღესასწაულზე დედა აუცილებლად კვერცხიან ღვეზელს გამოაცხობდა ყველას სახელზე. აღდგომას დიდი სიხარულით ვღებავდით კვერცხებს. ბზობას მთელ ქალაქს ბზის ტოტი ეჭირა ხელში...
სარწმუნოების ჭეშმარიტი არსი კი საკმაოდ გვიან გავაცნობიერე. ალბათ, იმ წუთიდან, როცა სააღდგომო ლიტანიობას დავესწარი წმინდა სამების ეკლესიაში (საჯარო ბიბლიოთეკის უკან). ტაძრის შემოვლისას ვგალობდით "ქრისტე აღსდგას", მე მივყვებოდი მგალობლებს და ისეთი საოცარი განცდით ვიყავი სავსე, რომ გულში ვიმეორებდი: ღმერთო, ამის გარეშე ცხოვრება როგორ შეიძლება, რატომ წაგვართვეს ეს სიხარული-მეთქი?! იმ ღამეს ჩემს სულში უდიდესი სინათლე და სიხარული შემოვიდა. ალბათ, ამას ჰქვია უფლის პოვნა. ის გალობა ახლაც თან მდევს... იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ შინ დაბრუნებულს ყველა პრობლემა უმნიშვნელოდ მეჩვენებოდა.
მე და ჩემმა მეუღლემ, მარატ ციცქიშვილმა, ჯვარი გვიან დავიწერეთ, უკვე ორი შვილის პატრონებმა, მანგლისში, მარიამობას. მაშინ დედა ახალი გარდაცვლილი მყავდა, მაგრამ იმდენად მქონდა გაცნობიერებული ჯვრისწერის აუცილებლობა ჩვენი ოჯახის ბედნიერებისთვის, რომ დედის გარდაცვალებიდან ორმოცი დღე რომ გავიდა, შავი გავიხადე და ჯვარი დავიწერეთ.
შვილები მუსიკალურ სკოლაში დამყავდა, სადაც სიმღერას ქალბატონი ლია სალაყაია ასწავლიდა. მირჩია, ვაჟი სასულიერო სემინარიაში გალობაზე მეტარებინა. დავუჯერე. გალობიდან ბავშვი ისეთი ბედნიერი ბრუნდებოდა, რომ მთელი კვირა სდევდა თან ამ გაკვეთილებიდან მიღებული სიხარულის განცდა. დღეს კი ჩემი ვაჟი სტიქაროსანია.
თავად ეკლესიური ცხოვრება გვიან დავიწყე, ჩვენი ოჯახის მოძღვრის მამა ზაქარიას (ძინძიბაძის) რჩევით. ეკლესიურ ცხოვრებაში ვგულისხმობ წირვა-ლოცვაზე რეგულარულად დასწრებას, აღსარებისა და ზიარების საიდუმლოებებში მონაწილეობას, ქადაგებების მოსმენას და ა.შ. შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლოს აღსრულებისას მთელი ოჯახი მივდიოდით ხოლმე ეკლესიაში... ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა ოჯახის წევრებთან ერთად ტაძარში ყოფნა.
- რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში ეკლესიის მადლმა?
- ეკლესიურმა ცხოვრებამ სრულიად შეცვალა ჩემი ოჯახის ცხოვრების სტილი და ჩვენი ცხოვრების ყველა ნიუანსში ახალი შტრიხები შეიტანა. მე პირადად მაშინ გავაცნობიერე აღსარების არსი და საჭიროება. შევეცადე, ნელ-ნელა ჩავწვდომოდი ეკლესიური სწავლების არსს.
ეკლესიის მადლის წყალობით ყველა პრობლემას მშიდად ვხვდებოდი. დავიწყე საკუთარი ნაკლის ძიება, წმინდა მამათა ნაწერების კითხვა. მამათა დარიგებების გარეშე ამპარტავნებისა და სხვა ცოდვათა დანახვას და მათთან ბრძოლას ვერ შევძლებდი. პროტოპრესვიტერ გიორგის (გამრეკელის) ქადაგებებმა ძალიან დამაფიქრა და სასარგებლო დასკვნების გამოტანაშიც დამეხმარა. ადამიანს საკუთარი სისუსტეების გასაცნობიერებლად დრო სჭირდება. ჩვენ მთელი ცხოვრება ნელ-ნელა მივიწევთ წინ სულიერი ხედვით და დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ უკან არ დავიხიოთ. მხოლოდ ეკლესიური ცხოვრება, ლოცვა და მარხვა, ურთიერთმიმტევებლობა გადაგვარჩენს და დაგვიმკვიდრებს სასუფეველს.
- პროფესიით ნეიროფიზიოლოგი ბრძანდებით. რამ განსაზღვრა თქვენი პროფესიული არჩევანი და რაიმე კავშირს თუ ხედავთ თქვენს პროფესიასა და ქრისტიანობას შორის?
- ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ მუდამ მაინტერესებდა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესები. მე ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის სპეციალისტი გახლავართ. ეს პროფესია მხოლოდ საინტერესო კი არა, ძალზე საჭიროც არის. ერთხანს მძღოლების პროფესიული ვარგისობის შესწავლის მიზნით ფსიქო-ფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში მომიხდა მუშაობა. იქ ჩატარებულმა გამოკვლევებმა დამარწმუნა, რომ მეტისმეტად აღგზნებული ან მდორე ფიზიოლოგიური მონაცემების მქონე ადამიანის ვარგისობა ამ პროფესიაში სათუო იყო, იმასაც დავძენ, რომ მორწმუნე მძღოლები, რომელთაც მანქანაში ხატები და ჯვარი აქვთ, უფრო მშვიდები და იმედიანები არიან, თუმცა ქრისტიანობის მარტოოდენ გარეგნული მხარე არ განაპირობებს სიმშვიდეს. თუ შინაგანი წონასწორობა გაკლია, შეუძლებელია, სიმშვიდე შეინარჩუნო. ეს ყველა ჩვენგანს სჭირდება, უამისოდ ადამიანი მუდამ აღელვებულია, მუდამ გამოსავლის ძიებაშია.
ჩემმა პროფესიამ, რომელსაც თან სდევს ობიექტზე დაკვირვების გამოცდილება, მომცა იმპულსი, თვითდაკვირვება მომეხდინა. ამის წყალობით ბევრი რამ აღმოვაჩინე, უამრავი ისეთი თვისება, რომლებსაც ახლა რწმენის დახმარებით ვებრძვი და, ღვთის შეწევნით, ასე თანდათან ვიცვლები. ეს პროცესი მთელ ჩემს ცხოვრებას გასდევს და, ამასთანავე, საინტერესოა, რამდენადაც შემოქმედებითია.
უწმინდესი ამბობს: "ადამიანი საკუთარ ავტორიტეტს თავად ქმნისო". ეს მართლაც ასეა. ღვთის შეწევნით კარგისკენ უნდა შეიცვალო, მოთმინებით, სიყვარულით, მიტევებით...
აღგზნებისა და შეკავების პროცესების დაბალანსება ადამიანს აწონასწორებს, ხოლო როცა იცი, რომ ყოველი სიტყვა და აზრის ყოველი მოძრაობა მოგეკითხება, თავის შეკავებას უფრო მეტად ცდილობ. გამოდის, რომ ჩემი პროფესია და რწმენა ერთმანეთს ეხმარება.
- ეკლესიური აზროვნება თუ დაგეხმარათ პროფესიული ცოდნის გაღრმავებაში?
- დამეხმარა იმ თვალსაზრისით, რომ ფიზიოლოგიურ პროცესებზე სულიერი ფასეულობების გავლენით დავინტერესდი. აქ უზარმაზარი დახმარება გამიწია წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის წიგნმა "ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები", სადაც შესანიშნავად არის განხილული ყველა გრძნობის ორგანოს ფუნქციონირება და სულისა და სხეულის ურთიერთდამოკიდებულება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბავშვებში შეგრძნებებსა და ყურადღებას შორის არსებულ კავშირსა და ამ უნართა გამოვლინებაზე დასმული აქცენტები. ჩემი ღრმა რწმენით, თოთო ბავშვებიც კი, რომლებიც მონათლულნი არიან და მშობლებთან ერთად ეკლესიურად ცხოვრობენ, ძალიან გონიერები არიან და მათი ყურადღება ეკლესიაში გალობის მიმართ აშკარაა. მრავალი მათგანი ექვსი თვის ასაკიდან ჰყვება გალობას.
ეკლესიური ცხოვრების შედეგად გავაცნობიერე, რომ ცოდვა ანგრევს ადამიანს, იწვევს ფიზიკურ და ფსიქიკურ აშლილობას. ცოდვაზე ყველა ორგანო რეაგირებს, უარყოფითი სულიერი მდგომარეობა ფიზიკურზეც მოქმედებს. სამაგიეროდ, ეკლესიური ცხოვრება დადებითი ემოციებისა და იმედის წყაროა, მაკურნებელია სულისა და ხორცისა, სულის სიმხნევე კი ბევრ დაბრკოლებას გადაგვალახვინებს.
ჩვენმა წინაპრებმა შესანიშნავად იცოდნენ მეცნიერებაც, ღვთისმეტყველებაც და სულიერებითაც გამოირჩეოდნენ. სამედიცინო კერები ეკლესიის წიაღიდან იღებდნენ სათავეს და მონასტრებში ფუნქციონირებდნენ. მარტო შატბერდის კრებული რად ღირს, რამდენი საინტერესო რამაა მასში! აბა, უსულგულო ადამიანი ან რისი მასწავლებელია, ან რისი განმკურნებელი?!
- თქვენ საპატრიარქოსთან არსებული ქალთა საქველმოქმედო ფონდის წევრი ბრძანდებით. როდის დაარსდა ეს ფონდი და რა საქმიანობას ეწევა?
- ეს ფონდი დაარსდა 2000 წელს. მისი ხელმძღვანელი გახლავთ ქალბატონი ქეთევან ჭუბაბრია. ამ ფონდის წევრებმა აღადგინეს წმინდა არჩილ მეფის საფლავი თიანეთში, წმინდა ანტონ მარტყოფელის საფლავი, ბერთა სენაკები ზემო მაჩხაანში. ფონდი მეურვეობას უწევს მარტყოფის მიუსაფარ ბავშვებს და თავშესაფარში მყოფ მოხუცებს. გარდა ამისა, ფონდმა წმინდა სამების ტაძარს შესწირა წმინდა ბარბარეს ხატი, ხოლო საპატრიარქოს, უწმინდესის იუბილესთან დაკავშირებით - წმინდა ანდრია პირველწოდებულისა.
ფონდის საქმიანობაში მონაწილეობა მისი თითოეული წევრისთვის დიდი პატივია.
- ზემოთ მეუღლე და შვილები ახსენეთ... როგორი უნდა იყოს ქრისტიანული ოჯახი?
- ეკლესიური ცხოვრება, ეკლესიური ცნობიერება აუცილებელია ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. ეკლესიაში სიარული და საღვთო მცნებების დაცვა ადამიანისთვის ზეიმად უნდა იქცეს. ჩვენს საზოგადოებაში, ღვთის შეწევნით, ეს პროცესი დაწყებულია, მაგრამ უამრავ სირთულეს ვხედავ ირგვლივ. ბავშვს უნდა გამოუმუშავდეს სიკეთისა და მიტევების უნარი, ეს კი მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებითაა შესაძლებელი, ვერავითარი თეორიული ცოდნა ადამიანს ამას ვერ მისცემს. საზოგადოებისთვის სასარგებლო ადამიანად რომ ჩამოყალიბდეს, ყველა ჩვენგანს, ზნეობრივ პრინციპებთან ერთად, საზოგადოებისთვის საჭირო საქმიანობის წარმართვაც უნდა შეეძლოს. არ აქვს მნიშვნელობა, დიდი იქნება ეს საქმე თუ პატარა; მთავარია, სასარგებლო იყოს. როცა ადამიანს უყვარს თავისი პროფესია და იცის, რომ ის სხვასაც სჭირდება, ის საკუთარ ადგილს პოულობს საზოგადოებაში და მის სულშიც და მის გარშემოც ჰარმონია ისადგურებს. ეს პროცესი კი ბავშვობიდან იწყება და ძალიან სათუთია. ჯერ კიდევ ბერძენი ფილოსოფოსი ჰერაკლიტე ამბობდა, აღზრდა კასრის ავსება როდია, იგი ცეცხლის ანთებას ჰგავსო. ბავშვს აუცილებლად უნდა ვკითხოთ, რა აინტრესებს; თანდათან გამოვლინდება ის სფერო, რომელშიც მისი ნიჭი ხორცს შეისხამს, რაც მას ბედნიერს გახდის. შემოქმედება - აი, რა სურს ნებისმიერ ადამიანს.
- რას უსურვებდით მომავალ თაობას?
- ვუსურვებ, ჰქონოდეს ბედნიერი და ნაყოფიერი შემოქმედებითი გზა, გაეცნობიერებინოს თავისი როლი ქვეყნის წინაშე და უფლის შეწევნითა და სიყვარულით შეძლებოდეს ჩვენი წინაპრების გზის გაგრძელება.
მე მჯერა ახალი თაობის. ის შეძლებს ღვთის სადიდებელ საქმეთა კეთებას. ათონის მთიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის ლოცვა შეეწიოს მას ამ ღვაწლში.
- დიდი მადლობა, ქალბატონო ტატული, საინტერესო საუბრისთვის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი